№ას-1125-2025 04 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი
კასატორი – დ.ჭ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ტ.კ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოპასუხისათვის სარგებლის - 4 781.03 ლარის დაკისრების ნაწილში
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ტ.კ–მა“ (შემდეგში: მოსარჩელე) 2023 წლის 23 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს დ.ჭ–ძის (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2019 წლის 21 აგვისტოს საბანკი კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების თანხის - 14035.21 ლარის დაკისრება.
1.1. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.
1.2. შპს „ტ.კ–მა“ საქმის მომზადების ეტაპზე, 2023 წლის 14 ნოემბერს სასამართლოში წარადგინა დაზუსტებული სარჩელი და მოითხოვა მოპასუხე დ. ჭ–თვის 2019 წლის 21 აგვისტოს საბანკი კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შემცირებული დავალიანების, 20317.03 ლარის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 14035.21 ლარი, სარგებელი 4781.82 ლარი, პირგასამტეხლო 1500 ლარი.
1.3. დაზუსტებულ სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ კვლავ მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. ხოლო, 2024 წლის 21 მარტის სხდომაზე (მოსამზადებელ ეტაპზე) სარჩელი ცნო ძირი თანხისა და პირგასამტეხლოს 300 ლარის ნაწილში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ტ.კ–ის“ სარჩელი დ.ჭ–ძის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დ.ჭ–ძეს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 19 117.03 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირია 14 035.21 ლარი, სარგებელი - 4 781.82 ლარი, პირგასამტეხლო - 300 ლარი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარგებლის დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მარტის განჩინებით დ.ჭ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. 2019 წლის 21 აგვისტოს სს „თ.ბ–სა“ და დ.ჭ–ძეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის N3895734-10614664 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 15 800 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18%-ით, კრედიტის ვადა - 1811 დღე, 2024 წლის 5 აგვისტომდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 5 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ.
6.2. ხელშეკრულების 3.3.5 პუნქტის თანახმად, ბანკს უფლება მიენიჭა შეტყობინებისათვის გამოეყენებინა კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალება (მათ შორის ელექტრონული, ციფრული და ა.შ). ხელშეკრულების 3.9 პუნქტის თანახმად კი, მხარეები შეთანხმდნენ, რომ „ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი ოფიციალური შეტყობინება... განხორციელებულად ჩაითვლება, თუ მხარეს ჩაბარდება წერილობით, მათ შორის ელექტრონული ფორმით...“
6.3. ბანკის მიმართ წარდგენილი განცხადებით მსესხებელმა დ.ჭ–ძემ თანხმობა განაცხადა, რომ ბანკს მსესხებლისათვის სესხის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა მოკლე ტექსტური შეტყობინებების (SMS) სახით, ტელეფონის ნომერზე 577 675 880. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სწორედ ეს ნომერია მითითებული მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შესაგებელშიც.
6.4. საქმეში არსებული მტკიცებულებით დასტურდება, რომ მოპასუხის ტელეფონის ნომერზე 577 67 58 80, 2020 წლის 13 მარტს, 2020 წლის 18 მარტს და 2021 წლის 20 მარტს გაეგზავნა შეტყობინებები ლათინური შრიფტით (ნაწილობრივ ინგლისური ტრანსკრიფციით), თარიღების შესაბამისად, შემდეგი შინაარსით: 1. შეგახსენებთ, რომ 05/03/202-ში გიწევდათ სამომხმარებლო სესხის დაფარვა. 15/03/202-ში დასაფარი თანხა შეადგენს 150.89 ლარს. გთხოვთ, დროულად დაფაროთ დავალიანება, რომ არ მოხდეს თქვენი ანგარიშის დაბლოკვა. გმადლობთ. 2. გამარჯობა, თქვენს სესხ(ებ)ზე (მათ შროის ვადაგადაცილებულზე) ავტომატურად გაგიაქტიურდათ 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი. თუ არ გსურთ ისარგებლოთ შეღავათით, 20 მარტის ჩათვლით გამოაგზავნეთ ციფრი 7 ნომერზე 2727. საშეღავათო პერიოდის დეტალური პირობები იხილეთ ბმულზე: https://bot.ly/33rlCvK. 3. გამარჯობა, 3-თვიანი საშეღავათო პერიოდზე უარის დაფიქსირების ვადა გაგრძელდა 24 მარტის ჩათვლით. თუ არ გსურთ ისარგებლოთ შეთავაზებით, გამოაგზავნეთ ციფრი 7 ნომერზე 2727. საშეღავათო პერიოდის დეტალური პირობები იხილეთ ბმულზე: https://bot.ly/33rlCvK.
6.5. მოპასუხემ მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა საკრედიტო ვალდებულება. 2022 წლის 21 იანვრის მდგომარეობით მოპასუხეს 2019 წლის 21 აგვისტოს საბანკო კრედიტის N3895734-10614664 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 20 407.27 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 14 035.21 ლარი, პროცენტი - 4 781.82 ლარი, ჯარიმა - 1 540.89 ლარი და დაზღვევა - 49.35 ლარი.
6.6. დადგენილია, რომ 2022 წლის 21 იანვარს სს „თ.ბ–სა“ და შპს „ტ.კ–ს“ შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის (ცესიის) ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ბანკსა და დ.ჭ–ძეს (პ/ნ........) შორის დადებული 2019 წლის 21 აგვისტოს საბანკო კრედიტის N3895734-10614664 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება შეიძინა შპს „ტ.კ–მა“.
6.7. მოპასუხემ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბოლო გადახდა 2020 წლის 12 მარტს განახორციელა.
6.8. სარჩელი ძირი თანხის, 14 035.21 ლარის დაკისრების მოთხოვნით სასამართლოში წარდგენილია 2023 წლის 29 მაისს, ხოლო დაზუსტებული სარჩელი, რომლითაც მოსარჩელემ ძირ თანხასთან ერთად სარგებელი დაპირგასამტეხლო მოითხოვა, სასამართლოს იმავე წლის 14 ნოემბერს წარედგინა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამართლებრივი დასაბუთება:
6.9. პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს კვლევის საგანი იყო სარჩელის ხანდაზმულობის საკითხი სარგებლის ანუ დამატებითი მოთხოვნის ნაწილში. პალატის მითითებით, პასუხი უნდა გასცემოდა კითხვას - ჩაითვლება თუ არა დამატებითი მოთხოვნებით აღძრული სარჩელი ხანდაზმულად, მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაში წარდგენის კვალობაზე.
6.10. სააპელაციო საჩივრის იმ არგუმენტთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელემ სესხის პროცენტის გადახდა დაზუსტებული სარჩელით 2023 წლის 14 ნოემბერს მოითხოვა მაშინ, როდესაც მოთხოვნა უკვე ხანდაზმული იყო, პალატამ განმარტა, რომ ითვალისწინებდა მოპასუხის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ ცნობის ფაქტს და იმ გარემოებას, რომ სესხის სარგებელი წარმოადგენს დამატებით მოთხოვნას. სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, სესხის სარგებლის მიღება წარმოადგენს აქცესორული ბუნების უფლებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ შეიძლება არსებობდეს იმ მთავარი უფლების/მოთხოვნის გარეშე, რომელთანაც დაკავშირებულია. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ძირითადი მოთხოვნა არ არის ხანდაზმული, შესაბამისად, მთავარი მოთხოვნით აღძრული სარჩელით, რასაც ადგილი ჰქონდა 2023 წლის 29 მაისს, შეწყდა ხანდაზმულობის ვადის დინება დამატებით მოთხოვნის (სარგებელი) ნაწილშიც (სკ-ის 137-ე მუხლი). ხსენებული მოთხოვნა დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელემ ამავე საქმის ფარგლებში 2023 წლის 14 ნოემბერს დააყენა. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ხანდაზმულობის ვადა გასულად არ უნდა ჩათვლილიყო დამატებითი მოთხოვნისთვისაც.
6.11. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ შემთხვევაშიც თუ ხანდაზმულობის დენის დაწყების მომენტს მოპასუხის (მსესხებლის) მიერ შესრულებული ბოლო გადახდის თარიღს დაუკავშირებდა (2020 წლის 12 მარტი) და მთავარი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ სარჩელის შეტანით იმავე სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე დამატებითი მოთხოვნის ნაწილში ხანდაზმულობის ვადის დენას შეწყვეტილად არ მიიჩნევდა, სარგებლის მოთხოვნის ნაწილში წარდგენილი დაზუსტებული სარჩელი ვერ იქნებოდა სრულად ხანდაზმულად მიჩნეული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, რადგან სახეზე იყო პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება და დაზუსტებული მოთხოვნით სარჩელის წარდგენის თარიღის გათვალისწინებით (14.11.23წ.), ხანდაზმული იქნებოდა სესხის გრაფიკით გათვალისწინებული მხოლოდ პერიოდულად შესასრულებელი ფულადი ვალდებულება (05.04.2020 წ-დან - 05.11.2020 წლის ჩათვლით), ჯამში 1 671.62 ლარი. სარჩლით სარგებლის ნაწილში კი მოთხოვნილი იყო 4 781.82 ლარის დაკისრება. შესაბამისად, ამ მსჯელობიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა სახეზე იქნებოდა 3 110.20 ლარის ნაწილში (4 781.82 - 1 671.62).
6.12. პალატამ დაასკვნა, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა არგუმენტირებულ შედავებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილება უნდა დარჩენილიყო.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მარტის განჩინება სარგებლის დაკისრების ნაწილში საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
8. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ხანდაზმულობის ნაწილში გასაჩივრებული განჩინება. მოპასუხემ ცნო მხოლოდ სესხის ძირი თანხა და არა სარგებელი, რომელიც მოსარჩელემ ხანდაზმულობის ვადის დარღვევით წარადგინა სასამართლოში. თავდაპირველი სარჩელით მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხისათვის მხოლოდ ძირი თანხის დაკისრება, მოგვიანდებით კი, მოპასუხემ სასამართლოში წარადგინა სარჩელი და მოითხოვა სარგებლის გადახდაც. დ.ჭ–ძე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სესხის პროცენტის მოთხოვნა არ არის ხანდაზმული და მიიჩნევს, რომ მართალია სესხის პროცენტი არ არსებობს ძირითადი მოთხოვნისგან დამოუკიდებლად, თუმცა სესხის ძირი თანხის მოთხოვნასთან ერთად, კასატორს მიაჩნია, რომ სარგებლის მოთხოვნაც უნდა დაფიქსირებულიყო სარჩელის წარდგენის ვადაში.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 აგვისტოს განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
11. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და ნაწილობრივ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ფარგლებში პალატის შეფასების საგანია, მოპასუხისათვის სარგებლის დაკისრების შესახებ, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება.
14. მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობდა სესხის ხელშეკრულებიდან. სსკ-ის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ასევე, 868.1 მუხლით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი (საკრედიტო ხელშეკრულების დადების პერიოდში მოქმედი რედაქცია). ამავე კოდექსის 403.1 მუხლით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სესხის/კრედიტის დროს პროცენტის გადახდის ვალდებულება უკავშირდება მთავარ სასესხო ვალდებულებას და დამატებითი, ანუ აქცესორული ხასიათისაა წარმოშობის თვალსაზრისით. თუ არ წარმოშობილა მთავარი ვალდებულება ანდა იგი ბათილად იქნება ცნობილი, არც საპროცენტო ვალდებულება არსებობს (სუსგ №ას-1705-1689-2011, 04.06.2012წ; №ას-827-2021, 03.12.2021წ.). პროცენტი არის კომპენსაცია ფულადი საშუალებების დროებითი „დაკავებისათვის“ (შოთაძე, სესხის ხელშეკრულების მოდერნიზაციის აუცილებლობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, საიუბილეო კრებული: რომან შენგელია 70, 2012, გვ. 364).
15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
17. საკასაციო პრეტენზია შეეხება იმას, რომ თავდაპირველი სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხისათვის მხოლოდ ძირი თანხის დაკისრება, მოგვიანებით კი, მოპასუხემ სასამართლოში წარადგინა სარჩელი და მოითხოვა სარგებლის გადახდაც. დ.ჭ–ძე მიიჩნევს, რომ მართალია სესხის პროცენტი არ არსებობს ძირითადი მოთხოვნისგან დამოუკიდებლად, თუმცა, სესხის ძირი თანხის მოთხოვნასთან ერთად, კასატორს მიაჩნია, რომ სარგებლის მოთხოვნაც უნდა დაფიქსირებულიყო სარჩელის წარდგენასთან ერთად.
18. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სასარჩელო მოთხოვნაზე, რომლის თანახმად, შპს „ტ.კ–მა“ 2023 წლის 23 მაისს სასამართლოში წარდგენილი სარჩელით მოითხოვა დ.ჭ–ძისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2019 წლის 21 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შემცირებული დავალიანების თანხის - 14035.21 ლარის დაკისრება. საქმის მომზადების ეტაპზე, 2023 წლის 14 ნოემბერს კი, სასამართლოში წარადგინა სარჩელი და მოითხოვა მოპასუხისათვის 2019 წლის 21 აგვისტოს საბანკი კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შემცირებული დავალიანების, 20317.03 ლარის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 14035.21 ლარი, სარგებელი 4781.82 ლარი, პირგასამტეხლო 1500 ლარი.
19. პირველი ინსტანციის სასამართლოში, 2024 წლის 21 მარტის სხდომაზე (მოსამზადებელ ეტაპზე) მოპასუხემ სარჩელი ცნო ძირი თანხისა და პირგასამტეხლოს 300 ლარის ნაწილში.
20. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ითვალისწინებდა მოპასუხის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ ცნობის ფაქტს და იმ გარემოებას, რომ სესხის სარგებელი წარმოადგენს დამატებით მოთხოვნას. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, თავდაპირველი სარჩელის შეტანით შეწყდა ხანდაზმულობის ვადის დენა და არსებობდა მოპასუხისათვის სარგებლის დაკისრების წინაპირობები.
21. საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია. თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ფართო დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს (იხ. სუსგ საქმე №ას-1338-1376-2014, 29 ივნისი, 2015წ.).
22. სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლის მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება. მითითებული მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც უფლება-მოვალეოებების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნორმა მთელი სამოქალაქო ბრუნვის ქვაკუთხედია და საშუალებას იძლევა, ნებისმიერი ურთიერთობა სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასდეს. გარდა აღნიშნულისა, კერძო-სამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სსკ-ის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ მაინც მას ეფუძნება. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არამარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. პალატა ასევე მიუთითებს ამავე კოდექსის 115-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას (იხ. სუსგ საქმე №ას-1338-1376-2014, 29 ივნისი, 2015წ.)
23. სამოქალაქო უფლებათა გამოყენება უნდა ხდებოდეს კეთილსინდისიერად. სსკ-ი დაუშვებლად მიიჩნევს უფლების გამოყენებას მარტოოდენ იმ მიზნით, რომ სხვას მიადგეს ზიანი. ამ შემთხვევაში, გამოკვეთილი უნდა იყოს ზიანის მიმყენებლის კანონიერი ინტერესი და უფლების გამოყენება მიზნად არ უნდა ისახავდეს სხვისთვის მხოლოდ ზიანის მიყენებას. პირის მიერ უფლებათა განხორციელებისას აუცილებლად უნდა იქნეს დაცული კეთილსინდისიერება და მართლზომიერება. უფლების ბოროტად გამოყენებას უთანაბრდება ის მდგომარეობაც, როდესაც პირი უფლებას არ იყენებს მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას, როცა მისი უმოქმედობა მიზნად არ ისახავს უფლების განხორციელებისათვის აუცილებლობით ნაკარნახევი ინტერესის დაცვას.
24. საკასაციო პრეტენზიისა და გასაჩივრებული განჩინების შინაარსის გათვალისწინებით, პალატა იმსჯელებს როგორც დისპოზიციურობის პრინციპზე, ასევე განსახილველ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სარგებლის აქცესორულ ხასიათსა და ხანდაზმულობაზე.
25. პალატა განმარტავს, რომ ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად (სსსკ-ის 2.1 მუხლი). მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი (სსსკ-ის მე-3 მუხლი).
26. დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამ პრინციპზეა აგებული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა.
27. დისპოზიციურობა, როგორც ნების ავტონომიის საპროცესო გამოხატულება, გულისხმობს პირის უფლებას, თავად გადაწყვიტოს დაიცვას თუ არა სასამართლო წესით თავისი უფლება, თავად განსაზღვროს დავის საგანი და დაასახელოს დავაზე პასუხისმგებელი სუბიექტი. მოსარჩელეს შეუძლია ასევე უარი თქვას სარჩელზე. საგულისხმოა, რომ ჩამოთვლილ უფლებათა უმეტესი ნაწილი მოსარჩელისკენაა მიმართული, თუმცა, პირთა თანასწორობაზე დამყარებული სამოქალაქო საპროცესო სამართალი ანალოგიურ პირობებს უქმნის მოპასუხეს და ადგენს მის უფლებას, შეთანხმების შემთხვევაში, დავა მორიგებით დაასრულოს, მას ასევე შეუძლია ცნოს სარჩელი. სარჩელის ცნობა სარჩელის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველია (იხ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი (რჩეული მუხლები), GIZ, თბილისი, 2020, გვ. 67). მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვას. თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ (სსსკ-ის 208.3. მუხლი). მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას (იხ. სუსგ საქმე №ას-64-58-2015, 8 აპრილი, 2015 წელი).
28. საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებულ მსჯელობას მასზედ, რომ ვინაიდან, ძირითადი მოთხოვნა არ არის ხანდაზმული, აქცესორული მოთხოვნაც ვერ იქნება ხანდაზმული, არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ მართალია, სსკ-ის 153-ე მუხლის თანახმად, აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს. თუმცა, აღნიშნული მუხლის დანაწესი იმგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ ძირითადი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაში წარდგენის შემთხვევაში, დამატებითი მოთხოვნებით დამოუკიდებლად აღძრული სარჩელის ხანდაზმულობის საკითხი ინდივიდუალურად არ შემოწმდეს. როგორც უკვე აღინიშნა, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. სესხის ძირი თანხის მოთხოვნით სარჩელის წარდგენისას იგულისხმება, რომ მოსარჩელის სურვილი სწორედ მისი მოთხოვნის შესაბამისად სარჩელის დაკმაყოფილებაა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის მხარეთა მიერ შეთანხმებული სარგებლის ან პირგასამტეხლოს... მოთხოვნები კი, ცალკე სარჩელით მიმართვის შემთხვევაში, მხოლოდ იმის გამო, რომ დამატებით მოთხოვნებს წარმოადგენს, ძირითად მოთხოვნასთან ერთობლიობაში არ განიხილება. რაც შეეხება სარჩელის დაზუსტებას, პალატა მიინევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის დაზუსტებად ჩაითვლება, როდესაც იგი გამომდინარეობს სარჩელიდან, იკითხება მასში და დაზუსტებული მოთხოვნა თავდაპირველი მოთხოვნის გონივრული განმარტებაა (მსგავს საკითხზე იხილეთ სუსგ.: ას-850-1064-08, 27.04.2009წ.). მოცემულ შემთხვევაში, შპს „ტ.კ–ის“ მიერ თავდაპირველად წარდგენილი სარჩელი ცალსახად შეეხებოდა სესხის ძირი თანხის დაკისრებას და არც მოთხოვნიდან და არც სარჩელის შინაარსიდან არ ირკვეოდა მოსარჩელის პრეტენზია სარგებელზე. რაც შეეხება სარჩელის ნაწილობრივ ცნობასთან (სესხის ძირი თანხის ნაწილში) სარგებლის მოთხოვნის ხანდაზმულობის შეწყვეტის დაკავშირებას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობის უფლება წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დისპოზიციურობის ფუძემდებლური პრინციპის კონკრეტულ გამოხატულებას და სსსკ-ის მე-3 მუხლის და 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, სარჩელის ნაწილობრივ (რა ნაწილშიც მოპასუხემ ცნო სარჩელი) დაკმაყოფილების პროცესუალური საფუძველია (მსგავს საკითხზე იხ. სუსგ.: ას-408-408-2018, 27.04.2018წ.). იმ პირობებში კი, როდესაც სესხის ძირი თანხის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის განმარტებიდან სარგებლის მოთხოვნა არ გამომდინარეობდა, სარჩელის ცნობის გამო სარგებლის, როგორც დამატებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
29. ამდენად, მოპასუხისათვის სარგებლის დაკისრების შესახებ მოთხოვნა მოსარჩელის თავდაპირველი მოთხოვნის განმარტებიდან არ გამომდინარეობს და მოპასუხის მიერ სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით ხანდაზმულობაზე მითითების გათვალისწინებით, აღნიშნული მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი, მისი შეტანის დროისათვის უნდა შეფასდეს.
30. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლი პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ხანდაზმულობის ინსტიტუტის თავისებურება ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.
31. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულირებას.
32. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სამ წელს შეადგენს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა ექვს წელს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კი ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
33. კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად (სუსგ 19.03.2015წ. №ას-868-830-2014). თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება (სუსგ 1.12.2010წ. №ას-599-562-2010). სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
34. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.
35. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს სარგებლის გადახდის ვალდებულება არა ერთდროულად, არამედ ნაწილ-ნაწილ, გარკვეული პერიოდულობით, ევალებოდა. ამგვარი გარიგება კი, წარმოშობს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს (ზემოაღნიშნული მსჯელობა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას - სუსგ 20.05.2013წ.№ას-1432-1351-2012, 14.02.2017წ. ას-934-899-2016, 22.06.2018წ. საქმე №ას-462-462-2018, 12.06.2018წ. საქმე №ას-440-440-2018).
36. შესაბამისად, ვინაიდან, კასატორის მიერ სადავო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება ატარებდა პერიოდულად შესასრულებელ ხასიათს, მასზე უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა.
37. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოპასუხის პოზიციას სარგებლის ნაწილში ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით. ასევე იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას ბანკის მხრიდან მოპასუხის მიმართ სამთვიანი საშეღავათო პერიოდის ამოქმედების შესახებ და მიიჩნევს, რომ მოპასუხეს საშეღავათო შეთავაზებაზე უარი არ უთქვამს. შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეს სესხის გადახდა გადაუვადდა 2020 წლის 05 ივნისამდე და აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ თავდაპირველად სარჩელით სასამართლოს მიმართა 2023 წლის 29 მაისს, რა დროსაც მას სარგებლის დაკისრების მოთხოვნით არ მიუმართავს. მოსარჩელემ ასეთი მოთხოვნით სასამართლოს მიმართა 2023 წლის 14 ნოემბერს. მოპასუხის მიერ ბოლო გადახდა განხორციელდა 2020 წლის მარტის თვეში. საშეღავათო პერიოდის ამოქმედების გათვალისწინებით, აპრილისა და მაისის თვეში დ.ჭ–ძეს სესხის დაფარვა არ ევალებოდა. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება მოპასუხის მიერ დაირღვა 2020 წლის 05 ივნისს და სარგებლის მოთხოვნის უფლებაც მოსარჩელეს სწორედ ამ დროიდან წარმოეშვა. შპს „ტ.კ–მა“ სარგებლის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა 2023 წლის 14 ნოემბერს. შესაბამისად, სარჩელის შეტანის დროისათვის 2020 წლის 06 ივნისიდან 2020 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით შესასრულებელი ვალდებულების ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა იყო გასული და ამ პერიოდისათვის გადასახდელი სარგებლის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს. აღნიშნული პერიოდისათვის გადასახდელი სარგებლის ოდენობა კი, შეადგენდა 1538.52 ლარს.
38. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხისათვის დასაკისრებული სარგებელი ვალდებულების პერიოდულად შესასრულებელი ხასიათისა და სარგებლის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის შეტანის დროის გათვალისწინებით (2023 წლის 14 ნოემბერი), 3243.3 (4781.82-1538.52) ლარის ნაწილში არ არის ხანდაზმული და არსებობს მოთხოვნის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
39. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარგებელი 3243.3 ლარის ოდენობით.
40. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც მოპასუხის საკასაციო საჩივარი და სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯის ანაზღაურება, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. სარგებლის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა 67.82%-ით, შესაბამისად, ამ მოთხოვნის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად, მოპასუხისათვის დასაკისრებელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 97.28 ლარს. რაც შეეხება სააპელაციო და საკასაციო ინსნტანციის სასამართლოებში მოპასუხის მიერ გადახდილ სახელმწიფო ბაჟს, მოსარჩელის მიერ მოპასუხის სასარგებლოდ ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა შეადგენს 305.17 (101.72+203.45) ლარს. საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ურთიერთგადასაცემი თანხა უნდა გაიქვითოს და საბოლოოდ მოსარჩელეს კასატორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 207.89 (305.17-97.28) ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დ.ჭ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მარტის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „ტ.კ–ის“ სარჩელი სარგებლის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. დ.ჭ–ძეს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარგებლის 3243.3 ლარის გადახდა;
5. შპს „ტ.კ–ს (.......) დ.ჭ–ძის (.........) სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით დაეკისროს - 207.89 ლარის გადახდა;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
თეა ძიმისტარაშვილი