საქმე №ას-612-2025
28 ნოემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან ნემსაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მიხეილ ჯინჯოლია, ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – მ.გ–ძე, მ.გ–ი, გ.გ–ი (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.ნ.კ–ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ნოემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – მამკვიდრებლის კრედიტორის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლების დაკარგულად აღიარება, იპოთეკის ხელშეკრულებისა და სააღსრულებო ფურცლის გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
მ.გ–ძემ (შემდგომში - „პირველი მოსარჩელე“ ან „პირველი კასატორი“), მ.გ–მა (შემდგომში - „მეორე მოსარჩელე“ ან „მეორე კასატორი“) და გ.გ–მა (შემდგომში - „მესამე მოსარჩელე“ ან „მესამე კასატორი“), სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „მ.ნ.კ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ მამკვიდრებლის კრედიტორის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლების დაკარგულად აღიარების, იპოთეკის ხელშეკრულებისა და სააღსრულებო ფურცლის გაუქმების მოთხოვნით. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:6.1. მოპასუხესა და შალვა გასიშვილს (შემდგომში - „მსესხებელი“ ან „მამკვიდრებელი“) 2016 წლის 21 მარტს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება N031605257, რომლის თანახმად, საკრედიტო თანხის მოცულობად განისაზღვრა 7000 აშშ დოლარი, კრედიტის ვადა 12 თვე, სარგებლის ოდენობა - წლიური 30%. ხელშეკრულების 3.9 პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის;
6.2. საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 21 მარტს მოპასუხესა და მსესხებელს შორის გაფორმდა სანოტარო წესით დამოწმებული იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. რუსთავი, ……., ს.კ. N………. იპოთეკის უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში;
6.3. 2016 წლის 30 დეკემბრის შეთანხმებით ცვლილება განიცადა მოპასუხესა და მსესხებელს შორის 2016 წლის 21 მარტს დადებულმა საკრედიტო ხელშეკრულებამ და კრედიტის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 21 დეკემბრამდე;
6.4. საკრედიტო ურთიერთობის მხარეთა შორის 2017 წლის 29 დეკემბერს მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, კრედიტის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 21 დეკემბრამდე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელებულად ჩაითვლებოდა თავდაპირველი ხელშეკრულებით ან/და მასში შეტანილი ცვლილებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განსაზღვრული ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისთანავე, კერძოდ, 2017 წლის 21 დეკემბრიდან;
6.5. 2018 წლის 29 ოქტომბერს, რეფინანსირების შედეგად, მხარეებმა საკრედიტო ხელშეკრულებაში შეიტანეს ცვლილებები, რომლითაც კრედიტის ძირითადი თანხა გაიზარდა 985,76 აშშ დოლარით და განისაზღვრა 7 985,76 აშშ დოლარით, კრედიტის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 21 ოქტომბრამდე, ხოლო პირგასამტეხლოს განაკვეთი ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის განისაზღვრა 0,5%-ით ნაცვლად 2%-სა;
6.6. 2018 წლის 29 ოქტომბერსვე მხარეთა შორის დადებულმა იპოთეკის ხელშეკრულებამ განიცადა ცვლილება, კერძოდ, უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა რეფინანსირების შედეგად გაიზარდა 985,75 აშშ დოლარით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2023 წლის 21 ოქტომბრამდე. პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითადი თანხის ან სარგებლის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში 2%-დან შემცირდა შესატანი თანხის 0,5%-მდე ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ შეთანხმება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში;
6.7. მოპასუხემ 2020 წლის 25 ნოემბერს წერილი გაუგზავნა მსესხებელს, რომლითაც აცნობა, რომ მსესხებლის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება იყო დარღვეული 2020 წლის 21 ოქტომბრიდან, რის გამოც ერიცხებოდა დავალიანება სულ 6345,41 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხა შეადგენდა 5978,03 აშშ დოლარს, დარიცხული პროცენტი - 16,65 აშშ დოლარს, ვადაგადაცილებული ძირი 179,97 აშშ დოლარს, ხოლო ჯარიმა 12,82 აშშ დოლარს. დავალიანების სრულად დასაფარად საკრედიტო ორგანიზაციამ მსესხებელს განუსაზღვრა ხუთი დღის ვადა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კრედიტორი მიმართავდა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. აღნიშნული წერილი ჩაბარდა მსესხებელს 2020 წლის 27 ნოემბერს, თუმცა ვალდებულება ნებაყოფლობით არ შესრულებულა;
6.8. 2021 წლის 28 მარტს მსესხებელი გარდაიცვალა. 2021 წლის 14 დეკემბერს ნოტარიუსმა მსესხებლის პირველი რიგის მემკვიდრეებზე - მოსარჩელეებზე გასცა სამკვიდრო მოწმობა, რომელშიც სამკვიდრო ქონებად, მათ შორის, მოხსენიებულია საცხოვრებელი ბინა, მდებარე: ქალაქი რუსთავი, ………., ს.კ. N…… და მასზე რეგისტრირებული იპოთეკა მოპასუხის სასარგებლოდ;
6.9. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გარდაცვლილი მსესხებლის მემკვიდრეების თანასაკუთრება ბინაზე, მდებარე: ქალაქი რუსთავი, ………., ს.კ. N………, დარეგისტრირდა 2021 წლის 22 დეკემბერს. უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს 14.12.2021წ. სამკვიდრო მოწმობა N211390320;
6.10. ნოტარიუსმა მ.მ–მა 2023 წლის 18 მაისს კრედიტორის - მოპასუხის მოთხოვნის შესაბამისად, გასცა სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძველია ზემოაღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულება და მის უზრუნველსაყოფად გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა - 6 158 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 3 112,67 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 11 957,96 აშშ დოლარი. სააღსრულებო ფურცლით დადგინდა იპოთეკის საგნის იძულებით რეალიზაცია.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს კრედიტის ხანდაზმულად აღიარების, აგრეთვე, იპოთეკის ხელშეკრულებისა და სააღსრულებო ფურცლის გაუქმების სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროისათვის კრედიტორს არ ჰქონდა გაშვებული გარდაცვლილი მოვალის მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნის წარდგენის კანონით გათვალისწინებული ვადა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრით მოვალის მემკვიდრეები გადაწყვეტილებას სადავოდ ხდიდნენ ორი მიმართულებით. კერძოდ, სააპელაციო საჩივრის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა მემკვიდრეების მიერ კრედიტორისათვის მოვალის გარდაცვალების შეუტყობინებლობის ფაქტი და სასამართლომ, კრედიტორთა მიერ სამკვიდროს გახსნის ფაქტის არცოდნის პირობებშიც, არასწორად განსაზღვრა მოთხოვნის ვადის დადგომის მომენტი, რამაც განაპირობა არასწორი დასკვნა იმის თაობაზე, რომ ამ ვადიდან ერთი წლის განმავლობაში კრედიტორმა მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნა განაცხადა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში მოპასუხე მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ მოვალის მემკვიდრეებს მოვალის გარდაცვალების შესახებ კრედიტორის ინფორმირების ვალდებულება არ შეუსრულებიათ, ხოლო თავად კრედიტორმა მოვალის გარდაცვალების ფაქტი შეიტყო ნოტარიუსისგან, როდესაც მას სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით მიმართა. მოვალის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე კრედიტორმა სამკვიდრო მოწმობით განსაზღვრულ მემკვიდრეთა მიმართ მყისიერად განაცხადა პრეტენზია მამკვიდრებლის ვალდებულების შესრულების მოთხოვნაზე, რისი დასტურიც არის მემკვიდრეთა მიმართ 2023 წლის 18 მაისს აღებული სააღსრულებო ფურცელი და ინიციირებული სააღსრულებო წარმოება, ამდენად, სსკ-ის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა დაცულია და კრედიტორს გაცემულ კრედიტზე მოთხოვნის უფლება არ დაუკარგავს. მოსარჩელეს მოპასუხის ზემოაღნიშნული მტკიცების საპირისპირო მტკიცება არ განუხორციელებია. მას არ გაუპროტესტებია და არ მიუთითებია აღნიშნული გარემოების გამაქარწყლებელ რაიმე მტკიცებულებაზე. სააპელაციო პალატის მითითებით, მამკვიდრებლის ვალდებულება მოპასუხე ორგანიზაციის წინაშე იპოთეკით იყო უზრუნველყოფილი, რაც საჯარო რეესტრიდან სამკვიდრო მასაში შემავალი უძრავი ქონების ამონაწერითაც თვალსაჩინოდ ვლინდებოდა; მემკვიდრეებზე გაცემული სამკვიდრო მოწმობით ნოტარიუსმა მკაფიოდ, წერილობით განუმარტა მემკვიდრეებს, რომ სამკვიდრო აქტივი წარმოადგენდა იპოთეკით დატვირთულ უძრავ ნივთს. მასში დასახელებული იყო კრედიტორის ვინაობაც; საგულისხმოა ისიც, რომ მემკვიდრეთა მიერ სამკვიდრო ქონების საკუთარ სახელზე რეგისტრაციის შედეგად, საჯარო რეესტრის მიერ მომზადებული ამონაწერით რეგისტრირებული მონაცემის სახით დგინდებოდა უძრავ ქონებაზე გადაყოლილი იპოთეკის არსებობა, კრედიტორის მონაცემების ჩათვლით. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გარდაცვლილის მემკვიდრეებისათვის, რომლებიც იპოთეკის საგანზე უფლებების მოპოვებისა და რეგისტრაციის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი, ცნობილ გარემოებას წარმოადგენდა გარდაცვლილის ვალის არსებობა და კრედიტორის დასახელება, რამაც წარმოშვა მემკვიდრეთა ვალდებულება - სამკვიდროს გახსნის თაობაზე ინფორმაცია მიეწოდებინათ კრედიტორისათვის. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სარჩელის თანახმად, მემკვიდრემ 2021 წლის ივნისში საკრედიტო ორგანიზაციას მიაწოდა ინფორმაცია მსესხებლის გარდაცვალების შესახებ, თუმცა ინფორმირების მოვალეობის შესრულების სხვა მტკიცებულება, გარდა მოსარჩელის ახსნა-განმარტებისა, საქმის მასალებში არ მოიპოვება. მოსარჩელის ხსენებულ მითითებას არ ეთანხმება მოპასუხე და განმარტავს, რომ მისთვის მოვალის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მემკვიდრეებს არ მიუწოდებიათ, არამედ სამკვიდროს გახსნის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა ნოტარიუსისგან, სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ მოთხოვნის წარდგენისას. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მარტოოდენ მოსარჩელეთა განმარტება, რომ მოვალის გარდაცვალების შესახებ კრედიტორის ინფორმირების ვალდებულება შეასრულეს, ამ ფაქტის დადგენის საფუძველი ვერ გახდება. ამდენად, სააპელაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ წინამდებარე საქმეში არ დგინდება მემკვიდრეების მიერ კრედიტორისათვის სამკვიდროს გახსნის შესახებ შეტყობინების ფაქტი. სააპელაციო პალატის მითითებით, მოცემულ ეტაპზე კვლევის საგანია, როდის შეიტყო კრედიტორმა მოვალის გარდაცვალების ფაქტი, ვინაიდან პრეტენზიის გაცხადების კანონით გათვალისწინებული ექვსთვიანი ვადის ათვლის მომენტი სწორედ ამ გარემოებას უკავშირდება. მოსარჩელეთა მოსაზრებით, კრედიტორისათვის სულ მცირე 2021 წლის 22 დეკემბრიდან უკვე ცნობილი იყო მამკვიდრებლის გარდაცვალების ფაქტი, ვინაიდან სწორედ ამ თარიღიდან იპოთეკის საგნის რეგისტრირებული მესაკუთრეები არიან მემკვიდრეები, რომელთა უფლების დამდგენ დოკუმენტადაც საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებულია სამკვიდრო მოწმობა. სააპელაციო სასამართლომ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311.1, 312-ე მუხლები და განმარტა, რომ საჯარო რეესტრის მონაცემების ღიაობა და საყოველთაო ხელმისაწვდომობა არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს იმისათვის, რომ ყველა რეგისტრირებული და საბოლოო მონაცემი სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეებს შეერაცხოთ რეგისტრაციისა და მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების პოზიტიურ ცოდნად, არამედ საჯარო რეესტრის მონაცემების შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა წარმოადგენს ე.წ. „შეეძლო სცოდნოდა“ სამართლებრივ კატეგორიას. სსკ-ის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილი კი, საპრეტენზიო ვადის დინების დაწყებას უკავშირებს არა იმ მომენტს, როდიდანაც კრედიტორს შეეძლო სცოდნოდა ან უნდა სცოდნოდა მოვალის გარდაცვალება, არამედ კრედიტორის მიერ სამკვიდროს გახსნის შესახებ ინფორმაციის რეალურად და ფაქტობრივად მიღების თარიღს. სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოპასუხემ საჯარო რეესტრის განახლებული ჩანაწერის გაცნობის გზით შეიტყო მესაკუთრეთა შეცვლის ან/და ამ ცვლილების საფუძვლების შესახებ (მაგალითად, უძრავ ნივთზე ამონაწერის განახლების ან/და მოსარჩელეთა უფლების დამდგენი საბუთების რეესტრის მონაცემთა ბაზიდან გამოთხოვის გზით), ამდენად, 2021 წლის 22 დეკემბერზე მითითება უსაფუძვლოა. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484.1, 1487-1488-ე, 1499-ე მუხლებით და იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ მოვალის მემკვიდრეებმა ვერ შეძლეს მათი კუთვნილი წილი მტკიცების ტვირთის დაძლევა იმ გარემოების დასადასტურებლად, თუ როდის შეიტყო კრედიტორმა მოვალის გარდაცვალება, ხოლო კრედიტორი სამკვიდროს გახსნაზე ინფორმაციის მიღების თარიღად ასახელებს ნოტარიუსისათვის სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე მიმართვის მომენტს, მიიჩნია, რომ სააღსრულებო ფურცლის მიღება და აღსასრულებლად მიქცევა განხორციელებულია სსკ-ის 1488 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ექვსთვიანი ვადის დაცვით, რაც სასარჩელო მოთხოვნების სრულად უარყოფის საფუძველია. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულების შესრულების ბოლო ვადა (2023 წლის 21 ოქტომბერი) სააღსრულებო ფურცლის აღების მომენტში გასული არ იყო, მოსარჩელისათვის სასურველ შედეგს ვერც სსკ-ის 1488-ე მუხლის მე-2 ნაწილი წარმოშობდა. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:17.1. სასამართლომ უგულებელყო მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით არსებული სასამართლო პრაქტიკა;
17.2. სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე და 1488-ე მუხლები, არასწორად გადაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი და გადაწყვეტილება დაამყარა ისეთ გარემოებებზე, რომლებზეც არც მოსარჩელეებს და არც მოპასუხეს მიუთითებიათ;
17.3. სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი მოთხოვნის ვადის დადგომასთან დაკავშირებით. სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლში მითითებულია, რომ „მოთხოვნის ვადის დადგომის“ მიუხედავად კრედიტორმა უნდა მიმართოს შესაბამის ღონისძიებებს მემკვიდრეების მიმართ სამკვიდროს გახსნის შესახებ შეტყობინებიდან 06 თვის ვადაში;
17.4. მოპასუხეს არ წარუდგენია პრეტენზია მამკვიდრებლის მემკვიდრეებისათვის კანონით დადგენილ ვადაში და კანონით დადგენილი წესით, შესაბამისად, მოსარჩელის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხემ იცოდა მსესხებლის გარდაცვალების შესახებ და ეს გარემოება სასამართლომ სწორად უნდა შეაფასოს.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 09 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
19. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენიათ. კასატორები დავობენ, რომ მოპასუხეს/კრედიტორს მოსარჩელეების, როგორც მოვალის მემკვიდრეების, მიმართ დავალიანების დაფარვის თაობაზე მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით დადგენილ ვადაში არ წარუდგენია, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხის, როგორც გამსესხებლის, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების მსესხებლის მემკვიდრეებისათვის დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484.1. მუხლი [მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად]. თუმცა, გამსესხებლის მიერ მოვალის მემკვიდრეებისათვის ასეთი მოთხოვნის წარდგენა იმავე კოდექსის 1488-ე მუხლით დადგენილ ვადაში უნდა განხორციელდეს [მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად; თუ მემკვიდრეების კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან; ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას]. საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488.1 მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადა არის მამკვიდრებლის კრედიტორთა მიერ უშუალოდ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის და არა სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ თუ მამკვიდრებლის კრედიტორებმა ზემოხსენებული ვადის დაცვით არ წარუდგინეს მოთხოვნა მემკვიდრეებს, ისინი კარგავენ მოთხოვნის უფლებას, რაც, შემდგომში, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება გახდეს (იხ. სუსგ საქმე Nას-303-285-2014, 30 ოქტომბერი, 2015 წელი). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1487-ე მუხლის მიხედვით, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან, შეატყობინონ მამკვიდრებლის კრედიტორებს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუ მათთვის ცნობილია გარდაცვლილის ვალების თაობაზე. იმავე კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კრედიტორს მოვალის მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის წარდგენა ევალება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდება მოვალის გარდაცვალების (სამკვიდროს გახსნის) შესახებ (სსკ-ის 1487) და იმ მემკვიდრეების თაობაზე, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო. ასეთ შემთხვევაში მოთხოვნის წარმოშობის დროს მნიშვნელობა არ გააჩნია, რადგან შეუძლებელია მოთხოვნის წარდგენა, თუ არ არის განსაზღვრული ამ მოთხოვნაზე პასუხისმგებელ პირთა წრე (მემკვიდრეები, რომლებმაც მიიღეს მოვალის სამკვიდრო) (იხ. სუსგ საქმე Nას-171-160-2017, 18 აპრილი, 2017 წელი). პრაქტიკული მნიშვნელობისაა იმ საკითხის გარკვევა, თუ როდიდან იწყება სსკ-ის 1488-ე მუხლით გათვალისწინებული პრეტენზიის წარდგენის ვადის ათვლა. მითითებული ნორმა ადგენს, რომ ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როცა მამკვიდრებლის კრედიტორებმა შეიტყვეს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუმცა ამავე ნორმის მიხედვით, მამკვიდრებლის კრედიტორებმა მოთხოვნა უნდა წარუდგინონ იმ მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო. სსკ-ის 1499-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამკვიდრო მოწმობას გასცემს ნოტარიუსი. შესაბამისად, კრედიტორმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდება მოვალის გარდაცვალების შესახებ, უნდა შეასრულოს შემდეგი იურიდიული მოქმედება: მან უნდა მიმართოს ნებისმიერ ნოტარიუსს გარდაცვლილის მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნის წარდგენის პრეტენზიით. ნოტარიუსი კი ვალდებულია, მიიღოს მამკვიდრებლის კრედიტორის წერილობითი განცხადება. კრედიტორის პრეტენზიების შესახებ განცხადება უნდა შედგეს კერძო ან საჯარო აქტის ფორმით. განცხადება მიიღება, მიუხედავად იმისა, დადგა თუ არა მოთხოვნის ვადა. ამასთან, ნოტარიუსი ვალდებულია, მამკვიდრებლის კრედიტორის პრეტენზიების შესახებ აცნობოს პირებს, რომლებსაც სანოტარო ბიუროში წარდგენილი აქვთ განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ („სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.03.2010წ. N71 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 79-ე მუხლი) (იხ. სუსგ საქმე Nას-171-160-2017, 18 აპრილი, 2017 წელი). იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორისათვის ცნობილია, როგორც სამკვიდროს გახსნის, ასევე, იმ მემკვიდრეთა შესახებ, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს, მაშინ კრედიტორებმა მემკვიდრეებს მოთხოვნა უნდა წარუდგინონ სამკვიდროს გახსნის შესახებ ცნობის მიღებიდან ექვს თვეში (იხ. სუსგ საქმე Nას-303-285-2014, 30 ოქტომბერი, 2015 წელი). საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე Nას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; Nას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი). განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ მსესხებლის მემკვიდრეებისათვის/მოსარჩელეებისათვის ცნობილი იყო მოპასუხის მიმართ არსებული მამკვიდრებლის ვალის თაობაზე, რამაც მათ წარმოუშვა მამკვიდრებლის კრედიტორისათვის სამკვიდროს გახსნის შესახებ შეტყობინების ვალდებულება (სსკ-ის 1487-ე მუხლი). მოსარჩელეთა განმარტებით, მათ აღნიშნულის თაობაზე მოპასუხეს შეატყობინეს, თუმცა საქმეში არ არის წარდგენილი ამ გარემოების დამადასტურებელი სათანადო და საკმარისი მტკიცებულება, ასეთად ვერ მიიჩნევა მოსარჩელეთა ახსნა-განმარტება, რომელსაც მოპასუხე არ ეთანხმება. კასატორებს აღნიშნულის საწინააღმდეგო კვალიფიციური შედავება არ წარმოუდგენიათ. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ მსესხებლის პირველი რიგის მემკვიდრეებზე - მოსარჩელეებზე ნოტარიუსმა სამკვიდრო მოწმობა გასცა 2021 წლის 14 დეკემბერს; აღნიშნულ სამკვიდრო მოწმობაში სამკვიდრო ქონებად, მათ შორის, მითითებულია მამკვიდრებელსა და მოპასუხეს შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის საგანი - საცხოვრებელი ბინა, მდებარე: ქალაქი რუსთავი, …….., ს.კ. N………; სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში გარდაცვლილი მსესხებლის მემკვიდრეების თანასაკუთრება დარეგისტრირდა 2021 წლის 22 დეკემბერს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საჯარო რეესტრის მონაცემების ღიაობა და საყოველთაო ხელმისაწვდომობა (სსკ-ის 312.1 მუხლი) არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს იმისათვის, რომ ყველა რეგისტრირებული და საბოლოო მონაცემი სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეებს შეერაცხოთ რეგისტრაციისა და მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების პოზიტიურ ცოდნად (იხ. წინამდებარე განჩინების მე-13 პუნქტი). წინამდებარე საქმეში ასევე დადგენილია, რომ კრედიტორის მოთხოვნის შესაბამისად, მამკვიდრებელსა და მოპასუხეს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებისა და მის უზრუნველსაყოფად გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, 2023 წლის 18 მაისს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში, გასაზიარებელია მოპასუხის მითითება, რომ მსესხებლის გარდაცვალებისა (სამკვიდროს გახსნის) და მოვალის მემკვიდრეთა შესახებ შეიტყო ნოტარიუსისაგან, როდესაც მას სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით მიმართა. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ კრედიტორის/მოპასუხის მიერ სააღსრულებო ფურცლის მიღება და აღსასრულებლად მიქცევა (მოვალის მემკვიდრეებისათვის მიმართვა) განხორციელდა სსკ-ის 1488 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ექვსთვიანი ვადის დაცვით, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორებს არ წარმოუდგენიათ იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიები, რომლებიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე. კასატორები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.გ–ძის, მ.გ–ისა და გ.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლევან ნემსაძე
მოსამართლეები: მიხეილ ჯინჯოლია
ბადრი შონია