Facebook Twitter

საქმე №ას-922-2024 28 ნოემბერი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ი.ჩ–ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ც.წ–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

მოპასუხე - ლ.ჩ–ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, საქმისწარმოების შეწყვეტა

დავის საგანი - საზიარო უფლების გაუქმება (სარჩელში), თანხის დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ი.ჩ–მა (შემდეგ – პირველი მოსარჩელე, პირველი შეგებებული სარჩელის მოპასუხე, პირველი აპელანტი, კასატორი) და მ.ჩ–მა (შემდეგ - მეორე მოსარჩელე, მეორე შეგებებული სარჩელის მოპასუხე, მეორე აპელანტი) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ც.წ–ის (შემდგომ - მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი, მოწინააღმდეგე მხარე) და ლ.ჩ–ის (შემდგომ - მეორე მოპასუხე, არასრულწლოვანი) მიმართ (საქმეში მესამე პირებს წარმოადგენდნენ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო და ააიპ - სოციალური მზრუნველობის სააგენტო) და მოითხოვეს, გაუქმდეს მხარეთა საზიარო უფლება უძრავ ნივთზე საზიარო საგნის იძულებითი რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხა განაწილდეს მხარეებს შორის კუთვნილი წილების პროპორციულად. შეგებებული სარჩელი აღძრა პირველმა მოპასუხემაც და მოითხოვა პირველი შეგებებული მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 2 329 აშშ დოლარის, ხოლო მეორე მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 2 329 აშშ დოლარისა და 485 ლარის დაკისრება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა საზიარო უფლება თბილისში, ......... მდებარე უძრავი ქონების, №84 ბინის (ს/კ ........) საზიანო საგნის რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხა განაწილდა თანამესაკუთრეთა შორის კუთვნილი წილების შესაბამისად: მეორე მოპასუხე - 5/8, პირველი მოპასუხე - 1/8, პირველი მოსარჩელე - 1/8, მეორე მოსარჩელე - 1/8; შეგებებული სარჩელიც დაკმაყოფილდა; პირველ მოპასუხეს 2 329 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა შეგებებული სარჩელის ავტორის სასარგებლოდ დაეკისრა; მეორე მოპასუხესაც 2 329 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 482 ლარის გადახდა შეგებებული ავტორის სასარგებლოდ; დადგინა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტი იძულებით აღსრულდება მეორე მოპასუხის სრულწლოვანების მიღწევის შემდგომ.

3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მაისის განჩინებით, აპელანტთა (მოსარჩელეთა) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 1306-ე, 1328-ე, 1484-ე, 473.1, 986-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ შეგებებული სარჩელის ავტორმა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დაადასტურა, რომ მამკვიდრებლის სამკვიდრო პასივს შეადგენდა შპს „ს–ოს“ წინაშე არსებული ვალდებულება 18 635 აშშ დოლარი და შეგებებული სარჩელის ავტორმა, როგორც მემკვიდრემ, შეასრულა მამკვიდრებლის ვალდებულება, რაც შეგებებული სარჩელის მოპასუხეებისათვის თანხის დაკისრების საფუძველია.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება, პირველმა მოპასუხემ (საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 14 აგვისტოს განჩინებით, მეორე მოპასუხის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მაისის განჩინებაზე დარჩა განუხილველად) საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, ასევე – შეწყდეს შეგებებულ სარჩელზე საქმისწარმოება.

7. კასატორის მითითებით, გაუგებარია, სასამართლომ რატომ მიუთითა, რომ სადავოდ არ ხდიდა მამკვიდრებლის მიერ სიცოცხლეში გადახდილი თანხების ოდენობას, მაშინ, როდესაც იგი მიუთითებდა, რომ მამკვიდრებელს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი ჰქონდა არა 6 500 აშშ დოლრი, არამედ 16 800 აშშ დოლარი.

8. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ ჰქონდა უფლება და არც ვალდებულება მოპასუხეთა შეთანხმების გარეშე მამკვიდრებლის ვალის დაფარვის მიზნით, შეესყიდა და დაემონტაჟებინა ლიფტი, რადგანაც მოპასუხეები არ აღიარებენ ამ ვალს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. მოცემულ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მამკვიდრებლის სამკვიდრო პასივზე გაწეული ხარჯის მოპასუხეებისათვის დაკისრება, კერძოდ, შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ მამკვიდრებელსა და შპს „ს–ოს“ შორის გაფორმებული მშენებარე ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე (ნასყიდობის საგანი წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული უძრავი ქონებაა) ვალდებულების - 18 635 აშშ დოლარის შესრულება.

14. კასატორი, მოცემულ შემთხვევაში, სადავოდ ხდის მამკვიდრებლის ვალის არსებობასა და მის ოდენობას.

15. პალატა მიუთითებს, რომ სასამართლო მტკიცებით პროცესში, საპროცესო უფლების ჯეროვნად რეალიზების მიზნით, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომელიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას (სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები, 219-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოსარჩელის მიერ, ამ საპროცესო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში კი, უკვე მოპასუხეზეა დამოკიდებული მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების არსებობის უარყოფა (სსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილი).

16. სსსკ-ის მე-4 მუხლი განსაზღვრავს შეჯიბრებითობის პრინციპს, რომლის თანახმად, მტკიცების საგნის განსაზღვრა და მასში შემავალი ფაქტები დამტკიცების ტვირთი მხარეებს ეკისრებათ. იმავე კოდექსის მე-3 მუხლი განსაზღვრავს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას – განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

17. ამდენად, გარემოება დამტკიცებულად მიიჩნევა, თუ ერთი მხარე მიუთითებს მასზე და მეორე მხარე არ ეწინააღმდეგება. ეს იმას ნიშნავს, რომ შეჯიბრებითი პრინციპის საფუძველზე, მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის დასაბუთებულ მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი წააგებს სამართლებრივ დავას. მოპასუხის სტადიაზე მოწმდება არა მხოლოდ ის, წარადგინა თუ რა მოპასუხემ შესაგებელი, არამედ, ეს შესაგებელი რამდენად აბათილებს და არყევს (მოსარჩელის განმარტებების საფუძველზე შექმნილ) მოთხოვნის წარმოშობის ვარაუდს, კერძოდ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა - შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია, ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავასა და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს, შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.

18. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე აღნიშნა, რომ სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილების თანახმად, „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია, მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია, წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენით გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს“ (იხ. სუსგ/დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 2017 წლის 2 მარტი).

19. საკასაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეთა მიერ წარდგენილი შესაგებელი არ შეიცავს შეგებებული მოსარჩელის მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების უარყოფას, იმის შესახებ, რომ შეგებებული სარჩელის ავტორმა გადაიხადა მამკვიდრებლის ვალდებულება 18 625 აშშ დოლარი ამ უკანასკნელსა და შპს „ს–ოს“ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში. საქმეში წარმოდგენილი შესაგებლიდან მოპასუხეებმა მხოლოდ ზოგადად მიუთითეს, რომ სარჩელს არ ცნობდნენ. სხვა რაიმე განმარტება და არგუმენტი, ზემოაღნიშნული საფუძვლით სარჩელის დაკმაყოფილების წინააღმდეგ არ მიუთითებიათ, რისი გათვალისწინებითაც, მოსარჩელის მიერ დასახელებული და მოპასუხის არაკვალიფიციურად შედავებული გარემოება სამართლებრივად ქმნის იმ დასკვნის საფუძველს, რომ შეგებებული სარჩელის ავტორმა მამკვიდრებლის ვალი 18 625 აშშ დოლარი გადაიხადა.

20. გარდა ზემოაღნიშნულისა, პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, გადახდის ქვითრებით დასტურდება, რომ შპს „ს–სა’’ და ო.ჩ–ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ბინის ღირებულება განსაზღვრული იყო 25 135 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით, საიდანაც გადახდილი იყო 6 500 აშშ დოლარი, ხოლო 16 800 აშშ დოლარი უნდა ჩათვლილიყო თბილისში, .......... მდებარე უძრავი ქონების ლიფტების მონტაჟში, რაც მყიდველს ჩაეთვლებოდა ბინის ღირებულების ნაწილში, ხოლო, დარჩენილ დავალიანებას, 1 835 აშშ დოლარს, ეს უკანასკნელი გადაიხდიდა გრაფიკის მიხედვით. დარჩენილი დავალიანების ოდენობას - 18 635 აშშ დოლარს ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი შპს „ს–ს’’ 2015 წლის 20 აგვისტოს ცნობაც, სადაც ასევე მითითებულია, რომ მამკვიდრებელს ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი ჰქონდა მხოლოდ 6 500 აშშ დოლარი.

21. უდავოა, რომ ქონება 2014 წლის 14 აგვისტოს მონაცემებით, რეგისტრირებული იყო მამკვიდრებლის საკუთრებაში. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია მშენებარე ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება №140839963, დამოწმების თარიღი – 11/08/2014. ბინაზე რეგისტრირებულია ვალდებულება - ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების პირობა. სადავო არ არის, რომ მამკვიდრებელი 2015 წლის 18 მარტს გარდაიცვალა. ამის შემდგომ, 2015 წლის 8 ივნისს, შეგებებული სარჩელის ავტორსა და შპს „H.P.A-ს“ შორის დაიდო ლიფტის მიწოდების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, .......... მეორე სადარბაზო, 14-სართულიანი საცხოვრებელი სახლისათვის 1 (ერთი) ერთეული ლიფტის მიწოდება. ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, ლიფტის ღირებულება შეადგენს - 15 000 აშშ დოლარს. საქმეში წარმოდგენილი საგადახდო დავალებებით დგინდება შპს „H.P. A-სათვის“ აღნიშნული თანხების ჩარიცხვის ფაქტი. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 20 ივლისის შეტყობინება დღგ - 6 133 ლარისა და მომსახურების საფასურის - 400 ლარის გადახდის ვალდებულების შესახებ, ასევე – აღნიშნული თანხების გადახდის დამადასტურებელი ქვითრები.

22. პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ასევე დგინდება შპს „ს–სა“ და მამკვიდრებელს შორის არსებული სახელშეკრულებო ვალდებულების ფარგლებში მოწინააღმდეგე მხარის მიერ 18 635 აშშ დოლარის გადახდა (შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, 18 000 აშშ დოლარი გადაიხადა ლიფტის შეძენასა და ტრანსპორტირებაში თურქეთიდან - საქართველოში. 750 აშშ დოლარი კი საბაჟოდან თბილისში მდებარე მისამართზე (....... N38-მდე) ტრანსპორტირებაში, აგრეთვე, მუშების მომსახურებაში და რამდენიმე კვირის განმავლობაში ეზოში განთავსებული ლიფტის მეთვალყურეობაში).

23. საკასაციო პალატა ასკვნის, რომ მოცემულ შემთხვევაში, სსკ-ის 1484.1 მუხლის გამოყენების წინაპირობები განხორციელებულია, კერძოდ, დადგენილია, რომ: ა) მამკვიდრებელს კრედიტორის ვალი ჰქონდა, რომელიც მას სიცოცხლეში არ გაუსტუმრებია; ბ) მამკვიდრებელი გარდაიცვალა; გ) მამკვიდრებლის სამკვიდრო მიიღეს მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეებმა; დ) მოსარჩელემ სამკვიდროს გახსნის შემდეგ სრულად დააკმაყოფილა მამკვიდრებლის კრედიტორის მოთხოვნები. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მამკვიდრებლის ვალები არ აღემატებოდა სამკვიდროს, შესაბამისად, ვინაიდან მამკვიდრებელს გარდაცვალების დროისათვის ჰყავდა ოთხი პირველი რიგის მემკვიდრე და ოთხივე მათგანმა მიიღო სამკვიდრო, მიიჩნევა, რომ თითოეულმა მათგანმა ჩაანაცვლა მამკვიდრებელი ვალდებულებებში, რისი გათვალისწინებითაც, არა მხოლოდ შეგებებული სარჩელის ავტორს, არამედ – შეგებებული სარჩელის მოპასუხეებსაც თანაბარწილად წარმოეშვათ ქონებრივ უფლებებთან ერთად ვალდებულებები სსკ-ის 1484.1 (მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად) და 1494-ე მუხლების (კრედიტორთა მოთხოვნები მემკვიდრეებმა უნდა დააკმაყოფილონ ერთჯერადი გადახდის გზით, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი) საფუძველზე.

24. მოცემულ შემთხვევაში კი, ვინაიდან შეგებებული სარჩელის ავტორმა შეასრულა ვალდებულება, მას აქვს მემკვიდრეთაგან უკუმოთხოვნის უფლება სამკვიდროში მათი წილის პროპორციულად (სსკ-ის 986-ე მუხლი), რისი გათვალისწინებითაც, შეგებებული სარჩელი კანონიერად დაკმაყოფილდა.

25. პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.

26. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

27. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

28. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

29. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ.: სუსგ №ას-1710-2019, 24.07.2020წ.; №ას-411-2022, 30.09.2022წ.; №ას-891-2019, 30.09.2019წ.; №ას-1-1-2017, 3.07.2017წ.;).

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

31. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან სსსკ-ის 46-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.ჩ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

გიზო უბილავა