საქმე №ას-1443-2025
28 ნოემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან ნემსაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მიხეილ ჯინჯოლია, ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – სს „პ.ბ–ი“ (საარბიტრაჟო მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – გ.ნ–ი, გ.ქ–ძე (საარბიტრაჟო მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ოქტომბრისა და იმავე სასამართლოს 2025 წლის 12 ნოემბრის განჩინებები
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „პ.ბ–მა“ (შემდგომში - „საარბიტრაჟო მოსარჩელე“, „ბანკი“ ან „საჩივრის ავტორი“) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა საარბიტრაჟო მოპასუხის - გ.ქ–ძისათვის მისი კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: თბილისი, .........., სადარბაზო 9, სართული 1, ბინა 149ბ, ს.კ. .........., გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა.
2. განმცხადებლის განმარტებით, ბანკმა სარჩელით მიმართა შპს „თ.ს.ი–ს“ მოპასუხეების - გ.ნ–ისა და გ.ქ–ძისათვის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების მოთხოვნით. 21.10.2025წ. დადგენილებით აღნიშნული სარჩელი მიღებულ იქნა განსახილველად; მოპასუხეებს საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებიათ, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა. იმის გათვალისწინებით, რომ საარბიტრაჟო საქმის განხილვა და მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება ჭიანურდება 6 თვიდან ერთ წლამდე, ამ ხნის განმავლობაში შესაძლოა მოპასუხემ გაასხვისოს მისი კუთვნილი ქონება, ან სხვა კრედიტორების მიერ მოხდეს ქონებაზე იძულებითი აღსრულება, რაც გაართულებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. მოპასუხეს სხვა საკრედიტო დაწესებულების მიმართაც გააჩნია ვალდებულება. მის სხვა ქონებაზე რეგისტრირებულია სს „ს.ბ–ის“ იპოთეკა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში ბანკი განცხადებაში არ უთითებდა დავალიანების მოცულობაზე (არ უთითებდა განცხადების წარდგენის დროისათვის რამდენი იყო მოპასუხეთა დავალიანება ბანკის მიმართ), შესაბამისად, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა განცხადების საფუძვლიანობაზე და გამოსაყენებელი უზრუნველყოფის ღონისძიების პროპორციულობაზე, რის გამოც განცხადება ვერ აკმაყოფილებდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
5. საარბიტრაჟო მოსარჩელემ ზემოაღნიშნულ განჩინებაზე წარადგინა საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა.
6. საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
6.1. განმცხადებელმა განცხადებაში დაასაბუთა სსსკ-ის 191-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები;
6.2. საარბიტრაჟო სარჩელის წარმოებისას სააპელაციო სასამართლოსადმი სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნით განცხადების მიღებისა და განხილვის წინაპირობას წარმოადგენს შემდეგი: სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებას თან უნდა ერთვოდეს საარბიტრაჟო საქმის მასალები სრულად (სარჩელი და თანდართული მასალები), მათ შორის, არბიტრაჟის დადგენილება საქმის წარმოებაში მიღების შესახებ. აღნიშნული მოთხოვნის მიზანია სასამართლომ შეამოწმოს სარჩელის საფუძვლიანობა და მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე აკმაყოფილებს თუ არა უზრუნველყოფის მოთხოვნა სსსკ-ის 191-ე მუხლის მოთხოვნებს. განმცხადებელმა დადგენილი ფორმით წარადგინა განცხადება, ასევე, არბიტრაჟის დადგენილება საქმის წარმოებაში მიღების შესახებ და სარჩელი თანდართული მასალებით. წარდგენილი სარჩელის მე-2 გვერდზე დეტალურად არის განმარტებული დავალიანების ოდენობა სარჩელის წარდგენის დროისათვის (16.10.2025წ.) და მის შემდგომ ყოველდღიური ზრდადი სარგებელი:
საკრედიტო ხელშეკრულებაზე სესხი N26.6522
კაპიტალი - 40 770,25 ლარი, პროცენტი 2 376,49 ლარი (16.10.2025წ. მდგომარეობით), პირგასამტეხლო - (03.07.2025წ.-დან 90 დღე) – 423,13 ლარი, სულ 43 569,87 ლარი; სესხზე N26.6522 დავალიანება ყოველდღიურად იზრდება ვადაგადაცილებულ კაპიტალზე - 40 770,25 ლარზე წლიური 16,50%-ის დარიცხვით, დღეში 18,43 ლარის ოდენობით; სესხის N26.6522 გაცემის თარიღი 09.10.2024წ.; სესხი ვადაგადაცილებაშია 02.07.2025წ.-დან. გ.ნ–ს დღევანდელი მდგომარეობით გადახდილი აქვს 14 181,83 ლარი (კაპ: 9 229,75 ლარი, პროცენტი 4 898,25 ლარი, პირგასამტეხლო 53,83 ლარი);
6.3. აღნიშნულ გაანგარიშებაში სრულად არის ასახული, როგორც მიმართვის დროს არსებული დავალიანება, ასევე, ყოველდღიური პროცენტი (მიუღებელი შემოსავალი 18,43 ლარი). ამასთან, სარჩელს თან ერთვის ცნობა დავალიანების შესახებ დედნის სახით, რომელიც გაცემულია ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ და რომელიც ასახავს სრულად იმ თანხებს, რაც მითითებულია სარჩელის აღწერასა და სასარჩელო მოთხოვნაში;
6.4. განცხადებაში სრულად არის ასახული ის გარემოებები, რაც საფრთხეს უქმნის მომავალში მიღებული არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსრულებას. მოვალეებს სხვა საკრედიტო ვალდებულებები უკვე გააჩნიათ (წარდგენილია იპოთეკით დატვირთული ქონების ამონაწერი) და ვინაიდან ბანკის მოთხოვნა არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი, მოვალეები შეიტყობენ თუ არა, რომ ბანკმა მიმართა არბიტრაჟს საკრედიტო მოთოვნის დაკისრების მოთხოვნით, მათ სახელზე არსებული ქონება გადაფორმდება მესამე პირებზე.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ნოემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსაბუთებლობის გამო საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191.1 მუხლით და განმარტა, რომ სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების არსებით წინაპირობას წარმოადგენს განმცხადებლის მიერ მისი მოთხოვნის სათანადოდ დასაბუთება და მკაფიოდ განმარტება. სარჩელის უზრუნველყოფა დამოკიდებულია ვარაუდზე, რომ შესაძლოა მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნებისაგან თავის დაღწევის მიზნით, განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც საბოლოოდ შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლო არ იკვლევს სარჩელის საფუძვლიანობას და მის დასაბუთებულობას, არამედ ხელმძღვანელობს სამართლებრივი დასკვნით, რომ შესაძლოა სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს (შდრ. სუსგ Nას-16-354-09, 05.02.09წ.).
9. სააპელაციო პალატის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა ბანკმა და მოითხოვა გ.ქ–ძისათვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ..........., გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა. განმცხადებლის განმარტებით, მოპასუხეებმა - გ.ნ–მა და გ.ქ–ძემ არ შეასრულეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე მიმდინარეობს საარბიტრაჟო წარმოება, კლიენტის მიერ ინფორმაციის გაგებისთანავე არსებობს რისკი, რომ მოწინააღმდეგე მხარე ფორმალურად გაასხვისებს ქონებას, რაც, თავის მხრივ, გაართულებს ან/და შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. ამასთან, ბანკი განცხადებაში არ უთითებდა დავალიანების მოცულობაზე, კერძოდ, არ უთითებდა განცხადების წარდგენის მდგომარეობით რამდენი იყო მოპასუხეთა დავალიანება ბანკის მიმართ. შესაბამისად, სასამართლომ, იმ მოტივით, რომ მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა განცხადების საფუძვლიანობაზე, გამოსაყენებელი უზრუნველყოფის ღონისძიების პროპორციულობაზე, არ დააკმაყოფილა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება. საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, სადავო არ არის მითითებული გარემოება. ამასთან, მხარის განმარტებით, პალატას განცხადებაზე თანდართული მტკიცებულებების (საარბიტრაჟო სარჩელის) შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად შეეძლო დაედგინა არსებული ფულადი ვალდებულების მოცულობა.
10. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს მოპასუხის მიერ შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების მოცულობა, ვინაიდან, აღნიშნულით შესაძლოა განისაზღვროს მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქმედების განხორციელების, შესაბამისად, გადაწყვეტილების აღუსრულებლობის ალბათობის ხარისხი. ლოგიკურია, რომ მცირე მოცულობის დავალიანების არსებობისას მხარეს, შესაძლოა, არც უღირდეს იმ ქმედების განხორციელება, რაზეც უთითებს განმცხადებელი. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება, იმ ვითარებაში, როდესაც განცხადება შეიცავს მხოლოდ ზოგად მითითებას ფულადი ვალდებულების დარღვევის თაობაზე (მოთხოვნის კონკრეტიზაციის გარეშე), განაპირობებს კრედიტორის პოზიციის უპირობოდ გაზიარებას, ასეთ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება გამოიწვევს ისეთი უმნიშვნელოვანესი პრინციპის დარღვევას, როგორიცაა თანასწორობის პრინციპი.
11. საჩივრის ავტორის იმ არგუმენტთან მიმართებით, რომ სასამართლოს უნდა შეესწავლა განცხადებაზე თანდართული მტკიცებულებები, კერძოდ, გაცნობოდა საარბიტრაჟო სარჩელის შინაარს, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას სასამართლო, გარკვეული გამონაკლისის გარდა (კომპეტენციისა და საკუთრების უფლების დადგენის მიზნით საარბიტრაჟო შეთანხმების და საჯარო რეესტრიდან ამონაწერის გამოკვლევა), არ იკვლევს განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტაციას. იმ შემთხვევაში კი, თუ სავალდებულოდ იქნება მიჩნეული (საარბიტრაჟო) სარჩელის შინაარსის შესწავლა, შესაბამისად, სავალდებულო ხასიათს მიიღებს მისი საფუძვლიანობისა და დასაბუთებულობის შემოწმება, რაც საქმის წარმოების ამ ეტაპზე დაუშვებელია.
12. სააპელაციო პალატის განმარტებით, მხარემ მიუთითა, რომ საჩივრის მე-2 გვერდის მე-3 აბზაცში გამუქებულად არის დაკოპირებული, თუ რა თანხის მოთხოვნა აქვს ბანკს დაყენებული მოვალეების მიმართ თარიღების მიხედვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებაზე შეტანილი საჩივრის შინაარსს და ამომწურავად ჩამოთვლის იმ საკითხებს, რომელთაც უნდა შეიცავდეს მოწინააღმდეგე მხარის საჩივარი. აღნიშნული ნორმის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჩივარში უნდა აღინიშნოს გარემოებები, რომელთა გამოც უნდა გაუქმდეს ან შეიცვალოს განჩინება უზრუნველყოფის შესახებ, რაც არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც აღნიშნული გარემოებების თაობაზე საჩივარში მხოლოდ ზოგადი მითითება, არამედ იგი გულისხმობს მხარის მიერ არგუმენტირებული პოზიციის ჩამოყალიბებას, რომლითაც სარწმუნოდ დადასტურდება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე მიღებული განჩინების არამართებულობა. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება, თავისი სამართლებრივი ბუნებით, არ წარმოადგენს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებას, შესაბამისად, საჩივარი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ხარვეზის შევსების განცხადებად. საჩივარი უნდა შეიცავდეს მითითებას იმ უსწორობების თაობაზე, რაც, საჩივრის ავტორის აზრით, დაუშვა სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში. ამ მსჯელობიდან გამომდინარე კი, საჩივარში თანხის მითითებით არ შეიძლება აღმოიფხვრას ის, რაც წარმოადგენდა განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
13. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელი იყო და მასში მითითებული მოტივაცია არ წარმოადგენდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
17. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც განმცხადებელს უარი ეთქვა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე.
18. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ „არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება სსსკ-ის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება, ასევე, უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში, სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე, გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
20. დასახელებული სამართლებრივი ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის (მათ შორის, საარბიტრაჟო სარჩელის) უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ.
21. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დასაბუთება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის - სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
22. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იყოს უზრუნველყოფის ღონისძიების, როგორც საპროცესო სამართლებრივი ინსტიტუტის, მთავარი პრინციპი − აღსრულდეს სასამართლო გადაწყვეტილება, თუმცა, იმავდროულად, უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის ადეკვატური. დაუშვებელია, უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და, ამგვარად, მხარეთა არათანაბარ პირობებში ჩაყენება. ამასთან, უნდა არსებობდეს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ღონისძიების გამოყენების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან მნიშვნელოვანწილად გაძნელდება მისი აღსრულება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე განცხადება საჭიროებს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებით დასაბუთებას, რომელიც დაარწმუნებს სასამართლოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროებაში.
23. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარეთა ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.
24. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი, ასევე, უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს (იხ. სუსგ საქმე Nას-459-438-2015, 17 ივნისი, 2015 წელი; Nას-754-722-2016, 13 სექტემბერი, 2016 წელი). უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის დამოკიდებული სარჩელის საბოლოო ბედზე და მისი გამოყენება ემყარება მხოლოდ სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს(იხ. სუსგ საქმე Nას-942-2019, 01 აგვისტო, 2019 წელი).
25. განსახილველ შემთხვევაში, ბანკი/საარბიტრაჟო მოსარჩელე საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით ითხოვდა საარბიტრაჟო მოპასუხის - გ.ქ–ძისათვის მისი კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ..........., ს.კ. .........., გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვას. განმცხადებლის განმარტებით, მას აღძრული აქვს საარბიტრაჟო სარჩელი გ.ქ–ძისა და გ.ნ–ის მიმართ დავალიანების დაკისრების მოთხოვნით, რომელიც განსახილველად არის მიღებული. განმცხადებლის მტკიცებით, მოპასუხეებმა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულეს, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე საარბიტრაჟო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება, ვინაიდან მოპასუხემ შესაძლოა გაასხვისოს მისი კუთვნილი ქონება; ამასთან, მოვალეს სხვა საკრედიტო ვალდებულებებიც გააჩნია.
26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება წარმოადგენს მხარის კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობის შეზღუდველ გარემოებას, მასზე მსჯელობისას და მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, სასამართლოს, განმცხადებლის მითითების საფუძველზე, უნდა შეექმნას მყარი შინაგანი რწმენა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების გამოუყენებლობა შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას. აღნიშნული მითითება, მათ შორის, გულისხმობს კრედიტორის მიმართ შესასრულებელი ვალდებულების მოცულობაზე მითითებას, რათა სასამართლოს ჰქონდეს შესაძლებლობა იმსჯელოს გამოსაყენებელი უზრუნველყოფის ღონისძიების პროპორციულობაზე.
27. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოცემულ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ განმცხადებელს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაში არ მიუთითებია დავალიანების მოცულობაზე, მისი მოთხოვნა ემყარება მხოლოდ ზოგად ვარაუდებს,
28. ის გარემოება, რომ ერთ-ერთ მოპასუხეს სხვა საკრედიტო ვალდებულებაც გააჩნია, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკმარის საფუძვლად. საჩივრის ავტორს, არც თავდაპირველ განცხადებაში და არც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ოქტომბრის განჩინებაზე წარდგენილ საჩივარში არ მიუთითებია რაიმე დამაჯერებელი არგუმენტი, რაც დაასაბუთებდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას.
29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებებს საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „პ.ბ–ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ოქტომბრისა და იმავე სასამართლოს 2025 წლის 12 ნოემბრის განჩინებები დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლევან ნემსაძე
მოსამართლეები: მიხეილ ჯინჯოლია
ბადრი შონია