Facebook Twitter

16 დეკემბერი 2024 წელი

საქმე №ას-909-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „ნ-ა“

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შ.პ.ს. „ნ“-მ სარჩელით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა 2020 წლის 24 ნოემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №184-დან გამომდინარე პირგასამტეხლოს - 125 960 ლარის - 9 358.92 ლარამდე შემცირება.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, შ.პ.ს. „ნ“-ს, მოპასუხე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიასთან 2020 წლის 24 ნოემბერს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №184 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 125 960 ლარის პირგასამტეხლო 9 358.92 ლარამდე შეუმცირდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

5.1. ერთი მხრივ, შ.პ.ს. „ნ“-ს და, მეორე მხრივ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას შორის, 2020 წლის 24 ნოემბერს, დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №184 ხელშეკრულება, რომლის საგანია სოფელ …… საბავშვო ბაღის მშენებლობა - ორწლიანი შესყიდვა. 2020 წელს გათვალისწინებულია 400 000 ლარი, ხოლო 2021 წელს - 617 000 ლარი.

5.2. ქვეყანაში არსებული პანდემიისა და რთული კლიმატური პირობების გამო, მოსარჩელე იძულებული გახდა, მოეთხოვა შესასრულებელი სამუშაოების ვადის გაგრძელება, რასთან დაკავშირებითაც, მერიასთან, 2021 წლის 20 დეკემბერს, დაიდო №6 შეთანხმება, რომლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ კუმურდოს საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები შეჩერდებოდა ხარისხის დაცვის მიზნით, ხოლო ხელშეკრულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: სოფელ ........ საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოების ვადა გაგრძელდეს 2022 წლის 01 აპრილიდან 2022 წლის 30 ივნისამდე; სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 2022 წლის 30 ივნისი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად - 2023 წლის 31 დეკემბერი.

5.3. შ.პ.ს. „ნ“-სა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას შორის 2020 წლის 24 ნოემბერს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №184 ხელშეკრულების მეორე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 1 017 000 ლარით, ხოლო ხელშეკრულების დანართით (№2 შეთანხმება) ცვლილება შევიდა მშენებლობის ხარჯთაღრიცხვაში და ხელშეკრულების ღირებულებად 990 005.56 ლარი დადგინდა.

5.4. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1%.

5.5. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2021 წლის 27 დეკემბრის ბრძანების (ბ116.116213612) საფუძველზე, 2021 წლის პირველი დეკემბრიდან იმავე წლის 15 დეკემბრის ჩათვლით, ვადაგადაცილებულ დღეებზე (15 დღე), შ.პ.ს. „ნ“-ს დააკისრა პირგასამტეხლო - 14 850 ლარი - ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, ხოლო 111 110 ლარი - 2022 წლის 21 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე (ბ.116.116223553), 2022 წლის 20 აგვისტოდან იმავე წლის 06 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე, 109 დღისათვის, ასევე, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე. აღნიშნულ გარემოებებს მხარეები სადავოდ არ ხდიან.

5.6. საბოლოო მიღება-ჩაბარების №142 აქტის შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების საერთო ღირებულებამ 133 902.57 ლარი შეადგინა. იმავე აქტის თანახმად, აღნიშნული თანხიდან, 2021 წლის 21 დეკემბრის და იმავე წლის 27 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე, შ.პ.ს. „ნ“-ს დაუკავდა პირგასამტეხლო, რომლის მთლიანი ღირებულება 125 960 ლარით განისაზღვრა.

5.7. საქმეში წარმოდგენილია 2022 წლის 28 სექტემბრის მიღება-ჩაბარების შუალედური №58 აქტი, რომლის მიხედვით, შ.პ.ს. „ნ“-ს მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება 139 313.82 ლარს შეადგენდა, ხოლო 2022 წლის 30 დეკემბრის მიღება-ჩაბარების საბოლოო აქტის თანახმად - 133 902.57 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შ.პ.ს. „ნ“-ს წარმომადგენლის განმარტებით, 2022 წლისათვის, 109 დღის დაგვიანებით შესრულებული სამუშაოს ღირებულება, ჯამში, 273 215 ლარი იყო. (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 15:07:23-15:09:27). რაც შეეხება 2021 წლისათვის 15 დღის დაგვიანებით შესრულებული ვალდებულების მოცულობას, შ.პ.ს. „ნ“-ს წარმომადგენლის მითითებით, იგი 581 307 ლარი იყო. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტების თანახმად, 2021 წლის დეკემბრისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულება 408 698 ლარი იყო, ვინაიდან მხარეთა შორის დადებული აღნიშნული ხელშეკრულების დანართით (№2 შეთანხმება) ცვლილება შევიდა მშენებლობის ხარჯთაღრიცხვაში და ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 990 005.56 ლარით, მოწინააღმდეგე მხარემ მიიჩნია, რომ პირველი დეკემბრიდან 15 დეკემბრამდე შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა 581 307 ლარით უნდა განსაზღვრულიყო. (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 15:07:23-15:11:54).

5.8. სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია პირგასამტეხლოს გამოანგარიშების პრინციპთან მიმართებით და მიიჩნია, რომ მისი ოდენობა არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან, არამედ შეუსრულებელი ვალდებულების (დაგვიანებით შესრულებული) მოცულობიდან გამომდინარე უნდა განსაზღვრულიყო. ამ თვალსაზრისით, შ.პ.ს. „ნ“-ს წარმომადგენელმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ყურადღება გაამახვილა ვადაგადაცილებული პერიოდებისათვის შესასრულებელი ვალდებულების მოცულობაზე და აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრული იყო. პალატამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ პირგასამტეხლოს აღნიშნული წესით დაანგარიშება არ ეხებოდა ისეთ შემთხვევებს, როდესაც კრედიტორს ერთიანი შესრულების მიმართ დაცვის ღირსი განსაკუთრებული ინტერესი აქვს, რა დროსაც, ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილება, თავისი არსით, ვალდებულების სრულად შეუსრულებლობას უთანაბრდება. აღნიშნული ინტერესი კი, კრედიტორის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა, რაც მოცემულ შემთხვევაში, ვერ დადასტურდა.

5.9. სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაცია პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის თაობაზე და განმარტა, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლო - ხელშეკრულების ღირებულების 0.1% ვალდებულების ღირებულების გათვალისწინებით, არასამართლიან შედეგს წარმოშობდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსრულებელი ვალდებულების (დაგვიანებით შესრულებული) მოცულობიდან გამომდინარე უნდა განსაზღვრულიყო და იმავდროულად, 0.02%- მდე უნდა შემცირებულიყო.

5.10. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას პალატამ მხედველობაში მიიღო ის გარემოებაც, რომ შ.პ.ს. „ნ“-ს მიერ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის წინაშე ნაკისრი ვალდებულება, მართალია, ვადის გადაცილებით, თუმცა შესრულებული იყო. ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით კი, პალატამ მიაჩნია, რომ მოსარჩელისათვის 9 358.92 ლარის დაკისრება, პირგასამტეხლოს ფუნქციას ასრულებდა იმ თვალსაზრისით, რომ მხარე მხოლოდ შესრულების ვადის გადაცილებისათვის ითხოვდა პირგასამტეხლოს დაკისრებას.

5.11. პალატის განმარტებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ აღნიშნულ მიღება-ჩაბარების აქტს ხელს შ.პ.ს. „ნ“-ს წარმომადგენელიც აწერდა, პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად ვერ აქცევდა და ამ ფარგლებში ვერც ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის გზით ვალდებულების შეწყვეტა შეფასდებოდა მართლზომიერად.

5.12. სააპელაციო პალატამ იმსჯელა პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმებზე, მის ფუნქციაზე. ამასთან, მიუთითა პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას მხარეთა თავისუფლებაზე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლიდან გამომდინარე სასამართლოს მიერ მისი შემცირების შესაძლებლობაზე და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან და ვადაგადაცილების ხანგრძლივობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი იყო და იგი მართლზომიერად შემცირდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემულ პირობებში, არ არსებობდა პირგასამტეხლოს გაზრდის საფუძველი.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

6.1. კასატორის განმარტებით, მხარეთა შორის არსებობდა ურთიერთმოთხოვნა, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის შესაბამისად, გაქვითვით შეწყდა. აქედან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. ამის მიუხედავად, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ მართალია, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა ვალდებულების შეწყვეტის საფუძველი იყო, თუმცა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პირგასამტეხლოს სახით დაკავებული თანხა უნდა ყოფილიყო გონივრული ოდენობის.

