Facebook Twitter

საქმე №ას-704-2025 10 დეკემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქოსაქმეთაპალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს „მ.ო.ს.კ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ბ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - შეთანხმებისა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, პირვანდელ პოზიციაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის და გამოუყენებელი საშვებულებო თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით ნ.ბ–ძის (შემდეგში - დასაქმებული ან მოსარჩელე) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ 2023 წლის 21 ივლისის ბრძანება და 2023 წლის 21 ივლისის „შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ“ შეთანხმება; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაცია - 2000 ლარი, იძულებითი განაცდური - 2023 წლის 21 ივლისიდან, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ყოველთვიურად 1250 (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო შენატანის ჩათვლით) ლარი და გამოუყენებელი 8 დღის საშვებულებო თანხა 499,20 ლარი (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო შენატანის ჩათვლით) ოდენობით.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მოსარჩელე 2016 წლიდან დასაქმებული იყო მოპასუხე ორგანიზაციაში ბუღალტერ-ოპერატორის თანამდებობაზე, უვადოდ;

2.2. დასაქმებულის შრომითი ანაზღაურება შეადგენდა ყოველთვიურად დაბეგრილ 980 ლარს (დარიცხული 1250 ლარი);

2.3. 2023 წლის 21 ივლისს დასაქმებულთან შედგა შეხვედრა დამსაქმებლის ინიციატივით, რომელსაც მოპასუხე ორგანიზაციის მხრიდან ესწრებოდნენ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი თ.მ–ძე და მთავარი ბუღალტერი ნ. ნ–ძე;

2.4. საქმეში წარმოდგენილია 2023 წლის 21 ივლისით დათარიღებული დოკუმენტი, სათაურით - ,,შეთანხმება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ“, რომელსაც ხელს აწერს ერთი მხრივ, მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორი გ.კ–ძე, ხოლო მეორე მხრივ, დასაქმებული; დოკუმენტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე 2023 წლის 24 ივლისიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტაზე. ამავე შეთანხმებით დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დასაქმებულმა მიიღოს კომპენსაცია არანაკლებ ორი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, არაუგვიანეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში;

2.5. დამსაქმებელის 2023 წლის 21 ივლისის ბრძანებით დასაქმებული 2023 წლის 24 ივლისიდან გათავისუფლდა ბუღალტერ-ოპერატორის თანამდებობიდან და მასზე გაიცა კომპენსაცია ორი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით;

2.6. 2023 წლის 21 ივლისს, 14:48 საათზე, მოსარჩელემ სოციალურ ქსელ ,,მესენჯერის“ საშუალებით დამსაქმებელი კომპანიის ფინანსურ ხელმძღვანელს ლ.ფ–ძეს გაუგზავნა შეტყობინება შემდეგი ტექსტით: ,,ლევან მე ნამდვილად არ დამიმსახურებია ახლა გაშვება. მე შემეძლო ახლა მეჩივლა ამის გამო არავის სამსახურიდან არ უშვებენ იცოდეთ. მე მოვაწერე ხელი განცხადებას, მაგრამ მინდა იცოდეთ რომ თქვენს ნამუსზეა ჩემი უსამსახუროდ დარჩენა“...იმავე დღეს 20:06 საათზე, მოსარჩელემ კვლავ მისწერა ლ.ფ–ძეს შემდეგი ტექსტი: ,,ნეტა გამაგებინა რატომ გამომიშვით სამსახურიდან მეტი არაფერი მინდა“. ლ.ფ–ძეს შეტყობინებაზე პასუხი არ გაუცია;

2.7. 2023 წლის 24 ივლისს, 15:57 საათზე, მოსარჩელემ, ელექტრონული ფოსტის საშუალებით დამატებით მისწერა მოპასუხე ორგანიზაციის ფინანსურ ხელმძღვანელს ლ.ფ–ძეს, რომ იგი სამსახურიდან გათავისუფლდა დამსაქმებლის გადაწყვეტილებით და ამასთან, დირექტორმა არც კი წაიკითხა დასაქმებულის მიერ მესენჯერის საშუალებით გაგზავნილი შეტყობინებები. დასაქმებულს გეგმაში არ ჰქონდა სამსახურიდან წამოსვლა, აპირებდა კუთვნილი შვებულებით სარგებლობას და ნაცვლად ამისა, იგი გაათავისუფლეს სამსახურიდან, რის გამოც, აქვს უსამართლობის განცდა. განცხადებას მყისიერად მოაწერა ხელი და მისი ნებაც ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შესრულდა, თუმცა, მისი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, შინაარსიც ვერ წაიკითხა;

2.8. 2023 წლის 24 ივლისს, 17:58 საათზე, მოსარჩელემ, ელექტრონული ფოსტის საშუალებით ასევე მისწერა დამსაქმებელი კომპანიის თანამშრომელს თ. მ–ძეს სარეკომენდაციო წერილის მისთვის გადაგზავნასთან დაკავშირებით და აცნობა, რომ გაოგნებული იყო მისი სამსახურიდან გაშვების გადაწყვეტილებით. ამასთან, დასაქმებული წერილის საშუალებით მადლობას უხდის ადრესატს თანაგრძნობისა და ადამიანური დამოკიდებულებისთვის;

3. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში-სშკ-ის) 47-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის (მხარეთა წერილობითი შეთანხმება) საფუძველზე. მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო 2023 წლის 21 ივლისის შეთანხმება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. მოსარჩელემ სადავოდ გახადა 2023 წლის 21 ივლისის შეთანხმებაში გამოვლენილი ნების ნამდვილობა. მოსარჩელემ აღნიშნა, შეთანხმებაზე ხელი მოაწერა მოტყუებისა და მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური იძულების შედეგად, რის გამოც, შეთანხმება ნამდვილად ვერ მიიჩნევა. მოსარჩელე განმარტავს, მიუხედავად ხელმოწერის განხორციელებისა, მისთვის უცნობი იყო აღნიშნული შეთანხმების შინაარსი და მას შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ნება არ გამოუვლენია. შეთანხმებაზე ხელი მოაწერინა მოპასუხე ორგანიზაციის ფინანსური დირექტორის ლ.ფ–ძის ნდობით აღჭურვილმა პირებმა, კადრების უფროსმა თ. მ–ძემ და მთავარმა ბუღალტერმა ნ. ნ–ძემ, რომლებმაც მოატყუეს მოსარჩელე და განუმარტეს, რომ თითქოს კომპანიის შინაგანაწესის ცვლილებაზე აწერინებდნენ ხელს; მოსარჩელეს არ მიეცა ხელშეკრულების შინაარსის გაცნობის შესაძლებლობა. მას მხოლოდ ხელმოწერის შემდგომ განუმარტეს, რომ მასთან შრომითი ხელშეკრულება შეწყვეტილი იყო.

4. მოსარჩელის განმარტების საპირისპიროდ, მოპასუხე ორგანიზაცია მიუთითებს, 2023 წლის 21 ივლისის შეთანხმების შესაბამისად მხარეებმა გამოავლინეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ნება. მოპასუხე უარყოფს მოტყუებისა და იძულების ფაქტს და განმარტავს, მოსარჩელისათვოს ცნობილი და მისაღები იყო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.

5. სააპელაციო სასამართლომ მხარეთა ურთიერთდაპირისპირებული პოზიციების გათვალისწინებით იმსჯელა 2023 წლის 21 ივლისის შეთანხმების ნამდვილობასა და მის საფუძველზე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების კანონიერებაზე. პალატამ ყურადღება იმ გარემოებაზე გაამახვილა, რომ სახეზეა შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც შეიცავს სუბორდინაციის ნიშნებს, ასევე, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ დასაქმებულს მოეთხოვა შესაბამის ,,შეხვედრების ოთახში’’ გამოცხადება და ხელმოწერის განხორციელება, სადაც მას შეხვდა კადრების განყოფილების უფროსი და მთავარი ბუღალტერი, შესაძლოა დასაქმებულისათვის აღნიშნულ გარემოებებს წარმოეშვა გარკვეული დაძაბულობა და მოეხდინა ზეგავლენა ხელმოწერის სწრაფ განხორციელებასთან მიმართებით, რაც ამ მხრივ, არანამდვილს ხდის ნების გამოვლენას შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. ამასთან, არ დგინდება სადავო შეთანხმების გაფორმებამდე რა წინაპირობებმა განაპირობეს შეთანხმების დადება, კერძოდ, არ დასტურდება, რომ დასაქმებულმა ან/და დამსაქმებელმა წინასწარ გამოავლინა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ნება და აღნიშნული აცნობა მეორე მხარეს. ასევე, არ დგინდება, რომ მხარეებმა შეთანხმების ხელმოწერამდე გააცნეს ერთმანეთს მათი პოზიცია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტასთან მიმართებით.

6. ზემომითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ნაკლებად დამაჯერებლად მიიჩნია შრომითი ხელშკრულების შეწყვეტასთან მიმართებით თავისუფალი ნება ყოფილიყო გამოვლენილი. პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებასაც, რომ სადავო შეთანხმების გაფორმების შემდგომ, იმავე დღეს გათავისუფლებულმა თანამშრომელმა წერილობით მიმართა კომპანიის ფინანსურ დირექტორს. საქმეზე წარმოდგენილი მიწერილობის შესაბამისად, 2023 წლის 21 ივლისს 14:48 საათზე, მოსარჩელემ, სოციალურ ქსელ ,,მესენჯერის“ საშუალებით დამსაქმებელი კომპანიის ფინანსურ ხელმძღვანელს ლ.ფ–ძეს გაუგზავნა შემდეგი შეტყობინება: ,,ლევან მე ნამდვილად არ დამიმსახურებია ახლა გაშვება. მე შემეძლო ახლა მეჩივლა ამის გამო არავის სამსახურიდან არ უშვებენ იცოდეთ. მე მოვაწერე ხელი განცხადებას, მაგრამ მინდა იცოდეთ რომ თქვენს ნამუსზეა ჩემი უსამსახუროდ დარჩენა“... იმავე დღეს 20:06 საათზე, მოსარჩელემ კვლავ მიწერა ლ.ფ–ძეს: ,,ნეტა გამაგებინა რატომ გამომიშვით სამსახურიდან მეტი არაფერი მინდა“. 2023 წლის 24 ივლისს, 15:57 საათზე, დასაქმებულმა ელექტრონული ფოსტის საშუალებით დამატებით მისწერა კომპანიის ფინანსურ ხელმძღვანელს ლ.ფ–ძეს, რომ იგი სამსახურიდან გათავისუფლდა დამსაქმებლის გადაწყვეტილებით და ამასთან, კომპანიის დირექტორმა არც კი წაიკითხა დასაქმებულის მიერ მესენჯერის საშუალებით გაგზავნილი შეტყობინებები. დასაქმებულს გეგმაში არ ჰქონდა სამსახურიდან წამოსვლა, აპირებდა კუთვნილი შვებულებით სარგებლობას და ამის ნაცვლად იგი გაათავისუფლეს სამსახურიდან, რის გამოც, უსამართლობის განცდა აქვს. განცხადებას მყისიერად მოაწერა ხელი და მისი ნებაც ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შესრულდა, თუმცა მისი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე შინაარსიც ვერ წაიკითხა. 2023 წლის 24 ივლისს, 17:58 საათზე, დასაქმმებულმა ელექტრონული ფოსტის საშუალებით ასევე მისწერა დამსაქმებელი კომპანიის თანამშრომელს თამარ მ–ძეს სარეკომენდაციო წერილის მისთვის გადაგზავნასთან დაკავშირებით და აცნობა, რომ გაოგნებული იყო მისი სამსახურიდან გაშვების გადაწყვეტილებით.

7. ზემოთდასახელებული ფაქტები სააპელაციო პალატამ საფუძვლად დაუდო დასკვნას, რომ დასაქმებულს არ ჰქონია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ნება და მასთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა არა სშკ-ს 47.1 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, არამედ დამსაქმებლის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით და დასაქმებული იძულებული იყო ხელი მოეწერა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიღებული ჰქონდა დამსაქმებელს. აღნიშნული კი, არაკანონიერს ხდიდა სადავო შეთანხმებას და ბრძანებას.

8. სააპელაციო სასამართლომ, თავისი გადაწყვეტილებით, აგრეთვე დაადგინა სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნილი მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუციის საშუალებად კომპენსაცია, იძულებითი განაცდურისა და გამოუყენებელი შვებულების დღეების ანაზღაურების საკითხები.

9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აპელანტმა საკასაციო საჩივარი შეიტანა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

10. კასატორი უარყოფს მოსარჩელის მიერ სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოების - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მოტყუების საფუძველზე ხელმოწერას. კასატორი აღნიშნავს, რომ შეთნხმება მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების საფუძველზეა დადებული. იძულებაზე, მოტყუებასა და ზეწოლაზე მტკიცებულების წარდგენა მოსარჩელეს ევალებოდა. მოსარჩელე კონკრეტულად არ უთითებდა რა სახის ზეწოლასა და იძულებას გულისხმობდა ან რაში ვლინდებოდა აღნიშნული.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

13. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

14. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

15. საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მხარეთა წერილობითი შეთანხმებისა და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების კანონიერება წარმოადგენს.

16. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მხარეთა მიერ ორმხრივად ხელმოწერილი შეთანხმება ნამდვილი არაა. კასატორი უარყოფს შეთანხმებაზე მოსარჩელის მხრიდან მოტყუებით ხელმოწერის ფაქტს და აღნიშნავს, რომ შეთანხმება მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების საფუძველზე დაიდო.

17. პირველ რიგში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებით, რომელთაგან პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცედურულ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულატიური ერთობლიობით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულებაა, სათანადო საფუძვლის გარეშე არ შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა.

18. შრომით ურთიერთობებში უფლებათა რეალიზაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან შესაძლებელია, სამართალურთიერთობა შეწყდეს როგორც ლეგიტიმურ, ისე არალეგიტიმურ საფუძველზე. შრომითი ურთიერთობის სწორი მოწესრიგება წარმოადგენს შრომის უფლების დაცვის გარანტს. შესაბამისად, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის უფლებათა წონასწორობას ემსახურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონისმიერი საფუძვლის არსებობა. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონისმიერ რეგულირებას აქვს შემაკავებელი ეფექტი, რომელიც ამ ურთიერთობის მონაწილეებს იცავს თვითნებობისა და სოციალური უსამართლობისაგან.

19. დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის მიერ უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად.

20. დადგენილია, რომ მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო 2023 წლის 21 ივლისის შეთანხმება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, რომელსაც მოსარჩელე სადავოდ ხდის და აღნიშნავს, რომ შეთანხმებაზე ხელი მოაწერა მოტყუებისა და მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური იძულების შედეგად. აღნიშნული კი, თავის მხრივ, არაკანონიერს ხდის მის საფუძველზე გამოცემულ ბრძანებას მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ.

21. საკასაციო პალატა აღნიშნავს, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის პროცედურა პრაქტიკაში ფორმალურად შესაძლებელია წამოწყებული იქნეს დასაქმებულის მიერ (ასე, მაგალითად, ამ უკანასკნელის მიერ განცხადების დაწერა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ), მაგრამ რეალურად, ინიცირებული იყოს დამსაქმებლის მხრიდან ისეთი მიზეზებით, როგორებიცაა: ფსიქოლოგიური ზეწოლა, სახელფასო და სამუშაო პირობებისა და შრომის გარემო ვითარების გაუარესება, დამსაქმებლის მიერ შრომითი კონტრაქტის განზრახ რეგულარულად დარღვევა. ამიტომ, როდესაც სადავოა დასაქმებულის მიერ, პირადი ინიციატივის მიუხედავად, ხელშეკრულების შეწყვეტა, ყურადღება უნდა გამახვილდეს ნების გამოვლენის ნამდვილობაზე. შესაბამისად, უნდა შემოწმდეს ნების გამოვლენის ნამდვილობა იმ მიზნით, ხომ არ მოხდა რეალურად დამსაქმებლის ინიციატივით დასაქმებულის გათავისუფლება (იხ., საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, ავტორთა კოლექტივი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, 2017, 242).

22. მოსარჩელის მტკიცებით, მისთვის უცნობი იყო აღნიშნული შეთანხმების შინაარსი და მას ნამდვილი ნება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით არ გამოუვლენია. შეთანხმებაზე ხელი მოაწერინა კომპანიის ფინანსური დირექტორის ლ.ფ–ძის ნდობით აღჭურვილმა პირებმა, კადრების უფროსმა თ.მ–ძემ და მთავარმა ბუღალტერმა ნ.ნ–ძემ, რომლებმაც მოატყუეს დასაქმებული და განუმარტეს, რომ თითქოს კომპანიის შინაგანაწესის ცვლილებასთან მიმართებით აწერინებდნენ ხელს. მოსარჩელეს არ მიეცა შესაძლებლობა გასცნობოდა ხელშეკრულების შინაარსს და მხოლოდ ხელმოწერის განხორციელების შემდგომ განუმარტეს, რომ მასთან შეწყვეტილი იყო შრომითი ხელშეკრულება, რაც მისთვის მოულოდნელი და მიუღებელი იყო.

23. მოსარჩელის ზემოაღნიშნული პოზიციის საწინააღმდეგოდ კასატორი უთითებს, 2023 წლის 21 ივლისის შეთანხმებაზე. იგი აღნიშნავს, მხარეებმა გამოავლინეს ორმხრივი ნება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. კასატორი უარყოფს მოტყუებისა და იძულების ფაქტს.

24. საკასაციო პალატა აღნიშნავს, ორმხრივ წერილობით შეთანხმებაში გამოხატული ნების არანამდვილობის დადასტურება იმ მხარის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა, რომელიც აღნიშნულ შეთანხმებას საცილოდ ხდის. იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ზეწოლის, მოტყუების ან იძულების შედეგია, იგი დასაქმებულის მიერ ნამდვილი შეცილების შედეგად ბათილი იქნება. ამასთან, მტკიცების ტვირთი ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტის შესაბამისად, კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება.

25. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შეპირისპირებული ინტერესებისა და წინააღმდეგობრივი განმარტებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს წინამდებარე განჩინების პ.2-ში დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებზე.

26. პალატა ყურადღებას მიაქცევს რომ დამსაქმებლის ინიციატივით, 2023 წლის 21 ივლისს შედგა მოსარჩელესთან შეხვედრა, რომელსაც კომპანიის მხრიდან ესწრებოდნენ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი - თ. მ–ძე და მთავარი ბუღალტერი - ნ. ნ–ძე; იმავე დღეს შედგა და ხელი მოეწერა წერილობით შეთანხმებას შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. იმავე დღესაა გამოცემული მოპასუხის ბრძანება, 2023 წლის 24 ივლისიდან ბუღალტერ-ოპერატორის თანამდებობიდან მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ (იხ., ტ.1. გვ:175, 176); მოსარჩელე იმავე დღეს, 14:48 საათზე, სოციალურ ქსელ ,,მესენჯერის“ საშუალებით დამსაქმებელი კომპანიის ფინანსურ ხელმძღვანელს ლ.ფ–ძეს შემდეგი შინაარსის შეტყობინებას უგზავნის: ,,ლ. მე ნამდვილად არ დამიმსახურებია ახლა გაშვება. მე შემეძლო ახლა მეჩივლა ამის გამო არავის სამსახურიდან არ უშვებენ იცოდეთ. მე მოვაწერე ხელი განცხადებას, მაგრამ მინდა იცოდეთ რომ თქვენს ნამუსზეა ჩემი უსამსახუროდ დარჩენა“...იმავე დღეს 20:06 საათზე, მოსარჩელე კვლავ სწერს ლ.ფ–ძეს: ,,ნეტა გამაგებინა რატომ გამომიშვით სამსახურიდან მეტი არაფერი მინდა“; 2023 წლის 24 ივლისს, 15:57 საათზე, მოსარჩელე ელექტრონული ფოსტის საშუალებით დამატებით სწერს დამსაქმებელი კომპანიის ფინანსურ ხელმძღვანელს ლ.ფ–ძეს, რომ იგი სამსახურიდან გათავისუფლდა დამსაქმებლის გადაწყვეტილებით და ამასთან, კომპანიის დირექტორმა არც კი წაიკითხა დასაქმებულის მიერ მესენჯერის საშუალებით გაგზავნილი შეტყობინებები. დასაქმებულს გეგმაში არ ჰქონდა სამსახურიდან წამოსვლა, აპირებდა კუთვნილი შვებულებით სარგებლობას და ამის ნაცვლად იგი გაათავისუფლეს სამსახურიდან, რის გამოც, აქვს უსამართლობის განცდა. განცხადებას მყისიერად მოაწერა ხელი და მისი ნებაც ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შესრულდა, თუმცა მისი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, შინაარსიც ვერ წაიკითხა; 2023 წლის 24 ივლისს, 17:58 საათზე მოსარჩელემ ელექტრონული ფოსტის საშუალებით ასევე მიწერა დამსაქმებელი კომპანიის თანამშრომელს თამარ მ–ძეს სარეკომენდაციო წერილის მისთვის გადაგზავნასთან დაკავშირებით და აცნობა, რომ გაოგნებული იყო მისი სამსახურიდან გაშვების გადაწყვეტილებით. ამასთან, დასაქმებული წერილის საშუალებით მადლობას უხდის ადრესატს თანაგრძნობისა და ადამიანური დამოკიდებულებისთვის.

27. ზემომითითებულ ფაქტებს საკასაციო პალატა იხილავს სადავოსამართალურთიერთობის ჭრილში - ითვალისწინებს, რომ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დამახასიათებელია დაქვემდებარებული ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც დასაქმებული ემორჩილება დამსაქმებლის მითითებებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებს. არსებული ფაქტობრივი თუ ეკონომიკური ასიმეტრია განაპირობებს დამსაქმებლის ურთიერთობის ძლიერ მხარედ კვალიფიკაციას, რომელთან სუბორდინაციის პირობებშიც მნიშვნელოვნად იზრდება რისკი იმისა, რომ დასაქმებულის ინტერესები შრომითი ურთიერთობის წარმოშობის, მიმდინარეობისა თუ დასრულების პროცესში იქნეს უგულებელყოფილი. სწორედ აქ ვლინდება სახელმწიფოს, როგორც უფლებრივი წონასწორობის დაცვის გარანტის ფუნქცია, ჩაერიოს ურთიერთობაში იმგვარად, რომ მხარეთა უფლებრივ პოზიციებს შორის აღდგეს სამართლიანი ბალანსი, აღნიშნული კი მიიღწევა ურთიერთობის სუსტი მხარის უფლებრივი გაძლიერების გზით. სწორედ ამიტომ, შრომის სამართალი უპირატესად დასაქმებულის უფლებების დაცვის წესთა ერთობლიობაა.

28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში განმარტებულია: „საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. “favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებსა და ინტერესებს შორის წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში (იხ., სუსგ №ას-157-2024, 22 ივლისი, 2024წ.).

29. განსახილველ შემთხვევაში, მხედველობაშია მისაღები, რომ დასაქმებულს მოეთხოვა შესაბამის ,,შეხვედრების ოთახში’’ გამოცხადება და ხელმოწერის განხორციელება, სადაც მას შეხვდა კადრების განყოფილების უფროსი და მთავარი ბუღალტერი, რამაც შესაძლოა გარკვეული დაძაბულობა წარმოშვა და ხელმოწერა სწრაფად განხორციელდა; მით უმეტეს, არ დგინდება, რომ სადავო შეთანხმების ხელმოწერამდე მხარეებმა ერთმანეთს თავიანთი პოზიციები გააცნეს უვადო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტასთან მიმართებით; არ დგინდება სადავო შეთანხმების გაფორმებამდე რამ განაპირობა უვადო ხელშეკრულების შეწყვეტაზე შეთანხმების დადება, არ დასტურდება, რომ დასაქმებულმა ან/და დამსაქმებელმა წინასწარ გამოავლინა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ნება და აღნიშნული აცნობა მეორე მხარეს.

30. ყოველივე ზემოთდადგენილი ფაქტობრივი გარემოება საკასაციო პალატისთვის საკმარისია დასკვნისათვის, რომ დასაქმებულს არ გააჩნდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ნამდვილი ნება. შრომითი ურთიერთობა შეწყდა არა მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, არამედ დამსაქმებლის გადაწყვეტილებით, რაც არაკანონიერს ხდის სადავო შეთანხმებას და მის საფუძველზე გამოცემულ ბრძანებასაც.

31. კომპენსაციის დაკისრებისასთან, იძულებითი განაცდურისა და შვებულების თანხის ანაზღაურებასთან მიმართებით საკასაციო საჩივარი არ შეიცავს შედავებას, შესაბამისად, მასზე საკასაციო პალატა არ იმსჯელებს.

32. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

34. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (სსსკ-ის 401.4 მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „მ.ო.ს.კ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. სს „მ.ო.ს.კ–ს“ (ს.კ:.......) დაუბრუნდეს 30.04.2025წ. №116 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2437 ლარის 70% – 1,705.9 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღებისანგარიშის№200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე