საქმე №ას-1115-2025 27 ნოემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეა ძიმისტარაშვილი, მირანდა ერემაძე
კასატორი – ვ.ო–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ტ.კ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სარჩელის მოთხოვნა
1.1. სს „თ.ბ–მა“ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ვ.ო–ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) წინააღმდეგ, მოითხოვა:
1.1.1. 2016 წლის 31 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების - 3 330.63 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 1 996.59 ლარი, პროცენტი - 834.04 ლარი და შემცირებული ჯარიმა - 500 ლარი.
1.1.2. 2021 წლის 15 აგვისტოდან 2016 წლის 31 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 1 996.59 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, (მაგრამ არაუმეტეს 2 წლისა) წლიური 33% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 54.90 ლარს;
1.1.3. 2016 წლის 14 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების - 6021.81 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 2996.49 ლარი, პროცენტი - 2525.32 ლარი და შემცირებული ჯარიმა - 500 ლარი.
1.1.4. 2021 წლის 15 აგვისტოდან 2016 წლის 14 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 2996.49 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, (მაგრამ არაუმეტეს 2 წლისა) წლიური 42% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 104.87 ლარს.
2. მოპასუხის შესაგებელი
2.1.მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2016 წლის 31 მაისის ხელშეკრულების ფარგლებში გაცემულ საკრედიტო ბარათზე გადახდებს ახორციელებდა 2019 და 2020 წლებშიც, შესაბამისად, თვლის, რომ ვალდებულებები სრულად შეასრულა; არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში ვალდებულებების სრულად შესრულების თაობაზე ინფორმაცია მიიღო ბანკის ოპერატორისგან. სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ 2016 წლის 31 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა ხანდაზმულია.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
3.1.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხეს დაეკისრა - 2016 წლის 31 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 3 330.63 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 1996.59 ლარი, პროცენტი - 834.04 ლარი და ჯარიმა - 500 ლარი; 2021 წლის 15 აგვისტოდან 2016 წლის 31 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 1 996.59 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, (მაგრამ არაუმეტეს 2 წლისა) წლიური 33% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 54.90 ლარს; 2016 წლის 14 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 6 021.81 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 2 996.49 ლარი, პროცენტი - 2 525.32 ლარი და ჯარიმა - 500 ლარი; 2021 წლის 15 აგვისტოდან 2016 წლის 14 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 2 996.49 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, (მაგრამ არაუმეტეს 2 წლისა) წლიური 42% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 104.87 ლარს.
4. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
4.1.თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
5.1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება.
5.2.თბილისის სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მხარეთა შორის 2016 წლის 31 მაისს, დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა საკრედიტო ბარათი - 2 000 ლარიანი ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18%-ით - კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში; 33%-ით - კრედიტის მოსარჩელის ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. კრედიტი პერიოდულად უნდა დაფარულიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს, დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 27 რიცხვი. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულია პირგასამტეხლო - გრაფიკით განსაზღვრული გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 20 ლარი და დავალიანების (ვადაგადაცილებული თანხის) 0.5%.
5.3.მოპასუხეს 2021 წლის 15 აგვისტოს მდგომარეობით, 2016 წლის 31 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 3 901.54 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 1 996.59 ლარი, პროცენტი - 834.04 ლარი და პირგასამტეხლო - 1 070.91 ლარი
5.4.მხარეთა შორის 2016 წლის 14 ივლისს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ №1749600-8445814 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი 3 000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 4 წელი. წლიური საპროცენტო სარგებლის განაკვეთი საკრედიტო ლიმიტით სარგებლობისთვის - 42 %-ით. ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ თითოეული ტრანში უნდა დაიფაროს თანხის გატანიდან 10 კალენდარული თვის განმავლობაში, ყოველი კალენდარული თვის 12 რიცხვში; ყოველთვიურად გადასახდელი თანხა შეადგენს წინა თვის ბოლო კალენდარული რიცხვის ჩათვლით ათვისებულ თანხას და მისთვის დარიცხულ საპროცენტო სარგებელს. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
5.5.მოპასუხეს 2016 წლის 14 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ №1749600-8445814 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება 2021 წლის 15 თებერვლის შემდეგ არ შეუსრულებია.
5.6.მოპასუხეს 2021 წლის 15 აგვისტოს მდგომარეობით, 2016 წლის 14 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 23 168.76 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 2 996.49 ლარი, პროცენტი - 2 525.32 ლარი და ჯარიმა - 17 646.95 ლარი.
5.7.საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპელანტი სადავოდ ხდის ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ უდავო ფაქტობრივი გარემოების სახით არასწორად დაადგინა, რომ თითქოს, 2021 წლის 15 აგვისტოს მდგომარეობით ვ.ო–ს 2016 წლის 31 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 3 901.54 ლარის ოდენობით, სიდანაც ძირი თანხაა - 1 996.59 ლარი, პროცენტი - 834.04 ლარი და პირგასამტეხლო - 1 070.91 ლარი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ძირითადად წარმოადგენდა სასარჩელო მოთხოვნის საფუძველს და სადავოდ არის გამხდარი მოპასუხის მიერ. კერძოდ, დავალიანების თანხა 3 901.54 ლარი არის მოსარჩელის მიერ დასახელებული რიცხვი და ეს არ დასტურდება საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით და მათ შორის არც საბანკო ამონაწერებით, რომლებიც ადასტურებენ ვ.ო–ის მიერ თანხის გადახდის ფაქტს.
5.8.მტკიცების ტვირთის ობიექტურად განაწილების შედეგად, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ უნდა ამტკიცოს მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულება. ამ თვალსაზრისით, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ შეძლო იმ სადავო ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება, რომ მას 2016 წლის 31 მაისის და 14 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულება სრულად აქვს შესრულებული.
5.9.სააპელაციო პალატა მხარეთა შორის 2016 წლის 31 მაისს დადებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან წარმოშობილი მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებით იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმული არ არის.
5.10. შპს „ტ.კ–ის“ წარმომადგენლის განმარტებასთან მიმართებით, იმის თაობაზე, რომ თითქოს, აპელანტს მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე არ მიუთითებია, სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერზე, სადაც მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე 2016 წლის 31 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან წარმოშობილი მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე მიუთითა (იხ. 12:58:21-12:59:11 სთ.).
5.11. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აღნიშნულის გათვალისწინებით, ამ ნაწილში, სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხზე მსჯელობა საფუძვლიანია. აპელანტის იმ არგუმენტთან დაკავშირებით, რომ 2016 წლის 31 მაისს დადებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან წარმოშობილი მოთხოვნა ხანდაზმულია, იმის გამო რომ, თითქოს, მის მიერ სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალის მეშვეობით (PayBox) თანხის შეტანის დროს, კერძოდ, 2021 წლის 12 იანვარს, 150 ლარის გადახდისას, მას არ აურჩევია კონკრეტული საკრედიტო ბარათი, მითითებული არ იყო დანიშნულება და ბანკმა თავისით განსაზღვრა, რომელ ანგარიშზე უნდა მიმართულიყო თანხა, სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მხარეთა შორის 2016 წლის 31 მაისის და 2016 წლის 14 ივლისის დადებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებების 6.2. პუნქტზე, სადაც მითითებულია, რომ ძირითადი ხელშეკრულება „საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულებაა“ და აღნიშნულია, რომ ეს ხელშეკრულება ძირითადი ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია, ხოლო იმავე ხელშეკრულებების 6.6.2. პუნქტში აღნიშნულია, რომ კლიენტი დეტალურად იცნობს ბანკის ინტერნეტ გვერდზე www.tbcbank.ge განთავსებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების პირობებს (ამ ხელშეკრულებაში შეტანილ ყველა ცვლილებასა და დამატებას) და ეთანხმება მათ, რითიც უერთდება ზემოხსენებულ ხელშეკრულებას. საქმეში წარმოდგენილია ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ (ტ. I, ს.ფ. 30-46), რომლის 16.7.2.-ე პუნქტის მიხედვით, კლიენტი ბანკს უფლებას ანიჭებს, ბანკმა თავად განსაზღვროს კლიენტის ვალდებულებების შესრულების რიგითობა (პრიორიტეტულობა), ანუ ცალმხრივად გადაწყვიტოს, თუ რა ოდენობით (მოცულობით) და რომელ საკრედიტო პროდუქტთან დაკავშირებული დავალიანება დაიფაროს კლიენტის მიერ მისთვის გადაცემული ან/და კლიენტის ანგარიშ(ებ)ზე განთავსებული თანხ(ებ)ით, რაც ნიშნავს იმას, რომ კლიენტი ბანკს ანიჭებს კლიენტის სახელით კლიენტის ვალდებულებათა შესრულების რიგითობის (პრიორიტეტულობის) განსაზღვრის უფლებამოსილებას. აღნიშნული სახელშეკრულებო პირობის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ კრედიტორისათვის იმ უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე, რომ მან თვითონ განსაზღვროს, თუ რა ოდენობით (მოცულობით) და რომელ საკრედიტო პროდუქტთან დაკავშირებული დავალიანება დაიფაროს კლიენტის მიერ მისთვის გადაცემული ან/და კლიენტის ანგარიშ(ებ)ზე განთავსებული თანხ(ებ)ით, მოვალის ნება უკვე გამოვლენილია.
5.12. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი, რომ 2021 წლის 12 იანვარს, 150 ლარის გადახდისას, საკრედიტო ბარათზე არსებული დავალიანების დაფარვა მოვალის ნებას არ შეესაბამებოდა. იმავდროულად, სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ, მოცემულ შემთხვევაში, საქმე ეხება საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებას, რომლის თავისებურებიდან გამომდინარე, საკრედიტო ბარათზე თანხის შეტანით, საკრედიტო ბარათზე არსებული ლიმიტის ფარგლებში, გახარჯული თანხა იფარება.
5.13. სააპელაციო პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ყურადღება მართებულად გაამახვილა მოპასუხის მიერ შესაგებელში არსებულ მითითებაზე, რომ 2016 წლის 31 მაისის ხელშეკრულების ფარგლებში გაცემულ საკრედიტო ბარათზე გადახდებს ახორციელებდა 2019 და 2020 წლებში. (ტ. I, ს.ფ. 98).
5.14. ამ კუთხით, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ სსსკ-ის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოპასუხის განმარტება 2019-2020 წლებში, 2016 წლის 31 მაისის ხელშეკრულების ფარგლებში, გადახდების განხორციელების თაობაზე, საკმარისი მტკიცებულებაა სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადგენად.
5.15. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, მოპასუხის მიერ, 2021 წლის 12 იანვარს, სესხის პროცენტის გადახდით შეწყდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და მისი დენა 2021 წლის 13 იანვრიდან თავიდან დაიწყო, საიდანაც სარჩელის აღძვრამდე (2021 წლის 13 ოქტომბერი) გასული არ არის 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა. ამასთანავე, 2016 წლის 31 მაისს დადებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან წარმოშობილი სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა გასულად არ ჩაითვლება არც მოპასუხის განმარტების გაზიარების შემთხვევაში, რომლის შესაბამისად, მან სესხზე ბოლო გადახდა 2020 წელს განახორციელა. ამდენად, სააპელაციო პალატას ასევე მიაჩნია, რომ სახეზე არ არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძველი ხანდაზმულობის ვადის გასვლის თაობაზე, რაც ვალდებულ პირს უფლებამოსილებას მიანიჭებდა, უარი ეთქვა მოქმედების შესრულებაზე - საკრედიტო დავალიანების გადახდაზე.
5.16. სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ მხარეთა შორის 2016 წლის 31 მაისის და 14 ივლისის დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოპასუხისათვის დაკისრებული მიუღებელი შემოსავლისა და პირგასამტეხლოს საფუძველს და მის ოდენობას მხარე არსებითად არ შედავებია, რის გამოც პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მათი ოდენობის განსაზღვრის მართლზომიერების საკითხზე.
6. მოპასუხის საკასაციო საჩივარი
6.1.სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
6.2.კასატორის განმარტებით სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ თითქოს, 2021 წლის 15 აგვისტოს მდგომარეობით 2016 წლის 14 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 23 168.76 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 2 996.49 ლარი, პროცენტი - 7 2525.32 ლარი და ჯარიმა - 17 646.95 ლარი. კერძოდ, დავალიანების თანხა 23 168.76 ლარი არის მოსარჩელის მიერ დასახელებული რიცხვი და იგი არ დასტურდება საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით და მათ შორის არც საბანკო ამონაწერებით, რომლებიც ადასტურებენ ვ.ო–ის მიერ თანხის გადახდის ფაქტს.
6.3.კასატორის მტკიცებით მხარეთა შორის 2016 წლის 31 მაისს დადებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან წარმოშობილი მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან აპლანტი მიიჩნევს, რომ მის მიერ სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალის მეშვეობით (PayBox) თანხის შეტანის დროს, კერძოდ, 2021 წლის 12 იანვარს, 150 ლარის გადახდისას, მას არ აურჩევია კონკრეტული საკრედიტო ბარათი, მითითებული არ იყო დანიშნულება და ბანკმა თავისით განსაზღვრა, რომელ ანგარიშზე უნდა მიმართულიყო თანხა. ამდენად, აპელანტი მიიჩნევს, რომ გადახდა მოვალის ნებას უნდა შეესაბამებოდეს, რაც მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის და კრედიტორის მიერ თანხის საკუთარი შეხედულებისამებრ მიმართვა კონკრეტულ ანგარიშზე, ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძველი არ უნდა გახდეს.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ი) 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორის პრეტენზიის გათვალისწინებით შეფასების საგანია არსებობს თუ არა კასატორისთვის საკრედიტო დავალიანების დაკისრების საფუძველი, ასევე, შესაფასებელია 2016 წლის 31 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის ორი ხელშეკრულება, 2016 წლის 31 მაისსა და 2016 წლის 14 ივლისს, პირველი ხელშეკრულება 2 000 ლარიანი, ხოლო, მეორე ხელშეკრულება 3 000 ლარიანი ლიმიტით.
14. სსკ-ის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. იმავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი; ხოლო იმავე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, საბანკო კრედიტის გაცემისას უნდა განისაზღვროს ამ კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები საპროცენტო განაკვეთთან, პირგასამტეხლოსთან, ფინანსურ ხარჯთან და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით. სსკ-ის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის (გარდა ისეთი ხარჯებისა, რომლებიც შედის სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში), სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27 პროცენტს თითოეული დღისთვის. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული 0.27 პროცენტის მიზნებისათვის, გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ/დაკისრებულ პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი ფორმის ფინანსურ სანქციაში არ გაითვალისწინება სესხის ვადის გადაცილებისას (ვადის გადაცილების სრულ აღმოფხვრამდე) პირგასამტეხლოს სახით ერთჯერადად არაუმეტეს 20 ლარის (ან უცხოური ვალუტით მისი ეკვივალენტის), აგრეთვე ამ მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად სესხის რეფინანსირების ან სესხის საკუთარი სახსრებით ან/და მესამე პირის მიერ ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში წინსწრებით დაფარვის საკომისიოს დაკისრება. სესხის ვადის გადაცილებისას ვადის გადაცილების სრულ აღმოფხვრამდე ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის (მათ შორის, სესხის საპროცენტო განაკვეთისა და ისეთი ხარჯების, რომლებიც შედის სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში), სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ყოველი ვადის გადაცილებისას ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას.
15. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 31 მაისს დადებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით, რომლის საფუძველზეც გაიცა საკრედიტო ბარათი - 2 000 ლარიანი ლიმიტით, გათვალისწინებულია საპროცენტო განაკვეთი 18%-ით - კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში; 33%-ით - კრედიტის სს „თ.ბ–ის“ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში; ხოლო 2016 წლის 14 ივლისს დადებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი 3 000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით, წლიური საპროცენტო სარგებლის განაკვეთი საკრედიტო ლიმიტით სარგებლობისთვის 42 %-ით განისაზღვრა. ორივე ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულია პირგასამტეხლო - გრაფიკით განსაზღვრული გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 20 ლარი და დავალიანების (ვადაგადაცილებული თანხის) 0.5%. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა შორის დადებულ საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებაში კრედიტის საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლოს პროცენტი 625-ე მუხლით დადგენილი ოდენობით არის განსაზღვრული.
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მსესხებელს კრედიტის დაბრუნების ვალდებულება შესრულებული არ აქვს. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილზე მიუთითებს, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან და ფულადი ვალდებულების თავისებურებიდან გამომდინარე, მისი შესრულება უნდა დასტურდებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს თანხის გადახდის ფაქტზე, მაგალითად, ხელწერილით, თანხის გადარიცხვის დოკუმენტით და სხვა. მტკიცების ტვირთის ობიექტურად განაწილების შედეგად, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ უნდა ამტკიცოს მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ შეძლო იმ სადავო ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება, რომ მას 2016 წლის 31 მაისის და 14 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულება სრულად აქვს შესრულებული.
17. ამდენად, ვალდებულების არსებობის ნამდვილობის პირობებში საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გამოსარკვევია, 2016 წლის 31 მაისის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი.
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 128-ე მუხლის პირველ ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. იმავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
19. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობებისათვის განსხვავებულად დადგენილი ვადებით. კანონმდებელი განსაზღვრავს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მაისი №ას-367-2019 განჩინება). ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.
20. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 137-ე მუხლის მიხედვით განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას, ხოლო იმავე კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან.
21. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად განმარტავს, რომ კასატორის პრეტენზია თითქოს მის მიერ სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალის მეშვეობით (PayBox) თანხის შეტანის დროს, კერძოდ, 2021 წლის 12 იანვარს, 150 ლარის გადახდისას, მას არ აურჩევია კონკრეტული საკრედიტო ბარათი, მითითებული არ იყო დანიშნულება და ბანკმა თავისით განსაზღვრა, რომელ ანგარიშზე უნდა მიმართულიყო თანხა, დაუსაბუთებელია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 31 მაისის და 2016 წლის 14 ივლისის დადებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებების 6.2. პუნქტზე მითითებულია, რომ ძირითადი ხელშეკრულება „საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულებაა“ და აღნიშნულია, რომ ეს ხელშეკრულება ძირითადი ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია, ხოლო იმავე ხელშეკრულებების 6.6.2. პუნქტში აღნიშნულია, რომ კლიენტი დეტალურად იცნობს ბანკის ინტერნეტ გვერდზე www.tbcbank.ge განთავსებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების პირობებს (ამ ხელშეკრულებაში შეტანილ ყველა ცვლილებასა და დამატებას) და ეთანხმება მათ, რითიც უერთდება ზემოხსენებულ ხელშეკრულებას. საქმეში წარმოდგენილია ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ (ტ. 1, ს.ფ. 30-46), რომლის 16.7.2.-ე პუნქტის მიხედვით, კლიენტი ბანკს უფლებას ანიჭებს, ბანკმა თავად განსაზღვროს კლიენტის ვალდებულებების შესრულების რიგითობა (პრიორიტეტულობა), ანუ ცალმხრივად გადაწყვიტოს, თუ რა ოდენობით (მოცულობით) და რომელ საკრედიტო პროდუქტთან დაკავშირებული დავალიანება დაიფაროს კლიენტის მიერ მისთვის გადაცემული ან/და კლიენტის ანგარიშ(ებ)ზე განთავსებული თანხ(ებ)ით, რაც ნიშნავს იმას, რომ კლიენტი ბანკს ანიჭებს კლიენტის სახელით კლიენტის ვალდებულებათა შესრულების რიგითობის განსაზღვრის უფლებამოსილებას.
22. შესაბამისად, კასატორის პრეტენზია, რომ 2021 წლის 12 იანვარს, 150 ლარის გადახდისას, საკრედიტო ბარათზე არსებული დავალიანების დაფარვა მოვალის ნებას არ შეესაბამებოდა დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებების სამართლებრივ პირობებს, აგრეთვე მათი შესრულების ტექნიკურ წესებსა და შესაძლებლობებს (საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შპს ,,ტ.კ–ის“ წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც, ტექნიკური თვალსაზრისით, კონკრეტული ბარათის არჩევის გარეშე, ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა შეუძლებელია. (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 11:28:58-11:30:06 სთ.).
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორმა ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი, ვერ წარმოადგინა ისეთი პრეტენზიები და სამართლებრივი დასაბუთება, რომელიც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობა გახდებოდა, ამდენად, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი.
24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
25. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396-ე და 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ.ო–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. ვ.ო–ს (.........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №29584150431, გადახდის თარიღი 01.10.2025) 660 ლარის 70% - 462 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
მ. ერემაძე