Facebook Twitter

26 ნოემბერი, 2025 წელი,

საქმე №ას-1105-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „ს.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.ფ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მ.ფ–ძე (შემდეგში - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) შპს „ს–-ში“ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი, დამსაქმებელი, საწარმო) 2022 წლის 1 სექტემბრიდან იყო დასაქმებული. შრომითი ხელშეკრულებით, მოსარჩელე თავდაპირველად მიმღებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტაჟიორ 3-ის პოზიციას იკავებდა. 2023 წლის 1 იანვრიდან, მოწინააღმდეგე მხარე საწარმოს მიმღებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი 1-ის პოზიციაზე მუშაობდა და მისი შრომის ყოველთვიური ანაზღაურება 1 300 ლარს (გადასახადის გარეშე) შეადგენდა.

2. საწყის ეტაპზე დასაქმებული 6-თვიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნა, ხოლო გამოსაცდელი ვადის ამოწურვის შემდეგ - 1 წლით. ხელშეკრულების თანახმად, თუ გარიგების ვადის ამოწურვის დღისთვის ამ ხელშეკრულებითა და შინაგანაწესით დადგენილი ფორმით მის გაგრძელებაზე მხარეები უარს არ განაცხადებდნენ, ვადა იმავე პირობებით, ავტომატურად განუსაზღვრელი დროით გაგრძელდებოდა.

3. 2022 წლის 30 ნოემბერს, მოსარჩელის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - ოფიციალური სიტყვიერი გაფრთხილება გამოიყენეს, ხოლო 2023 წლის 31 მარტს ამ უკანასკნელს დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით წერილობითი გაფრთხილება მიეცა.

4. დამსაქმებლის 2023 წლის 16 მაისის ბრძანებით (შემდეგში - სადავო ბრძანება ან გასაჩივრებული ბრძანება), საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ) 47.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დასაქმებულთან დადებული შრომითი ხელშეკრულება შეწყდა.

5. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით დამსაქმებლის წინააღმდეგ დასაქმებულმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დასაქმებულმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით: დასაქმებულის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული; სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი; მოსარჩელის სასარგებლოდ დამსაქმებელს 2 000 ლარის (ხელზე მისაღები) ოდენობით კომპენსაციის გადახდა დაეკისრა; დასაქმებულის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 2023 წლის 16 მაისიდან 2024 წლის 2 მარტამდე, ყოველთვიურად 1 300 ლარის (ხელზე მისაღები) ოდენობით; სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

8.1. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება შემდეგ გარემოებებზე გაამახვილა:

- დამსაქმებელმა მიუთითა, რომ მასზე ნაკისრი ვალდებულებები მოსარჩელემ დაარღვია, კერძოდ, ვინაიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში მის მიმართ უკვე გამოყენებული იყო დისციპლინური ღონისძიება, დასაქმებული სამსახურიდან გაათავისუფლეს.

- უპირველესად, მოცემულ შემთხვევაში სადავო იყო 2023 წლის 12 მაისს სამსახურის ვადაზე ადრე დატოვების ფაქტი. სხვა დარღვევები, რასაც დისციპლინური ღონისძიების გამოყენება მოჰყვა შედეგად, მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, ისინი სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგანს აღარ წარმოადგენდა.

- რაც შეეხებოდა 2023 წლის 12 მაისის შემთხვევას, დასაქმებულის განმარტებით, 12:00 საათზე სამუშაოს დატოვება ზეპირსიტყვიერად მენეჯერთან იყო შეთანხმებული. აღნიშნულს არ დაეთანხმა მოპასუხე და პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმედ დაკითხული ა.გ–ვა, რომელმაც აღნიშნა, რომ მოსარჩელეს ვადაზე ადრე დათხოვნას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაჰპირდა, თუკი სამუშაო ადგილზე არსებული მდგომარეობა ამის შესაძლებლობას მისცემდა, თუმცა იმავე საღამოს, მოულოდნელად, სამსახურში შეუძლოდ გახდა მოსარჩელის კოლეგა, ი.კ–ია; აღნიშნულის გამო, ი.კ–ია მან სამსახურიდან გაათავისუფლა, რამაც პოზიციაზე საჭირო კადრის ყოფნის აუცილებლობა გამოიწვია. შექმნილი სიტუაციის შესახებ მოწმემ მოსარჩელეს აცნობა და სამსახურიდან გათავისუფლებაზე უარი უთხრა. მიუხედავად ამისა, სამუშაო სივრცე მოსარჩელემ ნებართვის გარეშე დატოვა, რის გამოც შემოსული სტუმრების აღრიცხვა უფრო მეტად გართულდა.

8.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, შრომითი კატეგორიის დავებზე სწორედ მოპასუხეა ვალდებული სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით დაადასტუროს დასაქმებულის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა. მოცემულ შემთხვევაში ის ფაქტი, რომ დასაქმებულსა და მენეჯერს (მოწმეს) შორის საუბარი იყო 12 მაისს, 24:00 საათზე სამსახურის დატოვებაზე, სადავო არ ყოფილა. დასაქმებული იმ პირობით დაეთანხმა 12 მაისს სამსახურში გამოცხადებას, რომ 24.00 საათზე სამსახურიდან წასვლას შეძლებდა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ სარწმუნოდ მიიჩნია, რომ დასაქმებულს უნებართვოდ არ დაუტოვებია სამსახური. ამის შესახებ შეთანხმებული ჰქონდა მენეჯერთან წინასწარ და, რომ არა მენეჯერთან წინასწარი შეთანხმება, ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით სხვისი მორიგეობის დროს სამსახურში ვერ გამოცხადდებოდა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება იმის თაობაზე, რომ დასაქმებული ი.კ–ია შეუძლოდ გახდა, რის გამოც წარმოიშვა მოსარჩელის სამსახურში ყოფნა აუცილებელი იყო. ის გარემოებები, რაზეც მხარე თავის მოთხოვნას/შესაგებელს ამყარებდა, სათანადო მტკიცებულებებით უნდა დადასტურებულიყო. მოპასუხეს კი, არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება (სამედიცინო ცნობა), რომ 12 მაისს მისი დასაქმებული - ი.კ–ია შეუძლოდ იმყოფებოდა, რამაც სხვა თანამშრომლით ჩანაცვლების საჭიროება წარმოშვა.

8.3. ზემოაღწერილ ფაქტობრივ მოცემულობაში სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ დასაქმებულის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო და გასაჩივრებული ბრძანება, როგორც კანონსაწინააღმდეგო ნების გამოვლენა, ბათილად უნდა ცნობილიყო, გამომდინარე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 54-ე მუხლიდან (ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს).

8.4. იმის გათვალისწინებით, რომ პირვანდელი სამუშაო ადგილის (რომელზე აღდგენასაც მოსარჩელე მოითხოვდა) ვაკანტურობა არ დასტურდებოდა, სააპელაციო სასამართლომ კომპენსაციის დაკისრებაზე იმსჯელა და მიუთითა შემდეგი: საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებების შესაბამისად, შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად უნდა ფარავდეს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი, საშუალოდ, შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა. შ. ნიშანდობლივია, რომ სასამართლო გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს კომპენსაციის დადგენის მიზანშეწონილობისა და ოდენობის დასაბუთებას.

8.5. საქმის გარემოებების, სამუშაო გამოცდილების, ხელშეკრულების ვადის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა 2 000 ლარის (ხელზე მისაღები) ოდენობით კომპენსაციისა და 2023 წლის 16 მაისიდან ხელშეკრულების მოქმედების ვადამდე (1-წლიანი შრომითი ხელშეკრულება - 2024 წლის 2 მარტამდე) ყოველთვიურად 1 300 ლარის (ხელზე მისაღები) ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. სხვა ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო (საქართველოს შრომის კოდექსის, შემდეგში - სშკ-ის 48.1, 48.2, 48.8, 58-ე მუხლები; სსკ-ის 394.1, 408.1, 411-ე მუხლები).

9. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი დამსაქმებელმა შემდეგი დასაბუთებით წარმოადგინა:

9.1. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები - თანამშრომლის არაერთი დაგვიანება, უყურადღებობა, დისციპლინის დარღვევა - საკმარის საფუძველს ქმნის დასაქმებულის მიმართ ნდობის დაკარგვისა და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისთვის, სასამართლოს პოზიცია კი, უგულებელყოფს დამსაქმებლის ლეგიტიმურ უფლებას, უზრუნველყოს სამუშაო პროცესის ეფექტურობა, რაც ევროპული სასამართლოს პრეცენდენტითაცაა დადასტურებული.

9.2. შესაბამისი შრომითი აღწერილობით მოსარჩელე გაფრთხილებული იყო იმის თაობაზე, რომ შრომითი აღწერილობის წესების დარღვევა გამოიწვევდა შრომითი ხელშეკრულებითა და შიწაგანაწესით გათვალისწინებული შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახად ჩანს, თუ საწარმოსთვის რამდენდ მნიშვნელოვანი უფლება-მოვალეობების შესრულება ეკისრებოდა მოსარჩელეს და თუ რა საფრთხის წინაშე დგებოდა დამსაქმებელი იმ შემთხვევაში, თუკი ადგილზე მის გამო საკმარისი კადრების დეფიციტი შეიქმნებოდა და შემოსულ სტუმართა აღრიცხვიანობას ხელი შეეშლებოდა. საქმეზე წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნათლად წარმოაჩენს, რომ შრომითი ხელშეკრულობის მოქმედების პერიოდში მოსარჩელეს არაერთხელ დაურღვევია შრომითი დისციპლინა, რასაც დამსაქმებლის მხრიდან დისციპლინური სახდელის გამოყენება მოჰყვა შედეგად, სახელდობრ: 1. დასაქმებულმა სამუშაო ადგილზე წარსულში რამდენჯერმე დააგვიანა, რაც შესაბამისი შიდა დოკუმენტებითა და ხელმოწერებით არის დადასტურებული; 2. დასაქმებულს გაფრთხილება მიეცა იმის შესახებ, რომ შემდგომი დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში შრომითი ურთიერთობა შესაძლოა შეწყვეტილიყო; 3. მიუხედავად ამისა, სამუშაო რეგულაციები მოსარჩელემ კვლავ დაარღვია და სამუშაო ადგილი მენეჯერის ნებართვის გარეშე დატოვა, რაც მძიმე ხასიათის დარღვევაა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მეორე თანამშრომელი შეუძლოდ გახდა და ობიექტის უსაფრთხო ფუნქციონირება საფრთხის ქვეშ დადგა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 1 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

11. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

12. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

13. მოცემული დავის საკვანძო საკითხია, დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების კანონიერების განსაზღვრა, ე.ი. შესამოწმებელია, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლებისას.

ზემოაღნიშნული საკითხის დადგენა, შესაძლებელია, მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული განთავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად. მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ყოველ კონკრეტულ ბრძანებას თავისი საფუძველი გააჩნია, რაც ამართლებს ან არ ამართლებს მის გამოცემას. ასეთ დროს, სასამართლოს როლი სწორედ ბრძანების საფუძვლის მართლზომიერების საკითხის გამორკვევაა, რაც დასაქმებულის სარჩელის იურიდიული ბედის განმსაზღვრელია (შდრ. იხ. სუსგ: №ას-1304-2020, 11.06.2021; №ას-151-147-2016,1 9.04.2016).

14. სადავო ბრძანების კანონიერების შემოწმებისას, შემდეგი საკითხია საყურადღებო: სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი).

შრომითსამართლებრივ დავებში კი, მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსხვავებული და თავისებურია. ამ წესის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს არათანაბარი შესაძლებლობები აქვთ, დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები წარუდგინოს. ამდენად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს დამსაქმებლის მხარეს აბრუნებს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (შდრ. იხ. სუსგ: №ას-151-147-2016, 19.04.2016; №ას-483-457-2015, 7.10.2015; №ას-1276-1216-2014, 18.03.2015).

15. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ბრძანების სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 47.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის სადავო ბრძანების გამოცემის დროისთვის მოქმედი რედაქცია, რომლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია - დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ მის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებული იყო ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა.

16. საკასაციო სასამართლოს სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით მოპასუხემ ვერ დაადასტურა დასაქმებულის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უხეში დარღვევა, რაც სადავო ბრძანების ბათილობის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას დაასაბუთებდა (სსკ-ის 54-ე მუხლი). კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება იმის თაობაზე, რომ მოპასუხესთან დასაქმებული პირი - ი.კ–ია შეუძლოდ გახდა, რამაც მყისიერად წარმოქმნა მოსარჩელის სამსახურში ყოფნა აუცილებლობა. ის გარემოებები, რომლებზეც მხარე თავის მოთხოვნას/შესაგებელს ამყარებდა, სათანადო მტკიცებულებებით უნდა დადასტურებულიყო. მოპასუხეს კი დასახელებული გარემოების დასამტკიცებლად არ წარუდგენია სათანადო ხასიათის მტკიცებულებანი (სამედიცინო ცნობა), რომლის საფუძველზეც სხვა დასაქმებულის ჯანმრთელობის მყისიერი გაუარესებიდან გამომდინარე მოსარჩელის სამუშაო დროის გაგრძელების გადაუდებელი აუცილებლობა დადასტურდებოდა.

17. ვინაიდან საქმეზე სადავო ბრძანების ბათილობის საფუძველი გამოიკვეთა და, ამავდროულად, დადგინდა, რომ აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური არ იყო, სააპელაციო სასამართლომ დასაქმებულს მართებულად აუნაზღაურა კომპენსაცია და იძულებითი განაცდური.

17.1. დამსაქმებლისთვის დაკისრებული კომპენსაციის ოდენობის კანონიერად განსაზღვრისას, საკასაციო პალატა შემდეგ გარემოებებს იღებს მხედველობაში, სახელდობრ:

განსახილველი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სშკ-ის 48.8 მუხლშია წარმოდგენილი (მოსარჩელის სამუშაოდან განთავისუფლების დროისათვის, იმავე შინაარსის ნორმას ადგენდა სშკ-ის 38.8 მუხლი), რომლის შინაარსიც ასეთია: სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი რეგულირებით, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

მითითებული რეგულაციით, დამსაქმებლისათვის დადგენილია, უკანონოდ განთავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი ეს შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (შდრ. იხ. სუსგ №ას-951-901-2015, 29.01.2016).

ამდენად, შრომის კანონმდებლობა, უპირატესად, სწორედ დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენას მოიაზრებს დარღვეული უფლების რესტიტუციის ყველაზე უფრო სამართლიან ღონისძიებად, ერთადერთ დამაბრკოლებელ გარემოებად ამ უფლების გამოყენებისათვის, კანონმდებლობა შესაბამის თანამდებობაზე დასაქმებულის აღდგენის შეუძლებლობას (აღარ არსებობს ის სტუქტურული ერთეული, რომელშიც დასაქმებული მუშაობდა, დასაქმებულის მიერ დაკავებულ შტატზე სხვა პირი დასაქმდა და სხვა) განიხილავს (იხ. სუსგ №ას-1161-2018, 15.10.2020).

კანონის ზემომითითებული ნორმით გათვალისწინებული „კომპენსაციის“ ცნება არაერთხელ გამხდარა საკასაციო პალატის განმარტების საგანი. შესაბამისად, ამ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მრავალი განჩინება თუ გადაწყვეტილება არსებობს. წინამდებარე დავის გადაწყვეტის მიზნებისათვის, საგულისხმოა, ხსენებული სასამართლო პრაქტიკიდან რამდენიმე ამონარიდი, კერძოდ:

დასახელებული საქმეებიდან ერთ-ერთზე, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ: საქართველოს შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების, დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე - იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. (იხ. სუსგ: Nას-1161-2018, 15.10.2020; Nას-267-2021, 11.06.2021).

საკასაციო პალატამ ასევე დაადგინა, რომ სხვადასხვა ქვეყნის სასამართლო პრაქტიკის განზოგადება ქმნის კომპენსაციის გამოთვლის შესაძლებლობას შემდეგი კრიტერიუმებით: კომპანიის ლიკვიდურობა; პირის შანსები შრომის ბაზარზე; პირის სოციალური მდგომარეობა; დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა; პირი სხვაგან დასაქმდა თუ არა დავის პერიოდში; სამუშაო სტაჟი; დამსაქმებლის საწარმოუნარიანობა; პირის მუშაობის ხანგრძლივობა დამსაქმებელთან (იხ. სუსგ, საქმე №ას-1339-1259-2017, 30.07.2018).

17.2. ზემოთ წარმოდგენილი პრაქტიკისა და მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლოს მიერ დამსაქმებლისთვის 2 000 ლარის ოდენობით კომპენსაციის დაკისრება სამართლიანია და სრულადაა გასაზიარებელი.

17.3. გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებიდან გამომდინარე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების გადაწყვეტილებაც უცვლელადაა დასატოვებელი გამომდინარე საქართველოს შრომის კოდექსის 48.9 (დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია), 58-ე (ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), 411-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო) მუხლების დეფინიციიდან.

18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან.

19. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული გადაწყვეტილენის დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

21. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ს–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „ს–ს“ (ს/ნ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 777.50 ლარის (ელექტრონული საგადახდო დავალება №57822, გადახდის თარიღი - 22.07.2025) 70% - 544.25 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

ბადრი შონია