საქმე №ას-1140-2025
28 ნოემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან ნემსაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მიხეილ ჯინჯოლია, ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ი–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „სააგენტო“, „მეიჯარე“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ი–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „მოიჯარე“) მიმართ საიჯარო ქირის - 2536,31 ლარისა და პირგასამტეხლოს 8042,1 ლარის დაკისრების მოთხოვნით. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, საიჯარო ქირისა და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის - 2 536, 31 ლარისა და პირგასამტეხლოს - 842,1 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:6.1. მხარეთა შორის 2021 წლის 04 ნოემბერს დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ......... მდებარე 2286 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ. ……..) ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 17 ოქტომბრამდე პერიოდით მოიჯარისათვის იჯარის უფლებით გადაცემა;
6.2. ხელშეკრულების 2.1 მუხლის თანახმად, ქონებით სარგებლობისათვის გადასახდელი წლიური საიჯარო ქირა შეადგენდა 2100 ლარს, რომლის გადახდაც მოიჯარეს უნდა უზრუნველეყო არაუგვიანეს ყოველი წლის 30 დეკემბრისა;
6.3. ხელშეკრულების 3.1.1 და 3.1.2 მუხლების თანახმად, მოიჯარე ვალდებული იყო: 1) გამოეყენებინა ქონება და მასზე მოწყობილი ინსფრასტრუქტურა 2020 წლის 30 დეკემბრის N10001866 სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ფარგლებში მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების მიზნით; 2) შპს „ჯ.მ–ის” წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველეყო ქონებით შპს „ჯ.მ–ის” უსასყიდლო სარგებლობის შესაძლებლობა მის მიერვე მოთხოვნილი ვადით;
6.4. ხელშეკრულების 3.1.3 მუხლის მიხედვით, მოიჯარე ვალდებული იყო: იჯარის ხელშეკრულების 3.1.1 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დადასტურების მიზნით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წელიწადში, შემდგომ ყოველ 2 წელიწადში ერთხელ, ხოლო თუ ხელშეკრულებით განსაზღვრული იჯარის უფლების მოქმედების ვადის ამოწურვამდე დარჩენილი იქნებოდა 2 წელიწადზე ნაკლები, იჯარის უფლების მოქმედების ამოწურვიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღისა, მეიჯარისათვის წარედგინა ხელშეკრულების 4.4 მუხლით განსაზღვრული შესაბამისი აუდიტორული დასკვნა ან/და სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ასახავდა ხელშეკრულების 3.1.1 მუხლით დადგენილი ვალდებულების შესრულებას;
6.5. ხელშეკრულების 3.1.4 მუხლის შესაბამისად, მოიჯარე ვალდებული იყო: იჯარის ხელშეკრულების 3.1.2 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დადასტურების მიზნით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წელიწადში, შემდგომ ყოველ 2 წელიწადში ერთხელ, ხოლო თუ ხელშეკრულებით განსაზღვრული იჯარის უფლების მოქმედების ვადის ამოწურვამდე დარჩენილი იქნებოდა 2 წელიწადზე ნაკლები, იჯარის უფლების მოქმედების ამოწურვიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღისა მეიჯარისათვის წარედგინა ხელშეკრულების 4.5 მუხლით განსაზღვრული შპს „ჯ.მ–ის” მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ასახავდა ხელშეკრულების 3.1.2 მუხლით დადგენილი ვალდებულების შესრულებას;
6.6. ხელშეკრულების 6.5-6.6 მუხლების შესაბამისად, 3.1.3 და 3.1.4 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მოიჯარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო 50-50 ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
6.7. დადგენილია და სადავო არაა, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ......... მდებარე 2286 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (ს.კ. …..) მიწის ნაკვეთი მოიჯარის მიერ 2020 წლის 30 დეკემბრის N10001866 სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ფარგლებში მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების მიზნით არ გამოყენებულა;
6.8. მოპასუხემ 2023 წლის 12 იანვარს მიმართა მოსარჩელეს და აცნობა, რომ მათ შორის 2021 წლის 04 ნოემბერს დადებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემულ მიწის ნაკვეთს არ იყენებდა და სურდა ხელშეკრულების შეწყვეტა;
6.9. მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება შეწყდა სააგენტოს 2023 წლის 17 იანვრის N1/1-139 ბრძანებით.
7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო საჩივრით სადავოდ იყო გამხდარი მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების 3.1.3 და 3.1.4 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა და აქედან გამომდინარე მოიჯარისათვის ამავე ხელშეკრულების 6.5-6.6 მუხლებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრება. შესაბამისად, უპირველესად უნდა გამორკვეულიყო ჰქონდა თუ არა მოიჯარის მხრიდან ხელშეკრულებით შეთანხმებული ვალდებულების დარღვევას ადგილი.
8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105.1, 105.2 მუხლებით და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევის ფაქტის მტკიცება მოსარჩელის ტვირთს წარმოადგენდა, თუმცა მან ვერ წარადგინა იმგვარი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ მოპასუხემ: 1) ქონება გამოიყენა 2020 წლის 30 დეკემბრის N10001866 სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ფარგლებში მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების მიზნით და არაუგვიანეს 04.11.2022 წლისა, აღნიშნული ვალდებულების შესრულების დადასტურების მიზნით, სააგენტოს არ წარუდგინა შესაბამისი აუდიტორული დასკვნა ან/და სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტი; ასევე, 2) არსებობდა შპს „ჯ.მ–ის“ წერილობითი მოთხოვნა უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაეცა ქონება მის მიერვე მოთხოვნილი ვადით და აღნიშნული ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, მისი დადასტურების მიზნით, არაუგვიანეს 04.11.2022 წლისა სააგენტოს არ წარუდგინა შპს „ჯ.მ–ის“ მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა ვერ შეძლო იმ გარემოების დადასტურება, რომ მოიჯარის მხრიდან ადგილი ჰქონდა იჯარის ხელშეკრულების 3.1.3 და 3.1.4. მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობას, რაც გამორიცხავდა სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
10. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
10.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები და არ დაასაბუთა რატომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი;
10.2. მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების თანახმად, მოიჯარის ვალდებულებას წარმოადგენდა დადგენილ ვადებში მეიჯარისათვის წარედგინა შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ხელშეკრულების შესრულების თაობაზე, ხოლო ასეთი ინფორმაციის წარუდგენლობა ავტომატურად გამოიწვევდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას და მასზე გავრცელდებოდა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დანაწესი. მოპასუხის მიერ სააგენტოში არ ყოფილა წარდგენილი ზემოაღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაცია;
10.3. მოპასუხეს იჯარის ხელშეკრულების 3.1.3 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის ეკისრება პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევის დღიდან (05.11.2022წ.) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, რაც სააგენტოში ინფორმაციის წარდგენის დღისათვის (13.01.2023წ.) შეადგენს 3 500 ლარს; ხოლო, ხელშეკრულების 3.1.4 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის კი, ეკისრება პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევის დღიდან (05.11.2022წ.) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღისთვის (17.01.2023წ.) შეადგენს 3 700 ლარს. ამდენად, მოპასუხეს ხელშეკრულების 3.1.3 და 3.1.4 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო ჯამში ეკისრება 7 200 ლარის გადახდა. სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთებას, რატომ არ დააკისრა სასამართლომ მოიჯარეს აღნიშნული პირგასამტეხლო.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 აგვისტოს განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.17. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სრულად დაკისრებაზე უარის თქმის მართლზომიერება. კერძოდ, ის გარემოება არის თუ არა სახეზე მოპასუხისათვის იჯარის ხელშეკრულების 3.1.3 და 3.1.4 მუხლებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვის წინაპირობები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია. ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება; პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე Nას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი; Nას-1265-1187-2015, 10 თებერვალი, 2016 წელი; Nას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი; Nას-1077-997-2017, 31 ივლისი, 2018 წელი; Nას-31-2021, 07 ივლისი, 2022 წელი; Nას-939-2024, 30 ოქტომბერი, 2024 წელი). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი „affirmanti, non negati, incumbit probatio“ - „მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს“. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მოპასუხემ დაარღვია მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რისთვისაც აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლოს დარიცხვა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ საქმე Nას-406-383-2014, 17 აპრილი, 2015 წელი). მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და იმ გარემოების დადასტურება, რომ მოპასუხემ მოსარჩელესთან დადებული იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები არ შეასრულა. კერძოდ, წინამდებარე საქმეში სადავო არ არის, რომ მოპასუხეს საიჯარო ქონება 30.12.2020წ. N10001866 სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ფარგლებში მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების მიზნით არ გამოუყენებია; მოპასუხემ 2023 წლის 12 იანვარს მოსარჩელეს მიმართა და აცნობა, რომ მათ შორის 2021 წლის 04 ნოემბერს დადებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემულ მიწის ნაკვეთს არ იყენებდა და სურდა ხელშეკრულების შეწყვეტა; ამასთან, საქმეში არ არის წარდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება და აღნიშნულ გარემოებაზე არც თავად მოსარჩელეს მიუთითებია, რომ არსებობდა შპს „ჯ.მ–ის“ წერილობითი მოთხოვნა ქონების უსასყიდლო სარგებლობის შესაძლებლობის უზრუნველყოფისა და მოპასუხის მიერ ამ ვალდებულების განხოციელების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება მოიჯარის მხრიდან იჯარის ხელშეკრულების 3.1.3 და 3.1.4 მუხლებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტი, შესაბამისად, არ არსებობს მისთვის იმავე ხელშეკრულების 6.5 და 6.6 მუხლებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვის წინაპირობა. კასატორს აღნიშნულის საწინააღმდეგო სამართლებრივად ვარგისი პრეტენზია არ წარმოუდგენია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე. კასატორი, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
3.
თავმჯდომარე ლევან ნემსაძე
მოსამართლეები: მიხეილ ჯინჯოლია
ბადრი შონია