27 ნოემბერი, 2025 წელი,
საქმე №ას-1165-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - რ.ს–ვა (მოსარჩელე)
მოწი–აღმდეგე მხარე - ა(ა)იპ „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანება (სკოლამდელი აღზრდის ცენტრი)“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - დისციპლინური სახდელის გაუქმება, სამსახურში აღდგენა, განაცდურის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2019 წლის 12 აპრილის ბრძანებით, ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადით რ.ს–ვა (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი ან დასაქმებული) ა(ა)იპ „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანების“ (სკოლამდელი აღზრდის ცენტრი, შემდეგში წი–მდებარე განჩინებაში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, დამსაქმებელი ან გაერთიანება) სოფელ ალგეთის ბაგა-ბაღის აღმზრდელის შემცვლელად დაინიშნა. როგორც საშტატო პოზიციაზე მომუშავე პირს, რაიმე ფიქსირებული ხელფასი მოსარჩელეს არ ჰქონია და, შექმნილი საჭიროებების მიხედვით, დროებით არმყოფი თანამშრომლის ფუნქციებს ასრულებდა, რა პერიოდშიც შესაბამის ხელფასს იღებდა.
2. დამსაქმებლის 2021 წლის 2 დეკემბრის ბრძანებით, 2021 წლის დეკემბრიდან შესაბამის შტატზე აღმზრდელის დანიშვნამდე მოსარჩელეს აღმზრდელის უფლება-მოვალეობების შესრულება დაევალა. მოპასუხის განმარტებით, აღნიშნული აუცილებლობა იმის გამო წარმოიშვა, რომ „დეკრეტულ შვებულებაში“ გასული აღმზრდელი (რომლის ნაცვლადაც თავდაპირველად მოსარჩელემ შესაბამისი ფუნქციების შესრულება დაიწყო) სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.
3. 2023 წლის 19 დეკემბრის ბრძანებით (შემდეგში - სადავო პირველი ბრძანება), დასაქმებულს, როგორც აღმზრდელს, დისციპლინური გადაცდომის გამო „საყვედური’’ გამოეცხადა. ხსენებული აქტის საფუძვლად 2023 წლის 12 დეკემბრის ინფორმაციაზე მიეთითა, რომელსაც გაერთიანების თანამშრომლები - ე.კ–ია, ს.ი–ძე და ლ.ხ–ძე, აწერენ ხელს. აქტი სოფელ ........ შედგენილი და მისი ში–არსიდან შემდეგი გარემოებები იკვეთება:
I ჯგუფში - 16:36 საათზე ბავშვები ახალგაღვიძებულები იყვნენ და კვების მიხედვით განსაზღვრული დროის მიუხედავად ვახშამი მირთმეული არ ჰქონდათ;
II ჯგუფში - ცელოფანში შეხვეული აღმოჩნდა ე.წ. „პიშკები“, ხოლო, მზა პროდუქტზე ჯემი წასმული არ იყო. თავად ჯემი თავდახურულ მდგომარეობაში იყო შენახული. ჯგუფში დასაქმებულ პირებთან გასაუბრებისას მათ განაცხადეს, რომ აღნიშნული პროდუქტები ბავშვებს მისცეს და კვება დასრულდა, თუმცა პროდუქტების აღმოჩენა შემდეგ პერიოდში მოხდა.
III ჯგუფში - თეფშებზე ცელოფანში შეხვეული აღმოჩნდა ე.წ. „პიშკები“, ხოლო პირად ცელოფანში წასაღებად გამზადებული ჯემი გამოვლინდა.
დასახელებულ აქტთან დაკავშირებით მოსარჩელემ წერილობით ახსნა-განმარტება ჩამოაყალიბა, რომლის თანახმადაც, „ბავშვებს უკვე მირთმეული ჰქონდათ საკვები. პროდუქტი აბსოლუტურად ყველა მათგანმა მიირთვა, ხოლო ცელოფანში აღმოჩენილი იყო ნარჩენები. საკვების მიღების დრო იყო დასრულებული. ამავე დროს, უკვე ჩაცმულები და წასასვლელად მზად იყვნენ. სხვა რაიმე სახის ინფორმაცია არ მაქვს”.
ბაგა-ბაღის მენეჯერ ტ.იბრაგიმოვას 2023 წლის 19 დეკემბრის ასხნა-განმარტების მიხედვით, დისციპლინური წესით სახდელდადებულ თანამშრომლებს, მათ შორის, მოსარჩელეს, მან ბრძანების შინაარსი გააცნო, თუმცა ხელმოწერაზე მათ უარი იმ მიზეზით განაცხადეს, რომ კანონი არ დაურღვევიათ.
5. მოსარჩელის მიერ აღმზრდელის უფლებამოსილების შესრულების შესახებ 2021 წლის 2 დეკემბრის ბრძანება მოპასუხის 2024 წლის 8 თებერვლის ბრძანებით (შემდეგში - სადავო მეორე ბრძანება) ძალადაკარგულად გამოცხადდა.
6. აღმზრდელის შემცვლელად მუშაობის პერიოდში დასაქმებულის ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურება 805 ლარს (დარიცხული) შეადგენდა.
7. დასაქმებული უმუშევარია და შვილთან ერთად მშობლებთან ცხოვრობს.
8. სადავო ბრძანებების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით დამსაქმებლის წინააღმდეგ დასაქმებულმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
9. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით:
7.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
7.2. სადავო ბრძანებები ბათილად იქნა ცნობილი;
7.3. სამუშაოზე აღდგენაზე დასაქმებულს უარი ეთქვა;
7.4. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 15 000 ლარის ოდენობით კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.
7.5. დასაქმებულის სასარგებლოდ დამსაქმებელს დაეკისრა თვეში 805 ლარის ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, რომელიც 2024 წლის 9 თებერვლიდან კანონიერ ძალაში შესული წინამდებარე გადაწყვეტილების აღსრულებამდე დარიცხულ ხელფასს მიეკუთვნებოდა.
8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით: მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება მხოლოდ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მხოლოდ მე-4 პუნქტი) გაუქმდა და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული; დასაქმებულის სასარგებლოდ დამსაქმებელს 5 000 ლარის ოდენობით კომპენსაციის გადახდა დაეკისრა; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
9.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შემდეგი დასკვნები ჩამოაყალიბა:
9.1.1. მოცემულ შემთხვევაში, საყურადღებოა, 2021 წლის 2 დეკემბრიდან პერიოდი, როდესაც აღმზრდელის ფუნქციას მოსარჩელე იმის გამო ასრულებდა, რომ აღმზრდელის პოზიცია ვაკანტური იყო. იმ პირობებში, როდესაც, ძირითადი დასაქმებულის წასვლიდან აღმზრდელის მოვალეობას მოსარჩელე ასრულებდა 2024 წლის 8 თებერვლამდე, ე.ი. 2 წელზე მეტი დროის განმავლობაში ბაგა-ბაღის აღმზრდელის პოზიცია ვაკანტური იყო, ობიექტურად არსებობდა მისი [ვაკანსია] შევსების აუცილებლობა. საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ) 12.5 მუხლის თანახმად, თუ განსაზღვრული ვადით შრომითი ხელშეკრულება დადებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის გარეშე, მიიჩნევა, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ამდენად, მოსარჩელესთან განსაზღვრული ვადით (ახალი აღმზრდელის დანიშვნამდე) შრომითი ურთიერთობის არსებობა კანონდარღვევა იყო. შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ დასაქმებულთან უვადო შრომითი ხელშეკრულება დაიდო, რომლითაც ეს უკანასკნელი აღმზრდელის პოზიციაზე დასაქმდა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამუშაოს დროებითი ხასათის გამო მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა დაუშვებელი იყო (სშკ-ის 47-48-ე მუხლები). გარდა ამისა, სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო დასაქმებულის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი დადასტურებულად ვერ ჩაითვლება. ვინაიდან არც დისციპლინის დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია და არც ბაგა-ბაღის აღმზრდელის ვაკანსიის შევსების მოტივით დასაქმებულის განთავისუფლება არის კანონიერი აქტი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 54-ე მუხლიდან (ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს) გამომდინარე სადავო ბრძანებები ბათილად ცნობას ექვემდებარებოდა.
9.1.2. სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), 411-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო) მუხლებზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ გამართლებულად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნას იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილშიც.
9.1.3. რაც შეეხებოდა მოსარჩელისთვის მიკუთვნებული კომპენსაციის გონივრულობას, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო დადგენილი სასამართლო პრაქტიკა, თავად დასაქმებულის სახელფასო ანაზღაურება, დასაქმების ხანგრძლივობა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება და მიიჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაცია 5 000 ლარამდე ოდენობით უნდა შემცირებულიყო (სშკ-ის 48.8 მუხლი).
10. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი დასაქმებულმა შემდეგი დასაბუთებით წარმოადგი–:
- საკომპენსაციო თანხის ოდენობის შემცირებით სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო მოსარჩელის კანონიერი უფლება იმის თაობაზე, რომ, როგორც სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირი, იგი, დამსაქმებლისთვის გონივრული ოდენობის კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებითაა აღჭურვილი.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 22 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
12. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება განაპირობა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსათვის ისინი სავალდებულოა.
14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შემდეგია: წარმატებულია თუ არა დამსაქმებლისთვის კომპენსაციის სრული მოცულობით დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა.
15. განსახილველი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სშკ-ის 48.8 მუხლშია წარმოდგენილი, რომლის შინაარსიც შემდეგია: სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
„კომპენსაციის“ მცნება არაერთხელ გამხდარა საკასაციო პალატის განმარტების საგანი. შესაბამისად, ამ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მრავალი განჩინება თუ გადაწყვეტილება არსებობს. წი–მდებარე დავის გადაწყვეტის მიზნებისათვის, საგულისხმოა, ხსენებული სასამართლო პრაქტიკიდან რამდენიმე ამონარიდი, კერძოდ:
დასახელებული საქმეებიდან ერთ-ერთზე, საკასაციო პალატამ განმარტა: საქართველოს შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების, დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე - იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. (იხ. სუსგ: Nას-1161-2018, 15.10.2020; Nას-267-2021, 11.06.2021).
ერთ-ერთი საქმის განხილვისას, საკასაციო პალატამ დაადგინა, რომ სხვადასხვა ქვეყნის სასამართლო პრაქტიკის განზოგადება ქმნის კომპენსაციის გამოთვლის შესაძლებლობას შემდეგი კრიტერიუმებით: კომპანიის ლიკვიდურობა; პირის შანსები შრომის ბაზარზე; პირის სოციალური მდგომარეობა; დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა; პირი სხვაგან დასაქმდა თუ არა დავის პერიოდში; სამუშაო სტაჟი; დამსაქმებლის საწარმოუნარიანობა; პირის მუშაობის ხანგრძლივობა დამსაქმებელთან (იხ. სუსგ, საქმე №ას-1339-1259-2017, 30.07.2018).
16. განსახილველ შემთხვევაში, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას პალატა მხედველობაში იღებს საქმეზე დადგენილ გარემოებებსა და ზემოაღწერილ სასამართლო პრაქტიკას, რომელთა გათვალისწინებითაც მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაცია - 5 000 ლარი, გონივრულია და საკასაციო საჩივარში მისი გაზრდის განმაპირობებელი არგუმენტები წარმოდგენილი არ ყოფილა.
17. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგი– მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
19. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ.ს–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
ბადრი შონია