საქმე №ას-923-2025 04 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნიკოლოზ მარსაგიშვილი (თავმჯდომარე),
მოსამართლეები:
გოჩა ჯეირანაშვილი (მომხსენებელი), ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სსიპ ,,აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო’’ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “L.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - პირგასამტეხლოს შემცირება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 აპრილის განჩინებით სსიპ ,,აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს’’ (შემდეგში: შემსყიდველი ან სააგენტო ან მოპასუხე ან კასატორი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “L.“-ის (შემდეგში: მიმწოდებელი ან მოსარჩელე) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 12 669,12 ლარის გადახდა დაეკისრა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2023 წლის 15 მარტს, მხარეთა შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №51 ხელშეკრულება გაფორმდა (შემდეგში - ხელშეკრულება). შესყიდვის ობიექტის წარმოადგენდა ავარიულ მდგომარეობაში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ოთხი ძეგლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის მიზნით საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვა, კერძოდ:
2.1.1. კ.გამსახურდიას ქ.N9 მდებარე ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა (ფასადის რეაბილიტაცია). ღირებულება- 25 000 ლარი;
2.1.2. კ.გამსახურდიას ქ.N19/კოსტავას ქ.N34 მდებარე ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა (სრული რეაბილიტაცია, გარე და შიდა სივრცეების ჩათვლით). ღირებულება-60 000 ლარი;
2.1.3. ქუთაისის ქ.N19/ფარნავაზ მეფის ქ.N9 მდებარე ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა (კონსტრუქციული გამაგრება, ფასადისა და სახურავის რეაბილიტაცია). ღირებულება-45 000 ლარი;
2.1.4. რუსთაველის ქ.N51 მდებარე ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა (სრული რეაბილიტაცია, მათ შორის აკვარიუმისა და ეზოს ჩათვლით). ღირებულება - 48 400 ლარი;
2.2. ფასების ცხრილის მიხედვით, ოთხივე ობიექტზე სახელშეკრულებო ღირებულების ჯამი შეადგენდა 178400 ლარს, ხოლო ვალდებულების შესრულების ვადად განისაზღვრა 150 კალენდარული დღე (2023 წლის 29 ივლისამდე);
2.3. ხელშეკრულების მე-10 მუხლის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადების გადაცილების შემთხვევაში, მხარეს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით;
2.4. იმ შემთხვევაში, თუ დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის, შემსყიდველს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოსთხოვოს მიმწოდებელს ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის გადასახდელი პირგასამტეხლოს ანაზღაურება;
2.5. პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მხარეს ხელშეკრულებით განსაზღვრული ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან;
2.6. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების სრულად შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების შეწყვეტისას მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 15%-ის ოდენობით, ხოლო ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების შემთხვევაში, შეუსრულებელი (დარჩენილი) ვალდებულების 10%-ის ოდენობით;
2.7. ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და ქუთაისის ქN19/ფარნავაზ მეფის ქ.N9-ში მდებარე ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა (კონსტრუქციული გამაგრება, ფასადისა და სახურავის რეაბილიტაცია) შეიცვალა, ვაჟა-ფშაველას ქ.N34/ახვლედიანის ქ.N2-ში მდებარე ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვით, ამასთან ხელშეკრულების მოქმედების ვადა 30 დღით გაიზარდა;
2.8. 2023 წლის 29 მაისს, სააგენტომ ჩაიბარა კ.გამსახურდიას ქ.N9-ში მდებარე ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია (ფასადის რეაბილიტაცია) და მოახდინა 25 000 ლარის ანგარიშსწორება, 12 დღიანი ვადაგადაცილებისათვის გათვალისწინებული ჯარიმის - 300 ლარის გამოკლებით;
2.9. 2023 წლის 04 ოქტომბერს, მოსარჩელემ მოპასუხეს წარუდგინა დარჩენილი სამი ობიექტის: კ.გამსახურდიას ქ.N19/ კოსტავას ქ.N34-ში, ვაჟა-ფშაველას ქ.N34/ახვლედიანის ქ.N2-ში და რუსთაველის ქ.N51-ში მდებარე ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია. ამ ნაწილში, მოსარჩელეს მოპასუხემ ხარვეზი დაუდგინა. 2023 წლის 21 დეკემბერს, ხარვეზის გამოსწორების მიზნით, მოსარჩელემ კვლავ წარადგინა კორექტირებული საპროექტო დოკუმენტაცია, თუმცა 2023 წლის 22 დეკემბერს, მოპასუხემ წერილობითი აცნობა, რომ ხარვეზები არ იყო აღმოფხვრილი;
2.10. მოპასუხემ 2023 წლის 26 დეკემბრის N01-03/87 ბრძანებით ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება და მოსარჩელეს აცნობა რომ შესრულებული აქვს მხოლოდ კ.გამსახურდიას ქ.N9-ში მდებარე ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია, ასევე, 106 დღის ვადაგადაცილებით რუსთაველის ქ.N51-ში მდებარე ძეგლთან დაკავშირებული სამუშაოები. მოპასუხემ მოსარჩელეს რუსთაველის ქ.N51-ის სამუშაოების 106 დღიან ვადაგადაცილებაზე დააკისრა პირგასამტეხლო 0,1% -ის ოდენობით - 16260,40 ლარი და ჯარიმის სახით, შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 10%, სულ 26760,40 ლარი. ამასთან, რუსთაველის ქ.N51-ში მდებარე ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა მითითებული თანხის გამოკლებით აანაზღაურა.
3. მიმწოდებელმა შემსყიდველის მიმართ აღძრულ სარჩელში სხვა მოთხოვნებთან ერთად ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისთვის ჯარიმის სახით, შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 10%-ის -10 500 ლარის დაკისრების უკანონოდ ცნობა და პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული 16260,40 ლარის 3 253 ლარამდე შემცირება კერძოდ, ხელშეკრულების 10.1 პუნქტით გათვალისწინებული 0,1%-ის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,02%-მდე შემცირება მოითხოვა (იხ., ს.ფ. 14, 17). ეს მოთხოვნები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ და უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს მიერ.
4. სააპელაციო პალატამ მხარეთა შორის წარმოშობილად მიიჩნია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 629-ე მუხლით მოწესრიგებული ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ფარგლებში შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს კანონიერებაზე მიუთითებდა მოპასუხე აპელანტი.
5. მოსარჩელე კი, მიიჩნევდა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 48400 ლარად ღირებული, ქ.ბათუმში, რუსთაველის ქ.N51-ში მდებარე ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია შესრულდა, მოსარჩელეს არასწორად დაერიცხა პირგასამტეხლო - 16260.40 ლარი და შეუსრულებელი (დარჩენილი) ვალდებულების 10% ოდენობით ჯარიმა - 10500 ლარი.
6. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რადგან 106 დღის ვადაგადაცილებით, თუმცა სრულად შესრულდა 48400 ლარად ღირებული ქ.ბათუმში, რუსთაველის ქ.N51-ში არსებული სამუშაოები, ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის შემსყიდველს უფლება ჰქონდა ვადაგადაცილებული 106 დღის გათვალისწინებით, პირგასამტეხლო დაერიცხა, მხოლოდ რუსთაველის ქ.N51-ში შესრულებული 48400 ლარის ღირებულების სამუშაოებისათვის, ასევე, 105000 ლარის ღირებულების შეუსრულებელი სამუშაოს 10%-ი, ვინაიდან, ორი სახის პირგასამტეხლოს დარიცხვა ხელშეკრულებიდან გამომდინარეობდა (იხ., ხელშეკრულების პუნქტი 10).
7. ამასთან, რაკი, შეუსრულებელი სამუშაოს 10%-ის - 10500 ლარის დარიცხვა მართლზომიერი იყო, ამ პირობებში, 48400 ლარის ღირებულების სამუშაოების 106 დღის ვადაგადაცილებისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი არსებობდა. შესაბამისად, 5130,40 ლარის ნაცვლად 2169,12 ლარის დარიცხვა იქნებოდა მიზანშეწონილი (დაახლოებით 48400 ლარის 0,04% ყოველდღიურად).
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარმოადგინა მოპასუხემ.
9. კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტოსთვის მნიშვნელოვანი იყო ვალდებულების დროული შესრულება - მომსახურება 150 კალენდარულ დღეში უნდა დასრულებულიყო. სწორედ კრედიტორის ამ ინტერესის უზრუნველყოფას ემსახურებოდა პირგასამტეხლოს 0,1%-ის ოდენობით განსაზღვრა. რაკი, მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, მას სწორედ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობის პირგასამტეხლო უნდა დაჰკისრებოდა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
12. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე (სსსკ-ის 391.5 მუხლი).
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
14. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა იმსჯელებს არსებობდა თუ არა შესრულების ვადის გადაცილებისთვის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი.
15. საკასაციო პალატა განმარტავს, სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ყველაზე ნათლად ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების თავისუფლება ეფუძნება მხარეთა სურვილს, დაამყარონ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა. ხელშეკრულების თავისუფლება ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ხელშეკრულების დადების თავისუფლება; ბ) ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება. ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების მიხედვით, „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას“ .
16. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
17. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (შდრ: სუსგ №ას-1079-2019, 30 სექტემბერი, 2019წ.).
18. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ვალდებულების დარღვევის ხარისხის განსაზღვრა, პირგასამტეხლოს გონივრულობის დადგენის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა.
19. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. სუსგ №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018; №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016).
20. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (შდრ: სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018; №ას-1158-1104-2014, 06.05.2015; №ას-1265-1187-2015, 10.02.2016).
21. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან.
22. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შდრ: სუსგ №ას-626-2021 14 ივლისი, 2021 წელი; სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).
23. პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
24. სსკ-ის 420-ე მუხლის (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, დასახელებული დანაწესი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე იმსჯელოს და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება. მისი განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ კი, პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. ამ კრიტერიუმებში იგულისხმება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა.
26. საკასაციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების შეფასება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი) არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა.
27. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ შესრულების ღირებულების, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების ხანგრძლივობის, ვალდებულების მოცულობის, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ხასიათის და ასევე პირგასამტეხლოს ფუნქციის გათვალისწინებით, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალი იყო. აქედან გამომდინარე, სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, მისი შემცირების სამართლებრივ საფუძველს წარმოშობდა, კერძოდ, მიუხედავად მოპასუხის მიერ ხელშეკრულების შესრულების ვადაგადაცილებისა, არსებითი ხასიათის ზიანი არ მისდგომია სახელმწიფო ან/და კერძო პირთა ინტერესებს. შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელემ 48400 ლარად ღირებული ქ.ბათუმში, რუსთაველის ქ.N51-ში არსებული სამუშაოები - 106 დღის ვადაგადაცილებით შეასრულა, შემსყიდველს უფლება ჰქონდა მიმწოდებლისათვის ვადაგადაცილებული 106 დღის გათვალისწინებით დაერიცხა პირგასამტეხლო, თუმცა, რაკი, შეუსრულებელი სამუშაოს 10% პროცენტის სახით 10500 ლარის დარიცხვის წინაპირობა არსებობდა, 48400 ლარის ღირებულების სამუშაოების 106 დღის ვადაგადაცილებისათვის დამატებით დენადი პირგასამტეხლოს სახით 0.1%-ის დარიცხვა შეუსაბამოდ მაღალი იყო, რის გამოც, სწორად შემცირდა გონივრულ ოდენობამდე. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კასატორს დასაბუთებული საკასაციო საჩივარი არ წარმოუდგენია.
28. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
30. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ ,,აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს’’ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნიკოლოზ მარსაგიშვილი
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
ლაშა ქოჩიაშვილი