Facebook Twitter

საქმე №ას-1268-2023 12 დეკემბერი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ჯ.ს–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ძ–ვა(მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე – შპს „ჯ...“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ხელშეკრულების შეწყვეტილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - სარჩელის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ლ.ძ–ვამ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჯ...-ის“ (უფლებამონაცვლე შპს „ჯ.ს–ი“, შემდგომში - „მოპასუხე“, „კასატორი“) მიმართ ხელშეკრულების შეწყვეტილად ცნობის თაობაზე.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. ლ.ძ–ვასა და შპს „ჯ...“-ს შორის 2014 წლის 19 ნოემბერს დაიდო საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის წინასწარი ხელშეკრულება N J3/5-I-35, რომლის საფუძველზე მოსარჩელე გახდა ქ. თბილისში, .......... მისამართზე მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე (საკადასტრო კოდი #........).

2.2. ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ დალაგება-დასუფთავებისა და საერთო ქონების მოვლის მომსახურებაზე შესაბამისი საზღაურის გადახდით. 2018 წლის 24 სექტემბერს მოსარჩელემ მიმართა შპს „ჯ...“-ს მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით ხელშეკრულებით გათვალისწინებული ორწლიანი ვადის გასვლამდე 1 თვით ადრე წერილობითი შეტყობინების მიმართვის გზით, რაც მოპასუხეს ჩაბარდა 2018 წლის 25 სექტემბერს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადის დაცვით.

2.3. აღნიშნულის მიუხედავად მოპასუხე უგულებელყოფდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ აღნიშნულ უფლებას და უსაფუძვლოდ მოითხოვდა მოსარჩელისგან თანხის გადახდას.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3.2. 2014 წლის 19 ნოემბრიდან 2017 წლის დეკემბრამდე არ იხდიდა მომსახურების ყოველთვიურ გადასახადს. მას მხოლოდ 2017 წლის დეკემბერში აქვს გადახდილი მთლიანი დავალიანება 330 ლარი, 2018 წლის იანვარში 20 ლარი, 2018 წლის თებერვლიდან 2018 წლის ოქტომბრამდე არ იხდიდა მომსახურების გადასახადს, ხოლო 2018 წლის ოქტომბერში გადაიხადა 255 ლარი.

3.3. შესაგებლის თანახმად, მხარეთა შორის გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მოპასუხის მიერ გასაწევი სამუშაო ემსახურება საცხოვრებელი ტერიტორიის და მაცხოვრებლების კეთილდღეობას, საერთო საკუთრებაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობას, რომელიც მოსარჩელეს გააჩნია. იდენტური ხელშეკრულებებია გაფორმებული კორპუსის ყველა ბინის მესაკუთრესთან.

3.4. აღნიშნულის გათვალისწინებით მოცემული მომსახურება წარმოადგენდა არა ინდივიდუალურ მომსახურებას, არამედ საერთო ქონების თანამესაკუთრეების ერთიანი სურვილის საფუძველზე გაწეულ მომსახურებას. მოპასუხისაგან მომსახურების მიღებაზე ნება გამოხატა ყველა მესაკუთრემ. ვინაიდან ხელშეკრულება არ იყო ინდივიდუალური, შეწყვეტის შემთხვევაშიც, მოსარჩელე მაინც უწყვეტად მიიღებს მომსახურებას, ვინაიდან ხელშეკრულებით ხდება სადარბაზოს დალაგება, სკვერის გამწვანება და ა. შ.

3.5. 2016 წლის 14 მარტს შპს „ჯ...“-სა და შპს „ჯ.ს–ს“ შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს „ჯ...“-სა და ლ.ძ–ვას შორის 2014 წლის 19 ნოემბერს დადებული მომსახურების ხელშეკრულების უფლება-ვალდებულებები დაეთმო შპს „ჯ.ს–ს“. შესაბამისად, ის არ იმყოფება შპს „ჯ...“-თან სახელშეკრულებო ურთიერთობაში.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით ლ.ძ–ვას სარჩელი დაკმაყოფილდა. ლ.ძ–ვასა და შპს „ჯ...“-ს (უფლებამონაცვლე შპს „ჯ.ს–ი“) შორის 2014 წლის 19 ნოემბერს გაფორმებული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N J3/5-I-35 შეწყვეტილად იქნა აღიარებული 2018 წლის 19 ნოემბრიდან.

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით, გსასაჩივრა შპს „ჯ.ს–მა“. რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

5.2. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება მასზედ, რომ მოსარჩელე არ იყო უფლებამოსილი შეეწყვიტა სადავო ხელშეკრულება. სასამართლომ მოიხმო სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 327-ე, 361-ე და 50-ე მუხლები, რომლის შესაბამისადაც არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ ვინაიდან მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულების იდენტური ხელშეკრულებები დადებული იყო კორპუსის ყველა ბინის მესაკუთრესთან, მოცემული სერვისი წარმოადგენდა არა ინდივიდუალურ მომსახურებას, არამედ საერთო ქონების თანამესაკუთრეების ერთიანი სურვილის საფუძველზე გაწეულ მომსახურებას.

5.3. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ 2014 წლის 19 ნოემბრის ხელშეკრულება დაიდო შპს „ჯ...“-სა (უფლებამონაცვლე შპს „ჯ.ს–ი“) და ლ.ძ–ვას შორის. ამასთან, აღნიშნული ხელშეკრულება ითვალისწინებდა მხარის უარს ხელშეკრულების გაგრძელებაზე ერთთვიანი ვადის დაცვით. შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს დაცული ჰქონდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხელშეკრულების შეწყვეტის ერთთვიანი ვადა, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების კანონისმიერი საფუძვლები არ არსებობდა.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. კასატორი მოიხმობს გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სამართლებრივად არასწორად შეაფასა სადავო ფაქტობრივი გარემოებები, სახელდობრ, კასატორის მტკიცებით, სააპელაციო პალატამ სათანადოდ არ შეაფასა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა, რომლითაც ამხანაგობის ყველა წევრს ეკისრება საერთო საკუთრების პატივისცემისა და მოვლის ვალდებულება. ასევე არ შეაფასა მოსარჩელის ქმედება, მისი უფლების ბოროტად გამოყენების კონტექსტში, ვინაიდან ცალსახაა, რომ მომსახურების ხელშეკრულების გადახდის გარეშეც, მოსარჩელე კვლავ იღებს იმ სერვისს რასაც თავიდან იღებდა, თუმცა ამჯერად მხოლოდ სხვა მოსახლეების გადახდილი საფასურის ხარჯზე.

6.2. კასატორი ამტკიცებს, რომ არასწორია სასამართლოს დასკვნა თითქოს სადავო გარიგება მხოლოდ ინდივიდუალურ გარიგებას წარმოადგენდა, ვინაიდან საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ იდენტური გარიგებები ასევე დადებულია სხვა ყველა იმ პირთან, რომელიც კომპლექსში ცხოვრობს, შესაბამისად ხელშეკრულების შეწყვეტა შეუძლია თავად ამხანაგობას და არა რომელიმე კონკრეტულ წევრს. კასატორის მტკიცებით, მოსარჩელემ ბინა სწორედ იმიტომ შეიძინა ამ კონკრეტულ დასახლებაში, რომ გააჩნია განსხვავებული და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, ამიტომ ცალსახაა, რომ კასატორის მიერ გაწეული მომსახურება ზრდის, როგორც მოსახლეობის ქონების ღირებულებას ასევე, მიმზიდველს ხდის მას.

6.3. კასატორი არ იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში მოყვანილ მსჯელობას ხელშეკრულების 2018 წლის 19 ნოემბრიდან შეწყვეტილად ცნობას და განმარტავს, რომ ამ თარიღის შემდგომ მოსარჩელე კვლავაც იხდიდა მომსახურების გარკვეულ თანხებს, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ თავად ლ.ძ–ვაც აცნობიერებდა ხელშეკრულების შეწყვეტის შეუძლებლობას და თავს ვალდებულად თვლიდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები.

6.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით შპს „ჯ.ს–ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე განხილულია დაუშვებელი სარჩელი, შესაბამისად, როგორც გასაჩივრებული განჩინება, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

7. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის, საკითხის შემოწმება, სამართლის საკითხია და, აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

8. ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად. პალატა განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს იმ იურიდიული შედეგების მიღწევადობა, რისი დადგომაც სურს მოსარჩელეს ამგვარი აღიარებით. იურიდიული ინტერესი არ განისაზღვრება მხოლოდ პირის სუბიექტური დამოკიდებულებით, ანუ მხოლოდ მისი სურვილით, არამედ, აუცილებელია მისი ობიექტური მხარეც. ობიექტური თვალსაზრისით, ინტერესი მოიცავს შედეგს, რომელიც კონკრეტული აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში ობიექტურად მიიღწევა. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე # ას-664-635-2016, 02.03.2017წ; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: # ას-437-409-17 29.09.17, #-ას 916-857-17 12.09.17, #ას-302-285-17, 16.06.17, #ას-244-232-17 19.05,17 #ას-937-887-2015, 10.11.2015წ.; # ას- 17-14-2015, 01.07.2015წ.; # ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; # ას-869-819-2015, 11.12.2015წ.; # ას- 773-730-2015, 08.09.205წ.; # ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; # ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; # ას-323-308, 2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.6.2016წ; # ას-375-359-2016, 17.06.2016წ).

9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის სახეებად დაყოფას (მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი) პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია და უზრუნველყოფს პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვას. როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, პროცესის ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს. პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელი არ იყო დასაშვები, რადგანაც ის არ პასუხობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მოთხოვნებს. ამ ნორმის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში უნდა ყოფილიყო აღნიშნული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელი შემდეგი კრიტერიუმები: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა... (შდრ.სუსგ # ას-838-802-2014, 19.03.2015წ.).

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

11. პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელით მოსარჩელის ინტერესი - თავი დააღწიოს 2014 წლის 19 ნოემბერს შპს „ჯ...“-სთან გაფორმებულ ხელშეკრულებას და სამომავლოდ არ დაეკისროს მომსახურების თანხის გადახდა, ვერ მიიღწევა. მოცემულ შემთხვევაში, ირკვევა, რომ მოდავე მხარეთა შორის 2014 წლის 19 ნოემბერს მართლაც დაიდო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ იკისრა ამ ხელშეკრულებით და მისი დანართით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა ორი წლის განმავლობაში. ამასთან, ხელშეკრულების 11.4. მუხლის, როგორც სიტყვა-სიტყვითი ასევე აზრობრივი განმარტებიდან, ცალსახად და მკაფიოდ დგინდება რომ წინამდებარე ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდება იგივე ვადით, თუ რომელიმე მხარე ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე წერილობით არ განაცხადებდა უარს ხელშეკრულების გაგრძელებაზე. სადავო არ არის, რომ 2018 წლის 24 სექტემბერს შპს „ჯ.ს–სა“ და შპს „ჯ...“-ს მსგავსი შინაარსის განცხადებებით მიმართა ლ.ძ–ვამ და მოითხოვა შპს „ჯ...“-თან (უფლებამონაცვლე შპს „ჯ.ს–ი“) 2014 წლის 19 ნოემბერს გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტა. მხარეები დამატებით პირობაზე არ შეთანხმებულან და მოსარჩელე უთითებდა, რომ გამოიყენა მისთვის ხელშეკრულებით მინიჭებული გასვლის უფლება, რაც გამორიცხავდა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების მოქმედების გაგრძელებას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თუ როგორც ამას მოსარჩელე უთითებს 2014 წლის 19 ნოემბრის მომსახურების ხელშეკრულება მხარეთა შორის შეწყვეტილია აღნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლით, მაშინ წინამდებარე სარჩელის აღძვრისა და ამგვარი ფაქტის სასამართლო წესით დადასტურების მიზანი არ არსებობს, ვინაიდან მოსარჩელეს უფლებაში არ ედავებიან. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სამომავლოდ მას შეიძლება შეედავონ უფლებაში, ამ შემთხვევაში, მას უფლება აქვს დაეყრდნოს ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო ვალდებულების არარსებობის ფაქტს და არ გადაიხადოს მომსახურების ღირებულება, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს წარდგენილი სარჩელის იურიდიული ინტერესი არ არსებობას. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ ცალმხრივი ნების გამოვლენის შედეგად, ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობა გარანტირებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დებულებებით, ხოლო მოსარჩელე მხარის მხრიდან არ არის დასაბუთებული ცალმხრივი ნების გამოვლენის შედეგად რატომაა მოსარჩელისთვის შეუძლებელი სადავო ხელშეკრულების შეწყვეტა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.

12. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი განუხილველად უნდა დარჩენილიყო საქმისწარმოების პირველივე ეტაპზე. შესაბამისად, არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების (რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება) გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი, რამდენადაც მიღებული განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

13. ამასთან, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან, საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე მუხლებითა და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმისწარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და მასში ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზეა საუბარი, თუმცა ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის მე-7 მუხლი) იმ შემთხვევისათვის, როდესაც იკვეთება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა (შდრ.სუსგ-ები №ას-302-285-2017, 16 ივნისი, 2017 წელი; №ას-551-522-2015, 14 აგვისტო, 2015 წელი).

14. ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო დაესაბუთებინა აღიარებითი მოთხოვნის მიმართ მისი ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა, როგორც აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღებისა და განხილვის აუცილებელი წინაპირობა [სსსკ-ის 178.1 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის 186.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი (სარჩელის აღძვრის დროს მოქმედი რედაქცია)].

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 187.2-ე, 257.1, 264.3, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ჯ.ს–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება;

3. ლ.ძ–ვას სარჩელი დარჩეს განუხილველი;

4. შპს „ჯ.ს–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 16.08.2023წ. №0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი