26 ნოემბერი, 2025 წელი
საქმე №ას-1205 -2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სს „თ.ა.თ.ფ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ფ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინებები - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2022 წლის 23 ოქტომბერს სს „თ.ა.თ.ფ–ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) კუთვნილი საჰაერო ხომალდით ვენის აეროპორტიდან (VIE) - სტამბოლი (SAW) თბილისის (TBS) მიმართულებით (ფრენის ნომერი: TK7759-TK7722), თ.პ–ი და მ.ვ–ი (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მგზავრები), ხოლო მიუნხენის აეროპორტიდან (MUC) - სტამბოლი (SAW) - თბილისის (TBS) მიმართულებით (ფრენის ნომერი - TK7739-TK7722) თ.ჯ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მგზავრი) უნდა გადაეყვანა.
2. მგზავრები სტამბოლის აეროპორტში, სადაც დაგეგმილი იყო დამაკავშირებელი ფრენით (ფრენის ნომერი TK7722) 23:05 საათზე თბილისში გაფრენა, დროულად მივიდნენ.
3. TK7722 სტამბოლი - თბილისის რეისმა, 7 საათზე მეტი დაიგვიანა.
4. 2022 წლის 26 ოქტომბერს მგზავრებმა მოთხოვნის დათმობის (ცესიის) ხელშეკრულებების ფარგლებში, მოპასუხის მიმართ კომპენსაციის მიღების მოთხოვნის უფლება შპს „ფ–ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) გადასცეს.
5. 2022 წლის 23 დეკემბრის წერილით, მოპასუხემ კომერციული ფრენის შემაფერხებელ მიზეზად ასაფრენი ბილიკის დაკეტვა და ტექნიკური შეფერხება მიუთითა.
6. TK7722 სტამბოლი (SAW) - თბილისის (TBS) რეისის მოპასუხისგან დამოუკიდებელი მიზეზით დაგვიანების ფაქტი, საქმეში დაცული მტკიცებულებებით არ დასტურდება.
7. ერთი ავიაკომპანიის თვითმფრინავის გაუმართაობის გამო, მეორე ავიაკომპანიის რეისის ხუთი საათით შეფერხების შესაძლელობის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ წარდგენილა.
8. აეროპორტის მხრიდან რაიმე შეფერხება არ არსებობდა, კერძოდ, 2022 წლის 23 ოქტომბერს 23:00 საათიდან საათნახევრის მანძილზე სტამბულის საბიჰა გოკჩენის საერთაშორისო აეროპორტიდან 30 რეისი შესრულდა და მხოლოდ სადავო TK7722 რეისმა დააგვიანა 7 საათით.
9. თბილისის მიმართულებით 3 რეისი შესრულდა.
10. დანიშნულების პუნქტამდე გამგზავრების ალტერნატიული რეისი, რისი შესაძლებლობაც საქმეში დაცული მტკიცებულებებიდან გამომდინარე მოპასუხეს ჰქონდა, მგზავრებისთვის არ შეუთავაზებია.
11. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
12. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მოთხოვნის უარყოფა უსაფუძვლობის მოტივით.
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - 1200 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.
14. მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
16. მოპასუხემ საკასაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
16.1. კასატორის მტკიცებით, არასწორად დადგინდა, რომ თითქოს მგზავრებისთვის განმარტება არ მიუწოდებიათ და ალტერნატიული გზით მგზავრობის შეთავაზება არ განხორციელდა.
16.2. გარდა ამისა, კასატორის მოსაზრებით, სადავო რეისმა განსაკუთრებული გარემოებებითა და დაუძლეველი ძალის პირობებში დაიგვიანა.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და სააპელაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
18. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანი მოპასუხისათვის ფრენის ხანგრძლივი დაგვიანების გამო, კომპენსაციის სახით - 1200 ევროს გადახდის დაკისრებაა. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 1200 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა.
19. დადგენილია, რომ 2022 წლის 23 ოქტომბერს მოპასუხეს კუთვნილი საჰაერო ხომალდით ვენის აეროპორტიდან (VIE) - სტამბოლი (SAW) თბილისის (TBS) მიმართულებით (ფრენის ნომერი: TK7759-TK7722), თ.პ–ი და მ.ვ–ი, ხოლო მიუნხენის აეროპორტიდან (MUC) - სტამბოლი (SAW) - თბილისის (TBS) მიმართულებით (ფრენის ნომერი - TK7739-TK7722) თ.ჯ–ძე უნდა გადაეყვანა.
20 ასევე დადგენილია, რომ მგზავრები სტამბოლის აეროპორტში, სადაც დაგეგმილი იყო დამაკავშირებელი ფრენით (ფრენის ნომერი TK7722) 23:05 საათზე თბილისში გაფრენა, დროულად მივიდნენ. თუმცა TK7722 სტამბოლი - თბილისის რეისმა, 7 საათზე მეტი დაიგვიანა.
21. დადგენილია, რომ 2022 წლის 26 ოქტომბერს მგზავრებმა მოთხოვნის დათმობის (ცესიის) ხელშეკრულებების ფარგლებში, მოპასუხის მიმართ კომპენსაციის მიღების მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს გადასცეს.
22. მოსარჩელემ მიუთითა და სასამართლომაც დაადგინა, რომ „საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისთვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესის” შესაბამისად, ფრენის დაგვიანების დროისა და ფრენის დისტანციის გათვალისწინებით, მოსარჩელისათვის დათმობილი მოთხოვნის ოდენობა შეადგენდა თითოეულ მგზავრზე - 400 ევროს, რაც არ აღემატება სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით დადგენილ ზღვრულ ოდენობას - 2 000 ლარს და, შესაბამისად, მოპასუხის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა ქონებრივ-სამართლებრივ დავებში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ წინაპირობად, სხვა წინაპირობებთან ერთად, მიიჩნევს სააპელაციო საჩივრის ღირებულების შესაბამისობას კანონით გათვალისწინებულ ოდენობასთან. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
24. დასახელებული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო განსახილველად მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2 000 ლარს აღემატება. 2 000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის (სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა) თანახმად, დარჩება განუხილველად. კანონის აღნიშნული დანაწესი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და შედარებით ნაკლები ღირებულების ქონებრივი დავის სწრაფად გადაწყვეტასა და დასრულებას ემსახურება.
24. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა დავის საგნის ღირებულების საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (სსსკ-ის 2.2 მუხლის თანახმად, საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით).
25. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს“. აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების, რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, № 8225/78, §57, 28 მაისი, 1985 წელი). საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განაცხადის დასაშვებობის ეტაპზე, განაცხადის დასაშვებობის სხვა კრიტერიუმებთან ერთად, ამოწმებს განიცადა თუ არა განმცხადებელმა მნიშვნელოვანი ზიანი. მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, იგი განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (იხ. Cecchetti v. San Marino, № 40174/08, §28-§33, 09 აპრილი, 2013 წელი; Vasilchenko v. Russia, № 34784/02, §45-§50, 23 დეკემბერი, 2010 წელი; Ionescu v. Romania, № 36659/04, §23-§36, 01 ივნისი, 2010 წელი).
26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის ფასი მხარისათვის მინიჭებული გასაჩივრების უფლების ერთ-ერთ კანონიერი წინაპირობაა, რომელიც სამართალწარმოების დროულ და ეფექტურ ორგანიზებასა და განხორციელებას ემსახურება, რაც არ შეიძლება ისეთ დანაწესად შეფასდეს, რომელიც არასამართლიანად ართმევს მომჩივანს სასამართლოსადმი წვდომის უფლებას (იხ. Miragall Escolano and Others v. Spain, № 38366/97, §33; ასევე, სუსგ საქმე №ას-692-646-2017, 14 ივლისი, 2017 წელი).
27. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ჯამურად - 1200 ევროს შეადგენს, თუმცა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული მოთხოვნის წარმოშობის ფაქტობრივი საფუძველია მოპასუხესა და მგზავრებს შორის დადებული ცესიის (მოთხოვნის დათმობის) ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზე მგზავრებმა მოსარჩელეს დაუთმეს მოპასუხის მიმართ კომპენსაციის მოთხოვნის უფლება. აღნიშნული მოთხოვნის უფლება, თავის მხრივ, გამომდინარეობდა სტამბოლი - თბილისის რეისზე დაფიქსირებული ინციდენტიდან, კერძოდ, TK7722 რეისსმა 7 საათზე მეტი დაიგვიანა.
28. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა 1200 ევროს ოდენობით წარმოშობილია მოპასუხის მიმართ არსებული მგზავრების დამოუკიდებელი მოთხოვნებიდან, რომლებიც დადგენილია, რომ 400-400 ევროს შეადგენს, ხოლო ის გარემოება, რომ სამივე მათგანმა აღნიშნული მოთხოვნები ცესიის ხელშეკრულებებით დაუთმეს მოსარჩელეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის მიზნებისათვის, მათ ერთიან, განუყოფელ მოთხოვნად ვერ აქცევს.
29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, დაშვებულია მოთხოვნის დათმობა. მოთხოვნის დათმობა ახალ კრედიტორზე უნდა განხორციელდეს შინაარსის ცვლილების გარეშე. ძველი კრედიტორის („ცედენტის“) მიერ ახალ კრედიტორზე („ცესიონერზე“) მოთხოვნა გადადის იდენტური სახით, ანუ ისე, როგორც ის ძველი კრედიტორის ხელში არსებობდა. სხვა შემთხვევაში მოთხოვნის დათმობა დაუშვებელია. მოთხოვნის დათმობამ არ უნდა გამოიწვიოს ვალდებულების შინაარსის ცვლილება. მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება იწვევს კრედიტორის, როგორც უფლებამოსილი პირის, ცვლილებას და არა მოთხოვნის შინაარსის ცვლილებას (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, სანივთო (ქონებრივი) სამართალი, 199-ე მუხლის კომენტარი, გვ. 180-182).
30. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელესა და მგზავრებს შორის 2022 წლის 26 ოქტომბერს დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით მოსარჩელეზე გადავიდა მოპასუხის მიმართ 400-400 ევროს ოდენობით კომპენსაციის მოთხოვნის უფლება, შესაბამისად, მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ გააჩნია სამი დამოუკიდებელი მოთხოვნა თითოეულ შემთხვევაში 400 ევროს ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში დავის საგნის ღირებულება შეადგენდა არა 1200 ევროს, არამედ თითოეული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 400-400 ევროს, რაც არ აღემატება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით ქონებრივ-სამართლებრივი დავების დასაშვებობისთვის დადგენილ ქონებრივ ზღვარს (2000 ლარი) და მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
31. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის ეტაპზე განუხილველად უნდა დარჩენილიყო. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით (გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია) გათვალისწინებული წინაპირობები. ამასთან, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
32. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე მუხლებით, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადებით (თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები)) და მიიჩნევს, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
33. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187.2 მუხლის მე-3 წინადადების (მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება) შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 188.47 ლარის 70% - 131.92 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 365-ე, 372-ე, 399-ე, 411-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „თ.ა.თ.ფ–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივნისის განჩინება და სს „თ.ა.თ.ფ–ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;
3. სს „თ.ა.თ.ფ–ს“ (ს/ნ ..........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 188.47 ლარის (საგადახდო დავალება #284149, გადახდის თარიღი 15.10.2025წ), 70% - 131.92 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
ბადრი შონია