Facebook Twitter

საქმე №ას-1240-2025 12 დეკემბერი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ–სი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1.სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ–სის“ მიმართ, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. მოსარჩელეს მითითებით, მხარეთა შორის, 2020 წლის 13 იანვარს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N21 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბალანსზე რიცხული, სხვადასხვა მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების (საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით მომსახურება) შესყიდვა, სავარაუდო ღირებულებით 100 000 ლარი. აღნიშნული ხელშეკრულების 3.2.6. ქვეპუნქტის მიხედვით, მომსახურების გაწევის ვადები სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში, განსაზღვრული იყო არაუმეტეს 30 კალენდარული დღით.

2.2. იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ვანის სახანძრო-სამაშველო განყოფილების კუთვნილი „მიცუბიში პაჯეროს“ მარკის ავტომანქანას (სახ.ნ. .....) ესაჭიროებოდა სავალი ნაწილების, სამუხრუჭე და ელექტრო სისტემის შეცვლა-შეკეთება. სადავო ავტომანქანა N21 ხელშეკრულების ფარგლებში შევიდა ქ. ქუთაისის შპს „მ–სის“ სერვის-ცენტრში შემოწმება-შეკეთების მიზნით, სადაც დადგინდა შემდეგი სახის დაზიანებები: მწყობრიდან იყო გამოსული მცოცავი ქურო (მახავიკი) და მუხრუჭის ABC სისტემა. იქიდან გამომდინარე, რომ მცოცავი ქურო განეკუთვნება დეფიციტური კატეგორიის სათადარიგო ნაწილს და უნდა მოძიებულიყო ქვეყნის საზღვრების გარეთ, ამასთან, დაზიანებული დეტალი არ იყო გათვალისწინებული მოქმედი ხელშეკრულების პრეისკურანტში და საჭირო გახდა შემდგარიყო მხარეებს შორის შეთანხმება, ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

2.3. შპს „მ–სის“ მიერ გამოიწერა შესაბამისი დეფექტური აქტი და ინვოისი, რის საფუძველზეც 17.07.2020 წელს ხელი მოეწერა მხარეებს შორის შეთანხმებას. აღნიშნული შეთანხმებით, მოპასუხემ აიღო ვალდებულება 17.07.2020 წლიდან ეწარმოებინა ყველა სამუშაო, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. შპს „მ–ისის“ მიერ წარმოდგენილი შესაკეთებელი ნაწილის შეკვეთის აქტით გაირკვა, რომ მოპასუხემ ნაწილი შეუკვეთა 28.08.2020 წელს, ხოლო შპს „მ–სის“ მიერ სადავო მანქანა შეკეთდა 06.10.2020 წელს - 51 დღის ვადაგადაცილებით.

2.4. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების მესამე მუხლის 3.2.6. ქვეპუნქტი (მომსახურების გაწევის ვადები), რის საფუძველზეც აღნიშნული ხელშეკრულების მეცხრე მუხლის 9.3 პუნქტის შესაბამისად, შპს „მ–სს“ 17.08.2020 წლიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.10% ოდენობით (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარი), რაც შეადგენდა 5100 ლარს. მოპასუხეს 06.11.2020 წლის წერილით და სატელეფონო საუბრით ეცნობა ზემოაღნიშნული მოთხოვნა და განესაზღვრა პირგასამტეხლოს გადახდის ვადა.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ.

3.2. შესაგებლის თანახმად, სერვისცენტრში შეყვანილ ავტომანქანას სჭირდებოდა დეფიციტური ნაწილი, რომელიც საზღვარგარეთ შეუკვეთეს. ნაწილი მიიღეს 2020 წლის 30 სექტემბერს, ხოლო მანქანის შეკეთება დასრულდა 6 ოქტომბერს. ვადის გადაცილება გამოიწვია ობიექტურმა გარემოებამ - დეფიციტური ნაწილის არქონამ. შესაბამისად, არ უნდა დამდგარიყო მათი პასუხისმგებლობის საკითხი. მოპასუხემ აგრეთვე მიუთითა, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენდა და მისი დაანგარიშება უნდა მომხდარიყო არა სახელშეკრულებო თანხის სრული ოდენობიდან, არამედ შესასრულებელი სამუშაოს საფასურიდან, ვადაგადაცილებულ დღეზე 0.10% ოდენობით, რაც ჯამში შეადგენდა 333 ლარს.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე, შპს „მ–სს“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასარგებლოდ დაეკისრა 333 ლარის გადახდა.

4.2. აღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით, გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 აგვისტოს განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

5.2. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 8 ნოემბრის განჩინებით, შპს „მ–სის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2024 წლის 20 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს დაკისრება არა შეუსრულებელი (დაგვიანებული) ვალდებულების მოცულობის, არამედ ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან, იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.

5.3. მოხმობილ სასამართლო განჩინებაში განვითარებული სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად განისაზღვრა ვადაგადაცილებულ დღეთა გათვალისწინებით, შეუსრულებელი ვალდებულების პროპორციული თანხა - 333 ლარი, რაც პალატამ დარღვევის თანაზომიერად მიიჩნია, და არ დაეთანხმა აპელანტის მოთხოვნას მხარისთვის პირგასამტეხლოს სახით, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.10% ოდენობით (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარი) - 5100 ლარის დაკისრების თაობაზე შედავებას.

5.4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, რომლითაც ითხოვს, გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. კასატორი არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განხორციელებულ სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო ძალიან სიმბოლურია და არ უზრუნველყოფს ვადის დამრღვევი პირისთვის შესაბამის სანქცირებას. მისივე მტკიცებით, სასამართლო უხეშად ჩაერია მხარეთა ნების ავტონომიასა და ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპში.

6.2. კასატორი აცხადებს, რომ სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოპასუხემ იკისრა ავტომობილის 30 დღის ვადაში შეკეთების ვალდებულება (რადგან ნაწილი იყო დეფიციტური და საჭირო იყო მისი სხვა ქვეყანაში შეძენა). მიუხედავად ნაკისრი ვალდებულებისა მოპასუხემ შეთანხმების გაფორმებიდან 1 თვისა და 21 დღის შემდეგ განახორციელა ნაწილის უცხოეთში შეძენა (2020 წლის 28 აგვისტოს), ხოლო ავტომობილის შეკეთება 51 დღის ვადაგადაცილებით - 2020 წლის 10 ოქტომბერს განხორციელდა. მიუხედავად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა სააპელაციო პალატამ საწინააღმდეგო შინაარსის გადაწყვეტილება მიიღო და მხარეს მხოლოდ 333 ლარის ოდენობის პირგასამტეხლო დააკისრა.

6.3. კასატორის მტკიცებით, მოპასუხეს არანაირი მტკიცებულება წარმოუდგენია იმის სამტკიცებლად, თუ რამ განაპირობა სამუშაოების 51 დღის დაგვიანებით შესრულება, ეს რელევანტურია რადგან ძირითად ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელებისთანავე მოპასუხემ იცოდა, თუ რა სახის სამუშაო უნდა შეესრულებინა, თუმცა იგი არაკეთილსინდისიერად მოეკიდა ნაკისრ ვალდებულებებს და ნაწილი მხოლოდ 1 თვისა და 21 დღის შემდგომ შეუკვეთა.

6.4. კასატორი ყურადღებას მიაპყრობს სამსახურის დანიშნულებას, და აღნიშნავს, რომ ავტომობილების გამართული ფუნქციონირება საჯარო ინტერესშია, მოპასუხის ქმედებამ კი მისი საქმიანობის გამართული ფუნქციონირების შესაძლებლობა საკმაოდ გრძელვადიანი პერიოდით ხელყო.

6.5. კასატორი ამტკიცებს, რომ გასაჩივრებული განჩინებით არასწორად მოხდა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენება ვინაიდან უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის შესაბამისად, განსხვავებული პრაქტიკაა დადგენილი მეწარმე სუბიექტისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ.

6.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 24 სექტემბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

11. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:

- შსს სსდ „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს“ და შპს „მ–სს“ შორის, 2020 წლის 13 იანვარს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N21 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბალანსზე რიცხული, სხვადასხვა მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების (საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით მომსახურება) შესყიდვა, სავარაუდო ღირებულებით 100 000 ლარი. აღნიშნული ხელშეკრულების 3.2.6. ქვეპუნქტის მიხედვით, მომსახურების გაწევის ვადები სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში, განსაზღვრული იყო არაუმეტეს 30 კალენდარული დღით;

- იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ვანის სახანძრო-სამაშველო განყოფილების კუთვნილი „მიცუბიში პაჯეროს“ მარკის ავტომანქანას (სახ.ნ. ......) ესაჭიროებოდა სავალი ნაწილების, სამუხრუჭე და ელექტრო სისტემის შეცვლა-შეკეთება. სადავო ავტომანქანა N21 ხელშეკრულების ფარგლებში შევიდა ქ. ქუთაისის შპს „მ–სის“ სერვის-ცენტრში შემოწმება-შეკეთების მიზნით, სადაც დადგინდა შემდეგი სახის დაზიანებები: მწყობრიდან იყო გამოსული მცოცავი ქურო (მახავიკი) და მუხრუჭის ABC სისტემა;

- იქედან გამომდინარე, რომ მცოცავი ქურო განეკუთვნება დეფიციტური კატეგორიის სათადარიგო ნაწილს და უნდა მოძიებულიყო ქვეყნის საზღვრების გარეთ ამასთან, დაზიანებული დეტალი არ იყო გათვალისწინებული მოქმედი ხელშეკრულების პრეისკურანტში, საჭირო გახდა შემდგარიყო მხარეებს შორის შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;

- შპს „მ–სის“ მიერ, 07.07.2020 წელს გამოიწერა შესაბამისი დეფექტური აქტი, ასევე 06.10.2020წ. ინვოისი და შესრულებული სამუშაოს აქტი, რაც ხელმოწერილი იქნა მხარეთა მიერ. აღნიშნული შეთანხმებით შეკეთების ღირებულება განისაზღვრა 6536,43 ლარი. მოპასუხემ აიღო ვალდებულება ეწარმოებინა ყველა სამუშაო, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, კერძოდ, 07.07.2020 წლიდან;

- შპს „მ–ისის“ მიერ წარმოდგენილი შესაკეთებელი ნაწილის შეკვეთის აქტით გაირკვა, რომ მოპასუხის მიერ ნაწილი შეკვეთილი იქნა 28.08.2020 წელს (ს.ფ.29);

- შპს „მ–სის“ მიერ სადავო მანქანა შეკეთდა 06.10.2020 წელს - 51 დღის ვადაგადაცილებით;

- მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების მესამე მუხლის 3.2.6. ქვეპუნქტი (მომსახურების გაწევის ვადები), რის საფუძველზეც აღნიშნული ხელშეკრულების მეცხრე მუხლის 9.3 პუნქტის შესაბამისად, შპს „მ–ს“ 17.08.2020 წლიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.10% ოდენობით (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარი), რამაც შეადგინა 5100 ლარი;

- მოპასუხეს, 06.11.2020 წლის წერილით და სატელეფონო საუბრით ეცნობა ზემოაღნიშნული მოთხოვნა და განესაზღვრა პირგასამტეხლოს გადახდის ვადა;

- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით: 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; 2. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; 3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად; 4. შპს „მ–სის“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასარგებლოდ, დამატებით დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 4767 ლარის გადახდა (5100-333=4767); 5. შპს „მ–სის“, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 333,69 ლარის გადახდა;

- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 20 მარტის განჩინებით, შპს მ–სის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ამავე სასამართლოს 2023 წლის 20 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება;

- აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა შპს „მ–სმა“ და გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმება მოითხოვა;

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 8 ნოემბრის განჩინებით, შპს „მ–სის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2024 წლის 20 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს;

- საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს დაკისრება არა შეუსრულებელი (დაგვიანებული) ვალდებულების მოცულობის, არამედ ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან, იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.

12. სამართლებრივი შედეგი, რისი მიღწევაც კასატორს სურს, კერძოდ, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) 417-ე-418-ე მუხლები და (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) 420-ე (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლებიდან გამომდინარეობს.

13. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის, 2020 წლის 13 იანვარს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N21 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბალანსზე რიცხული, სხვადასხვა მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების (საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით მომსახურება) შესყიდვა, სავარაუდო ღირებულებით 100 000 ლარი. აღნიშნული ხელშეკრულების 3.2.6. ქვეპუნქტის მიხედვით, მომსახურების გაწევის ვადები სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში, განსაზღვრული იყო არაუმეტეს 30 კალენდარული დღით. იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ვანის სახანძრო-სამაშველო განყოფილების კუთვნილი „მიცუბიში პაჯეროს“ მარკის ავტომანქანას (სახ.ნ. .......) ესაჭიროებოდა სავალი ნაწილების, სამუხრუჭე და ელექტრო სისტემის შეცვლა-შეკეთება. სადავო ავტომანქანა N21 ხელშეკრულების ფარგლებში შევიდა ქ. ქუთაისის შპს „მ–სის“ სერვის-ცენტრში შემოწმება-შეკეთების მიზნით, სადაც დადგინდა შემდეგი სახის დაზიანებები: მწყობრიდან იყო გამოსული მცოცავი ქურო (მახავიკი) და მუხრუჭის ABC სისტემა. იქიდან გამომდინარე, რომ მცოცავი ქურო განეკუთვნებოდა დეფიციტური კატეგორიის სათადარიგო ნაწილს და უნდა მოძიებულიყო ქვეყნის საზღვრების გარეთ ამასთან, დაზიანებული დეტალი არ იყო გათვალისწინებული მოქმედი ხელშეკრულების პრეისკურანტში, საჭირო გახდა შემდგარიყო მხარეებს შორის შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. შპს „მ–სმა“ 07.07.2020 წელს გამოწერა შესაბამისი დეფექტური აქტი, რაც ხელმოწერილი იქნა მხარეთა მიერ. აღნიშნული შეთანხმებით მოპასუხემ აიღო ვალდებულება 2020 წლის 17 ივლისიდან, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, ეწარმოებინა ყველა სამუშაო. შპს „მ–ისის“ მიერ წარმოდგენილი შესაკეთებელი ნაწილის შეკვეთის აქტით გაირკვა, რომ მოპასუხემ ნაწილი შეუკვეთა 2020 წლის 28 აგვისტოს, ხოლო სადავო მანქანა შეკეთდა 2020 წლის 6 ოქტომბერს.

14. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო – 333 ლარამდე დაუსაბუთებლად შეამცირა, რა დროსაც თვითნებურად ჩაერია მხარეთა ნების ავტონომიაში და სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის საწინააღმდეგოდ განმარტა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი. საკასაციო საჩივრის შესწავლისა და საქმის მასალების ყოველმხრივი შესწავლის შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარე დავობს არა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს დაუსაბუთებლად შემცირების, არამედ პირგასამტეხლოს გამოთვლის მართლზომიერების შესახებ, რადგან ერთი მხრივ, უთითებს, რომ დეფიციტური ნაწილი მოპასუხემ შეუკვეთა დაგვიანებით, ხოლო მეორე მხრივ, ზოგადად უთითებს რომ პირგასამტეხლო დაუსაბუთებლად შემცირდა.

15. დავის საგნის სწორად განსაზღვრის მიზნით, საკასაციო პალატა მოიხმობს, მოცემულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2024 წლის 8 ნოემბერს მიღებულ განჩინებას, რომლითაც შპს „მ–სის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2024 წლის 20 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. ამავე განჩინებით, საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს დაკისრება არა შეუსრულებელი (დაგვიანებული) ვალდებულების მოცულობის, არამედ ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან, იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. აღნიშნული სამართლებრივი შეფასება, სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსთვის და სწორედ მისი გათვალისწინებით იხელმძღვანელა პალატამ, როდესაც აღნიშნა, რომ მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ დღეთა გათვალისწინებით მართებულად განისაზღვრა, შეუსრულებელი ვალდებულების პროპორციული თანხით - 333 ლარი, რაც სადავო დარღვევასთან მიმართებით თანაზომიერ ოდენობად იქნა მიჩნეული. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ამ ნაწილშიც, პალატის მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება კი არ მოხდა (მხარეს ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა 0.10% დაეკისრა), არამედ მისი გამოთვლის ფორმა დადგინდა - არა ხელშეკრულების სრული ოდენობიდან, არამედ შესასრულებელი ვალდებულების მოცულობიდან, რასაც საკასაციო პალატა სრულიად კანონშესაბამისად მიიჩნევს და ადგენს, რომ ამ მიმართებით კასატორის საკასაციო პრეტენზიას წარმატების პერსპექტივა არ გააჩნია.

16. რაც შეეხება კასატორის შედავების მეორე ნაწილს, რომელიც ასევე მიემართება პირგასამტეხლოს გამოთვლის ფორმის სისწორეს და არა მისი შემცირების მართლზომიერებას, სახელდობრ, ამ ნაწილში საკასაციო პალატამ უნდა დაადგინოს, რამდენად სწორად მოხდა პირგასამტეხლოს დაკისრება მხოლოდ 6 დღის დაგვიანებისთვის, რაც დეფიციტური ნაწილის ჩამოსვლიდან (2020 წლის 30 სექტემბერი) მანქანის შეკეთების დასრულებამდე (2020 წლის 6 ოქტომბერი) პერიოდით გამოითვალა. ამ ნაწილში კასატორის პრეტენზია ისაა, რომ მხარეთა შორის დამატებითი შეთანხმების გაფორმებისას მოპასუხემ უკვე იცოდა რა სამუშაოც უნდა შეესრულებინა, თუმცა დეფიციტური ნაწილის გამოწერა მოხდა შეთანხმების გაფორმებიდან - 2020 წლის 17 ივლისიდან 1 თვისა და 11 დღის შემდგომ.

17. საკასაციო პალატა მოიხმობს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველ ნაწილს, (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) და ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილსა (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას) და ამავე კოდექსის 52-ე მუხლებს (ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან), რომელთა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან სუბსუმირების შედეგად, მიიჩნევს, რომ 2020 წლის 17 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა დამატებითი შეთანხმება, აღნიშნული შეთანხმებით მოპასუხემ აიღო ვალდებულება 2020 წლის 17 ივლისიდან, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში - 30 დღეში, ეწარმოებინა ყველა სამუშაო, რაც ნების გონივრული განსჯისა და საწინააღმდეგო მტკიცებულების/გარემოების საქმის მასალებში არარსებობის პირობებში ნიშნავს, რომ ეს ვადა მოიცავდა, როგორც ნაწილის შეკვეთის, ასევე სამუშაოების შესრულების სრულ ვადას. საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე გამხდარა სადავო და საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებითაც დასტურდება, რომ მოპასუხემ ნაწილი შეიძინა (გამოიწერა) 2020 წლის 28 აგვისტოს (იხ. ტომი I, ს.ფ. 29), ხოლო ავტომანქანის შეკეთება დაასრულა 2020 წლის 6 ოქტომბერს ანუ - 51 დღის ვადაგადაცილებით.

18. მოხმობილი მსჯელობის შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გამოთვალეს მხარეთა შორის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობის განსასაზღვრად საჭირო ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა 51 დღით და არა 6 დღით, როგორც ამას კასატორი უთითებს, რადგან ცალსახაა, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული ვალდებულების შესრულების ვადა მოპასუხეს უნდა აეთვალოს დამატებითი შეთანხმების გაფორმების დღიდან 2020 წლის 17 ივლისიდან, რაც ნიშნავს, რომ მხარეს ხელშეკრულებით შეთანხმებული 30 დღიანი შესრულების ვადაში (2020 წლის 17 აგვისტო) არ დაეკისრება პირგასამტეხლო. ხოლო 2020 წლის 18 აგვისტოდან 2020 წლის 6 ოქტომბრამდე პერიოდი - სულ 51 დღე არის ვადაგადაცილების პერიოდი, რაც სააპელაციო პალატასაც მართებულად აქვს გამოთვლილი.

19. რაც შეეხება მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობას, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას და აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. სუსგ №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.; №ას-1274-2022, 22.11.2022წ.; №ას-1245-2022, 9.03.2023წ.). პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება (იხ.: სუსგ №ას-1597-2019, 13.12.2019წ.; №ას-89-2024, 12.04.2024წ.; №ას-65-2024, 15.04.2024წ.). როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (იხ: ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე, იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ.).

20. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტებით, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის გაითვალისწინება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე, გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე დაასკვნის, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რამდენსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს (შდრ. ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 604- 605).

21. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლო შეადგენდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,10%, რომელიც უკვე მოვიდა სასამართლოს პრაქტიკასთან შესაბამისობაში და მისი ოდენობის გამოთვლა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 8 ნოემბრის განჩინებით ხელშეკრულების შეუსრულებელი ღირებულებიდან დადგინდა, რაც საკასაციო პალატის შეფასებით, სავსებით კანონშესაბამისია. პალატა დასძენს, რომ კასატორის შედავებას არ აქვს წარმატების პერსპექტივა, რადგან არასწორია საკასაციო საჩივარში მოყვანილი მსჯელობა დაკისრებული პირგასამტეხლოს არაგონივრულ ოდენობამდე შემცირების შესახებ, რაც თითქოს წინააღმდეგობაში მოდის მეწარმე სუბიექტისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობის შესახებ დადგენილ უახლეს სასამართლო პრაქტიკასთან. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ მომხდარა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თვითნებური გამოყენება, რადგან მოხდა არა ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს პროცენტული ოდენობის (0,10%), არამედ მისი გამოთვლის მეთოდის სასამართლო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანა. მეტიც, მოპასუხეს სრული ვადაგადაცილებისთვის - 51 დღე, დაეკისრა სწორედ პირგასამტეხლოს ის ოდენობა, რაც ხელშეკრულებით იყო შეთანხმებული - 6536.43 ლარი (შეუსრულებელი ღირებულება) * 0,10 % (შეთანხმებული პირგასამტეხლო) = 6,53 ლარი; 6,53*51 = 333 ლარი, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ აქვს წარმატების პერსპექტივა.

22. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

23. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

24. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. იხ. სუსგ-ები: №ას-189-2022, 16 სექტემბერი, 2022 წელი, №ას-310-2022, 16 დეკემბერი, 2022 წელი, პ.18; №ას-889-2022, 23 მარტი, №ას-65-2024, 15 აპრილი, 2024 წ., 2023წ; №ას-65-2024, 15 აპრილი, 2024 წ; №1519-2023, 21 ივნისი, 2024 წ; №485- 2024, 28 ივნისი, 2024 წ. №ას-189-2022, 16 სექტემბერი, 2022 წელი,.პ.20-21., №ას-889-2022, 23 მარტი, 2023 წ)., ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი