Facebook Twitter

ბს-1143-1094(კ-07) 14 მაისი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

12.03.07წ. შპს “ ...... საავადმყოფომ” გადახდის ბრძანების გაცემის შესახებ განცხადებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 03.02.03წ. ¹33 ბრძანებულებისა და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის 31.03.03წ. ¹33ა განკარგულების საფუძველზე გაუქმდა ჯანმრთელობის დაცვის სამხარეო ფონდი. ამავდროულად შექმნილმა ჯანდაცვის იმერეთის სამხარეო ფონდის სალიკვიდაციო კომისიამ ფონდის სამართალმემკვიდრედ ცნო ქუთაისის მერია და რაიონის გამგეობები. სამართალმემკვიდრეებს დაევალათ კრედიტორთა დავალიანების ადგილობრივ ბიუჯეტში აღრიცხვაზე აყვანა და მათი ეტაპობრივი დაფარვა. კრედიტორ შპს “ ....... საავადმყოფოს” წყალტუბოს რაიონის მოსახლეობისათვის გახარჯული ჰქონდა 14414,21 ლარი. მოსარჩელემ მოვალე წყალტუბოს რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის აღნიშნული დავალიანების გადახდის დაკისრება მოითხოვა.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 16.03.07წ. გადახდის ბრძანებით განცხადება დაკმაყოფილდა, მოვალე წყალტუბოს რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობას შპს “ ....... საავადმყოფოს” სასარგებლოდ 14414,21 ლარის გადახდა დაეკისრა.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 16.03.07წ. გადახდის ბრძანებაზე წერილობითი შესაგებელი შეიტანა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 26.03.07წ. განჩინებით გაუქმდა ამავე სასამართლოს 16.03.07წ. გადახდის ბრძანება და აღნიშნულ საქმეზე დაიწყო სასარჩელო წარმოება.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 10.04.07წ. განჩინებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა მიჩნეული იქნა არასათანადო მოპასუხედ და სათანადო მოპასუხედ საქმეში ჩაება წყალტუბოს რაიონის საკრებულო (ტ.I, ს.ფ.24).

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 10.04.07წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმული იქნა პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატი იმერეთის მხარეში (ტ.I, ს.ფ.27).

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 07.05.07წ. განჩინებით დაკმაყოფილდა შპს “ ....... საავადმყოფოს” შუამდგომლობა და საქმეში თანამოპასუხედ ჩაება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს და აღნიშნა, რომ “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 651-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ ¹244 დადგენილებით შეიმუშავა “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონით განსაზღვრული “ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ წარმოქმნილი დავალიანებების რესტრუქტურიზაციისა და მმართველობის ორგანოების მიერ წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის წესი”. ამავე დაგენილების 1 პუნქტის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, ყოფილი მმართველობის ორგანოების 2006 წლის შეუსრულებელი ვალდებულებები გათვალისწინებული უნდა იქნას შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის 2007 წლის ბიუჯეტის ფორმირებისას. ამ სახის დავალიანებები წყალტუბოს რაიონის გამგეობას არ გააჩნდა. შპს “ ....... საავადმყოფოს” მიმართ დავალიანება დაფიქსირებული იყო 2004 წლის მდგომარეობით. საქართველოს მთავრობის ¹244 დადგენილების 1 პუნქტის “ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ წარმოქმნილ დავალიანებათა (გარდა ამ პუნქტის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეუსრულებელი ვალდებულებისა) შესახებ მონაცემები სათანადო დოკუმენტაციით 2007 წლის 1 აპრილამდე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს განსახილველად უნდა წარედგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის, რაც მათ მიერ შესრულებული იქნა. ზემოაღნიშნული დადგენილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, 2006 წლამდე წარმოქმნილ დავალიანებათა დაფარვის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ კონკრეტული წინადადებები უნდა წარუდგინოს საქართველოს მთავრობას. შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა, რომ მიზანშეწონილი იყო აღნიშნული საქმის წარმოების შეჩერება საქართველოს მთავრობის მიერ არსებული დავალიანებების დაფარვის დამატებითი ღონისძიებების შემუშავებამდე.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 16.05.07წ. განჩინებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შეჩერდა საქმის წარმოება. წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 23.07.07წ. განჩინებით საქმის წარმოება განახლდა.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 13.08.07წ. გადაწყვეტილებით შპს “ ....... საავადმყოფოს” სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს შპს “ ....... საავადმყოფოს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 14414,21 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.11.07წ. გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივრები, გაუქმდა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 13.08.07წ. გადაწყვეტილება და შპს “ ...... საავადმყოფოს” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას შპს “....... საავადმყოფოს” სასარგებლოდ დაეკისრა 14051,64 ლარი. სასარჩელო მოთხოვნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის დაცვის, იმერეთის სამხარეო ფონდის სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულების შესახებ იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის 19.09.04წ. ¹72 განკარგულების პირველი პუნქტის მიხედვით, ქუთაისის მერს და იმერეთის მხარეში შემავალი რაიონის გამგებლებს დაევალათ დანართში მითითებული კრედიტორების დავალიანებების ადგილობრივ ბიუჯეტში აღრიცხვაზე აყვანა და ეტაპობრივად დაფარვა. საქართველოს მთავრობის 22.12.06წ. ¹244 დადგენილებით დამტკიცებული იქნა “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ წარმოდგენილ დავალიანებათა დაფარვის წესი. აღნიშნული წესის 1 პუნქტის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, თვითმმართველობის ორგანოებმა ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ წარმოქმნილი დავალიანების (გარდა ამ პუნქტის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეუსრულებლი ვალდებულებებისა) შესახებ მონაცემები სათანადო დოკუმენტაციით 2007 წლის 01 აპრილამდე განსახილველად უნდა წარუდგინონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. ამავე წესის მე-2 პუნქტის მიხედვით, ფინანსთა სამინისტრომ ამ დადგენილების პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემების დაზუსტების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ წარმოქმნილ დავალიანებათა დაფარვის შესახებ კონკრეტული წინადადებები განსახილველად უნდა წარუდგინოს საქართველოს მთავრობას. სააპელაციო პალატის მითითებით, იმერეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულის 19.09.04წ. ¹72 განკარგულების პირველი პუნქტიდან გამომდინარე, მოვალეს წარმოადგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ორგანული კანონის 65-ე მუხლის მიხედვით, მუნიციპალიტეტი არის 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შესაბამის რაიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულის სამართალმემკვიდრე. ამავე კანონის 1 მუხლის “გ” პუნქტის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო არის ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების მიზნით, ამ კანონით დადგენილი წესით შექმნილი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი (საკრებულო) და აღმასრულებელი (გამგეობა, მერია) ორგანოები. ამავე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტი არის დასახლებათა ერთობლიობა, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად აქვს თვითმმართველი ერთეულის სტატუსი. სააპელაციო პალატის მითითებით, ამ ნორმიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტი არის უფლებამონაცვლე, თანახმად ამავე კანონის 65-ე მუხლისა, რაც გულისხმობს, რომ საკრებულოს უფლებამონაცვლე არის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო გამგეობის უფლებამონაცვლეა მუნიციპალიტეტის გამგეობა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უფლებამონაცვლესა და მოვალეს წარმოადგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა, რის გამოც დვალიანების გადახდა მას უნდა დაჰკისრებოდა. აღნიშნულის დასადასტურებლად სააპელაციო პალატამ მიუთითა ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის გაგზავნილ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის 29.03.07წ. წერილზე, რომლის მიხედვით, “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ორგანული კანონის 651-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ წარმოქმნილ დავალიანებათა რესტრუქტურიზაციისა და მმართველობის ორგანოების მიერ წარმოქმნილ დავალიანებათა დაფარვის წესის თაობაზე" საქართველოს მთავრობის 22.12.06წ. ¹244 დადგენილების პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასცა ინფორმაცია წყალტუბოს რაიონის გამგეობის მიერ წარმოქმნილ დავალიანებათა შესახებ. წერილზე თანდართულ ინფორმაციაში ¹11-ად მითითებული იყო შპს “....... საავადმყოფოს” დავალიანება 14051,64 ლარი. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ორგანული კანონის 651 მუხლის მე-5 პუნქტითა და საქართველოს მთავრობის 22.12.06წ. ¹244 დადგენილებით დამტკიცებული წესით განსაზღვრული იქნა დავალიანების დაფარვის მექანიზმი, რაც არ წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს. ჯანდაცვის იმერეთის სამხარეო ფონდისა და სამედიცინო დაწესებულების ურთიერთშედარების აქტის თანახმად, სადავო დავალიანება 14414, 21 ლარს შეადგენდა, ხოლო ფონდის სალიკვიდაციო კომისიის აქტით _ 14051,64 ლარს, რის გამოც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას, სააპელაციო პალატის აზრით, სწორედ 14051,64 ლარი უნდა დაკისრებოდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.11.07წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ. კასატორმა მიუთითა, რომ “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტი არის 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შესაბამის რაიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების სამართალმემკვიდრე და არა _ მმართველობის ყოფილი ადგილობრივი ორგანოს _ წყალტუბოს რაიონის გამგეობისა. მოსარჩელე შპს “ ...... საავადმყოფო” თანხის გადახდას მოითხოვდა რაიონის გამგეობისაგან, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა (როგორც საკრებულო, ასევე გამგეობა) ვერ იქნებოდა მოპასუხე მხარე, რადგან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა არ წარმოადგენს რაიონის გამგეობის სამართალმემკვიდრეს. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 04.01.08წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი ასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული. მხარეებს დასაშვებობის თაობაზე მოსაზრებების წარმოდგენის უფლება მიეცათ. შპს “ ........ საავადმყოფომ” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე წარმოდგენილ მოსაზრებაში მიუთითა სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულ მოტივებზე. შპს “ ........ საავადმყოფოს” მოსაზრებით, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.