№ას-1365-2025
26 ნოემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს "ზ–ო" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ც.დ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 აგვისტო განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ც.დ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ზ–ოს’’ (შემდგომში - „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხე შპს „ზ–ოს“ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას შპს „ც.დ–ის“ საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, ......, საკადასტრო კოდი ........ და აღნიშნული ფართი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდეს შპს „ც.დ–ს“.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მოსარჩელე შპს ,,ც.დ–ის’’ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე შპს ,,ზ–ოს’’ მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე; მოპასუხე შპს ,,ზ–ოს’’ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა შპს ,,ც.დ–ის’’ საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, ........, საკადასტრო კოდი: N..... დადგინდა, რომ აღნიშნული ფართი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდეს მოსარჩელე შპს ,,ც.დ–ს’’; მოპასუხე შპს ზოროს დაეკისრა მოსარჩელის შპს ,,ც.დ–ის’’ სასარგებლოდ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 120 ლარის ოდენობით.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 აგვისტოს განჩინებით, შპს "ზ–ოს" სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. 2023 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ ელექტრონულ საჯარო აუქციონზე გ.ქ–ძემ შეიძინა შპს ,,ზ–ოს’’ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, ......., საკადასტრო კოდი ........, რის შემდეგაც, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 06.11.2023 წლის NA23059631-024/001 განკარგულების საფუძველზე, აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მის საკუთრებაში;
6.2. გ.ქ–ძემ მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ბათუმი, ......... (საკადასტრო კოდი .......), 2024 წლის 12 აგვისტოს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მიყიდა ს.ს–ს და კ.გ–ს;
6.3. საქმეში წარმოდგენილი შპს ,,ც.დ–ის’’ 2014 წლის 29 აგვისტოს პარტნიორთა კრების ოქმით დგინდება, რომ ს.ს–მა და კ.გ–მა მათ საკუთრებაში რიცხული აღნიშნული უძრავი ქონება შეიტანეს შპს ,,ც.დ–ის’’ კაპიტალში;
6.4. ქ. ბათუმში, ........ (საკადასტრო კოდი .......) მდებარე უძრავი ქონება, 2024 წლის 30 აგვისტოდან, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია შპს ,,ც.დ–ის’’ საკუთრებად;
6.5. მესაკუთრის ნების საწიონააღმდეგოდ, ქ. ბათუმში, ......... (საკადასტრო კოდი .......) მდებარე უძრავ ქონებას კვლავ ფლობს მოპასუხე შპს ,,ზ–ო’’.
7. სააპელაციო პალატამ მიუთითა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებაზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე, 172-ე მუხლებზე, საჯარო რეესტრის მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციაზე და განმარტა, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია სადავო უძრავ ქონებაზე, რომელსაც კანონიერი საფუძვლის გარეშე ფლობს აპელანტი, აპელანტს კი სადავო უძრავი ნივთის მფლობელობის მართლზომიერების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ შეგებებული სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის თაობაზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინება შესულია კანონიერ ძალაში და შესაბამისად, სადავო ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლება სათანადო წესით შედავებული არ არის.
8. პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხე არ ათავისუფლებს უძრავ ქონებას, რაც მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება და ის უძრავ ნივთზე მფლობელობისა და სარგებლობის უფლებას ვერ ახორციელებს. მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ უძრავ ქონებას კანონიერად ფლობს. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამდენად, სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები და გამოითხოვოს ნივთი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.
10. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
10.1. საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარადგინა შეგებებული სარჩელი. შეგებებული სარჩელის მიღებაზე უარი პირველი ინსტანციის სასამართლომ დაასაბუთა იმ საფუძვლით, რომ შეგებებული სარჩელის წარდგენა მოხდა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, რაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს. სხდომის ოქმებით უტყუარად დასტურდებოდა, რომ შეგებებული სარჩელის წარდგენა მოხდა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე. შეგებებული სარჩელის მიღებაზე უარი გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ. სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე და საჩივრის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით უთხრა უარი მოპასუხე მხარეს, რომ შეგებებული სარჩელის მოთხოვნა განეკუთვნებოდა ადმინისტრაციული დავის საგანს. რაც არასწორი შეფასებაა, რადგან ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა არ წარმოადგენდა შეგებებული სარჩელის მოთხოვნას. არამედ შეგებებული სარჩელის ავტორი ითხოვდა აუქციონის შედეგების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ საკუთრების უფლება არამართლზომიერად გავიდა მოპასუხისგან, აუქციონზე ქონების შემძენი სხვა პირებთან ერთად მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად. შეგებებული სარჩელი შეიცავდა მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასაბუთებას შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით.
10.2 კასატორი უთითებს, რომ მოცემულ საქმეზე შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევა გამოიხატა სასამართლოების მიერ შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უსაფუძვლოდ უარის თქმაში, შეგებებული სარჩელის მიღება და მისი დაკმაყოფილება გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილებას.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ნოემბრის განჩინებით შპს ,,ზ–ოს’’ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
12. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო: 13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
16. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
17. უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172.1 მუხლი.
18. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები, კერძოდ: მოსარჩელე შპს "ც.დ–ის" საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. ბათუმი, ......., საკადასტრო კოდი .....; სადავო უძრავ ქონებას ფლობს მოპასუხე და მოსარჩელე ვერ სარგებლობს თავისი ქონებით, მოპასუხე არ არის სადავო ქონების მართლზომიერი მფლობელი.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია.
19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
20. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
21. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, მოპასუხე სადავო უძრავ ქონებას ფლობს. მოპასუხე მხარემ სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მფლობელობის მართლზომიერება.
22. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს არაერთ ქონებრივ/ფულად უფლებას, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – ,,მარქსი ბელგიის წინააღმდეგ“ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“ (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი). სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედვით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია, განაცხადოს, რომ მას აქვს საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. ,,იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ“, დიდი პალატა, №48939/99, §124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII; ,,პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ“; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).
23. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგანაც განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 27 დეკემბრის საქმე Nას-887-2019, განჩინება).
24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის წინაპირობების არსებობას, რაც მართებულად გახდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. ამდენად, განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორი საკასაციო საჩივარში ჩამოყალიბებული პრეტენზიების ფარგლებში ფაქტობრივად სადავოდ ხდის შეგებებული სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის კანონიერებას.
26. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, შპს ,,ზ–ოს’’ შეგებებული სარჩელი არ იქნა მიღებული განსახილველად. აღნიშნული გაჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,ზ–ომ’’, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 ნოემბრის განჩინებით, დარჩა უცვლელად და შევიდა კანონიერ ძალაში.
27. გამომდინარე იქედან, რომ მოცემულ შემთხვევაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინებაზე წარდგენილ კერძო საჩივარზე უკვე იმსჯელა ზემდგომმა სასამართლომ, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი ვერ გახდება შეგებებული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონიერება [სსსკ-ის 419-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილები: კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში; ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება]. 28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
29. საკასაციო სასამართლოს დასკვნით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
30. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება. 31. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
32. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
34. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,ზ–ოს’’ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. შპს ,,ზ–ოს’’ (ს/ნ .......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150 (საგადასახადო დავალება №5166, გადახდის თარიღი 06/11/2025);
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ბადრი შონია
ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე