Facebook Twitter

26 ნოემბერი, 2025 წელი

საქმე №ას-697-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი -შპს „ო–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს “ს.კ.ჯ.ჰ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება/გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე ამავე სასამართლოს 2025 წლის 30 იანვრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებისა და გადაწყვეტილების გაუქმება; საქმისწარმოების განახლება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ო–სა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი ან დამზღვევი) და სს „ს.კ.ჯ.ჰ–ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, მზღვეველი ან სადაზღვევო კომპანია) შორის 2018 წლის 4 ოქტომბერს, პოლისში შეთანხმებული გადახდის გრაფიკის შესაბამისად პრემიის სრულად, ან პირველადი შესატანის გადახდის პირობით, ქონებრივი/პასუხისმგებლობის სადაზღვევო მომსახურების შესახებ #3592/1 დაზღვევის ხელშეკრულება გაფორმდა.

2. პრემია - 5 657 ლარს შეადგენდა, რომელიც გრაფიკისა და სადაზვევო ხელშეკრულების მოქმედების შესაბამისად - 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 2019 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით უნდა გადახდილიყო, ყოველთვიურად - 471.38 ლარის მოცულობით.

3. მოპასუხემ მხოლოდ ერთი შენატანი - 471.42 ლარი აანაზღაურა.

4. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით სადაზღვევო კომპანიამ სარჩელი აღძრა დამზღვევის წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

5. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

6. გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა.

7. გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბირს სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე/მოწინააღმდეგე მხარე, რის გამოც აპელანტმა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით იშუამდგომლა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 387.2 მუხლი).

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე აპელანტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, მის მიმართ გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება; სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - 5185.58 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ; მოპასუხეს 2019 წლის 16 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად პირგასამტეხლოს სახით - 10.37 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.

10. დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა. მხარის მითითებით, სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, სახელდობრ, 2024 წლის 24 ოქტომბერს მოპასუხე საზოგადოების დირექტორს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა და, ვინაიდან გადაადგილება არ შეეძლო სხდომაზე ვერ გამოცხადდა; ასევე ვერ შეძლო აღნიშნული ინფორმაციის სასამართლოსთვის მიწოდება.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 იანვრის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმისწარმოების განახლების საპატიო გარემოებები ვერ იქნა წარმოდგენილი.

12. 2024 წლის 24 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2025 წლის 30 იანვრის განჩინება, რომლითაც ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვა შემდეგი დასაბუთებით:

12.1. კასატორის მითითებით, სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოს წარუდგინეს, სასამართლომ კანონშეუსაბამოდ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს განჩინებაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ დაუსაბუთებელია (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კი - დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია სააპელაციო პალატის სხდომაზე მოპასუხის/მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.

15. სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 230.1 მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

16. მსგავსი პრინციპით სსსკ-ის 387-ე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება, დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას.

აღნიშნული ნორმით კანონმდებელი უშვებს შესაძლებლობას, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე დადგენილ და გაზიარებულ იქნეს სააპელაციო საჩივარში დასახელებული ფაქტობრივი გარემოებანი. თუ ისინი იურიდიულად ამართლებს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდება.

ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა დადასტურდეს შემდეგი წინაპირობები: 1. მოწინააღმდეგე მხარისათვის საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით შეტყობინება; 2. მისი არასაპატიო გამოუცხადებლობა; 3. სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტების იურიდიული მართებულობა აპელანტის მოთხოვნასთან მიმართებით.

17. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის/აპელანტის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და 2024 წლის 25 სექტემბრის განჩინებით, 2024 წლის 24 ოქტომბერს, 13:00 საათზე დაინიშნა სასამართლოს მთავარის სხდომა (სსსკ-ის 373-ე და 376-ე მუხლები). მოწინააღმდეგე მხარე სხდომის თაობაზე ინფორმირებული იქნა 2024 წლის 25 სეტემბერს (ამაზე არც მოწინააღმდეგე მხარე არ დავობს), სატელეფონო შეტყობინებით და მას განემარტა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები (იხ. აქტი).

18. 2018 წლის 24 ოქტომბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე/უფლებამოსილი წარმომადგენელი. აპელანტმა მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

19. სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.

20. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის.

ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.

21. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, ანუ - არა სსსკ-ის 233-ე მუხლში მითითებული საფუძვლით. ამდენად, იმისათვის, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდეს, უნდა დასტურდებოდეს: 1. ე.წ. სხვა საპატიო მიზეზის რეალობა და 2. რომ საპატიო მიზეზის შესახებ მხარეს არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის. ეს წინაპირობები კუმულაციურია და მხოლოდ ერთობლივად არსებობის შემთხვევაში ქმნის საფუძველს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისთვის.

22. კასატორის განმარტებით, სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, სახელდობრ, 2024 წლის 24 ოქტომბერს მოპასუხე საზოგადოების დირექტორს ჯანმრთელობა მკვეთრად გაუუარესდა და, ვინაიდან გადაადგილება არ შეეძლო აღნიშნულის თაობაზე სასამართლოს ვერ აცნობა.

22.1. კასატორის ამ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო უარყოფს და მის ყურადღებას მიაქცევს სსსკ-ის 102-ე თითოეული მხარე ვალდებულია, დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს) და 103.1 მუხლებზე (მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები), რომელთა საფუძველზე კასატორმა ვერ უზრუნველყო მის მიერ მითითებული გარემოებების დასაბუთება შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით;

კერძოდ, მას სასამართლოსთვის დირექტორის და/ან სხვა წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი სუბიექტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების დამადასტურებელი მტკიცებულებები არც საჩივრის განხილვის ეტაპზე (საჩივრის განხილვისას სასამართლო სხდომაზე კვლავ არ გამოცხადებულა) და არც საკასაციო საჩივართან ერთად არ წარუდგენია, შესაბამისად მისი ეს პრეტენზია აბსოლუტურად დაუსაბუთებელია.

23. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტიან საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია) (საქმე №ას-133-2023 28.04.2023წ.).

ასეთ შემთხვევაში მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში (განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარში) მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და, თუ მათი ერთობლიობა ქმნის სამართლებრივი შედეგის შესაძლებლობას, საქმის განმხილველი მოსამართლე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016წ. განჩინება საქმეზე №ას-121-117-2016).

24. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში (სარჩელში) მითითებული გარემოებები მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ სსკ-ის 799-ე (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა, აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა, გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება) მუხლის თანახმად, იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას და დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი მართებულად დაკმაყოფილდა.

25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად, შესაბამისად საკასაციო პალატა აღარ იმსჯელებს კასატორის არაარსებით არგუმენტებზე (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

26. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის საპატიოდ შეფასების დამადასტურებელი მტკიცებულება კასატორმა ვერ წარმოადგინა.

27. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

28. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

29. კასატორს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 408.3, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ო–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე ამავე სასამართლოს 2025 წლის 30 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

ბადრი შონია