6.2. კასატორმა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, რომელშიც განმარტებულია, რომ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობა სასამართლოს გააჩნია იქამდე, სანამ მხარე აღნიშნულ თანხას კრედიტორს აუნაზღაურებს. პირგასამტეხლოს შემცირება დაუშვებელია და შემცირებაზე მსჯელობა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, როცა პირგასამტეხლო უკვე ნებაყოფლობით გადახდილია. განსახილველ შემთხვევაში დაკისრებული პირგასამტეხლო უკვე გადახდილი იყო, შესაბამისად, მომსპარი იყო მისი შემცირების უფლებამოსილებაც.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 აპრილის განჩინება და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება შ.პ.ს. „ნ“-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

9. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა დავისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რამაც არასწორი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა.

10. კასატორის საკასაციო პრეტენზია შეეხება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მხრიდან პირგასამტეხლოს შემცირების მართებულობას, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, ვლინდებოდა თუ არა სასამართლოს მხრიდან პირგასამტეხლოს შემცირების წინაპირობები.

11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

12. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, ედავებიან თუ არა ამ შეფასებას მხარეები. ეს იმას ნიშნავს, რომ სარჩელში, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებში მოცემული სამართლებრივი შეფასებები მბოჭავი არ არის სასამართლოსთვის და მას ყოველთვის შეუძლია, განსხვავებული შეფასება მისცეს სადავო სამართალურთიერთობას.

13. განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლებიდან გამომდინარეობს (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას).

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

15. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო (იხ.სუსგ. №ას-1220-1480-09, 25.05.2010 წ.).

16. საკასაციო სასამართლოს მრავალჯერ განუმარტავს პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები. „ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის მოვალეობის წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...“ (იხ. სუსგ. №ას-1373-2018, 17.01.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.; №ას-816-767-2015, 19.11.2015წ.; №ას-953-918-2016, 22.11.2016წ.).

17. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა)პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ)პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა თუ არაჯეროვნად შესრულება. (იხ. სუსგ. №ას-1274-2022, 22.11.2022წ.; №ას-1451-1371-2017, 13.11.2018).

18. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ. №ას-428-428-2018, 13.07.2018წ.;; №ას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.; №ას-1265-1187-2015, 10.02.2016წ.).

19. მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლო სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში შეთანხმებული დათქმაა, კანონმდებელი მასში სასამართლო ინტერვენციას, სახელშეკრულებო წონასწორობისა და უფლება-მოვალეობათა სამართლიანად განაწილების უზრუნველყოფის მიზნით, შესაძლებლად მიიჩნევს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე უფლება აქვს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის აშკარად შეუსაბამო პირგასამტეხლო საქმის გარემოებათა გათვალისწინებით დაიყვანოს თანაზომიერების ფარგლებამდე. პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. ეს უფლებამოსილება არის ის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც სასამართლოს უფლება აქვს, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, ჩაერიოს მხარეთა ხელშეკრულების თავისუფლებაში და, მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, პირგასამტეხლო შეამციროს. პირველ რიგში, ასეთი წინაპირობა თავად მხარის მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნაა კვალიფიციური შედავების ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვლინდება მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით, სახელშეკრულებო თავისუფლებით გამყარებული ნება - მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სახით და კრედიტორის მიერ დასაბუთებული დარღვევა, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა. პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებაზე მსჯელობისას, სხვა ფაქტორებთან ერთად, ფასდება ვალდებულების დარღვევის ხარისხი, მათ შორის, მხარეთა სახელშეკრულებო ინტერესის განმარტების კონტექსტით. კვალიფიციური შედავების გარეშე კი, შეუძლებელია, დადგინდეს, რამდენად არაგონივრული, შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. ამდენად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსის, ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამოობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი) არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა, რაც ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის მაქსიმალურობას უწყობს ხელს (შდრ. იხ. ნათია ჩიტაშვილი „პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია“, შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი, 2/2020).

20. იმისათვის, რომ სასამართლომ შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, კრედიტორის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდაზე წარმოშობილი უნდა იყოს, ე.ი. ძირითადი ვალდებულება უნდა იქნეს დარღვეული. პირგასამტეხლოს შემცირება მის წარმოშობამდე ანუ ძირითადი ვალდებულების დარღვევამდე, დაუშვებელია (შდრ. Friesecke, in Palandt, BGB Komm., 78 Aufl., 2018., §343, Rn.5). სწორედ დარღვევის მომენტიდან ეკისრება მოვალეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება და სწორედ ამ მომენტიდან ხდება იგი შესასრულებლად მძიმე ან შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

21.1. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ დაარღვია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად განსაზღვრული სამუშაოთა შესრულების ვადები - 2021 წლის 01 დეკემბრიდან ამავე წლის 15 დეკემბრის ჩათვლით და 2022 წლის 20 აგვისტოდან 2022 წლის 09 დეკემბრის ჩათვლით დროის პერიოდში, რის გამოც, შემკვეთმა მიიღო მენარდისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების გადაწყვეტილება, სახელდობრ, 27.12.2021 წლის №ბ116.116213612 ბრძანებით მენარდეს დაეკისრა 14850 ლარის ოდენობით, ხოლო 21.12.2023 წლის №ბ116.116223553 ბრძანებით - 111 110 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო.

21.2. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება მენარდემ იკისრა 2022 წლის 30 დეკემბრის საბოლოო მიღება-ჩაბარების №142 აქტით. აღნიშნული აქტით მენარდემ დაადასტურა, რომ 27.12.2021 წლის №ბ116.116213612 ბრძანების საფუძველზე ეკისრებოდა 14850 ლარის ოდენობით, ხოლო 21.12.2023 წლის №ბ116.116223553 ბრძანებით - 111 110 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოვალეობა, რაც ჯამში 125960 ლარს შეადგენდა, რომლის დაკავებასა და მერიის სახაზინო ანგარიშზე გადატანასაც მენარდის დირექტორი წერილობით დასთანხმდა ბოლო ეტაპის შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან. ამავე მიღება-ჩაბარების აქტში მხარეებმა დაადასტურეს, რომ ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნდათ.

21.3. ზემოხსენებული „საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით“ ირკვევა, რომ მხარეებმა ამ აქტით განსაზღვრეს თავიანთი მოთხოვნების ოდენობა. აღნიშნული აქტის მიხედვით, მენარდისათვის ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 133 902.57 ლარს, ხოლო შემკვეთისათვის გადასახდელი პირგასამტეხლო - 125 960 ლარს.

22.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442.1 მუხლის თანახმად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა თანამედროვე სამართალში ფართოდაა გავრცელებული. კონტინენტური ევროპის ქვეყნებში იგი გამოიყენება როგორც მატერიალური სამართლის ინსტიტუტი, ხოლო საერთო სამართალში იგი საპროცესო სამართლის ინსტიტუტია და გამოიყენება მხარეთა შორის დავის გადაწყვეტის საპროცესო საშუალებად. გაქვითვა ითვალისწინებს დამოუკიდებელი მოთხოვნების არსებობას და ეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე, მიმართულია მსგავსი მოთხოვნების გამარტივებულ შესრულებაზე.

22.2. მოთხოვნათა გაქვითვა გაქვითვის უფლების მქონე პირებს ორ მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს: 1) იგი იძლევა შესაძლებლობას, რომ ვალდებულმა პირმა თავისი ვალდებულება რეალური შესრულების გარეშე შეასრულოს და 2) იგი უმარტივებს კრედიტორს მოთხოვნის დაკმაყოფილებას სასარჩელო პროცესში ჩაბმის გარეშე (იხ. სუსგ. №ას-1299-2018, 29.11.2019წ.). გაქვითვის პირველი სავალდებულო წინაპირობაა, რომ ორ პირს ერთმანეთის მიმართ ეკისრებოდეს ვალდებულების შესრულება, ე.ი. თითოეული მათგანი ერთდროულად კრედიტორიც უნდა იყოს და მოვალეც. მოთხოვნის მოვალე უნდა იყოს საპირისპირო მოთხოვნის კრედიტორი, ხოლო მოთხოვნის კრედიტორი კი, უნდა იყოს საპირისპირო მოთხოვნის მოვალე (იხ. სუსგ. №ას-1710-2018, 03.07.2020წ.). ამგვარად, უნდა არსებობდეს საპასუხო მოთხოვნები (ურთიერთმოთხოვნები). აუცილებელია ასევე, რომ ორივე ეს მოთხოვნა არსებობდეს გაქვითვის შესახებ გამცხადების გაკეთების მომენტში (იხ. მ. ახალაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განმარტებები, მუხლი 442, თბ., 2022, 79.).

