Facebook Twitter

6 მარტი, 2025 წელი,

#ას-1469-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ი.წ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გაჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – უსაფუძვლოდ დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლება

საკითხი, რომელზეც მიღებულია გადაწყვეტილება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, შემკვეთი, შემსყიდველი ან მერია) და ი.წ–ძეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, მიმწოდებელი ან მენარდე) შორის 2021 წლის 25 აგვისტოს დაიდო #02.07/10/175 ხელშეკრულება (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება), რომლის საგანს თბილისში, ........ (ს/კ-ით #.......) ხელოვნურ ტბასა და პარკურის მოედანს შორის კუნზულზე ჰიპოპოტამის ქანდაკების განთავსების მომსახურების შესყიდვა წარმოადგენდა.

2. ხელშეკრულების საერთო ღირებულება - 167 759.51 ლარით, მოქმედების ვადა 2021 წლის 25 აგვისტოდან 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით, ხოლო მომსახურების გაწევის ვადა - ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 120 კალენდარული დღით განისაზღვრა.

3. მიმწოდებელმა 2022 წლის 27 იანვარს მერიას აცნობა, რომ ჰიპოპოტამის ქანდაკება ჩინეთში დამზადდა და საზღვაო გზით ტრანსპორტირდებოდა. პანდემიის გამო, მსოფლიოში შექმნილმა მდგომარეობამ ქანდაკების გადაადგილება შეაფერხა, რამაც მიწოდების ვადის დარღვევა გამოიწვია, მიმდინარე ეტაპზე ქანდაკება იყო გზაში, რის გამოც, ხელშეკრულების მოქმედების ვადის - 2022 წლის 31 მარტამდე გაგრძელება ითხოვა.

4. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება შევიდა შეთანხმებაში და მოქმედების ვადა - 2022 წლის 31 მარტამდე გაგრძელდა, რომელიც 2022 წლის 31 იანვრიდან ამოქმედდა.

5. 2022 წლის 24 მარტს მოსარჩელემ კვლავ მიმართა მერიას და აცნობა, რომ ქანდაკების საზღვაო გზით ტრანსპორტირებას შპს „კ–სი“ ახდენდა, რომელმაც 2022 წლის 21 მარტის წერილით აცნობათ, რომ გლობალური პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩინეთში შექმნილი ლოჯისტიკური სფეროს გადატვირთულობის გამო, ჰონგ-კონგის საწყობიდან (ტვირთის გადაზიდვის ნომერი: HK 29807/კონტეინერი - MSMU5369929) კონტეინერში ტვირთის მოთავსება და პორტიდან გამოგზავნა მოხდა დაგვიანებით. ამავე პერიოდს საბერძნეთის ტერმინალების გაფიცვაც დაემთხვა, შესაბამისად, ვერ ხერხდებოდა პორტების მომსახურება, რამაც გამოიწვია უამრავი გემის თურქეთში გადამისამართება და სტამბულის პორტის გადატვირთვა. უკრაინის ომმა კი, სტამბულის სრუტეც გადატვირთა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჰიპოპოტამის ქანდაკების საქართველოში მოწოდება, ნაცვლად სტანდარტული ვადისა (2021 წლის 19 ნოემბერიდან - 45 - 60 კალენდარული დღე), მოხდა დაგვიანებით - 2022 წლის 21 მარტს. ამჟამად ქანდაკება ფოთის საზღვაო ნავსადგურში იყო და საბაჟო პროცედურების გავლის შემდგომ თბილისში ტრანსპორტირდებოდა.

6. შემსყიდველს ხელშეკრულება არ შეუწყვეტია.

7. ხელშეკრულების მოქმედების ვადა საბოლოოდ - 2021 წლის 25 აგვისტოდან - 2022 წლის 15 მაისამდე განისაზღვრა.

8. მოსარჩელემ ნაკისრი ვალდებულება - 2022 წლის 13 მაისს შეასრულა.

9. შემკვეთმა 2022 წლის 16 მაისის წერილით მენარდეს აცნობა, რომ შეთანხმების პირობების დარღვევის გამო, ეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (142 დღე) 0.1%, რაც ჯამურად - 23 821.86 ლარს შეადგენდა.

10. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდისაგან გათავისუფლების მოთხოვნით.

11. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ პირგასამტეხლო მხარეთა შორის ორმხრივი ნების საფუძველზე დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარეობდა და არ არსებობდა მისგან გათავისუფლების ან პირგასამტეხლოს შემცირების სამართლებრივი საფუძვლები.

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით, უსაფუძვლოდ დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების თაობაზე მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მოსარჩელე გათავისუფლდა დაკისრებული პირგასამტეხლოს - 23821.86 ლარის გადახდისგან.

13. მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

15. განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

15.1. კასატორის მტკიცებით, პირგასამტეხლო მხარეთა შორის ორმხრივი ნების საფუძველზე დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარეობდა და მისგან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 30 იანვრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაუსაბუთებელია. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ი.წ–ძის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

17. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის/კასატორის პრეტენზიები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და არასწორად განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები, ნაწილობრივ დასაბუთებულია.

18. კასატორის პრეტენზია ძირითადად იმაში მდგომარეობს, რომ პირგასამტეხლო მხარეთა შორის ორმხრივი, თავისუფალი ნების საფუძველზე დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარეობდა და არ არსებობდა მისგან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად, სადავოა პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების კანონიერება.

19. განსახილველ შემთხვევაში, ნარდობის ურთიერთობიდან გამომდინარე, ვალდებულების დათქმულ ვადებში შეუსრულებლობის მოტივით დაკისრებული პირგასამტეხლოს გაუქმების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის, სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლები.

20. პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...".

“პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე.

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:

ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;

ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;

გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;

დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.

პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები # ას 848-814-2016, 28.12.2016; #ას-816-767-2015, 19.11.2015; #ას-953-918-2016, 22.11.2016).

21. პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შესაფასებელი და დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (შდრ: სუსგ №ას-1336-2019, 30 მარტი, 2022; №ას-1928-2018, 31 ოქტომბერი, 2019წ.).

22. პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა მოვალის მიერ ვალდებულების ბრალეული დარღვევაა. პირგასამტეხლო უსაგნო იქნება, როცა მოვალის ბრალის გარეშე ვალდებულება ვერ შესრულდება ან ხელშეკრულება გაუქმდება. პირგასამტეხლოთი ვალდებულების უზრუნველყოფა სულაც არ ცვლის პასუხისმგებლობის საერთო საფუძველს. (იხ. ლადო ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, მუხლი 417, თბილისი, 2001, გვ. 489-490; ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 89, სუსგ 31 მაისი, 2022 წ. საქმე №ას-1006-2021, პ.17).

23. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შედეგს გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (შდრ. სუსგ №ას-696-696-2018, 06.07.2018წ).

24. ნარდობის სამართალურთიერთობის განმსაზღვრელი ნორმის შინაარსი კი ცხადყოფს, რომ ნარდობა სინალაგმატურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რომლის მონაწილეებიც სამართლებრივ ურთიერთობაში ერთმანეთის მიმართ გამოდიან როგორც ურთიერთკრედიტორები, ისე - ურთიერთმოვალეები. სახელშეკრულებო ვალდებულება კი, მაშინ მიიჩნევა შესრულებულად, როდესაც თითოეული მხარე შეასრულებს თავის წილ ვალდებულებას.

25. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს სამართლით მოწესრიგებული ურთიერთობებიდან მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე.

26. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, მიმწოდებლისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა (23 821.86 ლარი) კანონშეუსაბამოა. აღნიშნული დასკვნისას, პალატა ითვალისწინებს რამდენიმე გარემოებას, კერძოდ:

ა). დადგენილია, რომ მხარეებს შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება დაიდო, რომლის საგანს თბილისში, მზიურის პარკში ხელოვნურ ტბასა და პარკურის მოედანს შორის კუნძულზე ჰიპოპოტამის ქანდაკების განთავსების მომსახურების შესყიდვა წარმოადგენდა.

ბ). ვალდებულების დარღვევის შინაარსი შემდეგ ქმედებაში გამოიხატება: ხელშეკრულების მოქმედების ვადა მისი ძალაში შესვლიდან - 2021 წლის 25 აგვისტოდან 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით, ხოლო მომსახურების გაწევის ვადა - ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 120 კალენდარული დღით, განისაზღვრა (იხ. შეთანხმების 2.5 პუნქტი), რომელიც მოსარჩელემ დაარღვია, სახელდობრ:

გ). მიმწოდებელმა 2022 წლის 27 იანვარს მერიას აცნობა, რომ ჰიპოპოტამის ქანდაკება ჩინეთში დამზადდა და საზღვაო გზით ტრანსპორტირდებოდა. პანდემიის გამო, მსოფლიოში შექმნილმა მდგომარეობამ ქანდაკების გადაადგილება შეაფერხა, რამაც მიწოდების ვადის დარღვევა გამოიწვია, მიმდინარე ეტაპზე ქანდაკება იყო გზაში, რის გამოც, ხელშეკრულების მოქმედების ვადის - 2022 წლის 31 მარტამდე გაგრძელება ითხოვა.

დ). აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება შევიდა შეთანხმებაში და გარიგების მოქმედების ვადა - 2022 წლის 31 მარტამდე განისაზღვრა, ეს პირობა 2022 წლის 31 იანვრიდან ამოქმედდა.

27. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მხარეთა შორის ხელშეკრულების გაგრძელების მიზნით განხორციელებულ მიმოწერაზე და აყალიბებს შემდეგ დასკვნას:

იქიდან გამომდინარე, რომ მხარეებმა ხელშეკრულებით, ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადა მისი ძალაში შესვლიდან 120 კალენდარული დღით განსაზღვრეს, სახელშეკრულებო პირობა სრული მოცულობით უკიდურეს შემთხვევაში 2021 წლის 23 დეკემბრამდე უნდა შესრულებულიყო.

დადასტურებულია, რომ მენარდემ სახელშეკრულებო ვადის გაგრძელების მოთხოვნით დამკვეთს მიმართა 2022 წლის 27 იანვარს და მხარეთა შეთანხმებით გარიგების ვადა გაგრძელდა 2022 წლის 31 იანვრიდან 31 მარტამდე.

საკასაციო პალატა იზიარებს იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნებს მასზედ, რომ მხარეთა ნების გონივრული განსჯის შედეგად ი.წ–ძის მხრიდან მოთხოვნილი ცვლილებები არა უბრალოდ სახელშეკრულებო ვადის გახანგრძლივებას არამედ სწორედ ვალდებულების შესრულების ვადის პროლონგაციას ისახავდა მიზნად. ამავე საკითხთან დაკავშირებით პალატა ყურადღებას ამახვილებს, რომ 2022 წლის 27 იანვარს, მხარის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გაგრძელების მოთხოვნის მომენტისთვის დასახელებული ვადა (ვალდებულების შესრულების ვადა) ამოწურული იყო და ამავე მოტივით იგი ვერ გაგრძელდებოდა.

28. ამავდროულად, საკასაციო პალატა მხარეებს შორის გაფორმებულ შეთანხმებას, რომლითაც ცვლილება შევიდა ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2022 წლის 31 მარტამდე დადგინდა აკვალიფიცირებს არა როგორც ამოწურული (დასრულებული) ვადის პროლონგაციისკენ მიმართულ შეთანხმებას არამედ მიიჩნევს, რომ იგი მხარეთა შორის მიღწეული ახალი შეთანხმებაა, რომლითაც მხარეები შესრულების ახალ ვადაზე შთანხმდნენ; საბოლოოდ მენარდემ ვალდებულება დათქმულ ვადაში (იგულისხმება ახალი შეთანხმების შედეგად განსაზღვრული ვადა) შეასრულა, რაც მოთხოვნის ამ ნაწილში პირგასამტეხლოს დაკისრების უარყოფის საფუძველია.

სახელდობრ:

28.1. დადგენილია, რომ 2022 წლის 24 მარტს მოსარჩელემ კვლავ მიმართა მერიას და აცნობა, რომ ქანდაკების საზღვაო გზით ტრანსპორტირებას შპს „კ–სი“ ახდენდა, რომელმაც 2022 წლის 21 მარტის წერილით აცნობათ, რომ გლობალური პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩინეთში შექმნილი ლოჯისტიკური სფეროს გადატვირთულობის გამო, ჰონგ-კონგის საწყობიდან (ტვირთის გადაზიდვის ნომერი: HK 29.../კონტეინერი - MSMU5369929) კონტეინერში ტვირთის მოთავსება და პორტიდან გამოგზავნა მოხდა დაგვიანებით. ამავე პერიოდს საბერძნეთის ტერმინალების გაფიცვაც დაემთხვა, შესაბამისად, ვერ ხერხდებოდა პორტების მომსახურება, რამაც გამოიწვია უამრავი გემის თურქეთში გადამისამართება და სტამბულის პორტის გადატვირთვა. უკრაინის ომმა კი, სტამბულის სრუტეც გადაიტვირთა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჰიპოპოტამის ქანდაკების საქართველოში მოწოდება, ნაცვლად სტანდარტული ვადისა (2021 წლის 19 ნოემბერიდან - 45 - 60 კალენდარული დღე), მოხდა დაგვიანებით - 2022 წლის 21 მარტს. ამჟამად ქანდაკება ფოთის საზღვაო ნავსადგურში იყო და საბაჟო პროცედურების გავლის შემდგომ თბილისში ტრანსპორტირდებოდა. ასევე დადგენილია, რომ შემსყიდველს ხელშეკრულება არ შეუწყვეტია და ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2021 წლის 25 აგვისტოდან - 2022 წლის 15 მაისამდე დადგინდა.

28.2. დადგენილია ისიც, რომ მოსარჩელემ ნაკისრი ვალდებულება - 2022 წლის 13 მაისს, ახალი შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში შეასრულა.

28.3. საქმეზე დადგენილი გარემოებების ერთობლიობაში შეფასების საფუძველზე გამოკვეთილია, რომ მოსარჩელემ (მენარდემ) შემკვეთს ვადის გაგრძელების მოთხოვნით ვალდებულების შესრულების ვადის ამოწურვის შემდეგ მიმართა და მხარეებმა ახალი ვადა 2022 წლის 31 იანვრიდან დაადგინეს. ახლადდაწესებული ვადის გათვალისწინებით მენარდემ ვალდებულება დათქმულ ვადაში შეასრულა თუმცა მოსარჩელეს არ აუნაზღაურებია თავდაპირველ შეთანხმებაში არსებული შესრულების ვადის დადგომიდან შესრულების ახლადდაწესებულ ვადამდე არსებული 39 დღის ვადაგადაცილების პირგასამტეხლო (ვადაგადაცილება 39 დღე - 2021 წლის 23 დეკემბრიდან 2022 წლის 31 იანვრამდე), რაც ამ ნაწილში პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა.

29. საბოლოოდ საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მენარდის ასანაზღაურებელი 39 დღის ვადაგადაცილების ექვივალენტი პირგასამტეხლო შეადგენს 6542.25 (39X167,75) ლარს და სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

30. სსსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

30.1. აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

30.2 მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვდა უსაფუძვლოდ დაკისრებული პირგასამტეხლოს - 23 821.86 ლარის გადახდისგან გათავისუფლებას, შესაბამისად, დავის საგნის (სარჩელის) ფასია - 23 821.86 ლარი. საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილებით მოსარჩელე გათავისუფლდა მოპასუხის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაკისრებული პირგასამტეხლოს - 17279,61 ლარის გადახდისაგან და გადასახდელი პირგასამტეხლო განისაზღვრა - 6542,25 ლარით, რაც დავის საგნის ფასის 72.53% -ია და საპროცესო ხარჯებიც მხარეებს შორის ანალოგიური პროპორციით უნდა განაწილდეს.

30.3. მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის სახით 715 ლარი გადაიხადა, შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს დასახელებული თანხის 72.53% რაც - 518.58 ლარია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ი.წ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. ი.წ–ძე გათავისუფლდეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #02.07/10/175 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაკისრებული პირგასამტეხლოს - 17279,61 ლარის გადახდისაგან და პირგასამტეხლო განისაზღვროს - 6542,25 ლარით;

5. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ი.წ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 518,58 ლარის ანაზღაურება;

6. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა