საქმე №ას-1174-2025 3 დეკემბერი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განცხადების ავტორი – შპს „რ.ქ.მ–ი“
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 31 ოქტომბრის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა - დამატებითი განჩინების მიღება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი რომელზეც მიღებულია განჩინება - ადვოკატის მომსახურების ხარჯების დაკისრებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ა.მ. და გ.კ–იამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „რ.ქ.მ–ის“ მიმართ, თანხისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე. ხოლო, შპს „რ.ქ.მ–მა“ შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა.მ. და გ.კ–იის“ მიმართ, თანხის დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით, შპს „ა.მ. და გ.კ–იის“ სარჩელი თანხისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო შპს „რ.ქ.მ–ის“ შეგებებული სარჩელი თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შპს „ა.მ. და გ.კ–იას“ მოსარჩელე შპს „რ.ქ.მ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 1 083 456 ლარის გადახდა. შპს „რ.ქ.მ–ის“ შეგებებული სარჩელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ორივე მოდავე მხარემ, წარადგინა სააპელაციო საჩივარი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 01 ივლისის განჩინებით, არცერთი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს შპს „ა.მ. და გ.კ–იამ“ და შპს „რ.ქ.მ–მა“.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, შპს „ა.მ. და გ.კ–იის“ ასევე, შპს „რ.ქ.მ–ის“ საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.
5. 2025 წლის 6 ნოემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „რ.ქ.მ–ის“ წარმომადგენელმა, სადაც მიუთითა, რომ საკასაციო საჩივრით მხარე ითხოვდა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის დაკისრებას, დავის საგნის 4%-ის ოდენობით, რაზედაც საკასაციო პალატას საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ 31.10.2025წ. განჩინებაში არ უმსჯელია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ დამატებითი განჩინების მიღების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს, შემდეგი დასაბუთებით:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-31 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით, ზეპირი მოსმენის გარეშე, გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში.
8. მოცემულ შემთხვევაში განცხადება წარდგენილია 2025 წლის 6 ნოემბერს, ანუ კანონით დადგენილი შვიდდღიანი ვადის დაცვით, რის გამოც იგი აკმაყოფილებს კანონით დადგენილ ფორმალურ წესს და მისი შინაარსობრივად განხილვის საფუძველია.
9. საკასაციო სასამართლო, არ იზიარებს კასატორის შუამდგომლობას მოთხოვნილი ოდენობით წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის დაკისრების შესახებ და განმარტავს, რომ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის მეორე მხარისათვის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის წესი მოცემულია საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლში. ნორმის პირველი ნაწილის დანაწესით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-ისა. ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოს. ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. ნიშანდობლივია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვ.
10. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით (იხ. ტომი 7, ს.ფ. 133-151) და არა შესაგებლით (იხ. ტომი 7, ს.ფ. 209-218) მოთხოვნილია წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის სახით დავის საგნის 4%-ის დაკისრება მოწინააღმდეგე მხარისთვის, რომელიც დავაში ასევე წარმოადგენდა კასატორს. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ შპს „რ.ქ.მ–ი“ მოცემულ საქმეში საქმის განხილვის ყველა ეტაპზე - ყველა ინსტანციის სასამართლოში მონაწილეობდა, როგორც შეგებებული სარჩელის ავტორი, აპელანტი და კასატორი, სარჩელი პირველივე ეტაპზე პირველი ინსტანციის სასამართლოშივე აღმოჩნდა წარუმატებელი, ხოლო შეგებებული სარჩელი მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ხაზგასასმელია, რომ მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოში (სადაც მისი მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა) არ მოუთხოვია საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება, ზემდგომ ინსტანციების სასამართლოში კი (როგორც სააპელაციო, ასევე საკასაციო სასამართლოებში) მისი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული. ამასთან საკასაციო შესაგებლით, რომელიც საკასაციო საჩივრის თავდაცვითი მექანიზმია, მხარეს არ მოუთხოვია საადვოკატო მომსახურების ანაზღაურება. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ, განმცხადებელს ზემდგომ ინსტანციებში (აპელაცია და კასაცია) დავა უწევდა იგივეობრივი პოზიციებით, ასევე მხარე ადვოკატის ხარჯების ანაზღაურებას ითხოვდა კასატორის რანგში (საკასაციო საჩივარში), რომელიც დაუსაბუთებლობის გამო დარჩა განუხილველი. ამიტომ, პალატა მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი ხარჯი არ ექვემდებარება საპროცესო კოდექსი 53-ე მულით განმტკიცებულ ხარჯს (იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში), რის გამოც განცხადება დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
9. ზემომითითებული მსჯელობის შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო სამართალწარმოების მოცემული ეტაპის - დასაშვებობის, პროცესუალური საფუძვლით შემოწმებისას, ადვოკატის მომსახურების ხარჯი არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას და სწორედ ამ მოტივით არ იქნა ნამსჯელი 2025 წლის 31 ოქტომბრის განჩინებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-31 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „რ.ქ.მ–ის“ განცხადება წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის დაკისრებისა და დამატებითი განჩინების მიღების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი