Facebook Twitter

28 მარტი 2024 წელი

№ას-1306-2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ მ.თ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მ.თ–ძემ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტი“, „კასატორი“, „დასაქმებული“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „მოწინააღმდეგე მხარე“, „დამსაქმებელი“) მიმართ, ქალაქ თბილისის №67-ე საჯარო სკოლის დირექტორ მ.თ–ძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მოპასუხის 2017 წლის 25 ოქტომბრის №1/კ-476 ბრძანების ბათილად ცნობის, მოსარჩელის გათავისუფლებამდელ თანამდებობაზე აღდგენისა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან სამსახურში აღდგენამდე დროის პერიოდში 950 ლარის ოდენობით განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნებით.

სარჩელის საფუძვლები:

2.1. 2014 წლის 28 სექტემბრიდან 2017 წლის 25 ოქტომბრამდე, მ.თ–ძე დასაქმებული იყო ს.ს.ი.პ. ქალაქ თბილისის №67 საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე. მოსარჩელე კეთილსინდისიერად ასრულებდა მასზე დაკისრებულ შრომით ვალდებულებებს, მუდმივად ზრუნავდა ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნების მიღწევისათვის. მოსარჩელე 1998 წლიდან ამავე სკოლაში ასწავლიდა ებრაულ ენას, შემდგომ კი, სამოქალაქო განათლებასა და ქართულ ენასა და ლიტერატურას. გამოირჩეოდა მაღალი კვალიფიკაციით, საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულებითა და პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლისკენ სწრაფვით. მოსარჩელე სკოლის მასწავლებელთა, მოსწავლეთა, მოსწავლეთა მშობელთა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთა შორის სარგებლობდა პოზიტიური რეპუტაციით და მაღალი ავტორიტეტით, რამაც განაპირობა 2014 წლის 25 სექტემბერს მისი სკოლის დირექტორის თანამდებობაზე არჩევა ს.ს.ი.პ ქალაქ თბილისის №67 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 100%-იანი მხარდაჭერით, რაც წარმოადგენს ს.ს.ი.პ. განათლებისა და მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2014 წლის 18 სექტემბრის „ს.ს.ი.პ. ქალაქ თბილისის №67 საჯარო სკოლის დირექტორად მ.თ–ძის ზოგად საგანმანათლებლო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ" №1.2/1379 ბრძანების საფუძველს.

2.2. სკოლის დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, მოსარჩელეს მიღებული აქვს არაერთი სერტიფიკატი, მადლობის სიგელი და სხვა ჯილდო. მოსარჩელე, რომელიც უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა და ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, უმიზეზოდ, მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან, რათა ჩაეხშოთ კონკრეტული ადამიანების უსაფუძვლო პროტესტი/აქცია, რომელშიც სკოლის მოსწავლეები გამოიყენეს პირადი ინტერესებისათვის.

მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 25 ოქტომბრის №1/კ-476 ბრძანების სამართლებრივ საფუძველს წარმოდგენდა საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, „ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 49-ე მუხლის 61 პუნქტი, მე-7 ნაწილის „დ" ქვეპუნქტი და მე-9 ნაწილი, ხოლო საფუძველს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის ფუნქციათა შემსრულებლის 2017 წლის 28 სექტემბრის №1167511 მოხსენებითი ბარათი.

3.2. მოსარჩელის მიერ არაერთი დარღვევა, რომელიც დადასტურებულია შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნით, წარმოადგენდა საფუძველს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის 08 სექტემბერს გამოეცა №787 ბრძანება ს.ს.ი.პ. ქალაქ თბილისის №67 საჯარო სკოლის მიმართ გაფრთხილების მიცემის შესახებ და ვინაიდან, მოსარჩელე სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეული დირექტორი იყო, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, მიემართა სამეურვე საბჭოს დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე.

3.3. შიდა აუდიტის დასკვნის შესაბამისად დადგინდა არაერთი შემთხვევა, როდესაც მ.თ–ძე აგვიანებდა არა მხოლოდ გაკვეთილზე, არამედ, ზოგადად, სკოლაშიც არ მიდიოდა დროულად. აღნიშნულით მ.თ–ძის მიერ არაერთგზის და სისტემატურად ირღვეოდა სკოლის შინაგანაწესის მე-3 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების მოთხოვნები. შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ დასკვნაში მითითებული გარემოებები სრულყოფილად იქნა შესწავლილი და დადასტურებული შესაბამისი ახსნა-განმარტებებითა და მტკიცებულებებით. შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ დასკვნაში დეტალურადაა მითითებული, რომელი ფაქტობრივი გარემოება რომელი მტკიცებულებით დასტურდება და რომელი სამართლებრივი აქტი/ნორმა იქნა დარღვეული მოსარჩელის მიერ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.თ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

7. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. 2014 წლის 28 სექტემბრიდან 2017 წლის 25 ოქტომბრამდე, მ.თ–ძე დასაქმებული იყო ს.ს.ი.პ. ქალაქ თბილისის №67 საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე. მოსარჩელის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 950 ლარს (დარიცხული).

7.2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის 25 ოქტომბრის №1/კ-476 ბრძანებით მ.თ–ძე გათავისუფლდა დაკავებული ს.ს.ი.პ. ქალაქ თბილისის №67 საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობიდან, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-61 პუნქტის, მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად. ხოლო გათავისუფლების საფუძვლად მიეთითა შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 28 სექტემბრის №1167511 მოხსენებითი ბარათი.

7.3. მ.თ–ძის თანამდებობიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის №0609171224 დასკვნა.

დასკვნის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტში შევიდა კორესპონდენციები (სამინისტროში რეგისტრაციის ნომრები: №647681 13/06/2017; №647607 13/06/2017; №647484 13/06/2017; №646826 13/06/2017; №667047 16/06/2017) ს.ს.ი.პ. ქალაქ თბილისის №67 საჯარო სკოლის საქმიანობაში შესაძლო დარღვევების თაობაზე. განცხადებებში დაფიქსირებული საკითხების სრულყოფილად შესწავლის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის №67 საჯარო სკოლის ინსპექტირების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 21 ივნისის №563 ბრძანების საფუძველზე, შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს თანამშრომლების - დ.წ–ას, ე.ჯ–ძისა და თ.ა–ძის მიერ, 2017 წლის 22 ივნისიდან 2017 წლის 28 ივნისის ჩათვლით, განხორციელდა სკოლის ინსპექტირება. ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევები:

ა) 2017 წლის 16 ივნისის №667047 კორესპონდენციაში აღნიშნულია, რომ სკოლის დირექტორი სასტიკად უკრძალავს პედაგოგებს, მიმართონ სკოლის მანდატურებს საჭიროების შემთხვევაში. საკითხზე წერილობითი ახსნა-განმარტებები ჩამოერთვათ სკოლის მანდატურებს. სკოლის მანდატურის - თ.ა–ძის განმარტებით, მის სამსახურებრივ მოვალეობებში შედის მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვა სკოლასა და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე გადაცდომების ფაქტების დაფიქსირება და მათ თაობაზე დარღვევის აღრიცხვის ფურცლის წარმოება, თუმცა სკოლის დირექტორი მ.თ–ძე ითხოვდა, თავი შეეკავებინა დარღვევის აღრიცხვის ფურცლის შედგენისგან.

თ.ა–ძის განმარტებით, სკოლის დირექტორის მოთხოვნის მიუხედავად, სკოლის მანდატურები მაინც ადგენდნენ დარღვევის აღრიცხვის ფურცელს, ხოლო მას შემდეგ, რაც მოთხოვნამ მიიღო მრავალჯერადი ხასიათი, მანდატურებმა საქმის კურსში ჩააყენეს ხელმძღვანელები, რის შემდეგაც, ბოლო ორი-სამი თვის მანძილზე, სკოლის დირექტორს მსგავსი მოთხოვნები არ ჰქონია.

საკითხზე წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოერთვა ამავე სკოლის მანდატურ ე.გ–ს, რომელმაც განმარტა, რომ რამდენჯერმე იყო შემთხვევა, როდესაც სკოლის დირექტორი მანდატურებს აგრესიულად ეკამათებოდა; ამბობდა, რომ მანდატურის სამსახური არის ჩამოუყალიბებელი; მანდატურებს არ აქვთ საკმარისი განათლება და რაღაც ორი ტრენინგის გავლა არ ნიშნავს გამოცდილებას; არ გაუგრძელებდა მანდატურებს ხელშეკრულებებს და სხვა. ე.გ–ი განმარტებაში აღნიშნავდა, რომ დირექტორის შეურაცხმყოფელმა ხმამაღალი ტონით საუბრებმა დერეფნებში მიიღო მრავალჯერადი ხასიათი და მათ (მანდატურებმა) საქმის კურსში ჩააყენეს მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელობა, რის შემდეგაც, ბოლო 2-3 თვის განმავლობაში დირექტორის მხრიდან მსგავს მოთხოვნას (დარღვევის აღრიცხვის ფურცლის შედგენისაგან თავის შეკავება) ადგილი არ ჰქონია. ე.გ–ი ასევე განმარტავდა, რომ სკოლის მასწავლებლებთან პირადი კომუნიკაციის დროს არაერთხელ მიუღია ინფორმაცია, რომ სკოლის დირექტორი მათ სთხოვდა, მანდატურებისათვის არ მიემართათ დარღვევის შემთხვევაში.

წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოერთვა სკოლის მანდატურ თ.ხ–ს, რომელმაც დაადასტურა, რომ სკოლის დირექტორი მანდატურებისგან ითხოვდა, თავი შეეკავებინათ დარღვევის აღრიცხვის ფურცლების შედგენისგან და ეუბნებოდა, რომ თვითონ გაარკვევდა ყველაფერს. მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც დირექტორის მოთხოვნამ მიიღო მრავალჯერადი ხასიათი, მათ საქმის კურსში ჩააყენეს ხელმძღვანელობა და ბოლო 2-3 თვე მსგავს მოთხოვნას დირექტორის მხრიდან არ ჰქონია ადგილი. თ.ხ–მა ასევე დაადასტურა მასწავლებლების მხრიდან მანდატურებისათვის მიმართვის დირექტორის მიერ აკრძალვის ფაქტი. ასევე, განმარტა, რომ 2017 წლის თებერვალში თავად შეესწრო შემთხვევას, როდესაც სკოლის დირექტორი ხმამაღლა ეუბნებოდა ე.გ–ს, რომ არ გააგრძელებდა მანდატურებთან ხელშეკრულებებს და სახეზე ააფარებდა დარღვევის ფურცელს. აღნიშნულის მიზეზი კი, ის იყო, რომ მანდატურს უნდოდა დარღვევის ფურცლის შედგენა კონკრეტულ დარღვევაზე, ხოლო დირექტორი ცდილობდა, არ დაეწერინებინა.

სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა, ქ.ა–მა განმარტა, რომ 2016-2017 სასწავლო წლის დასაწყისში, პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე სკოლის დირექტორმა მასწავლებლებს უთხრა, რომ ნაკლები სიხშირით მიემართათ მანდატურებისთვის, რადგან ეს ლახავს სკოლის პრესტიჟს.

სკოლის მუსიკის მასწავლებლის, ც.ნ–ის განმარტებით, მან მიმართა სკოლის მანდატურს მე-7 კლასის მოსწავლის თაობაზე, რომელსაც ჰქონდა გაკვეთილის ჩაშლის მცდელობა, თუმცა მანდატურისთვის მიმართვის გამო საყვედური მიიღო დირექტორისგან.

ქიმიის მასწავლებლის, დ.კ–ას განმარტებით, სკოლის დირექტორის სიტყვით, მანდატურებისადმი მიმართვა ცუდ გავლენას ახდენს სკოლის პრესტიჟზე.

სკოლის მანდატურებისადმი მიმართვის აკრძალვის ფაქტი დაადასტურა მათემატიკის მასწავლებელმა ი.გ–მა და განმარტა, რომ სკოლის დირექტორს საშინელი რეაქცია ჰქონდა მანდატურებისათვის მიმართვაზე.

ამავე საკითხზე წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოერთვა სკოლის დირექტორ მ.თ–ძეს, თუმცა მან უარყო ზემოაღნიშნული ფაქტები.

დასკვნის თანახმად, აღნიშნულ შემთხვევებში, სკოლის დირექტორის მიერ დაირღვა „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 483 მუხლის პირველი პუნქტის „კ” ქვეპუნქტისა და 484 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნები. დარღვევა დასტურდება სკოლის მანდატურების თ.ა–ძის, ე.გ–ისა და თ.ხ–ის (ს.ფ. 277-280) და მასწავლებლების: ქ.ა–ის, ი.ღ–ას, ც.ნ–ის, დ.კ–ას, ი.გ–ის წერილობითი ახსნა-განმარტებებით (ს.ფ. 281-289; 292-293; 294-296; ტომი 01).

ბ) სკოლის მოქმედი შინაგანაწესის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სკოლაში დასაქმებულისათვის (გარდა მასწავლებლისა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა განისაზღვრება 40 სამუშაო საათით, რომელშიც შედის შესვენებისა და დასვენების დრო და მათთვის სამუშაო დღის დასაწყისია 08:45 საათი, დასასრული - 17:45 საათი. ამავე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ შრომის დრო წარმოადგენს კალენდარული დროის ნაწილს, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ვალდებულია განახორციელოს თავისი სამსახურებრივი უფლება-მოვალეობები. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ სკოლის დირექტორი მ.თ–ძე იმავდროულად სკოლაში დასაქმებულია მასწავლებლის სტატუსითაც და ატარებს საგაკვეთილო საათებს, შესაბამისად, მასზე ვრცელდება შინაგანაწესის ის ნორმები, რომლებიც ეხება მასწავლებლის საქმიანობის რეგულაციას. კერძოდ, სკოლის შინაგანაწესის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მასწავლებელი ვალდებულია სკოლაში გამოცხადდეს გაკვეთილის დაწყებამდე 15 წუთით ადრე.

ინსპექტირების პროცესში სკოლის მიერ წარმოდგენილი საგაკვეთილო ცხრილით (მეორე სემესტრი) ირკვევა, რომ მ.თ–ძეს ჩასატარებელი საგაკვეთილო საათები გათვალისწინებული ჰქონდა კვირის ყველა სასწავლო დღეს, მათ შორის ორშაბათს - მეორე გაკვეთილი, სამშაბათს - პირველი და მეორე გაკვეთილები, ოთხშაბათს და ხუთშაბათს - პირველი გაკვეთილი, ხოლო პარასკევს - პირველი და მეორე გაკვეთილები. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მ.თ–ძე, როგორც მასწავლებელი და, ამავდროულად, როგორც დირექტორი, სკოლაში უნდა გამოცხადებულიყო 08:45 საათზე.

აღრიცხვის ჟურნალის მიხედვით, ჟურნალში მ.თ–ძე ხელმოწერით ადასტურებდა სამსახურში ყოველდღიურ გამოცხადებას, მის მიერ ჟურნალის შევსება ხდებოდა ხარვეზით, დირექტორი ჟურნალში აფიქსირებდა მხოლოდ ხელმოწერას და არ უთითებდა სამსახურში გამოცხადების კონკრეტულ დროს, რაც შესაძლოა ადასტურებდეს კონკრეტულ თარიღში პირის სკოლაში ყოფნის და არა სამუშაო დროის განმავლობაში ყოფნის ფაქტს. აღნიშნულით სკოლის დირექტორი არაჯეროვნად ასახავდა სავალდებულო ინფორმაციას შესაბამის ჟურნალში, რადგან ჟურნალში გათვალისწინებული იყო როგორც სამსახურში მოსვლის, ასევე სამსახურიდან წასვლის დროის მისათითებელი გრაფები, რომელსაც სკოლის სხვა თანამშრომლები ავსებდნენ. კითხვაზე, რატომ არ ასახავდა სამსახურში გამოცხადებისა და სამსახურის ადგილიდან წასვლის დროს ტაბელში, სკოლის დირექტორმა მიუთითა, რომ მას არ აქვს პასუხი.

დასკვნის მიხედვით, აღნიშნულით მ.თ–ძის მიერ არაერთგზის არის დარღვეული სკოლის შინაგანაწესის მე-8 მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად, ყველა დასაქმებულმა უნდა დაარეგისტრიროს მოსვლა და წასვლა ტაბელში ხელმოწერის მეშვეობით. დასკვნის თანახმად, დარღვევა დასტურდებოდა სკოლის მიერ წარმოდგენილი პედაგოგთა და სხვა თანამშრომელთა აღრიცხვის ჟურნალის მონაცემებითა და მ.თ–ძის ახსნა-განმარტებით.

იმის გამო, რომ მ.თ–ძის მიერ პედაგოგთა და სხვა თანამშრომელთა აღრიცხვის ჟურნალის არაჯეროვანი შევსების გამო ვერ დგინდებოდა მის მიერ სამუშაო დროის განმავლობაში სკოლაში ყოფნის ფაქტი, ინსპექტირების ჯგუფმა სკოლიდან მოითხოვა ინფორმაცია იმის თაობაზე, სკოლის დირექტორი დროულად ატარებდა თუ არა საგაკვეთილო საათებს, საგაკვეთილო ცხრილის მიხედვით დადგენილ პერიოდებში.

სკოლის დირექტორის მოადგილემ ი.ზ–ამ (მის ფუნქციებში შედის სასწავლო პროცესის რეგულირება, გაკვეთილებზე მასწავლებლების შესვლის კონტროლი, გაკვეთილების გადანაცვლება საჭიროების შემთხვევაში) განმარტა, რომ სკოლაში აღნიშნულის მონიტორინგი და ფიქსაცია არ ხდება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ინსპექტირების ჯგუფმა შეისწავლა სკოლაში დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერები 2017 წლის აპრილის თვის მეორე ნახევრიდან სასწავლო წლის დასრულებამდე, რის შედეგადაც დადგინდა შემდეგი:

· 2017 წლის 13 აპრილს სკოლის დირექტორ მ.თ–ძეს გაკვეთილი უნდა ჩაეტარებინა მე-8 კლასში, თუმცა იგი დაგვიანებით შევიდა გაკვეთილზე, სადაც დარჩა დაახლოებით 12 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც დატოვა საკლასო ოთახი და აღარ დაბრუნებულა.

· 2017 წლის 18 აპრილს მ.თ–ძეს პირველი გაკვეთილი (იწყება 09:00 საათზე) უნდა ჩაეტარებინა მე-8 კლასში, თუმცა ვიდეო-კამერის (კამერა №4) მონაცემებით, პირველი გაკვეთილი ჩაატარა სხვა მასწავლებელმა, ხოლო დირექტორი შევიდა მე-6 გაკვეთილის მსვლელობის დროს, კერძოდ, მე-6 გაკვეთილი დაიწყო 13:15 საათზე, რა დროსაც კლასში შევიდა კანცელარიის თანამშრომელი ნ.ო–ძე, იგი გაკვეთილზე დარჩა 13:34 წუთამდე, რის შემდეგაც კლასში შევიდა მ.თ–ძე (ნ.ო–ძემ დატოვა კლასი) და დარჩა იქ გაკვეთილის დასრულებამდე, ანუ 26 წუთის განმავლობაში.

· 2017 წლის 24 აპრილს მ.თ–ძეს მეორე გაკვეთილი (იწყება 09:50 საათზე) უნდა ჩაეტარებინა მე-8 კლასში, თუმცა ვიდეო კამერის (კამერა №4) მონაცემებით, იგი არ შესულა მეორე გაკვეთილზე. იმავე დღეს, მეხუთე გაკვეთილზე (იწყება 12:25 საათზე) შევიდა ნ.ო–ძე, 12:51 საათზე ამავე კლასში შევიდა დირექტორი მ.თ–ძე, მაშინვე გამოვიდა კლასიდან ნ.ო–ძე და დირექტორი კლასში დარჩა 13:11 საათამდე, ანუ გაკვეთილის ბოლომდე.

· 2017 წლის 25 მაისს მ.თ–ძეს პირველი გაკვეთილი (იწყება 09:00 საათზე) უნდა ჩაეტარებინა მე-8 კლასში, თუმცა ვიდეო კამერის (კამერა №4) მონაცემებით, იგი არ შესულა პირველ გაკვეთილზე. იმავე დღეს, მეექვსე გაკვეთილზე (იწყება 13:15 საათზე) შევიდა კანცელარიის თანამშრომელი ნ.ა–ი (გაკვეთილი არ ჩაუტარებია, არ არის მასწავლებელი), და კლასში დარჩა გაკვეთილის დასრულებამდე. აღნიშნული გაკვეთილი უნდა ჩაეტარებინა დირექტორ მ.თ–ძეს.

· 2017 წლის 02 ივნისს მ.თ–ძეს პირველი გაკვეთილი (იწყება 09:00 საათზე) უნდა ჩაეტარებინა მე-8 კლასში, თუმცა ვიდეო კამერის (კამერა №4) მონაცემებით, იგი აღნიშნულ დღეს არცერთ გაკვეთილზე არ შესულა. ამასთან, კამერის ჩანაწერის მიხედვით, მე-5 და მე-6 გაკვეთილები ჩაატარა კლასის დამრიგებელმა ც.კ–ამ, რომელსაც უნდა ჩაეტარებინა მხოლოდ მე-6 გაკვეთილი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ი.ზ–ას დაესვა კითხვა, რამდენად ხშირად აცდენდა სკოლის დირექტორი პირველ და მეორე გაკვეთილებს, რაზეც მან განმარტა, რომ ასეთ ფაქტებს არ აღრიცხავდა, თუმცა მსგავს ფაქტს ადგილი ჰქონდა 2016-2017 სასწავლო წლის აპრილის თვიდან სასწავლო წლის დასრულებამდე რამდენჯერმე (რაოდენობას ვერ აზუსტებს). მისივე განმარტებით, დაახლოებით 2-3 ჯერ მოუხდა გაცდენილი გაკვეთილის გადატანა მომდევნო დღეებში, თუმცა აღნიშნული დოკუმენტურად ვერ დაადასტურა.

დასკვნის მიხედვით, დადგინდა, რომ სკოლის დირექტორის მხრიდან სისტემატური ხასიათი აქვს გაკვეთილზე დაგვიანებას, კერძოდ, 2017 წლის 25 აპრილს სკოლის დირექტორი მე-8 კლასში გაკვეთილზე შევიდა 13:21 საათზე, ანუ 6 წუთის დაგვიანებით. ასევე 6 წუთის დაგვიანებით შევიდა ამავე კლასში, 2017 წლის 26 აპრილს (12:31 საათზე): დირექტორი 3-3 წუთის დაგვიანებით შევიდა თავის გაკვეთილზე მე-8 კლასში 2017 წლის 27 (გაკვეთილზე შევიდა 12:28 საათზე) და 28 აპრილს (გაკვეთილზე შევიდა 13:18 საათზე), 8 წუთის დაგვიანებით შევიდა მე-8 კლასში 2017 წლის 02 მაისს (09:00 საათზე) და კლასიდან გამოვიდა 09:51 საათზე, მაშინ როდესაც მეორე გაკვეთილი უკვე დაწყებული იყო დაწყებული, ხოლო მოსწავლეები შესვენების პერიოდშიც საკლასო ოთახში იმყოფებოდნენ. მე-8 კლასში დირექტორი 2017 წლის 3 მაისს გაკვეთილზე შევიდა 2 წუთის დაგვიანებით (10:42 საათზე), 4 მაისს - 5 წუთის დაგვიანებით (10:45 საათი), 08 მაისს - 2 წუთის დაგვიანებით (12:27 საათზე), 15 მაისს - 18 წუთის დაგვიანებით (10:08 საათზე), 29 მაისს -5 წუთის დაგვიანებით (09:55 საათზე), 31 მაისს - 10 წუთის დაგვიანებით (12:35), 07 ივნისს - 4 წუთის დაგვიანებით (09:04 საათზე). 2017 წლის 24 მაისს მე-10 კლასში შევიდა 3 წუთის დაგვიანებით (13:13), 31 მაისს - 5 წუთის დაგვიანებით (13:20 საათზე), 01 ივნისს - 4 წუთის დაგვიანებით (11:39), 05 ივნისს - 5 წუთის დაგვიანებით (09:05 საათზე).

დასკვნის მიხედვით, დადგინდა არაერთი შემთხვევა, როდესაც მ.თ–ძე აგვიანებდა არა მხოლოდ გაკვეთილზე, არამედ ზოგადად, სკოლაშიც არ მიდიოდა დროულად. მაგალითად, 03.04.2017, 19.04.2017 - არ გამოცხადებულა სამსახურში 11 საათამდე, 20.04.2017, 21.04.2017 - არ გამოცხადებულა სამსახურში 10:00 საათამდე, 24.04.2017 - არ გამოცხადებულა სამსახურში 10:30 საათამდე, 25.04.2017, 26.04.2017, 27.04.2017, 28.04.2017 - არ გამოცხადებულა სამსახურში 09:20 საათამდე.

მასწავლებლებმა ასევე მიუთითეს შემთხვევებზე (2016-2017 სასწავლო წელს), როდესაც სკოლის დირექტორის ნაცვლად, მის გაკვეთილს ატარებდა მისი და, ლ.თ–ძე. აღნიშნულ ფაქტი უარყო ლ.თ–ძემ, თუმცა მე-8 კლასის მოსწავლეებმა (მ.ტ–ა, ა.კ–ა, გ.ჩ–ძე) წერილობით დაადასტურეს, რომ ზოგჯერ, დირექტორის ნაცვლად, მათ გაკვეთილზე შედიოდა ლ.თ–ძე.

აღნიშნულით, მ.თ–ძის მიერ, არაერთგზის და სისტემატურად ირღვეოდა სკოლის შინაგანაწესის მე-3 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების მოთხოვნები.

გარდა ამისა, სკოლაში დამონტაჟებული ვიდეოკამერებისა და ჩამწერი მოწყობილობების ტექნიკური მახასიათებლებით გამოწვეული შეზღუდვების გამო, ინსპექტირების ჯგუფმა შეისწავლა მხოლოდ 2016-2017 სასწავლო წლის ბოლო ორი თვის მონაცემები, დროის ამ მცირე მონაკვეთში გამოვლენილი დარღვევების მასშტაბიდან გამომდინარე და, იმის გათვალისწინებით, რომ სკოლაში დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩამწერი მოწყობილობების მიერ ხდება მხოლოდ ბოლო სამი თვის მონაცემების შენახვა (რის შემდეგაც იგი იშლება), ინსპექტირების ჯგუფს შეექმნა საფუძვლიანი ეჭვი, რომ სკოლის დირექტორის მხრიდან სამსახურში გამოცხადების კონკრეტული დროის დაუფიქსირებლობის მიზანს წარმოადგენდა სამსახურებრივი მოვალეობების (როგორც მასწავლებელი და როგორც დირექტორი) არაჯეროვნად შესრულების მრავალჯერადი, ფაქტების დაფარვა.

დასკვნაში განმარტებულია, რომ სკოლის ხელმძღვანელის მხრიდან გაკვეთილებზე დაგვიანებით შესვლა და გაცდენა უარყოფით გავლენას ახდენდა, ზოგადად, სასკოლო სივრცეში მყოფ პირებზე, მათ შორის, მასწავლებლებსა და მოსწავლეებზე, მით უფრო, რომ ასეთი ქმედებით სკოლის დირექტორი მრავალჯერადად არღვევდა სკოლის შინაგანაწესს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს №80/ნ ბრძანებით დამტკიცებული სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტების თანახმად, სკოლის დირექტორი თავისი ფუნქციების შესრულებისას დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელია, ის იცავს საქართველოს კანონმდებლობასა და ეთიკის კოდექსით დადგენილ ნორმებს, დირექტორი თავისი საქმიანობის შესრულებისას სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, ადამიანის უფლებათა დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოს დაცვის მაგალითია. აღნიშნულ პირობებში სკოლის დირექტორის მხრიდან სისტემატური დაგვიანება გაკვეთილებზე, მაშინ, როდესაც მოქმედი კანონმდებლობით, მოსწავლეს დაგვიანების ფაქტი უფიქსირდება გაკვეთილის დაწყებისთანავე, უარყოფით მაგალითს აძლევს მოსწავლეებს, ხელს უშლის სრულყოფილ საგაკვეთილო პროცესს, წარმოადგენს საგაკვეთილო დროის არაეფექტურ მართვას (მით უფრო, რომ დაგვიანებით შესვლის შემდეგ მასწავლებელმა დრო უნდა გამოყოს დასწრების აღრიცხვისთვისაც). აღნიშნული ხელს არ უწყობს თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას სასკოლო სივრცეში, იმის გათვალისწინებითაც, რომ დაგვიანების გამო მოსწავლეებს არაერთ შემთხვევაში აქვთ დაკისრებული დისციპლინური სახდელი თავად დირექტორის ბრძანებით, ხოლო დირექტორის მიერ იგივე დარღვევას ხშირი ხასიათი აქვს ამავე სკოლის მოსწავლეების თანდასწრებით. აღნიშნული ასევე ეწინააღმდეგება „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნას, რომლის თანახმად, დისციპლინური დევნა უნდა განხორციელდეს ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურებით.

დარღვევა დასტურდება სკოლის შინაგანაწესით (ს.ფ. 297-323, ტომი 01); მ.თ–ძის ახსნა-განმარტებით (ს.ფ. 324; ტომი 01); პედაგოგთა და სხვა თანამშრომელთა აღრიცხვის ჟურნალით (ს.ფ. 325-417; ტომი 01); სკოლაში დამონტაჟებული ვიდეო-კამერების ჩანაწერებით, ასევე სკოლის მანდატურის - თ.ა–ძის წერილობითი ახსნა-განმარტებით (ს.ფ. 7-8; ტომი 02), რომელშიც დეტალურად არის აღწერილი ვიდეო-კამერის ჩანაწერებში ასახული ზემოაღნიშნული ფაქტები, ასევე სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეების წერილობითი ახსნა-განმარტებებით.

გ) სკოლის მასწავლებლის - დ.კ–ას 2017 წლის 13 ივნისის №647607 განცხადებაში აღნიშნულია, რომ სკოლის დირექტორმა თავის კაბინეტში გამოიძახა მე-10 კლასის რამდენიმე მოსწავლე, მოახდინა მათზე სიტყვიერი ზეწოლა, რათა შეეტყო მათი ყოფილი კლასის ხელმძღვანელი და მათემატიკის მასწავლებელი ლ.კ–ი რაზე ესაუბრებოდა მოსწავლეებს. დ.კ–ას ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი მოსწავლეებმა მიიჩნიეს პატივისა და ღირსების შემლახავად, რის თაობაზეც მასთან გამოხატეს შეშფოთება. საკითხზე წერილობითი ახსნა-განმარტებები ჩამოერთვათ მე-10 კლასის იმ მოსწავლეებს, რომელთაც თანხმობა გამოთქვეს ინსპექტირების ჯგუფთან გამოცხადებაზე მათ კანონიერ წარმომადგენლებთან ერთად (ინსპექტირების პერიოდი დაემთხვა საზაფხულო არდადეგებს). ამავე საკითხზე წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოერთვა ლ.კ–ს, რომელმაც დაადასტურა, რომ 2016-2017 სასწავლო წლის ბოლოს მე-10 კლასში ატარებდა მათემატიკის გაკვეთილს ი.გ–ის ნაცვლად. მისი განმარტებით, გაკვეთილის პროცესში განიხილავდნენ მოსწავლეების მიერ მოსამზადებელ პროექტს, რის გამოც მოსწავლეები მის გარშემო ისხდნენ. ლ.კ–ის განმარტებით, ამ დროს კლასში შევიდა დირექტორი და უთხრა მას (მასწავლებელს), რომ გაკვეთილზე შესული იყო საჭორაოდ, რაც ლ.კ–ისთვის იყო შეურაცხმყოფელი და მოსწავლეებმაც გამოთქვეს პროტესტი, რომ არ ჭორაობდნენ. მასწავლებლის განმარტებით, ამის შემდეგ მოსწავლეები დაიბარეს სკოლის დირექტორთან, თუმცა თავად მათ საუბარს აღარ შესწრებია. აღნიშნული ფაქტი დაადასტურა ამავე კლასის მოსწავლემ - მ.თ–ძემ და განმარტა, რომ სკოლის დირექტორის საქციელი არ იყო კორექტული როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლების მიმართ. მოსწავლის განმარტებით, სწორედ აღნიშნულ გაკვეთილთან დაკავშირებით დაიბარა ისინი სკოლის დირექტორმა. მოსწავლემ ასევე დაადასტურა, რომ გაკვეთილთან დაკავშირებით ნამდვილად შეხვდა სკოლის დირექტორს თანაკლასელ გოგონებთან ერთად, რა დროსაც მოსწავლეებმა სცადეს არგუმენტირებულად აეხსნათ მისთვის, რომ გაკვეთილზე არ ჭორაობდნენ, თუმცა დირექტორმა მათ ამის საშუალება არ მისცა, აწყვეტინებდა მათ საუბარს, ლაპარაკობდა თვითონ და მოსწავლეს დარჩა შთაბეჭდილება, რომ მოსწავლეების აზრს დირექტორისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა. კითხვაზე, სკოლის დირექტორს მოსწავლეების თანდასწრებით, ხომ არ უხსენებია რომელიმე მასწავლებელი ცუდად ან დამამცირებლად, მოსწავლემ განმარტა, რომ შეხვედრაზე დირექტორმა გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ მხოლოდ მასწავლებელ ი.გ–ის საგანში ჩაიჭრნენ მოსწავლეები, რაზეც მათ უპასუხეს, რომ მოსწავლეები სხვა საგნებშიც ჩაიჭრნენ. მ.თ–ძის განმარტებით, დირექტორის საუბრიდან მოსწავლეებმა გამოიტანეს დასკვნა, რომ დირექტორს სურდა ხაზი გაესვა იმაზე, რომ ი.გ–ი კარგად ვერ ატარებდა გაკვეთილებს, რაც, მათი აზრით, არ არის სწორი.

ამავე კლასის მოსწავლე ა.ფ–ის განმარტებით, გაკვეთილის მიმდინარეობის დროს კლასში შევიდა მ.თ–ძე და მასწავლებელს მისცა შენიშვნა, თუ რატომ ჭორაობდნენ მოსწავლეები მასთან, რაზეც მასწავლებელმა უპასუხა, რომ ეს არ იყო ჭორაობა, განიხილავდნენ საგანთან დაკავშირებულ საკითხს. მისივე განმარტებით, დირექტორი არც კი დაინტერესებულა, თუ რას აკეთებდნენ მოსწავლეები გაკვეთილზე, ისე მისცა შენიშვნა მასწავლებელს და დაადანაშაულა ისინი ჭორაობაში. მოსწავლის განმარტებით, ამის შემდეგ, სკოლის დირექტორმა მისი ერთ-ერთი კლასელი გოგონა (ვინაობას ვერ იხსენებს) გააჩერა დერეფანში და სთხოვა, გოგონები ჩასულიყვნენ მის კაბინეტში გაკვეთილების შემდგომ. მისი განმარტებით, შეხვედრისას დირექტორმა ისევ დაუსვა მათ კითხვა, თუ რატომ ჭორაობდნენ, რაზეც მოსწავლეებმა იგივე პასუხი გასცეს და უარყვეს ჭორაობის ფაქტი. მოსწავლის განმარტებით, შეხვედრისას მოსწავლეებისათვის დირექტორს რაიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია, არ უყვირია, თუმცა ჰქონდა დაძაბული და მკაცრი ტონი, არ უსმენდა მათ და არ ითვალისწინებდა მათ აზრს, რის გამოც მოსწავლემ იგრძნო, რომ მისთვის მოსწავლეების აზრი არაფერს ნიშნავდა. ა.ფ–ის განმარტებით, დირექტორი მიდიოდა ბავშვებთან პირისპირ ძალიან ახლოს, აწყვეტინებდა აზრს და თავის აზრს განაგრძობდა, თითით მიანიშნებდა, რომ გაჩუმებულიყვნენ და მისთვის ესმინათ, რაც მოსწავლისთვის მიუღებელი იყო.

მ.თ–ძე ასევე უთითებს შემთხვევაზე, როდესაც 2016-2017 სასწავლო წლის მეორე სემესტრში მათემატიკის გაკვეთილის მიმდინარეობისას (მასწავლებელი ი.გ–ი) მ.თ–ძე შევიდა გაკვეთილზე, რა დროსაც მ.თ–ძე თანაკლასელთან ერთად იდგა ფანჯარასთან. მოსწავლის განმარტებით, სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს და მასწავლებელს ამის გამო შენიშვნა მისცა, რაზეც მასწავლებელმა უპასუხა, რომ მის გაკვეთილზე მთავარი იყო მოსწავლეებს მოესმინათ და არ ჰქონდა მნიშვნელობა, ისხდებოდნენ თუ არა მერხთან. მოსწავლის განმარტებიდან გამომდინარე, მასწავლებელმა უკმაყოფილება გამოხატა შენიშვნასთან დაკავშირებით და დირექტორს უთხრა, რომ არ ჰქონდა უფლება, შენიშვნა მიეცა მოსწავლეების ფანჯარასთან დგომის გამო, რაზეც დირექტორმა თქვა, რომ მას ყველაფრის უფლება ჰქონდა. მოსწავლემ აღნიშნა, რომ მისი აზრით, დირექტორის ეს პასუხი იყო არაკორექტული და უხეში და მოსწავლეების თანდასწრებით დირექტორმა არ უნდა მისცეს მასწავლებელს შენიშვნები.

აღნიშნული ფაქტი დაადასტურა მე-10 კლასის მოსწავლე თ.ე–მაც და განმარტა, რომ კლასში შემოსვლის შემდეგ სკოლის დირექტორმა მიუღებელი ტონით დაიწყო შენიშვნების მიცემა მასწავლებლისა და მისი თანაკლასელი გოგონების მიმართ, რომლებიც ისხდნენ ფანჯარასთან (მოსწავლეების ვინაობას ვერ იხსენებს). მისივე განმარტებით, სკოლის დირექტორი მასწავლებელ ი.გ–ს მიმართავდა კითხვებით, თუმცა არ აცდიდა პასუხის გაცემას და უხეშად მიმართავდა. თ.ე–ს განმარტებით, მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ სკოლის დირექტორი ცდილობდა მოსწავლეების წინაშე მასწავლებლის დამცირებას.

გაკვეთილის მიმდინარეობის დროს საკლასო ოთახში დირექტორის შესვლისა და მასწავლებელთან საუბრის ფაქტი ასევე დაადასტურა მე-10 კლასის მოსწავლე გ.ღ–ძემ, თუმცა საუბრის შინაარსი და დეტალები ვერ გაიხსენა.

მე-10 კლასის მოსწავლემ, ა.ფ–მა, დაადასტურა, რომ სკოლის დირექტორი კლასში შევიდა გაკვეთილის მიმდინარეობის დროს და ორი მოსწავლის ფანჯარასთან ყოფნის გამო მასწავლებელს მისცა შენიშვნა, რაზეც მასწავლებელმა უპასუხა, რომ მოსწავლეები ცუდად გრძნობდნენ თავს და შეეძლო, მოსწავლეები დაეყენებინა სადაც სურდა. ა.ფ–ის ინფორმაციით, ამის შემდეგ დირექტორმა მასწავლებელს დაუწყო გამოკითხვა, თუ რა თემას გადიოდნენ. მოსწავლის ინფორმაციით, მას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ დირექტორი ეძებდა მიზეზს მთელი კლასის წინაშე მასწავლებლის დასამცირებლად და საუბრის ტონი და კითხვები მიუთითებდა იმაზე, რომ დირექტორი ცდილობდა, მოსწავლეების თვალწინ დაემცირებინა ის.

კლასში მომხდარ ფაქტი ასევე დაადასტურა მე-10 კლასის მოსწავლემ მ.გ–მა და გაიხსენა, რომ მათემატიკის გაკვეთილზე კლასში შევიდა სკოლის დირექტორი, მისცა შენიშვნა არასასიამოვნო/უხეში და ხმამაღალი ტონით მასწავლებელს იმაზე, თუ რატომ იდგა ორი მოსწავლე ფანჯარასთან, რაზეც მასწავლებელმა უპასუხა, რომ მის გაკვეთილზე ჰქონდა იმის უფლება, რომ თავისუფლად ყოფილიყვნენ მოსწავლეები. მისივე განმარტებით, დირექტორმა კითხვები დაუსვა მასწავლებელს, რაზეც ი.გ–ი მას პასუხს სცემდა. მოსწავლემ აღნიშნა, რომ სკოლის დირექტორმა გადაწყვიტა დასწრებოდა გაკვეთილს, თუმცა დაურეკეს და მალევე წავიდა. მოსწავლის განმარტებით, ის თვლის, რომ დირექტორის საქციელი იყო არასასიამოვნო და საგაკვეთილო პროცესისათვის ხელისშემშლელი, ხოლო მისი ტონი მასწავლებლისადმი იყო ხმამაღალი და არასასიამოვნო. აღნიშნულს ადასტურებს ასევე მასწავლებელი ი.გ–ი.

ამავე საკითხზე წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოერთვა სკოლის დირექტორ მ.თ–ძეს, რომელმაც დაადასტურა გაკვეთილებზე შესვლის ფაქტი, თუმცა განსხვავებულად აღწერა სიტუაცია, კერძოდ, მისი განმარტებით, ერთ შემთხვევაში საკლასო ოთახში შესვლისას ნახა, რომ არ ტარდებოდა გაკვეთილი, მოსწავლე გოგონების ნაწილი იყო მასწავლებლის მაგიდის გარშემო, ხოლო ნაწილი მერხებთან. მისივე განმარტებით, მან მასწავლებელს მოუწოდა, დაკავებულიყო მხოლოდ გაკვეთილის ჩატარებით და ამის შემდეგ დატოვა საკლასო ოთახი. რაც შეეხება მოსწავლე გოგონებთან შეხვედრას, დირექტორის განმარტებით, ინიციატივა ეკუთვნოდათ მოსწავლეებს, რომლებიც მას ელოდებოდნენ კარებთან. მისი განმარტებით, მოსწავლეები ცდილობდნენ აეხსნათ გაკვეთილთან დაკავშირებული შემთხვევა, თუმცა ამ დროს მას დაგეგმილი ჰქონდა შეხვედრა და სთხოვა მოსწავლეებს, სხვა დროს მომხდარიყო საუბარი. მოსწავლეები მას დაეთანხმნენ და ამის შემდეგ მათთან შეხვედრა აღარ ჰქონია. რაც შეეხება მეორე შემთხვევას, მ.თ–ძის განმარტებით, ი.გ–ის გაკვეთილზე შესვლისას მან ნახა, რომ ორი მოსწავლე გადაყრდნობილი იყო ფანჯრის რაფაზე და როცა მოსწავლეებმა ის შენიშნეს, დაუბრუნდნენ თავიანთ ადგილებს. იგი არ ადასტურებს არც მოსწავლეებისათვის და არც მასწავლებლისათვის შენიშვნის მიცემის ფაქტს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსწავლეებისა და მასწავლებლების განმარტებებით დასტურდება, რომ სკოლის დირექტორის ქმედებების გამო, მოსწავლეებს/მასწავლებლებს ექმნებათ არასამართლიანი და შეუფერებელი დამოკიდებულების განცდა, რამაც, შესაძლოა, უარყოფითი ასახვა ჰპოვოს ურთიერთპატივისცემით განმსჭვალული სასწავლო გარემოს ფორმირებაზე, ასევე, შესაძლოა, დააკნინოს მასწავლებლისა და დირექციის ავტორიტეტი მოსწავლეებში.

დასკვნით დადგინდა, რომ აღნიშნული ქმედებებით დარღვეულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს №80/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის” მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტების მოთხოვნები, რომელთა თანახმად, სკოლის დირექტორი თავისი ფუნქციების შესრულებისას დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელია, ის იცავს საქართველოს კანონმდებლობასა და ეთიკის კოდექსით დადგენილ ნორმებს, დირექტორი თავისი საქმიანობის შესრულებისას სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, ადამიანის უფლებათა დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოს დაცვის მაგალითია.

დ) 2017 წლის 16 ივნისის №667047 კორესპონდენციაში აღნიშნულია, რომ მოსწავლეებს მობილური ტელეფონით სარგებლობის უფლება შეზღუდული აქვთ არასაგაკვეთილო დროსაც. საკითხთან დაკავშირებით წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოერთვა სკოლის დირექტორს, რომელმაც უარყო აღნიშნული ფაქტი. რაც შეეხება სკოლის მოსწავლეების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, მე-9 კლასის მოსწავლემ, დ.კ–ამ განმარტა, რომ სკოლაში მობილური ტელეფონის გამოყენება აკრძალული აქვთ როგორც გაკვეთილებზე, ისე შესვენების დროს, დილით, როდესაც მიდიან სკოლაში, აბარებენ ტელეფონებს და იმ შემთხვევაში, თუ სჭირდებათ ტელეფონი, ეუბნებიან კლასის დამრიგებელს. იგივე დაადასტურა ამავე კლასის მოსწავლემ, ნ.მ–ამ. გარდა ამისა, მობილური ტელეფონის გამოყენებისთვის დადგენილი ზემოაღნიშნული შეზღუდვები დაადასტურეს მე-8 კლასის მოსწავლეებმა - მ.ტ–ამ, გ.ჩ–ძემ და ა.ნ–მა. აღსანიშნავია, ასევე, მე-8 კლასის მოსწავლის, ა.კ–ას განმარტება, რომელმაც მიუთითა, რომ, ზოგადად, ტელეფონის გამოყენება აკრძალული აქვთ როგორც გაკვეთილებზე, ისე შესვენების დროს, ამასთან, თუ შესვენების დროს ვინმე დარეკავს ან მათ (მოსწავლეებს) უნდათ დარეკვა სხვასთან, ეუბნებიან ამის შესახებ დამრიგებელს, შედიან საპირფარეშოში (კლასში ან დერეფანში არ შეიძლება) და იქ ლაპარაკობენ ტელეფონზე. ამავე მოსწავლის განმარტებით, თუ მასწავლებელი შეამჩნევს, რომ გაკვეთილზე იყენებენ ტელეფონს, ართმევს ტელეფონს და ინახავს გაკვეთილის დამთავრებამდე, რის შემდეგაც უბრუნებს მოსწავლეს ან აძლევს დამრიგებელს და დამრიგებელი ინახავს დღის ბოლომდე. ა.კ–ამ განმარტა, რომ მის თანაკლასელებს ჰქონიათ მსგავსი შემთხვევა, თუმცა სახელებს არ იტყვის (ს.ფ. 42-54; ტომი 02).

დასკვნის თანახმად, სკოლის მოსწავლეებისათვის მობილური ტელეფონების ჩამორთმევა მთელი სასწავლო დღის მანძილზე ან/და არასაგაკვეთილო დროს სატელეფონო კავშირის განხორციელების შეზღუდვა, არ არის დაშვებული არც კანონმდებლობით და არც სკოლის შინაგანაწესით. სკოლის მოქმედი შინაგანაწესით გათვალისწინებულია მობილური ტელეფონით სარგებლობის შეზღუდვა იმ შემთხვევაში, თუ ეს ხელს უშლის სასწავლო პროცესს.

ე) შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, ასევე დადასტურებულად იქნა მიჩნეული 2017 წლის 16 ივნისის №667047 კორესპონდენციაში აღნიშნული ფაქტი, რომ სკოლაში ადგილი აქვს გაკვეთილებზე კარებიდან თვალთვალს. ფაქტის დადგენას საფუძვლად დაედო სკოლის მოსწავლეების, მ.თ–ძის, გ.ღ–ძის, მ.გ–ის და მასწავლებლის - ლ.კ–ის ახსნა-განმარტებები, რაც წარმოდგენილია საქმის მასალებში (ს.ფ. 20-22; 30-32; 35-36; ტომი 02).

დასკვნის თანახმად, მიჩნეულია, რომ აღნიშნული ქმედებებით დარღვეულია „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლითაც სკოლა პასუხისმგებელია სასწავლო-სააღმზრდელო პროცესზე, თუმცა აღნიშნული უნდა განხორციელდეს იმ ფორმით და საშუალებით, რომ დაცული იქნეს როგორც მოსწავლეების, ასევე მასწავლებლების კანონიერი ინტერესი.

ვ) სკოლის მასწავლებლის, ც.ნ–ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2017 წლის 8 ივნისს, მეორე გაკვეთილი დაწყებამდე, სამასწავლებლოში ყოფნის დროს ერთ-ერთმა მასწავლებელმა მას სთხოვა, მიეხურა ოთახის კარი, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ კართან არავინ იდგა. მოულოდნელად ფეხის დარტყმით კარი გააღო დირექტორის დამ, ლ.თ–ძემ, რომელიც მიეჭრა მას და მუქარით მიმართა „ვერ დამინახე ამხელა ქალი, ბრუციანი ხარ?“ განმცხადებლის ინფორმაციით, მან უპასუხა, რომ ნამდვილად ჰქონდა მხედველობის პრობლემა, რაზედაც ლ.თ–ძემ უთხრა, რომ „ძალიან დიდი პრობლემა გქონია, ბრმა და ბრუციანი ყოფილხარ“. საკითხზე ახსნა- განმარტება ჩამოერთვა ლ.თ–ძეს, რომელმაც არ დაადასტურა მასწავლებლის შეურაცხყოფისა და ფეხით კარის გაღების ფაქტი. მან გამოთქვა ეჭვი, რომ ც.ნ–მა ის დაინახა და ამის მიუხედავად, მიხურა კარი. კონფლიქტის ფაქტი არ დაადასტურა მ.თ–ძემაც.

ინსპექტირების პროცესში მასწავლებლების მხრიდან მიწოდებული იქნა ზეპირი ინფორმაცია, რომ ც.ნ–მა განცხადებით მიმართა სკოლის დისციპლინურ კომიტეტს, თუმცა საკითხის განხილვა არ მომხდარა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ახსნა-განმარტება ჩამოერთვა დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარეს, ხ. ხ–ძეს, რომელმაც დაადასტურა მისთვის განცხადებით მიმართვის ფაქტი, თუმცა აღნიშნა, რომ ც.ნ–მა 2 სამუშაო დღეში მიმართა მას და მოითხოვა განცხადების დაბრუნება, რადგან აპირებდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის მიმართვას. აღნიშნული ფაქტი დაადასტურა ც.ნ–მაც თავის ახსნა-განმარტებაში და აღნიშნა, რომ ორი დღის განმავლობაში მის განცხადებაზე არანაირი რეაგირება არ მომხდარა, ამიტომ ჩათვალა, რომ არ იქნებოდა სწორი მიმართულებით განხილული და განცხადება უკან ამიტომ გაიტანა.

დასკვნის თანახმად, აღნიშნულ შემთხვევაში დასტურდება, რომ სკოლის დისციპლინური კომიტეტის მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული ის მიზანი, რომელსაც ითვალისწინებს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი. ამასთან, კანონის 83-ე მუხლი ითვალისწინებს განცხადების განუხილველად დატოვების შესაძლებლობას, თუმცა კონკრეტული საფუძვლებითა და წესით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

ზ) სკოლის მასწავლებლის, დ.კ–ას 2017 წლის 13 ივნისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2017 წლის 08 ივნისს ის იდგა სკოლის სამასწავლებლოსთან, იქვე იყვნენ მასწავლებლები ი.ღ–ა და მ.ც–ძე. მისივე განმარტებით, მაშინ, როდესაც იხედებოდა ფანჯარაში, მასთან მივიდა სკოლის დირექტორის - მ.თ–ძის და, ლ.თ–ძე, რომელმაც დაუწყო მუქარა და უთხრა „გირჩევნია მიატოვო საუბარი თორემ ენას ამოგაძრობ, ხელში დაგაჭერინებ“. საკითხთან დაკავშირებით წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოერთვა ლ.თ–ძეს, რომელმაც განმარტა, რომ სამასწავლებლოსთან ნამდვილად შეხვდა დ.კ–ას და ჰქონდა მასთან საუბრის სურვილი, თუმცა საუბარი ვერ შედგა, რადგან დ.კ–ა მას გაეცალა და არ უსმენდა. ლ.თ–ძემ განმარტა, რომ მისი მხრიდან დ.კ–ას მისამართით მუქარას არ ჰქონია ადგილი და მისთვის არც რაიმე ფორმით მიუყენებია შეურაცხყოფა.

ამავე საკითხზე წერილობითი ახსნა-განმარტებები ჩამოერთვათ მ.ც–ძეს და ი.ღ–ას. მ.ც–ძემ დაადასტურა, რომ სკოლის დერეფანში იყო ხმამაღალი საუბარი დ.კ–ასა და ლ.თ–ძეს შორის, თუმცა აღნიშნავს, რომ ის არ დაინტერესებულა თუ რა მოხდა, ასევე არ შესწრებია მათ შორის კონფლიქტს და მალევე დატოვა დერეფანი, რადგან მიდიოდა გაკვეთილის ჩასატარებლად. რაც შეეხება ი.ღ–ას, მისი განმარტებით, შეესწრო ფაქტს, როდესაც სამასწავლებლოს ოთახთან ახლოს, დერეფანში, იდგნენ დ.კ–ა და ლ.თ–ძე, რომლებიც ერთმანეთში საუბრობდნენ ხმამაღლა, ლ.თ–ძემ მუქარის ტონით უთხრა დ.კ–ას „ამას ნახავთ თქვენ“, საპასუხოდ დ.კ–ას არაფერი უთქვამს და წავიდა თავის საკლასო ოთახისკენ.

ი.ღ–ამ განმარტა, რომ ამის შემდეგ, მას არ უცდია გაერკვია, თუ რა მოხდა, რადგან უკვე იწყებოდა გაკვეთილი და წავიდა მის ჩასატარებლად. ამავე საკითხზე წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოერთვა სკოლის დირექტორს, მ.თ–ძეს, რომელმაც განმარტა, რომ რამდენადაც მისთვის ცნობილია, კონფლიქტი არ მომხდარა და მათ შორის კონფლიქტურ/პრობლემურ სიტუაციაზე არავის მიუმართავს (ს.ფ. 56-60, ტომი 02; ს.ფ. 258-264 ტომი 01).

აუდიტის დასკვნით, ყოველივე ზემოაღნიშნული (მანდატურების საქმიანობაში ჩარევა, სამსახურში და გაკვეთილებზე სისტემატური დაგვიანება, მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან საუბრისას ეთიკის ნორმების დაუცველობა, ან შეურაცმყოფელი/დამამცირებელი საუბარი, გაკვეთილების „თვალთვალის“ ფაქტი, თანამშრომლებს შორის კონფლიქტური სიტუაცია/ხმამაღალი საუბარი) მიუთითებდა, რომ სკოლაში არ იყო ჯანსაღი, კეთილგანწყობილი, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული სამუშაო და სასწავლო გარემო, სკოლაში არ იყო უზრუნველყოფილი და შექმნილი ყველა პირობა ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნების მისაღწევად, როგორიცაა მოსწავლის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა, მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა („ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი).

რაც შეეხება სკოლის ქონების აღრიცხვის, მოვლა-პატრონობისა და განკარგვის საკითხებს, მათი შესწავლის შედეგად დადგინდა შემდეგი:

თ) 2012 წლის 17 სექტემბერს სკოლასა და შ.პ.ს. „ნ“-ს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება №3, რომლის საფუძველზე მოიჯარეს დროებით სარგებლობაში გადაეცა სკოლის შენობის პირველ სართულზე არსებული 34 კვ.მ. ფართი. ხელშეკრულების თანახმად, მისი ღირებულება განისაზღვრა ყოველთვიურად 2014 ლარით, ხოლო თანხის გადახდა უნდა განხორციელებულიყო უნაღდო ანგარიშსწორებით, ყოველი საანგარიშსწორებო თვის 30 რიცხვამდე. სკოლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლით დადგინდა, რომ მოიჯარის მიერ სკოლის ანგარიშზე დაგვიანებით იქნა შემოტანილი 2016 წლის აპრილის, მაისის, ივნისის, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, ასევე 2017 წლის მარტის, მაისის თვეების იჯარის საფასური. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ვადაგადაცილება შეადგენდა თვეს.

სკოლასა და მოიჯარეს შორის გაფორმებული ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულია, რომ თუკი მოიჯარის მხრიდან არ მოხდება თანხის გადახდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, იგი ვალდებულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაიხადოს გადასახდელი თანხის 0.1% მეიჯარის სასარგებლოდ. სკოლის ბუღალტერმა, შ.უ–ძემ, ახსნა-განმარტებით დაადასტურა არაერთგზის ვადაგადაცილების ფაქტი და აღნიშნა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა არ მოუთხოვიათ და არც მოიჯარეს შემოუტანია სკოლის ანგარიშზე. სკოლის დირექტორ მ.თ–ძეს ვადაგადაცილება არ ახსენდება.

აღნიშნულ შემთხვევაში დადგინდა, რომ მოიჯარის მიერ სკოლის ქონების გამოყენება ხდებოდა ხელშეკრულებით ღირებულების ანაზღაურებასთან დაკავშირებული ვალდებულების ჯეროვანი შესრულების გარეშე და თავის მხრივ, არც სკოლას მიუღია ზომები ქონებით სარგებლობის საფასურის დადგენილი წესით და პირობებით მისაღებად. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე- 10 მუხლის პირველი პუნქტით, ზემოაღნიშნულზე პერსონალური პასუხისმგებლობა ეკისრება სკოლის დირექტორს.

დასკვნის თანახმად, დარღვევა დასტურდება სკოლის დირექტორის მ.თ–ძის, სკოლის ბუღალტრის შ.უ–ძის წერილობითი ახსნა- განმარტებებით, 2012 წლის 17 სექტემბერს სკოლასა და შ.პ.ს. „ნ”-ს შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებით (ს.ფ. 37-41; 61-65; ს.ფ. 66-67 ტომი 02).

ი) იჯარით გაცემული ფართის დათვალიერებით დადგინდა, რომ მასში განთავსებულია სკოლის კუთვნილი დახლი, რომლითაც სარგებლობს მოიჯარე. დადგინდა, რომ იჯარის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მხოლოდ 34 კვ.მ. ფართი და ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი ფართთან ერთად სარგებლობის უფლებით რაიმე ინვენტარის გადაცემაზე ან ინვენტარით აღჭურვილ ფართზე. ინსპექტირების პროცესში წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოერთვა სკოლის მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორს მ.წ–ძეს, რომელმაც დაადასტურა, რომ იჯარით გაცემულ ფართზე 2011 წლიდან განთავსებულია დახლი, რომელიც წარმოადგენს სკოლის საკუთრებას და ამ დახლით სარგებლობს ბუფეტის ფართის იჯარით მიმღები პირი. ამავე საკითხზე წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოერთვა სკოლის ბუღალტერ შ.უ–ძეს, რომელმაც დაადასტურა, რომ იჯარის თანხა მოიცავს მხოლოდ ფართს და სკოლის მოძრავი ქონებით სარგებლობისათვის თანხის გადახდა არ ხდება. მიუხედავად იმისა, რომ მოიჯარის მიერ დახლით ანაზღაურების გარეშე სარგებლობის ფაქტს ადასტურებს სკოლის ბუღალტერი და არც საიჯარო ხელშეკრულება ითვალისწინებს მოძრავი ქონებით სარგებლობას და მით უფრო, სასყიდლით სარგებლობას, სკოლის დირექტორი განმარტავს, რომ დახლით სარგებლობის თანხა გათვალისწინებულია საიჯარო ხელშეკრულებაში, რაც არ შეესაბამება რეალობას.

აღნიშნულ შემთხვევაში დადგინდა, რომ მოიჯარე წლების განმავლობაში სარგებლობს სკოლის ქონებით ყოველგვარი სასყიდლის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნას და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით" წარმოადგენს სკოლის ხელმძღვანელის პერსონალურ პასუხისმგებლობას.

დარღვევა დასტურდება სკოლის დირექტორის მ.თ–ძის, სკოლის ბუღალტრის შ.უ–ძის, სკოლის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორის მ.წ–ძის წერილობითი ახსნა-განმარტებებით, 2012 წლის 17 სექტემბერს სკოლასა და შ.პ.ს. „ნ”-ს შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებით (ს.ფ. 37-41; 61-65; 66-68 ტომი 02).

კ) დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ 2012 წლის 17 სექტემბერს სკოლასა და შ.პ.ს. „ნ”-ს შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებით მოიჯარეს გათვალისწინებული აქვს ფართის მოწყობასთან დაკავშირებული ვალდებულებები, კერძოდ, ხელშეკრულების 2.8 პუნქტის თანახმად, მოიჯარე ვალდებულია მოაწყოს ფართი შესაბამისი ინვენტარი (მაგიდები, სკამები, დახლ-მაცივრები და სხვ.), სასადილო აღჭურვოს მინიმუმ ორი საბანკო ტერმინალით, საკუთარი სახსრებით დაამზადოს პლასტიკური ბარათები. დადგინდა, რომ არცერთ აღნიშნულ ვალდებულებას მოიჯარე არ ასრულებს. ინვენტართან დაკავშირებით წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოერთვა სკოლის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორს მ.წ–ძეს, რომელმაც დაადასტურა, რომ იჯარის მოქმედების პერიოდში (იჯარით გაცემულ ნაწილში) განთავსებულია მხოლოდ ორი მაგიდა და 8 სკამი, რომელიც ეკუთვნის ფართის მიმღებს. მ.წ–ძემ განმარტა, რომ სხვა მაგიდები და სკამები იჯარით გაცემულ ფართზე არ მდგარა და არ დგას. იმის გათვალისწინებით, რომ სკოლაში ირიცხება 500-ზე მეტი მოსწავლე, აღნიშნული ორი მაგიდა და სკამები ვერ უზრუნველყოფს საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ჯეროვან შესრულებას. მოთხოვნის მიუხედავად, სკოლამ ვერ წარმადგინა რაიმე დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა მის მიერ სათანადო ზომების მიღებას, რათა მომხდარიყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სერვისის მიღება.

აღნიშნულ შემთხვევაში დადგინდა, რომ სკოლამ კონკრეტული პირობების სანაცვლოდ გასცა სკოლის ფართი, თუმცა მოიჯარე ამ ფართით წლების განმავლობაში ისე სარგებლობდა, რომ არ ასრულებდა იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, სკოლის დირექტორს კი სათანადო ზომები არ მიუღია, მიუხედავად იმისა, რომ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე- 10 მუხლის პირველი პუნქტით ქონებაზე პასუხისმგებლობა პერსონალურად მას ეკისრება.

ლ) სკოლას მოეთხოვა მის მიერ კვების ბლოკის იჯარით გასაცემი მინიმალური საფასურის განსაზღვრის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. 2017 წლის 10 სექტემბერს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლმა, ი.ზ–ამ (2017 წლის 24 აგვისტოდან 01 სექტემბრის ჩათვლით ასრულებდა დირექტორის მოვალეობას მ.თ–ძის კუთვნილი შვებულებით სარგებლობასთან დაკავშირებით) ინსპექტირების ჯგუფს წარუდგინა სკოლასა და შ.პ.ს. „თ.ა–ს” შორის 2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მიმწოდებელს უნდა დაედგინა კვების ბლოკის მინიმალური საიჯარო ფართი. მისივე განმარტებით, სკოლას აქვს ერთი ბეჭედი, რომელიც სკოლის დირექტორ მ.თ–ძეს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისთვის არ დაუტოვებია და არც მას მოუთხოვია, რადგან შვებულებაში გასვლის დროს, როცა ასრულებს დირექტორის მოვალეობას, არ უტოვებს სკოლის ბეჭედს. აღნიშნულის გამო, სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ვერ იქნა ბეჭდით დამოწმებული.

დასკვნაში მიეთითა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის წესდების პირველი მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი, არა უმეტეს ორი საბანკო ანგარიში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა. ამავე დასკვნამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებული ასლის ყოველ გვერდს უნდა დაესვას სამსახურებრივი ბეჭედი და ჰქონდეს პასუხისმგებელი თანამდებობის პირის ხელმოწერა. ამდენად, ინსპექირების ჯგუფმა მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ბეჭედი განეკუთვნება მის აუცილებელ ატრიბუტიკას და გამოყენებული უნდა იქნას კონკრეტული მოქმედებების განხორციელების დროს. მოცემულ შემთხვევაში, სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისათვის ბეჭდის გადაუცემლობით ხელი შეეშალა შიდა აუდიტის დეპარტამენტის წინაშე სკოლის ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას. აღნიშნულს ასევე შეეძლო, შეეზღუდა იმ პირთა (მასწავლებელი, მოსწავლე, სხვა დაინტერესებული პირის) უფლებები, რომლებიც გამოხატავდნენ სკოლიდან ისეთი დოკუმენტის მიღების სურვილს, რომელიც ითვალისწინებს ბეჭდით დამოწმებას.

დასკვნის თანახმად, დარღვევა დასტურდება სკოლის დირექტორის მოადგილის ი.ზ–ას წერილობითი ახსნა-განმარტებით, ხელშეკრულებით (ს.ფ. 69;74; 70-73; 75-84, ტ. 02).

მ) ინსპექტირების პროცესში შემოწმდა სკოლის მიერ 2016 წელს განხორციელებული სკოლის ძირითადი საშუალებებისა და ხანგრძლივი პერიოდის გამოყენების მცირეფასიანი აქტივების ინვენტარიზაციის პროცესის შესაბამისობა კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ასევე შემოწმდა სკოლის ინვენტარის შესაბამისობა საინვენტარიზაციო აღწერებში მითითებულ მონაცემებთან. დადგინდა, რომ საინვენტარიზაციო კომისიის ყველა წევრი არ ესწრებოდა ინვენტარიზაციის პროცესს. კერძოდ, კომისიის წევრი ლ.ს–ი განმარტავს, ინვენტარიზაციის დროს კომისიის წევრები დაყოფილები იყვნენ ჯგუფებად ინვენტარის მიხედვით, ისე, რომ ნაწილი ამოწმებდა ავეჯს, ნაწილი პარალელურად ნახულობდა კომპიუტერულ ტექნიკას. მას ასევე დაესვა კითხვები კონკრეტულ ინვენტართან დაკავშირებით, რომელიც ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის წარმომადგენელთან ერთად განხორციელებული შემოწმების დროს ადგილზე არ აღმოჩნდა, რაზეც ლ.ს–მა განმარტა, რომ მას ამ ნივთების (ტექნიკა) ინვენტარიზაციაში არ მიუღია მონაწილეობა, ის ძირითადად ითვლიდა ავეჯსა და წიგნებს. აღნიშნულს ასევე ადასტურებს კომისიის წევრი და სკოლის ხელოვნების მასწავლებელი თ.ლ–ძე, რომელმაც განმარტა, რომ ინვენტარიზაციის პროცესში კომისიის წევრები ქონებას აღწერდნენ ჯგუფებად, მაგალითად, ქიმიის კაბინეტის ინვენტარი აღწერეს მან და საგნის მასწავლებელმა დ.კ–ამ. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, საკითხზე წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოერთვა ასევე დ.კ–ას, რომელმაც განმარტა,რომ მას აქვს ჩაბარებული ქიმიის კაბინეტში არსებული ინვენტარი და კაბინეტში არსებულ ქონებას ამოწმებდა მხოლოდ თ.ლ–ძე. ამავე საკითხზე წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოერთვა კომისიის წევრ მ.ბ–ს, რომელმაც განმარტა, რომ პირადად მონაწილეობდა მაგიდების, სკამების, დაფების, რკინის თაროების, სეიფების, ფარდების მაგიდის გადასაფარებლების, საფარდეების, საფარდე ჯოხებისა და საათების აღწერებში, ხოლო რაც შეეხება კომპიუტერულ ტექნიკას, მის აღწერაში მონაწილეობა არ მიუღია.

სკოლის ინვენტარის შემოწმებისა და საინვენტარიზაციო აღწერების მონაცემებთან შედარების დროს ინსპექტირების ჯგუფისათვის ვერ იქნა წარმოდგენილი ერთი ცალი „ფლეშ კარტა” (საწყისი ღირებულებით 38,00 ლარი), ერთი ცალი „SD კარტა” (საწყისი ღირებულებით 27 ლარი) და 8 ცალი „ფლეერი 128MB” (საწყისი ღირებულებით (ერთეულის ფასი) 22.45 ლარი). აღნიშნულზე წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოერთვათ კომისიის წევრებს. თ.ლ–ძემ განმარტა, რომ ეს ნივთები ინვენტარიზაციის დროს არ უნახავთ და რადგან წინა წლების ინვენტარიზაციის მასალებში მოხსენიებული იყო, მექანიკურად გადმოიტანეს 2016 წლის ინვენტარიზაციის მასალებში, რაც თავის მხრივ ადასტურებს, რომ ინვენტარიზაციას რიგ შემთხვევებში ჰქონდა ფორმალური ხასიათი. კომისიის წევრები ზ.ა–ი და მ.ბ–ი, კითხვაზე, ინვენტარიზაციის დროს ნახეს თუ არა ეს ნივთები, განმარტავენ, რომ აღნიშნულს ვერ იხსენებენ. მიუხედავად იმისა, რომ ვერც კომისიის წევრის თანდასწრებით განხორციელებული შემოწმების პროცესში და ვერც უშუალოდ სკოლის დირექტორის მხრიდან, ზემოაღნიშნული ინვენტარი ვერ იქნა ინსპექტირების ჯგუფისთვის ინსპექტირების მიმდინარეობის დროს წარდგენილი, სკოლის დირექტორმა 2017 წლის 11 ივლისს წერილობით განმარტა, რომ ინვენტარი არის სკოლაში და მას წარმოადგენდა 2017 წლის 12 ივლისს. სკოლის დირექტორმა ნამდვილად წარადგინა გარკვეული ტექნიკა, თუმცა ინვენტარის იდენტურობა არ დადასტურდა (ფოტო მასალა ინახება საქმეში). „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე 10 მუხლის პირველი პუნქტით საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებაზე პასუხისმგებლობა პერსონალურად ეკისრება დირექტორს.

აღნიშნულით დარღვეულია ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის” მე-5 მუხლის მე-13 პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმად, დაუშვებელია ინვენტარიზაციის ჩატარება საინვენტარიზაციო კომისიის წევრთა არასრული შემადგენლობით. ამავე პუნქტით დადგენილია, რომ საინვენტარიზაციო კომისიის არასრული შემადგენლობით ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგები ითვლება ბათილად.

დარღვევა დასტურდება საინვენტარიზაციო კომისიის წევრების მ.ბ–ის, ლ.ს–ისა, თ.ლ–ძის, მასწავლებლის დ.კ–ას, მ.თ–ძის, ზ.ა–ის წერილობითი ახსნა-განმარტებებით და ბუღალტრის შ.უ–ძის ახსნა-განმარტებით (ს.ფ. 85-100; ტომი 02).

ნ) ინსპექტირების შედეგად ასევე დადგინდა, რომ რიგ შემთხვევებში, სკოლას შესყიდვები არ დაუგეგმავს და განუხორციელებია წინასწარ დამტკიცებული შესყიდვების წლიური გეგმის შესაბამისად. აღნიშნული მიუთითებს, შესყიდვების წლიური გეგმის შედგენის ფორმალურ ხასიათზე და ეწინააღმდეგება სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მიზანს.

სკოლასა და შ.პ.ს. „ბ.... 2010“-ს შორის დადებულია 2016 წლის 02 თებერვლის №6 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის საგანია საბიბლიოთეკო კატალოგების შესყიდვა CPV 22461000. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 13.50 ლარს. სკოლას საქონელი მიღებული აქვს 2016 წლის 02 თებერვალს (მიღება ჩაბარების აქტი, სასაქონლო ზედნადები ელ-0219186241) და მიმწოდებლისათვის თანხა გადარიცხულია 2016 წლის 17 თებერვალს. 2016 წლის 02 თებერვლისათვის (ხელშეკრულების დადების თარიღი) აღნიშნული საქონლის CPV 22461000 კოდი სკოლას 2016 წლის შესყიდვების წლიურ გეგმაში არ ჰქონდა გათვალისწინებული. გეგმა დაკორექტირებულია მოგვიანებით, 2016 წლის 09 თებერვალს.

სკოლასა და შ.პ.ს. „ე. ფ“-ს შორის დადებულია 2016 წლის 09 თებერვლის №9 და 25 ოქტომბრის №39 ხელშეკრულებები სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. ხელშეკრულებების თანახმად, შესყიდვის ერთ-ერთ საგანს წარმოადგენს ფარმაცევტული პროდუქციის შესყიდვა CPV 33100000 ღირებულებით 77.02 ლარი. აღნიშნული კლასიფიკატორის კოდზე სკოლის 2016 წლის შესყიდვების წლიურ გეგმაში გათვალისწინებულია 70 ლარი.

სკოლასა და შ.პ.ს. „თ“-ს შორის დადებულია 2017 წლის 27 იანვრის №7 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის საგანია იატაკის საფარის შესყიდვა CPV 44112200. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 247 ლარს. სკოლას საქონელი მიღებული აქვს 2017 წლის 27 იანვარს (მიღება ჩაბარების აქტი, სასაქონლო ზედნადები ელ-O285555409) და მიმწოდებლისათვის თანხა გადარიცხულია 2017 წლის 02 თებერვალს. 2017 წლის 27 იანვრისათვის (ხელშეკრულების დადების და საქონლის მიღების თარიღი) აღნიშნული საქონლის CPV 44112200 კოდი სკოლას 2017 წლის შესყიდვების წლიურ გეგმაში არ ჰქონდა გათვალისწინებული. გეგმა დაკორექტირებულია მოგვიანებით, 2017 წლის 31 იანვარს.

დასკვნის თანახმად, აღნიშნულით დარღვეულია: „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა. დასკვნის თანახმად, აღნიშნული დასტურდება: ხელშეკრულებებით; მიღება-ჩაბარების აქტებით; სასაქონლო ზედნადებებით; ამონაწერით ლიბერთი ბანკიდან; სკოლის ბუღალტრის - შ.უ–ძის 2017 წლის 06 ივლისის წერილობითი ახსნა-განმარტებით (ს.ფ.124-125; ტომი 02); მ.თ–ძის 2017 წლის 28 ივნისის წერილობითი ახსნა-განმარტებებით (ს.ფ.126-129; ტომი 02); ბრძანებებით, სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ პორტალზე სკოლის მიერ რეგისტრირებული 2016 წლის შესყიდვების წლიური გეგმით (ს.ფ.148-150; ტომი 02), სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური პორტალით, სკოლის მოდულით (ს.ფ. 151; ტომი 02).

დასკვნის მიხედვით, შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ სკოლის ინსპექტირება განხორციელდა 2015 წელსაც, შედგა დარღვევების ამსახველი დასკვნა (მოხსენებითი ბარათი №199449 26/02/2016), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 07 მარტის №211 ბრძანებით სკოლას მიეცა გაფრთხილება და დაევალა დასკვნაში მითითებულ დარღვევებზე რეაგირება. მიუხედავად ამისა, 2017 წელს ჩატარებული ინსპექტირებით გამოვლინდა ისეთი დარღვევები, რომლებიც იდენტიფიცირებული იყო 2015 წელსაც, რაც მიუთითებს, რომ სკოლას არ მიუღია სათანადო ზომები დარღვევების დროული და საფუძვლიანი აღმოფხვრისათვის და მინისტრის ბრძანების ჯეროვნად შესრულებისათვის, კერძოდ:

ს.ს.ი.პ. ქალაქ თბილისის №67 საჯარო სკოლის შესახებ შიდა აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 12 თებერვლის დასკვნაში (სამსახურებრივი ბარათი №199449) მითითებული იყო იმის თაობაზე, რომ სამინისტროში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, სკოლას 2004 წლიდან ეკუთვნოდა ლითონის ავზები, რომლებიც სკოლიდან სატვირთო მანქანით წაიღეს. ზემოაღნიშნული დასკვნით ირკვევა, რომ საკითხზე წერილობითი ახსნა-განმარტებები ჩამოერთვათ დირექტორის მოადგილეს ი.ზ–ას, სკოლის ბუღალტერს შ.უ–ძეს, მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორს მ.წ–ძეს და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს თ.ც–ძეს, რომლებმაც დაადასტურეს 2015 წლის 08 დეკემბერს სკოლიდან რკინის ავზების წაღების ფაქტი. აღნიშნული განმარტებებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, 2016 წლის 12 თებერვლის დასკვნით დადგინდა, რომ სკოლამ არ უზრუნველყო ქონების სათანადო მოვლა-პატრონობა, რითაც დაირღვა იქნა „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის წესდების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, სკოლას დაევალა დასკვნაში დაფიქსირებულ დარღვევებზე რეაგირება.

დასკვნის თანახმად, ინსპექტირების პროცესში სკოლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ სკოლის დირექტორმა მ.თ–ძემ 2016 წლის 04 აპრილს კრწანისის რაიონის გამგებელს მიმართა წერილით (№330330), რომელშიც აღნიშნა, რომ კრწანისის რაიონის გამგეობის მითითებით, განხორციელდა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავზების ტრანსპორტირება კრწანისის რაიონის გამგეობის შენობის ეზოში. ამავე წერილში დირექტორი აღნიშნავს, რომ ავზებს სკოლა წლების წინ იყენებდა გათბობის სისტემის დიზელით მომარაგებისთვის და ითხოვს იმ ფაქტის დადასტურებას, რომ ავზები განთავსებულია გამგეობის ეზოში. აღნიშნულის პასუხად გამგებელმა ასევე წერილობით (№44/96307, 15.04.2016) აცნობა სკოლას, რომ გამგეობამ გზის მშენებლობის სამუშაოების ჩატარებისას აღმოაჩინა მიტოვებული სამი ცალი ლითონის ავზი, რომელიც განთავსდა ამავე რაიონის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის/ეზოში. დადგინდა, რომ აღნიშნულის შემდეგ სკოლას აღარ მიუმართავს გამგეობისათვის ქონებასთან დაკავშირებით.

აღნიშნულ შემთხვევაში, მიჩნეული იქნა, რომ სკოლის მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 07 მარტის №211 ბრძანებით გათვალისწინებული დავალება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის წესდების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება.

დარღვევა დასტურდება სკოლის დირექტორის წერილობითი ახსნა-განმარტებით, შიდა აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 12 თებერვლის დასკვნით (სამსახურებრივი ბარათი №199449), სკოლის დირექტორის 2016 წლის 04 აპრილის №330330 და კრწანისის რაიონის გამგებლის 2016 წლის 16 აპრილის №44/96307 წერილებით.

შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2015 წელს განხორციელებული ინსპექტირების შედეგად გამოვლენილ იქნა შემთხვევები, როდესაც საავადმყოფო ფურცლები არ იყო აკინძული და დანომრილი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. ამ შემთხვევაშიც, სკოლას დაევალა დასკვნაში დაფიქსირებულ დარღვევებზე რეაგირება. მიუხედავად ამისა, 2017 წელს ჩატარებული ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ არ მომხდარა დარღვევის აღმოფხვრა და იგი მეორდებოდა სკოლისთვის შესაბამისი დავალების მიცემის შემდეგაც, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სკოლის მიერ ჯეროვნად არ იქნა შესრულებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 07 მარტის №211 ბრძანებით გათვალისწინებული დავალება.

საქმეში წარმოდგენილია მ.თ–ძის 2017 წლის 28 ივნისის ახსნა-განმარტება, რომელშიც იგი ადასტურებს საავადმყოფო ფურცლების კანონმდებლობით დადგენილი წესის დაუცველად დალაგება-დანომვრას, რასაც ადგილი ჰქონდა 2015 წელსაც.

აღნიშნულით დარღვეულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №429 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ” 46-ე მუხლის 22-ე პუნქტი.

2015 წელს ჩატარებული ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ სკოლასა და მიმწოდებლებს შორის დადებულ არაერთ ხელშეკრულებაში (სახელმწიფო შესყიდვების შესახებ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა, კანონმდებლობის პირდაპირი მოთხოვნის მიუხედავად, არ აღემატება სულ მცირე 30 დღით საქონლის მიწოდების ვადას, რაც მითითებული იქნა შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში და სკოლას დაევალა მისი აღმოფხვრა. მიუხედავად აღნიშნულისა, დარღვევა განმეორდა 2016 წელსაც, რაც მიუთითებს, რომ სკოლას არ მიუღია სათანადო ზომები დარღვევის დროული აღმოფხვრისათვის. 2017 წლის ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ არაერთ შემთხვევაში, სკოლასა და მიმწოდებლებს შორის დადებულ ხელშეკრულებებში (სახელმწიფო შესყიდვების შესახებ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ აღემატება სულ მცირე 30 დღით საქონლის მიწოდების ვადას:

- სკოლასა და შ.პ.ს. „ქ.გ“-ს შორის დადებული 2016 წლის 14 სექტემბრის №27 ხელშეკრულება (შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა შეადგენს 3 დღეს ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრულია ხელშეკრულების ხელის მოწერიდან 2016 წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით);

- სკოლასა და შ.პ.ს. „B— TG” - ს შორის დადებული 2016 წლის 14 სექტემბრის №28 ხელშეკრულება (შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა შეადგენს 3 დღეს ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრულია ხელშეკრულების ხელის მოწერიდან 2016 წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით);

- სკოლასა და შ.პ.ს. „ე–ს“ შორის დადებული 2016 წლის 14 სექტემბრის №29 ხელშეკრულება (შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა შეადგენს 3 დღეს ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრულია ხელშეკრულების ხელის მოწერიდან 2016 წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით);

- სკოლასა და შ.პ.ს. „უ“-ს შორის დადებული 2016 წლის 14 სექტემბრის №30 ხელშეკრულება (შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა შეადგენს 5 დღეს ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრულია ხელშეკრულების ხელის მოწერიდან 2016 წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით);

- სკოლასა და შ.პ.ს. „ე. ფ“-ს შორის დადებული 2016 წლის 25 ოქტომბრის №39 ხელშეკრულება (საქონლის მიწოდება განხორციელდება ხელშეკრულების ხელმოწერიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრულია ხელმოწერიდან 2016 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით).

აღნიშნულით დარღვეულია: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის“ მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნა.

დარღვევა დასტურდება: სკოლის დირექტორის მ.თ–ძის განმარტებით, სკოლის ბუღალტრის შ.უ–ძის განმარტებით, სკოლასა და მიმწოდებლებს შორის დადებული ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებით, შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათით №199449 26/02/2016 (ს.ფ. 152-153; 155-203; 213-224; 110-112; 124- 125; ტომი 02; 294-296, ტომი 01).

2015 წელს ჩატარებული ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ინვენტარიზაციის დროს საინვენტარო აღწერილობებში ძირითადი აქტივები არ იყო შეტანილი სრული დასახელებით და ძირითადი ტექნიკური ან საექსპლუატაციო მაჩვენებლებით, ხოლო კომპიუტერული ტექნიკა არ იყო შეტანილი ინდივიდუალურად. გამოვლენილი დარღვევის გათვალისწინებით, სკოლას დაევალა მისი აღმოფხვრა. მიუხედავად აღნიშნულისა, დარღვევა განმეორდა 2016 წელსაც, რაც დადგინდა 2017 წელს ჩატარებული ინსპექტირებით.

აღნიშნულით დარღვეულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის” მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის16 და მე-10 პუნქტის მოთხოვნები.

დარღვევა დასტურდება სკოლის მიერ წარდგენილი 2016 წლის საინვენტარიზაციო მასალებით.

დასკვნის შესაბამისად, შიდა აუდიტის დეპარტამენტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ქალაქ თბილისის №67 საჯარო სკოლას გამოცხადებოდა წერილობითი გაფრთხილება. ასევე, ქალაქ თბილისის №67 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მისცემოდა სკოლის დირექტორის მ.თ–ძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვის რეკომენდაცია. ს.ს.ი.პ. - ქალაქ თბილისის №67 საჯარო სკოლას ასევე დაევალა შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში დაფიქსირებულ დარღვევებზე შესაბამისი რეაგირება და ანგარიშის წარდგენა (თანდართული დოკუმენტებით) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ერთი თვის ვადაში.

8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა შემდეგი შეფასება:

8.1. ჩადენილი დარღვევების სიმძიმის შეფასებისა და მოსარჩელის მიმართ გამოყენებული ღონისძიებების ქმედებასთან პროპორციულობის საკითხის დადგენის მიზნით სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელე იკავებდა საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობას. იგი წარმოადგენდა საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელს, რომლის უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობის ფარგლები, გარდა შრომის კოდექსისა, რეგულირდება სხვა ნორმატიული აქტებითაც. დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებს დამატებით ითვალისწინებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი.

8.2. დასახელებული კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სკოლის დირექტორი, მისი კომპეტენციის ფარგლებში არის საჯარო სკოლის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის, ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებაზე, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესსა და ფინანსების მიზნობრივ ხარჯვაზე პასუხისმგებელი პირი.

8.3. მ.თ–ძის თანამდებობიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის №0609171224 დასკვნაში მითითებული, ინსპექტირების პროცესში გამოვლენილი და წინამდებარე განჩინების 7.3. პუნქტში მითითებული, არაერთი, სხვადასხვა სახისა და ხარისხის დარღვევა, რომელსაც ადგილი ჰქონდა დირექტორის მხრიდან, როგორც სასწავლო აღმზრდელობით საქმიანობაზე, ისე სკოლის მატერიალური სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე პასუხისმგებელი პირის საქმიანობისას. დარღვევათა ნაწილს ადგილი ჰქონდა 2015 წლის შემოწმების დროსაც, რის გამოც სკოლას გამოცხადებული ჰქონდა გაფრთხილება და განსაზღვრულ ვადაში მათი აღმოფხვრა არ მომხდარა.

8.4. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავოდ ქცეულ დასკვნაში ასახულ დარღვევათაგან არ დასტურდებოდა თვალთვალის ფაქტები, ხოლო სკოლის ბუფეტის მოიჯარესთან ურთიერთობაში იდენტიფიცირებულ დარღვევებს (მოიჯარის მიერ საიჯარო თანხის დროულ გადაუხდელობაზე საპასუხო რეაგირების გამოუყენებლობა, სკოლის კუთვნილი დახლით უსასყიდლო სარგებლობა) სკოლისთვის ზიანის მიყენება არ შეეძლო, შესაბამისად, დასკვნაში ასახული მოცემული კონკრეტული გარემოებები სასამართლოს სკოლის დირექტორისთვის დარღვევად არ შეურაცხია.

8.5. სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხემ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი იმ ფაქტობრივი გარემოებების არსებობის დადასტურება, რაც წარმოშობდა დირექტორისათვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღების შესახებ სამინისტროს უფლებას. დასკვნაში ასახული და სასამართლოს მხრიდან დარღვევად მიჩნეული გადაცდომების ერთობლიობა ქმნიდა იმ შემადგენლობას, რაც ამართლებდა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილებას. უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული აპელანტის მიერ აუდიტის დასკვნის მართებულობასთან მიმართებით წარდგენილი პრეტენზიები, იმ პირობებში, როცა აპელანტს მასში ასახული დარღვევების გამაქარწყლებელი მტკიცებულებები სასამართლოში არ წარუდგენია. თავის მხრივ, დასკვნა ეფუძნება არაერთ მტკიცებულებას, გამოკითხვას, ახსნა-განმარტებას, კორესპონდენციას, ვიდეო-კამერების ჩანაწერებს, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საფუძველი დასკვნაში ასახული ფაქტების უსწორობაზე სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად.

8.6. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლით, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნები ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ ჩაითვალა უსაფუძვლოდ.

9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:

9.1. მოპასუხის მიერ წარდგენილი არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებდა შიდა აუდიტის დასკვნაში მითითებულ გარემოებებს, სახელდობრ, დასტურდებოდა მხოლოდ რამდენიმე ერთეული შემთხვევა დაგვიანებისა, თუმცა მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ამით სასწავლო პროცესს ხელი არ შეშლია, შესაბამისად, აღნიშნული დარღვევა არ წარმოადგენს იმ სიმძიმის გადაცდომას, რომ შეეფარდოს სამსახურიდან გათავისუფლება, მით უმეტეს, რომ სკოლის დირექტორი, როგორც ადმინისტრაციული თანამდებობის პირი, სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენდა და, ხშირად, დაგვიანებაც ამ მიზეზით იყო განპირობებული.

9.2. დადგენილ გარემოებად არ უნდა მიჩნეულიყო დირექტორის მიერ მასწავლებლებისთვის მანდატურებისადმი მიმართვის აკრძალვა და ამ გზით მანდატურის სამსახურის საქმიანობაში ხელშეშლა. აღნიშნულის საწინააღმდეგოს მოწმობს საქმეში წარმოდგენილი ხელწერილები, რომლითაც სკოლაში დასაქმებული მასწავლებლები ხელმოწერით უარყოფენ დასახელებულ ფაქტს. მოწმის სტატუსით დაკითხული პედაგოგებიც - ი.გ–ი, ლ.კ–ი უარყოფენ, რომ დირექტორს ოდესმე მათთვის მანდატურებისთვის მიმართვის უფლება შეეზღუდა. გარდა ამისა, პედაგოგები აუდიტის წინაშე მიცემულ ახსნა-განმარტებებშიც ვერ ასახელებდნენ კონკრეტულ შემთხვევას, როდესაც მათ დირექტორმა მსგავსი აკრძალვა დაუწესა. რაც შეეხება ც.ნ–ს, რომელსაც, თითქოს დირექტორმა საყვედური მისცა მანდატურისთვის მიმართვის გამო, საქმეში წარდგენილი არ არის ამგვარი საყვედურის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან, მოწმედ დაკითხვისას ც.ნ–მა ვერ გაიხსენა კონკრეტული ფაქტი ან კონკრეტული მოსწავლე, რის/ვის გამოც საჭიროდ ჩათვალა მანდატურის სამსახურის ჩართულობის უზრუნველყოფა, მანვე უარყო საყვედურის მიღების ფაქტობრივი გარემოებაც.

9.3. დაუსაბუთებელია აგრეთვე, მანდატურისთვის დარღვევის აღრიცხვის ფურცლის შედგენაში ხელშეშლის ბრალდებაც. პროცედურულად, მანდატური თავად იღებს გადაწყვეტილებას დარღვევის აღრიცხვის ფურცლის შედგენაზე და უგზავნის მას უშუალოდ მანდატურის სამსახურსა და რესურსცენტრს, მხოლოდ ამის შემდგომ, რესურსცენტრი დოკუმენტს უზიარებს სკოლის დირექტორს. დაუსაბუთებელია, როგორ უნდა შეუშალოს იზოლირებულად მსჯდომ მანდატურს დირექტორმა ამ პროცედურის წარმოებაში ხელი.

9.3. მოსარჩელემ წინა დირექტორისგან სკოლის ბალანსზე რიცხული ქონება გადაიბარა იმ მდგომარეობით, როგორც ეს აღწერილია 2014 წლის 01 იანვრის ქონების ნუსხაში. დასახელებულ დოკუმენტში არანაირი ავზი მითითებული არ ყოფილა, შესაბამისად, ხსენებული ქონება სკოლის საკუთრებად ვერ ჩაითვლებოდა. მ.თ–ძისთვის არავის მიუთითებია, რომ ქუჩაში განთავსებული ავზები სკოლას ეკუთვნოდა. მას შემდეგ, რაც გამგეობამ სკოლას მიუთითა ავზების სკოლისადმი კუთვნილება, უნდა მოძიებულიყო უფლების დამდგენი დოკუმენტები, რათა ქონება ასულიყო სკოლის ბალანსზე, ან უფლების დასადგენად მიმართულიყო სასამართლოსთვის, რისი უფლებაც სკოლის დირექტორს არ გააჩნია. ამდენად, ის გარემოება, რომ სკოლამ ვერ უზრუნველყო ქონების მოვლა-პატრონობა, სინამდვილეს არ შეესაბამება.

9.4. სინამდვილეს არ შეესაბამება საკითხი, რომ ც.ნ–ის განცხადებაზე სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა არაჯეროვანი რეაგირება გამოავლინა. ც.ნ–მა განცხადების წარდგენიდან 2 დღეში უკან გაითხოვა საკუთარი განცხადება, შესაბამისად, რეაგირების არარსებობა კომიტეტის მხრიდან სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია.

9.5. უსაფუძვლოა ბრალდება, რომ სკოლას დარღვეული ჰქონდა საავადმყოფო ფურცლების აკინძვისა და დანომვრის წესი. საქმე ის არის, რომ აკინძული საავადმყოფო ფურცლების საქაღალდეში იყო მხოლოდ ორი აუკინძავი ბიულეტენი, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ მათ წარმომდგენ თანამშრომლებს აუდიტის ინსპექტირების პერიოდში დაუმთავრდათ საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის ვადა და გაცდენილი დღეების ასანაზღაურებელი თანხა ბუღალტერს ჯერ დაანგარიშებული არ ჰქონდა. ხსენებული ორი ფურცელი საქაღალდეში ჩაიკრა და დაინომრა აუდიტის სამსახურის თანდასწრებით.

9.6. სინამდვილეს არ შეესაბამება, რომ სკოლის ბეჭედი შვებულებაში მყოფ დირექტორს სკოლაში არ დაუტოვებია. ბეჭდის სკოლაში დატოვების ფაქტი დაადასტურა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ისე სკოლის სხვა თანამშრომლებმა.

9.7. სინამდვილეს არ შეესაბამება, თითქოს სკოლის დირექტორმა კლასიდან გამოიყვანა სკოლის მოსწავლე გ.დ–ძე, რათა ეკითხა, თუ რას აკეთებდნენ მათემატიკის გაკვეთილზე და ამავე საკითხზე რამდენიმე გოგონა დაიბარა მასთან კაბინეტში სასაუბროდ. აღნიშნულ ფაქტს უარყოფს გ.დ–ძე. რაც შეეხება კაბინეტში რამდენიმე გოგონას დაბარების ფაქტს, დაუდგენელია, ვისი მეშვეობით დაიბარა დირექტორმა გოგონები საკუთარ კაბინეტში.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14. უწინარესად, პალატა აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის არსებული დავა შეეხება სამსახურიდან გათავისუფლებაზე 2017 წელს გამოვლენილი ნების მართლზომიერებას, შესაბამისად, დავის გადასაწყვეტად, კანონის დროში მოქმედების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს შრომის კოდექსის რედაქციით, რომელიც მოქმედებდა 2017 წელს, ვინაიდან მატერიალურ სამართალში, განსხვავებით საპროცესო სამართლისაგან, ამოსავალია ის ნორმატიული დანაწესები, რომლებიც არსებობდა სადავო ურთიერთობის წარმოშობის დროისათვის. ამრიგად, წინამდებარე განჩინებაში მოხმობილი შრომის კოდექსის ნორმები, მუხლის რიგითი ნომრისა თუ მისი შინაარსის თვალსაზრისით, ასახავს 2017 წელს მოქმედი შრომის კოდექსის დებულებებს.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს წარმოადგენს სშკ-ის 38.8-ე (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) მუხლები, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 394.1-ე (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) და 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები.

16. განსახილველ შემთხვევაში, დასაქმებულის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის 61, მე-7 და მე-9 პუნქტები.

17. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა. პალატა განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევა საქართველოს შრომის კანონმდებლობის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების დარღვევას გულისხმობს, რაც შეიძლება გამოიხატოს თანამდებობრივი ინსტრუქციისა და/ან ნორმატიული აქტების დანაწესის შეუსრულებლობაში.

18. კანონმდებელმა დამსაქმებელს მიანიჭა განსაზღვრული თავისუფლება შრომითსამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღებისას, თუმცა აუცილებელია, დამსაქმებელმა შეაფასოს არამართლზომიერი ქცევის - ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, სხვა უფრო ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა, და, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ მაშინ, თუკი შრომითი ხელშეკრულების დარღვევის სიმძიმე გამორიცხავს გაფრთხილების ან სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენების მიზანშეწონილობას.

19. შრომის სამართალში “Ultima Ratio“ - ს პრინციპი ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევასა (გადაცდომას) და გათავისუფლებას, შორის ზომიერი ბალანსის დაცულობის შემოწმებას. ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეული უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის (იხ. სუსგ. №ას-416-399-2016, 29.06.2016წ.; №ას-658-2020 04.12.2020წ.).

20. დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, შრომითსამართლებრივ დავებს მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურება ახასიათებს, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. ამდენად, სახელმძღვანელოა მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური სტანდარტი, რომლის თანახმად, სწორედ დამსაქმებელია ვალდებული, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ამგვარი სტანდარტის გამოყენების ნორმატიულ საფუძველს ქმნის ის, რომ დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (იხ. სუსგ. № ას-483-457-2015, 07.10.2015წ.).

21. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას სასამართლო, უპირველესად, ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ. №ას-151-147-2016, 19.04.2016წ.).

22. საკასაციო პალატის განსჯით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს დადგენილად, რომ სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად არსებულ აუდიტის დასკვნაში იდენტიფიცირებული დარღვევების უდიდესი ნაწილი დასტურდებოდა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. გამოვლენილ დარღვევათაგან განსაკუთრებით მძიმე და სამსახურიდან განსათავისუფლებლად თვითკმარ მიზეზად საკასაციო სასამართლოს უპირველესად მიაჩნია უფლებამოსილების არაეთიკურად, არაკოლეგიალურად გამოყენება, სახელდობრ, მოსწავლეთა თანდასწრებით მასწავლებლის მიმართ დამამცირებელი შენიშვნის მიცემა მასზედ, რომ იგი სკოლის მოსწავლეებთან ჭორაობდა. ხსენებულ ფაქტს ერთხმად ადასტურებენ გაკვეთილზე მყოფი მოსწავლეები - მ.თ–ძე, მ.გ–ი, ა.ფ–ი, აგრეთვე, უშუალოდ მასწავლებელი ლ.კ–ი; არსით მძიმე, ეთიკის წესებთან შეუსაბამო დარღვევაა პედაგოგისა და მოსწავლეების თანდასწრებით სკოლის დირექტორისგან იმ გარემოების ხაზგასმა, რომ მას ყველაფრის უფლება აქვს, რაც აგრეთვე დასტურდება მოსწავლის - მ.თ–ძის, აგრეთვე, უშუალოდ მასწავლებლის _ ი.გ–ის ახსნა-განმარტებით.

23. „სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს №80/ნ ბრძანების 1-ლი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსი ადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ქცევის წესებს, რომლითაც ფასდება დირექტორის პროფესიული კომპეტენტურობის ხარისხი და რომელთა დაცვა მას მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლებისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების მიმართ მოეთხოვება; ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, სკოლის დირექტორი არ იყენებს პროფესიულ ან ინსტიტუციურ პრივილეგიებს პირადი მიზნებისათვის; სკოლის დირექტორი მეტყველებს ეთიკური ნორმების შესაბამისად, გამართული და გასაგები ენით (მუხლი 3, 21-ე პუნქტი), სკოლის დირექტორი თანასწორად, პატივისცემით ეპყრობა მასწავლებლებს და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს, მიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილებისა თუ პიროვნული თავისებურებებისა (მუხლი 4, პუნქტი 1).

24. საკასაციო პალატა, ცალკე აღებულადაც კი, მძიმე გადაცდომად მიიჩნევს დირექტორის ქმედებებს, რომლებიც მიემართებოდა მანდატურის საქმიანობის პროცესში ჩარევას/ხელშეშლას, სახელდობრ, სკოლაში დასაქმებული სამივე მანდატური - თ.ა–ძე, ე.გ–ი და თ.ხ–ი ახსნა-განმარტებებში ერთხმად აღნიშნავენ, რომ სკოლის დირექტორი სთხოვდა მათ დარღვევის აღრიცხვის ფურცლის შედგენისგან თავის შეკავებას, მოთხოვნის მრავალჯერადი ხასიათის გამო კი, მანდატურებმა საქმის კურსში ჩააყენეს მანდატურის სამსახურში მათი უშუალო ხელმძღანელობა, რის შემდეგაც, დირექტორმა შეწყვიტა მსგავსი მოთხოვნების მანდატურებთან გაჟღერება. დირექტორის მიერ პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე წაყენებულ მოთხოვნას, რომ მასწავლებლებს შეემცირებინათ მანდატურებთან მიმართვიანობა, რათა არ შელახულიყო სკოლის პრესტიჟი, ადასტურებს მასწავლებლის - ქ.ა–ის ახსნა-განმარტება; მასწავლებელი ც.ნ–ი, რომელიც, ამავდროულად, მოწმის სტატუსითაც დაიკითხა სასამართლოში, ადასტურებს, რომ პირადად მიიღო დირექტორისგან საყვედური (იგულისხმება ზეპირი უკმაყოფილება და არა დისციპლინური წარმოების შედეგად გამოცხადებული საყვედური), როდესაც მე-7 კლასის კონკრეტული მოსწავლის თაობაზე, რომელსაც ჰქონდა გაკვეთილის ჩაშლის მცდელობა, მიმართა მანდატურს, ხოლო დირექტორმა თავად მასწავლებელს მოსთხოვა პასუხი მანდატურის საქმის კურსში ჩაყენების გამო, რადგან, აღნიშნული, დირექტორის განსჯით, აზიანებდა სკოლის პრესტიჟს; აკრძალვის ფაქტი დაადასტურა მასწავლებელმა დ.კ–ამაც, რომელმაც განმარტა, რომ სკოლის დირექტორის სიტყვით, მანდატურისთვის მიმართვა ცუდ გავლენას ახდენს სკოლის პრესტიჟზე, რის გამოც დირექტორი ავალდებულებს მასაც და სხვა მასწავლებლებსაც, მოსწავლეების გადაცდომებისა და დარღვევების დროს, მანდატურის ნაცვლად მიმართონ დირექტორის მოადგილე ი.ზ–ას, რასაც ასრულებს თავისი ნების საწინააღმდეგოდ. აკრძალვას ადასტურებს მასწავლებელი ი.გ–იც და განმარტავს, რომ დირექტორს საშინელი რეაქცია აქვს, როდესაც მანდატურების მიერ იწერება დისციპლინის დარღვევის ოქმი.

ამავდროულად, საქმეში დაცულ ახსნა-განმარტებაში მანდატური თ.ხ–ი ადასტურებს, რომ შეესწრო ფაქტს, როდესაც მანდატურ ე.გ–ს დირექტორი დაემუქრა დარღვევის ფურცლის „სახეში აფარებით“.

25. „სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს №80/ნ ბრძანების მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, სკოლის დირექტორი თანამშრომლობს სკოლის მანდატურთან, ითვალისწინებს მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და რეაგირებს მასზე.

26. ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 481-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ამოცანაა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა. ამ მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის უფლება-მოვალეობას წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოვლენილი დარღვევის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებაში დარღვევის აღრიცხვის ფურცლის შედგენა და საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსისათვის წარდგენა (ამავე კანონის 483 მუხლის 1-ლი პუნბქტის „კ“ ქვეპუნქტი“), ხოლო 484 მუხლის მე-2 და მესამე პუნქტების შესაბამისად, არავის არ აქვს უფლება, ჩაერიოს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივ საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურისათვის ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მის მიმართ მუქარა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

27. საკასაციო პალატის შეფასებით, არსებით, მძიმე დარღვევას წარმოადგენს დირექტორის მხრიდან სამსახურში არაერთგზის, მნიშვნელოვანი დაგვიანებით სამსახურში გამოცხადების ფაქტები და ამ გზით შრომის შინაგანაწესის უგულებელყოფა. სამსახურში დაგვიანებით გამოცხადების კონკრეტული ფაქტები, რომლებიც აღწერილია ინსპექტირების შედეგად შედგენილ დასკვნაში, თავის მხრივ, ეფუძნება სკოლაში დაცულ ვიდეოჩანაწერებს. საგულისხმოა, რომ დაგვიანების ფაქტებს არც დირექტორი უარყოფს, თუმცა აღნიშნულს ხსნის სკოლის საჭიროებებიდან გამომდინარე, მესამე პირებთან შეხვერების ჩატარების აუცილებლობით, რისი დადასტურებაც, მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პირობებში, სწორედ დირექტორის ტვირთს წარმოადგენდა, თუმცა საქმის მასალებში არ წარდგენილა არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სკოლაში დაგვიანებით გამოცხადების რომელიმე ფაქტი მაინც, სკოლასთან დაკავშირებულ საკითხებზე მესამე პირებთან შეხვედრის აუცილებლობით იყო განპირობებული.

28. ეთიკის კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 პუნქტი სკოლის დირექტორს აკისრებს პუნქტუალურობის ვალდებულებას. სკოლის მოქმედი შინაგანაწესის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სკოლაში დასაქმებულისათვის (გარდა მასწავლებლისა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა განისაზღვრება 40 სამუშაო საათით, რომელშიც შედის შესვენებისა და დასვენების დრო და მათთვის სამუშაო დღის დასაწყისია 08:45 საათი, დასასრული - 17:45 საათი. დადგენილია, რომ სკოლის დირექტორზე ვრცელდებოდა შინაგანაწესის მოთხოვნები. დადგენილია ისიც, რომ 03.04.2017, 19.04.2017 თარიღებში დირექტორი არ გამოცხადებულა სამსახურში 11 საათამდე, 20.04.2017, 21.04.2017 თარიღებში - 10:00 საათამდე, 24.04.2017 წელს - 10:30 საათამდე, 25.04.2017, 26.04.2017, 27.04.2017, 28.04.2017 თარიღებში - არ გამოცხადებულა სამსახურში 09:20 საათამდე.

29. მარტოოდენ აპრილის თვის მონაცემების მონიტორინგითაც თვალსაჩინოა, რომ დირექტორი სისტემატურად და მნიშვნელოვნად არღვევდა პუნქტუალურობის მოვალეობას. დაგვიანების ხანგრძლივობა, კონკრეტული, საგულისხმო შედეგების გარეშე, შესაძლოა, არასაკმარისიც იყოს დარღვევის „უხეშ“ გადაცდომად დასაკვალიფიცირებლად, თუმცა, მოცემულ საქმეში, დადასტურებულია დაგვიანებით გამოწვეული უშუალო შედეგებიც, სახელდობრ, დადგენილია, რომ მ.თ–ძე, გარდა სკოლის დირექტორის თანამდებობისა, სკოლაში საქმიანობდა მასწავლებლის დატვირთვითაც, კერძოდ, 2016-2017 სასწავლო წლის მეორე სემესტრში ჩასატარებელი საგაკვეთილო საათები გათვალისწინებული ჰქონდა კვირის ყველა სასწავლო დღეს, მათ შორის ორშაბათს - მეორე გაკვეთილი, სამშაბათს - პირველი და მეორე გაკვეთილები, ოთხშაბათს და ხუთშაბათს - პირველი გაკვეთილი, ხოლო პარასკევს - პირველი და მეორე გაკვეთილები.

30. დადგენილია, რომ სკოლის დირექტორის მიერ სამსახურში დაგვიანებით გამოცხადება თავისთავად განაპირობებდა დირექტორის მიერ ჩასატარებელი გაკვეთილების გაცდენას, უკეთეს შემთხვევაში კი, მათზე დაგვიანებას იწვევდა. საგულისხმოა ისიც, რომ ვიდეოჩანაწერებზე არსებული მონაცემების თანახმად, დილის დაგვიანების ხარჯზე გაცდენილი გაკვეთილების კომპენსირება ჯეროვნად არც მოგვიანებით ხდებოდა, სახელდობრ, აღდგენის მიზნით დირექტორის მიერ ჩასატარებელ გაკვეთილზე დროის მნიშვნელოვან ნაწილს კლასში ადმინისტრაციის თანამშრომლები ატარებდნენ, რომლებიც პედაგოგები არ იყვნენ, მ.თ–ძე კი, ხსენებულ გაკვეთილებზე იმდენად მცირე დროით შედიოდა, რომ სასწავლო პროგრამით გაწერილი თემატიკის ჯეროვნად დაფარვის მტკიცება დროის ესოდენ მოკლე პერიოდში, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ამგვარად, დირექტორის დაგვიანება სამსახურში უშუალოდ აზიანებდა საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობასა და მოსწავლეთა ინტერესებს.

31. პალატის შეფასებით, ზემოაღნიშნული სამი ტიპის გადაცდომა არსით იმდენად მძიმეა, რომ არათუ ერთობლიობაში, არამედ ცალკე აღებულიც კი, თითოეული ამართლებს სამსახურიდან გათავისუფლებაზე მოპასუხე სამინისტროს მიერ გამოვლენილ ნებას. რაც შეეხება ინსპექტირების პროცესში იდენტიფიცირებულ სხვა დარღვევებს, რაც უკავშირდება სკოლის ქონების აღრიცხვის, მოვლა-პატრონობისა და განკარგვის საკითხებთან მიმართებით გამოვლენილ დარღვევებს, პალატა სრულად იზიარებს აღნიშნულ საკითხებთან მიმართებით ქვემდგომი ინსტანციის სამართლებრივ შეფასებებს და აღნიშნავს, რომ 2015 წელს ჩატარებული აუდიტისა და 2017 წელს ჩატარებული ინსპექტირების შედეგებით გამოვლენილი დარღვევების განმეორებითი ხასიათი ნათლად მეტყველებს გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად სკოლის ხელმძღვანელი პირის ნების არარსებობაზე, ამდენად, ამ სფეროში გამოვლენილი დარღვევები მძიმეა უპირატესად სწორედ არაერთჯერადი ხასიათის გათვალისწინებით. ამდენად, პალატა მიდის დასკვნამდე, რომ ერთი მხრივ, ეთიკის წესების უგულებელყოფის სიმძიმე, მეორე მხრივ კი, სკოლის ქონების აღრიცხვისა და მოვლა-პატრონობის დარგში გამოვლენილი დარღვევების განმეორებითობა, უფრო მსუბუქი პასუხისმგებლობის ზომის, ვიდრე სამსახურიდან გათავისუფლებაა, გამოყენების მართებულობას გამორიცხავდა.

32. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაიზიარა დამსაქმებლის მტკიცება და წარდგენილი მტკიცებულებები მოსარჩელის მიერ უფლებამოსილების განხორციელების დროს დადგენილი წესების უხეშად დარღვევის თაობაზე, რაც საფუძვლად დაედო გასაჩივრებულ განჩინებას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელმა წარმატებით გაართვა თავი მის მიერ შესაგებელში მითითებული გარემოებების მტკიცების მოვალეობას და შესაბამისად, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება ცხადად და დამაჯერებლად დაასაბუთა. დასაქმებული ვალდებული იყო, კანონმდებლობითა და შინაგანაწესით დადგენილ ფარგლებში ემოქმედა, ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დასაქმებული საჯარო სკოლის დირექტორი იყო, რაც მას განსაკუთრებული ყურადღებით, გულისხმიერებითა და კანონისა და დირექტორის ეთიკის წესების ზედმიწევნით დაცვით ავალდებულებდა სკოლის მართვას (იხ. სუსგ. №ას-514-2019, 04.10.19წ.; №ას-641-2020, 18.09.2020წ.).

33. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას (რომელმაც, თავის მხრივ, საქალაქო სასამართლოს შეფასებები გაიზიარა), რომ დასაქმებულთან მართლზომიერად შეწყდა შრომითი ურთიერთობა, შესაბამისი დასაბუთებით.

34. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა პრეტენზიაზე.

35. ამრიგად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ დასკვნას ქალაქ თბილისის №67-ე საჯარო სკოლის დირექტორ მ.თ–ძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მოპასუხის 2017 წლის 25 ოქტომბრის №1/კ-476 ბრძანების კანონიერებაზე, რაც საფუძველს აცლის საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ განაცდური ხელფასის ანაზღაურებისა და თანამდებობაზე აღდგენის სასარჩელო მოთხოვნებს, რამეთუ უფლებრივი რესტიტუციის წინაპირობაა დამსაქმებლისგან სამსახურიდან გათავისუფლებაზე გამოვლენილი არამართლზომიერი ნება, მოცემულ შემთხვევაში კი, დასახელებული ნება კანონშესაბამისია, ესე იგი, არც რესტიტუციის საფუძველი წარმოშობილა.

36. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

37. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის 70%, რაც შეადგენს 210 ლარს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.თ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. მ.თ–ძეს (პ/ნ ........) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის (საგადახდო დავალება №34737498, გადახდის თარიღი: 08.11.2023წ, ს.ს. „ლიბერთი ბანკი“) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი