26 სექტემბერი 2025 წელი
№ას-873-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შ.პ.ს. „ლ.ბ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე - ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 06 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით, ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სარჩელი მოპასუხე შ.პ.ს. „ლ.ბ“-ს მიმართ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საექსპერტო მომსახურების ღირებულების საფასურის - 5000 ლარის გადახდა.
2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 06 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591, 369-ე, 61-ე, 63-ე, 374-ე მუხლებით და აღნიშნა შემდეგი:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება მომზადდა კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით (იხ. აქტი ს.ფ.159), შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 - დღიანი ვადა უნდა ათვლილიყო მხარის მიერ მისი ჩაბარებიდან.
3.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება აპელანტის წარმომადგენელმა - ი.გ–ძემ ჩაიბარა 2025 წლის 26 მარტს (იხ. ხელწერილი ს.ფ.160), საიდანაც გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებისათვის დადგენილი 14 - დღიანი ვადა ამოიწურა 2025 წლის 09 აპრილს, რომელიც იყო დასვენების დღე. შესაბამისად, გასაჩივრების ვადა გადაიწია მომდევნო სამუშაო დღეს - 10 აპრილს, სააპელაციო საჩივარი კი, წარმოდგენილი იქნა 2025 წლის 11 აპრილს, ვადის დარღვევით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის 1-ელი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, განუხილველად უნდა დარჩენილიყო.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარმოადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის განსახილველად დაბრუნება. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მისმა წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული შენობის მე-2 სართულზე, მოსამართლის სხდომის მდივნისგან პირადად ჩაიბარა 2025 წლის 28 მარტს და არა - 2025 წლის 26 მარტს, როგორც ეს გასაჩივრებულ განჩინებაშია მითითებული. 2025 წლის 28 მარტიდან გასაჩივრების 14-დღიანი ვადა იწურებოდა 2025 წლის 11 აპრილს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი წარდგენილია კანონით დადგენილი ვადის დაცვით და მისი განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღის არასწორად განსაზღვრამ განაპირობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, რის შედეგადაც მოპასუხეს წაერთვა შესაძლებლობა, გადაწყვეტილების კანონიერება ზედა ინსტანციაში შემოწმებულიყო. აღნიშნული შეცდომა არღვევს მის საპროცესო უფლებებს, მათ შორის - სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვას.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლებისა და საქმის მასალების შესწავლის, აგრეთვე, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, ხოლო საქმე სააპელაციო საჩივრის განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. მითითებული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.
7. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერება, კერძოდ - სწორად განისაზღვრა თუ არა სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების კონკრეტული თარიღის გათვალისწინებით.
8. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დარღვეული იყო სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი 14 დღის ვადა, რადგან სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2025 წლის 10 აპრილს, სააპელაციო საჩივარი კი, სასამართლოს წარედგინა 2025 წლის 11 აპრილს. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო საჩივარი საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის დაცვით აქვს წარდგენილი, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მას სასამართლო მოხელემ პირადად ჩააბარა 2025 წლის 28 მარტს და არა 26 მარტს, როგორც ეს გასაჩივრებულ განჩინებაშია მითითებული. 2025 წლის 28 მარტიდან კი, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა დაცულია.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე, რომელიც იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად კი ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე - 2591 მუხლით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელდება და აღდგენა დაუშვებელია.
10. აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-873-2018, 31.01.2019წ.). გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების ინსტიტუტი მოიცავს როგორც უშუალოდ დაინტერესებული მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას, ასევე ამ ჩაბარების ფაქტის არსებობის პრეზუმფციასაც, რაზეც ვრცელდება საპროცესო ვადის გამოთვლის ერთიანი საპროცესო წესი - სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლი (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-1327-2024, 28.11.2024წ.).
11. ამდენად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება, ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 30.12.2014 წლის განჩინება საქმეზე №ას-1161-1106-2014).
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტიდან მე-20-30-ე დღეებში გამოცხადდა სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად, თუმცა ვერ ჩაიბარა იგი სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილების ვადაში მოუმზადებლობის გამო, უფლებამოსილია, წერილობითი მოთხოვნით მიმართოს აღნიშნულ სასამართლოს. მას შემდეგ, რაც სასამართლო კანცელარიაში დარეგისტრირდება ამგვარი წერილობითი განაცხადი, სასამართლო მოვალეა, შესაბამისი მოხელის სახით, რეაგირება მოახდინოს მხარის მოთხოვნაზე და დააფიქსიროს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ არის. ამ დროს მხარე თავისუფლდება სასამართლოში გამოცხადების ვალდებულებისაგან და მის მიმართ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენა დაიწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარების მომენტიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ამგვარ შემთხვევებში მხარის უფლებების დაცვას (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-204-194-2016, 30.03.2016წ.; №ას-837-2023, 11.12.2023წ.; პ.18; №ას-190-2024, 19.03.2024 წ.).
14. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება პირველი ინსტანციის სასამართლოს კანონით დადგენილი ვადის დაცვით მზად არ ჰქონდა (იხ. სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტი, ს.ფ. 159).
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ მოპასუხე მხარის წარმომადგენლის ხელწერილს (ს.ფ. 160), რომელზე დატანილი ჩაბარების თარიღის გარჩევა რთულია, კერძოდ, მოპასუხის წარმომადგენლის მიერ ხელით ნაწერი თარიღიდან რთულად იკითხება 26 მარტს ჩაიბარა მხარემ გადაწყვეტილება თუ - 28 მარტს.
კერძო საჩივრის ავტორი, როგორც უკვე აღინიშნა, სადავოდ ხდის აღნიშნულს და მიუთითებს რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მან მოსამართლის სხდომის მდივნისგან პირადად ჩაიბარა 2025 წლის 28 მარტს და არა - 26 მარტს. შესაბამისად, მისი მტკიცებით, სააპელაციო საჩივარი წარდგენილია ვადის დაცვით.
15. ზემოაღნიშნული გარემოების სამართლებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს შესაბამისმა მოხელემ მიმართა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების მოპასუხისათვის გადაცემის თარიღის დაზუსტების მიზნით (ს.ფ. 202), 2025 წლის 29 ივლისის მომართვის საფუძველზე, ამ საქმის პირველი ინსტანციის წესით განმხილველი მოსამართლის სხდომის მდივნის წერილობითი პასუხით (ს.ფ. 203) დადასტურდა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მოპასუხის წარმომადგენელს პირადად ჩააბარა 2025 წლის 28 მარტს.
16. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ დებულებაზე, რომლის თანახმად, გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, გადაცემის მომენტიდან.
17. მოცემულ საქმეში გადაწყვეტილების ჩაბარების რეალური თარიღის დასადგენად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსამართლის სხდომის მდივნის წერილობით განმარტებას, რომლის საფუძველზეც გამოირკვა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მოპასუხის წარმომადგენელს პირადად ჩაბარდა 2025 წლის 28 მარტს. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხისათვის გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა კონკრეტულ შემთხვევაში, დაიწყო 2025 წლის 29 მარტს და ამოიწურა 2025 წლის 11 აპრილს. ვინაიდან მოპასუხის მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 2025 წლის 11 აპრილს, საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით გათვალისწინებული ვადა არ გაუშვია, შესაბამისად, არ ვლინდებოდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.
18. საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმად, ეფექტური სასამართლო დაცვის უფლება გულისხმობს, სამოქალაქო სამართალწარმოების მხარეების შესაძლებლობას, გამოიყენონ გასაჩივრების უფლება იმ მომენტიდან, როცა მათ შეუძლიათ ეფექტურად შეაფასონ სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებმაც შეიძლება დაარღვიოს მათი უფლებები და კანონიერი ინტერესები. საქმეში „გ.ნ.მ–ი რუსეთის წინააღმდეგ“, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „სასამართლომ ვადის შემზღუდველი პროცედურული ნორმა ისეთნაირად განმარტა, რომ ხელი შეუშალა მომჩივნის საჩივრის გამოკვლევას, რის შედეგადაც ამ უკანასკნელის სასამართლოს ეფექტური დაცვის უფლება დაირღვა“ (Georgiy Nikolayevich Mikhayliv v. Russia, 4543/04, §57, 2010, ECHR). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „მირაგალ ესკოლანო და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ როდესაც საკითხი უკავშირდება სამართლებრივი სიცხადის პრინციპს (Legal certainty), ეს არ არის უბრალოდ სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაციის პრობლემა, არამედ არსებობდა პროცედურული მოთხოვნის არაგონივრული კონსტრუქცია, რამაც გამოიწვია ეფექტური სასამართლო დაცვის უფლების დარღვევა. მხარეებს უნდა შეეძლოთ, გასაჩივრების უფლების გამოყენება იმ მომენტიდან, როცა მათ ძალუძთ ეფექტურად შეაფასონ ის ტვირთი, რომელსაც აკისრებთ სასამართლო გადაწყვეტილება. ეროვნული სასამართლოების მიერ პროცედურული წესის განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ არასწორად ჩამოართვა მომჩივნებს თავიანთი საჩივრების განხილვისათვის სასამართლოსადმი წვდომის უფლება (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, §33, 2000, ECHR).
19. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღის დადგენა წარმოადგენს არა მხოლოდ ფორმალურ პროცედურულ საკითხს, არამედ უზრუნველყოფს მხარის რეალურ შესაძლებლობას, კანონით დადგენილ ვადებში მიმართოს სასამართლოს, გამოიყენოს გასაჩივრების უფლება და დაიცვას საკუთარი უფლებები. აღნიშნული გარემოების სათანადო შეფასება აუცილებელია მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობისა და სასამართლო დაცვის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, რაც როგორც შიდა სამართლის, ისე - საერთაშორისო სტანდარტების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია.
20. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.პ.ს. „ლ.ბ–ი“-ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 06 მაისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი