საქმე Nას-1306-2025
20 ოქტომბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ.ბ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ.მ–ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 აგვისტოს განჩინება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივნისის განჩინებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე გ.ბ–ძეს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა წარმოედგინა: ა) დაზუსტებული განცხადება; ბ) მიეთითებინა კონკრეტულად რომელი გარემოებები და მტკიცებულებები მიაჩნდა ახლად აღმოჩენილად, ასევე როდის გახდა თითოეული ამ გარემოების შესახებ მისთვის ცნობილი და შესაბამისად, რა მტკიცებულებით დასტურდება ზემოაღნიშნული; გ) მიეთითებინა მტკიცებულებები, რომლებიც მოწმობენ, რომ მის მიერ დაცულია განცხადების შეტანის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა, ასევე, წარმოედგინა ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები; დ) თითოეულ განმცხადებელს დამოუკიდებლად წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი; ე) დაეზუსტებინა კონკრეტულად ვისი სახელით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინების გაუქმებას და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას; ვ) იმ შემთხვევაში თუკი წარმოდგენილი განცხადება შეტანილია მათ შორის ზ.ბ–ის სახელით, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, წარმოედგინა ზ.ბ–ის მიერ ხელმოწერილი განცხადება. დადგენილი ხარვეზის შესავსებად განმცხადებელს განესაზღვრა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღე და განემარტა ამ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შედეგები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 აგვისტოს განჩინებით, გ.ბ–ძის განცხადება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინებაზე, დარჩა განუხილველად.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ.ბ–ძემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ.ბ–ძის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ხოლო, სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი (კერძო საჩივარი) არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი (კერძო საჩივარი) განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სხვა წინაპირობებთან ერთად არკვევს, შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში.
სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
ამავე კოდექსის 416-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, განჩინების გასაჩივრებისათვის კანონი ადგენს 12-დღიან ვადას, რომლის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და მხარეს უფლება ეძლევა კერძო საჩივარი შეიტანოს განჩინების კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაბარების ან მისი გამოცხადების მომენტიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად (იხ. სუსგ საქმეზე № ას-692-2019, 11 ივნისი, 2019 წელი).
ამდენად, აღნიშნული ნორმა, რომელიც ადგენს სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინებების გასაჩივრების ვადას, იმპერატიული ხასიათისაა და ამ ვადის შეცვლა არ დაიშვება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 აგვისტოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით განიმარტა, რომ აღნიშნული განჩინების გასაჩივრება შესაძლებელი იყო კერძო საჩივრის წარდგენის გზით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების ასლის მხარისთვის ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში.
განსახილველ შემთხვევაში, განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 13 აგვისტოს განჩინება, გ.ბ–ძეს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად და გზავნილი კერძო საჩივრის ავტორს, პირადად ჩაბარდა 2025 წლის 21 აგვისტოს (ტ-3;ს.ფ. 234).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა შეიცავს კერძო საჩივრის დასაშვებობის კონკრეტულ წინაპირობებს, რომელთა არარსებობისას სასამართლო კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების შესაძლებლობას მოკლებულია. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის არსებითი პრეტენზიების განხილვა და მათი შეფასება მოცემულ ეტაპზე შეუძლებელია (იხ. სუსგ №ას-1114-2025 8 აგვისტო, 2025 წელი).
ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორისათვის განჩინების გასაჩივრების 12 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2025 წლის 22 აგვისტოს და ამოიწურა 2025 წლის 02 სექტემბერს. გ.ბ–ძემ კერძო საჩივარი, წარადგინა 2025 წლის 01 ოქტომბერს, სსსკ-ის 416-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 12-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით.
სსსკ-ის 63-ე მუხლით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ. სუსგ №ას-1086-2019, 25 ივლისი, 2019 წელი, სუსგ №ას-2-2020, 13 იანვარი, 2020 წელი).
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ შექმნილი პრეცედენტული სამართლიდან შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. თუ საქმე სასამართლომ დასაშვებობის პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო განუხილველად დატოვა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული „სასამართლო ხელმისაწვდომობის“ უფლების ხელყოფად. გასაჩივრების ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (იხ.: სუსგ №ას-1226-2019, 23.12.2019 წელი; სუსგ №ას-464-464-2018, 05.07.2018 წელი).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (იხ. სუსგ №ას-1114-2025, 08.08. 2025 წელი).
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის დარღვევით, რის გამოც განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, 416-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ბ–ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 აგვისტოს განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი