საქმე №ას-709-2024
26 ივნისი 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „მ.დ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ზ.კ–ი (მოსარჩელე)
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 2 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ზ.კ–მა (შემდეგში ტექსტში როგორც „მოსარჩელე", „მოწინააღმდეგე მხარე“), სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, შპს „მ.დ–ის“ (შემდეგში ტექსტში, როგორც „მოპასუხე", „აპელანტი“, „კასატორი“) მიმართ, 52 628.60 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 04 მაისის გადაწყვეტილებით, ზ.კ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე, შპს „მ.დ–ს’’, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა - 52 628.60 ლარის გადახდა.
3.2 ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „მ.დ–მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 2 აპრილის განჩინებით, შპს „მ.დ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება.
4.2 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:
4.2.1 2021 წლის 22 დეკემბერს ზ.კ–ს და შპს ,,მ.დ–ს“ შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, რომლის 1.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ,,ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული პირობების დადგომისას, ქ. თბილისში, .......... მიწის ნაკვეთზე, ასაშენებელ მრავალსართულიან სახლში ,,გამყიდველის“ მომავალ საკუთრებაში არსებული ფართიდან 62.1 კვ.მ-ის ფართზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ,,მყიდველთან“ ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების დადების ვალდებულება.
4.2.2 ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით ,,მყიდველისათვის“ ძირითადი ხელშეკრულებით საკუთრებაში გადასაცემი 62.1 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის ღირებულებაა 34 100 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად. უძრავი ქონების ღირებულების ნაწილს პირველი თვის გადასახადს - 17 000 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში ,,მყიდველი“ ავანსის სახით გადაიხდის ხელშეკრულებაზე ხელისმოწერისთანავე, ხოლო დარჩენილ ნაწილს 17100 დოლარს ,,მყიდველი“ გადაიხდის ,,დანართი N1“-ს შესაბამისად. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, ,,მყიდველის“ მიერ ,,გამყიდველისათვის“ ნასყიდობის საგნის საფასურის სრულად გადახდის შემთხვევაში, მშენებლობის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში ,,გამყიდველი“ ,,მყიდველს“ ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადასცემს ნასყიდობის საგანს. ამასთანავე, შენობა-ნაგებობა, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს ნასყიდობის საგანი უნდა აშენდეს და მშენებლობა დასრულდეს წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან თვრამეტ თვეში, ხოლო ჩაბარება (ექსპლუატაციაში მიღება) უნდა მოხდეს დასრულებიდან ექვს თვეში.
4.2.3 ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, ,,მხარეები“ თანხმდებიან, რომ წინამდებარე მუხლის 4.1 პუნქტში განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა ,,გამყიდველის“ მხრიდან ჩაითვლება საპატიოდ თუ, ვალდებულების შეუსრულებლობა სხვადასხვა ობიექტური გარემოების ან/და ,,ხელშეკრულების“ 8.1 პუნქტით განსაზღვრული მდგომარეობის გამო, გაგრძელდება არაუმეტეს 12 თვისა (შემდგომში ,,საშეღავათო პერიოდი“);
4.2.4 ხელშეკრულების 4.3 პუნქტის თანახმად, ამ ხელშეკრულების მიზნებისთვის, მშენებლობა დასრულებულად ითვლება თუკი შენობა-ნაგებობა, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს ნასყიდობის საგანი მიყვანილი იქნება წინამდებარე ხელშეკრულების N2 დანართით გათვალისწინებულ მდგომარეობამდე, მიუხედავად შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების აქტის არსებობა-არარსებობისა.
4.2.5 ხელშეკრულების 6.6 პუნქტის თანახმად, ,,გამყიდველი“ უფლებამოსილია ცალმხრივად განახორციელოს სამშენებლო სამუშაოები ,,ხელშეკრულებაში“ მითითებულ უძრავ ნივთზე, განახორციელოს ნებისმიერი მოქმედება სსიპ - თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში, უფლებამოსილია შეათანხმოს განაშენიანების რეგულირების გეგმა, საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს მისი კორექტირება, შეათანხმოს არქიტექტურული პროექტი და აიღოს მშენებლობის ნებართვა, საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს შეთანხმებული პროექტის კორექტირება, იყოს პროექტის დამკვეთი და ა.შ.
4.2.6 ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, თითოეული მხარე უფლებამოსილია ცალმხრივად მოშალოს ,,ხელშეკრულება“ მეორე მხარის მიერ ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში. ასეთ დროს ,,ხელშეკრულების“ ცალმხრივად მოშლის ინიციატორი მხარე ვალდებულია დაუწესოს მეორე მხარეს დამატებითი ვადა ვალდებულების ჯეროვნად შესასრულებლად, გამოიყენოს ,,ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების/დარიცხვის ინსტრუმენტები და მხოლოდ ამის შემდეგ, თუკი ვალდებულება არ იქნება შესრულებული, ცალმხრივად მოშალოს ,,ხელშეკრულება“. დამატებითი ვადის დაწესება და/ან გაფრთხილება უნდა განხორციელდეს წერილობითი ფორმით. ხელშეკრულების 7.2 პუნქტის თანახმად, თუკი ,,ხელშეკრულების“ რომელიმე მხარე მის მიერ ნაკისრ ვალდებულებას დაარღვევს მხოლოდ ნაწილობრივ, მაშინ მეორე მხარეს უფლება აქვს ცალმხრივად მოშალოს ,,ხელშეკრულება“ მხოლოდ მაშინ, თუ მისთვის დარჩენილი ნაწილის შესრულებამ აზრი დაკარგა, თუმცა აღნიშნული ქმედება უნდა განხორციელდეს 7.1 პუნქტით გათვალისწინებული წესის დაცვით და სხვაგვარად.
4.2.7 ხელშეკრულების 7.4 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების მიზნებისათვის 7.3 პუნქტით გათვალისწინებულ - ,,საშეღავათო პერიოდის“ ბოროტად სარგებლობაში მოიაზრება ვალდებულების დამრღვევი მხარის იმგვარი ქმედება, ან უმოქმედობა, როდესაც მას შეეძლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დროულად შესრულება, მაგრამ არ შეასრულა მხოლოდ იმ მოტივით, რომ ,,ხელშეკრულებით“ ვალდებულების შესრულების ვადას ხელოვნურად დაამატა ,,საშეღავათო პერიოდის“ ვადა და ერთმნიშვნელოვნად დომინანტ მდგომარეობაში ჩადგა.
4.2.8 ხელშეკრულების 7.5 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ,,გამყიდველი“ უარს იტყვის ,,მყიდველისათვის“ ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების საფუძველზე, ნასყიდობის საგნის საკუთრებაში გადაცემაზე, ,,მყიდველი“ უფლებამოსილი იქნება უარი განაცხადოს ,,ხელშეკრულებაზე“ და მოითხოვოს მის მიერ გადახდილი ნასყიდობის საფასურის უკან დაბრუნება ზიანის ანაზღაურების წაყენებასთან ერთად. ხელშეკრულების 7.12 პუნქტის თანახმად, ,,ხელშეკრულების“ 4.1 პუნქტით გათალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს - სამომავლოდ ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულებით გადასაცემი უძრავი ქონების ღირებულების (ხელშეკრულებით განსაზღვრული ნასყიდობის საფასურის) არანაკლებ 10%-ს ერთჯერადი სანქციის სახით.
4.2.9 ხელშეკრულების 7.13 პუნქტის თანახმად, ,,გამყიდველის“ მიერ ,,ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ,,გამყიდველი“ ,,მყიდველისაგან“ იღებს წერილობით შეტყობინებას, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა. ამადროულად, ,,გამყიდველს“ დაეკისრება პირგასამტეხლო, როგორც ეს განსაზღვრულია ,,ხელშეკრულებაში“.
4.2.10 ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, ვალდებულების შესრულების შეუძლებლობაში იგულისხმება ვალდებულების სუბიექტური ან ობიექტური (დაუძლეველი ძალა) შეუძლებლობა.
4.2.11 ხელშეკრულების 8.3 პუნქტის თანახმად, ის მხარე, რომელიც ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის წინაშე აღმოჩნდა, ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ ბრალეული გაჭიანურების გარეშე აცნობოს მეორე მხარეს. შეტყობინებას უნდა დაერთოს კომპეტენტური ორგანოს დასკვნა, რომლითაც დადასტურდება ,,მხარის“ მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა. ასეთი შეტყობინების მიღების შემდეგ მეორე მხარის არჩევანით ხელშეკრულება შეიძლება შეწყვიტოს ან ძალაში დარჩეს და მხარეს გადაუვადდეს შეუსრულებელი ვალდებულების შესრულების ვადა.
4.2.12 ხელშეკრულების 8.5 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი საკუთარი ვალდებულებების ფარგლებში მხარე წააწყდება ისეთ წინასწარ გაუთვალისწინებელ და აუცდენელ გარემოებას (შეცვლილი გარემოება), რომლის არსებობის გამო ვალდებულების შესრულება მისთვის მეტისმეტად გართულდება, მან დაუყოვნებლივ, ბრალეული გაჭიანურების გარეშე უნდა მიმართოს მეორე მხარეს წერილობით, რათა მოხდეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. თუკი მხარეები ვერ შეთანხმდებიან ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებებთან მისადაგების საკითხზე, ის მხარე რომლის უფლებები ილახება ვალდებულების შესრულების გართულების გამო, უფლებამოსილია უარი თქვას ხელშეკრულებაზე, რასაც მოჰყვება ამ ხელშეკრულებით და სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული შედეგები.
4.2.13 ხელშეკრულების 8.6 პუნქტის თანახმად, ,,ხელშეკრულების“ მიზნებისათვის, ვალდებულების შესრულების გართულებაში იგულისხმება უძრავი ქონების ღირებულების სამმაგი ოდენობით გაზრდა ან შემცირება, ან სხვა ისეთი გარემოების არსებობა, რომლის გათვალისწინებაც გონივრულობის ფარგლებში ხელშეკრულების დადების დროს შეუძლებელი იყო.
4.2.14 ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად გამყიდველის მიერ აღძრულ სარჩელზე ანდა მის სასარგებლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
4.2.15 ზ.კ–მა ხელშეკრულების ფარგლებში ნასყიდობის საფასურის სახით გადაიხადა - 52 628.60 ლარი.
4.2.16 მოპასუხემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მიწის ნაკვეთების (ს/კ ......... და ს/კ .........) გაერთიანება. საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა, აღნიშნული მიწის ნაკვეთები გაერთიანდა და რეგისტრირებული იქნა N........... საკადასტრო კოდის ქვეშ.
4.2.17 მიწის ნაკვეთზე ს/კ .......... ფაქტობრივად მრავალბინიანი სახლის მშენებელობა მიმდინარე პერიოდისათვის არ არის დაწყებული, უფრო მეტიც მშენებლობის ნებართვაც არ არის გაცემული, რის გამოც მოსარჩელემ დაკარგა ხელშეკრულების მიმართ ინტერესი და ცალმხრივად შეწყვიტა იგი.
4.2.18 საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ქვეყანაში არსებული პანდემიის გამო პრეზიდენტის 21.03.2020 წლის N1 დეკრეტის საფუძველზე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების, ქვეყნის წინაშე არსებული მზარდი გამოწვევის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ პანდემიაზე შესაბამისი რეაგირების მიზნით და იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეასრულოს თავისი კონსტიტუციური ვალდებულება – უზრუნველყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირება და სიტუაციის მართვა, საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეიზღუდა საქართველოს კონსტიტუციის მე-13, მე-14, მე-15, მე-18, მე-19, 21-ე და 26-ე მუხლებში მითითებული უფლებები. აღნიშნული დეკრეტის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ ახალი დეკრეტით მისი მოქმედების ვადა გაგრძელდა ერთი თვით.
4.3 სააპელაციო პალატამ მიუთითა, ხელშეკრულების 4.2 მუხლზე, რომლითაც მხარეებმა გაითვალისწინეს საშეღავათო პერიოდი იმ შემთხვევისათვის, თუ გამყიდველის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია ობიექტური გარემოებების ან ხელშეკრულების 8.1 მუხლით გათვალისწინებული გარემოების გამო. პალატის მოსაზრებით, აღნიშნული მუხლი, თავისი არსით, წარმოადგენს მითითებას ფორსმაჟორულ გარემოებებზე. ამდენად, იმის დასადგენად, ამოქმედდა თუ არა მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების 4.2 მუხლით გათვალისწინებული დამატებითი 12 თვიანი ვადა, აუცილებელია, შეფასდეს, არსებობდა თუ არა ფორსმაჟორული გარემოებები, რაც ვადაგადაცილების საპატიო მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულება დაიდო 2021 წლის 22 დეკემბერს და მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2023 წლის ივნისში, შესაბამისად, საშეღავათო პერიოდიც (12 თვე) ამოიწურებოდა 2024 წლის ივნისში.
4.4 სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სსკ-ის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება. 401-ე მუხლის თანახმად კი, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. ამდენად, ფორს-მაჟორული გარემოება სახელშეკრულებოსამართლებრივ ურთიერთობაში არ წარმოადგენს ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლების საფუძველს, თუ, რა თქმა უნდა, ვალდებულების შესრულება ფორს-მაჟორულ გარემოებათა აღმოფხვრის შემდეგაც შესაძლებელია და თუ აღნიშნული შესრულების მიმართ კრედიტორს ინტერესი არ დაუკარგავს.
4.5 სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ „კოვიდ-19“ პანდემიის ფორსმაჟორად შეფასება უნდა მოხდეს ფაქტების შესწავლის საფუძველზე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში და არა ზოგადად, ყველა საქმისთვის საერთო მიზნებით, რაც გულისხმობს გარკვეული წინაპირობების კუმულაციურად არსებობას: გარემოება წარმოშობილი უნდა იყოს მხარეთა ნებისგან დამოუკიდებლად, ასევე მხარეებს არ უნდა შეეძლოთ მისი გათვალისწინება ხელშეკრულების დადებისას, გარემოება უნდა იყოს მხარის კონტროლის სფეროს მიღმა და ეს უკანასკნელი შეუძლებელს უნდა ხდიდეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, ასევე უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი წარმოშობილ გარემოებასა და ვალდებულების შესრულების შეუძლებლობას შორის. პალატამ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების დადების დროს, პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციები ქვეყანაში უკვე მოქმედებდა. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ მოსარჩელის წინაშე მაინც იკისრა ვალდებულება, მშენებელობა 18 თვიან ვადაში დაესრულებინა. ხელშეკრულებით განსაზღვრული შესრულების ვადა უშედეგოდ გავიდა და საცხოვრებელი მრავალბინიანი სახლის მშენებლობა არ არის დასრულებული. ამასთან, უცნობია მისი დასრულების კონკრეტული ვადები, მით უფრო, რომ მშენებლობის ნებართვა, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროსაც კი, არ არის მოპასუხის მიერ მოპოვებული.
4.6 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება კანონმდებლის მიერ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარისათვის მინიჭებული უფლებაა. ხელშეკრულებიდან გასვლა გამოიყენება მხოლოდ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ამიტომ კანონი ამომწურავად განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლებსა და წესს, კერძოდ, იმას, თუ როდის შეუძლია ხელშეკრულების მხარეს, მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა (სსკ-ის 405-ე, 352-ე მუხლები). ხელშეკრულებიდან გასვლის - როგორც მეორეული მოთხოვნის უფლების, საფუძვლები შეიძლება დაიყოს მატერიალურ და ფორმალურ ნაწილებად. მატერიალური შეიძლება გულისხმობდეს სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობას, ხოლო ფორმალური - დამატებითი ვადის დაწესებასა და ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინებას. ამასთან, სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა თავისთავად არ აფუძნებს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას. შეუსრულებლობა გარკვეული ობიექტური მასშტაბით უნდა გაიზომოს. ზოგადად, ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება წარმოიშობა, მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის ვალდებულება დაირღვა. ვალდებულება, რომლის დარღვევაც ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველს წარმოადგენს, უნდა იყოს ნამდვილი, ვადამოსული და უპრეტენზიო. თუ ვალდებულებები ჯერ კიდევ არ არის შესასრულებელი, მხარე ვერ გავა ხელშეკრულებიდან, რადგან მას არ ექნება ამის საფუძველი. თუმცა, სსკ-ის 405-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მხარეს შეუძლია შესრულების ვადის დადგომამდე განაცხადოს უარი ხელშეკრულებაზე. ხელშეკრულებიდან გასვლის პირობა ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულებაა
5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 2 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „მ.დ–მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5.2 კასატორის განმარტებით, 2021 წლის 22 დეკემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებით იკისრეს ვალდებულება, რომ ხელშეკრულების შესაბამისად, სამშენებლო სამუშაოები უნდა დასრულებულიყო და მყიდველს ბინა უნდა ჩაბარებოდა 18 თვის ვადაში, ანუ 2023 წლის 22 ივნისამდე, თუმცა კოვიდ პანდემიით გამოწვეული სიტუაციის გამო, კომპანიას წარმოეშვა უამრავი ისეთი პრობლემა, რომლის წინასწარ გათვალისწინებაც მისთვის შეუძლებელი იყო.
5.3 სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ მოქმედებდა ხელშეკრულების 4.2 პუნქტით განსაზღვრული საშეღავათო პერიოდი, რომლის თანახმადაც კომპანიას მშენებლობის დასრულებისათვის ვადა აქვს 2024 წლის 22 ივნისამდე. მსოფლიოში მიმდინარე კოვიდ სიტუაციის, ჩაკეტილი საზღვრების გამო შეიცვლა მდგომარეობა და ფორს-მაჟორულმა გარემოებებმა ხელი შეუშალა იმაში, რომ წინასწარ შეთანხმებული დრო საკმარისი ყოფილიყო აღნიშნული მშენებლობის დასასრულებლად, ასევე სხვა თანმდევი ვალდებულებების შესასრულდებლად. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების დადების მომენტში უკვე სახეზე იყო მძიმე სიტუაცია კოვიდის გავრცელების კუთხით და მსოფლიოში მოქმედებდა კოვიდა რეგულაციები, ზაფხულის თვე შედარებით მშვიდი იყო რეგულაციების მხრივ და ეპიდემიის გაძლიერებასთან ერთად გართულდა ასევე ის რეგულაციები და შეზღუდვები, რომლებიც დააწესეს როგორც ქართულმა, ასევე საზღვარგარეთ მდებარე პარტნიორმა კომპანიებმა, ჩაიკეტა საზღვრები. დროთა განმავლობაში, კიდევ და კიდევ უფრო მეტად გართულდა შესაბამისი პირობების შექმნა მშენებლობისთვის, მხოლოდ და მხოლოდ, ფორს-მაჟორული გარემოებებიდან გამომდინარე, რაც კომპანიისგან დამოუკიდებლად ხდებოდა. სამშენებლო სექტორი კი, სწორედ ის სექტორია, რომელზეც პანდემიამ განსაკუთრებული გავლენა მოახდინა და ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა სამუშაოების ეფექტურად შესრულების საკითხში. სრული პარალიზება მოახდინა სამშენებლო სამუშაოების და ეს მთელ სამშენებლო სექტორზე აისახა. შესაბამისად, კომპანიის მხრიდან ფორს-მაჟორული სიტუაციის წინასწარ ვერ გათვლა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადაში ვერ დასრულება სავსებით ლოგიკური და გამართლებულია, რადგან სიტუაციის გართულების წინასწარ ვარაუდი შეუძლებელია, პირიქით, რეგულაციების უფრო და უფრო შემსუბუქების მოლოდინი არსებობდა.
5.4 კასატორმა განმარტა, რომ პანდემიის ფონზე, კომპანიას მწვავე ფინანსური პრობლემები შეექმნა, რის გამოც არ ეთანხმება ამ ოდენობით თანხის დაკისრებას.
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. საკასაციო სასამართლოს სტაბილური სასამართლო პრაქტიკის თანახმად, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ნივთის შექმნის და მასზე საკუთრების უფლების მეორე მხარისათვის გადაცემის ვალდებულებას, წარმოადგენს არა ნასყიდობის წინარე ურთიერთობას, არამედ - ნარდობას (იხ. სუსგ.№ას-194-2019, 27.05.2019წ.; №ას-849-2022, 22.11.2022წ.; №ას-129-2023, 10.07.2023წ.) „წინარე ხელშეკრულება არის ვალდებულებით-სამართლებრივი გარიგება, რომლითაც მხარეები კისრულობენ სხვა ხელშეკრულების დადების ვალდებულებას, ანუ მხარეები სამართლებრივად იბოჭავენ თავს მომავალში ე.წ. ძირითადი ხელშეკრულების დადების ვალდებულებით. წინარე ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს პირობას საგნის და ვადის თაობაზე, რომელშიც მხარეები კისრულობენ ძირითადი ხელშეკრულების დადებას. წინარე ხელშეკრულების საგანი სხვა უნდა იყოს და ძირითადის — სხვა. წინარე ხელშეკრულების საგანი არის მხარის ვალდებულება, დადოს ხელშეკრულება, ანუ იკისროს მომავალში რაიმე ვალდებულება, მაშინ როცა ძირითადი ხელშეკრულებით ეს ვალდებულება უშუალოდ წარმოიშობა. ქონების აშენებისა და საკუთრების გადაცემის თაობაზე დადებული ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრულია მკაფიოდ იდენტიფიცირებადი ასაშენებელი/გადასაცემი საგანი და შემხვედრი ვალდებულებაც (ანაზღაურების) შესრულებულია, სწორედ მხარეთა შორის ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობაზე მეტყველებს და ამ ტიპის გარიგებას წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებასთან ვერ გავაიგივებთ“ (იხ. სუსგ №ას-625 625-2018,31.10.2018წ.;№ას-849-2022,22.11.2022წ. №ას-374-2024 14 ივნისი 2024 წელი)
11. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ (შემკვეთმა) მოითხოვა მხარეთა შორის ხელშეკრულების შეწყვეტის გამო გადაცემული თანხის დაბრუნება, შესაბამისად, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ხელშეკრულებიდან გასვლისა და თანხის დაბრუნების მოთხოვნა სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებიდან (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებთ გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები), 352.1 მუხლიდან (თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება)) და 405.1 მუხლის პირველი წინადადებიდან(თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ) გამომდინარეობს.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების დადების მომენტიდან მხარეები ვალდებულნი არიან შეუდგნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მათ არ შეუძლიათ ცალმხრივად თქვან უარი ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მოთხოვნა მხარეების მხრიდან პირველადი მოთხოვნის ხასიათს ატარებს, რომლის შეუსრულებლობაც იწვევს მეორადი მოთხოვნის უფლების წარმოშობას. ამ უკანასკნელს კი მიეკუთვნება ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნა. ხელშეკრულებიდან გასვლა გამოიყენება მხოლოდ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. ამიტომ კანონი ამომწურავად განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლებსა და წესს, კერძოდ, იმას, თუ როდის შეუძლია ხელშეკრულების მხარეს მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა (სსკ-ის 405-ე, 352-359-ე მუხლები). თუმცა, ეს არ გამორიცხავს, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებიდან გასვლის დამატებით პირობებზე. თუ მხარეები ამ უფლებით არ ისარგებლებენ, გამოიყენება კანონის დისპოზიციური ნორმები.
13. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად განმარტავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთლსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ ნორმის მოთხოვნის შეუსრულებლობა კი ვადის დარღვევაა.
14. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია, შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. შესრულების ვალდებულება კი პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მოთხოვნა არის პირველადი მოთხოვნა, რომლის შეუსრულებლობა იწვევს მეორადი მოთხოვნის უფლების წარმოშობას. აღნიშნულს მიეკუთვნება ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნა.
15. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება აეშენებინა მრავალსართულიანი კორპუსი მისამართზე: ქ. თბილისი, ს/კ: ...... და მისი კუთვნილი სამომავლო ფართიდან, 62.1 კვ.მ მოცულობის ფართზე საკუთრების უფლება მოსარჩელისათვის გადაეცა. მყიდველმა ხელშეკრულებით იკისრა ვალდებულება, გადაეხადა ბინის ნასყიდობის საფასური - 34 100 აშშ დოლარი, უძრავი ქონების ღირებულების ნაწილს პირველი თვის გადასახადს - 17 000 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში ,,მყიდველი“ ავანსის სახით გადაიხდის ხელშეკრულებაზე ხელისმოწერისთანავე, ხოლო დარჩენილ ნაწილს 17100 დოლარს ,,მყიდველი“ გადაიხდის ,,დანართი N1“-ს შესაბამისად. საცხოვრებელი ბინის აშენებისა და მშენებლობის დასრულების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან თვრამეტი თვე, ხოლო ჩაბარების (ექსპლუატაციაში მიღების) ვადად განისაზღვრა მშენებლობის დასრულებიდან ექვსი თვე. მხარეები ასევე წერილობით შეთანხმდნენ საშეღავათო პერიოდზე. კერძოდ, ხელშეკრულების 4.2 პუნქტის მიხედვით, ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით მშენებლობისა და ჩაბარების ვადების შესახებ შეთანხმების შეუსრულებლობა გამყიდველის მხრიდან ჩაითვლება საპატიოდ, თუ ვალდებულების შეუსრულებლობა სხვადასხვა ობიექტური გარემოების ან/და ხელშეკრულების 8.1 პუნქტით განსაზღვრული მდგომარეობის გამო, გაგრძელდება არაუმეტეს 12 თვისა. ხელშეკრულების 8.1 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ გამყიდველისათვის ან მყიდველისათვის ვალდებულების შესრულება შეუძლებელი გახდა მისი ნების მიღმა არსებული, წინასწარ გაუთვალისწინებელი და აუცდენელი გარემოების გამო და იმთავითვე აშკარაა, რომ ასეთი შეუძლებლობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში იარსებებს, მხარეს არ შეიძლება, მოეთხოვოს პასუხისმგებლობა ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო. მხარეებმა წერილობით გაითვალისწინეს, რომ მშენებლობისა და ჩაბარების ვადების შესახებ შეთანხმების დარღვევა გამოიწვევდა პირგასამტეხლოს სახით საერთო ხელშეკრულების ღირებულების არანაკლებ 10%-ის დარიცხვას, ერთჯერადი სანქციის სახით.
16. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოპასუხეს ხელშეკრულების შესაბამისად საერთო ჯამში გადასცა - 52 628.60 ლარი, რის სანაცვლოდ შესრულება არ მიუღია. მიუღია.
17. საკასაციო სასამართლო ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლის სამართლებრივ ბუნებას განმარტავს და მიუთითებს, რომ სსკ-ის 352-ე მუხლი არის გერმანიის სამოქალაქო კოდექსის (გსკ) 346-ე პარაგრაფის ანალოგი, რომელიც ადგენს ხელშეკრულებიდან გასვლის (ხელშეკრულებაზე უარის თქმის) წინაპირობებს, რაც მოიცავს ხელშეკრულებიდან გასვლის როგორც კანონისმიერ, ისე - სახელშეკრულებო დათქმის საფუძველს და განიმარტება, როგორც ცალმხრივი მიღება სავალდებულო ნების გამოვლენით ვალდებულებითი ურთიერთობის უკუქცევა (იხ. იან კროპჰოლერი, გსკ-ის კომენტარი, 2014 წ. გამოცემა, ს.ფ. 242-243). ხელშეკრულებიდან გასვლის შემდეგ, მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით ნაკისრი პირველადი ვალდებულების შესრულებისაგან და გარდაიქმნებიან რესტიტუციის კრედიტორად და რესტიტუციის მოვალედ (იხ. სუსგ №ას-1209-1169-2016, 12.07.2017 წ.).
18.საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 355-ე მუხლზე (ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით) და განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის გაცხადება შესაძლებელია კონკლუდენტური მოქმედებითაც, მათ შორის, გადაცემულის უკან დაბრუნების მოთხოვნით (შეად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარის ელ.ვერსია, მუხლი 355, II. გასვლის გაცხადების წინაპირობები) ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის კანონისმიერი წინაპირობებია: ა) ხელშეკრულების ნამდვილობა (უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობის ზოგად პირობებს); ბ) ზოგადი წესის მიხედვით, მოვალის მხრიდან ხელშეკრულების მნიშვნელოვანი (არსებითი) დარღვევა (დარღვევა არსებითი ხასიათისაა, თუ მოვალის მხრიდან ძირითადი ვალდებულების დარღვევის გამო, ფაქტობრივი შესრულების დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელი ხდება ან იკარგება მომავალში მისი შესრულების იმედი ანდა კრედიტორს ეკარგება შესრულებისადმი ინტერესი); გ) ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ განცხადების გაკეთებით მონაწილე მთლიანად გადის ხელშეკრულებიდან, რადგანაც კანონით დაუშვებელია ხელშეკრულებიდან ნაწილობრივი გასვლა; დ) მიუხედავად ვალდებულების მნიშვნელოვანი დარღვევისა, მოვალეს არ შეუძლია კრედიტორს მოსთხოვოს ხელშეკრულების ძალაში დატოვება; ე) ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად არ არის პასუხისმგებელი; ვ) მოთხოვნას არ უპირისპირდება შესაგებელი, რომელიც უკვე წარმოდგენილია ან წარდგენილი იქნება დაუყოვნებლივ მოვალის მიერ, თუკი კრედიტორი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე (მაგალითად, შესაგებელი ვალდებულების გაქვითვაზე); ზ) სახეზეა კრედიტორის მიერ შესაგებელი იურიდიული მოქმედება – ხელშეკრულებიდან გასვლისათვის მოცემული გონივრული ვადა, თუ ხელშეკრულებით ასეთი ვადა არ ყოფილა დადგენილი – ანდა, თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა – გაფრთხილება (იხ.:შდრ: სუსგ №ას-1003-924-2017, 1.12.2017.პ.34; Nას-1166-2019, 06.04.2020; Nას-1516-2019, 26.06.2020წ.; Nას-606-2020, 6.11.2020წ.; Nას-612-2020; 11.03.2021წ.; Nას-141-2021, 27.05.2021წ.; Nას-742-2021; 2.12.2021წ.; Nას-885-2023, 3.10.2023წ.; Nას-1116-2023, 27.12.2023წ.; Nას-1130-2023, 21.01.2024წ.; Nას-211-2024, 26.04.2024წ. ).
19. სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა თავისთავად არ წარმოშობს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას. შეუსრულებლობა გარკვეული ობიექტური მასშტაბით უნდა გაიზომოს. ზოგადად, ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება წარმოიშობა, მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის ვალდებულება დაირღვა. ვალდებულება, რომლის დარღვევაც ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველს წარმოადგენს, უნდა იყოს ნამდვილი, ვადამოსული და უპრეტენზიო. თუ ვალდებულებები ჯერ კიდევ არ არის შესასრულებელი, მხარე ვერ გავა ხელშეკრულებიდან, რადგან მას არ ექნება ამის საფუძველი. ხელშეკრულებიდან გასვლის, როგორც მეორადი მოთხოვნის უფლების, საფუძვლები შეიძლება დაიყოს მატერიალურ და ფორმალურ ნაწილებად. მატერიალურში იგულისხმება ვალდებულების დარღვევა, ხოლო ფორმალურში - დამატებითი ვადის დაწესება (გაფრთხილება) და ხელშეკრულებაზე უარის თქმის შეტყობინება.
20. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოსარჩელისათვის უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე არსებითად დაარღვია და დამატებითი ვადის დაწესება შესაბამის შედეგს ვერ გამოიღებდა, რის გამოც მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნა მართლზომიერი იყო. მოპასუხე კი მიიჩნევს, რომ მას ვალდებულება არ დაურღვევია, რადგან მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის შედეგად, რაც წარმოადგენდა ფორს-მაჟორულ ვითარებას, კომპანიისათვის შეუძლებელი გახდა მშენებლობის დროულად დაწყება და დასრულება.
21. მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას (სსკ-ის მე-400 მუხლი). ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული (სსკ-ის 401-ე მუხლი).
22. იურიდიულ მეცნიერებაში აღიარებულია, რომ შეცვლილი გარემოებები ფორსმაჟორისა (რომანულ სამართალში vis major) და შესრულების გართულების (Hardship) ორ ფუნდამენტურ, საბაზისო კონცეფციას აფუძნებს თანამდევი სამართლებრივი შედეგებით. კერძოდ, „შესრულების გართულება არსებობს მაშინ, როდესაც ხელშეკრულების დადების შემდგომ აღმოცენებული გარემოებების გავლენით ვალდებულების აღსრულება მოულოდნელად არაგონივრულად მძიმე ტვირთს აკისრებს მოვალეს. შესრულების გართულება გულისხმობს ობიექტურად განხორციელებადი ვალდებულების შესრულების უკიდურეს დამძიმებას, რომელიც ობიექტურად არ გამორიცხავს შესრულების შესაძლებლობას და რომლის პირობებშიც მხარეთა ინტერესების უპირველესი სამართლებრივი დაცვის საშუალება შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგებაა. ფორსმაჟორი (შესრულების არაბრალეული შეუძლებლობა) კი განსხვავებული სამართლებრივი წინაპირობებით წარმოიშობა, რომელიც თანმდევ შედეგად შესრულების ვალდებულებისაგან განთავისუფლებას მოიაზრებს“ (იხ. ჩიტაშვილი ნათია, სადისერტაციო ნაშრომი თემაზე „შეცვლილი გარემოებების გავლენა ვალდებულების შესრულებასა და მხარეთა შესაძლო მეორად მოთხოვნებზე“, თბილისი, 2014, გვ.16-17). ნებისმიერ შემთხვევაში, ადაპტაციის შეუძლებლობისას, დაზარალებული მხარისათვის უცვლელად ხელმისაწვდომი რჩება ხელშეკრულებიდან გასვლის/ შეწყვეტის (გრძელვადიან ურთიერთობაში) მოთხოვნები (იხ. სუსგ №ას-211-2024, 26.04.2024 წ.).
23. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მსოფლიო პანდემია და მის საფუძველზე დაწესებული შიდასახელმწიფოებრივი შეზღუდვები წარმოადგენს საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და სსსკ-ის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს, თუმცა პანდემიის არსებობა თავისთავად არ გულისხმობს, რომ ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რაც იმ პერიოდში წარმოიშვა ან რომლიდან გამომდინარეც ვალდებულების შესრულების ვადა დადგა, უნდა დაექვემდებაროს სსკ-ის 398-ე მუხლით ცვლილებას ან მოვალე უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს ვალდებულების შესრულებისგან. ვალდებულმა პირმა შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით უნდა დაადასტუროს, რომ პანდემიისა და სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული შეზღუდვების შედეგები მასზე უარყოფითად აისახა და აღნიშნული გარემოებები პირდაპირ კავშირშია მოვალის მიერ შესასრულებელ ვალდებულებასთან (იხ. სუსგ №ას-1063-2021, 21.12.2022 წ.; №ას-7-2025, 13.05.2025 წ.).
24. დადგენილია, რომ მოპასუხე კომპანიამ ვალდებულება ვერც ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში და ვერც მას შემდეგ, ე.წ. „საშეღავათო პერიოდში“, ვერ შეასრულა, უფრო მეტიც, ვალდებულება აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგაც ვერ შესრულდა. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ხელშეკრულება მხარეთა შორის დადებულია 2020 წლის 19 აგვისტოს ანუ იმ პერიოდში, როდესაც პანდემიური პროცესები უკვე დაწყებული იყო, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ პანდემია, როგორც უცნობი, წინასწარ განუჭვრეტადი, დაუძლეველი ძალის მქონე მოვლენა, წარმოდგენილი გარიგებით გათვალისწინებული შესასრულებელი ვალდებულების მიმართ ე.წ. „ფორს მაჟორად“ იმთავითვე ვერ განიხილებოდა. ამასთან, მოპასუხემ ვერ დაადასტურა ვალდებულების შეუსრულებლობასა და პანდემიის საფუძველზე დაწესებულ შეზღუდვებს შორის კავშირის არსებობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მას ვალდებულება არ დაურღვევია (იხ. სუსგ №ას-7-2025, 13.05.2025წ. №ას-374-2024 14.06.2024 წელი )
25. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ხელშეკრულებიდან გასვლისთვის კანონით განსაზღვრული წინაპირობების არსებობის დადასტურება, რაც მან დაძლია, ხოლო კასატორმა მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, იმ გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, რაც სსკ-ის 352-ე, 405-ე მუხლების შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებასა და მოსარჩელისთვის გადახდილი თანხის დაბრუნებას გამორიცხავდა ან/და დააბრკოლებდა, სასამართლოს ვერ წარმოუდგინა.
26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ნაწილში შედავება არ წარმოუდგენია.
27. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
28. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
29. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
31. პროცესის ხარჯები
სსსკ-ის 401-ე მუხლის, მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. განსახილველ შემთხვევაში, კასატორს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ნ.ი–ძის მიერ, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2631.45 ლარის 70 % - 1842.15 ლარი;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს „მ.დ–ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; ზ.კ–ის შუამდგომლობა იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; შპს „მ.დ–ს“, ზ.კ–ის სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო ინსტანციაში იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის - 300 ლარის გადახდა. კასატორს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ნ.ი–ძის მიერ, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „თ.ბ–კში“, 2024 წლის 23 სექტემბერს, საგადასახადო დავალებით N1 გადახდილი 2631.45 ლარის 70 % - 1842.15 ლარი; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი