Facebook Twitter

26 ნოემბერი, 2025 წელი,

საქმე № ას-1201-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს „პ.თ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ი/მ დ.ლ–ია (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 1 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „პ.თ–ინმა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა ი/მ დ.ლ–იას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, წარადგინა მოთხოვნის გამომრიხცველი შესაგებელი და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა.

4. მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 1 აგვისტოს განჩინებით, დაუშვებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 60-ე, 61-ე, 70-ე, 369-ე, 2591 და 374-ე მუხლებით.

5.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ, მოსარჩელის წარმომადგენელს გადაწყვეტილება გაეგზავნა ელექტრონული ფოსტის მისამართზე და 2025 წლის 26 ივნისს ჩაბარდა, შესაბამისად, გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა დაიწყო - 2025 წლის 27 ივნისიდან და იმავე წლის 10 ივლისს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილ იქნა 2025 წლის 15 ივლისს (ფოსტას ჩაჰბარდა 11.07.2025წ, სააპელაციო საჩივარო ხელმოწერილია - 2025 წლის 11 ივლისს და საჩივარზე სახელმწიფო ბაჟიც - 2025 წლის 11 ივლისსაა გადახდილი), დადგენილი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელის წარმომადგენელმა მისი გაუქმებისა და ქვემდგომი სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

6.1. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნა არა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს ოფიციალური გვერდიდან/ელექტრონული ფოსტიდან, არამედ ვინმე ნ.ა–ას მიერ, სადაც არ არის მითითება, რომ გადაწყვეტილებას სასამართლო უგზავნიდა.

6.2. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, მისთვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი - 2025 წლის 30 მაისი და გასაჩივრების ვადაც ამ თარიღიდან უნდა ათვლილიყო, შესაბამისად, აპელანტს გასაჩივრების ვადა, არა 2025 წლის 10 ივლისს, არამედ იმავე წლის 13 ივლისს, ეწურებოდა. ამდენად, სააპელაციო საჩივარიც ვადის დაცვით წარადგინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად.

7. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.

8. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა.

9. სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა 14 დღეა. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე - 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

10. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი, იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (შდრ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება #ას-1161-1106-2014).

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70.1 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, ფაქსით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას, მიეთითება ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საკითხები, ხოლო 73-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში აგრეთვე დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს ადგენს სასამართლოს შესაბამისი მოხელე.

12. საქმეში დაცულია მოსარჩელის/აპელანტის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გადაწყვეტილების - 2025 წლის 26 ივნისს ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება/მოსამართლის თანაშემწის მიერ შედგენილი გზავნილი, საიდანაც ნათლად და გარკვევით ჩანს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება მითითებულ დღეს ჩაიბარა/გიდასტურებთ მიღებას, დიდი მადლობა (იხ. აპელანტის წარმომადგენლის უკუკავშირი), რომლის საწინააღმდეგო მტკიცებულება (გარდა ზეპირსიტყვიერი განმარტებისა), საქმეში არ წარდგენილა; შესაბამისად, გასაჩივრების ვადის ათვლა სწორედ მითითებული თარიღიდან - 27.06.2025 წელს (წარმომადგენლისთვის გადაწყვეტილების ჩაბარების მომდევნო დღეს) დაიწყო და 10.07.2025 წელს ამოიწურა.

მოსარჩელის/კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა მისი გამოცხადების თარიღიდან უნდა ათვლილიყო, კანონით დადგენილი წესის (სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა 14 დღეა. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან), შეცვლის საფუძველს არ წარმოშობს, როგორც ამას კერძო საჩივრის ავტორი ასაბუთებს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტმა/კერძო საჩივრის ავტორმა თავისი არგუმენტის სარწმუნოდ დასაბუთება ვერ შეძლო.

13. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, 2025 წლის15 ივლისს (ფოსტას ჩაჰბარდა 11.07.2025წ, სააპელაციო საჩივარო ხელმოწერილია - 2025 წლის 11 ივლისს და საჩივარზე სახელმწიფო ბაჟიც - 2025 წლის 11 ივლისსაა გადახდილი) წარადგინა.

14. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, დარჩება განუხილველად (შდრ. სუსგ-ები: # ას-790-757-2016, 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინება; # ას-221-208-2015, 2015 წლის 29 მაისის განჩინება). ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე, მართებულად დარჩა განუხილველად.

15. საკასაციო პალატა გასაჩივრებული განჩინების და კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის შედეგად ასკვნის, რომ სახეზეა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საპროცესოსამართლებრივი საფუძვლები და გასაჩივრებული განჩინება კანიონშესაბამისია.

16. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

17. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „პ.თ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 1 აგვისტოს განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

ბადრი შონია