№ას-846-2025 06 ნოემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი
კასატორი – რ.ქ–ნი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ჩ–ძე (მოსარჩელის უფლებამონაცვლე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გ.ჩ–ძემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ტ.დ–ის“ მიმართ და მოითხოვა:
ქ. თბილისში, ....... /.........მდებარე, N........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან 100 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ, აწ. გარდაცვლილი ლ.ჩ–აძის მემკვიდრის - გ.ჩ–ძის მესაკუთრედ ცნობა, მოპასუხე შპს „ტ.დ–ათვის“ საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 162 000 ლარის 25%-ის 40 500 ლარის გადახდის სანაცვლოდ;
ქ. თბილისი, ....... /........ქუჩა N25-ში მდებარე, N..........საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან 2 100 კვ.მ. ფართის საცხოვრებელ სადგომზე იპოთეკის დადგენა შპს „ტ.დ“ სასარგებლოდ, გ.ჩ–ძის მიერ შპს „ტ.დ–ათვის“ კომპენსაციის - 40 500 ლარის სრულად გადახდამდე.
2. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 მარტის განჩინებით საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, მოპასუხის მხარეს ჩაბმულ იქნა რ.ქ–ნი.
4. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით რ.ქ–ნმა სარჩელი არ ცნო.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 ივნისის განჩინებით გ.ჩ–ძის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს „ტ.დ–ს“ (ს/ნ ........) აეკრძალა მის სახელზე რიცხული უძრავი ქონების მდებარე: ქ.თბილისი, ......../........... ქუჩა N25, სართული 7, ფართი 40, 85.00 კვ.მ ს/კ .......... და უძრავი ქონების მდებარე: ქ.თბილისი, ......... გამზირი N12/........ N25, ფართი 34, სართული 6, 36.00 კვ.მ, ს/კ ......... გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6.1. თბილისის საქალაქო საამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით გ.ჩ–ძის სარჩელი შპს „ტ.დ–ის“ მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გ.ჩ–ძე, როგორც აწ გარდაცვლილი ლ.ჩ–აძის მემკვიდრე ცნობილ იქნა, ქ. თბილისი, .......... / ........... ქუჩა N25-ში მდებარე, N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან 47.19 კვ.მ. საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ, მოპასუხე შპს „ტ.დ–ათვის“ საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 16750 აშშ დოლარის, რაც გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში შადგენს 52593 ლარს, 25 პროცენტის - 13148.25 ლარის მოპასუხე შპს „ტ.დ–ათვის“ გადახდის სანაცვლოდ. დადგინდა, რომ 47.19 კვ.მ. საცხოვრებელ სადგომზე, მდებარე ქ. თბილისი, ......... N12 /......... ქუჩა N25-ში ს/კ N ......... გ.ჩ–ძის საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთანავე დარეგისტრირდება იპოთეკა შპს „ტ.დ–“ სასარგებლოდ, რაც გაუქმდება გ.ჩ–ძის მიერ შპს „ტ.დ–ათვის“ 13148.25 ლარის გადახდისთანავე.
7. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა შემდეგ უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე:
7.1. 2001 წლის 09 მარტს რ.ქ–ნზე განხორციელდა ქ. თბილისი, ......... გამზირი N12 /........ ქუჩა N25-ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი N...........) საკუთრების უფლებით რეგისტრაცია. 2021 წლის 2 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხა შპს „ტ.დ–“ სახელზე.
7.2. ლ.ჩ–აძე გარდაიცვალა 2018 წლის 22 ივლისს და გ.ჩ–ძე წარმოადგენს მის მემკვიდრეს.
7.3. ლ.ჩ–აძე ქ. თბილისში, ............ ქ. N12-ში რეგისტრირებული იყო 1967 წლიდან. ამავე წლიდან იყო ლ.ჩ–აძე ჩაწერილი საბინაო წიგნში.
7.4. სს „თ–ის“ მონაცემთა ბაზაში 1996 წლის მდგომარეობით N0068615 სააბონენტო ბარათზე სს „თ–ის“ აბონენტად რეგისტრირებული იყო ჩ–ძე ლ.ო., მის: ........ 1996 წლამდე ინფორმაცია სს „თ–ში“ არ ინახება ხანდაზმულობის გამო. 2021 წლის 10 აგვისტოს მდგომარეობით ზემოაღნიშნული სააბონენტო ბარათი სს „თ–ის“ მონაცემთა ბაზაში ირიცხება ლ.ჩ–აძის სახელზე, მის: .......... გამზ. N12.
7.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 ივლისის N M18013464/3 გადაწყვეტილებით მისამართი: ქალაქი თბილისი, ქუჩა ......... საკადასტრო კოდით N........ დაზუსტდა და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ქალაქი თბილისი, ........../........ ქუჩა N2.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.6. ლ.ჩ–აძის მფლობელობაში იყო ქ. თბილისში, ............ N12/....... მდებარე N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან 2001 წლის 22 თებერვლის საინვენტარიზაციო გეგმაზე ასახული ლიტერ „ა“-ს I სართული ფართით 47.19 კვ.მ..
7.7. ლ.ჩ–აძე არის ქ. თბილისი, ........... /.......... მდებარე, N......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან 47.19 კვ.მ. საცხოვრებელი სადგომის „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოსარგებლე, ხოლო, გ.ჩ–ძე არის მოსარგებლის უფლებამონაცვლე.
7.8. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ.ჩ–აძის მფლობელობაში მყოფი 47.19 კვ.მ. ფართის, მდებარე - ქ. თბილისში, ...............ი (საკადასტრო კოდი N........), საბაზრო ღირებულება უნდა განსაზღვრულიყო სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2023 წლის 20 ივნისის N004273323 ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც ამგვარი ღირებულება 2021 წლის ოქტომბრის თვის მდგომარეობით, საორიენტაციოდ შეადგენდა 16750.00 აშშ დოლარს, რაც გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში შეადგენდა 52 593.00 ლარს.
7.9. შპს „შ.ც–ის“ მიერ 2021 წელს მომზადებული N21/10-06/06 შეფასების დასკვნის თანახმად, ქალაქი თბილისი, ............ მდებარე შენობა-ნაგებობებიდან 100.00 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: .........) საბაზრო ღირებულება 2021 წლის 06 ოქტომბრის მდგომარეობით განისაზღვრა 162 000.00 ლარით.
7.10. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2023 წლის 20 ივნისის N004273323 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ............. მდებარე N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან, შესაფასებლად წარმოდგენილი საცხოვრებელი ბინის (საინვენტარიზაციო გეგმის მიხედვით ლიტერ „ა“-ს I სართული ფართით 47.19 კვმ) საბაზრო ღირებულება 2021 წლის ოქტომბრის თვის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენდა 16750.00 აშშ დოლარს, რაც გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში შეადგენდა 52 593.00 ლარს (www.nbg.gov.ge – 3.1399).
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ტ.დ–მა“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ასევე გ.ჩ–ძის სავარაუდო უფლებამონაცვლე ნ.ჩ–ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მეღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 თებერვლის განჩინებით გ.ჩ–ძის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ნ.ჩ–ძე.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 მარტის საოქმო განჩინებით შეიცვალა არასათანადო მხარე შპს „ტ.დ–ი“. სათანადო მხარედ - მოპასუხედ, ცნობილ იქნა რ.ქ–ნი. დაკმაყოფილდა განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღინისძიების შეცვლის შესახებ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შპს „ტ.დ–“ უძრავ ქონებაზე მისამართზე, ქ. თბილისი, ............., ფართი 34, სართული 6, 36.00 კვ.მ., ს/კ ......... გასხვისების და უფლებრივი დატვირთვის აკრძალვის თაობაზე. ამავე საოქმო განჩინებით გამოყენებულ იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მოპასუხე რ.ქ–ნის უძრავ ქონებაზე და აეკრძალა მის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისში, ........... (ს/კ ......... გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 დეკემბრის განჩინებით შპს „ტ.დ.“ უფლებამონაცვლის რ.ქ–ნის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ლ.ჩ–აძის უფლებამონაცვლის (გ.ჩ–ძის) ნ.ჩ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება.
12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
12.1. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ ლ.ჩ–აძისაგან 1967 წლიდან 2014 წლის შემდგომ პერიოდზეც, ვიდრე მის გარდაცვალებამდე „უწყვეტად ფლობდა“ საცხოვრებელ სადგომს ქ. თბილისი, ................. მდებარე, N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავი ქონებაში. აღნიშნულ დასკვნას პალატის მოსაზრებით, ამყარებდა მოპასუხე და პირველი აპელანტი მხარის წარმომადგენლის აღიარებებიც. პალატამ მიიჩნია, რომ უწყვეტად ფლობის ფაქტი დადასტურებული იყო საკუთარი სადგომის გასაღების ფლობით, მასში შესანახად დატოვებული ნივთებით, 2014 წლის შემდგომ ჯანმრთელობის გამო დროებით დატოვებულ მისამართზე რამდენჯერმე გამოცხადებითა და ნივთების წაღებით. საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებითა და პირველი აპელანტის განმარტებებით, შენობის დემონტაჟის წინაც დასურათდა დარჩენილი ნივთები, რაც სწორედ მესაკუთრის მსგავსად უწყვეტად ფლობის სტანდარტს განამტკიცებს.
12.2. მოპასუხე მხარე სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების მნიშვნელოვან უსწორობად მიიჩნევდა, არარსებული ქონების მესაკუთრედ ცნობას იმის გამო, რომ შენობა, სადაც ცხოვრობდა ლ.ჩ–აძე სრულიად დაინგრა და აშენდა ახალი. სააპელაციო სასამართლო ამ საკითხთან მიმართებით, დაეთანხმა ქვემდგომი ისსტანციის სასამართლოს პოზიციას, რომლის თანახმადაც მოსარჩელე მხარის უფლება უკავშირდება უძრავ ქონებას და შესაბამისად დანგრეულის ნაცვლად ახლადაშენებულ ქონებაზე მისი უფლება ძველებურად უნდა გავრცელდეს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საკასაციო პალატის განმარტებაზე მსგავს საქმეზე, სადაც აღნიშნულია, რომ „იმ საცხოვრებელი სადგომის დანგრევა, რომელზედაც მხარეს გააჩნდა მოსარგებლის უფლება, არ იწვევს იმ უფლების მოსპობას, რომელიც მას გააჩნია იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც მყარად დაკავშირებული იყო საცხოვრებელი სადგომი. ამდენად, დათმობის გარიგების დადების შედეგად მოსარგებლისათვის საცხოვრებელ სადგომზე მოპოვებული უფლება ვრცელდება არა მარტო შენობა-ნაგებობაზე, არამედ იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც უშუალოდ იდგა ეს საცხოვრებელი სადგომი. შესაბამისად, ამ საცხოვრებელი სადგომის ნაცვლად, ახალი ნაგებობის აშენების შემთხვევაში, მოსარგებლის უფლება გავრცელდება, ასევე იმ მიწის არსებით შემადგენელ ნაწილზე, რომელზედაც ვრცელდება მის მიერ მოპოვებული მოსარგებლის უფლება (სუსგ №ას-1448-1463-2011, 01.03.2012წ.)“.
12.3. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილში წარმოდგენილი სააპელაციო შედავება დაუსაბუთებლობის მოტივით არ გაიზიარა და დამატებით აღნიშნა, რომ ვინაიდან, „თავდაპირველი პირველი აპელანტი ჩანაცვლდა სათანადო მოპასუხით, ფართების მესამე პირისათვის გადაცემის ფაქტი ვერ შეცვლის დღის წესრიგს. რ.ქ–ნი, მის საკუთრებაში აღრიცხული ქონების ნაწილით აგებს პასუხს მოსარჩელე მხარის წინაშე, დავის წარმატებით დასრულების შემთხვევაში“.
12.4. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები არასაკმარის ფართზე უფლების დადგენის შესახებ. პალატამ მიიჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძველი იყო სათანადო მტკიცებულებათა წარუდგენლობა და მოსარჩელე მხარის „პროცესუალური სიზარმაცე“ შეჯიბრებითობის პირნციპის გათვალისწინებით, მოთხოვნას 100 კვ.მ. ფართზე საკომპენსაციო თანხის გადახდის სანაცვლოდ მესაკუთრედ ცნობის შესახებ უსაფუძვლოს ხდიდა. რაც შეეხება ნ.ჩ–ძის პრეტენზიას სადავო უძრავი ქონების არასწორად შეფასების შესახებ, პალატამ ამ ნაწილშიც გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა და მიიჩნია, რომ გაზიარებული ექსპერტიზის დასკვნა დაფუძნებული იყო წარდგენილ საინვენტარიზაციო გეგმის ასლში ასახულ ფართზე, რაც ზუსტ და დეტალურ პასუხს იძლეოდა ექსპერტისთვის დასმულ შეკითხვაზე.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 დეკემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა რ.ქ–ნმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
14. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
14.1. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლო გასცდა სპეციალური კანონის მოთხოვნებს და არასწორად გამოიყენა სამოქალაქო სამართლის ნორმები. კერძოდ: მოსარჩელემ ვერ დაადასტურა კანონის ძალაში შესვლის დროისათვის, 2016 წლისათვის სადავო უძრავი ქონების ფლობის ფაქტი, ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ აღნიშნული დროისათვის იხდიდა კომუნალურ გადასახადებს. კასატორისთვის გაუგებარია, როგორც გასხვისდა სადავო ქონება და როგორ აშენდა მის ადგილას სხვა შენობა, თუ მოსარჩელე განაგრძობდა სადავო ქონების პირდაპირ მფლობელობას.
14.2. საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზია შეეხება ასევე იმას, რომ სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ ლ.ჩ–აძის ფაქტობრივი მფლობელობის დაკარგვას სადავო უძრავ ნივთზე.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივლისის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
17. საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გამოიკვეთა სსსკ-ის 412-ე მუხლის წინაპირობები, რის შედეგადაც მოპასუხის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით, იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.
18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულია გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლების ჩამონათვალი და კანონმდებელი განსახილველი ნორმით ადგენს ზემდგომი სასამართლოს ვალდებულებას, გააუქმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, თუ სახეზეა მითითებულთაგან ერთ-ერთი დარღვევა. ხსენებული ნორმის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
20. გასაჩივრებული განჩინების შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოტივირებული მსჯელობა რ.ქ–ნის მიმართ მოთხოვნის დაკმაყოფილების თვალსაზრისით არ აუსახავს განჩინებაში. ამასთან, გაურკვეველია, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებით, გადაწყვეტილების, როგორც მართლმსაჯულების აქტის აღსრულებაუნარიანობის საკითხი.
21. დავის სწორად გადაწყვეტის მიზნით, აუცილებელია პასუხი გაეცეს მთავარ კითხვებს – ვინ?, ვისგან?, რას?, რის საფუძველზე ითხოვს?. პირველი ორი კითხვა სათანადო მხარესთან მიმართებაში იძლევა პასუხს, მესამე – მოთხოვნასთან მიმართებაში, ხოლო მეოთხე – მოთხოვნის საფუძველთან მიმართებაში. დასმულ კითხვებზე პასუხის გასაცემად ამოსავალია მოსარჩელისა და მოპასუხის მიერ სარჩელსა და შესაგებელში მითითებული გარემოებები. ამასთან, პრაქტიკული თვალსაზრისით პირველ რიგში უნდა შემოწმდეს სარჩელი ფორმალურ-სამართლებრივად დასაბუთებულია თუ არა, ანუ მითითებული გარემოებების დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაში, დადგება თუ არა ის შედეგი, რომლის მიღწევაც სურს მოსარჩელეს. მხოლოდ ამის შემდეგ ღირს მოპასუხის სტადიაზე გადასვლა, რაც გულისხმობს მოპასუხის შესაგებლის დასაბუთებულობის შემოწმებას.
22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილი, ლოგიკური განმარტების საფუძველზე, სამართალწარმოების იმ მხარეს მოიაზრებს, ვისაც მართლმსაჯულების აქტის აღსრულებაუნარიანი ნაწილით დაუდგინდა გარკვეული ვალდებულება ან უარი ეთქვა უფლების იმგვარ რეალიზაციაზე, ვიდრე მას მიაჩნია. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე და 266-ე მუხლების ანალიზის საფუძველზე განმარტა გადაწყვეტილების ფორმალური და მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც პირველ შემთხვევაში გულისხმობს მიმდინარე პროცესში დავის განხილვის დამთავრებას, ხოლო მატერიალური კანონიერი ძალა უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები).
23. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს შემდეგზე:
23.1. თბილისის საქალაქო საამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით გ.ჩ–ძის სარჩელი შპს „ტ.დ–ის“ მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გ.ჩ–ძე, როგორც აწ გარდაცვლილი ლ.ჩ–აძის მემკვიდრე ცნობილ იქნა, ქ. თბილისი, ............... მდებარე, N...........საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან 47.19 კვ.მ. საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ, მოპასუხე შპს „ტ.დ–ათვის“ საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 16750 აშშ დოლარის, რაც გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში შადგენს 52593 ლარს, 25 პროცენტის - 13148.25 ლარის მოპასუხე შპს „ტ.დ–ათვის“ გადახდის სანაცვლოდ. დადგინდა, რომ 47.19 კვ.მ. საცხოვრებელ სადგომზე, მდებარე ქ. თბილისი, ............ ს/კ N.......... გ.ჩ–ძის საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთანავე დარეგისტრირდება იპოთეკა შპს „ტ.დ.“ სასარგებლოდ, რაც გაუქმდება გ.ჩ–ძის მიერ შპს „ტ.დ–ათვის“ 13148.25 ლარის გადახდისთანავე.
23.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 მარტის საოქმო განჩინებით შეიცვალა არასათანადო მხარე შპს „ტ.დ–ი“. სათანადო მხარედ - მოპასუხედ, ცნობილ იქნა რ.ქ–ნი. დაკმაყოფილდა განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღინისძიების შეცვლის შესახებ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შპს „ტ.დ“ უძრავ ქონებაზე მისამართზე, ქ. თბილისი, ............., ფართი 34, სართული 6, 36.00 კვ.მ., ს/კ ............ გასხვისების და უფლებრივი დატვირთვის აკრძალვის თაობაზე. ამავე საოქმო განჩინებით გამოყენებულ იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მოპასუხე რ.ქ–ნის უძრავ ქონებაზე და აეკრძალა მის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისში, .......... (ს/კ ........... გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
23.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 დეკემბრის განჩინებით შპს „ტ.დ.“ უფლებამონაცვლის რ.ქ–ნის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ლ.ჩ–აძის უფლებამონაცვლის (გ.ჩ–ძის) ნ.ჩ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამრთლომ გასაჩივრებულ განჩინებაში ერთის მხრივ აღნიშნა, რომ არასათანადო მხარე შპს „ტ.დ–ი“ შეიცვალა სათანადო მხარით, მოპასუხე - რ.ქ–ნით, მეორეს მხრივ კი მიუთითა, რომ რ.ქ–ნი არის შპს ტ.დ“ უფლებამონაცვლე. ამასთან, გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილში სასამართლომ მიუთითა, რომ „...რ.ქ–ნი, მის საკუთრებაში აღრიცხული ქონების ნაწილით აგებს პასუხს მოსარჩელე მხარის წინაშე, დავის წარმოტებით დასრულების შემთხვევაში“, თუმცა, განჩინების სარეზოლუციო ნაწილით უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა შპს „ტ.დ.“ მიმართ. მართალია, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია რ.ქ–ნის კუთვნილ უძრავ ქონებაზე, თუმცა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გ.ჩ–ძე, როგორც აწ გარდაცვლილი ლ.ჩ–აძის მემკვიდრე ცნობილ იქნა, ქ. თბილისი, .......... მდებარე, N............ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან 47.19 კვ.მ. საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ, მოპასუხე შპს „ტ.დ–ათვის“ საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 16750 აშშ დოლარის, რაც გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 52593 ლარს, 25 პროცენტის - 13148.25 ლარის მოპასუხე შპს „ტ.დ–ათვის“ გადახდის სანაცვლოდ. დადგინდა, რომ 47.19 კვ.მ. საცხოვრებელ სადგომზე, მდებარე ქ. თბილისი, .............. ს/კ N............ გ.ჩ–ძის საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთანავე დარეგისტრირდება იპოთეკა შპს „ტ.დ.“ სასარგებლოდ, რაც გაუქმდება გ.ჩ–ძის მიერ შპს „ტ.დ–ათვის“ 13148.25 ლარის გადახდისთანავე.
24. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება აღსრულებადი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებითაც კი, ვერ დაკმაყოფილდება მისი სამართლებრივი ინტერესი. როგორი სწრაფიც არ უნდა იყოს მართლმსაჯულება, როგორი სამართლიანი და კანონიერიც არ უნდა იყოს სასამართლო გადაწყვეტილება, მართლმსაჯულების მიზნები და ამოცანები განუხორციელებელი რჩება, თუ არ მოხდება გადაწყვეტილების აღსრულება (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-1553-2022, 20 დეკემბერი 2023 წელი, იხ. სუსგ. საქმეზე ას-538-2022, 2022 წლის 16 ივნისი).(Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III). ევროპული სასამართლოც განმარტავს, რომ სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (იხ. „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №40765/02; Hornsby v. Greece , judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40 Hornsby; Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009;Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000).
25. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამოტივაციო ნაწილი იმის გათვალისწინებით, რომ შპს „ტ.დ.“ ნაცვლად საქმეში მხარეს წარმოადგენს რ.ქ–ნი, არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას, მითუმეტეს იმგვარ შედეგთან მიმართებით, როგორიც გვაქვს მოცემულ შემთხვევაში. ყოველივე აღნიშნულით კი, დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მოთხოვნა, რომლითაც სასამართლოს დასკვნა სარჩელის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებული უნდა იყოს.
26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. იმავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
27. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას თავად მიიღოს გადაწყვეტილება დავაზე. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემდგომ, სააპელაციო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნის განხორციელებისათვის აუცილებელი წინაპირობების სახით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით უნდა იმსჯელოს და სამართლებრივად შეაფასოს შედეგის განმაპირობებელი წანამძღვრები რ.ქ–ს მიმართ და ასახოს ისინი მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში.
28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ.ქ–ნის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 დეკემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
თეა ძიმისტარაშვილი