22.3. იმისათვის, რომ მოხდეს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა, მოთხოვნა უნდა აკმაყოფილებდეს ნამდვილობის პირობებს, კერძოდ: ა) საპასუხო მოთხოვნა რეალურად უნდა არსებობდეს; ბ) ეს მოთხოვნა უნდა იყოს უდავო; გ) როგორც წესი, დამდგარი უნდა იყოს საპასუხო მოთხოვნის შესრულების ვადა (იხ. სუსგ. №ას-1039-2020, 03.02.2022წ.; №ას-1159-2021, 01.04.2022წ.; №ას-1632-2021, 12.02.2021წ.).

22.4. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 442-ე მუხლის საფუძველზე ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას, რა დროსაც, სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის სავალდებულოა ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა, ხოლო მეორე პირის მიერ მისი მიღება...მისი ქმედითობა დამოკიდებულია მეორე პირის მიერ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის ნების მიღებასა და გასაქვითი ვალდებულების არასადავოობაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ გაქვითვა შესაძლებელია მაშინ, როდესაც მხარეების მიერ აღიარებულია და სადავოდ არ არის გამხდარი ვალდებულება და მისი მოცულობა. მხარეს ამ უფლების განსახორციელებლად არ სჭირდება სასამართლოსათვის დამოუკიდებელი სარჩელით მიმართვა. იმისათვის, რომ განხორციელდეს გაქვითვა, აუცილებელია არსებობდეს გარიგების ნამდვილობის ყველა წინაპირობა: უფლებამოსილი პირის მიერ გაქვითვაზე გამოვლენილი ნება, რომელიც ადრესატს მიუვიდა ( სსკ-ის 51.1 მუხლი), გასაქვითი მოთხოვნების ერთგვაროვნება (ორივე მათგანი ფულადი ხასიათისაა), ურთიერთმოთხოვნათა შესრულების ვადის დადგომა და სსკ-ის 447-ე მუხლით გათვალისწინებული გაქვითვის გამომრიცხველი გარემოებების არარსებობა.

22.5. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანი იყო სოფელ კუმურდოში საბავშვო ბაღის მშენებლობა - ორწლიანი შესყიდვა. 2020 წელს გათვალისწინებული იქნა 400 000 ლარი, ხოლო 2021 წელს - 617 000 ლარი. ხელშეკრულების მეორე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 1 017 000 ლარით. ხოლო ხელშეკრულების დანართით (№2 შეთანხმება) ცვლილება შევიდა მშენებლობის ხარჯთაღრიცხვაში და ხელშეკრულების ღირებულებად 990 005.56 ლარი დადგინდა. მოგვიანებით, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, მხარეებს შორის დაიდო შეთანხმება სამშენებლო სამუშაოების შეჩერების თაობაზე და დადგინდა, რომ სოფელ კუმურდოში საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოების ვადა გაგრძელდებოდა 2022 წლის 01 აპრილიდან 2022 წლის 30 ივნისამდე. სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 2022 წლის 30 ივნისი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად - 2023 წლის 31 დეკემბერი. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1%. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მოსარჩელეს, სამუშაოთა შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2021 წლის 01 დეკემბრიდან 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით და 2022 წლის 20 აგვისტოდან 2022 წლის 06 დეკემბრის ჩათვლით პერიოდებზე, დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.1 %-ის ოდენობით, რამაც, ჯამში, 125 960 ლარი შეადგინა.

22.6. მენარდემ და შემკვეთმა, 30.12.2022 წლის №142 საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით, განსაზღვრეს თავიანთი მოთხოვნების ოდენობა. მენარდისათვის ასანაზღაურებელმა თანხამ (ბოლო ეტაპის შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ) შეადგინა 133902.57 ლარი, ხოლო შემკვეთისათვის გადასახდელმა პირგასამტეხლომ - 125960 ლარი. ვინაიდან მენარდემ გამოავლინა ნება, აკუმულირებული პირგასამტეხლო დაკავებოდა ბოლო ეტაპის სამუშაოთა ღირებულებიდან და გადარიცხულიყო მერიის №300603287 სახაზინო ანგარიშზე, შემკვეთმა ამ გაქვითვის შედეგად დარჩენილი თანხა აუნაზღაურა მენარდეს. ამდენად, რაკი შემკვეთსა და მენარდეს ერთმანეთის მიმართ მოთხოვნები გააჩნდათ და ამ მოთხოვნების შესრულების ვადაც დამდგარი იყო, ამასთან, მენარდემ გაქვითვის ნება გამოავლინა, არსებობდა სსკ-ის 442-ე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის წინაპირობები. რადგან 125 960 ლარის ფარგლებში მენარდისა და შემკვეთის ურთიერთმოთხოვნები გაიქვითა, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ამ თანხის ფარგლებში შემკვეთის ვალდებულება მენარდისათვის ნარდობის საზღაურის გადახდის თაობაზე შეწყდა. ვინაიდან ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა ვალდებულების შეწყვეტის საფუძველია, მენარდეს გაქვითული თანხის მოთხოვნის უფლება აღარ გააჩნია (იხ. სუსგ. №ას-236-2023 04.05.2023წ.).

23. საკასაციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობა სასამართლოს გააჩნია იქამდე, სანამ მხარე აღნიშნულ თანხას კრედიტორს აუნაზღაურებს. პირგასამტეხლოს შემცირება დაუშვებელია, როცა პირგასამტეხლო უკვე ნებაყოფლობით გადახდილია (იხ. სუსგ. №ას-1527-2018 31.01.2019წ.). სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენებისათვის აუცილებელი წინაპირობაა, რომ პირგასამტეხლო არ უნდა იყოს უკვე გადახდილი მოვალის მიერ. გადახდილი პირგასამტეხლოს სასამართლო წესით შემცირება გამორიცხულია. აღნიშნული დასკვნის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოვალის მხრიდან პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნა მოტივირებულია დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების სიმძიმით. თუკი მოვალე ნებაყოფლობით იხდის პირგასამტეხლოს, ამ გადახდით იგი ადასტურებს, რომ სანქციის ზომა მას შეუსაბამოდ მძიმე ტვირთად არ მიაჩნია (იხ. სუსგ. №ას-1210-2023, 18.01.2024წ.).

24. ვინაიდან მენარდემ გამოავლინა თავისუფალი ნება, შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან დაკავებოდა აკუმულირებული პირგასამტეხლო 125 960 ლარის ოდენობით, ხოლო შემკვეთმა, ამავე ნების შესაბამისად, მენარდეს გადაუხადა სხვაობა სამუშაოთა ღირებულებასა და აღიარებულ პირგასამტეხლოს შორის, პირგასამტეხლო მიიჩნევა ურთიერთგაქვითვის გზით გადახდილად, ესე იგი, ვალდებულება შეწყვეტილია, რის გამოც, სასამართლოს არ წარმოშობია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება, შეეფასებინა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობა და შეემცირებინა იგი, რადგან უკვე გადახდილი პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. ამდენად, იკვეთება გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

25.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები.

25.2. საკასაციო პალატა, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტებისთვის სამართლებრივი შეფასების შეცვლით, საქმის ქვემდგომ სასამართლოში დაბრუნების გარეშე, შესაძლებლად მიიჩნევს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, ვინაიდან, საქმე არ საჭიროებს ფაქტების ხელახლა დადგენას ან მტკიცებულებათა ხელმეორედ გამოკვლევას.

სასამართლო ხარჯები:

26. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი (სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია) ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო ინსტანციისა და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის _ 10 494 ლარის და 13 თეთრის გადახდა (სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი _ 4664 ლარი და 04 თეთრი, საკასაციო სასამართლოში _ 5830.09 ლარი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 აპრილის განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.

3. შ.პ.ს. „ნ“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

4. შ.პ.ს. „ნ“-ს (ს/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის _ 10 494 ლარის და 13 თეთრის გადახდა (სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი _ 4664 ლარი და 04 თეთრი, საკასაციო სასამართლოში _ 5830.09 ლარი).

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი