¹ბს-1144-1095(კ-07) 13 თებერვალი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი
შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მიხეილ ჩინჩალაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ე. ე-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 16 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 31 მარტს ე. ე-ამ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების _ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ და მოპასუხეებისგან საცხოვრებელი ფართის ან საცხოვრებელი ფართის შეძენისათვის საჭირო თანხის გამოყოფა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით ე. ე-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა ე. ე-თვის დევნილ მოსახლეობაზე დახმარების მიზნობრივი პროგრამით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარების გაცემა კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში. მოსარჩელეს სხვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ე. ე-ამ, რომელმაც მოითხოვა რაინული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 16 იანვრის განჩინებით ე. ე-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ე. ე-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ე. ე-ას საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 იანვრის განჩინებით ე. ე-ას საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე, საკასაციო საჩივარში გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლების მიუთითებლობის გამო. შესაბამისად, ე. ე-ას დაევალა წარმოედგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და განჩინებაში აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.
აღნიშნული განჩინება კასატორს გაეგზავნა 2008 წლის 10 იანვარს. საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო გზავნილის დასტურიდან ირკვევა, რომ ე. ე-ას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 იანვრის განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2008 წლის 18 იანვარს, მაგრამ ზემოაღნიშნულ განჩინებაში მითითებულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. ე. ე-ას ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა ჰქონდა 2008 წლის 28 იანვრის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო კასატორის მიერ ხარვეზი გამოსწორებული არ იქნა, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ე. ე-ას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ე-ას საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.