Facebook Twitter

№ას-1425-2024

30 ოქტომბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „ვ.დ.ჯ.გ.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „დ.ს.კ.ი–ო“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შპს „ვ.დ.ჯ.გ–ის“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება

დავის საგანი - სადაზღვევო პრემიის გადახდა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. სს „დ.ს.კ.ი–ოს“ (შემდეგში: მოსარჩელე, მზღვეველი ან სადაზღვევო კომპანია) წარმომადგენელმა, 2023 წლის 20 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს „ვ.დ.ჯ.გ–ისათვის“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან დამზღვევი) სადაზღვევო პრემიის 11 599 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხის შესაგებელი

2.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ სცნო.

3. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სადაზღვევო კომპანიის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 11 599 ლარის გადახდა დაეკისრა.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 თებერვლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

4.2. მზღვეველსა და დამზღვევს შორის, 2021 წლის 14 ოქტომბერს, დაიდო დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე დაზღვეულია მოპასუხე კომპანიის თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა და უბედური შემთხვევისგან დამდგარი ზიანი. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა ერთი წლით, ყოველთვიურად 1 657 ლარის გადახდის პირობით.

4.3. მოპასუხემ დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში 8 285 ლარი გადაიხადა. გადასახდელი თანხა 11 599 ლარს შეადგენს.

4.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. იმავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).

4.5. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ მხარეებს შორის წარმოიშვა დაზღვევის სახელშეკრულებო ურთიერთობა; არ არსებობს არც მისი შეწყვეტის წინაპირობა და არც მხარეთა ნების გამოვლენა დაზღვევის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.

4.6. დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე, დამზღვევს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა სადაზღვევო პრემია 1 657 ლარი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადაში - ჯამში 19 884 ლარი; დადგენილია, რომ დამზღვევმა, დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში, 8 285 ლარი გადაიხადა, ხოლო გადასახდელი თანხა 11 599 ლარია. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე არ უარყოფს დავალიანების არსებობას, თუმცა მისი მითითებით, დამზღვევმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ შეძლო. სააპელაციო პალატამ აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობაში მხარის მძიმე ფინანსური მდგომარეობის არსებობა ვერ განიხილება ვალდებულების შეწყვეტის ან ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლების წინაპირობად. ზოგადად, ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა, როგორც შესრულების ობიექტური შეუძლებლობა, შეიძლება იყოს სხვა სახის მოთხოვნის დამაბრკოლებელი ერთგვარი შესაგებელი, როგორიცაა, მაგალითად, პირგასამტეხლოს, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, თუმცა ის ვერ გახდება მოვალის ძირითადი ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლების საფუძველი, მით უფრო, როდესაც ძირითადი შესრულება ფულად ვალდებულებას უკავშირდება. მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილია ძირითადი ვალდებულების შესრულება, რომლის დამაბრკოლებელ გარემოებად მოვალის მატერიალური მდგომარეობა ვერ განიხილება, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის მიერ ფინანსური სირთულეების თაობაზე ობიექტური გარემოებების არსებობა დამტკიცებული არ არის.

4.7. მოსარჩელემ სასამართლოს უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას. მოსამართლეს არა აქვს უფლება, საკუთარი ინიციატივით მოიძიოს სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი გარემოებები და შეაგროვოს მტკიცებულებები. თუ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულია ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ადასტურებენ მოთხოვნის არსებობას, მაშინ უკვე მოპასუხეზეა დამოკიდებული, ამ გარემოებების არსებობის უარყოფა (სუსგ #ას-559-2019, 04.12.2019 წ.).

4.8. მოცემულ შემთხვევაში დასტურდება, რომ დამზღვევს მზღვეველისათვის არ გადაუხდია სადაზღვევო პრემიის ნაწილი, 11 599 ლარი. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არსებობდა.

5. მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძვლები

5.1. მოპასუხე კომპანიამ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

5.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი მძიმე ფინანსური მდგომარეობა. ამასთან, არ არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა, ვადაგადაცილება მოპასუხე კომპანიისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოხდა.

6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

6.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა ან/და მის დამატებითი ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურ სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. საკასაციო პალატის არაერთ განჩინებაში განმარტებულია, რომ „სამართლებრივი დავისას სამოქალაქო საქმის განმხილველ მოსამართლეს ორი ამოცანა აქვს დასაძლევი: პირველ რიგში, მან უნდა გამოარკვიოს, თუ რა მოხდა სინამდვილეში. მეორე რიგში კი, მოსამართლემ სამართლებრივად უნდა შეაფასოს ფაქტობრივი გარემოებები და დაადგინოს, არსებობს თუ არა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. მოსარჩელემ სასამართლოს უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნას, მაშინ სარჩელი უკვე ამ საფუძველზევე არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასეთ შემთხვევაში მოსამართლეს არა აქვს უფლება, საკუთარი ინიციატივით მოიძიოს სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი გარემოებები და შეაგროვოს მტკიცებულებები. თუ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულია ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ადასტურებენ მოთხოვნის არსებობას, მაშინ უკვე მოპასუხეზეა დამოკიდებული, ამ გარემოებების არსებობის უარყოფა“ (იხ. თომას ჰერმანი, მტკიცებულებითი სამართალი, GIZ, თბილისი, 2016 წ., გვ.3-4).

11. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.; Nას-1449-2023, 9.02.2024წ.).

12. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მზღვეველსა და დამზღვევს შორის, 2021 წლის 14 ოქტომბერს, გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა ერთი წლით, ყოველთვიური სადაზღვევო პრემია 1657 ლარს შეადგენდა. დამზღვევმა მხოლოდ 8 285 ლარი გადაიხადა. ხელშეკრულების თანახმად დამზღვევს 19 884 ლარი უნდა გადაეხადა (12 თვე*1 657 ლ). შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიამ მოითხოვა გადაუხდელი თანხის 11 599 ლარის მოპასუხე კომპანიისათვის დაკისრება (19 884 ლ. – 8 285 ლ).

13. სსკ-ის 799-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია). დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივად მავალდებულებელი, კონსენსუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა (ირემაშვილი ქ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხლი 799, ველი 13, იხ. gccc.tsu.ge [ბოლო დამუშავება 14.03.2016წ.]).

14. დაზღვევის ხელშეკრულების სინალაგმატური ბუნება მხარეებისთვის ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების დაკისრებით გამოიხატება. მზღვეველი უფლებამოსილია, მოითხოვოს სადაზღვევო პრემიის გადახდა და ვალდებულია, აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანი. თავის მხრივ, დამზღვევი უფლებამოსილია, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და ვალდებულია, შეთანხმებული ჯერადობითა და ოდენობით იხადოს სადაზღვევო პრემია.

15. დაზღვევის ხელშეკრულების განმარტებისას უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს კეთილსინდისიერების პრინციპი. დაზღვევის ხელშეკრულებას ტრადიციულად მიაკუთვნებდნენ სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპზე დაფუძნებულ ხელშეკრულებათა რიცხვს. კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს დაზღვევის ხელშეკრულების მხარეებს, გულისხმიერებით მოეკიდონ ერთმანეთის ინტერესებს ხელშეკრულების მიმართ და არ დააბრკოლონ აღნიშნული ინტერესების რეალიზაცია (იხ. ქეთევან ირემაშვილი, https://gccc.tsu.ge/, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, 799-ე მუხლის კომენტარი, ველი 54, გვ. 14, ბოლო დამუშავება: 14 მარტი, 2016).

16. საკასაციო სასამართლოს განმარტების თანახმად, ხელშეკრულების დადების მომენტიდან მხარეები ვალდებულნი არიან შეუდგნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მათ არ შეუძლიათ ცალმხრივად თქვან უარი ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.

17. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად განმარტავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთლსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ ნორმის მოთხოვნის შეუსრულებლობა კი ვადის დარღვევაა.

18. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია, შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. შესრულების ვალდებულება კი პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს.

19. ხელშეკრულების მიხედვით მოპასუხემ იკისრა ვალდებულება თავისი თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა და უბედური შემთხვევისაგან დამდგარი ზიანის დაზღვევის სანაცვლოდ ერთი წლის განმავლობაში თვეში 1 657 ლარი გადაეხადა. დამზღვევმა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა და 8 285 ლარი (5 თვის სადაზღვევო პრემია) გადაიხადა.

20. მოპასუხე კომპანიის საკასაციო პრეტენზია შეეხება იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ მისი მძიმე ფინანსური მდგომარეობა არ გამოიკვლია და არ გაითვალისწინა. ამასთან, უსაფუძვლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა.

21. დამზღვევს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები და არც საკასაციო საჩივარშია გადმოცემული დასაბუთებული შედავება, ხოლო, სადაზღვევო პრემიის დაკისრების ნაწილში, ქვემდგომი სასამართლოების დასკვნები შეესაბამება მტკიცებულებათა შეფასების საპროცესო სტანდარტს (სსსკ-ის 105-ე მუხლი).

22. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ მას მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო მოსარჩელისათვის თანხის გადახდა არ შეეძლო, სარჩელის უარყოფის საფუძველი ვერ გახდება, რადგან კასატორის ეს პრეტენზია სარჩელს არათუ გამორიცხავს, არამედ მის საფუძვლიანობას ადასტურებს.

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო პრემიის გადახდა დაეკისრა. მას პირგასამტეხლოს გადახდა არ დაჰკისრებია, შესაბამისად, მისი პრეტენზია პირგასამტეხლოს დაკისრებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

25. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (სსსკ-ის 401.4 მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ვ.დ.ჯ.გ–ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. შპს „ვ.დ.ჯ.გ–ს“ (ს/ნ ..........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს შ.ბ–ძის (პ/ნ ......) მიერ, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „თიბისი ბანკში“ 04.12.2024 წლის N265 საგადასახადო დავალებით გადახდილი 580 ლარის 70% 406 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი