საქმე №ას-489-2025
28 ნოემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან ნემსაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მიხეილ ჯინჯოლია, ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ჰ.გ.ჩ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე.ი–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა, ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ე.ი–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ჰ.გ. ჩ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) მიმართ ქორწინების შეწყვეტისა და ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; შეწყდა მხარეთა შორის 1987 წლის 15 ივნისს ირანის ისლამური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს აქტებისა და ქონების აღრიცხვის სახელმწიფო ორგანიზაციის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (სერიული ნომერი: 445249, ქორწინების საჯარო ნოტარიუსი: თეირანი N300, რეგისტრაციის ნომერი: 1516); მოსარჩელე აღიარებულ იქნა შემდეგი უძრავი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ: ქალაქი თბილისი, ქუჩა ........., ს.კ. .........; ქალაქი თბილისი, ქუჩა ........., ს.კ. .........; ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ......., ს.კ. ........; ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ......, ს.კ. ........; მოსარჩელე ასევე აღიარებულ იქნა: შპს „გ.ჯ–ა ....“-ს (ს.ნ. .........) კაპიტალში მოპასუხის 70%-იანი წილის ½ ნაწილის მესაკუთრედ; შპს „გ.ჯ–ა ..ას“-ის (ს.ნ. ........) კაპიტალში მოპასუხის 100%-იანი წილის ½ ნაწილის მესაკუთრედ; შპს „გ.ს.–თის“ (ს.ნ. ........) კაპიტალში მოპასუხის 100%-იანი წილის ½ ნაწილის მესაკუთრედ; შპს „D “-ს (ს.ნ. ........) კაპიტალში მოპასუხის 60%-იანი წილიდან 10%-ის მესაკუთრედ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3000 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 50 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილის სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა იურიდიული მომსახურების ხარჯის - 19 535,60 ლარის გადახდა. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოცემულ საქმეზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მხოლოდ მე-12 პუნქტი წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:6.1. მხარეები არიან ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეები. ისინი 2016 წლიდან ცხოვრობენ საქართველოში და მათ სახელზე გაცემულია მუდმივი ბინადრობის მოწმობები;
6.2. მხარეები 1987 წლის 15 ივნისიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში;
6.3. ქორწინება რეგისტრირებულია ირანის ისლამური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს აქტებისა და ქონების აღრიცხვის სახელმწიფო ორგანიზაციის მიერ;
6.4. მოპასუხე, 2015 წლის 27 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, არის თბილისში, ………. მდებარე 16,10 კვ.მ. სარდაფის მესაკუთრე (ს.კ. ……….);
6.5. 2015 წლის 13 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხე არის თბილისში, ………. მდებარე 25 კვ.მ ფართის მესაკუთრე (ს.კ. ……..);
6.6. მოპასუხე, 2012 წლის 26 ოქტომბრისა და 2013 წლის 14 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, არის ოზურგეთის რაიონის დაბა ……. მდებარე 1000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრე (ს.კ. ……….);
6.7. მოპასუხე, 2012 წლის 26 ოქტომბრისა და 2013 წლის 14 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, არის ოზურგეთის რაიონის დაბა ……. მდებარე 507 766 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრე (ს.კ. ……..);
6.8. მოპასუხე 2011 წლის 23 მარტიდან არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული შპს „D “-ს (ს.ნ. …) 60% წილის მფლობელი პარტნიორი;
6.9. მოპასუხე 2019 წლის 14 ივნისიდან არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული შპს „გ.ჯ–ა ….“-ს (ს.ნ. ……..) 100% წილის მფლობელი პარტნიორი. დავის განხილვის დროისთვის მოპასუხე იყო 70% წილის მფლობელი პარტნიორი;
6.10. მოპასუხე 2022 წლის 18 იანვრიდან არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული შპს „გ.ჯ–ა ….“-ს (ს.ნ. ……..) 100% წილის მფლობელი პარტნიორი;
6.11. მოპასუხე 2022 წლის 24 იანვრიდან არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული შპს „გ.ს.თ–ის“ (ს.ნ. ……) 100% წილის მფლობელი პარტნიორი.
სააპელაციო სასამართლომ თავდაპირველად ყურადღება გაამახვილა განსახილველ საქმესთან მიმართებით საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენციაზე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377.4 მუხლზე, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8, 10.ა, მე-12, 45-ე, 47.1 მუხლებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოდავე მხარეები არიან ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეები და ქორწინება რეგისტრირებულია ირანის ისლამური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს აქტებისა და ქონების აღრიცხვის სახელმწიფო ორგანიზაციის მიერ. უდავოა, რომ მხარეები 2016 წლიდან ცხოვრობენ საქართველოში და მათ სახელზე გაცემულია მუდმივი ბინადრობის მოწმობები. სადავო ქონებები ასევე მდებარეობს საქართველოში, რაც „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონით წარმოშობს საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენციას, განიხილოს სარჩელით სადავოდ გამხდარი ქორწინების შეწყვეტისა და საქართველოში მდებარე ქონებების გაყოფის საკითხი. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტის ერთ-ერთი პრეტენზია შეეხება მოსარჩელის მიერ წარდგენილი ქორწინების მოწმობის ავთენტურობას. აპელანტი სადავოდ ხდის მტკიცებულების ასლის სახით წარდგენას და მის სათანადო დაუმოწმებლობას. ამასთან, არ უარყოფს მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინების არსებობას, თუმცა არ ეთანხმება მოთხოვნას თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხის წარმომადგენლებმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე სადავო გახადეს წარდგენილი საქორწინო აქტის ნამდვილობა, ვინაიდან წარდგენილი თარგმანი არ იყო ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული, თუმცა მოპასუხეს აღნიშნული პრეტენზია არც შესაგებლის ფარგლებში და არც საქმის მომზადების ეტაპზე დაუფიქსირებია და მხოლოდ დავის არსებითი განხილვის დროს, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მიუთითა მტკიცებულების არასათანადოობაზე, რაც საქალაქო სასამართლოს მხრიდან მართებულად არ შეფასდა სსსკ-ს 219-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მოპასუხე არ უარყოფს თავად რეგისტრირებული ქორწინების არსებობის ფაქტს, შესაბამისად, მხოლოდ მტკიცებულების არასათანადო ფორმით წარდგენაზე მითითება, არსებით გავლენას ვერ მოახდენს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მხარეები იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, მათ შორის, სადავო უძრავი ქონებების/სამეწარმეო წილების შეძენის პერიოდისათვის. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122.გ, 1127.3 მუხლებით და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის თაობაზე, ვინაიდან მეუღლეების თანაცხოვრება ფაქტობრივად შეწყვეტილია და მხარეთა შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხემ მოსარჩელესთან რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში შეიძინა არაერთი ქონება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის სამართლებრივი შემადგენლობა ადგენს კანონისმიერ პრეზუმფციას, რომ მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე ვრცელდება თანასაკუთრების რეჟიმი. შესაბამისად, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი აწევს იმ მხარეს, რომელიც მიუთითებს საკუთრების სხვაგვარ რეჟიმზე. ხსენებული ნორმის მიხედვით, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას რეგისტრირებული ქორწინების არსებობა წარმოადგენდა, რაც სათანადო მტკიცებულებით - ქორწინების სააქტო ჩანაწერით მოსარჩელის მიერ დადასტურებულია. შესაბამისად, სადავო ქონება, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე მართლზომიერადაა მოქცეული აღნიშნული მუხლით განსაზღვრულ მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმში. სააპელაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე გამორიცხავს სადავო ქონებების მიმართ მეუღლეთა თანასაკუთრების გავრცელებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ისინი შეძენილია მისი თანხებით, საიდანაც დიდი წილი არის მემკვიდრეობით მიღებული ქონება. თუმცა, მოპასუხეს არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სადავო ქონება სწორედ მემკვიდრეობით მიღებული ქონების საფუძველზე შეიძინა. უდავოა, რომ მხარეები 1987 წლიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში და მათ შორის ფაქტობრივად შეწყვეტილია თანაცხოვრება. სადავო უძრავი ქონებები და სხვადასხვა სამეწარმეო საზოგადოებაში წილი შეძენილია მათი თანაცხოვრების პერიოდში და დარეგისტრირებულია მოპასუხის სახელზე. ამდენად, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ სადავო ქონებების შეძენის პერიოდისათვის მხარეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, ამასთან, დადასტურებულია, რომ ქონებების შეძენის დროისათვის მხარეები ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, ხოლო მოპასუხის მხრიდან ვერ დადასტურდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო ქონება წარმოადგენს მის ინდივიდუალურ საკუთრებას ან შეძენილია მემკვიდრეობით მიღებული ქონების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო საჩივრით ასევე სადავოდ იყო გამხდარი მოპასუხისათვის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის სრულად - 19 535,60 ლარის ოდენობით დაკისრება. სააპელაციო სასამართლომ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლი და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მართალია, სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა და საქმეზე წარდგენილია წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების დამადასტურებელი მტკიცებულება, თუმცა განსახილველი დავის სირთულის, ადვოკატის მხრიდან გაწეული მომსახურების, პროცესის მიმდინარეობისა და გაწეული სამუშაოს გათვალისწინებით, ასევე, საპროცესო ნორმით დადგენილი სტანდარტისა და სასამართლო პრაქტიკის მხედველობაში მიღებით, გაუმართლებელია წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების დაკისრება სრულად 19 535,60 ლარის (7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი) ოდენობით. სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში გამართლებულად მიიჩნია მოპასუხისათვის 5000 ლარის ანაზღაურების დაკისრება. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული სახით წარმომადგენლის ხარჯის განაწილება შესაბამისობაშია კანონით განსაზღვრულ დანაწესთან და მოცემული საქმის სირთულის, ასევე, გაწეული მომსახურების გათვალისწინებით, გონივრულად უზრუნველყოფს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურებას. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:16.1. სასამართლომ არამართებულად დაადგინა, რომ მხარეთა შორის არსებობდა რეგისტრირებული ქორწინება, ვინაიდან დოკუმენტის ავთენტიკურობა არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, ქორწინების მოწმობა არ არის ლეგალიზებული;
16.2. კასატორმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში სადავოდ გახადა ქორწინების მოწმობის ნამდვილობა, თუმცა სასამართლოებმა გადაწყვეტილებებში აღნიშნეს, რომ მხარეები შეზღუდულნი არიან ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებ არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო გაცხადებული. აღნიშნული მსჯელობით დარღვეულია მთელი რიგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმათა მოთხოვნები;
16.3. სააპელაციო სასამართლომ უხეშად დაარღვია „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. კერძოდ, უგულებელყო აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის და მე-8 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები. სასამართლო არ უნდა დაყრდნობოდა მოსარჩელის მიერ წარდგენილ არაავთენტიკურ ქორწინების მოწმობას, მხოლოდ მხარეთა ახსნა-განმარტებას და უნდა მიეღო კანონით გათვალისწინებული ყველა ღონე, რათა ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოეკვლია საქმის ნამდვილი გარემოებები და მხარეთა უფლება-მოვალეობები;
16.4. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის მოთხოვნები. განქორწინების საქმეებზე დადგენილი სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, წარდგენილი უნდა იყოს ქორწინების მოწმობა დედნის სახით. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოში სადავოდ გახადა როგორც დოკუმენტის დედნის სახით წარუდგენლობა, ასევე, მისი ნამდვილობა, რაც სასამართლომ უკანონოდ არ გაიზიარა;
16.5. სააპელაციო სასამართლომ ასევე უგულებელყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 225-ე მუხლის მოთხოვნები. მოპასუხემ წარადგინა თავისი მოსაზრება სადავო მტკიცებულების - ქორწინების მოწმობის და მასში მითითებული გარემოებების თაობაზე, რაზეც სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 02 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია. მოცემულ შემთხვევაში კასატორის პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ სასამართლომ არ იმსჯელა მის პრეტენზიაზე ქორწინების მოწმობის ნამდვილობისა და მისი დადგენილი წესით წარუდგენლობასთან დაკავშირებით. კერძოდ, კასატორი დავობს, რომ ქორწინების მოწმობა არ იყო დამოწმებული კანონით დადგენილი წესით - არ იყო ლეგალიზებული და, ასევე, არ იყო წარდგენილი დედნის სახით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში საქმის წარმოებისას მხარეთა მიერ ფაქტების მითითებისა და მტკიცებულებების წარდგენის პროცედურა მკაცრად ფორმალიზებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია ფაქტები და მტკიცებულებები სასამართლოს კანონით დადგენილი წესითა და პროცედურის დაცვით წარედგინოს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიც არის შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება, მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში. მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი, ასევე, დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპის ერთგვარი გამოხატულებაა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე არის დამოკიდებული, რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-108-2021, 22 აპრილი, 2021 წელი; Nას-467-2020, 25 ივნისი, 2021 წელი). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანმიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. იმავე კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეები შეზღუდული არიან ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო გაცხადებული. ბუნებრივია, ამ საპროცესო სტანდარტის დადგენა გავლენას ახდენს სასამართლო კვლევის საგანზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამართლე, როგორც ნეიტრალური არბიტრი, მტკიცებულებებს იკვლევს არა საკუთარი, არამედ მხარეთა მიერ განხორციელებული შედავების ფარგლებში და, ამ მხრივ, ადგენს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობა-არარსებობას (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-1100-1057-2016, 09 ივნისი, 2017 წელი; Nას-1340-1260-2017, 07 მარტი, 2018 წელი ). საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმე Nას-664-635-2016, 02 მარტი, 2017 წელი, პარ. 201).28. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა მიერ დაშვებული შეცდომა ფაქტების მითითების დროს შეიძლება გამოიხატოს იმაში, რომ „მათ არ მიუთითეს ყველა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელსაც აქვს მნიშვნელობა საქმისათვის, სწორი გადაწყვეტილების გამოტანისათვის. მხარეთა მიერ დაშვებულ ამ შეცდომას სასამართლო ვერ გამოასწორებს: სასამართლო ვერ „გაამდიდრებს“, ვერ შეავსებს მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტებს, რადგან მხოლოდ მხარეებს შეუძლიათ განსაზღვრონ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს“ (იხ. თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბილისი, 2005, გვ. 215).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს არც შესაგებელში და არც პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსამზადებელ სხდომაზე სადავოდ არ გაუხდია ქორწინების მოწმობის ნამდვილობა; ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის შესაბამისად, ეჭქვეშ არ დაუყენებია საქმეში წარდგენილი ქორწინების მოწმობისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭების საკითხი, ეს გარემოება არც მოპასუხეს გაუხდია სადავოდ საქმის მოსამზადებელ ეტაპზე და ქორწინების მოწმობის დედნის წარდგენის შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსათვის. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, იგი შესაგებლით დაეთანხმა სარჩელში მითითებულ გარემოებას მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინების არსებობის შესახებ (იხ. შესაგებელი, ტ. 1, ს.ფ. 111-119). მოპასუხემ ქორწინების მოწმობის ნამდვილობა, ასევე, დოკუმენტის დედნის სახით წარუდგენლობის ფაქტი სადავოდ გახადა სასამართლოს მთავარ სხდომაზე. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მოპასუხემ დაკარგა საქმის მოსამზადებელი სტადიის შემდგომ ახალ გარემოებებზე მითითებისა და მათზე დაყრდნობით სარჩელისაგან თავდაცვის საპროცესო უფლება. შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად არ იმსჯელეს კასატორის ზემოთ დასახელებულ პრეტენზიებზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის 70% – 4200 ლარი.ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.ჰ. გ.ჩ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. მ.ჰ.გ.ჩ–ს (პ.ნ. .......) დაუბრუნდეს მის მიერ 2025 წლის 20 ივნისს №5653 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის 70% – 4200 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლევან ნემსაძე
მოსამართლეები: მიხეილ ჯინჯოლია
ბადრი შონია