Facebook Twitter

საქმე № ას-1219-2025 20 ნოემბერი, 2025 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – შპს „ლ–ს“, დ.თ–ძე, გ.ნ–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ხ.ბ.ს–ო“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა, აღსრულების წესის განსაზღვრა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „ხ.ბ.ს–ოს“ (შემდგომში მოსარჩელე) სარჩელი შპს „ლ–ს“, დ.თ–ძისა და გ.ნ–ძის (შემდგომში მოპასუხეები, აპელანტები ან კერძო საჩივრის ავტორები) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ საკრედიტო დავალიანების 618 723.28 ევროს გადახდა; ფულადი მოთხოვნის სრულად დასაფარად დადგინდა ერთ-ერთი მოპასუხის, შპს „ლ–სის“ საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (მდებარე, ბორჯომის ........., დაზუსტებული ფართობი 2375.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1 (მშენებარე) ფართობი: 2752.00 კვ.მ. ს/კ ......) იძულებითი რეალიზაცია; ამავე გადაწყვეტლების მიხედვით, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნებოდა იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, დანაკლის თანხას, მოსარჩელე მიიღებდა მოპასუხეების სხვა ნებისმიერ ქონებაზე გადახდევინების მიქცევით; მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

4. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 4 აპრილის განჩინებით მოპასუხეებს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ 10 (ათი) დღის ვადაში სასამართლოსთვის მხარეთა მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის იმდენი დედანი ეგზემპლარის წარდგენა, რამდენი აპელანტიცაა საქმეში, ასევე, სახელმწიფო ბაჟის, 7000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოსთვის წარდგენა. დადგენილია, ასევე, რომ, ხარვეზის განჩინება აპელანტების წარმომადგენელს, კ.კ–ას, პირადად ჩაბარდა 2025 წლის 1 მაისს, ხოლო სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი აპელანტებმა სასამართლოში წარადგინეს დაგვიანებით, 2025 წლის 15 მაისს სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ხარვეზის შევსების ბოლო, მე-10 დღე (11 მაისი), ასევე მომდევნო დღე (12 მაისი) დაემთხვა არასამუშაო დღეებს, შესაბამისად, აპელანტებს ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადა ამოეწურათ 13 მაისს.

5. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-74-ე, 63-ე მუხლებით და დაასკვნა, რომ ვინაიდან აპელანტებს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში განჩინებით დაწესებული ხარვეზი არ გამოუსწორებით, არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტებმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება.

7. კერძო საჩივრის ავტორების განცხადებით, სასამართლოს მიერ დაწესებული ხარვეზი მათ დროულად შეავსეს. 2025 წლის 13 მაისს მოპასუხეებმა სასამართლოს ონლაინ პლატფორმა ecort.ge-ს მეშვეობით გააგზავნეს სასამართლოში ხარვეზის შევსების განცხადება, თუმცა მომდევნო დღეს შეიტყვეს, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო საქმე უკან დაბრუნდა, რის გამოც 15 მაისს განმეორებით წარადგინეს დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი. ამდენად, აპელანტებმა ხარვეზის შევსების ვადა გაუშვეს საპატიო მიზეზით, რაც, მათი აზრით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს ქმნის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

9. განსახილველ დავაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 4 აპრილის განჩინებით აპელანტებს დაევალათ 10 (ათი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის, 7000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის, ასევე, მხარეთა მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის იმდენი დედანი ეგზემპლარის სასამართლოსთვის წარდგენა, რამდენი აპელანტიცაა საქმეში (იხ. ტ. 2. ს.ფ 15-18). დადგენილია ასევე, რომ ხარვეზის განჩინება აპელანტების წარმომადგენელს, კ.კ–ას გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (თბილისი, ...........) (იხ. ტ. 2. ს.ფ 19) და ჩაბარდა პირადად, იმავე წლის 1 მაისს (იხ. ტ. 2. ს.ფ 20), ხოლო ხარვეზის შევსების მიზნით აპელანტებმა განცხადება სასამართლოში წარადგინეს 2025 წლის 15 მაისს (იხ. ტ. 2, ს.ფ 21-41), გზავნილის ჩაბარებიდან მე-14 დღეს.

10. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმისწარმოებისას საპროცესო მოქმედებების შესრულების წესი განსაზღვრულია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, დასახელებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

12. ზემოაღნიშნული ნორმების ურთიერთშეჯერებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადის ათვლა კონკრეტულ შემთხვევაში დაიწყო გზავნილის აპელანტების წარმომადგენლისთვის ჩაბარების მომდევნო დღიდან, 2025 წლის 2 მაისს და ამოიწურა იმავე წლის 13 მაისს (რადგან მე-10 (11 მასისი) და მომდევნო დღე (12 მაისი) დაემთხვა უქმე დღეებს), ხოლო ვინაიდან აპელანტმა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება სასამართლოს წარუდგინა დაგვიანებით, 15 მაისს, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი (რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება) და მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი.

13. საკასაციო სასამართლო დასაბუთებულ პრეტენზიად ვერ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორთა განცხადებას იმის შესახებ, რომ მათ დაცული აქვთ სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 10-დღიანი საპროცესო ვადა.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

15. ზემოაღნიშნული ნორმების ურთიერთშეჯერებითა და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს, გარდა ზეპირი განმარტებისა, სასამართლოსთვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რომელიც დადგენილი ხარვეზის საპროცესო ვადის დაცვით შევსებას დაადასტურებდა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ლ–სის“, დ.თ–ძისა და გ.ნ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი