05 დეკემბერი 2025 წელი
საქმე №ას-339-2022 თბილისი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ჯ.ლ–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ნ–ძე
დავის საგანი - ხელშეშლის აღკვეთა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის განჩინება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბორჯომის მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის შესახებ ნ.ნ–ძის სარჩელი და ჯ.ლ–ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ბორჯომის მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ჯ.ლ–მა, მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემებრის განჩინებით ჯ.ლ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბორჯომის მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, საკასაციო საჩივარი წარადგინა ჯ.ლ–მა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 აპრილის განჩინებით, ჯ.ლ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 სექტემბრის განჩინებით შეჩერდა ჯ.ლ–ის საკასაციო საჩივრისა გამო №ას-339-2022 სამოქალაქო საქმის წარმოება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდაცვლილ ჯ.ლ–ის (კასატორის) უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არა უმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 სექტემბრის განჩინება 2022 წლის 03 ნოემბერს ჩაბარდა ჯ.ლ–ის შვილს - ლ.ლ–ს (ტომი 3, ს.ფ. 117).
2023 წლის 29 დეკემბრის წერილით საკასაციო სასამართლომ განუმარტა კასატორის სავარაუდო უფლებამონაცვლეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, თუ არ მომართავდა სასამართლოს კასატორ ჯ.ლ–ის უფლებამონაცვლედ დაშვების შესახებ (ტომი 3, ს.ფ. 118-119), მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა, კასატორის უფლებამონაცვლეს საკასაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები მიაჩნია, რომ ჯ.ლ–ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არსებობს ამ კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის მიხედვით, საქმის წარმოება ჩერდება ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება. ასევე განუხილველად დარჩება მოსარჩელის მიერ შეტანილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 სექტემბრის განჩინებით შეჩერდა №ას-339-2022 სამოქალაქო საქმის წარმოება, გარდაცვლილ ჯ.ლ–ის (კასატორის) უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არა უმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 სექტემბრის განჩინება 2022 წლის 03 ნოემბერს ჩაბარდა ჯ.ლ–ის შვილს - ლ.ლ–ს (ტომი 3, ს.ფ. 117), მაგრამ მას სასამართლოსათვის არ მოუმართავს უფლებამონაცვლედ დაშვების შესახებ.
2023 წლის 29 დეკემბერს კასატორის სავარაუდო უფლებამონაცვლეს კვლავ გაეგზავნა შეტყობინება და განემარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, თუ არ მომართავდა საკასაციო სასამართლოს უფლებამონაცვლედ დაშვების შესახებ, მაგრამ კასატორის უფლებამონაცვლეს საკასაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავს, რაც ჯ.ლ–ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ" ქვეპუნქტით, 281-ე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით, 284-ე, 285-ე, 399-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ.ლ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის განჩინება
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი