საქმე №ას-767-2024
26 ივნისი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „მ.დ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.ბ–ძე (მოსარჩელე)
დავის საგანი - ნასყიდობის გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მ.ბ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე ან მყიდველი) თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს „მ.დ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, კომპანია, გამყიდველი, აპელანტი ან კასატორი) წინააღმდეგ და უძრავი ქონების ნასყიდობის საფასურის 6 018.51 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა, მოპასუხეს, ვალდებულების დარღვევის გამო, დაეკისროს პირგასამტეხლოს 3 756 აშშ დოლარის გადახდა.
2. მოპასუხის შესაგებელი
2.1. მოპასუხე კომპანიამ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა უძრავი ქონების ნასყიდობის საფასურის 6 018.51 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს 1 500 აშშ დოლარის გადახდა.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4.2. გამყიდველსა და მყიდველს შორის, 2020 წლის 19 აგვისტოს, გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება.
4.3. ხელშეკრულების მიხედვით მოპასუხემ იკისრა ვალდებულება აეშენებინა მრავალსართულიანი კორპუსი მისამართზე: ქ. თბილისი, ს/კ: ........ და მისი კუთვნილი სამომავლო ფართიდან, მეორე სადარბაზო, სართული მეთორმეტე, ბინა N177, 62.6 კვ.მ მოცულობის ფართზე საკუთრების უფლება მოსარჩელისათვის გადაეცა.
4.4. მყიდველმა ხელშეკრულებით იკისრა ვალდებულება, გადაეხადა ბინის ნასყიდობის საფასური - 37 560 აშშ დოლარი, ყოველთვიურად, გრაფიკის შესაბამისად, 470 აშშ დოლარის გადახდის გზით.
4.5. საცხოვრებელი ბინის აშენებისა და მშენებლობის დასრულების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან თვრამეტი თვე, ხოლო ჩაბარების (ექსპლუატაციაში მიღების) ვადად განისაზღვრა მშენებლობის დასრულებიდან ექვსი თვე.
4.6. მხარეები ასევე წერილობით შეთანხმდნენ საშეღავათო პერიოდზე. კერძოდ, ხელშეკრულების 4.2 პუნქტის მიხედვით, ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით მშენებლობისა და ჩაბარების ვადების შესახებ შეთანხმების შეუსრულებლობა გამყიდველის მხრიდან ჩაითვლება საპატიოდ, თუ ვალდებულების შეუსრულებლობა სხვადასხვა ობიექტური გარემოების ან/და ხელშეკრულების 8.1 პუნქტით განსაზღვრული მდგომარეობის გამო, გაგრძელდება არაუმეტეს 12 თვისა.
4.7. ხელშეკრულების 8.1 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ გამყიდველისათვის ან მყიდველისათვის ვალდებულების შესრულება შეუძლებელი გახდა მისი ნების მიღმა არსებული, წინასწარ გაუთვალისწინებელი და აუცდენელი გარემოების გამო და იმთავითვე აშკარაა, რომ ასეთი შეუძლებლობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში იარსებებს, მხარეს არ შეიძლება, მოეთხოვოს პასუხისმგებლობა ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო.
4.8. მხარეებმა წერილობით გაითვალისწინეს, რომ მშენებლობისა და ჩაბარების ვადების შესახებ შეთანხმების დარღვევა გამოიწვევდა პირგასამტეხლოს სახით საერთო ხელშეკრულების ღირებულების არანაკლებ 10%-ის დარიცხვას, ერთჯერადი სანქციის სახით.
4.9. უდავო გარემოებაა, რომ მყიდველი გამყიდველს უხდიდა გრაფიკის მიხედვით ყოველთვიურად გადასახდელ ფულად თანხას. ჯამში მას 6 018.51 აშშ დოლარი აქვს გადახდილი.
4.10. უდავო გარემოებაა, რომ მოპასუხე კომპანიას ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში მოსარჩელისათვის გადასაცემი საცხოვრებელი ფართი არ აუშენებია. წინამდებარე საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროისათვის მშენებლობა დაწყებული არ არის.
4.11. მყიდველმა რამდენჯერმე წერილობით მიმართა კომპანიას და ითხოვა ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილება, 2022 წლის იანვარში კი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ აცნობა მხარეს და ითხოვა გადახდილი ნასყიდობის თანხის უკან დაბრუნება, რასაც შედეგი არ მოჰყოლია.
4.12. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება შეიცავს როგორც ნარდობის, ისე ნასყიდობის ხელშეკრულებისთვის დამახასიათებელ ელემენტებს, თუმცა შესრულების არსთან ყველაზე ახლოს ნარდობის ხელშეკრულება დგას, შესაბამისად, დავის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნეს ნარდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმები.
4.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო, შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ანუ, ნარდობის ძირითადი თავისებურებაა ის, რომ შემკვეთი საკუთრების უფლებას იძენს შესრულებული სამუშაოს რეზულტატზე, რისთვისაც კონკრეტულ საზღაურს იხდის.
4.14. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსკ-ის 639-ე მუხლი განსაზღვრავს მენარდის ვალდებულებას, წარუდგინოს შემკვეთს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი. სსკ-ის 641-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. თავის მხრივ, ნივთობრივად უნაკლო ნივთის წარდგენის ვალდებულების დარღვევა წარმოშობს იმავე კოდექსის 642-ე (დამატებითი შესრულების მოთხოვნა), 643-ე (ნაკეთობის ნაკლის გამოსწორება შემკვეთის მიერ), 644-ე (ხელშეკრულებაზე უარი ნაკეთობის ნაკლის გამო) და 645-ე (საზღაურის შემცირება ნაკეთობის ნაკლის გამო) მუხლებით გათვალისწინებულ მეორადი მოთხოვნის უფლებებს. მაშასადამე, ნაკლიანი შესრულების დადასტურების შემთხვევაში, კრედიტორს რამდენიმე განსხვავებული მოთხოვნა წარმოეშობა, თუმცა „ნივთის ნაკლის გამოსწორება ან მისი ახლით შეცვლა განხილულ უნდა იქნეს დამატებითი შესრულების მოთხოვნად, რომელიც პრიორიტეტული, უპირატესად გამოსაყენებელია სხვა დანარჩენ მეორადი მოთხოვნის უფლებებს შორის. კერძოდ, სანამ მხარე ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის უფლებას აამოქმედებდეს, ის ვალდებულია მიმართოს დამატებითი შესრულების მოთხოვნის უფლებას იმ პირობით, თუ სახეზე არ არის დამატებითი შესრულების გამომრიცხავი საფუძვლები“ (სუსგ #ას-222-2021, 04.06.2021 წ.).
4.15. წინამდებარე საქმეში, მოსარჩელე/მოწინააღმდეგე მხარე მიუთითებს, რომ მიუხედავად თანხის გადახდის ვალდებულების პირნათლად შესრულებისა, მოპასუხე/აპელანტი არ ასრულებდა ვალდებულებას. არა თუ შეთანხმებულ დროში ვერ ჩაეტია მხარე, არამედ, ხელშეკრულების დადებიდან 1 წლის შემდეგ საძირკველიც კი არ იყო ჩასხმული, არც პირველი სართული აშენებულა, რის გამოც მან არაერთხელ მიმართა კონტრაჰენტს. მხარეთა შორის იყო შეთანხმების მცდელობა ალტერნატიული ფართით მოსარჩელის დაკმაყოფილებაზე, თუმცა, კომპანიამ ამ გზითაც არ დააკმაყოფილა მოსარჩელე.
4.16. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტს ხელშეკრულების დადებიდან 18 თვის განმავლობაში სახელშეკრულებო ვალდებულება არ შეუსრულებია. მიუხედავად ვადაგადაცილებისა, მოპასუხე მიუთითებდა სახელშეკრულებო პირობაზე, რომლითაც მხარეებმა გაითვალისწინეს ე.წ. „საშეღავათო პერიოდი“, რაც 12 თვის ვადით იწვევდა ვალდებულების შესრულების ვადის გაზრდას. საყურადღებოა, რომ ხელშეკრულების 4.2 მუხლის შინაარსი, რომლითაც საშეღავათო პერიოდს მხარეები ითვალისწინებენ იმ შემთხვევისათვის, თუ გამყიდველის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია ობიექტური გარემოებების ან ხელშეკრულების 8.1 მუხლით გათვალისწინებული გარემოების გამო. მოპასუხე/აპელანტი მიუთითებს სახელშეკრულებო პირობაზე, რომელიც ფორსმაჟორული გარემოებების გამო ვალდებულების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობისაგან ათავისუფლებს მხარეს.
4.17. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი“ (იხ. სუსგ №ას-1326- 1252-2012, 25.03.2013 წ.; № ას-1142-1071-2012, 07.03.2013 წ.).
4.18. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო მის მიერ ვალდებულების შესრულება შეუძლებელი გახდა და ვალდებულების შეუსრულებლობა დარღვევად არ უნდა ჩაეთვალოს.
4.19. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მოდავე მხარეებს შორის ხელშეკრულება დაიდო 2020 წლის 19 აგვისტოს, როდესაც კოვიდ-პანდემია უკვე აღარ წარმოადგენდა წინასწარ გაუთვალისწინებელ, მოულოდნელ მოვლენას. სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეებს უკვე განცდილი ჰქონდათ პანდემიიდან გამომდინარე უარყოფითი შედეგები. ამასთან, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამ დროისათვის პანდემია დასრულებულად არ იყო გამოცხადებული და ჯერ კიდევ მოქმედებდა გარკვეული რეგულაციები პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში.
4.20. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო გარემოება, რომ სამშენებლო საქმიანობა შეჩერებული იყო სულ 35 დღის განმავლობაში (31 მარტს, აპრილში - მთელი 30 დღის მანძილზე და შემდეგ - 4 მაისის ჩათვლით). ხელშეკრულების დადების მომენტში კი მოქმედებდა რეგულაცია სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით.
4.21. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ სამშენებლო საქმიანობა შეჩერებული არ ყოფილა 2020 წლის 19 აგვისტოს ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, ვინაიდან შეზღუდვები მიმდინარეობდა მარტიდან მაისის თვემდე შუალედში, შესაბამისად, ამ პერიოდში მოქმედი რეგულაციები ვერ გახდებოდა პირდაპირი და უშუალო მიზეზი შესრულების ვადის გადაცილებისა. ხელშეკრულების დადებისას გარკვეული რეგულაცია უკვე მოქმედებდა და ამის შემდგომ, ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში აღარ ამოქმედებულა რაიმე უფრო მკაცრი ნორმატიული დანაწესები, რაც გამორიცხავდა სამშენებლო საქმიანობის განხორციელებას. სასამართლომ ასევე მართებულად არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ვალდებულების შესრულების დაყოვნება გამოიწვია სხვა კომპანიების მხრიდან შესრულების მიღების დაგვიანებამ. ამ გარემოების დასადასტურებლად მოპასუხეს რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4 მუხლის პირველი ნაწილისა და 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფაქტობრივი გარემოების მტკიცება სწორედ მოპასუხეს ევალებოდა. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაშიც კი, სსკ-ის 396-ე მუხლი მოვალეს აკისრებს პასუხისმგებლობას იმ პირთა მოქმედებისათვის, რომელთაც იგი იყენებს საკუთარ ვალდებულებათა შესასრულებლად.
4.22. ამგვარად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა/მოპასუხე მხარემ ვერ დაადასტურა ხელშეკრულების 4.2 მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა, რომლითაც მხარეებმა გაითვალისწინეს საშეღავათო პერიოდი გამყიდველის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევისათვის.
4.23. აქვე აღსანიშნავია, რომ გარდა ფორსმაჟორისა, მოცემული დავის სწორად გადაწყვეტის მიზნისთვის, პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში იმსჯელა და შეაფასა შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგების საკითხიც და განმარტა, რომ შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგება უნდა განხორციელდეს მხარეთა შეთანხმებით, ხოლო შეთანხმების უშედეგო მცდელობის შემდეგ მისადაგება შეიძლება განახორციელოს სასამართლომ.
4.24. სსკ-ის 398-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მხარეები ჯერ უნდა შეეცადონ, რომ ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ გარემოებებს. თუკი შეუძლებელია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, ან მეორე მხარე ამას არ ეთანხმება, მაშინ იმ მხარეს, რომლის ინტერესებიც დაირღვა, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე.
4.25. საქმეზე დადგინდა, რომ მოპასუხე მხარეს არც უცდია მოსარჩელესთან შესრულების ვადის გაგრძელების/შესრულების დაყოვნების საპატიო მიზეზების შეტყობინება და ხელშეკრულების პირობების მოდიფიცირებაზე მოლაპარაკება, რადგან იგი იმთავითვე თვლიდა, რომ სახეზე იყო ფორსმაჟორი და ეს მას ვალდებულების შესრულებისგან ისედაც ათავისუფლებდა. იმის გათვალისწინებით, რომ დავის განხილვის ეტაპზეც კი, არ არის მოპოვებული მშენებლობის ნებართვა, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ მოპასუხემ/აპელანტმა არ დაიცვა კეთილსინდისიერი კონტრაჰენტის არც ერთი მინიმალური სტანდარტიც კი. წარმოდგენილ შესაგებელში/ სააპელაციო საჩივარში და სასამართლო სხდომაზე გაჟღერებულ პოზიციებში არ იკვეთება შეცვლილ გარემოებებთან მისადაგების შესახებ მზაობა. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თავად მოსარჩელე იჩენდა ინიციატივას, როგორმე გადაერჩინა ხელშეკრულება და ნაცვლად შეთანხმებულისა, მიეღო სხვა ალტერნატიული შესრულება, თუმცა მოპასუხე არც კი პასუხობდა მხარის წერილობით შეთავაზებებს. ამგვარად, მოპასუხემ მიუთითა გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც შესაძლოა, იწვევდეს შესრულების გაძნელებას, მაგრამ რადგან მოლაპარაკების და ვადის შესახებ შეთანხმებაში ცვლილების შეტანის მცდელობა არ ჰქონია, იმთავითვე გამოირიცხება სასამართლოს მიერ ხელშეკრულების მისადაგების საკითხის გადაწყვეტა.
4.26. ამდენად, წინამდებარე საქმეზე დადგინდა ვალდებულების შესრულებისათვის ვადის არსებობა, მისი უშედეგოდ გასვლა, ვადაგადაცილების საპატიო მიზეზებიც არ დადასტურდა (ადგილი არ ჰქონდა ფორს-მაჟორს (დაუძლეველ ძალას), არც შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგებას), რაც იწვევს შესაბამის სამოქალაქო პასუხისმგებლობას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა მყიდველის სარჩელი და გამყიდველს მოსარჩელის სასარგებლოდ სწორად დააკისრა უძრავი ქონების ნასყიდობის საფასურის 6 018.51 აშშ დოლარის გადახდა.
4.27. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტმა (მოპასუხემ) სადავო არ გახადა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მის მიერ დარღვეულია წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება. მოპასუხის განმარტებით, მას ფინანსური სირთულეები გაუჩნდა. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ, მართალია, ამის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები სასამართლოსთვის მხარეს არ წარუდგენია, თუმცა, საყოველთაოდ ცნობილი გარემოებაა, რომ პანდემიის პერიოდში გარკვეული შეფერხებები წარმოიშვა სამოქალაქო ბრუნვაში. წინამდებარე საქმეში, მოპასუხე არ გათავისუფლდა ვალდებულების შესრულებისგან და არც ხელშეკრულების მისადაგება განხორციელებულა, თუმცა, ეს გარემოებები სასამართლომ გაითვალისწინა პირგასამტეხლოს ოდენობის გამოთვლისას.
4.28. კვალიფიციური შედავების გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად არაგონივრული, შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. ამდენად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამოობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი) არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა... თუ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნა კვალიფიციური შედავების ფორმით არ მოხდება, მაშინ სასამართლოს ხელთ აქვს მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით, სახელშეკრულებო თავისუფლებით გამყარებული ნება - მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სახით და კრედიტორის მიერ დასაბუთებული დარღვევა, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა (პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია, ნათია ჩიტაშვილი, გვ.17, http://lawjournal.ge/wp-content/uploads/2020/04/Shedarebiti-Samartali- 2-2020-14-31.pdf ).
4.29. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 420-ე მუხლი სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კერძოდ, სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ანუ ფულადი თანხის ოდენობა, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი ხელშეკრულებითაა შეთანხმებული, სასამართლო თავისუფალი ნების ავტონომიის პირობებში, მოკლებულია შესაძლებლობას პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი შეცვალოს.
4.30. რაც შეეხება იმ გარემოებას, პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.
4.31. პირგასამტეხლოს შემცირებაზე სასამართლო მსჯელობს მხარის მოთხოვნის შესაბამისად, მხარისვე მითითებულ ფარგლებში და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას, პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება-არამართლზომიერებასთან დაკავშირებული ფაქტების შეფასების შემდეგ, შეუძლია გამოიყენოს სასამართლოს დისკრეცია, რაც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას გულისხმობს.
4.32. საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან აპელანტმა დაარღვია ორმხრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, მას მართებულად დაეკისრა პირგასამტეხლო. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებული და დაკისრებული პირგასამტეხლო გონივრულია და სრულად შეესაბამება განსახილველ შემთხვევაში მოვალის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს, იგი შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალი არ არის.
5. მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძვლები
5.1. მოპასუხე კომპანიამ სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მყიდველის სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
5.2. კასატორის განმარტებით, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მსოფლიოში გავრცელებულმა პანდემიამ (Covid-19) გამოიწვია ქვეყნების საზღვრების ჩაკეტვა, რაც აისახა სამშენებლო მასალათა საქართველოში შემოტანის შეუძლებლობაზე. აღნიშნული ფორს-მაჟორული ვითარების გამო დაგვიანდა მშენებლობის დაწყება და დასრულება.
5.3. კასატორის განმარტებით, კომპანიის მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო მყიდველისათვის ნასყიდობის საფასურის დაბრუნება ვერ ხერხდება.
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
6.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხე კომპანიის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა ან/და მის დამატებითი ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურ სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.; Nას-1449-2023, 9.02.2024წ.).
11. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გამყიდველსა და მყიდველს შორის, 2020 წლის 19 აგვისტოს, გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სტაბილური სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ნივთის შექმნის და მასზე საკუთრების უფლების მეორე მხარისათვის გადაცემის ვალდებულებას, წარმოადგენს არა ნასყიდობის წინარე ურთიერთობას, არამედ - ნარდობას (იხ. სუსგ-ები Nას-194-2019, 27.05.2019წ.; Nას-849-2022, 22.11.2022წ.; Nას-129-2023, 10.07.2023წ. №ას-625-625-2018, 31.10.2018 წ.; №ას-374-2024, 14.06.2024 წ.; №ას-7-2025, 13.05.2025 წ.). შესაბამისად, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ხელშეკრულებიდან გასვლისა და თანხის დაბრუნების მოთხოვნა სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებიდან (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები), 352.1-ე მუხლიდან (თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება)) და 405.1-ე მუხლის პირველი წინადადებიდან (თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ), 417-ე (პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის), 418.1-ე (ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მუხლებიდან გამომდინარეობს.
12. საკასაციო სასამართლოს განმარტების თანახმად, რომ ხელშეკრულების დადების მომენტიდან მხარეები ვალდებულნი არიან შეუდგნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მათ არ შეუძლიათ ცალმხრივად თქვან უარი ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მოთხოვნა მხარეების მხრიდან პირველადი მოთხოვნის ხასიათს ატარებს, რომლის შეუსრულებლობაც იწვევს მეორადი მოთხოვნის უფლების წარმოშობას. ამ უკანასკნელს კი მიეკუთვნება ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნა. ხელშეკრულებიდან გასვლა გამოიყენება მხოლოდ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. ამიტომ კანონი ამომწურავად განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლებსა და წესს, კერძოდ, იმას, თუ როდის შეუძლია ხელშეკრულების მხარეს მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა (სსკ-ის 405-ე, 352-359-ე მუხლები). თუმცა, ეს არ გამორიცხავს, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებიდან გასვლის დამატებით პირობებზე. თუ მხარეები ამ უფლებით არ ისარგებლებენ, გამოიყენება კანონის დისპოზიციური ნორმები.
13. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად განმარტავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთლსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ ნორმის მოთხოვნის შეუსრულებლობა კი ვადის დარღვევაა.
14. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია, შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. შესრულების ვალდებულება კი პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მოთხოვნა არის პირველადი მოთხოვნა, რომლის შეუსრულებლობა იწვევს მეორადი მოთხოვნის უფლების წარმოშობას. აღნიშნულს მიეკუთვნება ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნა.
15. დადგენილია, რომ მხარეთა შორის ხელმოწერილი უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებით, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, ნარდობის ხელშეკრულებას წარმოადგენს, გათვალისწინებული შესრულების მოთხოვნა წარმოადგენს პირველად მოთხოვნას, ხოლო შეუსრულებლობა იწვევს მეორადი მოთხოვნის უფლების წარმოშობას, ხელშეკრულებიდან გასვლას.
16. ხელშეკრულების მიხედვით მოპასუხემ იკისრა ვალდებულება აეშენებინა მრავალსართულიანი კორპუსი მისამართზე: ქ. თბილისი, ს/კ:......... და მისი კუთვნილი სამომავლო ფართიდან, მეორე სადარბაზო, სართული მეთორმეტე, ბინა N177, 62.6 კვ.მ მოცულობის ფართზე საკუთრების უფლება მოსარჩელისათვის გადაეცა. მყიდველმა ხელშეკრულებით იკისრა ვალდებულება, გადაეხადა ბინის ნასყიდობის საფასური - 37 560 აშშ დოლარი, ყოველთვიურად, გრაფიკის შესაბამისად, 470 აშშ დოლარის გადახდის გზით. საცხოვრებელი ბინის აშენებისა და მშენებლობის დასრულების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან თვრამეტი თვე, ხოლო ჩაბარების (ექსპლუატაციაში მიღების) ვადად განისაზღვრა მშენებლობის დასრულებიდან ექვსი თვე. მხარეები ასევე წერილობით შეთანხმდნენ საშეღავათო პერიოდზე. კერძოდ, ხელშეკრულების 4.2 პუნქტის მიხედვით, ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით მშენებლობისა და ჩაბარების ვადების შესახებ შეთანხმების შეუსრულებლობა გამყიდველის მხრიდან ჩაითვლება საპატიოდ, თუ ვალდებულების შეუსრულებლობა სხვადასხვა ობიექტური გარემოების ან/და ხელშეკრულების 8.1 პუნქტით განსაზღვრული მდგომარეობის გამო, გაგრძელდება არაუმეტეს 12 თვისა. ხელშეკრულების 8.1 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ გამყიდველისათვის ან მყიდველისათვის ვალდებულების შესრულება შეუძლებელი გახდა მისი ნების მიღმა არსებული, წინასწარ გაუთვალისწინებელი და აუცდენელი გარემოების გამო და იმთავითვე აშკარაა, რომ ასეთი შეუძლებლობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში იარსებებს, მხარეს არ შეიძლება, მოეთხოვოს პასუხისმგებლობა ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო. მხარეებმა წერილობით გაითვალისწინეს, რომ მშენებლობისა და ჩაბარების ვადების შესახებ შეთანხმების დარღვევა გამოიწვევდა პირგასამტეხლოს სახით საერთო ხელშეკრულების ღირებულების არანაკლებ 10%-ის დარიცხვას, ერთჯერადი სანქციის სახით.
17. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მყიდველი გამყიდველს უხდიდა გრაფიკის მიხედვით ყოველთვიურად გადასახდელ ფულად თანხას. ჯამში მას 6 018.51 აშშ დოლარი აქვს გადახდილი. მოპასუხე კომპანიას ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში მოსარჩელისათვის გადასაცემი საცხოვრებელი ფართი არ აუშენებია. წინამდებარე საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროისათვის მშენებლობა დაწყებული არ არის. მყიდველმა რამდენჯერმე წერილობით მიმართა კომპანიას და ითხოვა ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილება, 2022 წლის იანვარში კი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ აცნობა მხარეს და ითხოვა გადახდილი ნასყიდობის თანხის უკან დაბრუნება, რასაც შედეგი არ მოჰყოლია.
18. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 355-ე მუხლზე (ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით) და განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის გაცხადება შესაძლებელია კონკლუდენტური მოქმედებითაც, მათ შორის, გადაცემულის უკან დაბრუნების მოთხოვნით (შეად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარის ელ.ვერსია, მუხლი 355, II. გასვლის გაცხადების წინაპირობები) ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის კანონისმიერი წინაპირობებია: ა) ხელშეკრულების ნამდვილობა (უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობის ზოგად პირობებს); ბ) ზოგადი წესის მიხედვით, მოვალის მხრიდან ხელშეკრულების მნიშვნელოვანი (არსებითი) დარღვევა (დარღვევა არსებითი ხასიათისაა, თუ მოვალის მხრიდან ძირითადი ვალდებულების დარღვევის გამო, ფაქტობრივი შესრულების დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელი ხდება ან იკარგება მომავალში მისი შესრულების იმედი ანდა კრედიტორს ეკარგება შესრულებისადმი ინტერესი); გ) ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ განცხადების გაკეთებით მონაწილე მთლიანად გადის ხელშეკრულებიდან, რადგანაც კანონით დაუშვებელია ხელშეკრულებიდან ნაწილობრივი გასვლა; დ) მიუხედავად ვალდებულების მნიშვნელოვანი დარღვევისა, მოვალეს არ შეუძლია კრედიტორს მოსთხოვოს ხელშეკრულების ძალაში დატოვება; ე) ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად არ არის პასუხისმგებელი; ვ) მოთხოვნას არ უპირისპირდება შესაგებელი, რომელიც უკვე წარმოდგენილია ან წარდგენილი იქნება დაუყოვნებლივ მოვალის მიერ, თუკი კრედიტორი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე (მაგალითად, შესაგებელი ვალდებულების გაქვითვაზე); ზ) სახეზეა კრედიტორის მიერ შესაგებელი იურიდიული მოქმედება – ხელშეკრულებიდან გასვლისათვის მოცემული გონივრული ვადა, თუ ხელშეკრულებით ასეთი ვადა არ ყოფილა დადგენილი – ანდა, თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა – გაფრთხილება (იხ.:შდრ: სუსგ №ას-1003-924-2017, 1.12.2017.პ.34; Nას-1166-2019, 06.04.2020; Nას-1516-2019, 26.06.2020წ.; Nას-606-2020, 6.11.2020წ.; Nას-612-2020; 11.03.2021წ.; Nას-141-2021, 27.05.2021წ.; Nას-742-2021; 2.12.2021წ.; Nას-885-2023, 3.10.2023წ.; Nას-1116-2023, 27.12.2023წ.; Nას-1130-2023, 21.01.2024წ.; Nას-211-2024, 26.04.2024წ. ).
19. სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა თავისთავად არ წარმოშობს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას. შეუსრულებლობა გარკვეული ობიექტური მასშტაბით უნდა გაიზომოს. ზოგადად, ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება წარმოიშობა, მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის ვალდებულება დაირღვა. ვალდებულება, რომლის დარღვევაც ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველს წარმოადგენს, უნდა იყოს ნამდვილი, ვადამოსული და უპრეტენზიო. თუ ვალდებულებები ჯერ კიდევ არ არის შესასრულებელი, მხარე ვერ გავა ხელშეკრულებიდან, რადგან მას არ ექნება ამის საფუძველი. ხელშეკრულებიდან გასვლის, როგორც მეორადი მოთხოვნის უფლების, საფუძვლები შეიძლება დაიყოს მატერიალურ და ფორმალურ ნაწილებად. მატერიალურში იგულისხმება ვალდებულების დარღვევა, ხოლო ფორმალურში - დამატებითი ვადის დაწესება (გაფრთხილება) და ხელშეკრულებაზე უარის თქმის შეტყობინება.
20. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოსარჩელისათვის უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე არსებითად დაარღვია და დამატებითი ვადის დაწესება შესაბამის შედეგს ვერ გამოიღებდა, რის გამოც მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნა მართლზომიერი იყო. მოპასუხე კი მიიჩნევს, რომ მას ვალდებულება არ დაურღვევია, რადგან მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის შედეგად, რაც წარმოადგენდა ფორს-მაჟორულ ვითარებას, კომპანიისათვის შეუძლებელი გახდა მშენებლობის დროულად დაწყება და დასრულება. საცხოვრებელი ბინის აშენებისა და მშენებლობის დასრულების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან თვრამეტი თვე, ხოლო ჩაბარების (ექსპლუატაციაში მიღების) ვადად განისაზღვრა მშენებლობის დასრულებიდან ექვსი თვე. მხარეები ასევე წერილობით შეთანხმდნენ საშეღავათო პერიოდზე. კერძოდ, ხელშეკრულების 4.2 პუნქტის მიხედვით, ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით მშენებლობისა და ჩაბარების ვადების შესახებ შეთანხმების შეუსრულებლობა გამყიდველის მხრიდან ჩაითვლება საპატიოდ, თუ ვალდებულების შეუსრულებლობა სხვადასხვა ობიექტური გარემოების ან/და ხელშეკრულების 8.1 პუნქტით განსაზღვრული მდგომარეობის გამო, გაგრძელდება არაუმეტეს 12 თვისა.
21. მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას (სსკ-ის მე-400 მუხლი). ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული (სსკ-ის 401-ე მუხლი).
22. იურიდიულ მეცნიერებაში აღიარებულია, რომ შეცვლილი გარემოებები ფორსმაჟორისა (რომანულ სამართალში vis major) და შესრულების გართულების (Hardship) ორ ფუნდამენტურ, საბაზისო კონცეფციას აფუძნებს თანამდევი სამართლებრივი შედეგებით. კერძოდ, „შესრულების გართულება არსებობს მაშინ, როდესაც ხელშეკრულების დადების შემდგომ აღმოცენებული გარემოებების გავლენით ვალდებულების აღსრულება მოულოდნელად არაგონივრულად მძიმე ტვირთს აკისრებს მოვალეს. შესრულების გართულება გულისხმობს ობიექტურად განხორციელებადი ვალდებულების შესრულების უკიდურეს დამძიმებას, რომელიც ობიექტურად არ გამორიცხავს შესრულების შესაძლებლობას და რომლის პირობებშიც მხარეთა ინტერესების უპირველესი სამართლებრივი დაცვის საშუალება შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგებაა. ფორსმაჟორი (შესრულების არაბრალეული შეუძლებლობა) კი განსხვავებული სამართლებრივი წინაპირობებით წარმოიშობა, რომელიც თანმდევ შედეგად შესრულების ვალდებულებისაგან განთავისუფლებას მოიაზრებს“ (იხ. ჩიტაშვილი ნათია, სადისერტაციო ნაშრომი თემაზე „შეცვლილი გარემოებების გავლენა ვალდებულების შესრულებასა და მხარეთა შესაძლო მეორად მოთხოვნებზე“, თბილისი, 2014, გვ.16-17).
23. ნებისმიერ შემთხვევაში, ადაპტაციის შეუძლებლობისას, დაზარალებული მხარისათვის უცვლელად ხელმისაწვდომი რჩება ხელშეკრულებიდან გასვლის/ შეწყვეტის (გრძელვადიან ურთიერთობაში) მოთხოვნები (იხ. სუსგ №ას-211-2024, 26.04.2024 წ.).
24. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მსოფლიო პანდემია და მის საფუძველზე დაწესებული შიდასახელმწიფოებრივი შეზღუდვები წარმოადგენს საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და სსსკ-ის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს, თუმცა პანდემიის არსებობა თავისთავად არ გულისხმობს, რომ ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რაც იმ პერიოდში წარმოიშვა ან რომლიდან გამომდინარეც ვალდებულების შესრულების ვადა დადგა, უნდა დაექვემდებაროს სსკ-ის 398-ე მუხლით ცვლილებას ან მოვალე უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს ვალდებულების შესრულებისგან. ვალდებულმა პირმა შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით უნდა დაადასტუროს, რომ პანდემიისა და სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული შეზღუდვების შედეგები მასზე უარყოფითად აისახა და აღნიშნული გარემოებები პირდაპირ კავშირშია მოვალის მიერ შესასრულებელ ვალდებულებასთან (იხ. სუსგ №ას-1063-2021, 21.12.2022 წ.; №ას-7-2025, 13.05.2025 წ.).
25. დადგენილია, რომ მოპასუხე კომპანიამ ვალდებულება ვერც ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში და ვერც მას შემდეგ, ე.წ. „საშეღავათო პერიოდში“, ვერ შეასრულა, უფრო მეტიც, ვალდებულება აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგაც ვერ შესრულდა. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ხელშეკრულება მხარეთა შორის დადებულია 2020 წლის 19 აგვისტოს ანუ იმ პერიოდში, როდესაც პანდემიური პროცესები უკვე დაწყებული იყო, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ პანდემია, როგორც უცნობი, წინასწარ განუჭვრეტადი, დაუძლეველი ძალის მქონე მოვლენა, წარმოდგენილი გარიგებით გათვალისწინებული შესასრულებელი ვალდებულების მიმართ ე.წ. „ფორს მაჟორად“ იმთავითვე ვერ განიხილებოდა. ამასთან, მოპასუხემ ვერ დაადასტურა ვალდებულების შეუსრულებლობასა და პანდემიის საფუძველზე დაწესებულ შეზღუდვებს შორის კავშირის არსებობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მას ვალდებულება არ დაურღვევია (იხ. სუსგ №ას-7-2025, 13.05.2025 წ.).
26. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ხელშეკრულებიდან გასვლისთვის კანონით განსაზღვრული წინაპირობების არსებობის დადასტურება, რაც მან დაძლია, ხოლო კასატორმა მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, იმ გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, რაც სსკ-ის 352-ე, 405-ე მუხლების შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებასა და მოსარჩელისთვის გადახდილი თანხის დაბრუნებას გამორიცხავდა ან/და დააბრკოლებდა, სასამართლოს ვერ წარმოუდგინა.
27. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ მას მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო მოსარჩელისათვის თანხის დაბრუნება არ შეუძლია, სარჩელის უარყოფის საფუძველი ვერ გახდება, რადგან კასატორის ეს პრეტენზია სარჩელს არათუ გამორიცხავს, არამედ მის საფუძვლიანობას ადასტურებს.
28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ნაწილში შედავება არ წარმოუდგენია.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
30. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (სსსკ-ის 401.4 მუხლი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „მ.დ–ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. შპს „მ.დ–ს“ (ს/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ნ.ი–ძის (პ/ნ ........) მიერ, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „თიბისი ბანკში“ 23.09.2024 წლის N1 საგადასახადო დავალებით გადახდილი 1025.62 ლარის 70% 717.93 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი