საქმე №ას-973-2025 27 ნოემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეა ძიმისტარაშვილი, მირანდა ერემაძე
კასატორი – მ.ა–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ტ.კ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სარჩელის მოთხოვნა
1.1. შპს „ტ.კ–მა“ (შემდგომში: მოსარჩელე, გამსესხებლის უფლებამონაცვლე) სარჩელი აღძრა მ.ა–ძის (შემდეგში მოპასუხე, აპელანტი, მსესხებელი) მიმართ და მოითხოვა, რომ მოპასუხეს დაეკისროს 2012 წლის 11 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხა 2870.13 ლარი, შემცირებული ჯარიმა - 957 ლარი და დაზღვევა - 14,27 ლარი, ასევე, 2 870.13 ლარზე, 2012 წლის 27 დეკემბრიდან ვალდებულების შესრულებამდე წლიური სარგებელი 20%- ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 47.83 ლარს.
1.2. სარჩელის მიხედვით, ბანკსა და მოპასუხეს შორის, 2012 წლის 11 იანვარს, დაიდო საბანკო კრედიტის N945134-1468223 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 4 600 ლარი. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 20%-ით, კრედიტის ვადა - 2014 წლის 27 თებერვლამდე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 27 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით შეთანხმდა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარის ოდენობით და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0,5%. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ GPIH-ში. ხელშეკრულება დაირღვა 2012 წლის 27 ნოემბერს და შემდგომ აღარ მომხდარა არსებული დავალიანების დაფარვა. მოსარჩელის განმარტებით, იმ გარემოებამ, რომ გარკვეული პერიოდის მოთხოვნა ხანდაზმულობის ფარგლებში მოექცა, განაპირობა სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების დროს აღნიშნული თანხის ნაცვლად დარჩენილ ძირ თანხაზე მიუღებელი შემოსავლის სახით მოთხოვნის ტრანსფორმაცია.
2. მოპასუხის შესაგებელი
2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 11.01.2012 წელს მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მიღებული აქვს 4 600 ლარი, საიდანაც 2 175 ლარზე მეტი გადახდილია, თუმცა, დავალიანების დაფარვა 2012 წლის 27 ოქტომბრის შემდეგ აღარ განხორციელებულა, ამ დროისათვის დარჩენილი დავალიანება შეადგენდა 3 036.33 ლარს. მოპასუხემ შესაგებელში მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზეც. მისი განმარტებით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს მთლიანი თანხა და არა მისი ნაწილ-ნაწილ შესრულება. შესაბამისად, მას 2012 წლის ოქტომბერში სრულ თანხაზე წარმოეშვა მოთხოვნის უფლება, თუმცა, არ განახორციელა. ხანდაზმულობის ათვლაც სრულ თანხაზე უნდა დაიწყოს 2012 წლის ოქტომბრის თვიდან.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2012 წლის 11 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხა - 2 870.13 ლარი, ჯარიმა - 717.53 ლარი ლარი და სადაზღვევო თანხა - 14.27 ლარი; მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნაზე, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში.
4. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
4.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება.
5.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა სესხის ძირი თანხისა და პირგასამტეხლოს გადახდა. აპელანტის მთავარი პრეტენზია ისაა, რომ სარჩელი ხანდაზმულია. ამასთან, აპელანტს მიაჩნია, რომ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და კიდევ უნდა შემცირდეს.
5.3. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე. კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ კრედიტი გაიცა 11.01.2012 წელს, რომელიც უნდა დაბრუნებულიყო 27.02.2014 წელს. საქმეში წარმოდგენილია ხელშეკრულებაზე თანდართული კრედიტის დაფარვის გრაფიკი (იხ. ტ.1, ს.ფ. 22-23), რომლის თანახმად, კრედიტის დაფარვის ვადა იწყება 11.01.2012 წლიდან და მთავრდება 27.02.2014 წელს. გრაფიკით იყო გათვალისწინებული ყოველი თვის განმავლობაში გადასახდელი თანხის ოდენობა და გადახდის თარიღი, რაც ცალსახად ადასტურებს იმას, რომ ვალდებულება მოვალეს პერიოდულად, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად უნდა შეესრულებინა (ზემოაღნიშნული მსჯელობა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას (სუსგ 20.05.2013წ. №ას-1432-1351-2012, 14.02.2017წ. ას-934-899-2016, 22.06.2018წ. საქმე №ას-462-462-2018, 12.06.2018წ. საქმე №ას-440- 440-2018). რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადის ათვლას, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების არსებობისას, ხანდაზმულობის ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისთვის დამოუკიდებლად. თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება (იხ. სუსგ №ას-599-562-2010, 1 დეკემბერი, 2010 წ.). სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ სარჩელის შეტანამდე, ბოლო სამი წლის განმავლობაში გრაფიკით გადასახდელი თანხის ფარგლებში, მოთხოვნა არ იყო ხანდაზმული. კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოპასუხეს, 27.11.2012 წლის შემდეგ თანხა აღარ გადაუხდია. შესაბამისად, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისათვის კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის ათვლის წესისა და სარჩელის შეტანის თარიღის (02.12.2015 წელი) გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, ხანდაზმული არაა მოსარჩელის მოთხოვნა 27.12.2012 წლიდან სარჩელის შეტანამდე. დროის ამ მონაკვეთში, გრაფიკის მიხედვით, მოვალეს ჯამში უნდა გადაეხადა 2 870.13 ლარი, ანუ სარჩელით მოთხოვნილი სესხის ძირი თანხა. (170.6+171.92+174.85+181.68+180.9+185.06+187.12+191.18+193.54+196.83+200.74+203.58+207. 39+210.57+214.17=2870.13).
5.4. რაც შეეხება აპელანტის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისათვის დადგენილი ხანდაზმულობის ვადის ათვლის წესის გამოყენების შემთხვევაში, მოპასუხეს შეიძლებოდა დაჰკისრებოდა მხოლოდ 2 699.53 ლარი, პალატა არ იზიარებს, რადგან, გარდა იმისა, რომ გრაფიკის მიხედვით შესრულებული ზემოხსენებული გაანგარიშება საწინააღმდეგოს ადასტურებს, თავად ამ გრაფიკსაც თუ ჩავხედავთ, ნათლად დავინახავთ, რომ თუკი მოვალე, 27.12.2012 წელს გრაფიკის მიხედვით გაწერილ ძირ თანხას - 170.6 ლარს გადაიხდიდა, სწორედ მაშინ შემცირდებოდა სარჩელით მოთხოვნილი თანხა - 2 870.13 ლარი 2 699.53 ლარამდე. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოვალეს არათუ დეკემბერში, არამედ ნოემბერშიც კი, არ გადაუხდია რაიმე თანხა. ამდენად, აპელანტის ეს პრეტენზია დაუსაბუთებელია.
6. მოპასუხის საკასაციო საჩივარი
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
6.2. კასატორის განმარტებით სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია შესასრულებელი ვალდებულება პერიოდულად შესასრულებლად და ხანდაზმულობის ათვლის არასწორი წესი გამოიყენა.
6.3. კასატორის განმარტებით, კრედიტორმა ვალდებულების დარღვევის შემდეგ ხელშეკრულება არ შეწყვიტა, რის გამოცა ვალდებულება არ შეიძლება ხანდაზმულად მივიჩნიოთ.
6.4. კასატორის განმარტებით, 2012 წლის 27 ოქტომბრის მერე არანაირი შესრულება არ განუხორციელებია ბანკის სასარგებლოდ. ამასთან ბანკისთვის ცნობილი იყო, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო სამსახურის დაკარგვით. ამდენად, ბანკს წარმოეშვა უფლება მოეთხოვა დარჩენილი ვალდებულება მთლიანად, რაც გამორიცხავს ასეთ შემთხვევაში დარჩენილი ვალდებულების შესახებ ხანდაზმულობის გამოთვლის სხვა წესს, გარდა სამწლიანი ხანდაზმულობის ვადისა.
6.5. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად განსაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 1 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ი) 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორის მიერ პირველ ინსტანციაში, სარჩელისგან თავდასაცავად წარდგენილი შესაგებლით ირკვევა, რომ მოპასუხე უარყოფდა როგორც ვალდებულების არსებობას, ასევე, არსებობის შემთხვევაში ხანდაზმულობაზე მითითებით გამორიცხავდა მის შესრულებას, კერძოდ კასატორი განმარტავს, რომ 2012 წლის 27 დეკემბრის შემდეგ ვალდებულება აღარ შეუსრულებია, რომლის შესრულებაც 2015 წლის 2 დეკემბერს წარდგენილი საჩელისთვის, ხანდაზმულ მოთხოვნას წარმოადგენდა.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია, საკუთარი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სსკ-ის 144-ე მუხლის პირველი ნაწილი).
14. სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე (იხ. სუსგ №ას-1191-2019, 04.12.2019წ.). სსკ-ის 129-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
15. საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი გარემოებებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებისა და თანდართული კრედიტის დაფარვის გრაფიკის საფუძველზე განმარტავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში სახეზეა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება (კრედიტის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული იყო თვის განმავლობაში გადასახდელი თანხის ოდენობა, გადახდის თარიღი, ვალდებულების შესრულების პერიოდი).
16. საკასაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმისწარმოების ეტაპზე განვითარებულ მოვლენებს მიაქცევს ყურადღებას და განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითების შემდეგ მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა ხანდაზმული პერიოდის გათვალისწინებით. ამდენად, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების არსებობისას, რაც წინამდებარე შემთხვევაში სახეზეა, თითოეული პერიოდისთვის ცალ-ცალკე უნდა აითვალოს ხანდაზმულობის ვადა, რაც მოცემულ შემთხვევაში სარჩელის შეტანამდე ბოლო სამი წლის განმავლობაში სარჩელის ხანდაზმულად ცნობის გამომრიცხავი გარემოებაა.
17. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მხარეთა შორის 2012 წლის 11 იანვარს დადებულ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაზე მიუთითებს და განმარტავს, რომ უდავოა მოპასუხემ სესხი მიიღო, შესაბამისად, ვალდებულების შესრულების მოთხოვნით ბანკის მიერ წარდგენილი სარჩელის პირობებში, ამავე ვალდებულების შესრულების ფაქტი, თავად უნდა დაამტკიცოს.
18. სსკ-ის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა. ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
19. ზემოაღნიშნული ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მსესხებელს არ დაუბრუნებია ძირითადი თანხა, რის შედეგადაც წარმოეშვა ხელშეკრულებით განსაზღვრული დამატებითი ვალდებულების შესრულების აუცილებლობა.
20. საკასაციო სასამართლო პირგასამტეხლოს შესახებ კასატორის პრეტენზიის პასუხად განმარტავს, რომ სკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რომლის წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთის მხრივ მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ხოლო მეორე ფუნქცია მდგომარეობს განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. ვალდებულების დამრღვევ მხარეს პირგასამტეხლო ეკისრება იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
21. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-1451- 1371-2017, 13 ნოემბერი, 2018; საქმე №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016). პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისათვის ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებითი ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები: ბ) დარღვევის სიმძიმესა და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, რომელიც მოიცავს ზიანის ანაზღაურებას. (იხ. სუსგ საქმე №ას-816-767-2015, 19 ნოემბრი, 2015 წელი; იხ ასევე.: სუსგ №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.; №ას-1274-2022, 22.11.2022წ.; №ას-1245-2022, 9.03.2023წ.).
22. სკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800).
23. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე მივა იმ დასკვნამდე, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რომელსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს. (იხ. სუსგ საქმე №ას-490-2023, 13 ივნისი, 2023 წელი) (შდრ. ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 604- 605).
24. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი მიუთითებს პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობასა და დარღვევასთან მიმართებაში არათანაზომიერებაზე. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან და საქმეზე დადგენილი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მართებულად გაიზიარა მოპასუხე მხარის არგუმენტაცია პირგასამტეხლოს განაკვეთის არაგონივრულობასთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ ასევე მართებულად შეამცირა პირგასამტეხლო ძირითადი თანხის ოთხჯერ ნაკლებ თანხამდე - 717.57 ლარამდე.
25. ამდენად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორმა ვერ დაასაბუთა თავისი მოთხოვნებისა და პრეტენზიების მართებულობა, და ვერ გააქარწყლა მოსარჩელის პრეტენზიების სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელად, ხოლო საკასაციო საჩივარი დაუშვებელად უნდა დარჩეს.
26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
27. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396-ე და 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ა–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. მ.ა–ძეს (........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №28751241482, გადახდის თარიღი 11.08.2025) 300 ლარის 70% - 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
მ. ერემაძე