Facebook Twitter

საქმე №ას-1047-2025

28 ნოემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან ნემსაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მიხეილ ჯინჯოლია, ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ი.გ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ც–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – იურიდიული მომსახურების საფასურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ი.გ–ძემ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ.ც–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ იურიდიული მომსახურების საფასურის ანაზღაურების მოთხოვნით. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. მოპასუხემ („მარწმუნებელი“) 2017 წლის 26 აპრილს ერთი წლის ვადით გასცა მინდობილობა მოსარჩელის („რწმუნებული“) სახელზე, რომლითაც მას მიანიჭა შემდეგი უფლებამოსილებები: რწმუნებული იცავს მარწმუნებლის ქონებრივ და/ან არაქონებრივ ინტერესებს; ამ მიზნით წარმოადგენს მას საქართველოს ყველა კომპეტენტურ ორგანოში, სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებაში, იუსტიციის სახლში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, მერიაში (მის დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურებში), არქივებში, საქ. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, სანოტარო ბიუროში, სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში, პოლიციაში, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში, საარბიტრაჟო სასამართლოში, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებში, გამგეობებში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტში, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში; რწმუნებული უფლებამოსილია შეასრულოს ყველა ის მოქმედება და პროცედურა, რაც აუცილებელი იქნება მარწმუნებლის ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესების და უფლებების დასაცავად; საჭიროების შემთხვევაში აწარმოოს შესაბამისი საქმე (სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული) საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში, მათ შორის, სააპელაციო, საკასაციო სასამართლოში. ... ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიტანოს ყოველგვარი განცხადება, მიიღოს და წარადგინოს ყველა საჭირო ცნობა, მოწმობა და სხვა დოკუმენტი, შეავსოს დადგენილი განაცხადები, გადაიხადოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადი და მოსაკრებელი, ხელი მოაწეროს და შეასრულოს ყველა მოქმედება დაკავშირებული ამ დავალების შესრულებასთან (იხ. მხარეთა ახსნა-განმარტებები; 26.04.2017წ. სანოტარო აქტი რწმუნებულების/მინდობილობის დამოწმების შესახებ, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N170433838);

6.2. 2017 წლის 09 ივნისს მოპასუხის, როგორც დაინტერესებული პირის სახელით და მოსარჩელის წარმომადგენლობით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შეტანილ იქნა განცხადება, წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, უძრავ ქონებაზე, მდებარე: მცხეთა, ლისის საკრებულო, სოფ. ........., სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციისა და საჯარო რეესტრის ამონაწერის გაცემის თაობაზე. აღნიშნულ განცხადებას თან ახლდა შემდეგი დოკუმენტები: 1) სუბსიდირების პროექტი; 2) დოკუმენტაციის აღიარების კომისიისთვის გადაგზავნაზე თანხმობა; 3) მედიატორი/მედიატორი ნოტარიუსის დანიშვნაზე თანხმობა; 4) წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 5) წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; 6) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; 7) ელ. ვერსია; 8) სარეგისტრაციო მოწმობა. მითითებულ უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესი, საბოლოოდ, დასრულდა ამონაწერის მომზადებით 2017 წლის 13 ოქტომბერს (იხ. მხარეთა ახსნა-განმარტებები; 09.06.2017წ. განცხადება; 26.04.2017წ. სანოტარო აქტი რწმუნებულების/მინდობილობის დამოწმების შესახებ; საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა; აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების განხორციელების თაობაზე 07.05.2017წ. მოპასუხესა და ი.მ. „ივანე მეურმიშვილს“ შორის დადებული მომსახურების ხელშეკრულება; საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი; 06.10.2017წ. განცხადება; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.10.2017წ. მიმართვა; ვებგვერდიდან (my.gov.ge) ამონაწერები 09.06.2017წ. განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ; 13.10.2017წ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან);

6.3. 2017 წლის 09 ივნისს წარდგენილი N882017493863 განცხადების საფუძველზე, 2017 წლის 13 ოქტომბერს მოპასუხის საკუთრებაში აღირიცხა უძრავი ნივთი, მდებარე: მცხეთა, სოფელი ........., დაზუსტებული ფართობი - 1500 კვ.მ, ს.კ. ……… (იხ. მხარეთა ახსნა-განმარტებები; 13.10.2017წ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან).

7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას აფუძნებს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებზე და მიიჩნევს, რომ მოპასუხემ დაზოგა შრომატევადი და ძვირადღირებული იურიდიული მომსახურების ხარჯები, თავად კი ამ მომსახურების საფუძველზე საკუთრებაში აღირიცხა უძრავი ქონება, ამდენად, მოპასუხემ თავად მიიღო ის შედეგი, რომლის მისაღებად მოსარჩელის მიერ გაწეული მომსახურებისა და დახარჯული რესურსის ასანაზღაურებლად შესაბამისი ხარჯი არ გაუღია.

8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი აწესრიგებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც შემსრულებელი ასრულებს ფაქტობრივად არარსებულ ვალდებულებას, რაც მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას იწვევს. მოცემულ შემთხვევაში კი, მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობისა და სასარჩელო მოთხოვნის არსის გათვალისწინებით, გამოყენებული უნდა იყოს არა უსაფუძვლო გამდიდრების, არამედ დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმები, ვინაიდან საქმეზე უდავოდ დადგენილი გარემოებაა, რომ 2017 წლის 26 აპრილს გაცემული მინდობილობით მოპასუხემ („მარწმუნებელი“) წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვა მოსარჩელე („რწმუნებული“); მოდავე მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულების ზეპირი ფორმით დადებით, რაც დავალების ხელშეკრულებაა. შესაბამისად, დავა უნდა გადაწყდეს დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი სამართლის ნორმებით და არა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-710-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ საქმეში დავის საგანია გაწეული იურიდიული დახმარების, საადვოკატო ჰონორარის ანაზღაურება.

9. სააპელაციო პალატამ წინამდებარე საქმის სწორად გადაწყვეტის მიზნებისთვის ყურადღება გაამახვილა „ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესზე, რომლის თანახმად, ადვოკატს ეკისრება კლიენტის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით ამ უკანასკნელისათვის ყველა ფინანსური ვალდებულების (რომელიც სასამართლო ხარჯების გარდა, ადვოკატისათვის გადასახდელ ჰონორარსაც მოიცავს) შესახებ ინფორმაციის დროულად და კვალიფიციურად მიწოდების ვალდებულება; ასევე, მიუთითა ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის 8.8 მუხლზე, რომელიც ავალდებულებს ადვოკატს, რომ მისი საქმიანობის ანაზღაურების გამოთვლის წესი და შესაბამისი განაკვეთი წინასწარ იყოს ცნობილი და მისაღები კლიენტისათვის და განმარტა, რომ აღნიშნული ვალდებულება სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული, კერძოსამართლებრივი ურთიერთობისას მონაწილე მხარეთა მიერ საკუთარი უფლებებისა და ვალდებულებების კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპის გამოხატულებაა პროფესიული ეთიკური ვალდებულების ჭრილში.

10. სააპელაციო პალატის მითითებით, წინამდებარე საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხის წარმომადგენლის - მოსარჩელის მიერ 2017 წლის 09 ივნისს წარდგენილი N882017493863 განცხადების საფუძველზე, 2017 წლის 13 ოქტომბერს მოპასუხის საკუთრებაში აღირიცხა უძრავი ნივთი, მდებარე: მცხეთა, სოფელი ........., დაზუსტებული ფართობი - 1500 კვ.მ, ს.კ. ……….; აპელანტის განმარტებით, იურიდიული მომსახურებისათვის ჰონორარის განსაზღვრა მოხდა ზეპირი შეთანხმების ფარგლებში, კანონისმიერი დათქმიდან გამომდინარე, შემდეგი წესით: მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ მოპასუხეს მიღებული იურიდიული მომსახურებისთვის, ჰონორარის სახით, მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა დავის საგნის ღირებულების 4%, რაც იმ პერიოდისთვის შეადგენდა 12 000 ლარს; აღნიშნული შეთანხმების არსებობას უარყოფს მოწინააღმდეგე მხარე, ამასთან, აღნიშნავს, რომ მოსარჩელის დახმარება მხოლოდ უკვე გამზადებული დოკუმენტების საჯარო რეესტრში წარდგენით შემოიფარგლა. მოსარჩელემ საჯარო რეესტრში წარადგინა მოპასუხის მიერ გადაცემული ის დოკუმენტები, რომელთა შექმნასა და მოძიებაშიც მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, არც ხელშეკრულების ფარგლებში ყოფილა მოპასუხის მიერ საფასურის გადახდის ვალდებულება გათვალისწინებული (მით უფრო, მოსარჩელის მხრიდან არაკვალიფიციური, არაჯეროვანი მომსახურების გაწევის შემთხვევისათვის) და ეს არც სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარეობს.

11. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ წინამდებარე საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხის ვალდებულების არსებობა მოსარჩელისათვის იურიდიული მომსახურების საფასურის - 12 000 ლარის გადახდის თაობაზე (მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მხარეთა შორის ზემოაღნიშნული ოდენობით ჰონორარზე შეთანხმების არსებობა).

12. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლებით და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად წარდგენილია მოპასუხის მიერ 26.04.2017წ. გაცემული მინდობილობა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 09.06.2017წ. შეტანილი განცხადების ასლი, ვებგვერდიდან - my.gov.ge აღნიშნული განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის ამსახველი ამონაწერი და 13.10.2017წ. მომზადებული ამონაწერი მარწმუნებლის საკუთრებაში შესაბამისი უძრავი ქონების აღრიცხვის თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დოკუმენტები (მათ შორის, მოპასუხის მიერ შესაგებელზე თანდართული 06.10.2017წ. განცხადებაც) ადასტურებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოსარჩელის, როგორც მოპასუხის წარმომადგენლის, მიერ განცხადებების წარდგენის ფაქტს, ისინი არ ქმნიან მტკიცებულებათა იმ ერთობლიობას, რომელიც საკმარისია სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და მოპასუხისათვის 12 000 ლარის დაკისრებისათვის.

13. სააპელაციო პალატის მითითებით, გარდა იმისა, რომ მხარეთა შორის კონკრეტულ თანხაზე/ჰონორარზე შეთანხმების არსებობა არ დასტურდება, ასევე, საქმეში წარდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ განცხადებებზე თანდართული დოკუმენტების მოძიებისა თუ შექმნის პროცესში მოსარჩელის მონაწილეობის ფაქტი. მაგალითად, მოპასუხის მიერ წარდგენილია აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების ჩასატარებლად მესამე პირთან დადებული ხელშეკრულება, რომელსაც პირადად მოპასუხე აწერს ხელს და მასში არსად ფიგურირებს მოსარჩელე, როგორც მისი წარმომადგენელი. აქედან გამომდინარე, სასამართლოსთვის შეუძლებელია შეაფასოს და განსაზღვროს წარმომადგენლის/ადვოკატის მონაწილეობა/ხარისხი უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესში.

14. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მას მოპასუხისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება, ნდობა ჰქონდა, მოპასუხის პიროვნებიდან თუ ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე გააჩნდა მისგან კეთილსინდისიერი ქცევის მოლოდინი და ამ საფუძვლით არ აქვს ჰონორარზე შეთანხმების თაობაზე წერილობითი მტკიცებულებები. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე თავად ადვოკატია და, შესაბამისად, კვალიფიციური იურისტია, რომელსაც მეტი წინდახედულება და ასეთ ურთიერთობაში მონაწილეობის რისკების სწორად განჭვრეტა მართებდა. ამასთან, სწორედაც მის მიერ მითითებული გარემოებები: განსაკუთრებული ურთიერთობა, ნდობა - შესაძლებელია განიმარტოს პირიქით იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მოდავე მხარეები ჰონორარზე საერთოდ არ იყვნენ შეთანხმებულები და 2017 წლის (უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლების რეგისტრაციის) შემდეგ, 6 წლის გასვლის შემდგომ - 2023 წელს, მოპასუხესთან არასასურველი/არაკეთილსაიმედო კომუნიკაციის/მოულოდნელი შეხვედრის შემდგომ, მოსარჩელემ „გაიხსენა“/„გააცოცხლა“ ჰონორარის მოთხოვნის შესაძლებლობა და სასარჩელო წესით მოითხოვა მოპასუხისათვის 12 000 ლარის დაკისრება.

15. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის განმარტება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე წლების განმავლობაში ჰპირდებოდა მას ვალდებულების შესრულებას და მხოლოდ 2023 წელს უარყო მისი არსებობა, ვინაიდან აღნიშნული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება.

16. სააპელაციო პალატის მითითებით, წინამდებარე საქმეში აპელანტის პრეტენზია ასევე იმ არგუმენტს ემყარება, რომ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი სასამართლომ არასწორად დაადგინა; მოსარჩელე/აპელანტი მოპასუხის მითითებას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით (გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა) არ იზიარებს და მითითებული გარემოების გასაბათილებლად აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებს, ვინაიდან მოპასუხემ დაზოგა ძვირადღირებული იურიდიული მომსახურების ხარჯები.

17. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128.1, 129.1 მუხლებით და გაიზიარა მოპასუხის პოზიცია ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. სასამართლოს განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნა მომდინარეობს მხარეთა შორის ზეპირი ფორმით დადებული დავალების ხელშეკრულებიდან, რომელთან მიმართებითაც ვრცელდება ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის ჰონორარის გადახდის შესახებ კონკრეტულ დროზე შეთანხმების არსებობა არ იკვეთება, ივარაუდება, რომ უფლების დარღვევის შესახებ მოსარჩელეს უნდა შეეტყო - უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლების რეგისტრაციის (13.10.2017წ.) ან მინდობილობის ვადის ამოწურვის (26.04.2018წ.) შემდგომ, რის მიუხედავადაც მოპასუხის მიერ არ მომხდარა, პირობითად, შეთანხმებული თანხის გადახდა. აღნიშნული მომენტიდან კი სარჩელის აღძვრის დროისათვის (11.08.2023წ.) სახელშეკრულებო ვალდებულებათა ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა ამოწურულია; ამასთან, არ დასტურდება მოპასუხის მიერ შემდგომ პერიოდში რაიმე ფორმით აღნიშნული ვალდებულების აღიარების ან ხანდაზმულობის ვადის დენის სხვაგვარად შეწყვეტის/შეჩერების ფაქტი (რაც ასევე გამორიცხავს ხანდაზმულობის ვადის ათვლის დაწყების სუბიექტური მომენტის სხვაგვარად განსაზღვრის შესაძლებლობასაც (მაგალითად, როგორც მოსარჩელემ განმარტა, მოპასუხემ პირველად 2023 წელს უარყო ვალდებულების არსებობა, მანამდე კი მუდმივად ჰპირდებოდა შესრულებას, რაც შესაბამისი მტკიცებულების არარსებობის პირობებში „აღიარებად“ ვერ იქნება მიჩნეული)), ეს კი მოპასუხეს ანიჭებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებით (ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე) სარგებლობის შესაძლებლობას.

18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხის მიერ ხანდაზმულობაზე მითითების არსებობის პირობებში, მიუხედავად მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის მტკიცების ტვირთის დაძლევისა თუ დაუძლევლობისა, წინამდებარე სარჩელის წარმატებულობა ნებისმიერ შემთხვევაში გამორიცხულია.

19. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორმა ასევე მოითხოვა მოწმის დაკითხვაზე უარის თქმის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს 27.03.2025წ. საოქმო განჩინების გაუქმება.

20. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

20.1. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსკ-ის 58.3, 115-ე, 50-ე, 52-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე მუხლები და ამით მთლიანად უგულებელყო კეთილსინდისიერების პრინციპი განსახილველ სამოქალაქო ურთიერთობაში. მოპასუხის მხრიდან აშკარად გამოხატული არაკეთილსინდისიერებისა და სამოქალაქო ურთიერთობებში კეთილსინდისიერების პრინციპის სრული უგულებელყოფის პირობებში, სწორედ, სამართლიანობის, კეთილსინდისიერებისა და ზნეობის მოთხოვნების შესაბამისად უნდა მომხდარიყო აღნიშნული დავის მოწესრიგება;

20.2. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, სსკ-ის 982-ე, 985-ე, 991-ე მუხლები; ამასთან, მართალია გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განამარტა ის, კერძოდ, სსკ-ის 976-ე, 979-ე, 128-130-ე მუხლები;

20.3. საქმეში მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება არა მხოლოდ მის მიერ მოპასუხისათვის იურიდიული მომსახურების გაწევის ფაქტი, არამედ მოპასუხის არაკეთილსინდისიერების ფაქტიც, რაც გამოიხატა მის მიერ სასამართლო სხდომაზე სიცრუის თქმაში სასამართლოს შეცდომაში შეყვანის მიზნით;

20.4. წინამდებარე საქმეში ხელშეკრულება, სადაც გარიგების პირობები და წესი იქნებოდა განსაზღვრული, მატერიალურად არ არსებობს, შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობის საფუძველი კანონისმიერი დანაწესიდან გამომდინარეობს და არა დავალების ხელშეკრულებიდან. აქედან გამომდინარე, უკანონოა ხანდაზმულობაზე მითითებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მოსარჩელე ანაზღაურებას ითხოვს არა სახელშეკრულებო, არამედ კანონისმიერი დანაწესიდან გამომდინარე. მოსარჩელის მოთხოვნაზე მოქმედებს ათწლიანი ხანდაზმულობის ვადა. შესაბამისად, სახელშეკრულებო ურთიერთობის სამწლიან ხანდაზმულობის ვადაზე მითითება და ამის საფუძველზე, კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგოდ, გადაწყვეტილების გამოტანა უკანონო და დაუსაბუთებელია;

20.5. ასეც რომ არ იყოს, ხანდაზმულობის ვადა მაინც არ არის დარღვეული, რადგან მოსარჩელის მოთხოვნის წარმოშობის მომენტად უნდა ჩაითვალოს არა 2017 წელი, როდესაც იურიდიული მომსახურება იქნა გაწეული, არამედ 2023 წლის 27 მაისი, როდესაც მოსარჩელე ბოლოს შეხვდა მოპასუხეს, ვინაიდან კასატორმა მისი უფლების დარღვევის შესახებ სწორედ ამ დროს შეიტყო. შეხვედრისას მოსარჩელემ მოპასუხეს ჰკითხა როდის აპირებდა ვალდებულების შესრულებას, რა დროსაც მან ჰონორარის გადახდის ვალდებულების არსებობა უარყო, რასაც მანამდე ყოველთვის აღიარებდა და მოსარჩელეს ჰპირდებოდა შესრულებას.

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

22. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია. წინამდებარე საქმეში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია იურიდიული მომსახურების საფასურის (ჰონორარის) ანაზღაურებაზე უარის თქმის მართლზომიერება. კასატორის ძირითადი პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ სასამართლომ მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა არასწორად დააკვალიფიცირა დავალების სახელშეკრულებო ურთიერთობად და მას ასევე არასწორად დაუკავშირა სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა. მისი მტკიცებით, სადავო სამართალურთიერთობა წარმოადგენს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე დავას, რა შემთხვევაშიც გამოიყენება ხანდაზმულობის საერთო 10-წლიანი ვადა; კასატორი ხანდაზმულობასთან მიმართებით (ხანდაზმულობის დაწყების ვადა) აგრეთვე სადავოდ ხდის მოსარჩელის მოთხოვნის წარმოშობის მომენტს. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს (იხ. სუსგ საქმე Nას-1529-1443-2012, 09 დეკემბერი, 2013 წელი; დიდი პალატის გადაწყვეტილება Nას-664-635-2016, 02 მარტი, 2017 წელი, §187). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა. სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით უნდა გაარკვიოს თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან, ზიანის მიყენებიდან (დელიქტი), უსაფუძვლო გამდიდრებიდან თუ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზების პირობებში (იხ. სუსგ საქმე Nას-1298-2018, 22 მარტი, 2019 წელი; Nას-313-2021, 30 ივნისი, 2021 წელი). მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ განსახილველი დავა უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე დავას წარმოადგენს და განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება ხდება მოთხოვნის სხვა საფუძვლებთან სუბსიდიარულად, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის შესაძლო დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი (მოთხოვნათა კონკურენცია), უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის ნორმების, როგორც მოთხოვნის საფუძვლის, გამოყენება ბოლოს უნდა განხორციელდეს, ანუ მას შემდეგ, რაც გამოირიცხება მოთხოვნის დაკმაყოფილება სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძვლებიდან (იხ. სუსგ საქმე Nას-1249-1269-2011, 04 აპრილი, 2012 წელი). წინამდებარე საქმეში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის გაწეული იურიდიული მომსახურების საფასურის (ჰონორარის) ანაზღაურება. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ 2017 წლის 26 აპრილს მოსარჩელის მიმართ ერთი წლის ვადით გაიცა მინდობილობა, რომლის საფუძველზეც, 2017 წლის 09 ივნისს მოსარჩელემ, როგორც დაინტერესებული პირის, მოპასუხის წარმომადგენელმა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შეიტანა განცხადება უძრავ ქონებაზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილებების რეგისტრაციისა და საჯარო რეესტრის ამონაწერის გაცემის თაობაზე. ამდენად, მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებიდან, რაც, თავისი არსით, დავალების ხელშეკრულებაა. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომ განსახილველი დავის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს დავალების მარეგულირებელი ნორმები (სსკ-ის 709-723-ე მუხლები). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იურიდიული მომსახურების საფასურის (ჰონორარი) ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე [დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე] და 710-ე [მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში; გასამრჯელო ჩაითვლება უსიტყვოდ შეთანხმებულად, თუ გარემოებათა მიხედვით მოქმედების შესრულება მხოლოდ გასამრჯელოთი არის მოსალოდნელი; თუ გასამრჯელოს ოდენობა არ არის განსაზღვრული, მაშინ რაიმე ნიხრის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სანიხრო გასამრჯელო, ისევე, როგორც ნიხრის არარსებობისას – ჩვეულებრივი გასამრჯელო] მუხლები. აღნიშნული კი, ზემოთ მითითებული განმარტებიდან გამომდინარე, გამორიცხავს წინამდებარე საქმის მიმართ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების, როგორც მოთხოვნის საფუძვლის, გამოყენების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს სპეციალურ მოთხოვნას დავალების ხელშეკრულების ფორმის თაობაზე, შესაბამისად, იგი შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით. ამრიგად, ის გარემოება, რომ მხარეთა შორის იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება გაფორმდა ზეპირი ფორმით, წინამდებარე დავის სამართლებრივ საფუძველს არ ცვლის. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის მიერ განსახილველი სარჩელი აღძრულია ხანდაზმულობის კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ხანდაზმულობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების აღდგენა. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით კანონმდებლის მიზანია გამოირიცხოს კრედიტორის უფლებების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა, ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას. ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (იხ. სუსგ საქმე Nას-1144-1090-2014, 23 თებერვალი, 2015 წელი). ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. ხანდაზმულობის ვადის საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას. ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში. ვინაიდან განსახილველი დავა დავალების სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარეობს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მის მიმართ მართებულად გაავრცელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხია, თუ საიდან აითვლება ხანდაზმულობის ვადა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ე.ი თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს. ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა. ამასთან, მხოლოდ სუბიექტურ ფაქტორზე - უნდა შეეტყო, მაშინ შეიძლება დაყრდნობა, თუ სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია ობიექტური ფაქტორის განსაზღვრა (იხ. სუსგ საქმე Nას-158-154-2016, 10 თებერვალი, 2017 წელი; Nას-498-466-2017, 19 ივლისი, 2018 წელი). საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ მან იურიდიული მომსახურების საფასურის ანაზღაურების თაობაზე მისი უფლების დარღვევის შესახებ შეიტყო 2023 წლის მაისში, როცა მოპასუხემ უარყო მოსარჩელის მიმართ ვალდებულების არსებობის ფაქტი (რასაც, კასატორის განმარტებით, მოპასუხე მანამდე ყოველთვის აღიარებდა და მოსარჩელეს ჰპირდებოდა შესრულებას), ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები. შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ არის დადგენილი მხარეთა შორის იურიდიული მომსახურების საფასურის ანაზღაურების კონკრეტულ ვადაზე შეთანხმების ფაქტი, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოსარჩელეს მისი უფლების დარღვევის შესახებ უნდა შეეტყო მინდობილობის ვადის ამოწურვის (26.04.2018წ.) ან უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლების რეგისტრაციის (13.10.2017წ.) შემდგომ. აღნიშნული დროიდან სარჩელის აღძვრამდე (11.08.2023წ.) კი, გასულია კანონით (სსკ-ის 129.1 მუხლი) დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის დავალიანების დაკისრების თაობაზე არ არის განხორციელებადი, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში დადგინდა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობა, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად აღარ მიიჩნევს სარჩელის საფუძვლიანობაზე მსჯელობას. კასატორი აგრეთვე ითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 მარტის საოქმო განჩინების გაუქმებას. აღნიშნული საოქმო განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა მოწმის დაკითხვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ შუამდგომლობა ვერ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის [სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები; სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა] დანაწესს, ხოლო კასატორს სააპელაციო სასამართლოს მითითებული მსჯელობის საწინააღმდეგო შედავება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, მისი მოთხოვნა დასახელებული საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 600 ლარის 70% – 420 ლარი. მოპასუხე საკასაციო შესაგებლით შუამდგომლობს სასამართლოსგარეშე ხარჯის კასატორისათვის დაკისრების თაობაზე. კერძოდ, იგი ითხოვს მის მიერ საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე გაღებული იურიდიული მომსახურების ხარჯის კასატორისათვის დაკისრებას. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სამართალწარმოების კონკრეტულ ეტაპზე, რომელიც საკასაციო განაცხადის დასაშვებობის შემოწმებას ეხება, რა დროსაც სასამართლო ვალდებულია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391.5. მუხლის წინაპირობების მიხედვით, შეამოწმოს და დაადგინოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე არც სასამართლოსა და არც მხარეთა მიერ არ ხდება ადამიანური და დროითი რესურსების იმგვარი გამოყენება, როგორც ამას საჭიროებს საქმის არსებითი განხილვა. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო სამართალწარმოების მოცემული ეტაპის, დავის საგნის ღირებულებისა და სირთულის გათვალისწინებით, ადვოკატის მომსახურების ხარჯი უნდა ანაზღაურდეს 100 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ი.გ–ძეს (პ.ნ. ..........) დაუბრუნდეს მის მიერ 2025 წლის 07 ივლისს №28184023517 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარისა და 2025 წლის 15 სექტემბერს №29319581246 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის, ჯამში 600 ლარის 70% – 420 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150;

3. ზ.ც–ძის შუამდგომლობა სასამართლოსგარეშე ხარჯის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს და ი.გ–ძეს ზ.ც–ძის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად 100 ლარის გადახდა;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლევან ნემსაძე

მოსამართლეები: მიხეილ ჯინჯოლია

ბადრი შონია