საქმე №ას-836-2025 20 ნოემბერი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - თ.მ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ფ–ო“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 აპრილის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სს „თ.ბ–მა“ (შემდგომში მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.მ–ძის (შემდგომში მოპასუხე, საჩივრის ავტორი, აპელანტი, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეს სარჩელზე შესაგებლი არ წარუდგენია.
3.საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება
3.1. შესაგებლის წარუდგენლობის გამო 2024 წლის 3 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა (მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა NGE87TB7477445064100101 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 405.30 ლარის გადახდა, საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხაა 338.68 ლარი; საპროცენტო სარგებელი - 32.75 ლარი; პირგასამტეხლო - 33.87 ლარი; NGE87TB7477445064100101 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავალი სესხის ძირითადი თანხის 338.68 ლარის წლიური 36 %, 2023 წლის 17 ივლისიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 121.92 ლარისა; NGE60TB7477445064100102 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 964.37 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 794.99 ლარი; საპროცენტო სარგებელი - 89.88 ლარი; პირგასამტეხლო - 79.50 ლარი; NGE60TB7477445064100102 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავალი სესხის ძირითადი თანხის 794.99 ლარის წლიური 36 %, 2023 წლის 17 ივლისიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 286.20 ლარისა; N1674774-11279961 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 10 551.46 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 8 613.56 ლარი; საპროცენტო სარგებელი - 1 056.03 ლარი; პირგასამტეხლო - 861.36 ლარი; დაზღვევის თანხა - 20.51 ლარი; N1674774-11279961 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავალი სესხის ძირითადი თანხის 8 613.56 ლარის წლიური 20 %-ის გადახდა, 2-23 წლის 17 ივლისიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 722.71 ლარისა).
4.მოპასუხის საჩივარი
4.1. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
5.საქალაქო სასამართლოს განჩინება
5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 სექტემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
6. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 სექტემბრის განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
7.სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 აპრილის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2024 წლის 19 სექტემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
7.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.2.1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით;
7.2.2. საქმის მომზადების მიზნით, მოსარჩელეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე და 201-ე მუხლების შესაბამისად გადაეცა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები, თუმცა მოპასუხისთვის გზავნილის ჩაბარება მოსარჩელემ მისთვის ცნობილ მისამართზე ორჯერ გაგზავნის მიუხედავად ვერ შეძლო და სასამართლოს წარუდგინა ჩაუბარებლობის დამადასტურებელი უკუგზავნილები, ასევე, იშუამდგომლა მოპასუხისთვის საჩელისა და თანდართული დოკუმენტების სასამართლოს მიერ საჯარო შეტყობინების გზით ჩაბარების შესახებ;
7.2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ისანი-სამგორის მთავარ სამმართველოს დაევალა ამავე განჩინების ასლის მოპასუხითვის ჩაბარება 5 (ხუთი) დღის ვადაში სარჩელსა და თანდართულ დოკუმენტებთან ერთად შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ........... ტელ: .........);
7.2.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს მომართვის შესაბამისად, გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა;
7.2.5. სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 ივნისის განჩინებით მოპასუხეს ეცნობა მის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების შესახებ და განესაზღვრა 10 (ათი) დღის ვადა პასუხის (შესაგებლის) წარდგენისთვის. ამავე განჩინებით განემარტა მხარეს, რომ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები მისთვის ჩაბარებულად ჩაითვლებოდა სასამართლოს ვებ-გვერდსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე საჯარო შეტყობინების განთავსებიდან მე-7 დღეს და სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა აითვლებოდა ამ დროიდან. ამასთან, მოპასუხეს განემარტა შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შედეგები;
7.2.6. განჩინება საჯარო შეტყობინების შესახებ ვებ-გვერდზე www.ecd.court.ge განთავსდა 2024 წლის 5 ივნისს, შესაბამისად, იგი მოპასუხეს ჩაბარდა იმავე წლის 12 ივნისს, თუმცა მას განჩინებით განსაზღვრულ ვადაში (10 დღის ვადაში) შესაგებელი არ წარუდგენია და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზი მიუთითებია სასამართლოსთვის.
8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, 72-ე-74-ე, 215-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ ვინაიდან მოპასუხეს გზავნილი ჩაბარდა საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით, ხოლო საქმის მასალებით არ დასტურდება მის მიერ შესაგებლის საპატიო მიზეზით წარუდგენლობა, მასზე არც მოპასუხეს მიუთითებია, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელზე შესაგებლის წარუდგენლობის გამო.
9. სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე, 230-ე, სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 873-ე, 361-ე, მე-400, 411-ე, 417-ე მუხლებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას. შესაბამისად, გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები.
10. მოპასუხის საკასაციო საჩივარი
10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.
10.2. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, სასამართლომ დაარღვია მხარისათვის გზავნილის ჩაბარების წესი, საჯარო შეტყობინების გზით დოკუმენტების ჩაბარების წესი მას უნდა გამოეყენებინა უკიდურეს შემთხვევაში, თუ ვერ შეძლებდა მხარესთან ტელეფონით დაკავშირებას. ამასთან, პოლიციას უნდა მიემართა დამატებითი ღონისძიებისთვის - დაებარებინა მხარე პოლიციის შენობაში და ჩაებარებინა მისთვის გზავნილი. ხოლო თუ ამ შემთხვევაშიც ვერ მოხერხდებოდა ჩაბარება, მხოლოდ მაშინ უნდა მიემართა საჯარო შეტყობინებისთვის. კასატორის განცხადებით, სასამართლოს არ უნდა მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ვინაიდან მოპასუხეს არ დაუკარგავს ინტერესი წინამდებარე დავის მიმართ და მას უნდა მიეცეს თავისი უფლებების სასამართლოში რეალიზების შესაძლებლობა. ამასთან, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდის მატერიალური შესაძლებლობა მოპასუხეს არ აქვს, ვინაიდან იგი არის სოციალურად დაუცველი, შშმ პირი.
11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
11.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
14. მოცემულ დავაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც უცვლელი დარჩა როგორც იმავე, ასევე ზემდგომი სასამართლოს მიერ. სწორედ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინებების კანონიერებაა სადავო.
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას უზრუნველყოფს. ის საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას ემსახურება. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა.
16. მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის სამართლებრივი შედეგი რეგლამენტირებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლით, რომლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
17. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის მიხედვით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისია იმ პროცესუალური შემადგენლობის ნიშნების არსებობა, როგორიცაა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის მოპასუხისათვის სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარება და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არასაპატიო მიზეზით მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების კუმულაციურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას. ხოლო, სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის კი, უნდა არსებობდეს ერთი დამატებითი პირობაც, როგორიცაა სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობა.
18. ამ შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ წარმოადგენს საქმის განმხილველი სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომლის დროსაც სასამართლო თვითონ წყვეტს საკითხს ამგვარი გადაწყვეტილების გამოტანაზე მიზანშეწონილობის საფუძველზე, არამედ კანონით იმგვარი იმპერატიული პირობაა დადგენილი, რომ სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას მოსარჩელის შუამდგომლობაც არ სჭირდება. ამ თვალსაზრისით, შესაგებლის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ვალდებულება განსხვავდება სასამართლოში საქმის ზეპირ განხილვაზე - სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისაგან, რა დროსაც სასამართლო ხელმძღვანელობს მოსარჩელის მითითებებით და მოპასუხის გამოუცხადებლობის პირველ შემთხვევაში, მხოლოდ მოსარჩელის შუამდგომლობის არსებობისას გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას (იხ. სუსგ საქმე Nას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს, ხომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. იმავე კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
20. განსახილველ დავაში კასატორი მის წინააღმდეგ მიღებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინებებს სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ დაარღვია მოპასუხისთვის გზავნილის ჩაბარების საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული წესი და საჯარო შეტყობინების გზით ჩააბარა მხარეს სარჩელი და თანდართული დოკუმენტები მაშინ, როდესაც შეეძლო გამოეყენებინა ჩაბარების სხვა, ალტერნატიული საშუალება, მაგალითად, ტელეფონით დაკავშირებოდა მხარეს ან დაებარებინა პოლიციის შენობაში და ისე გადაეცა დოკუმენტები.
21. კასატორის ზემოაღნიშნული პრეტენზიების შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. იმავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით; თუ მოსარჩელის მიერ მითითებული მოპასუხის მისამართი სწორია და მას უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, სასამართლო ხელმძღვანელობს ამ კოდექსის 78-ე მუხლის დებულებებით. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში – მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით.
23. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელემ მისთვის ცნობილ ორ სხვადასხვა მისამართზე გაუგზავნა მოპასუხეს სარჩელი თანდართული დოკუმენტებით (თბილისში, მისამართზე: ........... და ბაღდათის რაიონში, სოფელ .......), თუმცა ჩაბარება ვერ მოხერხდა (იხ. ს. ფ 92-95, 99). საქმეში ასევე წარდგენილია უკუგზავნილი, საიდანაც ჩანს, რომ კურიერი შეეცადა მხარესთან ტელეფონით დაკავშირებას (უკუგზავნილში კურიერის კომენტარის ველში მითითებულია: „დავურეკე, გასულია ქალაქიდან“) (იხ. ს.ფ 96). დადგენილია ასევე, რომ საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინებით შსს ისანი-სამგორის მთავარ სამმართველოს დაევალა მოპასუხისთვის სარჩელისა და თანდართული მასალების ასლების ჩაბარება, თუმცა სამმართველოდან მიღებული შეტყობინებით ირკვევა, რომ მოპასუხეს გზავნილი კვლავ ვერ ჩაბარდა (იხ. ს.ფ 105-110). სწორედ ამის შემდეგ, 2024 წლის 5 ივნისს, საქალაქო სასამართლომ მიიღო განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ (რომელიც განათავსა ვებ-გვერდზე, www.ecd.c.ge) და აცნობა მოპასუხეს მის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების შესახებ, ასევე განუსაზღვრა 10 (ათი) დღის ვადა პასუხის (შესაგებლის) წარდგენისთვის. ამავე განჩინებით განემარტა მხარეს, რომ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები მისთვის ჩაბარებულად ჩაითვლებოდა სასამართლოს ვებ-გვერდზე საჯარო შეტყობინების განთავსებიდან მე-7 დღეს და სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა აითვლებოდა ამ დროიდან. მოპასუხეს განემარტა შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შედეგებიც. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ განჩინებით დადგენილ ვადაში მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია.
24. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის შესახებ, რომ მიმდინარე სამართალწარმოებისას გამოყენებული იქნა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საშუალება მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარების მიზნით. შესაბამისად, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა კასატორის მითითება, რომ საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებამდე სასამართლოს არ გამოუყენებია მხარისათვის გზავნილის ჩაბარების სხვა ალტერნატიული საშუალება (მაგ. ტელეფონით დაკავშირება). უფრო მეტიც, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, საქმეში წარდგენილია კურიერის მიერ მხარესთან ტელეფონით დაკავშირების მცდელობის დამადასტურებელი დოკუმენტიც, საიდანაც ჩანს, რომ კურიერმა დაურეკა მოპასუხეს და მიიღო ინფორმაცია მისი ქალაქში არყოფნის შესახებ (იხ. ს.ფ 96), აღნიშნული კი, თავისთავად, საფუძველს აცლის მოპასუხის ზემოთ მითითბულ პრეტენზიას.
25. რაც შეეხება კასატორის პოზიციას მისი მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში დაკისრებული თანხის გადახდის შეუძლებლობაზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო ამოწმებს კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობას და ზემოაღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ხელისშემშლელ გარემოებას არ წარმოადგენს.
26. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოპასუხეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ფარგლებში სათანადო მტკიცებულებაზე მითითებით არ დაუდასტურებია შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის არსებობა, აღნიშნული ქმნიდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო არ იხილავს მტკიცებულებებს და არ შედის მათ არსებით კვლევაში, მსჯელობს მხოლოდ სარჩელში მითითებულ ფაქტებზე და, სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოაქვს იმ შემთხვევაში, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დადასტურებულად იქნა მიჩნეული მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა. ამდენად, მოსარჩელის მიერ დასახელებული გარემოებები, სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 873-ე, 361-ე, მე-400, 411-ე, 417-ე მუხლების საფუძველზე, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას და ქმნიდა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების დაკისრების წინაპირობას.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
28. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.მ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი