Facebook Twitter

საქმე №ას-1200-2025 01 დეკემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ.მ–ია (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ფ.ჩ–ია (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

თავდაპირველი მოპასუხეები (შეგებებული სარჩელით) - ხ.შ–ა, ნ.ჟ–ია

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 04 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 05 მარტის გადაწყვეტილებით ფ.ჩ–იას (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა, რომ ლ.მ–იას (შემდგომში -„მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ზუგდიდი, ..........., ს/კ: ........, და ეს ქონება მოსარჩელეს გადაეცეს თავისუფალ მდგომარეობაში; მოპასუხის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 04 ივლისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი შემდეგი საფუძვლით:

3.1. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 372-ე, 374.1, 2591, 369.1, მე-60 და 61-ე მუხლებით და დაადგინა, რომ მოსარჩელის სარჩელის გამო/ასევე მოპასუხის შეგებებული სარჩელის გამო, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა გაიმართა 2025 წლის 7 თებერვალს. ამავე სხდომაზე სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა გადაიზარდა მთავარ სხდომაში. სხდომას ესწრებოდნენ აპელანტი და მისი წარმომადგენელი ნ.კ–ია. ამავე სხდომაზე სასამართლომ დაადგინა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდებოდა 2025 წლის 5 მარტს 16:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე მხარეები ასევე გაფრთხილებულ იქნენ წერილობით, ხელწერილის მეშვეობით (ტ.3, ს.ფ. 46). ამდენად, აპელანტისათვის / ასევე მისი წარმომადგენლისათვის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღის შესახებ ცნობილი იყო;

3.2. 2025 წლის 5 მარტს სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას მხარეები არ ესწრებოდნენ. გადაწყვეტილების ასლის ჩასაბარებლად მხარეები სასამართლოში უნდა გამოცხადებულიყვნენ 2025 წლის 5 მარტიდან არაუადრეს 20 დღისა და ყველაზე გვიან, 30 დღის ვადაში. აპელანტს სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნისათვის განსაზღვრული, კანონით დადგენილი ვადა ამოეწურა 2025 წლის 4 აპრილს - პარასკევს (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღე). აპელანტის წარმომადგენელმა ნ.კ–იამ გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა 2025 წლის 7 აპრილს;

3.3. აპელანტს სასამართლოსთვის გადაწყვეტილების ასლის ჩასაბარებლად კანონით დადგენილ ვადაში, გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა არ მიუმართავს. ამგვარად, აპელანტს სსსკ-ის 2591 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეუსრულებია და მისთვის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30 დღის შემდეგ - ე.ი. 2025 წლის 4 აპრილის შემდეგ. შესაბამისად, აპელანტისათვის სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2025 წლის 5 აპრილიდან და ამოიწურა ამავე წლის 22 აპრილს (სამშაბათს) 24:00 საათზე (ვინაიდან სააპელაციო საჩივრის წარდგენის ბოლო დღე დაემთხვა არასამუშაო დღეს). საქმის მასალებით კი ირკვევა, რომ მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2025 წლის 20 ივნისს ანუ გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით;

3.4. პალატამ დამატებით მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი 2025 წლის 13 ივნისს ჩაბარდა აპელანტს და მას სააპელაციო საჩივარი წარდგენილი აქვს 2025 წლის 20 ივნისს (ანუ გადაწყვეტილების ჩაბარების შემდგომ გასაჩივრების 14-დღიან ვადაში), თუმცა, აპელანტის მიერ დარღვეულია გადაწყვეტილების მოთხოვნისა და მისი გასაჩივრებისათვის სსსკ-ის 2591 მუხლით დადგენილი დანაწესი, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი წარდგენილია ვადის დარღვევით.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

4.1. სააპელაციო სასამართლოს მიღებული განჩინება დაუსაბუთებელია, რადგან მოპასუხის მიერ შეტანილი განცხადება საქმის მასალებში არ ჩანს. 2025 წლის 05 მარტს გადაწყვეტილების გამოცხადების დროს აპელანტი არ იმყოფებოდა დარბაზში;

4.2. სსსკ-ის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება, რაც არ გაითვალისწინა სააპელაციო სასამართლომ.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

6. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

7. კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით [სსსკ-ის 420-ე მუხლი]. საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა [სსსკ-ის 412.1 მუხლი].

8. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება. გასაჩივრებული განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა იმ საფუძვლით, რომ მან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით წარადგინა.

9. სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ [სსსკ-ის 369.1 მუხლი]. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია [სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილი].

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს (იხ. სუსგ საქმე №ას-873-2018, 31 იანვარი, 2019 წელი). გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების ინსტიტუტი მოიცავს როგორც უშუალოდ დაინტერესებული მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას, ასევე ამ ჩაბარების ფაქტის არსებობის პრეზუმფციასაც, რაზეც ვრცელდება საპროცესო ვადის გამოთვლის ერთიანი საპროცესო წესი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლი) (იხ. სუს-ს დიდი პალატის განჩინება საქმე №ას-1161-1106-2014, 30 დეკემბერი, 2014 წელი).

11. ამდენად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (იხ. სუს-ს დიდი პალატის განჩინება საქმე №ას-1161-1106-2014, 30 დეკემბერი, 2014 წელი). სსსკ-ის მე-60.2 მუხლის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული ნორმა, ერთი მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) და ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარადგინოს სააპელაციო საჩივარი, ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 21-ე დღეს მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება. (იხ. სუსგ საქმე №ას-1495-2018, 01 ივლისი, 2019 წელი; №ას-1289-2019, 24 ოქტომბერი, 2019 წელი; №ას-749-2023, 05 ივლისი, 2023 წელი).

13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ადასტურებს, რომ სასამართლოს მიერ პროცედურული წესის, განსაკუთრებით კი გასაჩივრების უფლების გამოყენების ვადების განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ შესაძლოა ხელყოს სასამართლოსადმი წვდომის უფლება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ეფექტური სასამართლო დაცვის უფლება გულისხმობს, სამოქალაქო სამართალწარმოების მხარეების შესაძლებლობას გამოიყენონ გასაჩივრების უფლება იმ მომენტიდან, როცა მათ შეუძლიათ ეფექტურად შეაფასონ სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებმაც შეიძლება დაარღვიოს მათი უფლებები და კანონიერი ინტერესები. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე დაადგინა: „ეროვნულმა სასამართლომ ვადის შემზღუდველი პროცედურული ნორმა ისეთნაირად განმარტა, რომ ხელი შეუშალა მომჩივნის საჩივრის გამოკვლევას, რის შედეგადაც ამ უკანასკნელის სასამართლოს ეფექტური დაცვის უფლება დაირღვა“ (Georgiy Nikolayevich Mikhayliv v. Russia, 4543/04, $57, 2010, ECHR). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „მირაგალ ესკოლანო და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ როდესაც საკითხი ეხება სამართლებრივი სიცხადის პრინციპს (Legal certainty), ეს არ არის უბრალოდ სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაციის პრობლემა, არამედ ადგილი ჰქონდა პროცედურული მოთხოვნის არაგონივრულ კონსტრუქციას, რამაც გამოიწვია ეფექტური სასამართლო დაცვის უფლების დარღვევა. მხარეებს უნდა შეეძლოთ გასაჩივრების უფლების გამოყენება იმ მომენტიდან, როცა მათ ძალუძთ ეფექტურად შეაფასონ ის ტვირთი, რომელსაც აკისრებთ სასამართლო გადაწყვეტილება. ეროვნული სასამართლოების მიერ პროცედურული წესის განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ არასწორად ჩამოართვა მომჩივნებს თავიანთი საჩივრების განხილვისათვის სასამართლოსადმი წვდომის უფლება (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, $33, 2000, ECHR) (იხ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება საქმე №ას-1161-1106-2014).

14. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ 2025 წლის 5 მარტს გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას მხარეები არ ესწრებოდნენ. აპელანტისათვის / ასევე მისი წარმომადგენლისათვის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღის შესახებ ცნობილი იყო. შესაბამისად, სსსკ-ის 259​1 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოპასუხე (მისი წარმომადგენელი) ვალდებული იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი. თუმცა, სადავო არ არის, რომ აპელანტს სასამართლოსთვის გადაწყვეტილების ასლის ჩასაბარებლად კანონით დადგენილ ვადაში, გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა არ მიუმართავს.

15. სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ აპელანტს სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნისათვის განსაზღვრული, კანონით დადგენილი ვადა ამოეწურა 2025 წლის 4 აპრილს - პარასკევს (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღე). აპელანტის წარმომადგენელმა ნ.კ–იამ გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა 2025 წლის 7 აპრილს, კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი 2025 წლის 13 ივნისს ჩაბარდა აპელანტს და მას სააპელაციო საჩივარი წარდგენილი აქვს 2025 წლის 20 ივნისს (ანუ გადაწყვეტილების ჩაბარების შემდგომ გასაჩივრების 14-დღიან ვადაში).

16. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ირკვევა, რომ, მართალია, მოპასუხემ დაარღვია სსსკ-ის 2591 მუხლით განსაზღვრული 30-დღიანი ვადა გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნის თაობაზე (მიმართა 7 აპრილს, 3 დღის დაგვიანებით, თუმცა, გასაჩივრების 14-დღიან ვადაში), მაგრამ 30-დღიანი ვადის დარღვევით სასამართლოში გამოცხადებულ მოპასუხის წარმომადგენელს წერილობითი მოთხოვნის - 2025 წლის 7 აპრილის განცხადების პასუხად, მაინც არ ჩაბარდა დასაბუთებული გადაწყვეტილება. საქმეშია განთავსებული 2 თვის შემდგომ, 2025 წლის 12 ივნისით დათარიღებული გზავნილები, რომლებითაც ირკვევა, რომ სასამართლო მოხელემ დასაბუთებული გადაწყვეტილება მოპასუხეს სასამართლოში ჩააბარა 2025 წლის 13 ივნისს, ხოლო მოსარჩელის წარმომადგენელს - 2025 წლის 12 ივნისს (იხ. ტ. 3, ს.ფ. 63, 64). ამასთან, მოსარჩელე მხარეს 2025 წლის 28 აპრილის განცხადებით სასამართლოსთვის მოთხოვნილი ჰქონდა მისთვის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილისა და ასევე სააღსრულებო ფურცლის გადაცემა (იხ. ტ. 3. ს.ფ. 61), თუმცა სააღსრულებო ფურცელი სასამართლოს არ გაუცია.

17. ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლივი შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება დადგენილ ვადაში მზად არ იყო და მომზადდა დაგვიანებით (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-1845-2018, 22 თებერვალი, 2019 წელი; საქმე №ას-749-2023 , 05 ივლისი, 2023 წელი; საქმე №ას-1633-2023 , 06 თებერვალი, 2024 წელი).

18. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების მომენტიდან – 2025 წლის 13 ივნისის მომდევნო დღიდან 2025 წლის 14 ივნისიდან უნდა დაიწყოს. სააპელაციო საჩივარი კი რეგისტრირებულია სასამართლოში 2025 წლის 20 ივნისს, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან გასაჩივრების 14-დღიან ვადაში.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს სსსკ-ის 369-ე მუხლით გათვალისწინებული 14-დღიანი ვადა არ დაურღვევია. შესაბამისად, კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

20. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა კერძო საჩივარზე შეადგენს 50 ლარს [სსსკ-ის 39.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი]. საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოპასუხეს კერძო საჩივრის განხილვისთვის გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 50 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ლ.მ–იას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 04 ივლისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად;

3. ლ.მ–იას (პ/ნ: ..........) დაუბრუნდეს მის მიერ 2025 წლის 02 აგვისტოს №28606395256 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 50 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

ა. ძაბუნიძე