საქმე №ას-1009-2024
29 სექტემბერი 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს.ჯ.გ–ი“ (მოპასუხე)
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 06 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდეგში ტექსტში მოხსენებული, როგორც „მოსარჩელე", „აპელანტი“, „კასატორი“) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, შპს „ს.ჯ.გ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენებული, როგორც „მოპასუხე", „მოწინააღმდეგე მხარე“) მიმართ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3.2 აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 06 ივნისის განჩინებით, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება.
4.2 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:
4.2.1 საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს ,,ს.ს.კ–ას“ შორის 2021 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საფუძველზე, კომპანია ახორციელებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ132 (131+473)-ზე არსებული რკინიგზის გზაგამტარის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლის სახელშეკრულებო თანხა შეადგენს 1 465 049 ლარს დღგ-ს ჩათვლით, ხოლო სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია 2022 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი.
4.2.2 ობიექტზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობისას დღის წესრიგში დადგა სამშენებლო მონაკვეთის ფარგლებში არსებული, შპს ,,ს.ჯ.გ–ის“ კუთვნილი კომუნიკაციების გადალაგების აუცილებლობა, რაზეც 2021 წლის 28 სექტემბრის N35/21 წერილით კონტრაქტორმა მიმართა სოკარს და განმარტა, რომ აუცილებელია მოპასუხის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი აირის გამტარი მილის გადატანა უსაფრთხო მანძილზე და მოითხოვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
4.2.3 2021 წლის 6 ოქტომბრის წერილით მოპასუხემ კომპანიას გასცა პასუხი, რომ დაინტერესებული მხარის მიერ თანხის გადახდაზე თანხმობის შემთხვევაში, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე სოკარი მზად არის განახორციელოს აღნიშნული სამუშაოები. კომპანიამ ასევე მიმართა დეპარტამენტს 2021 წლის 04 ოქტომბრის წერილით და ითხოვა მოპასუხესთან შუამდგომლობა მილის გადატანის სამუშაოების შესრულებაზე. დეპარტამენტმა 2021 წლის 18 ოქტომბრის წერილით სოკარს მოსთხოვა არსებული კომუნიკაციის გადატანა, რაზედაც მოპასუხემ 2021 წლის 18 ოქტომბრის წერილით უპასუხა, რომ მილები გაყვანილია სამშენებლო წესებისა და ნორმების დაცვით და განთავსებულია მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით. ამასთან, აღნიშნა, რომ გაზსადენის რეკონსტრუქცია არ წარმოადგენს შპს ,,ს.ჯ.გ–ის“ ვალდებულებას და მშენებელი კომპანიის მხრიდან მათ კომპანიასთან შეთანხმების გარეშე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების ან/და გაზსადენის დაზიანების შემთხვევაში შპს ,,ს.ჯ.გ–ი“ იტოვებს უფლებას მიმართოს სამართალდამცავ სტრუქტურებს და ზიანის დადგომის შემთხვევაში მიმართოს კანონით გათვალისწინებულ ზომებს. აქვე კომპანიამ გამოთქვა მზადყოფნა, დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი თანხმობის გაცემის და გაზსადენის განლაგების პროექტის შეთანხმების შემდგომ და ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული თანხის ანაზღაურების შემთხვევაში მზად არის შეასრულოს წერილით მოთხოვნილი სამუშაოები.
4.2.4 კომპანიამ 2021 წლის 26 ნოემბრის წერილით მიმართა შპს ,,ს.ჯ.გ–ს“ და განაცხადა, რომ თანახმაა აანაზღაუროს ბუნებრივი აირის გამტარი მილის გადატანის მომსახურების ღირებულება და ითხოვა დაჩქარებული წესით ხელშეკრულების გაფორმება და შესაბამისი მომსახურების გაწევა.
4.2.5 აღნიშნულის საპასუხოდ, შპს ,,ს.ჯ.გ–მა“ შპს ,,ს.ს.კ–ას“ მიმართა 2022 წლის 22 მარტის წერილით, რომელშიც აღნიშნულია, რომ მისი კონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ მომზადებული პროექტი და გაზსადენის გადალაგების სქემა, რაც გაგზავნილ იქნა სხვადასხვა საკომუნიკაციო ორგანიზაციებში შესათანხმებლად, მათ შორის სს ,,ს.რ–ში“. აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხემ, საქართველოს რკინიგზის დირექტორთა საბჭოს 2018 წლის 28 მაისის N29/21 დადგენილებით მოითხოვა სარკინიგზო ინფრასტრუქტურის საინჟინრო კომუნიკაციით გადაკვეთის განხილვის საფასური 1000 ლარის ოდენობით და მისი განთავსებისა და რეგისტრაციის საფასური 500 ლარის ოდენობით - სულ 1500 ლარის ჩარიცხვა წერილში მითითებულ საბანკო ანგარიშზე და შესაბამისი თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
4.2.6 კომპანიასა და შპს ,,გ.კ–ს“ შორის 2021 წლის 01 დეკემბერს, გაფორმდა ხელშეკრულება რელოკაციის სამუშაოების შესრულების შესახებ ღირებულებით - 1850 ლარი, ასევე 2021 წლის 08 ივნისს, გაფორმდა იმავე მხარეებს შორის ხელშეკრულება რელოკაციის სამუშაოების შესრულების შესახებ ღირებულებით - 11 684.39 ლარი, ჯამში
ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა - 13 534.39 ლარი.
4.2.7 საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 07.09.2022 წელს წერილით მიმართა შპს ,,ს.ჯ.გ–ს“. წერილში დეპარტამენტი მიუთითებს მოპასუხეს, რომ მას საავტომობილო გზების კანონის 22-ე მუხლიდან გამომდინარე უნდა ჰქონოდა დეპარტამენტის მიერ გაცემული ტექნიკური პირობა მილების განთავსებაზე, რაც მას არ წარმოუდგენია, შესაბამისად, მილების განთავსებასთან დაკავშირებით შპს ,,ს.ჯ.გ–ს“ არ გააჩნია დეპარტამენტის მიერ გაცემული თანხმობა. თბილისი- სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზა არის საერთაშორისო მნიშვნელობის, რომელიც ოდითგანვე არის გზების დეპარტამენტის ბალანსზე, შესაბამისად აღნიშნული ბუნებრივი აირის გამტარი მილების განთავსება უნდა ყოფილიყო შეთანხმებული გზების დეპარტამენტთან. წერილში აღნიშნულია, რომ მოპასუხეს ეგზავნება ბუნებრივი აირის გამტარი მილების გადატანის დოკუმენტაცია, თანხის გადარიცხვის ქვითრები, ასევე შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების ბარათი N13, რომლის მეორე თავის მე-8 პუნქტში მითითებულია არსებულ ხიდზე განთავსებული ბუნებრივი აირის გამტარი კვანძის გადატანა უსაფრთხო მანძილზე, რომლის ანაზღაურებული თანხა შეადგენს 9 654.73 ლარს, დანარიცხების გარეშე, ხოლო დანარიცხების ჩათვლით 13 534.39 ლარს. მოსარჩელემ ზემოაღნიშნული წერილით მოსთხოვა მოპასუხეს 5 სამუშაო დღის ვადაში ზემოაღნიშნული თანხის შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხვა.
4.2.8 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს MIA 3 22 02225616 ცნობის შესაბამისად, მოპასუხის სახელზე ირიცხება მოძრავი ქონება -გაზსადენი.
4.3 სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველი დავა დელიქტური სამართლით
მოსაწესრიგებელ საკითხთა წრეს მიეკუთვნება.
4.4 პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ სადავო გარემოება იმის თაობაზე, რომ შპს ,,ს.ჯ.გ–ის“ არ ეკისრება ვალდებულება აანაზღაუროს მოსარჩელის მიერ გაზსადენის გადაადგილებისათვის/გადატანისათვის გაწეული ხარჯი, ჯამში - 13 534.39 ლარის ოდენობით.
4.5 პალატამ ყურადღება მიაქცია მოსარჩელე მხარის/აპელანტის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ "საავტომობილო გზების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლით მოპასუხეს/მოწინააღმდეგე მხარეს უნდა გააჩნდეს დეპარტამენტის მიერ გაცემული ტექნიკური პირობა მილების განთავსებაზე, რაც არ ყოფილა წარმოდგენილი, რამდენადაც, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზა არის საერთაშორისო მნიშვნელობის, რომელიც ირიცხება გზების დეპარტამენტის ბალანსზე, შესაბამისად, აღნიშნული ბუნებრივი აირის გამტარი მილების განთავსება უნდა ყოფილიყო შეთანხმებული დეპარტამენტთან. მითითებული კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, „საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მოდერნიზაციისას კომუნიკაციების გადატანა ხორციელდება იმ ორგანიზაციების ძალებით, რომელთა ბალანსზეც ირიცხება კომუნიკაციები, საგზაო ორგანოებთან ხელშეკრულების საფუძველზე; თუ კომუნიკაციები მოწყობილია არსებული ნორმების დარღვევით, მათი გადატანა ხდება მესაკუთრის ძალებითა და ხარჯებით.“ რამდენადაც, მესაკუთრეს არ გააჩნია კანონის 22-ე მუხლის დანაწესით გათვალისწინებული ტექნიკური პირობა, აპელანტი მხარის მტკიცებით, ეს ნიშნავს, რომ კომუნიკაცია მოწყობილია არსებული ნორმების დარღვევით და მათი გადატანა უნდა მომხდარიყო მოპასუხის/მესაკუთრის ძალებით და ხარჯებით.
4.6 ზემოაღნიშნულთან მიმართებით, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, 2015 წლის 14 მაისის, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის N1524 ბრძანებით დასტურდება, რომ აღნიშნული გაზსადენის მშენებლობა და შემდგომი ექსპლუატაცია განხორციელებულია კანონიერად და ხაზოვანი ნაგებობა წარმოადგენს კანონიერ ნაგებობას. გაზის მილების განთავსების და მომმარაგებელი ქსელის მშენებლობის სამართლებრივ ასპექტებს და ურთიერთობებს, მათ შორის ხაზოვანი ნაგებობის მშენებლობას გააჩნია რეგულირების საჯარო სამართლებრივი ბუნება. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებს, მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებას არეგულირებს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილება მშენებლობის ნებართვის გაცემის და სანებართვო პირობების შესახებ, რომლის 66-ე მუხლის პირველი პუნქტით, პირველი კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები ამავე მუხლის პრიმა პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, პირველი კლასის ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში, როცა იგეგმება საზოგადოებრივი სივრცის გამოყენება დამკვეთზე გაიცემა შესაბამისი თანხმობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან კონკრეტულ შემთხვევაში არსებულ მისამართზე გაზიფიცირების სამუშაოების წარმოებაზე გაცემულია შესაბამისი თანხმობა, რომლითაც დასტურდება გაზმომარაგების ქსელის განსათავსებლად შესრულებული სამუშაოების კანონთან შესაბამისობა. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო მართებულად არ დაეთანხმა მოსარჩელე მხარის განმარტებას მასზედ, რომ კომუნიკაციები მოწყობილია არსებული ნორმების დარღვევით და სწორად დაასკვნა, რომ გაზის ქსელი, ხაზობრივი ნაგებობა, განთავსებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, რაც არ წარმოშობს შპს „ს.ჯ.გ–ის“ ხარჯებით გაზსადენის გადაადგილების საფუძველს. მართალია, მოსარჩელემ მიმართა შპს ,,ს.ჯ.გ–ის“ გაზსადენის გადატანის მოთხოვნით, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ გაზსადენი აშენებული, ექსპლუატაციაში მიღებული და ჩაბარებულია მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციების დაცვით შპს ,,ს.ჯ.გ–ის“ გაზსადენის გადატანის ვალდებულება საკუთარი სახსრებით, არ გააჩნია.
4.7 ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა საქმის განხილვისას ვერ დაადასტურა, რომ შპს „ს.ჯ.გ–ის“ მიერ თავის დროზე გაზმომარაგების ქსელის განსათავსებლად შესრულებული სამუშაოები კანონთან შეუსაბამო იყო, რასაც უნდა გამოეწვია მისი მხრიდან დამატებითი ხარჯების გაღება და დაქვემდებარებოდა "საავტომობილო გზების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ პირობებს. რამდენადაც, მოსარჩელის მოთხოვნით სარეკონსტრუქციო/გადატანის სამუშაოები შესრულდა მასსა და შპს „გ.კ–ს“ შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, საქმის განხილვისას კი დადგინდა, რომ სადავო ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ სამუშაოების შესრულებაზე ხარჯის გაწევა წარმოადგენდა მოსარჩელის, როგორც დამკვეთის ვალდებულებას, მის ხარჯს და არა შპს „ს.ჯ.გ–ის“ ვალდებულებას "საავტომობილო გზების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ პირობების ფარგლებში.
5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 06 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5.2 კასატორის განმარტებით, პალატამ ვერ დაასაბუთა, რატომ მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ სოკარს არ ეკისრება ვალდებულება აანაზღაუროს მოსარჩელის მიერ გაზსადენის გადაადგილებისათვის/გადატანისათვის გაწეული ხარჯი, ჯამში 13 534.39 ლარის ოდენობით.
5.3 კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომლითაც დაეთანხმა სასამართლოს, რომ გაზის ქსელი, ხაზობრივი ნაგებობა, განთავსებული იყო კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, რაც არ წარმოშობდა კომპანიის ხარჯებით გაზსადენის გადაადგილების საფუძველს.
5.4 კასატორის მოსაზრებით, კომპანიის მიერ, გაზმომარაგების ქსელის განთავსება განხორციელდა „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნორმების დარღვევით, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, მესაკუთრეს არ გააჩნია კანონის 22-ე მუხლის დანაწესით გათვალისწინებული შეთანხმება/ტექნიკური პირობა და შესაბამისად კომუნიკაცია მოწყობილი იყო არსებული ნორმების დარღვევით და მათი გადატანა უნდა მომხდარიყო მოპასუხის/მესაკუთრის ძალებით და ხარჯებით. შესაბამისად, კომპანიამ დაზოგა (უსაფუძვლოდ გამდიდრდა) დეპარტამენტის მიერ გადახდილი - 13 534.39 ლარი დღგ-ს ჩათვლით (1 850 + 11 684.39).
5.5 კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რადგან არსებობს თანხმობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან, ეს არის იმის დასტური, რომ კომუნიკაციები მოწყობილია არსებული ნორმების შესაბამისად.
5.6 კასატორი განმარტავს, რომ საქართველოს საკანონმდებლო აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ. აღნიშნულის გათვალისწინებით ის ფაქტი, რომ დადგენილებაში მითითებულია, პირველი კლასის ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევა, როცა იგეგმება საზოგადოებრივი სივრცის გამოყენება დამკვეთზე გაიცემა შესაბამისი თანხმობა და კომპანიას ეს თანხმობა მიღებული აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან არ ათავისუფლებს კომპანიას „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნის შესრულებისგან, რომლის შესაბამისად: საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს) გზების მფლობელთან შეუთანხმებლად აკრძალულია კომუნიკაციების გაყვანა, ახლის აშენება და არსებული ნაგებობების შეკეთება (მილსადენების, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი ხაზების), ხოლო მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს არ აქვს გზების მფლობელის თანხმობა.
5.7 კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატა სრულიად უსაფუძვლოდ არ ეთანხმება აპელანტის მოსაზრებას, რომ „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს უნდა გააჩნდეს დეპარტამენტის მიერ გაცემული ტექნიკური პირობა მილების განთავსებაზე (აკრძალულია შეუთანხმებლად ამის გაკეთება), რაც არ ყოფილა წარმოდგენილი, რამდენადაც, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზა არის საერთაშორისო მნიშვნელობის, რომელიც ირიცხება გზების დეპარტამენტის ბალანსზე, შესაბამისად, აღნიშნული ბუნებრივი აირის გამტარი მილების განთავსება უნდა ყოფილიყო შეთანხმებული დეპარტამენტთან.
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აგვისტოს განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ)ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის (იხ.სუსგ. ას-638-2024, 21.05.2025წ; ას-497-2025, 06.06. 2025წ.).
11. „სამართლებრივი დავისას სამოქალაქო საქმის განმხილველ მოსამართლეს ორი ამოცანა აქვს დასაძლევი: პირველ რიგში, მან უნდა გამოარკვიოს, თუ რა მოხდა სინამდვილეში. მეორე რიგში კი, მოსამართლემ სამართლებრივად უნდა შეაფასოს ფაქტობრივი გარემოებები და დაადგინოს, არსებობს თუ არა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. მოსარჩელემ სასამართლოს უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნას, მაშინ სარჩელი უკვე ამ საფუძველზე არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასეთ შემთხვევაში მოსამართლეს არა აქვს უფლება, საკუთარი ინიციატივით მოიძიოს სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი გარემოებები და შეაგროვოს მტკიცებულებები. თუ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულია ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ადასტურებენ მოთხოვნის არსებობას, მაშინ უკვე მოპასუხეზეა დამოკიდებული, ამ გარემოებების არსებობის უარყოფა“ (იხ. თომას ჰერმანი, მტკიცებულებითი სამართალი, GIZ, თბილისი, 2016 წ., გვ.3-4).
12. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ.სუსგ.N ას- 1324-2024, 13.12.2024წ.; N ას- 1202-2024, 13.12.2024წ.; N ას-24-2024, 26.12.2024წ.).
13. საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია, მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მართლზომიერება. კერძოდ, მოსარჩელე ითხოვს ბუნებრივი აირის გამტარი მილის გადატანის ხარჯების ანაზღაურებას.
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 317-ე (ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან) და 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), მუხლების დანაწესიდან გამომდინარეობს. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი) (შდრ: სუსგ №ას-258-2021, 20 იანვარი, 2022).
15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია დელიქტური ვალდებულება. არასახელშეკრულებო ზიანის უზოგადესი და ცენტრალური ნორმაა სსკ-ის 992-ე მუხლი, რომელიც განამტკიცებს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და დაზარალებულს (კრედიტორს) ვალდებული პირის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს.
16. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 992-ე მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარი და სტაბილური პრაქტიკა. მითითებული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
17. სსკ-ის 992-ე მუხლით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, ამ მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება (იხ. სუსგ: №ას-1570-2019, 29.05.2020წ.).
18. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა.
19. საკასაციო შედავების თანახმად, ბუნებრივი აირის ქსელის გადატანის ხარჯები უნდა გაეღო მოპასუხე მხარეს, რადგან გაზმომარაგების ქსელის მოწყობა არ იყო შეთანხმებული მოსარჩელესთან, როგორც საავტომობილო გზების მფლობელთან. კასატორი ეყრდნობა „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის დანაწესს, რომლითაც საავტომობილო გზებზე გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს) გზების მფლობელთან შეუთანხმებლად აკრძალულია კომუნიკაციების მოწყობა (გაზმომარაგების ქსელის განთავსება), ანუ კანონი ითვალისწინებს, რომ კომუნიკაციების მოწყობისას, საავტომობილო გზების მფლობელსა კომუნიკაციების მომწყობს შორის უნდა არსებობდეს შეთანხმება, რაც სოკარს არ ჰქონია გაზსადენი ქსელის განთავსების დროს.
20. საკასაციო პალატა, ზემოთ აღნიშნულ პრეტენზიას არ იზიარებს და მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებაზე: ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 14 მაისის N1524 ბრძანებით დაკმაყოფილდა შპს „ს.ჯ–ას“ N726.27.11.2014წლის მიმართვა და ექსპლუატაციაში იქნა მიღებული ხაშურის მკვებავი, მშენებლობადასრულებული საშუალო წნევის გაზსადენი. აღნიშნულიდან გამომდინარე, უტყუარად არის დადასტურებული ის გარემოება, რომ გაზსადენი რომლის გადატანასაც კასატორი ითხოვს, წარმოადგენს კანონიერ ნაგებობას და მისი მშენებლობა განხორციელებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ამასთან აღნიშნული აქტი არ არის შედავებული და გაუქმებული. პალატა, აქვე მოიხმობს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 66-ე მუხლის, მე-6 1 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებს, რომლის თანახმად, I კლასის ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში როცა იგეგმება საზოგადოებრივი სივრცის გამოყენება დამკვეთზე გაიცემა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თანხმობა, რაც შპს „ს.ჯ–ას“ მოპოვებული ჰქონდა.
21. საკასაციო პალატა აქვე ყურადღებას გაამახვილებს 2021 წლის 06 ოქტომბრის NO-SOKAR-AS-LT-2021 10-6/02 წერილზე, რომლითაც შპს „ს.ჯ–ამ“ სამშენებლო კომპანიას განუმარტა, რომ დაინტერესებული მხარის მიერ თანხის გადახდაზე თანხმობის შემთხვევაში, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე სოკარი მზად არის განახორციელოს გაზის მილის გადატანის სამუშაოები (იხ. ტ. I, ს.ფ 79). შპს „ს.ჯ–ამ“ იგივე შინაარსის პასუხი გასცა საავტომობილო გზების დეპარტამენტსაც (იხ. ტ. I, ს.ფ. 82).
22. იმ პირობებში, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან, კონკრეტულ შემთხვევაში, არსებულ მისამართზე გაზიფიცირების სამუშაოების წარმოებაზე გაცემულია შესაბამისი თანხმობა, რომლითაც დასტურდება გაზმომარაგების ქსელის განსათავსებლად შესრულებული სამუშაოების კანონთან შესაბამისობა, უგულებელსაყოფია კასატორის პრეტენზია არსებული კომუნიკაციების მარეგულირებელი ნორმების დარღვევით მოწყობის შესახებ.
23. რაც შეეხება უსაფუძვლო გამდიდრებაზე კასატორის პრეტენზიას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა იმის თაობაზე, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის გამოკვეთილი უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე (ქონებრივი სიკეთის გადანაცვლება) და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა.
24. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია, რომ დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც, ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე. უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილ იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე... უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია – ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას (სუსგ №ას-360-342-2015, 03.06.2015წ; №ას-225-215-2016, 25.05.2016წ; №ას-390-390-2018, 15.05.2018წ; №ას-822-822-2018, 13.05.2019წ; №ას-64-2019, 05.03.2021წ.).
25. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრებაზე კასატორის ჰიპოთეზური მსჯელობა, ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
26. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
27. ყველა ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას და მიუთითებს, რომ საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთმიმართება, ასევე მტკიცებულებათა შეპირისპირება და ერთობლივი გაანალიზება, არ ადასტურებს კასატორის მოთხოვნის საფუძვლიანობას.
28. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
29. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის. 30. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
32. პროცესის ხარჯები
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, პირველი პუნქტის, „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი