Facebook Twitter

საქმე №ას-1030-2024

28 ნოემბერი 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საკასაციო სასამართლომ, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ.ჩ–ამ, სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, მ.ფ–ძის, და სს „ვ...“ მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:

1.1 ბათილად იქნას ცნობილი მ.ფ–ძესა და შპს „ვ...“ შორის თბილისში, ........ მდებარე 107.5 კვ. მეტრ ფართზე (ს/კ: .........) თანასაკუთრების წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2022 წლის 28 აპრილს;

1.2 აღიარებულ იქნას მ.ჩ–ას უპირატესი შესყიდვის უფლება თბილისში, ........... მდებარე 107,5 კვ. მეტრი ფართის უძრავი ქონების (ს/კ ........) მ.ფ–ძის თანასაკუთრების წილზე;

1.3 დაევალოს მ.ფ–ძეს, თბილისში, ............. მდებარე 107,5 კვ. მეტრი ფართის უძრავი ქონების (ს/კ .........) თანასაკუთრების წილზე ნასყიდობის ხელშეკრულების მოსარჩელე მ.ჩ–ასთნ დადება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მ.ჩ–ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი სრულად დაკმაყოფილდება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 აპრილის განჩინებით, მ.ჩ–ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება. მ.ჩ–ას დაუბრუნდა 2023 წლის 29 მარტის N9696 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 5 000 ლარის ოდენობით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.ჩ–ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მ.ჩ–ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 აპრილის განჩინება სასამართლო ხარჯების განაწილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: მ.ჩ–ას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდა ი.მ–ძის მიერ, სს „თ.ბ–ში“, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით, 10/05/2022წ., №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი 3000 ლარი. დანარჩენ ნაწილში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 აპრილის განჩინება, დარჩა უცვლელად;

9. აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული იქნა ტექნიკური ხასიათის უსწორობა. კერძოდ, სარეზოლუციო ნაწილში მითითებული „მ.ჩ–ას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ი.მ–ძის მიერ, სს „თ.ბ–ში“, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით, 10/05/2022წ., №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი 3000 ლარი“ ნაცვლად, მიეთითოს „მ.ჩ–ას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ი.მ–ძის მიერ, სს „თ.ბ–ში“, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით, 10/05/2022წ., №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი 3000 ლარი და მ.ჩ–ას მიერ, სს „თ.ბ–ში“, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით, 29/03/2023წ., №9696 საგადასახადო დავალებით გადახდილი 5000 ლარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

10. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა უნდა გასწორდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს განჩინებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. ამდენად, დასახელებული მუხლის საფუძველზე, სასამართლო მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით გაასწორებს უზუსტობას იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ ამა თუ იმ პროცესუალურ დოკუმენტში დაშვებულ იქნა უსწორობა. აღნიშნული საკითხის განხილვა და გადაწყვეტა დასაშვებია როგორც სასამართლო სხდომაზე, ისე ზეპირი მოსმენის გარეშე.

12. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს – სასამართლოს ინიციატივით, მხარეთა მოწვევის გარეშე, გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური ხასიათის უსწორობა. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ნოემბრის საქმე №ას-1030-2024 გადაწყვეტილებაში დაშვებული მექანიკური უსწორობა უნდა გასწორდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ნოემბრის საქმე №ას-1030-2024 გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური უსწორობა და სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში მითითებული „მ.ჩ–ას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ი.მ–ძის მიერ, სს „თ.ბ–ში“, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით, 10/05/2022წ., №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი 3000 ლარი“ ნაცვლად, მიეთითოს „მ.ჩ–ას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ი.მ–ძის მიერ, სს „თ.ბ–ში“, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით, 10/05/2022წ., №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი 3000 ლარი და მ.ჩ–ას მიერ, სს „თ.ბ–ში“, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით, 29/03/2023წ., №9696 საგადასახადო დავალებით გადახდილი 5000 ლარი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი