14 ნოემბერი 2025 წელი
№ას-1310-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - მ.რ–ი
მოწინააღმდეგე მხარე - თ.ტ–ძე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ივნისის განჩინება
დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ქონების დაბრუნება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით, თ.ტ–ძის სარჩელი მ.რ–ის მიმართ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი 2019 წლის 28 თებერვლის თარიღით შედგენილი ნასყიდობის ხელშეკრულება და უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისში .......... ს/კ .........; შენობა-ნაგებობა N1-დან საერთო ფართი 122.89 კვ.მ.; (მათ შორის 1 სართულზე 58.65 კვ.მ.; 1 სართულზე 43.81 კვ.მ.; სარდაფი 20.29კვ.მ.) აღირიცხა თ.ტ–ძის სახელზე. ბათილად იქნა ცნობილი ლ.ბ–ს და მ.რ–ს შორის 2019 წლის 25 თებერვალს გაფორმებული იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება N01/19. მ.რ–ს დაეკისრა თ.ტ–ძის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯის 5000 ლარის და ექსპერტიზის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების 3385 ლარის გადახდა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ.რ–მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ივნისის განჩინებით, მ.რ–ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, შემდეგი დასაბუთებით:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 თებერვლის განჩინებით, მ.რ–ის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2025 წლის 19 ივნისს 11:00 საათზე. მხარეებს სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. აპელანტს უწყება ორჯერ გაეგზავნა საცხოვრებელ მისამართზე და ორჯერ მისი სამუშაო ადგილის მისამართზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტს უწყებები არ ჩაბარდა კოდირებული კარების გამო (კურიერმა დატოვა შეტყობინება, ტელეფონზე არ პასუხობს) ასევე მოსამართლის თანაშემწე ეცადა დაკავშირებოდა აპელანტს მის მიერ მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე, თუმცა ვერც სატელეფონო კავშირით მოხდა სასამართლო უწყების აპელანტისათვის ჩაბარება.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, 2025 წლის 19 ივნისს, 11:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი მ.რ–ი. სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარემ თ.ტ–ძემ იშუამდგომლა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
3.3. ვინაიდან, გამოუცხადებელი მხარე სხდომის თაობაზე ინფორმირებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70–78–ე მუხლებით დადგენილი წესით და მას არ უცნობებია სასამართლოსთვის 2025 წლის 19 ივნისის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებანი, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე, 229-ე და 275-ე მუხლების ერთობლიობით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მ.რ–მა, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება, შემდეგი დასაბუთებით:
4.1. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, აღნიშნული განჩინებით მის მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება. 2025 წლის 02 მარტს მას მოულოდნელად მოუწია საქართველოს საზღვრების დატოვება, ამჟამად ის იტალიაში, ემიგრაციაში იმყოფება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მის მიერ ქვეყნის დატოვების ფაქტი საჯაროდ გაშუქდა მედიაში. შესაბამისად, ვინაიდან ინფორმაცია საჯაროდ იყო ხელმისაწვდომი, სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა მოეთხოვა ან დაეზუსტებინა მისი ადგილსამყოფელი. ამდენად, უსაფუძვლოა არგუმენტი რომ მხარე სათანადოდ იქნა დაბარებული სხდომაზე. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის დატოვების მიუხედავად მ.რ–ი კვლავ აგრძელებს საადვოკატო საქმიანობას და მუდმივად ხელმისაწვდომია საქართველოში რეგისტრირებული ნომრით ,,Whatsapp"-სა და ,,Viber"-ში, რომელთა საშუალებითაც ის დისტანციურად მონაწილეობს სასამართლო სხდომებში.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ზემოაღნიშნულის გარდა, მას პირველ ინსტანციაში ჰყავდა წარმომადგენლები, რომელთა საკონტაქტო ინფორმაცია სასამართლოსათვის ცნობილი იყო საქმის მასალებიდან. ამის მიუხედავად მათ დროულად არ ეცნობათ სხდომის თაობაზე (სააპელაციო სასამართლოს განჩინება მარიამ მოდებაძემ ჩაიბარა 2025 წლის 26 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც სასამართლომ აცნობა საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ). აღნიშნულით დასტურდება, რომ სხდომის თარიღის წარმომადგენლისათვის შეტყობინება შესაძლებელი იყო, მაგრამ სასამართლოს არც უცდია მასთან დაკავშირება. სიმართლეს არ შეესაბამება არც ის, რომ აპელანტს უწყება გაეგზავნა როგორც სამუშაო ადგილის მისამართზე, ისე საცხოვრებელ მისამართზე. სამუშაო ადგილის მისამართზე შეტყობინების დატოვების შემთხვევაში საადვოკატო ოფისის თანამშომლებს ექნებოდათ შეტყობინების ნახვის საშუალება. ხოლო საცხოვრებელ მისამართზე არსებული სადარბაზოს კარების კოდი დაზიანებულია და ფოსტის წარმომადგენელს ან კურიერს შეეძლო მისი ოჯახის წევრისათვის გადაეცა უწყება, რაც არ განხორციელებულა.
კერძო საჩივრის ავტორი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, 72-ე და 73-ე მუხლებზე მითითებით განმარტავს, სასამართლოს ვადებულებას, გამოიყენოს მისთვის ცნობილი ალტერნატიული მისამართები და ტექნიკური საშუალებები. განსახილველ შემთხვევაში კი სასამართლოს ჰქონდა როგორც აპელანტთან, ისე მის წარმომადგენლებთან დაკავშირების ეფექტური საშუალებები, მაგრამ ისინი არ გამოიყენა, რაც პროცესუალური ნორმების არსებით დარღვევას წარმოადგენს. მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლზე, ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-6 მუხლზე, საერთაშორისო პრაქტიკაზე და მიიჩნია, რომ მიღებული განჩინებით დაირღვა მისი უფლებები, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი იყო.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით, მ.რ–ის კერძო საჩივარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
9. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხი, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია აპელანტის გამოუცხადებლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წესი, თუმცა კანონის ამ სპეციალური დათქმის პარალელურად, საკითხის რეგულირებისათვის განსაზღვრულია პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მომწესრიგებელი ნორმების გამოყენება.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ხოლო 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილია ასევე სარჩელის განუხილველად დატოვების შესაძლებლობა, თუ საქმის განხილვაზე მოსარჩელე არ გამოცხადდება, ხოლო მოპასუხე თანახმაა, რომ სარჩელი დარჩეს განუხილველი.
12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
14. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გადაწყვეტილება მაინც იქნა მიღებული, იგი უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე. ეს წესი, როგორც ითქვა, ვრცელდება, ასევე, მხარის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მიმართაც.
16. კერძო საჩივრის ავტორი მიღებული განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით მოითხოვს, რომ იგი 2025 წლის 19 ივნისის სასამართლო სხდომის შესახებ არ იყო ინფორმირებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, რამდენადაც მას 2025 წლის 02 მარტს მოუწია ქვეყნის დატოვება, რაც საჯაროდ ცნობილ ფაქტს წარმოადგენდა და სასამართლოს შეეძლო თავისუფლად მოეპოვებინა ეს ინფორმაცია. ამასთან, სასამართლოს შეეძლო მხარეს დაკავშირებოდა ,,Viber"-ისა ან ,,Whatsapp"-ის საშუალებით ან მისი წარმომადგენლისათვის ეცნობებინა სხდომის თარიღი. ამავდროულად, აპელანტი სადავოდ ხდის სასამართლო უწყების მისი საცხოვრებელი სახლისა და სამსახურის მისამართებზე მიტანის ფაქტებსაც.
17. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის გათვალისწინებით, უნდა დადგინდეს, იყო თუ არა მოწვეული აპელანტი საქმის განხილვაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში. ხოლო ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
19. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ აპელანტს 2025 წლის 19 ივნისის სასამართლო სხდომის თაობაზე უწყება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ორჯერ გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ სამუშაო ადგილის მისამართზე (ქ.თბილისი, ..........) და ძირითად მისამართზე (ქ.თბილისი, ............), მაგრამ უწყებები არ ჩაბარდა, რადგან საფოსტო შეტყობინებების მიხედვით, იყო კოდირებული კარი, კურიერმა დატოვა შეტყობინებები, ადრესატი ტელეფონზე არ პასუხობდა (ტომი 4, ს.ფ. 53, 54, 56, 57, 58, 59, 60, 61). ასევე, მოსამართლის თანაშემწე ეცადა დაკავშირებოდა აპელანტს მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე 2025 წლის 28 მაისს 17:53 საათზე, 2025 წლის 16 ივნისს 11:46 საათზე, 2025 წლის 17 ივნისს 11:59 საათზე, მაგრამ ყველა შემთხვევაში მობილური ტელეფონი გამორთული იყო (ტომი 4 ს.ფ. 62).
20. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან დატოვა საქართველო 2025 წლის 02 მარტიდან და იმყოფება იტალიაში. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორმა არ შეასრულა საკუთარი საპროცესო ვალდებულება და სასამართლოს არ შეატყობინა ქვეყნის ფარგლებს გარეთ წასვლისა და ახალი საცხოვრებელი ადგილის რეკვიზიტის თაობაზე, სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართებზე გაგზავნილი სასამართლო უწყებები მას არ ჩაბარდა, ხოლო სატელეფონო ნომერზე დაკავშირება, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ აპელანტისათვის სასამართლო უწყება ჩაბარებულად ჩაითვალა კანონით დადგენილი წესით. სასამართლო გზავნილის მის საცხოვრებელ და სამუშაო მისამართებზე გაგზავნის დამადასტურებელი აქტების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორის მითითება იმის შესახებ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება მისთვის სამუშაო ან საცხოვრებელ მისამართზე უწყების გაგზავნის ფაქტები. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საფოსტო განყოფილების მიერ წარმოდგენილია შეტყობინებები გზავნილების ჩაუბარებლობის შესახებ შესაბამის მიზეზებზე მითითებით, სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილია აქტი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და პრეზუმირებულია ამ აქტში მითითებული ფაქტების სისწორე, რის გაქარწყლების მტკიცების ტვირთი აწევს მხარეს და ამისათვის მხოლოდ მხარის განმარტება არაა საკმარისი, საჭიროა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 და 103.1 მუხლების თანახმად შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა, რაც კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია.
21. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს შეეძლო დაკავშირებოდა მხარის წარმომადგენელს, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ როგორც აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო ვალდებულია, საქმის განხილვის შესახებ აცნობოს მხარეს, რა მიზნითაც უფლებამოსილია, საპროცესო დოკუმენტები ჩააბაროს როგორც უშუალოდ მხარეს, ისე მის წარმომადგენელს. შესაბამისად, იმ საკითხის გადაწყვეტა, საჭირო ინფორმაცია მიეწოდოს თავად მხარეს თუ მის წარმომადგენელს, სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს.
22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გარანტირებულია პირის უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, 62-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით კი, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით (რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც). ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს ადამიანისუფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან შესაბამისი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს. აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, თავისი ბუნებით, სახელმწიფო რეგულირებას ექვემდებარება. რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ.: Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5). იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებას (მითითებებს), იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის.
23. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი. ამ განჩინების წინააღმდეგ კი, კერძო საჩივარი არ შეიცავს იმგვარ დასაბუთებულ პრეტენზიას (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები), რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას დაედებოდა საფუძვლად.
24. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ" ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი დაწესებულებები, სასწავლო-საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები – ყველა სარჩელზე. საქმეში არსებული მასალების მიხედვით, მ.რ–ი, ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რის გამოც მას უნდა დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.რ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ივნისის განჩინება.
3. მ.რ–ს (პ/ნ ........) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 50 ლარი (საგადასახადო დავალება № 3920, გადახდის თარიღი: 07.10.2025წ, გადამხდელი: მ.მ–ე (პ/ნ .......), გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი