№ას-857-2025 4 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეა ძიმისტარაშვილი, მირანდა ერემაძე
კასატორი – ი.ჩ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – სს „ბ.მ. ვ.გ. ს. ს.თ.“, სს „ბ.მ.ვ.გ.ს.ს.თ.“ საქართველოს წარმომადგენლობა (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, პირვანდელ პოზიციაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის დაკისრება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სარჩელის მოთხოვნა
1.1. ი.ჩ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, დასაქმებული ან კასატორი) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოითხოვა სს „ბ.მ.ვ.გ.ს.ს.თ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი) მიერ 2023 წლის 5 ივნისის ბრძანების, დასაქმებულთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, ბათილად ცნობა; 1.2. მოსარჩელე ი.ჩ–ძის აღდგენა პირვანდელ - კლიენტთა მხარდაჭერის გაყიდვების სუპერვაიზერის თანამდებობაზე; 1.3. დამსაქმებლისა და დამსაქმებელი ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობისთვის დასაქმებულის სასარგებლოდ, სოლიდარულად, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2023 წლის 5 ივნისიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად დაბეგრილი/ხელზე ასაღები 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მხარემ წარმოადგინა როგორც მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი, ისე გამომრიცხავი შესაგებელი, მიუთითა ხანდაზმულობაზე, სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არსებობდა ი.ჩ–ძის სამსახურიდან გათავისუფლების საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სხვა ობიექტური გარემოება.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი.ჩ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. მოსარჩელის სააპელაციო მოთხოვნა
4.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 აპრილის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება.
5.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, 2013 წლის აგვისტოდან, 2023 წლის 5 ივნისამდე, დასაქმებული მუშაობდა დამსაქმებელ საწარმოში სხვადასხვა, ხოლო 2022 წლის 1 იანვრიდან კლიენტთა მხარდაჭერის გაყიდვების სუპერვაიზერის თანამდებობაზე. მხარეთა შორის არსებობდა უვადო შრომითი ურთიერთობა და მოსარჩელის ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება განსაზღვრული იყო ხელზე ასაღები 7 000 ათასი ლარით.
5.3. დასაქმებული, სამსახურეობრივი მოვალეობიდან გამომდინარე ხელმძღვანელობდა და ზედამხედველობდა გაყიდვების გუნდს. მოსარჩელე, როგორც გაყიდვების სუპერვაიზერი, არ წარმოადგენდა საწყობის დანაკლისზე ანგარიშვალდებულ და პასუხისმგებელ პირს. მას ასევე არ ჰქონდა საგარანტიოდ მესამე პირზე ნივთის გაცემის უფლებამოსილება.
5.4. დამსაქმებელ ორგანიზაციაში მოქმედებს, ე.წ. „ნარინჯისფერი გზამკვლევი“, რომელშიც გაწერილია ეთიკისა და დისციპლინის პოლიტიკა, მუშაობის პრინციპები და ეთიკის კოდექსი. კომპანიას, ასევე მიღებული აქვს ეთიკის მენეჯმენტისა და დისციპლინის პრაქტიკის კოდექსი.
5.5. კომპანიის ფილიალს აქვს საწყობი, რომლის თანამშრომლები არიან თ.ლ–ძე, დ.ფ–ი და გ.ყ–ი. მათი პასუხისმგებლობა მოიცავს საწყობის ინვენტარიზაციას და პროდუქციის აღრიცხვის კონტროლს.
5.6. 2023 წლის იანვრის თვეში აუდიტორული კომპანიის მიერ აღწერის ჩატარებისას გამოვლინდა 6 ინჟექტორის (მძიმე ტექნიკის ფუნქციონირებისათვის საჭირო ნაწილი) დანაკლისი. ინჟექტორები მოძიებული ვერ იქნა. კომპანიის ფინანსური დეპარტამენტის მიერ დაკარგული ნივთების საწყობიდან ე.წ. „ჩამოწერა“ არ მომხდარა.
5.7. კომპანიის უფლებამოსილმა თანამშრომელმა, ა.შ–მა, სათაო ოფისს გაუგზავნა ინჟექტორების ერთ-ერთ კომპანიაზე საგარანტიოდ გადაცემის მოთხოვნა. ა.შ–ის მიმართ კომპანიამ გამოიყენა დისციპლინური სახდელის სახით - წერილობითი გაფრთხილება.
5.8. საწყობის თანამშრომლების მხრიდან 2023 წლის მარტის თვეში შემთხვევითობის პრინციპით აღწერისას კვლავ გამოვლინდა 6 ინჟექტორის დანაკლისი. ნივთები ვერ მოიძიეს. ზიანის ანაზღაურების მიზნით საწყობის თანამშრომლებმა აიღეს სესხი. ფორმალურად ნივთის გაყიდვის გაფორმება მოხდა ფიზიკურ პირზე, რომელიც არ წარმოადგენდა ნამდვილ მომხმარებელს. ინფორმაციის შეტყობის შემდეგ კომპანიამ ფიზიკური პირის განცხადების საფუძველზე, გააუქმა სასაქონლო ზედნადები და დააბრუნა თანხა.
5.9. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, მონიტორინგის ფარგლებში, ახსნა-განმარტება ჩამოერთვათ მოპასუხე კომპანიის თანამშრომლებს, მათ შორის, მოსარჩელესა და მის უშუალო ხელმძღვანელს - რ.ქ–ის. თ.ლ–ძესა და დ.ფ–ს 2023 წლის 5 ივნისს გამოეცხადათ წერილობითი გაფრთხილებები.
5.10. 2023 წლის 5 ივნისს, დამსაქმებელმა დასაქმებულს გაუგზავნა ბრძანება, მისი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, რომლის თანახმად, მოპასუხე წყვეტდა მოსარჩელესთან შრომით ხელშეკრულებას საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ბრძანების 2.1. პუნქტის თანახმად დასაქმებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა ქმედებებს, რომლითაც მან დაარღვია კეთილსინდისიერების ვალდებულება. ბრძანების 2.1.1. პუნქტის თანახმად, დასაქმებულისთვის ორჯერ გახდა ცნობილი საწყობში სათადარიგო ნაწილების დანაკლისის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც თვითნებურად მიიღო გადაწყვეტილება: პირველად, საგარანტიო ინვოისი გამოწერილიყო მწარმოებლის სახელზე, ხოლო მეორედ, მენეჯმენტის ინფორმირების გარეშე თავად მოეძიებინა დანაკლისის მიზეზები, რითაც კომპანიას წაართვა შესაძლებლობა დაედგინა სიმართლე და გამოესწორებინა დამდგარი ზიანი. ბრძანების 2.1.2. პუნქტის თანახმად, დასაქმებულმა დაარღვია კომპანიაში მოქმედი ეთიკის მენეჯმენტისა და დისციპლინის პრაქტიკის კოდექსით დადგენილი ნორმები და რეგულაციები, რომელიც წარმოადგენს შრომის ხელშეკრულების ნაწილს და რომლით დადგენილი სანქციების ეთიკის კოდექსის 5.2.2. პუნქტის თანახმად, ითვალისწინებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. დასაქმებულს ბრძანების შესაბამისად მიეცა კომპენსაცია 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით. 2023 წლის 13 ივნისს, დამსაქმებელმა დასაქმებულს, დანიშნულებით - „salary june“ ჩაურიცხა თანხა 25 270.63 ლარი.
5.11. 2023 წლის 12 ივნისს ი.ჩ–ძემ წერილობითი განცხადებით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წერილობითი დასაბუთება. აღნიშნული წერილი მოპასუხეს ჩაბარდა 2023 წლის 20 ივნისს.
5.12. 2023 წლის 5 ივლისს, მოპასუხემ მოსარჩელეს გაუგზავნა მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების წერილობითი დასაბუთება და განმარტა, რომ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე - „სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას“. დასაქმებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა ქმედებებს, რომლებიც არღვევენ კეთილსინდისიერების ვალდებულებას, კომპანიის მიერ დასაქმებულისთვის გამოცხადებულ ნდობას და მიზნად ისახავს მწარმოებლის შეცდომაში განზრახ შეყვანას. დასაქმებულისთვის მის მიერ დაკავებული პოზიციიდან გამომდინარე, ორჯერ გახდა ცნობილი სათადარიგო ნაწილების დანაკლისის შესახებ საწყობში, რასთან დაკავშირებითაც, ნაცვლად იმისა, რომ მას ეცნობებინა აღნიშნულის თაობაზე ხელმძღვანელობისთვის, თვითნებურად მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებიც ცდება კომპანიაში მოქმედი ეთიკის წესებს და კეთილსინდისიერების ვალდებულებებს. პირველ შემთხვევაში, დასაქმებულმა მენეჯერთან შეუთანხმებლად გადაწყვიტა, საგარანტიო ინვოისი გამოწერილიყო მწარმოებლის სახელზე სათადარიგო ნაწილების დანაკლისის დაფარვის მიზნით, ხოლო მეორედ, მენეჯმენტის ინფორმირების გარეშე, დასაქმებულმა გადაწყვიტა სათადარიგო ნაწილების გაყიდვის მთელი გუნდის ჩართულობით მოეძიებინა დანაკლისის მიზეზები, არ გაამჟღავნა ინფორმაცია და მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებსაც არ მისცა ამის უფლება, რითაც ზიანი მიადგა კომპანიას, კერძოდ, წაერთვა შესაძლებლობა დაედგინა სიმართლე.
5.13. დასაქმებულის მიმართ მოპასუხე ორგანიზაციაში მუშაობის პერიოდში, დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა გამოყენებული არ ყოფილა.
5.14. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანცელარიის ელექტრონული ბაზის მონაცემებით, 2023 წლის 5 ივნისიდან 2024 წლის 15 მაისის ჩათვლით, დასაქმებულის პირველი სარჩელი (ძირითადი საწარმოს მიმართ) რეგისტრირებულია 2023 წლის 7 ივლისს. 2023 წლის 10 ივლისის განჩინებით სარჩელს უარი ეთქვა მიღებაზე. აღნიშნულის შესახებ თანაშემწის მიერ სატელეფონო აქტით ეცნობა მოსარჩელის წარმომადგენელს 2023 წლის 13 ივლისს. დასაქმებულის განმეორებითი სარჩელი (ძირითადი საწარმოს და მისი წარმომადგენლობის მიმართ) რეგისტრირებულია 2023 წლის 11 სექტემბერს. 2023 წლის 15 სექტემბრის განჩინებით სარჩელს უარი ეთქვა მიღებაზე. აღნიშნულის შესახებ თანაშემწის მიერ სატელეფონო აქტით ეცნობა მოსარჩელის წარმომადგენელს 2023 წლის 22 სექტემბერს. დასაქმებულის მიმდინარედ განსახილველი სარჩელი მოპასუხეთა მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენილია 2023 წლის 30 ოქტომბერს.
5.15. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნა ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ ხანდაზმული იყო. ამდენად, ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის პირობებში, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ არც იმავე თანამდებობაზე აღდგენისა და არც იძულებითი განაცდურის ანაზღაურების წინაპირობები არ იყო.
6. დასაქმებულის საკასაციო საჩივარი
6.1. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
6.2. კასატორის განმარტებით, სარჩელზე დაუსაბუთებლად ეთქვა უარი მხოლოდ ხანდაზმულობის მოტივით.
6.3. კასატორის განმარტებით, თავდაპრველი სარჩელის წარდგენის გზით ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა. სარჩელზე უარის თქმის შესახებ განჩინება კი არც სათანადო წესით ჩაუბარებია სასამართლოს მისთვი და არც სატელეფონო კომუნიკაციის დროს გაუცნია სასამართლოს უფლებამოსილ მოხელეს განჩინების შინაარსი, მისი ჩაბარებისა და ჩაუბარებლობის შედეგები, ასევე გასაჩივრების წესი და ვადები.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო.
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
12. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევა, რაც მოსარჩელეს სურს, სშკ-ის 48.8 „სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“, 58-ე „ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, ასევე, სსკ-ის 394.1 „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის“ და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
14. საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებით. რომელთაგან, პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცესუალურ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულაციური საფუძვლით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულება წარმოადგენს იმას, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე, ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებშია მოცემული, აქვთ ერთგვარი „შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის. სკ-ის 115-ე მუხლი წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენების აღკვეთის საკანონმდებლო იმპერატივს, რომლის მიხედვითაც, აკრძალულია უფლების ბოროტად გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. აღნიშნული ნორმაცია სშკ-ის შესაბამის ნორმებთან ერთად ქმნის საკანონმდებლო რეგულირების იმ ბადეს, რომელიც ერთის მხრივ იცავს დასაქმებულს - გაუმართლებლად არ მოხდეს მისი გათავისუფლება და მეორე მხრივ - დამსაქმებელს - შრომითი ურთიერთობის დარღვევისათვის დაითხოვოს თანამშრომელი. ასე, რომ აღნიშნული ნორმები ქმნიან მოქმედების იმ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია გამართლებული იყოს როგორც პირის სამსახურიდან დათხოვნა, ისე სამსახურში აღდგენა, თუმცა, აღნიშნული შედეგების რეალიზებისთვის აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს მტკიცების ტვირთზე, რადგან სამოქალაქოსამართლებრივი მტკიცების კლასიკური ტვირთი შრომის დავებში სპეციფიკურადაა წარმოჩენილი და ხშირ შემთხვევაში მიმართულია ერთგვარად „სუსტი მხარის“ ანუ დასაქმებულის პროცესუალური თანადგომისაკენ, თუმცა, ეს არ უნდა მივიჩნიოთ შეჯიბრებითობისა და პროცესუალური თანასწორობის კონსტიტუციური უფლების დარღვევად, რადგან ასეთი ტიპის დავებში სწორედ რომ უთანასწორო დამოკიდებულებაში მყოფი სუბიექტების ერთგვარი პროცესუალური გათანაბრება ხდება მის ოპონენტთან.
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების ამომწურავ ჩამონათვალს, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა სხვა საფუძვლით, გარდა პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა.
16. საკასაციო სასამართლო, მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ მოპასუხემ მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებელი წარმოადგინა და სასარჩელო ხანდაზმულობაზე მიუთითა.
17. სამოქალაქო კანონმდებლობა სხვადასხვა ტიპის ვადებს იცნობს, მათ შორისაა სამოქალაქო უფლების განხორციელების ვადები, რომელიც სხვა ვადებთან ერთად გულისხმობს უფლების დაცვის - ხანდაზმულობის ვადებს. სასარჩელო ხანდაზმულობა ეს არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოითხოვოს იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. თუკი დარღვეული უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობა კანონით განსაზღვრული ვადით არ იქნებოდა შეზღუდული, ეს გამოიწვევდა სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის გაძნელებას, ვინაიდან დიდია ალბათობა საქმესთან დაკავშირებული უტყუარი მტკიცებულებების დაკარგვისა, საქმეში მონაწილე პირების მიერ საქმის გარემოებების არაადეკვატურად აღქმისა და სხვა. ამრიგად, სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად, ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში (იხ. სუსგ №ას-988-1021- 2011, 2011 წლის 15 ნოემბერი).
18. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებაში საქმეზე სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ განმარტავს: „... ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (პ.51). (Stubbings and Otherss v The United Kingdom, განაცხადის ნომერი №22083/93; №220095/93, 22 ოქტომბერი, 1996).
19. აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ინსტიტუტი წარმოადგენს უფლების დაცვის მატერიალურ-სამართლებრივ საშუალებას, რადგან სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არსებობს, თუმცა სასამართლო წესით ამ მოთხოვნის იძულებითი განხორციელება კონკრეტული წინაპირობის არსებობისას, არ ხდება (შდრ. სუსგ №ას-1428-2018, 27.12.2018 წ.; №ას-369-350-2015, 30.07.2015 წ; ას-1609-2023, 12.04.2024)
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითების შედეგად წარმოშობილი საწინააღმდეგო უფლება მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობით შესაგებელია, რომელიც მოთხოვნის განხორციელებას ხანგრძლივად ან დროებით აფერხებს. „მოთხოვნის ხანდაზმულობის მიზანია მოვალის დაცვა იმ პროცესის ნაწილად გახდომისაგან, რომელშიც პოზიციის დაცვა რთული ან შეუძლებელია მოთხოვნის სიძველის გამო“ (შდრ: სუსგ №ას-898-860-2014, 09.10.2015 წ.). ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში. მითითება ხანდაზმულობაზე, როგორც მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ გარემოებაზე, პროცესუალურად მთლიანად მოპასუხის კუთვნილ შესაგებელს წარმოადგენს (შდრ. სუსგ №ას-1764-2018, 13.04.2020 წ.).
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დასრულების მომენტს. მოთხოვნის შემოწმებისას აუცილებელია განისაზღვროს ხანდაზმულობის კონკრეტული ვადის გამოყენებისა და მისი ათვლის საკითხი. ერთმანეთისაგან განასხვავებენ ხანდაზმულობის ვადის ათვლის ობიექტურ და სუბიექტურ მომენტებს. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან ანუ იმ მომენტთან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას (შდრ: ნ.კვანტალიანი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 130-ე, ველი 2. თბილისი, 2017 წელი; ლადო ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2011 წელი, გვერდი 123).
22. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სშკ-ის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობით დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე. ამავე ნორმის მე-5 პუნქტის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მიერ მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. დასახელებული მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, დასაქმებულს უფლება აქვს, დამსაქმებლის წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
23. სასამართლოს მიერ დასაქმებულის მიერ აღძრული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ან სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში დასაქმებულს უფლება აქვს, იმავე სარჩელით განმეორებით მიმართოს სასამართლოს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების ან სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მისთვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
24. ამრიგად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილია სპეციალური - 30-დღიანი ვადა, რაც ემსახურება კანონმდებლის მიზანს, მოკლევადიანი გასაჩივრების პროცედურის შემოღებით აღმოფხვრას გრძელვადიანი შრომითი დავების არსებობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 მარტის №ას-11-11-2018 გადაწყვეტილება და 2019 წლის 13 დეკემბრის №ას-1418-2018 განჩინება). სშკ-ის 48-ე მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილია დამსაქმებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლის სპეციალური წესი - თუ მხარე სარჩელის წარდგენით სადავოდ გახდის გათავისუფლების კანონიერებას, მაგრამ სასამართლო მას უარს ეტყვის სარჩელის წარმოებაში მიღებაზე ან სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული, დასაქმებულს შეუძლია, განმეორებით წარადგინოს სარჩელი სარჩლის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების ან სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მისთვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
25. საკასაციო სასამართლო, აღნიშნავს, რომ შრომის კოდექსით ხანდაზმულობის სპეციალური, ნაკლები ხანგრძლივობის ვადების გათვალისწინება, პირველ ყოვლისა, დასაქმებულის უფლებების დაცვას ემსახურება, რათა შრომითი დავები სწრაფად წარიმართოს და დასრულდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, განსახილველი დავის გადაწყვეტისათვის გამოსაყენებულ ძირითად ნორმატიულ აქტს წარმოადგენს საქართველოს შრომის კოდექსი, რომელიც შეიცავს სპეციალური დანაწესს, დამსაქმებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადასთან მიმართებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად იმსჯელეს შრომითსამართლებრივი მოთხოვნების ხანდაზმულობის საკითხზე სშკ-ის შესაბამისად და მართებულად უთხრეს უარი მოსარჩელეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ხანდაზმულობის საერთო ვადების გამოყენებაზე.
26. მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ ი.ჩ–ძესთან შრომით სამართლებრივი ურთიერთობა შეწყდა დამსაქმებლის მიერ 2023 წლის 5 ივნისს მიღებული ბრძანებით, რომელიც დასაქმებულმა ჩაიბარა იმავე დღეს. მოსარჩელემ წერილობით 2023 წლის 12 ივნისს მიმართა მოპასუხეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების დასაბუთების მოთხოვნით, რაც ჩაბარდა 2023 წლის 20 ივნისს. თავის მხრივ, მოპასუხემ 2023 წლის 5 ივლისს, დასაქმებულს გაუგზავნა მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების წერილობითი დასაბუთება. მოსარჩელემ მოპასუხეების მიმართ პირველი სარჩელი აღძრა 2023 წლის 7 ივლისს, რაზედაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 ივლისის განჩინებით (იხ. ტომი 2, ს.ფ. 57-67) უარი ეთქვა წარმოებაში მიღებაზე. განჩინების შესახებ მოსარჩელის უფლებამოსილ წარმომადგენელს ეცნობა 2023 წლის 13 ივლისს, სატელეფონო აქტის საშუალებით (იხ. ტომი 2, ს.ფ. 22). მოსარჩელეს ან მის წარმომადგენელს განჩინება არ ჩაუბარებიათ და არც მისი ჩაბარება მოუთხოვიათ. შესაბამისად, განჩინების გასაჩივრების კანონისმიერი ვადის, კერძო საჩივრის წარდგენისათვის არსებული 12 დღის, ათვლა დაიწყო სარჩელის წარდგენიდან მე-15 დღეს, 2023 წლის 22 ივლისს და ამოიწურა 2023 წლის 2 აგვისტოს. აღნიშნულ ვადაში მოსარჩელეს არც განჩინების ჩაბარება მოუთხოვია და არც გაუსაჩივრებია იგი, რის გამოც მიღებაზე უარის თქმის შესახებ საპროცესო დოკუმენტი კანონიერ ძალაში შესულად ითვლება 2023 წლის 3 აგვისტოდან. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხეების მიმართა განმეორებით წარდგენილი სარჩელი აღძრულია 2023 წლის 11 სექტემბერს, პირველი განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.
27. ამდენად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაძლია მოპასუხის მიერ წარდგენილი მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებლით მითითებული ხანდაზმულობის ბარიერი და ვერ დაადასტურა, თუნდაც არამართლზომიერად გამოცემული ბრძანების, სათანადო ვადაში შედავება, რაც სასამართლოს უსპობს საშუალებას იმსჯელოს სადავო ბრძანების მართლზომიერებასა და მისგან გამომდინარე თანმდევი სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობაზე, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებელია.
28. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ჩ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. ი.ჩ–ძეს (........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №1751628227, გადახდის თარიღი 04/07/2025) 300 ლარის 70% - 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
მ. ერემაძე