27 თებერვალი, 2025 წელი,
საქმე №ას-300-2020 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
I კასატორი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი) - შპს ,,გ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე) - ლ.ა–ძე
II კასატორი - ლ.ა–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,გ–ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება
პირველი კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
მეორე კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2015 წლის 19 თებერვალს, ლ.ა–ძესა (შემდეგში - მოსარჩელე ან შემკვეთი) და შპს „გ–ს“ (შემდეგში - მოპასუხე, მენარდე ან საწარმო) შორის ნარდობის ხელშეკრულება (შემდეგში - ნარდობის ხელშეკრულება, სადავო ხელშეკრულება ან ხელშეკრულება) დაიდო, რომლის საგანიც იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში, .......... მდებარე 285კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებულ #1 შენობა-ნაგებობაში (1 028.17კვ.მ სასტუმროს, შემდეგში წინამდებარე ტექსტში მოხსენიებული, როგორც სასტუმრო) სამონტაჟო-გამართვითი სამუშაოს შესრულება.
2. ხელშეკრულების მიხედვით, მენარდემ შემდეგი სამუშაოს შესრულების ვალდებულება იკისრა:
ა). გათბობა-გაგრილების სპლიტ სისტემის სამონტაჟო სამუშაო;
ბ). წყალმომარაგების სისტემა;
გ). საკანალიზაციო სისტემა;
დ). სავენტილაციო სისტემა.
ფაქტობრივად ჩატარებული სამუშაოდან გამომდინარე, შემკვეთს, წინასწარ შეთანხმებული თანხის გადახდა ევალებოდა.
3. ნარდობის ხელშეკრულების მე-2 პუნქტით, ხელშეკრულების ფასი და ანგარიშსწორების პირობები განისაზღვრა, კერძოდ, ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება 75 350 ევროს შეადგენდა. მხარეები აღნიშნული თანხის ორ ეტაპად გადახდაზე შეთანხმდნენ, სახელდობრ: I - წყალმომარაგების, საკანალიზაციო და სავენტილაციო სისტემა - 37 820.31 ევრო; II ეტაპი - გათბობა-გაგრილების სპლიტ სისტემა - 37 529.69 ევრო.
4. ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად, სამუშაოს შესრულება 2015 წლის 24 თებერვალს უნდა დაწყებულიყო და 2015 წლის 24 მაისს უნდა დასრულებულიყო.
5. მიუღებელი შემოსავლის სახით - 218 000 ლარის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, მენარდის წინააღმდეგ შემკვეთმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
მოსარჩელის განმარტებით:
- ნარდობის ხელშეკრულებით (როგორც წერილობითი, ისე, ზეპირი ხელშეკრულებებით) ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მენარდეს 2015 წლის 24 თებერვალს უნდა დაეწყო და 2015 წლის 24 მაისს უნდა დაესრულებინა, თუმცა აღნიშნული ვალდებულებები მან დაარღვია და სამუშაო დათქმულ ვადაში უხარისხოდ შეასრულა, რითიც მოსარჩელეს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.
- 2015 წლის 10 თებერვალს, სს „ბ.ქ–სა“ და თანამსესხებლებს (მოსარჩელე და ვ.რ–ძე) შორის გენერალური ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, სასტუმროს ასაშენებლად მოსარჩელეს სს „ქ.ბ–ში“ 350 000 აშშ დოლარის ოდენობით იპოთეკური სესხი 10 წლის ვადით ჰქონდა აღებული. სასესხო ვალდებულების დაფარვა ხელშეკრულების პირობებით სეზონურად წელიწადში სამჯერადი გადახდით (გრაფიკით განსაზღვრული) უნდა შესრულებულიყო.
იმის გამო, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაო მოპასუხემ დადგენილ ვადაში არაჯეროვნად შეასრულა, სასტუმროს დროული ექსპლუატაცია ვერ განხორციელდა, რამაც გამოიწვია 2015 წლის დასვენების სეზონის გაცდენა და, შესაბამისად, სასესხო ვალდებულება ვადაში ვერ დაიფარა.
- სს „ქ.ბ–ში“ აღებული სასესხო ვალდებულების გადაფარვის მიზნით მოსარჩელემ სს „კ.ს.ბ–ს“ ახალი სესხის ასაღებად მიმართა. 2015 წლის 21 სექტემბერს, მან სს „კ.ს.ბ–თან“ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება გააფორმა. მოსარჩელის მიერ აღებულმა ახალმა სასესხო ვალდებულებამ 509 000 აშშ დოლარი შეადგინა.
აღნიშნული მოქმედებით მოსარჩელეს ფინანსური ზიანი მიადგა, კერძოდ სს „ქ.ბ–ში“ მის მიერ გადახდილმა 2015 წლის წლიურმა საპროცენტო განაკვეთმა 110 000 აშშ დოლარი, ხოლო, სასესხო ვალდებულების პირობების დარღვევის გამო გადახდილმა პირგასამტეხლომ - 7 000 აშშ დოლარი შეადგინა.
- მოსარჩელემ მიიჩნია, რომ 2015 წელს სს „ქ.ბ–ში“ აღებულ სესხზე გადახდილი წლიური საპროცენტო განაკვეთი და პირგასამტეხლო მისთვის მიყენებულ ზიანად ითვლებოდა, რაც მოპასუხის მიერ ანაზღაურებას ექვემდებარებოდა.
- მენარდის მიერ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამო მოსარჩელის კუთვნილმა სასტუმრომ 2016 წლის სეზონზე ფუნქციონირება 8 დღით შეწყვიტა, არასწორად დამონტაჟებული წყლის სისტემა მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც მთელს შენობაში ცხელი წყლით მომარაგება შეწყდა, რასაც დამსვენებელთა მხრიდან ჯავშნების გაუქმება მოჰყვა შედეგად. აღნიშნულით სასტუმროსა და მის მესაკუთრეს ზიანი მიადგათ. ზემომითითებული პრობლემის მოგვარებისა და აღმოფხვრის მიზნით მოპასუხესთან ზეპირი შეთანხმება შედგა, კერძოდ, შეთანხმების მიხედვით, მოპასუხემ დროებითი მოწყობილობა - ე.წ. „ტენი“ იმ პირობით დაამონტაჟა, რომ 2016 წლის სეზონის დასრულების შემდეგ მას დაზიანებული დანადგარი უნდა შეეკეთებინა.
მიუხედავად ამისა, დაზიანებული დანადგარი მოპასუხემ არ შეაკეთა, 2017 წელს სასტუმრო კვლავ დროებით დამონტაჟებული „ტენით“ მუშაობდა და სასტუმროს მუშაობა ფერხდებოდა. გაუმართავად მუშაობდა კონდინციონერის სისტემაც, ის პერიოდულად ითიშებოდა და ხშირად ფრეონის დამატება სჭირდებოდა, რაც დამსვენებლებს სერიოზულ დისკომფორტს უქმნიდა. ამ მიზეზის გამო, პრობლემების აღმოფხვრამდე სასტუმროს ნომრებს მოსარჩელე ვერ აქირავებდა.
- 2015 წლის 29 მაისს, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმი შეადგინა, სადაც ყველა დაზიანება სრულყოფილად აღირიცხა. აღნიშნულით მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა და სამუშაოების უხარისხოდ/არაჯეროვნად შესრულება დადასტურდა. 2016 წლის 10 თებერვალს, მხარეთა შორის შედგა დამატებითი შეთანხმება, რომლითაც მოპასუხემ დარჩენილი სამუშაოს სრულად შესრულება იკისრა, მაგრამ არ შეასრულა.
6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის უარსაყოფად შემდეგზე მიუთითა:
- მენარდემ ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა, ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები მოპასუხის ბრალეული ქმედებით არ დარღვეულა. სამართლებრივ არგუმენტებსაა მოკლებული მოსარჩელისა და ბანკის ურთიერთობიდან გამომდინარე ფინანსური ვალდებულებების, როგორც ზიანის ანაზღაურების საფუძვლებზე მითითება. სახელშეკრულებო ვალდებულებები მხარეს არ დაურღვევია, ამასთან მოპასუხისთვის მოსარჩელის საბანკო კრედიტის შესახებ სარჩელიდან გახდა ცნობილი. ზიანის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებისთვის ზიანის ფაქტი მოპასუხისთვის წინასწარ სავარაუდო უნდა ყოფილიყო, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
- ცხელი წყლით მომარაგების სისტემის მონტაჟი ნარდობის წერილობითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ ყოფილა, ამ საკითხზე მხარეები ზეპირად შეთანხმდნენ, თუმცა მითითებული სამუშაოს ღირებულება მოსარჩელეს არ აუნაზღაურებია. ამასთან, სისტემის დაზიანება უხარისხოდ შესრულებულმა სამუშაომ კი არ გამოიწვია, არამედ ცვალებადმა ელექტროენერგიამ, რომელმაც წყლის საქაჩი ტუმბოს პლატა მწყობრიდან გამოიყვანა. გადამწვარი პლატა დღემდე მოსარჩელის ობიექტზე იმყოფება და მისი მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი სათანადო ექსპერტიზით დადგინდება. რაც შეეხება კონდინციონერების სისტემის გაუმართაობას, აღნიშნული სინამდვილეს არ შეესაბამებოდა, მითითებული გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელის არცერთი მტკიცებულება არ წარუდგენია.
- სამუშაოს შესრულების ხარისხსა და სამუშაოს შეუსრულებლობაზე მოსარჩელის მიერ წარდგენილი ფოტოსურათებით მსჯელობა შეუძლებელია, ერთადერთი, რაც ამ მტკიცებულებით დასტურდება, ისაა, რომ 2015 წლის 29 მაისისთვის მშენებლობაც კი არ იყო დასრულებული, ამ დროისთვის შენობა ხარაჩოებში იყო მოქცეული, გარე ფასადის სამუშაოები კი, დასრულებული არ ყოფილა. შესაბამისად, 2015 წლის დასვენების სეზონისთვის სასტუმროს მოცდენა მოპასუხის ბრალით არაა გამოწვეული.
- 2016 წლის 10 თებერვლის დამატებითი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები მოპასუხემ სრულად შეასრულა. ამ შეთანხმების მიხედვით, ხელშეკრულების ღირებულების დარჩენილი თანხა მოსარჩელეს სამუშაოს შესრულების აქტის ხელმოწერის დროიდან 30 დღის განმავლობაში უნდა აენაზღაურებინა. აქტის შესაბამისად, შენიშვნების არარსებობის შემთხვევაში იგი მიღებულად ჩაითვლებოდა.
- წერილობითი ნარდობის ხელშეკრულების გარდა მხარეთა შორის ნარდობის ზეპირი შეთანხმებაც არსებობდა, რომელიც იმავე წლის მარტში დაიდო და მოსარჩელემაც აღიარა. ზეპირი შეთანხმება ობიექტის ცხელი წყლით მომარაგების სისტემის, ობიექტზე ელექტროგაყვანილობების მოწყობისა და დამატებითი სამუშაოების წარმოებას შეეხებოდა.
სამუშაოები 2015 წლის 1 სექტემბრამდე უნდა დასრულებულიყო. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება მოსარჩელეს არ აუნაზღაურებია. სამუშაოების წარმოებას კი, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დეფექტების აქტი ადასტურებდა, რომელშიც ზემოაღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებულ ხარვეზებზე იყო მითითებული.
- გარდა ამისა, მხარეთა შორის 2016 წლის 10 თებერვლის დამატებითი შეთანხმება არსებობდა, ამ შეთანხმებიდან მოსარჩელემ მხოლოდ ის ნაწილი წარმოადგინა, რაც მართებულად მიაჩნდა, თუმცა მოპასუხის მიერ მას ელექტრონული შედარების აქტები გაეგზავნა, რომელზეც პრეტენზია არ გამოუთქვამს.
- როგორც ზეპირ, ისე წერილობითი შეთანხმებებით გათვალისწინებულ სამუშაოთა მოცულობაში ფაქტობრივი ცვლილებები განხორციელდა, რადგან მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებული 5 სართულის (მანსარდის და სარდაფის ჩათვლით) ნაცვლად შემკვეთმა მშენებლობის ნებართვის პირობების დარღვევით დამატებით 2 სართულის აშენება გადაწყვიტა. აღნიშნულ სართულებზეც მოპასუხემ შესაბამისი სამუშაოები შეასრულა, სართულიანობის გაზრდა შემკვეთმა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განახორციელა. საჯარო რესტრში შენობა დღემდე რეგისტრირებულია, როგორც 5-სართულიანი, თუმცა ის 7-სართულიანია.
- მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა მოპასუხემ ეჭქვეშ დააყენა და აღნიშნა, რომ ექსპერტ თ.ა–ს ბიზნესის შემფასებლის სერთიფიკატი არ გააჩნდა, რის გამოც მისი კვალიფიკაცია და უფლებამოსილება საეჭვო იყო.
ამასთან, დაუსაბუთებელი იყო, თუ საიდან აიღო ექსპერტმა საშუალო დღიური ფასები, როდესაც 220-240 ლარზე მიუთითა, მაშინ როდესაც სასტუმროს ღირებულების საშუალო დღიური ფასი, ამავე სასტუმროს საიტზე 35 აშშ დოლარიდან იწყებოდა, ხოლო, დაჯავშნის შემთხვევაში, ღირებულებად 108 ლარი იყო მითითებული. გაუგებარია, თუ რატომ ახორციელებდა მხარე 2016-2017 წლების მიუღებელი შემოსავლის დათვლას, როდესაც ამ პერიოდში სასტუმრო სრული დატვირთვით მუშაობდა.
7. მოპასუხემ სასამართლოს შეგებებული სარჩელი წარუდგინა, რომლითაც შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 41 872.88 ევროს მოსარჩელისთვის დაკისრება შემდეგი საფუძვლით მოითხოვა:
- ჯამურად მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის შესრულებული სამუშაოს ღირებულება 134 293.60 ევროს შეადგენდა, რაზეც 2016 წლის 9 თებერვალს მოსარჩელეს შესაბამისი დოკუმენტაცია გადაეგზავნა.
მოსარჩელე ვალდებული იყო, 2 სამუშაო დღის განმავლობაში მიეღო აქტი ან შენიშვნებით დაებრუნებინა. შენიშვნების არარსებობის შემთხვევაში აქტი მიღებულად ითვლებოდა და 30 დღის განმავლობაში მოსარჩელეს თანხა უნდა გადაეხადა. შემკვეთს არც შენიშვნები არ წარუდგენია და არც თანხა არ გადაუხდია. აქედან გამომდინარე, გადაუხდელ თანხას (134 293.6) ანაზღაურებული თანხა (92 420) უნდა გამოკლებოდა და მიღებული სხვაობა (41 872.88 ევროს) მოსარჩელეს გადასახდელად უნდა დაკისრებოდა.
8. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით არც სარჩელი და არც შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით:
- მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
- მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
- სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული;
- სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 42 498.6 ლარის გადახდა დაეკისრა;
- დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
10.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დამტკიცებულად ცნო წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით შემდეგი ფაქტები დაადგინა:
1). 2015 წლის 19 თებერვლის სადავო ნარდობის ხელშეკრულების გარდა 2015 წლის მარტში მხარეთა შორის ზეპირი ხელშეკრულება დაიდო.
2). ცხელი წყლის სამონტაჟო სამუშაოზე მხარეები 2015 წლის 19 თებერვლის ნარდობის ხელშეკრულებითვე შეთანხმდნენ, ხოლო მისი დასრულების ვადად 2015 წლის მაისი დაადგინეს.
3). 2015 წლის მარტის ზეპირი შეთანხმება ელექტროგაყვანილობის მონტაჟს შეეხებოდა, რომლის შესრულების ვადაც 2015 წლის მაისით განისაზღვრა.
ზემოთ დასახელებული სამი ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად სააპელაციო სასამართლომ შემდეგ მტკიცებულებებზე მიუთითა:
1). 2015 წლის 19 თებერვლის ნარდობის ხელშეკრულების „ბ“ ქვეპუნქტი, რომელიც ზოგადად წყალმომარაგების სისტემაზე მიუთითებდა, თავის თავში ცხელი წყლის მონტაჟსაც მოიცავდა. მითუმეტეს, როდესაც საქმეზე წარმოდგენილი საგადახადო დავალებით დასტურდება, რომ 5 030.20 ლარის ოდენობით ცხელი წყლის სისტემის საფასურის ანაზღაურება მოსარჩელემ 2015 წლის 22 მაისის საგადახდო დავალებით, 2015 წლის 19 თებერვლის ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე განახორციელა.
2). იმ გარემოებას, რომ ელექტროობის მონტაჟზე მარტში ზეპირად შეთანხმდნენ, ორივე მხარე ადასტურებდა. ამასთან, ელექტროობის მონტაჟის პირველი ეტაპის საფასური მოსარჩელემ 2015 წლის 5 მარტს გადაიხადა, ხოლო, მომდევნო ეტაპის საფასური - 2015 წლის 8 მაისს. მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილებისა და მტკიცებულებათა გონივრული შეფასების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის მარტის ზეპირი შეთანხმებით მხარეები სამუშაოს დასრულების ვადად 2015 წლის 1 სექტემბერზე კი არა, არამედ, 2015 წლის 24 მაისსზე შეთანხმდნენ, როგორც ეს 2015 წლის 19 თებერვლის ნარდობის ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. იგივე დასკვნის საფუძველს ქმნიდა სასამართლოში წარმოდგენილი მოწმეების (სასტუმროს ადმინისტრატორი ქ.ხ–ი და მოპასუხე საწარმოს ხელმძღვანელობის დაკვეთით სამუშაოების მწარმოებელი ზ.კ–ძე) ჩვენებები.
3). სარჩელზე თანდართული გადახდის ქვითრებიდან (ტომი 1, ს.ფ. 26, 27, 28, 29, 30) დგინდებოდა, რომ 2015 წლის 25 თებერვლიდან 2015 წლის 22 მაისამდე მოსარჩელემ მოპასუხეს 92 420.72 ევროს ეკვივალენტი 226 856.82 ლარი გადაუხადა. ის გარემოება, რომ 92 420.72 ევრო მოსარჩელემ 2015 წლის 22 მაისამდე გადაიხადა, ზემოხსენებულ მტკიცებულებებთან ერთად იმას გვაუწყებდა, რომ სამუშაოთა დასრულების შეთანხმებული ვადა სწორედ 25 მაისი იყო და, არა - 1 სექტემბერი. შესრულებული სამუშაოებისთვის თანხები სწორდ 22 მაისამდე პერიოდში იქნა გადახდილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ წერილობითი ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს გარდა, მხარეები დამატებით სხვა სამუშოს შესრულებაზეც შეთანხმდნენ, თუმცა არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმის შესახებ, რომ დამატებითი შეთანხმება სამუშაოს შესრულების ვადის გაზრდასაც უკავშირდებოდა და, რომ, 2015 წლის 24 მაისის ნაცვლად, სამუშაოები 2015 წლის 1 სექტემბრამდე უნდა დასრულებულიყო, რადგან თავისი განმარტების გარდა, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარუდგინა.
10.2. რაც შეეხებოდა მოსარჩელის სასტუმროში მოპასუხის მიერ სამუშაოს უხარისხოდ და არაჯეროვნად შესრულებას, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება საქმეზე წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით დასტურდებოდა:
1). საქმეზე წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 6 აგვიტოს დასკვნის თანახმად, სასტუმროში წყლის ჩამოსვლის კვალი აღინიშნებოდა, რომლის მიზეზი ტექნიკურ ღიობში განთავსებული მილების არასწორი მონტაჟი იყო. ხსენებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ სასადილოს თავზე განთავსებული ფრანგული გასაჭიმი ჭერის მოპირკეთება ჩამოწეულია, ჩასასვლელი კიბის ვიტრაჟის კუთხეში ჭერიდან წყლის ჟონვის კვალი აღინიშნება, ხოლო ფრანგული გასაჭიმი ჭერის გახვრეტისას აღმოჩნდა, რომ წყალი დაგროვილი იყო და ჟონავდა.
სასტუმროს ნომრების დათვალიერებისას, რომლებიც წყლის ჩამოსვლის კვალის თავზეა განლაგებული, მე-3 სართულის 402-ე ოთახში კედელზე, რომელზეც ტექნიკური ღიობია, წყლის ჩამოსვლის კვალი შეიმჩნევა. წყლის კვალი აღენიშნება ჭერის ნაწილზე სააბაზანოს 403-ე ნომერშიც. იგივე სიტუაცია გამოვლინდა მე-2 სართულის 302-ე და 303-ე ოთახებში. ვინაიდან ზემოხსენებულ ოთახებში წყლის ჩამოსვლის კვალი აღინიშნება ტექნიკური ღიობების კედლებზე და შემდეგ გასაჭიმ ფრანგულ ჭერში გროვდება, შეიძლება ითქვას, რომ წყლის ჩამოსვლის მიზეზი ტექნიკური ღიობებში მილების არასწორად მოწყობამ გამოიწვია.
2). ფაქტების კონსტანტაციის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 29 მაისისა და ამავე წლის 31 აგვისტოს ოქმები ფოტომასალის სახით ასახავს მოსარჩელის სასტუმროში უხარისხოდ შესრულებული რემონტის შედეგად არსებულ მდგომარეობას.
10.3. სამუშაოს უხარისხოდ და არაჯეროვნად შესრულების საკითხის გამორკვევის შემდეგ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება შემდეგ მტკიცებულებებზე მიაქცია:
1). ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის 2015 წლის 31 აგვისტოს ბრძანების მიხედვით, მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდა და სასტუმრო ექსპლუატაციაში შევიდა.
2). სასტუმროს ადმინისტრატორ ქ.ხ–ის ჩვენებით დგინდებოდა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულმა სასტუმრომ ფუნქციონირება, ე.ი. დამსვენებლების მიღება, დაახლოებით, 2015 წლის 10 აგვისტოდან დაიწყო.
3). მხარეები იმ გარემოებაზე არ დავობდნენ, რომ ზღვის სეზონი 20 მაისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს, ანუ 140 დღეს შეადგენდა;
4). ქ.ხ–ის განმარტებითვე დგინდებოდა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 2015 წლის 24 მაისისთვის მოპასუხეს შესრულებული არ ჰქონდა, 2015 წლის 1 ივნისის მდგომარეობით ექსპლუატაციაში გასაშვებად სასტუმრო მზად არ იყო, მან ფუნქციონირება 10 აგვისტოს დაიწყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ მოპასუხის (მენარდის) მიერ ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის გამო მოსარჩელის სასტუმრომ 2015 წლის სეზონზე 76 დღე (2015 წლის 24 მაისიდან 10 აგვისტომდე) ვერ იმუშავა.
2016 წლის სეზონთან მიმართებით კი, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ფაქტი ცხელი წყლის დანადგარის დაზიანების გამო ივლისში სასტუმროს მუშაობის 8 დღით შეფერხების თაობაზე, რასაც არც მოპასუხე ხდიდა სადავოდ და მოწმე ქ.ხ–იც ადასტურებდა.
გარდა ამისა, ს.ფ. 197-ზე (ტომი 2) განთავსებული მტკიცებულებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის ივლისში რამდენიმე სტუმარმა სასტუმროს ჯავშანი გააუქმა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილ შპს „შ–ის“ დასკვნაზე, რომლითაც მოპასუხის მიერ სასტუმროში შესრულებული სამუშაოს შედეგად შემკვეთს 305 369 ლარის ოდენობით ზიანი მიადგა (20 მაისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი). დასკვნის ავტორმა, მოსარჩელისთვის, სასტუმროს ფუნქციონირებით მისაღები სავარაუდო წმინდა მოგება წლების მიხედვით დაიანგარიშა, რაც 2015 წლის 1 ივნისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდზე გაანგარიშებით 68 977 ლარს, ხოლო 2016 წლის სეზონისთვის - 88 461 ლარს შეადგენდა.
დასახელებული დასკვნისა და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოსარჩელის სასტუმრომ 2015 წლის სეზონზე 76 დღე ვერ იმუშავა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ პერიოდში მოსარჩელისთვის მიუღებელი შემოსავალი 37 444.6 ლარით, ე.ი. იმ თანხით უნდა განსაზღვრულიყო, რასაც იგი 76 დღის განმავლობაში წმინდა მოგების სახით მიიღებდა (სეზონზე მისაღები წმინდა მოგება 68 977 : 140 დღეზე და X 76 დღეზე = 37 444.6-ს). ამასთან, საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ 2016 წლის სეზონზე მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანი, მიუღებელი შემოსავლის სახით შეადგენდა 5 054 ლარს (88 461 : 140 დღეზე X 8 = 5 054-ს).
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი დაკმაყოფილებას 42 498.6 ლარის (37 444.6 + 5 054 ლარი = 42 498.6-ს) ნაწილში ექვემდებარებოდა.
10.4. საბანკო კრედიტით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებების არსებობის გამო მოპასუხისათვის თანხის დაკისრების ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა, რამდენადაც საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა სათანადო მტკიცებულება, რომელიც ნარდობის ურთიერთობიდან გამომდინარე დამატებით თანხების გადახდას დაადასტურებდა.
10.5. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, უსაფუძვლო იყო მოპასუხის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა, ვინაიდან საქმეში არ არსებობდა მოსარჩელის მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტი ან ე.წ. შედარების აქტი, რომელიც დამატებითი სამუშაოების (რისი ღირებულებაც მოსარჩელეს გადახდილი არ ქონდა) შესრულების ფაქტს დაადასტურებდა.
მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელემ თავდაპირველად დაადასტურა, მაგრამ, იქვე მყისიერად სადავოდ გახადა მისი შინაარსი, ეს იყო დღგ-ს ანგარიშფაქტურა, რაზეც მოპასუხე თავის პოზიციას აფუძნებდა. დამატებით შესრულებულ სამუშაოთა დადასტურების მიზნით ხსენებული მტკიცებულება სააპელაციო სასამართლომ არსაკმარისად მიიჩნია.
11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი ორივე მხარემ შემოიტანა.
11.1. საკასაციო საჩივრით მოსარჩელე გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებასა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას მოითხოვს. იგი ზიანის ანაზღაურების წესის განმსაზღვრელ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) ნორმებზე მიუთითებს და, მიიჩნევს, რომ სარჩელი სრულად დაკმაყოფილებას ექვემდებარება.
11.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაა - მოპასუხის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებულად მიჩნევის ფაქტის დადგენისთვის, პირველ რიგში, ხელშეკრულების შესრულების ვადის სწორად განსაზღვრაა მნიშვნელოვანი. აღნიშნული, სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა, რაც მოსარჩელის მტკიცების ტვირთში შემავალი გარემოებაა.
მოცემული გარემოების მტკიცებისას მოსარჩელე მხოლოდ ზეპირი განმარტებით შემოიფარგლა და თავისი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოს არ წარუდგინა. მოპასუხის მიერ შესასრულებელი და შესრულებული სამუშაოების სპეციფიკა იმის მაუწყებელია, რომ ზეპირი შეთანხმებით გათვალისწინებული სამუშაოები 2015 წლის 1 სექტემბრამდე უნდა შესრულებულიყო.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისისა და 24 ნოემბრის განჩინებებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად. 2022 წლის 1 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები სასამართლომ დასაშვებად ცნო და საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა დაადგინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
13. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შემდეგია: რამდენად კანონიერია, ერთი მხრივ, მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის (218 000 ლარის) ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის (შემკვეთი) მოთხოვნა, ხოლო, მეორე მხრივ, შესრულებული სამუშაოს ღირებულების (41 872.88 ევრო) ანაზღაურების შესახებ - მოპასუხის (მენარდე) შეგებებული სარჩელი.
14. შემკვეთის სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი შემდეგია:
- ნარდობის ხელშეკრულებით (როგორც წერილობით, ისე, ზეპირი ხელშეკრულებებით) ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მენარდეს 2015 წლის 24 თებერვალს უნდა დაეწყო და 2015 წლის 24 მაისს უნდა დაესრულებინა, თუმცა აღნიშნული ვალდებულებები მან დაარღვია და სამუშაო დათქმულ ვადაში უხარისხოდ შეასრულა, რითაც მოსარჩელეს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.
- 2015 წლის 10 თებერვალს, სს „ბ.ქ–სა“ და თანამსესხებლებს (მოსარჩელე და ვ.რ–ძე) შორის გენერალური ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, სასტუმროს ასაშენებლად მოსარჩელეს სს „ქ.ბ–ში“ 350 000 აშშ დოლარის ოდენობით იპოთეკური სესხი 10 წლის ვადით ჰქონდა აღებული. სასესხო ვალდებულების დაფარვა ხელშეკრულებით სეზონურად წელიწადში სამჯერადი გადახდით (გრაფიკით განსაზღვრული) უნდა შესრულებულიყო. იმის გამო, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაო მოპასუხემ დადგენილ ვადაში არაჯეროვნად შეასრულა, სასტუმროს ექსპლუატაცია ვერ განხორციელდა, რამაც, 2015 წლის სეზონის ჩავარდნა და, შესაბამისად, - სასესხო ვალდებულების დადგენილ ვადებში დაფარვის გადაცილება გამოიწვია. სს „ქ.ბ–ში“ აღებული სასესხო ვალდებულების გადაფარვის მიზნით მოსარჩელემ სს „კ.ს.ბ–ს“ ახალი სესხის ასაღებად მიმართა, 2015 წლის 21 სექტემბერს, მან სს „კ.ს.ბ–თან“ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება გააფორმა. მოსარჩელის მიერ აღებულმა ახალმა სასესხო ვალდებულებამ 509 000 აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულით მოსარჩელეს ფინანსური ზიანი მიადგა, კერძოდ სს „ქ.ბ–ში“ მის მიერ გადახდილმა 2015 წლის წლიურმა საპროცენტო განაკვეთმა შეადგინა 110 000 აშშ დოლარი, ხოლო, სასესხო ვალდებულების პირობების დარღვევის შედეგად გადახდილმა პირგასამტეხლომ - 7 000 აშშ დოლარი. 2015 წელს სს „ქ.ბ–ში“ აღებულ სესხზე გადახდილი წლიური საპროცენტო განაკვეთი და გადახდილი პირგასამტეხლო მისთვის მიყენებულ ზიანად ითვლებოდა, რაც მოპასუხის მიერ ანაზღაურებას ექვემდებარება.
- მენარდის მიერ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამო მოსარჩელის კუთვნილმა სასტუმრომ 2016 წლის სეზონზე ფუნქციონირება 8 დღით შეწყვიტა, არასწორად დამონტაჟებული წყლის სისტემა მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც მთელს შენობაში ცხელი წყლით მომარაგება შეწყდა, რასაც დამსვენებელთა მხრიდან ჯავშნების გაუქმება მოჰყვა შედეგად. აღნიშნულით სასტუმროსა და მის მესაკუთრეს ზიანი მიადგათ. ზემომითითებული პრობლემის მოგვარებისა და აღმოფხვრის მიზნით მოპასუხესთან ზეპირი შეთანხმება შედგა, კერძოდ, შეთანხმების მიხედვით, მოპასუხეს დროებითი მოწყობილობა - „ტენი“ იმ პირობით უნდა დაემონტაჟებინა, რომ 2016 წლის სეზონის დასრულების შემდეგ მას დაზიანებული დანადგარი უნდა შეეკეთებინა. მიუხედავად ამისა, დაზიანებული დანადგარი მოპასუხემ არ შეაკეთა და 2017 წელს სასტუმრო კვლავ დროებით დამონტაჟებული „ტენით“ მუშაობდა, რაც მუშაობას აფერხებდა. გაუმართავად მუშაობდა კონდინციონერის სისტემაც, ის პერიოდულად ითიშებოდა და ხშირად ფრეონის დამატება სჭირდებოდა, რაც დამსვენებლებს სერიოზულ დისკომფორტს უქმნიდა. ამ მიზეზის გამო, პრობლემების აღმოფხვრამდე სასტუმროს ნომრებს მოსარჩელე ვერ აქირავებდა.
- 2015 წლის 29 მაისს, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმი შეადგინა, სადაც ყველა დაზიანება სრულყოფილად აღირიცხა. აღნიშნულით მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა და სამუშაოების უხარისხოდ/არაჯეროვნად შესრულება დასტურდებოდა. 2016 წლის 10 თებერვალს, მხარეთა შორის შედგა დამატებითი შეთანხმება, რომლითაც მოპასუხემ დარჩენილი სამუშაოს სრულად შესრულება იკისრა, მაგრამ არ შეასრულა.
15. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოსარჩელის მოთხოვნას რამდენიმე არგუმენტი დაუპირისპირა, კერძოდ, შესაგებელში მიუთითა, რომ:
- მენარდემ ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა, ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები მოპასუხის ბრალეული ქმედებით არ დარღვეულა. რაც შეეხება მოსარჩელისა და ბანკის ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებებს, მათთან მოპასუხე მხარეს კავშირი არ გააჩნია და მისთვის მოსარჩელის საბანკო კრედიტის შესახებ მხოლოდ სარჩელიდან გახდა ცნობილი. ზიანის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებისთვის ზიანის ფაქტი მოპასუხისთვის წინასწარ სავარაუდო უნდა ყოფილიყო, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
- ცხელი წყლით მომარაგების სისტემის მონტაჟი ნარდობის წერილობითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ ყოფილა, ამ საკითხზე მხარეები ზეპირად შეთანხმდნენ, თუმცა მითითებული სამუშაოს ღირებულება მოსარჩელეს არ აუნაზღაურებია. ამასთან, სისტემის დაზიანება უხარისხოდ შესრულებულმა სამუშაომ კი არ გამოიწვია, არამედ ცვალებადმა ელექტროენერგიამ, რომელმაც წყლის საქაჩი ტუმბოს პლატა მწყობრიდან გამოიყვანა. გადამწვარი პლატა დღემდე მოსარჩელის ობიექტზე იმყოფება და მისი მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი სათანადო ექსპერტიზით დადგინდება. რაც შეეხება კონდინციონერების სისტემის გაუმართაობას, აღნიშნული სინამდვილეს არ შეესაბამებოდა, მითითებული გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელის არცერთი მტკიცებულება არ წარუდგენია.
- სამუშაოს შესრულების ხარისხსა და სამუშაოს შეუსრულებლობაზე მოსარჩელის მიერ წარდგენილი ფოტოსურათებით მსჯელობა შეუძლებელია, ერთადერთი, რაც ამ მტკიცებულებით დასტურდება, ისაა, რომ 2015 წლის 29 მაისისთვის მშენებლობაც კი არ იყო დასრულებული, ამ დროისთვის შენობა ხარაჩოებში იყო მოქცეული, გარე ფასადის სამუშაოები კი, დასრულებული არ ყოფილა. შესაბამისად, 2015 წლის სეზონზე მოპასუხის ბრალით სასტუმროს ფუნქციონირების შეფერხებაზე მოსარჩელე არასწორად მიუთითებდა.
- 2016 წლის 10 თებერვლის დამატებითი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები მოპასუხემ სრულად შეასრულა. ამ შეთანხმების მიხედვით, ხელშეკრულების ღირებულების დარჩენილი თანხა მოსარჩელეს აქტის ხელმოწერის დროიდან 30 დღის განმავლობაში უნდა აენაზღაურებინა. შეთანხმების აქტის შესაბამისად, შენიშვნების არარსებობის შემთხვევაში აქტი მიღებულად ჩაითვლებოდა.
- წერილობითი ნარდობის ხელშეკრულების გარდა მხარეთა შორის ნარდობის ზეპირი შეთანხმებაც არსებობდა, რომელიც იმავე წლის მარტში დაიდო და მოსარჩელემაც აღიარა. ზეპირი შეთანხმება ობიექტის ცხელი წყლით მომარაგების სისტემის, ობიექტზე ელექტროგაყვანილობების მოწყობისა და დამატებითი სამუშაოების წარმოებას შეეხებოდა. სამუშაოები 2015 წლის 1 სექტემბრამდე უნდა დასრულებულიყო. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება მოსარჩელეს არ აუნაზღაურებია. სამუშაოების წარმოებას კი, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დეფექტების აქტი ადასტურებდა, რომელშიც ზემოაღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებულ ხარვეზებზე იყო მითითებული.
- გარდა ამისა, მხარეთა შორის 2016 წლის 10 თებერვლის დამატებითი შეთანხმება არსებობდა, ამ შეთანხმებიდან მოსარჩელემ მხოლოდ ის ნაწილი წარმოადგინა, რაც მართებულად მიაჩნდა, თუმცა მოპასუხის მიერ მას ელექტრონულად შედარების აქტები გაეგზავნა, რომელზეც პრეტენზია არ გამოუთქვამს.
- როგორც ზეპირ, ისე წერილობითი შეთანხმებებით გათვალისწინებულ სამუშაოთა მოცულობაში ფაქტობრივი ცვლილებები განხორციელდა, რადგან მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებული 5 სართულის (მანსარდის და სარდაფის ჩათვლით) ნაცვლად შემკვეთმა მშენებლობის ნებართვის პირობების დარღვევით დამატებით 2 სართულის აშენება გადაწყვიტა. აღნიშნულ სართულებზეც მოპასუხემ შესაბამისი სამუშაოები შეასრულა, სართულიანობის გაზრდა შემკვეთმა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განახორციელა. საჯარო რესტრში შენობა დღემდე რეგისტრირებულია, როგორც 5-სართულიანი, თუმცა ის 7-სართულიანია.
- მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა მოპასუხემ ეჭქვეშ დააყენა და აღნიშნა, რომ ექსპერტ თ.ა–ს ბიზნესის შემფასებლის სერთიფიკატი არ გააჩნდა, რის გამოც მისი კვალიფიკაცია და უფლებამოსილება საეჭვო იყო. ამასთან, დაუსაბუთებელი იყო, თუ საიდან აიღო ექსპერტმა საშუალო დღიური ფასები, როდესაც 220-240 ლარზე მიუთითა, მაშინ როდესაც სასტუმროს საშუალო დღიური ფასი, ამავე სასტუმროს საიტზე 35 აშშ დოლარიდან იწყებოდა, ხოლო, დაჯავშნის შემთხვევაში, ფასად 108 ლარი იყო მითითებული. გაუგებარია, თუ რატომ განხორციელდა 2016-2017 წლების მიუღებელი შემოსავლის დათვლა, როდესაც ამ პერიოდში სასტუმრო სრული დატვირთვით მუშაობდა.
16. გარდა ამისა, 41 872.88 ევროს ოდენობით შესრულებული სამუშაოს ღირებულების შემკვეთისთვის (მოსარჩელე) დაკისრების მოთხოვნით მენარდემ სასამართლოში შეგებებული სარჩელი შემდეგი საფუძვლით შეიტანა:
- ჯამურად მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის შესრულებული სამუშაოს ღირებულება 134 293.60 ევროს შეადგენს, რაზეც 2016 წლის 9 თებერვალს მოსარჩელეს შესაბამისი დოკუმენტაცია გადაეგზავნა. მოსარჩელე ვალდებული იყო, 2 სამუშაო დღის განმავლობაში მიეღო აქტი ან შენიშვნებით დაებრუნებინა. შენიშვნების არარსებობის შემთხვევაში აქტი მიღებულად ითვლებოდა და 30 დღის განმავლობაში მოსარჩელეს თანხა უნდა გადაეხადა. შემკვეთს არც შენიშვნები წარუდგენია და არც თანხა არ გადაუხდია. აქედან გამომდინარე, გადაუხდელ თანხას (134 293.6) ანაზღაურებული თანხა (92 420) უნდა გამოკლებოდა და მიღებული სხვაობა (41 872.88 ევრო) მოსარჩელეს გადასახდელად უნდა დაკისრებოდა.
17. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების ცენტრალური და უზოგადესი ნორმაა სსკ-ის 394.1 მუხლი, რომელიც კრედიტორს მოვალის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს.
აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული დანაწესის გამოყენების წინაპირობებია: 1). ზიანი; 2). ქმედების მართლწინააღმდეგობა; 3). მიზეზობრივი კავშირი; 4) ბრალი.
როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში მოსარჩელეს წარმოადგენს. შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომლის არსებობის ფაქტი მოსარჩელის მიერ დადასტურებულია (იხ. სუსგ: №ას-296-2023, 28.12.2023; №ას-719-2019, 24.12.2020).
როგორც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, სსკ-ის 408.1, 411-ე და 412-ე მუხლების ძირითადი დებულება იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). სსკ-ის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა, მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა.
მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო.
იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (შდრ. იხ. სუსგ №ას-459-438-2015, 7.10.15წ.; №ას-54-54-2018, 13.02.2018წ.).
მიუღებელი შემოსავალი ექვემდებარება ანაზღაურებას, თუკი კრედიტორი დაასაბუთებს, რომ იგი ამ ოდენობით ანაზღაურებას მიიღებდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პირობებში და ეს მოვალისათვის სავარაუდო უნდა ყოფილიყო (შდრ. იხ. სუსგ №ას-107-2019, 13.03.2020წ.).
18. მოცემულ შემთხვევაში, თავდაპირველი სარჩელის წარმატებისთვის მოსარჩელეს მართებდა შემდეგი გარემოებების დამტკიცება:
1). ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულება მოპასუხემ დათქმულ ვადებში არ შეასრულა;
2). ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულება მოპასუხემ სათანადო ხარისხით (ჯეროვნად) არ შეასრულა;
3). მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევას მისთვის ზიანის მიყენება მოჰყვა შედეგად და დამდგარი ზიანი სწორედ მითითებული დარღვევის შედეგია;
4). ზიანი მოპასუხის ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია.
18.1. სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება და მხარის პოზიციის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უტყუარად შეძლებს იგი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურებას (სსსკ-ის მე-4 (მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ) და 102-ე (თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებაები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს) მუხლები). შესაბამისად, სასამართლოში წარმატების მომტანია არა მხოლოდ მოთხოვნის დამასაბუთებელ არგუმენტზე (არგუმენტებზე) მითითება, არამედ მისი ნამდვილობის სათანადო მტკიცებულებით (მტკიცებულებებით) დადასტურება.
საქმის გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ სწორი დასკვნა სასამართლოს მიერ სწორედ მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას შეიძლება დაეფუძნოს (სსსკ-ის 105.2 მუხლი (სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ).
18.2. მოცემულ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ დადასტურებულია, რომ 2015 წლის 19 თებერვლის სადავო ნარდობის ხელშეკრულების გარდა, 2015 წლის მარტში მათ შორის ელექტროგაყვანილობის მონტაჟის შესახებ ზეპირი შეთანხმებაც შედგა. აღნიშნული ზეპირი გარიგების შესრულების ვადას მხარეები განსხვავებულად ასახელებენ და სადავოდ ხდიან.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, დასახელებული ზეპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს 2015 წლის მაისის თვეში დასრულების ფაქტი, მტკიცების სამოქალაქოსამართლებრივი სტანდარტის გათვალისწინებით (სსსკ-ის 102-ე მუხლი) შედიოდა შემკვეთის (მოსარჩელე) მტკიცების საგანში, რომლის დაძლევაც მან ვერ შეძლო. უფრო მეტიც, წარმოდგენილი მტკიცებულებები საპირისპირო გარემოების მაუწყებელია.
აღნიშნული დასკვნის ჩამოყალიბებისას, შემდეგი ფაქტებია საყურადღებო, კერძოდ:
1). ს.ფ. 70-119-ზე (ტომი 1) აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 29 მაისისა და ამავე წლის 31 აგვისტოს ფაქტების კონსტანტაციის შესახებ მასალებია წარმოდგენილი, რომლებიც ფოტომასალის სახით ასახავს მოსარჩელის სასტუმროში შესრულებული რემონტის შედეგად არსებულ მდგომარეობას და მოსარჩელის მიერ მითითებულ დროის მონაკვეთებს შეესაბამება. წარმოდგენილი ფოტოსურათების გაცნობა საკასაციო პალატას შინაგან რწმენას უყალიბებს იმის თაობაზე, რომ სასტუმროს ფაქტიური მდგომარეობის გათვალისწინებით მითითებულ პერიოდში მენარდე მასში იმ სამუშაოს შესრულებას სრულად ვერ შეძლებდა, რაც მხარეთა შორის ზეპირი ფორმით დადებული ხელშეკრულებით უნდა განეხორციელებინა.
2). ს.ფ. 87-88-ზე (ტომი 2) განთავსებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის 2015 წლის 31 აგვისტოს ბრძანება, რომლითაც მოსარჩელის სასტუმრო ექსპლუატაციაში იქნა მიღებული.
ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებებით, სასატუმროს ექსპლოატაციაში მიღება მენარდის მიერ სამუშაოს შესრულებასთან პირდაპირ დაკავშირებული არაა და აქედან გამომდინარე თვალნათელია - ექსპლოატაციაში მიღებამდე მოსარჩელის ობიექტი ფუნქციონირებას და დამსვენებლების მიღებას ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეძლებდა.
ამდენად, ზეპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უკიდურესი ვადის 2015 წლის მაისის თვის პერიოდისთვის განსაზღვრის ფაქტი მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა. უფრო მეტიც, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად, მივდივართ დასკვნამდე, რომ ზეპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადა მენარდისთვის 2015 წლის სექტემბრამდე იყო განსაზღვრული, რისი გამაქარწყლებელი მყარი მტკიცებულებაც შემკვეთს სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
18.3. რაც შეეხება მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს არაჯეროვნად შესრულების ფაქტს, მოცემული საკითხის განხილვისას, პალატა, ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:
1). მართალია, 2016 წლის სეზონთან მიმართებით სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, ცხელი წყლის დანადგარის დაზიანების გამო ივლისში სასტუმროს მუშაობის 8 დღით შეფერხების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რასაც არც მოპასუხე ხდიდა სადავოდ, თუმცა უშუალოდ დანადგარის დაზიანების მიზეზი გამორკვეული არ ყოფილა.
ამასთან, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 17 სექტემბრის დასკვნა, რომლითაც მოსარჩელის სასტუმროში დამონტაჟებული ცხელი წყლის დანადგარის დაზიანების ფაქტი დადგინდა, სადავო შემთხვევიდან იმდენად დიდი პერიოდის გასვლის შემდეგ არის შედგენილი, რომ, მხოლოდ ხსენებულ მტკიცებულებას, სხვა არგუმენტებთან ერთობლივად განხილვის გარეშე, პალატა სარწმუნოდ ვერ მიიჩნევს (სსსკ-ის 105-ე მუხლი).
2). სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 6 აგვისტოს დასკვნით წყლის ჩამოსვლის კვალი გამოვლენილია მოსარჩელის სასტუმროს ოთხ ოთახში, რაც ზემომითითებული მოტივით მოსარჩელისთვის სარჩელში აღნიშნული ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტის დაკისრების დასასაბუთებლად არასაკმარისი არგუმენტია. საკასაციო პალატისთვის გაუგებარია, იმ პირობებში როდესაც ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა მხოლოდ 4 ნომრის დაზიანება (ცალკე საკითხია საკუთრივ დაზიანების ხარისხი), რატომაა მოსარჩელის მიერ მითითებული ოდენობით მხარისთვის მიყენებული ზიანი სარწმუნო და/ან უკიდურეს შემთხვევაში რატომ არ იყო შესაძლებელი დაზიანებული ნომრებიდან დამსვენებლების განთავსება სხვა ნომრებში. ამასთან, მოსარჩელეს სასტუმროს სრული მოცულობით დატვირთვის და დაზიანებული ნომრების სანაცვლოდ ალტერნატიულის შეთავაზების შეუძლებლობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ეს საკითხი საყურადღებოა ვინაიდან, სარჩელით მოთხოვნილი ზიანის არგუმენტაციის მიზნით მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილი შპს „შ–ის“ დასკვნით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ სასტუმროში შესრულებული სამუშაოს შედეგად შემკვეთს 305 369 ლარის ოდენობით ზიანი მიადგა (20 მაისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი), რისი გამოანგარიშების დროსაც, დასკვნის ავტორმა, მოსარჩელისთვის, სასტუმროს ფუნქციონირებით მისაღები სავარაუდო წმინდა მოგება წლების მიხედვით დაიანგარიშა და აქტიურ სეზონზე სასტუმროს საშუალო დატვირთულობის (60%) კოეფიციენტი მიიღო მხედველობაში (ტომი 1, ს.ფ. 43).
3). ზიანის ანაზღაურების საფუძვლის გამორკვევისას ისიც გასათვალისწინებელია, რომ სადავო პერიოდში სატუმროში ჯავშნის გაუქმების მოტივის თაობაზე რაიმე სარწმუნო მტკიცებულება მოსარჩელეს სასამართლოსთვის საქმეზე არ წარმოუდგენია. დასახელებულ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვინაიდან სასტუმროს ჯავშანი პოტენციურმა დამსვენებელმა შესაძლოა ტრივიალური, საყოფაცხოვრებო მოტივითაც გააუქმოს სწორედ მოსარჩელის მტკიცების საგანში შედიოდა იმ გარემოების დადასტურება, რომ დამსვენებლის ჩამოსვლაზე უარი სასტუმროს გაუმართაობით იყო გამოწვეული, ეს გარემოება მოსარჩელემ ვერ დაადასტურა.
19. რაც შეეხება მოპასუხის შეგებებულ სარჩელს, რომლის მოთხოვნაც, შესრულებული სამუშაოს ღირებულების (41 872.88 ევრო) ანაზღაურებაში მდგომარეობს, მისი განხილვისას, პალატა მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს:
1). საქმის მასალებით დადგენილია, რომ სამონტაჟო-გამართვითი სამუშაოს შესრულების შესახებ 2015 წლის 19 თებერვლის ნარდობის ხელშეკრულების ღირებულება 75 350 ევროს შეადგენდა. მხარეები აღნიშნული თანხის ორ ეტაპად გადახდაზე შეთანხმდნენ, სახელდობრ:
I ეტაპის - წყალმომარაგების, საკანალიზაციო და სავენტილაციო სისტემის მოწყობის ანაზღაურება - 37 820.31 ევროს ხოლო II ეტაპი - გათბობა-გაგრილების სპლიტ სისტემის მოწყობა - 37 529.69 ევროს მოიცავდა.
2). როგორც ზემოთ აღინიშნა, მხარეთა მიერ დადასტურებულია, რომ 2015 წლის 19 თებერვლის სადავო ნარდობის ხელშეკრულების გარდა, 2015 წლის მარტში მათ შორის შედგა ნარდობის ზეპირი ხელშეკრულება.
3). საქმეში არსებული გადახდის ქვითრებით დგინდება და არც მხარეები არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ მენარდისთვის შემკვეთს 92 420.72 ევროს ეკვივალენტი 226 856.82 ლარი აქვს ანაზღაურებული, ე.ი. თავდაპირველი ხელშეკრულებით გათვალისწინებული 75 350 ევროს გარდა, მოპასუხეს, მოსარჩელემ, დამატებით 17 070.72 ევრო გადაუხადა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 26-30).
იმის გათვალისწინებით, რომ თავდაპირველი გარიგებით შეთანხმებული 75 350 ევროს გარდა შემკვეთმა მენარდეს 17 070.72 ევროს ეკვივალენტი ლარის ოდენობით ნარდობის დამატებითი საზღაური აუნაზღაურა, სწორედ მენარდეს აკისრია იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ დამატებით გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმებული ნარდობის საზღაური უფრო მეტ თანხას შეადგენდა და, რომ, შემკვეთს, დარჩენილი თანხის გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა.
მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხემ სასამართლოს ვერ დაუდასტურა, რომ, შემკვეთს, მის მიერ გადახდილზე მეტი ოდენობით საზღაურის ანაზღაურების ვალდებულება გააჩნდა.
მოცემული მსჯელობის უარსაყოფად ვერ გამოდგება 2018 წლის 15 ივლისს მენარდის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურის შემკვეთის მიერ ავტომატურ რეჟიმში დადასტურების ფაქტი, რადგან, მითითებულ დღეს არასწორად გაგზავნილი საგადასახდო დეკლარაცია მოსარჩელემ უმოკლეს ვადებში დააკორექტირა და ანგარიშფაქტურის გაუქმებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურს მიმართა.
20. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.
21. სსსკ-ის 53.1 მუხლის პირველი და მეორე წინადადების შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად წინამდებარე გადაწყვეტილებით არც ერთი მხარის სასარგებლო შედეგი არ დამდგარა, შესაბამისად, სასამართლო ხარჯები მხარეთა შორის ზემომითითებული საპროცესო ნორმით გათვალისწინებული წესით არ განაწილდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, მე-8, 264.3, 257.1, 253-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ,,გ–ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. ლ.ა–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. ლ.ა–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
5. შპს ,,გ–ის“ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა