4 დეკემბერი, 2025 წელი,
საქმე #ას-1293-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 8 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გაჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მოსარჩელე სამინისტროს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-აგროპროექტების მართვის ცენტრის 2017 წლის პროგრამის - „სოფლის მეურნეობის განვითარება მაღალეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის გზით „ქვეპროგრამის“ ვენახის ფართობებისთვის რკინა-ბეტონის საყრდენი ბოძებით უზრუნველყოფის ხელშეწყობის“ ფარგლებში, 5 000 ვენახის საყრდენი რკინა-ბეტონის ბოძების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ NAT190004487 ელექტრონულ ტენდერში შპს „მ–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, მიმწოდებელი ან მენარდე) გაიმარჯვა.
2. აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, შემკვეთი, შემსყიდველი ან სამინისტრო) და მოპასუხეს შორის 2019 წლის 26 მარტს დაიდო #19 ხელშეკრულება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება), რომლის ღირებულება - 47 200 ლარით განისაზღვრა. საქონლის მიწოდება შეთანხმების გაფორმებიდან 70 კალენდარულ დღეში, არაუგვიანეს 2019 წლის 4 ივნისის ჩათვლით, უნდა განხორციელებულიყო.
3. შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრებოდა პირგასამტეხლო - შესასრულებელი ვალდებულების 0,02% (იხ. ხელშეკრულების 14.1.1 პუნქტი).
4. საქონლის მიწოდების 7 კალენდარული დღით გადაცდენისას მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო - შესასრულებელი ვალდებულების 10% (იხ. ხელშეკრულების 14.1.2 პუნქტი).
5. მიმწოდებლის მიერ შეთანხმების პირობების შეუსრულებლობის გამო, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო - ხელშეკრულების საერთო ღირებულების 3 %, ჯამურად -1 416 ლარი (იხ. ხელშეკრულების 14.8 პუნქტი).
6. 2019 წლის 30 მაისის №03/495 წერილით (მიწოდების ვადის დადგომამდე, 04/06/2019), მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა, რომ დაგეგმილი იყო ა(ა)იპ აგროპროექტების მართვის ცენტრის ლიკვიდაციის პროცესის დაწყება. ამასთან, მოპასუხე მიწვეული იქნა ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილების შესატანად.
7. 2019 წლის 4 ივნისს მოპასუხეს ელექტრონულ ფოსტაზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე, სამინისტროს მიერ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმებული სამმხრივი შეთანხმება გაეგზავნა, რომელიც სამინისტროს 2019 წლის 5 მაისს, მოპასუხის მიერ ელექტრონულად ხელმოწერილი დაუბრუნდა.
8. კორესპოდენციის წარდგენისას როგორც ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, ასევე ცენტრის მოსალოდნელი ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და შემსყიდველ მხარედ სამინისტროს განსაზღვრის შესახებ ინფორმაცია მიწოდებული იქნა.
9. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 2019 წლის 9 ივლისიდან ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდა. აღნიშნულის თაობაზეც მოპასუხეს 2019 წლის 9 ივლისის №03/692 წერილით ეცნობა, რომელიც მას იმავე წლის 16 ივლისს ჩაჰბარდა.
10. დარიცხული პირგასამტეხლო ჯამურად - 6 456,96 ლარია. მათ შორის, შესასრულებელი ვალდებულების - 47 200 ლარის 10 % - 4 720.00 ლარი (14.1.2 ქვეპუნქტი); ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის შესასრულებელი ვალდებულების - 47 200 ლარის 0,02% - 34 დღე X9,44 ლარი=320,96 ლარი (14.1.1 ქვეპუნქტი) (2019 წლის 9 ივლისის მონაცემებით); ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გამო, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 3% - 1 416 ლარი (14.8 ქვეპუნქტი).
11. 2019 წლის 20 აგვისტოს №03/812 წერილით, მოსარჩელემ აცნობა მოპასუხეს დაკისრებული პირგასამტეხლოს შესახებ და მისი გადახდის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვა. შეტყობინება მოპასუხეს იმავე წლის 23 აგვისტოს ჩაჰბარდა, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია.
12. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.
13. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
14. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - 1416 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.
15. გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.
16. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და იმავე წლის 8 აგვისტოს, 13:00 საათზე დაინიშნა სასამართლოს მთავარის სხდომა.
17. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2025 წლის 8 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარე/მოპასუხე არ გამოცხადებულა.
18. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ მიუღია.
19. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აგვისტოს განჩინებით, სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
20. მოსარჩელემ საკასაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
20.1 კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, რომელსაც სხდომის თარიღი კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა, არ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რითაც უგულველყო სსსკ-ის 387-ე მუხლი.
20.2. გარდა ამისა კასატორის მითითებით, პირგასამტეხლოს შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა საერთო სტანდარტი არ არის და მისი განსაზღვრა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ხდება, რაც განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს არ განუხორციელებია (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, რადგანაც საქმეზე არ არის სრულად დადგენილი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი, რასაც შედეგად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა, პალატა მიიჩნევს, რომ გამოიკვეთა სსსკ-ის 412-ე მუხლის წინაპირობები, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე, ხელახალი განხილვის მიზნით, იმავე სასამართლოს დაუბრუნდეს.
22. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ნაწილობრივ დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია წარმოადგინა.
23. კასატორის პრეტენზია, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, რომელსაც სხდომის თარიღი კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებაზე უარს ეხება, რითაც მოსარჩელის მითითებით, უგულველყოფილი იქნა სსსკ-ის 387-ე მუხლი. ამასთან, პირგასამტეხლოს შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა საერთო სტანდარტით არ ხორციელდება და მისი განსაზღვრა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე უნდა ხდებოდეს, განსახილველ შემთხვევაში ეს პრინციპიც უგულებელყოფილია.
24. სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 230.1 მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება,
25. მსგავსი პრინციპით სსსკ-ის 387-ე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება, დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. აღნიშნული ნორმით კანონმდებელი უშვებს შესაძლებლობას, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე დადგენილ და გაზიარებულ იქნეს სააპელაციო საჩივარში დასახელებული ფაქტობრივი გარემოებანი. თუ ისინი იურიდიულად ამართლებს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდება. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა დადასტურდეს შემდეგი წინაპირობები: 1. მოწინააღმდეგე მხარისათვის საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით შეტყობინება; 2. მისი არასაპატიო გამოუცხადებლობა; 3. სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტების იურიდიული მართებულობა აპელანტის მოთხოვნასთან მიმართებით.
26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის აუცილებელი ფორმალური წინაპირობის არსებობის თვალსაზრისით სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, ხოლო რაც შეეხება იმ საკითხს, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა თუ არა სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ, დამატებით პირგასამტეხლოს სახით, შესასრულებელი ვალდებულების (47 200 ლარი) 0,02%-ის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც 2019 წლის 9 ივლისის მონაცემებით - 320,96 ლარია (34 დღე X 9,44 ლარი = 320,96), ასევე შესასრულებელი ვალდებულების 10%-ის 4720.00 ლარის (სულ-5040,96 ლარის) დაკისრების თაობაზე, განმარტავს შემდეგს:
27. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (შდრ. სუსგ. №ას-214-204-2016, 22 ივნისი, 2016 წელი; №ას-1220-1480-09, 25 მაისი, 2010 წელი).
28. პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის (სსკ-ის 417-ე მუხლი).
“პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016). „პირგასამტეხლო, როგორც უპირველესად კრედიტორის სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი მექანიზმი, ძალმოსილი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას“ (ჩიტაშვილი ნათია; პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.7, http://lawjournal.ge/wp-content/uploads/2020/04/Shedarebiti-Samartali-2-2020-14-31.pdf).
29. პირგასამტეხლოს მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარღვევის საკითხი წინასწარაა განსაზღვრული, კერძოდ ვალდებულების დარღვევის როგორც იდენტიფიცირება, ისე მისი დადგენა უნდა იყოს შესაძლებელი, ხოლო ასეთი მოთხოვნის დაყენება კი არ უნდა მოდიოდეს შეუსაბამობაში საკანონმდებლო დანაწესებთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ. სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდესის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26).
30. სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ხელშეკრულების დებულება უნდა განიმარტოს ხელშეკრულების სხვა დებულებებთან ერთობლიობაში და არა სადაო დებულება განცალკევებულად მისი სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობით, რადგან თითოეული დებულება ხელშეკრულების შესრულების საერთო მიზანს უნდა ემსახურებოდეს.
31. სსკ-ის 420-ე მუხლის (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა დასახელებული დანაწესი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე იმსჯელოს და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება (შდრ. სუსგ. Nას-1158-1104-2014, 6.05.2015წ.; N ას-1199-1127-2015, 13.04.2016 წ; Nას-708-678-2016, 27.01.2017 წ; N ას-51-2022, 22.07.2022წ; N ას-941-2022, 31.10.2022წ; N ას-626-2023, 7.07.2023წ; N ას-400-2023, 20.10.2023წ.; Nას-1389-2023, 30.01.2024წ.).
32. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ კი, პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. ამ კრიტერიუმებში იგულისხმება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა.
33. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო მხოლოდ კვალიფიციური შედავების არსებობის შემთხვევაშია უფლებამოსილი, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევას სასამართლო მოვალის კვალიფიციური შედავების არსებობისას ახდენს და და მის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად შეუსაბამო და არაგონივრულია პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. საკასაციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების შეფასება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამოობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი) არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა... თუ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნა კვალიფიციური შედავების ფორმით არ მოხდება, მაშინ სასამართლოს ხელთ აქვს მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით, სახელშეკრულებო თავისუფლებით გამყარებული ნება - მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სახით და კრედიტორის მიერ დასაბუთებული დარღვევა, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა (ჩიტაშვილი ნათია; პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17, http://lawjournal.ge/wp-content/uploads/2020/04/Shedarebiti-Samartali-2-2020-14-31.pdf; ასევე შდრ. სუსგ. N ას-827-2021, 03.12.2021წ; N ას-384-2020, 28.03.2022წ; N ას-51-2021, 01.04.2022წ; N ას-1098-2021, 26.07.2022წ.; Nას-1206-2023, 17.11.2023წ.; №ას-852-2023, 26.01.2024).
34. იმის გათვალისწინებით, რომ თითოეულ საქმეზე ინდივიდუალურად უნდა დადგინდეს და შემოწმდეს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, შესაძლებელია განსხვავებული იყოს შემთხვევა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მყარად დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე, კერძოდ, როდესაც ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც შესაძლებელია იყოს ხელშეკრულების სუსტი მხარე, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. ამდენად, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. „განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას და როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება.“ (შდრ. სუსგ: N ას-189-2022, 16.09.2022 წ; N ას-310-2022, 16.12.2022 წ; N ას-889-2022, 23.03.2023წ; N ას-65-2024, 15.04. 2024 წ; N ას-1519-2023, 21.06. 2024 წ; N ას-485-2024, 28.06.2024 წ; N ას-504-2024, 4.10.2024წ.).
35. საკასაციო სასამართლო უპირველესად ყურადღებას გაამახვილებს კონვენციური სამართლით დადგენილ მართლწესრიგზე, რამდენადაც სასამართლო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარება და პირის სხდომაზე მოწვევა ემსახურება სამართლიან და თანასწორ პირობებში პროცესის მონაწილეთა ჩაყენებას და მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზანს. პრეცედენტული სამართლის თანახმად, მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეულ მხარეს ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით (იხ. „ნიდეროსტ-ჰუბერი შვეიცარიის წინააღმდეგ“, (Nideröst-Huber v. Switzerland), 18/02/1997, §23, გადაწყვეტილებათა და განჩინებათა კრებული 1997-I; „კრესი საფრანგეთის წინააღმდეგ“ (Kress v. France) [დიდი პალატა], # 39594/98, § 72, ECHR 2001-VI; „ეივონი საფრანგეთის წინააღმდეგ“(Yvon v. France), #. 44962/98, § 31, ECHR 2003-V; და „გორაიზი და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“(Gorraiz Lizarraga and Others v. Spain), #. 62543/00, § 56, ECHR 2004-III). ეროვნული ორგანოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ „სამართლიანი განხილვის“ მოთხოვნები თითოეულ საქმეზე (იხ. Dombo Beheer B.V. ნიდერლანდების წინააღმდეგ (Dombo Beheer B.V. v. the Netherlands), 27/10/1993, §33, Series A #. 274). კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფი არ ითვალისწინებს დოკუმენტების გაგზავნის კონკრეტულ ფორმას (იხილეთ „ბოგონოსი რუსეთის წინააღმდეგ“ (განჩინება) (Bogonos v. Russia (dec.), # 68798/01, 05/02/2004, და „ორამსი კვიპროსის წინააღმდეგ“ (განჩინება)(Orams v. Cyprus (dec.), # 27841/07, 10/06/2010), თუმცა, სამართლიანი სასამართლოს ზოგადი კონცეფცია მოიცავს შეჯიბრებითი სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს (იხ. რუიზ-მატეოსი ესპანეთის წინააღმდეგ (Ruiz-Mateos v. Spain), 23/06/1993, § 63, Series A # 262). ამასთან, სამართლიანი პროცესი მოითხოვს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების ყველა მხარე ინფორმირებული იყოს და შესაძლებლობა ჰქონდეს, გამოთქვას მოსაზრება წარდგენილ დასკვნებსა და მტკიცებულებებზე, რათა გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (იხ. „ლობო მაჩადო პორტუგალიის წინააღმდეგ“ (Lobo Machado v. Portugal), 20/02/1996, §31, ანგარიშები 1996-I). უპირველეს ყოვლისა, აღნიშნული საკითხი გულისხმობს იმას, რომ პირი ინფორმირებული უნდა იყოს მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ (იხ. „დილიპაკი და კარაკაია თურქეთის წინააღმდეგ“ (Dilipak and Karakaya v. Turkey), # 7942/05 და 24838/05, §77, 04/03/2014). თუ სასამართლო დოკუმენტები - მათ შორის სასამართლო სხდომის უწყებები არ ჩაბარდა მხარეს პირადად, მაშინ განმცხადებელს შეიძლება, ხელი შეეშალოს საკუთარი თავის დაცვის განხორციელებაში სამართალწარმოების პროცესში (იხ. „ოზგურ-კარადუმანი გერმანიის წინააღმდეგ“ (განჩინება) (Ozgur-Karaduman v. Germany (dec.), no. 4769/02, 26/06/2007; „ვებერი გერმანიის წინააღმდეგ“ (განჩინება), (Weber v. Germany (dec.), no. 30203/03, 02/10/2007 და „ზადოვნიკი სლოვენიის წინააღმდეგ“, (Zavodnik v. Slovenia), no. 53723/13, § 70, 21/05/2015). კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს სახელმწიფოებს, მოაწყონ მათი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ სამართალწარმოებებს, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის კუთხით (იხ. „აჟდაჯიჩი სლოვენიის წინააღმდეგ“ (Aždajić v. Slovenia), no. 71872/12, §49, 08/10/2015, და „განკინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ (Gankin and Others v. Russia), nos. 2430/06, 1454/08, 11670/10 და 12938/12, § 26, 31/05/2016), თუმცა, აღნიშნული არ შეიძლება განხორციელდეს სხვა პროცედურული გარანტიების, განსაკუთრებით მხარეთა თანასწორობის პრინციპის ხარჯზე. საქმეში - „დილიპაკი და კარაკაია“ (Dilipak and Karakaya) ევროსასამართლომ გადაწყვიტა სისხლის სამართლის საკითხებისადმი მისი მიდგომის სულისკვეთება გადმოეტანა და დაუსწრებელი სისხლის სამართალწარმოების პროცესში განვითარებული პრინციპები მიესადაგებინა სამოქალაქო სამართალწარმოების მიმართაც. შესაბამისად, აღნიშნულ საქმეში, სასამართლო დაეყრდნო მის პრეცედენტულ სამართალს, რომლის მიხედვითაც სამართლიანობის უარყოფა დგინდება, როცა პროცესზე დაუსწრებლად მსჯავრდებულ პირს არ აქვს საშუალება, მიიღოს ბრალდების არსის ცხადი განმარტება იმ გარემოებებში, როცა არ არის დადგენილი მის მიერ სასამართლოში გამოცხადების უფლებასა და საკუთარი თავის დაცვის უფლებაზე უარის თქმა (იხილეთ „კოლოზა იტალიის წინააღმდეგ“ (Colozza v. Italy), 12/02/1985, §29, Series A no. 89; „ეინორნი საფრანგეთის წინააღმდეგ“ (განჩინება), (Einhorn v. France) (dec.), no. 71555/01, §33, ECHR 2001-XI; „კრომბახი საფრანგეთის წინააღმდეგ“ (Krombach v. France) no. 29731/96, §85, ECHR 2001-II; და „სეჯდოვიჩი იტალიის წინააღმდეგ“ (Sejdovic v. Italy) [დიდი პალატა], no. 56581/00, §82, ECHR 2006-II) ან როცა იგი მიზნად არ ისახავს მართლმსაჯულებისგან თავის დაღწევას (იხილეთ „მედენიკა შვეიცარიის წინააღმდეგ“ (Medenica v. Switzerland), no. 20491/92, §55, ECHR 2001-VI). ამასთან, კონვენციის მე-6 მუხლის არც ფორმალური და არც შინაარსობრივი მხარე ხელს არ უშლის პირს საკუთარი თავისუფალი ნებით გამოხატულად ან ნაგულისხმევად უარი თქვას სამართლიანი სასამართლოს გარანტიებზე (იხილეთ „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ“ (Hermi v. Italy) [დიდი პალატა], no. 18114/02, §73, ECHR 2006-XII), თუმცა, ასეთი უარი დადგენილი უნდა იყოს ცალსახად და უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი მნიშვნელობის შესაბამისი მინიმალური გარანტიებით (იხ. „პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ“ (Poitrimol v. France) 23/11/1993, §31, Series A no. 277-A) და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს რაიმე მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს (იხ. „სეჯდოვიჩი“ (Sejdovic) §86, და „დილიპაკი და კარაკაია“ (Dilipak and Karakaya), §79, აგრეთვე, „ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ“ (Natsvlishvili and Togonidze v. Georgia), no. 9043/05, §91, ECHR 2014 (ამონარიდები)).
36. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის/აპელანტის სააპელაციო საჩივარი 2025 წლის 27 ივნისის განჩინებით მიღებულ იქნა განსახილველად და იმავე წლის 8 აგვისტოს, 13:00 საათზე დაინიშნა სასამართლოს მთავარის სხდომა (სსსკ-ის 373-ე და 376-ე მუხლები). სასამართლო უწყება მოწინააღმდეგე მხარეს/მოპასუხეს (სადაც განმარტებულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ნეგატიური შედეგები), კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩაჰბარდა, თუმცა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა, ეს ფაქტობრივი მოცემულობა კი იმის მაუწყებელია, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე მას პირგასამტეხლოს ოდენობა სადავოდ არ გაუხდია.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში კი, სასამართლო ამოწმებს მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის ურთიერთმიმართებას, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევას სასამართლო მხოლოდ მოვალის კვალიფიციური შედავების არსებობისას ახდენს და მის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად შეუსაბამო და არაგონივრულია პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან (შდრ.სუსგ. #ას-1103-2019, 30.07.2021წ).
37. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ ზემომოხმობილი მსჯელობის კონტექსტში უნდა შეფასდეს კასატორის პრეტენზია მოწინააღმდეგე მხარის სასამრთლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებაზე უარის გასაჩივრების თაობაზე და საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
38. სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 408.3, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აგვისტოს განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
ბადრი შონია