საქმე №ას-719-2025
28 ნოემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან ნემსაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მიხეილ ჯინჯოლია, ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.კ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ფ–ო“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სს „თ.ბ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.კ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) მიმართ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების მოთხოვნით. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელს დაეთანხმა ნაწილობრივ - კრედიტის ძირითადი თანხის ნაწილში. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, N6434925-12045879 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრა 51 065,87 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 46 989,36 ლარი, პროცენტი - 3 762,78 ლარი, პირგასამტეხლო - 200 ლარი, ხოლო დაზღვევის თანხა - 113,73 ლარი; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, N6434925-12045879 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის - სესხის ძირითადი თანხის - 46 989,36 ლარის წლიური 18%-ის გადახდა, 30.01.2024 წლიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მაგრამ არაუმეტეს 8 458,08 ლარისა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, N6434925-12045879 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა - ყოველდღიურად სესხის ძირითადი თანხის - 46 989,36 ლარის წლიური 0,1%-ის ოდენობით, 30.01.2024 წლიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მაგრამ არაუმეტეს 200 ლარისა. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით პროცენტისა და მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:6.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2022 წლის 08 ივნისს დაიდო N6434925-12045879 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, კრედიტის თანხა განისაზღვრა - 60 000 ლარით, წლიური საპროცენტო სარგებელი - 18%, სიცოცხლის დაზღვევის წლიური საპროცენტო განაკვეთი - 0,72%, გადასახდელი თანხის მთლიანი ოდენობა - 86 022,65 ლარი;
6.2. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების თანახმად, სესხის გრაფიკით გათვალისწინებული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, მხარეთა შორის განისაზღვრა ფიქსირებული პირგასამტეხლო - ერთჯერადად არაუმეტეს 20 ლარი, ხოლო ყოველდღიურად - დავალიანების თანხის 0,5% (არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0,05%). ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ გადააჭარბებდა მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1,5-მაგ ოდენობას;
6.3. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების გამო, მოპასუხის დავალიანება ძირითადი თანხის ნაწილში შეადგენს 46 989,36 ლარს.
7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა აპელანტის განმარტებაზე, რომლის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოპასუხისათვის სესხის პროცენტისა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან ბანკს, როგორც კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტს, უნდა გაეკეთებინა იმის დაშვება, რომ გაცემული სესხი, რომელიც იყო არაუზრუნველყოფილი, შესაძლოა გაპრობლემებულიყო, შესაბამისად, ბანკმა უნდა ზიდოს ის რისკი, რაც კრედიტის დაუბრუნებლობას ახლავს თან. არ არსებობს იმის გარანტია, რომ მოპასუხის მიერ ვალის დროულად დაბრუნების შემთხვევაში, მოსარჩელე აღნიშნული თანხებით რაიმე სახის სარგებელს აუცილებლად ნახავდა, რადგან ყველა შემთხვევაში სესხის დაბრუნება არ ხდება და არც ახალი სასესხო ურთიერთობა იქნებოდა მოსარჩელისთვის გარანტირებულად ფინანსური სარგებლის მომცემი. მიუხედავად არსებული რისკებისა, სასამართლომ მაინც ჩათვალა, რომ ბანკს შეეძლო მიეღო კონკრეტული სარგებელი რომ არა მოპასუხის ქმედება და უსაფუძვლოდ დაუკმაყოფილა მოთხოვნა მოსარჩელეს; ანალოგიური საფუძვლებით დაუსაბუთებელია მოთხოვნის დაკმაყოფილება სესხის პროცენტის ნაწილში; აპელანტის განმარტებით, განსახილველი შემთხვევა ნათელი მაგალითია გაცემული სესხი დაუბრუნებლობის და, შესაბამისად, შემოსავლის ვერმიღების. გამომდინარე აღნიშნულიდან, გაუგებარია რატომ არსებობს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე აუცილებლად მიიღებდა შემოსავალს სხვა სესხის პირობებში.
8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე, 361.2, 867-ე მუხლებით და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, 08.06.2022წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების პირობები, მათ შორის, პროცენტის დარიცხვის წესი, მხარეთა შორის წერილობით იყო შეთანხმებული. დადგენილია, რომ მოპასუხე არაჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, კერძოდ, მოპასუხის მხრიდან 22.09.2023 წლის შემდგომ აღარ მომხდარა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რის გამოც, მისი დავალიანება სარგებლის ნაწილში შეადგენს 3 762,78 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია პროცენტის დაკისრებასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ მას მართებულად დაეკისრა სესხის ძირ თანხაზე ხელშეკრულებით შეთანხმებული პროცენტი.
9. სააპელაციო სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394.1, 408.1, 411-ე, 412-ე მუხლებით და მათი ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, აღნიშნა, რომ მიუღებელ შემოსავლად იმ სარგებლის მიჩნევა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და რაც საკრედიტო დაწესებულებას უნდა მიეღო, მართებულია, ვინაიდან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას ზიანის ანაზღაურება განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება.
10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე, მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით, რაც იმას ნიშნავს, რომ იკვეთება სსკ-ის 411-ე მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა და არც ის გარემოება შეიძლება გახდეს სადავო, რომ საკრედიტო დაწესებულების ძირითადი საქმიანობა კრედიტის გაცემის გზით ეკონომიკური სარგებლის მიღებაა, აღნიშნული კი მყარ პრეზუმფციათა რიგს განეკუთვნება (იხ. სუსგ - Nას-1385-1307-2012, 07.02.2013წ.; Nას-725-693-2014, 03.07.2015წ.). მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეზე გაიცა სარგებლიანი კრედიტი, შესაბამისად, მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენდა სარგებლის მიღება ხელშეკრულებით შეთანხმებულ პერიოდზე. ამდენად, მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი მოთხოვნილი ოდენობით სახეზეა. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია მიუღებელი შემოსავალთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავალი.
11. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით პროცენტისა და მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
12. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
12.1. ბანკს, როგორც კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტს, უნდა გაეკეთებინა იმის დაშვება, რომ გაცემული სესხი, რომელიც იყო არაუზრუნველყოფილი, შესაძლოა გაპრობლემებულიყო, შესაბამისად, ბანკმა უნდა ზიდოს ის რისკი, რაც კრედიტის დაუბრუნებლობას ახლავს თან;
12.2. არ არსებობს იმის გარანტია, რომ მოპასუხის მიერ ვალის დროულად დაბრუნების შემთხვევაში, მოსარჩელე აღნიშნული თანხებით რაიმე სახის სარგებელს აუცილებლად ნახავდა, რისი ნათელი მაგალითიც არის განსახილველი შემთხვევა. ყველა შემთხვევაში სესხის დაბრუნება არ ხდება და, შესაბამისად, არც ახალი სასესხო ურთიერთობა იქნებოდა მოსარჩელისათვის გარანტირებულად ფინანსური სარგებლის მომცემი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაუგებარია რატომ არსებობს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე აუცილებლად მიიღებდა შემოსავალს სხვა სესხის პირობებში;
12.3. ანალოგიური საფუძვლებით ასევე დაუსაბუთებელია სესხის პროცენტის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 02 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივლისის განჩინებით წინამდებარე საქმეში მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა შპს „ფ–ო“ (შემდგომში - „მოსარჩელის უფლებამონაცვლე“).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებია. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მოპასუხისათვის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტისა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების მართლზომიერება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი. ამასთან, იმავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ხოლო, მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება გაფორმდა წლიური 18% სარგებლის დარიცხვის პირობით, შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის მსესხებლის მიერ აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი (სესხისა და მასზე დარიცხული სარგებლის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის ფაქტი), საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა მოპასუხისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის დაკისრების წინაპირობა. კასატორს აღნიშნულის საწინააღმდეგო დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას მიუღებელი შემოსავლის დაკისრებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებელი შემოსავლის განსაზღვრის ნორმატიული წესი მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლში, რომლის თანახმად, მიუღებელი შემოსავალი გულისხმობს წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს, რომელიც მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა მოვლენები მართლზომიერების ფარგლებში რომ განვითარებულიყო. მიუღებელი შემოსავალი, თავისი ბუნებით, გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss). იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. ფულადი ვალდებულების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის გამო მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით უზენაეს სასამართლოს გააჩნია მყარად დადგენილი პრაქტიკა, რომლის თანახმად, ფული ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით. ამგვარად, ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება კრედიტორს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც მისი ოდენობის დადგენას (იხ. სუსგ საქმე Nას-254-241-2015, 06 მაისი, 2015 წელი). ამავე დროს, მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის, კომერციული ინტერესია კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს [სსკ-ის 867-ე მუხლი: საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით]. შესაბამისად, ბანკს გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე, ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება (იხ. სუსგ საქმე Nას-1385-1307-2012, 07 თებერვალი, 2013 წელი). ამდენად, არსებობს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შემადგენლობა, რაც მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების წინაპირობას წარმოადგენს. კასატორს არც აღნიშნულის საწინააღმდეგო კვალიფიციური შედავება წარმოუდგენია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 611 ლარის 70% – 427,7 ლარი.ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.კ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. მ.კ–ს (პ.ნ. .......) დაუბრუნდეს მის მიერ 2025 წლის 19 ივნისს №27883998568 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 611 ლარის 70% – 427,7 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლევან ნემსაძე
მოსამართლეები: მიხეილ ჯინჯოლია
ბადრი შონია