01 დეკემბერი, 2025 წელი
№ას-1244-2025 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ა.ჩ–ნი
მოწინააღმდეგე მხარე - ზ.გ–ნი, ი.ხ–ი
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - ტ.რ–ძე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
დავის საგანი - უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა და საკუთრების უფლებით აღრიცხვა უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელე ა.ჩ–ნმა, 2023 წლის 29 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მოპასუხეების: ზ.გ–ნისა და ი.ხ–ის წინააღმდეგ. მოსარჩელემ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად მიუთითა ტ.რ–ძე და მოითხოვა მოსარჩელე ა.ჩ–ნის ცნობა უძრავი ნივთის მესაკუთრედ, მდებარე: ქ. თბილისი, ..........., ფართით - 50.06 კვ.მ., ს.კ. .......... და აღნიშნული უძრავი ნივთის მის საკუთრებაში აღრიცხვა უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ა.ჩ–ნის სარჩელი, მოპასუხეების - ი.ხ–ისა და ზ.გ–ნის მიმართ, მესამე პირი - ტ.რ–ძე, უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობისა და მოსარჩელის საკუთრებაში უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში აღრიცხვის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელე ა.ჩ–ნი ცნობილი იქნა უძრავი ნივთის, მდებარე: ქალაქი თბილისი, ............. (ფართით - 50.06 კვ.მ., ს.კ. ..........), მესაკუთრედ; მოსარჩელე ა.ჩ–ნის სასარჩელო მოთხოვნა, უძრავი ნივთის (მდებარე: ქალაქი თბილისი, ............ (ფართით - 50.06 კვ.მ., ს/კ ............)) მის საკუთრებაში უფლებრივად თავისუფალ მდგომარეობაში აღრიცხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
3 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელემ და მოპასუხემ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მაისის განჩინებით აპელანტ ა.ჩ–ნის მოწინააღმდეგე მხარის, ტ.რ–ძის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, დაკმაყოფილდა. ა.ჩ–ნის სააპელაციო საჩივარი და დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით ტ.რ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებისა და სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულად პროცესის ხარჯების გადანაწილების თაობაზე; ა.ჩ–ნის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ტ.რ–ძის მოთხოვნა, საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად მისი ჩაბმის შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 აგვისტოს ადგილზე თათბირით მიღებული განჩინების გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა; ზ.გ–ნის შუამდგომლობა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ, არ დაკმაყოფილდა; ზ.გ–ნის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა.ჩ–ნმა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ა.ჩ–ნის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საკასაციო საჩივარში საქმეში მონაწილე მოწინააღმდეგე პირთა წრის დაზუსტება და სახელმწიფო ბაჟის - 1887 ა.შ.შ. დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2025 წლის 15 ოქტომბერს.
8. 2025 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა კასატორის წარმომადგენლის დაზუსტებული საკასაციო საჩივარი მოწინააღმდეგე პირთა წრის მითითებით. ასევე, მან იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, იმ მიზეზით, რომ კასატორის ერთადერთ შემოსავალს პენსია წარმოადგენს და ესაჭიროება ქრონიკული დაავადებებისათვის მუდმივი მკურნალობა, მტკიცებულებად საპენსიო მოწმობის და ექიმის მიერ გაცემული ცნობის ასლები წარმოადგინა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით ა.ჩ–ნის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რადგან კასატორი მიუთითებდა მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და რომ იყო პენსიონერი, რაც არ ასახავდა მის ქონებრივ მდგომარეობას. კასატორს სასამართლოსთვის წარმოდგენილი არ ქონდა ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას. ა.ჩ–ნს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადა და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 1887 ა.შ.შ. დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა და განუხილველად დარჩებოდა.
10. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ წარმომადგენლის ძირითად მისამართზე და ჩაბარდა 2025 წლის 11 ნოემბერს ადვოკატ - მ.კ–ძეს (მინდ. ტომი 1; ს.ფ. 67-69); (იხ. ჩაბარების დასტური).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
11. საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
13. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით შექმნილი პრეცედენტული სამართლიდან შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. თუ საქმე არა ერთმა, არამედ ორმა ინსტანციამ არსებითად განიხილა, ხოლო საკასაციო ინსტანციის სასამართლომ იგი დასაშვებობის პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო განუხილველად დატოვა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების ხელყოფად. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინება Nას-1220-2018).
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა 05 დღით საპროცესო ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
17. დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ოქტომბრის განჩინება კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ წარმომადგენლის ძირითად მისამართზე და ჩაბარდა 2025 წლის 11 ნოემბერს ადვოკატ - მ.კ–ძეს (მინდ. ტომი 1; ს.ფ. 67-69); (იხ. ჩაბარების დასტური).
18. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ოქტომბრის განჩინება კასატორისათვის ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით 2025 წლის 11 ნოემბერს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 05 დღის საპროცესო ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2025 წლის 12 ნოემბერს და ამოიწურა 2025 წლის 17 ნოემბერს (ხარვეზის შესავსებად დაგენილი ვადის ბოლო დღე იყო უქმე დღე - კვირა). ამ დროის განმავლობაში მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო დადგენილი ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.ჩ–ნის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი