Facebook Twitter

საქმე №ას-390-2024 12 დეკემბერი, 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ბ.კ–ძე (მოპასუხე)

თავდაპირველი მოპასუხეები - რ.შ–ძე, რ.შ–ძე, ქ.კ–ძე, მ.შ–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ფ–ო“ (სს „თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლე) (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. შპს „ფ–ომ“ სარჩელი აღძრა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში რ.შ–ძის, რ.შ–ძის, ქ.კ–ძის, მ.შ–ძისა და ბ.კ–ძის მიმართ თანხის დაკისრების, უფლებამონაცვლედ ცნობისა და ქონების საკუთრებაში აღრიცხვის მოთხოვნით.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. 2018 წლის 17 აპრილს, სს „თ.ბ–სა“ და ი.შ–ძეს შორის გაფორმდა №3860401-9793780 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა 2017 წლის 6 ივნისს სს „თ.ბ–სა“ და ი.შ–ძეს შორის გაფორმებული №0112.3860401.001 საკრედიტო პროდუქტის მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის ძალითაც მსესხებელზე გაიცა სესხი 15 000 ლარის ოდენობით, 36 თვით, საპროცენტო განაკვეთი: წლიური 20%. მხარეები ასევე შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზეც.

2.2. იმავე დღეს, სს „თ.ბ–ს“, რ.შ–ძეს, ქ.კ–ძესა და ბ.კ–ძეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები №1231232251367, №1231232251378, №1231232252373, სს „თ.ბ–სა“ და ი.შ–ძეს შორის გაფორმებული №3860401-9793780 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, თითოეულ შემთხვევაში თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 19 500 ლარით.

2.3. მსესხებელი ი.შ–ძე გარდაიცვალა 2019 წლის 28 ივლისს. მის თანასაკუთრებაში ირიცხებოდა ზესტაფონის რაიონის სოფელ ......... მდებარე უძრავი ქონება ს/კ. N.........

2.4. ი.შ–ძის კუთვნილი წილი ფაქტობრივი ფლობით მიიღეს მისმა მემკვიდრეებმა და ასევე ამავე ქონების თანამესაკუთრეებმა - მეუღლემ რ.შ–ძემ და შვილმა რ.შ–ძემ, ასევე, ი.შ–ძის მეორე შვილმა მ.შ–ძემ, რომლებიც იყვნენ მისი უფლებამონაცვლეები.

2.5. მსესხებელსა და თავდებებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები, მიეცათ ვადა ვალდებულების შესასრულებლად და გაფრთხილდნენ მოსალოდნელ შედეგებზე, თუმცა, უშედეგოდ.

3. მოპასუხეთა პოზიცია:

3.1. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ი.შ–ძეს ნამდვილად ჰქონდა სესხის ხელშეკრულება, თუმცა, ასევე ჰქონდა სიცოცხლის დაზღვევა და იხდიდა შესაბამის თანხებს. შესაბამისად, ი.შ–ძის გარდაცვალების შემდგომ, ბანკმა დავალიანება უნდა აინაზღაუროს სიცოცხლის დაზღვევიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბანკის მოთხოვნას თავდებებზე თანხის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოდ მიიჩნევდნენ.

3.2. შესაგებლით ასევე, შედავებულია ი.შ–ძის კუთვნილ წილზე (N.......) მოპასუხეთა მემკვიდრედ ცნობის ფაქტი, და აღნიშნულია, რომ აღნიშნული ქონება წარმოადგენდა რ.შ–ძის მამა-პაპისეულ სახლს და მამის გარდაცვალების შემდეგ მიიღო მან. ქონება არსებულ მდგომარეობაში დახვდა ი.შ–ძეს, რ.შ–ძესთან ქორწინების დროს და ი.შ–ძეს ამ ქონების მიმართ კანონიერი უფლებები არ გააჩნდა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით სს „თ.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. რ.შ–ძე და რ.შ–ძე ცნობილი იქნენ ი.შ–ძის (გარდაცვალების აქტის N27197000495, გარდაცვალების რეგისტრაციის თარიღი 30 ივლისი 2019 წელი) უფლებამონაცვლეებად და გარდაცვლილი ი.შ–ძის დანაშთი სამკვიდრო - საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების მისი კუთვნილი 1/3 წილი - მდებარე: ზესტაფონი, სოფელი ......., ს.კ. ........ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღირიცხა რ.შ–ძისა და რ.შ–ძის თანასაკუთრებაში. მოპასუხეებს რ.შ–ძეს, ქ.კ–ძეს, ბ.კ–ძესა და რ.შ–ძეს სს „თ.ბ–ის“, სასარგებლოდ, N3860401-9793780 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ სესხის ძირი თანხის 10 225,45 ლარის, პროცენტის 1 036, 33 ლარის, პირგასამტეხლოს 505, 46 ლარის (ჯამში 11 767, 24 ლარი) გადახდის ვალდებულება. ამავე გადაწყვეტილებით, რ.შ–ძის პასუხისმგებლობა განისაზღვრა მიღებული სამკვიდროს ფარგლებში, რაც წარმოადგენდა უძრავი ქონების ს/კ ....... 1/6 ნაწილს. სს „თ.ბ–ის“ მოთხოვნები მოპასუხე მ.შ–ძის მიმართ არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით, უცვლელი დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 16 იანვრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.

4.2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით, გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

5.2. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მსესხებელმა ი.შ–ძემ დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გრაფიკით გათვალისწინებული თანხების გადახდის ვალდებულება და კრედიტის თანხა ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადაში არ გადაიხადა, რის გამოც შპს „ფ–ოს“ (სს „თ. ბ–ის“ უფლებამონაცვლე) მოთხოვნის უფლება მსესხებლის მიმართ იყო წარმოშობილი და საფუძვლიანი ძირი თანხის - 10 225,45 ლარის დაკისრების ნაწილში.

5.3. სარჩელით მოთხოვნილ საპროცენტო სარგებელთან დაკავშირებით, პალატამ აღნიშნა, რომ მხარეები შეთანხმდნენ მყარ საპროცენტო განაკვეთებზე - წლიურ 20%-ზე. ამდენად, ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდზე დარიცხული გადაუხდელი საპროცენტო სარგებლის - 1036,33 ლარის მოპასუხეებისათვის დაკისრება სრულად გამომდინარეობდა მხარეთა შეთანხმებიდან და არ ეწინააღმდეგებოდა კანონს. რაც შეეხება მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლოს მოპასუხეებისთვის დაკისრების საკითხს, პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხეებს დავალიანების ოდენობა სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი მიუთითებდნენ მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ საბანკო კრედიტზე დადებული იყო სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება, რის გამოც მათ არ უნდა დაჰკისრებოდათ დავალიანების თანხები. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა - 505,46 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დასაბუთებული და გონივრულია იყო.

5.4. სააპელაციო პალატამ, ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ, მართალია, სს „თ.ბ–სა“ და ი.შ–ძეს შორის 06.07.2017წ. დადებული №0112.3860401.001 საკრედიტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების მე-10 პუნქტით გათვალისწინებული იყო, რომ ბანკს უფლება (და არა ვალდებულება) ჰქონდა ნებისმიერ დროს მოეთხოვა კლიენტისათვის ბანკის მიერ განსაზღვრული პირობების შემცვლელი სადაზღვევო პოლისის წარდგენა. თუმცა, აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე 17.04.2018წ. დადებული №3860401-9793780 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, მხარეები არ შეთანხმებულან მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის თაობაზე და შესაბამისად, არც სესხის გადახდის გრაფიკში არ იყო გათვალისწინებული ყოველთვიურად სიცოცხლის დაზღვევის თანხის შესაბამისი შენატანი. ამასთან, სხვა რაიმე მტკიცებულება იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ სადავო სესხთან დაკავშირებით გაფორმებული იყო დაზღვევის ხელშეკრულება რომელიმე სადაზღვევო კომპანიასთან, რომლის შესაბამისადაც მსესხებელი იხდიდა სადაზღვევო შესატანს (პრემია), საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა, რის გამოც პალატამ დაადგინა, რომ არ არსებობდა ამ მოტივით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

5.5. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატამ აგრეთვე იმსჯელა მოპასუხეებისთვის, როგორც მსესხებლის მემკვიდრეებისთვის სადავო თანხების დაკისრების მართლზომიერებასთან დაკავშირებით, მიხმო სამოქალაქო კოდექსის 1488-ე, 1489-ე მუხლები და დაასკვნა, რომ მოთხოვნა ამ ნაწილშიც დასაბუთებული იყო. ეს დასკვნა დაემყარა იმ გარემოებებს, რომ მამკვიდრებელს კრედიტორის ვალი ჰქონდა, რომელიც მას სიცოცხლეში არ გაუსტუმრებია, მამკვიდრებელი გარდაიცვალა და, შესაბამისად, სამკვიდრო გაიხსნა 2019 წლის 28 ივლისს, საქმეზე უდავო გარემოება იყო, რომ მემკვიდრეებს - მოპასუხეებს რ.შ–ძეს და რ.შ–ძეს სამკვიდრო მიღებული ჰქონდათ ფაქტობრივი ფლობით, ასევე საქმეზე დადგინდა, რომ კრედიტორმა სარჩელი აღძრა 15.01.2020წ., ანუ 6 თვის ვადაში და ამ გზით განახორციელა პრეტენზიის წარდგენა მამკვიდრებლის მემკვიდრეებისათვის, რაც სარჩელს დასაბუთებულს ხდიდა.

5.6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს ბ.კ–ძემ, რ.შ–ძემ, რ.შ–ძემ და ქ.კ–ძემ.

5.7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 21 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი რ.შ–ძის, რ.შ–ძისა და ქ.კ–ძის მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველი, მათთვის სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. კასატორი ბ.კ–ძე, როგორც თავდები, უთითებს მისთვის ვალდებულების დაკისრების გამომრიცხავ გარემოებაზე და აცხადებს, რომ მსესხებელს ჰქონდა სიცოცხლის დაზღვევა, რაც მისი გარდაცვალების შემთხვევაში, ვალდებულების სადაზღვევო კომპანიის მიერ ანაზღაურების ვალდებულებას უზრუნველყოფდა.

6.2. კასატორის აზრით, მხოლოდ ის გარემოება, რომ 2018 წლის 17 აპრილის ხელშეკრულება მხარეები არ შეთანხმებულან სიცოცხლის დაზღვევაზე, არ ნიშნავს, რომ მხარეებს შორის არ არსებობდა ამგვარი შეთანხმება, ვინაიდან სადავო ხელშეკრულებით წარმოადგენდა 2017 წლის 6 ივნისის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მასზე ვრცელდებოდა ძირითადი ხელშეკრულების ყველა პირობა.

6.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 13 მაისის განჩინებით, ბ.კ–ძის საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც საქმეზე დადგენილად მიიჩნევა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილი შემდეგი გარემოებები:

- 2017 წლის 6 ივნისს, სს „თ.ბ–სა“ და მსესხებელ ი.შ–ძეს შორის გაფორმდა №0112.3860401.001 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, 2018 წლის 17 აპრილს, სს „თ.ბ–სა“ და მსესხებელ ი.შ–ძეს შორის გაფორმდა №3860401-9793780 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. სესხის თანხა განისაზღვრა 15 000 ლარის ოდენობით, 36 თვით, საპროცენტო განაკვეთი-წლიური 20%, პირგასამტეხლო - 20 ლარი გრაფიკის დარღვევისას და დავალიანების თანხის 0% ყოველ ვადაგადაცილებული დღისთვის, ვადაგადაცილებული 1 დღის შემდგომ, დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის (ტომი II, ს.ფ. 21-44);

- 2018 წლის 17 აპრილს, სს „თ.ბ–სა“ და ი.შ–ძეს შორის გაფორმებული №3860401-9793780 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, იმავე დღეს, სს „თ.ბ–მა“ რ.შ–ძესთან, ქ.კ–ძესთან და ბ.კ–ძესთან გააფორმა №1231232251367, №1231232251378 და №1231232252373 თავდებობის ხელშეკრულებები. თითოეული თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 19 500 ლარით (იხ. ტომი II, ს.ფ. 45-56);

- მსესხებელმა ი.შ–ძემ არ შეასრულა ვალდებულება კრედიტის თანხის გადახდის თაობაზე, 2019 წლის 15 ივლისს დაარღვია კრედიტის დაფარვის გრაფიკი და 2019 წლის 27 დეკემბრის მდგომარეობით, კრედიტორის წინაშე მოპასუხეთა დავალიანებამ შეადგინა 11 767.24 ლარმა, საიდანაც 10 225.45 ლარი არის კრედიტის ძირითად თანხა, 1 036.33 ლარი - დარიცხულ საპროცენტო სარგებელი, ხოლო 505.46 ლარი - დარიცხული პირგასამტეხლო (იხ. ტომი II, ს.ფ. 57, 69);

- საბანკო კრედიტის დავალიანების გადახდის მოთხოვნით, სს „თ.ბ–მა“ 13.11.2019წ. შეტყობინებები გაუგზავნა ი.შ–ძეს, რ.შ–ძეს, ქ.კ–ძესა და ბ.კ–ძეს, რაც ჩაბარდათ ადრესატებს კანონით დადგენილი წესით (ზოგ შემთხვევაში პირადად, ზოგ შემთხვევაში კი ოჯახის წევრებს) (იხ. ტომი II, ს.ფ. 60-64);

- მსესხებელი ი.შ–ძე გარდაიცვალა 2019 წლის 28 ივლისს (იხ. ტომი II, ს.ფ. 65);

- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს წარმოების ეტაპზე, 31.08.2021წ. სს „თ.ბ–მა“ განსახილველი სარჩელით სადავო მოთხოვნებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება დაუთმო შპს „ფ.ბ–ოს“ (რეორგანიზაციის შემდგომ შპს „ფ–ო“), რის გამოც მოცემულ დავაში შპს „ფ–ო“ ცნობილი იქნა სს „თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლედ.

12. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი მხოლოდ ძირითადი მოვალის მიერ გადაუხდელი ვალდებულების თავდებისთვის სოლიდარულად დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 625.1 (მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი), 891-ე (თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად), 895-ე (თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა), 896-ე (თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ), 898.1 (თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე). საკასაციო პალატა აქვე უთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მას უფლება არ აქვს გასცდეს საკასაციო საჩივრის ფარგლებს, რის გამოც, სასამართლო შეზღუდულია, მხოლოდ თავდების მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებით.

13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თავდებობა ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალებაა სამოქალაქო ბრუნვაში. მისი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ თავდები კისრულობს ვალდებულებას, პასუხის აგოს კრედიტორის წინაშე, მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. სანივთო უზრუნველყოფისაგან განსხვავებით, თავდებობა პიროვნული უზრუნველყოფის საშუალებად გვევლინება (იხილეთ: ლ.ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, თბილისი, 2012 წ., გვ.182; ირ.რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი (თანაავტორობით), თბილის, 2014 წ., გვ.546.), რომლის დროსაც კრედიტორის შესრულების ინტერესის ურზუნველსაყოფად გადამწყვეტი მნიშვნელობა თავდების გადახდისუნარიანობას ენიჭება (იხ. სუსგ №ას-726-2019, 05 ივლისი, 2019წ.).

14. თავდებობა, როგორც კრედიტის უზრუნველყოფის პიროვნული (პირადი) საშუალება, რომლის სუბიექტები (კონტრაჰენტები) თავდები პირი და კრედიტორი არიან, დამოუკიდებელი ხელშეკრულებაა. თავდებობის ხელშეკრულება შესაძლოა ვალდებულების წარმოშობამდეც გაფორმდეს და, როგორც დამოუკიდებელი ხელშეკრულება, სამართლებრივ საფუძველს (კაუზას) თავის თავშივე ატარებს, ამასთან, ცალმხრივად მავალდებულებელია (იხ. სუსგ №ას-1172-2018, 08 თებერვალი, 2019წ.). მოვალის მონაწილეობა თავდებობის ხელშეკრულების გაფორმებაში არ არის აუცილებელი, თუმცა შესაძლებელია, სამმხრივი ხელშეკრულება დაიდოს ერთდროულად მოვალის, კრედიტორისა და თავდების მონაწილეობით. თავდების როლში შესაძლოა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები გამოვიდნენ. კანონი ამ კუთხით რაიმე შეზღუდვას არ ითვალისწინებს (იხ. სუსგ-ები: №ას-132-2019, 30 ივნისი, 2021 წ.; №ას-1114-2020, 24 დეკემბერი, 2020 წ).

15. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 893-ე მუხლის შესაბამისად, თავდებობის ხელშეკრულება უზრუნველყოფს კრედიტორის წინაშე მოვალის ვალდებულების შესრულებას. ამასთან, თავდებობის ხელშეკრულება იდება კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული ვალდებულების საფუძველზე და დამოკიდებულია ძირითად ხელშეკრულებაზე, ანუ თავდებობა აქცესორული ხასიათისაა. შესაბამისად, როდესაც წყდება ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, წყდება ასევე თავდების ვალდებულებაც. თავდებობის აქცესორული ბუნება იმპერატიული ხასიათისაა და მხარეთა შეთანხმებით მისი შეზღუდვა, ანდა გამორიცხვა უზრუნველყოფის სახის ცვლილებას განაპირობებს (შდრ. სუსგ-ები: №ას-836-802-2016, 20 იანვარი, 2016წ; № ას-97-2019, 05 ივლისი, 2019 წ; №ას-726-2019, 05 ივლისი, 2019წ). თავდებობის მთავარი ელემენტი არის მისი აქცესორული/დამხმარე ხასიათი (იხ. The Suertyship in the Law of the Member States of the European Communities – Commission of the European Communities, 1971, Study prepared by the "Max-Planck-lnstitut für ausländisches und internationales Privatrecht", Hamburg – par.20, 43, 53, 58; იხ. სუსგ №ას-1172-2018, 08 თებერვალი, 2019წ.).

16. თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის აუცილებელია, იგი სამოქალაქო კოდექსის 891-ე და 892-ე მუხლით დადგენილ წინაპირობებს აკმაყოფილებდეს. თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მის წერილობით ფორმას განსაზღვრავს, ასევე, მოითხოვს თავდების განცხადებას და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითებას (სსკ-ის 892-ე მუხლი) ( იხ. სუსგ-ები: №ას-1338-2021, 18 ივლისი, 2022 წ.; №ას-4-2022, 13 ოქტომბერი, 2022 წ.; №ას-1801-2019, 28 მაისი, 2020 წ.).

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელმა თავდები პირის სამართლებრივი დაცვის მექანიზმი გაითვალისწინა, როდესაც დაადგინა თავდებობის ხელშეკრულების წერილობითი ფორმა და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითების სავალდებულოობა. ამ დამცავი ნორმის ფუნქცია სწორედ იმაში გამოიხატება, რომ თავდებმა იცის მისი პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა (სამოქალაქო კოდექსის 892 მუხლი, 898-1 მუხლი) და თავდებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა. ძირითადი მოვალის მიერ თავდებობის ხელშეკრულების შემდეგ კრედიტორთან გარიგების დადება ვერ მოახდენს გავლენას თავდები პირის იმ პასუხისმგებლობაზე, რაც მან წინასწარ, კრედიტორის მიერ მოვალისათვის კრედიტის სამომავლოდ გაცემამდე იკისრა, რადგან მისი პასუხისმგებლობა უკვე შემოფარგლულია მის მიერ წერილობით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე კრედიტორთან სწორედ იმ ზღვრული (მაქსიმალური) თანხით, რაც თავდებობით იკისრა; თავდების პასუხისმგებლობა ვრცელდება კრედიტორის მიერ ძირითადი მოვალისათვის თავდებობის ფარგლებში გაცემული მაქსიმალური თანხის ფარგლებში გასაცემ ყველა კრედიტზე (შესაძლოა არაერთი გარიგების ფარგლებში), რომელზეც პასუხისმგებლობა იკისრა თავდებმა და ამ ფარგლებში მოვალისათვის გაცემულ თითოეულ კრედიტზე აღარ არსებობს დამატებით თავდებობის ხელშეკრულების გაფორმების საჭიროება (შდრ: სუსგ №ას-1033-2022, 28 აპრილი, 2023 წ.).

18. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თავდებობა შეიძლება იყოს სუბსიდიური და სოლიდარული. სუბსიდიური თავდებობის შემთხვევაში, კრედიტორი არ არის უფლებამოსილი, ძირითადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით მიმართოს თავდებს, თუ მან ძირითადი მოვალის მიმართ არ სცადა იძულებითი აღსრულება. იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორი ძირითადი მოვალის მიმართ სასამართლოსადმი მიმართვის გზით შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა, მაგრამ აღნიშნული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდება, მას უფლება აქვს მიმართოს თავდებს ძირითადი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. სუბსიდიური თავდებობა, თანამედროვე საქმიან ურთიერთობებში არაპრაქტიკულად მიიჩნევა და შესაბამისად ნაკლები დაინტერესებით გამოირჩევა. შესაძლებელია, რამდენიმე სოლიდარულმა თავდებმა იკისროს ძირითადი ვალდებულების ნაწილის უზრუნველყოფა. ასეთ შემთხვევაში კრედიტორს უფლება ექნება, ნებისმიერი თავდებისგან მოითხოვოს იმ ოდენობის შესრულება, რაც მათ თანათავდებობით იკისრეს. მიუხედავად იმისა, რომ ვალდებულების შესრულების სრულ ღირებულებასთან მიმართებაში საქმე გვაქვს წილობრივ პასუხისმგებლობასთან, თანათავდებების მიერ ვალდებულების ნაკისრი წილის ფარგლებში, საქმე გვაქვს სოლიდარულ ვალდებულებასთან (იხ. სუსგ №ას-559-2019, 04 დეკემბერი, 2019 წ.).

19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, პასუხის აგოს მოვალის მაგივრად კრედიტორის წინაშე, თუმცა კანონმდებელი თავდებს კრედიტორის მოთხოვნისაგან თავდაცვის საშუალებებსაც ანიჭებს. ასეთ საშუალებად გვევლინება შესაგებლის წარდგენის უფლება. შესაგებელი, მატერიალური სამართლის თვალსაზრისით, მოვალის შემხვედრი უფლებაა, რომელიც შესრულებაზე დროებით, ანდა ხანგრძლივად უარის თქმის უფლებას იძლევა. თავდები უფლებამოსილია, კრედიტორს წარუდგინოს ყველა ის შესაგებელი, რომელიც მასა და კრედიტორს შორის არსებული თავდებობის ურთიერთობიდან გამომდინარეობს. აღნიშნული რეგულირების საფუძვლად თავდებობის აქცესორული ბუნება გვევლინება. კანონმდებელი აღნიშნული რეგულირებით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ თავდებობა სხვისი ვალის შესრულების უზრუნველყოფას ემსახურება და, შესაბამისად, კრედიტორს თავდების მიმართ უფლების განხორციელების თვალსაზრისით იმაზე კარგი უფლებები არ უნდა ჰქონდეს, ვიდრე მას მოვალის მიმართ აქვს. (შდრ: სუსგ №ას-1329-2019, 12 აპრილი, 2019 წ.).

20. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმის მასალებში განთავსებულ საკრედიტო ხელშეკრულების შემადგენელი 2018 წლის 17 აპრილის, №1231232252373 თავდებობის ხელშეკრულებას (იხ. ტ.1.ს.ფ.32-33), რომლითაც კასატორმა გამსესხებლის წინაშე სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა, რის საფუძველზეც გამსესხებელს უფლება მიენიჭა, თავდებისთვის მოთხოვნა მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე, წაეყენებინა. იმავე ხელშეკრულების თანახმად, მსესხებლის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში, გამსესხებელი უგზავნის თავდებს წერილობით მოთხოვნას დავალიანების დაფარვის ან მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ვადამდე შესრულების შესახებ, რომელშიც მოცემული იქნება მოთხოვნის დღისათვის თავდების მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა. ხოლო თითოეული თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 19 500 ლარით. პალატის აზრით, დაუსაბუთებელია კასატორის შედავება კრედიტორის მიერ სესხის ვალდებულების დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმის მასალებში წარმოდგენილი შეუცილებადი მტკიცებულებით დასტურდება, რომ საბანკო კრედიტის დავალიანების გადახდის მოთხოვნით, სს „თ.ბ–მა“ 13.11.2019წ. შეტყობინებები გაუგზავნა ი.შ–ძეს, რ.შ–ძეს, ქ.კ–ძესა და ბ.კ–ძეს, რაც ჩაბარდათ ადრესატებს კანონით დადგენილი წესით (ზოგ შემთხვევაში პირადად, ზოგ შემთხვევაში კი ოჯახის წევრებს) (იხ. ტომი II, ს.ფ. 60-64). შესაბამისად, ვინაიდან თავდებობის ხელშეკრულება დადებულია წერილობითი ფორმით, მასში განსაზღვრულია თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა და კრედიტორის მიერ გაგზავნილია შეტყობინება ვალდებულების დარღვევის შესახებ, ამასთან, თავდებმა იკისრა სოლიდარული თავდებობა, პალატა მიიჩნევს, რომ მის მიმართ სადავო თანხის გადახდის დაკისრება მოხდა კანონიერად და საფუძვლიანად.

21. საკასაციო პალატა ასევე, არ იზიარებს თავდების არგუმენტს სიცოცხლის დაზღვევის არსებობის გამო, მისი ვალდებულების გამორიცხვის თაობაზე და განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივად მავალდებულებელი, კონსენსუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. მზღვეველი უფლებამოსილია მოითხოვოს სადაზღვევო პრემიის გადახდა და ვალდებულია აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანი, დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. თავის მხრივ, დამზღვევი უფლებამოსილია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და ვალდებულია, შეთანხმებული ჯერადობითა და ოდენობით იხადოს სადაზღვევო პრემია. დაზღვევის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების განსაზღვრისას ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს სამი დამოუკიდებელი ეტაპი, კერძოდ: დაზღვევის ხელშეკრულების დადება, სადაზღვევო პერიოდის დაწყება და მზღვეველის ვალდებულების წარმოშობა. ქართულ სასამართლო პრაქტიკაში დაზღვევის ხელშეკრულებას რეალურ ხელშეკრულებად მიიჩნევენ და აღნიშნავენ, რომ დაზღვევის ხელშეკრულება იურიდიულ ძალას იძენს არა მხარეთა შეთანხმებისთანავე, არამედ მხოლოდ სადაზღვევო პრემიის გადახდის შემდეგ (სუსგ საქმე №ას-85-81-2013, №ას-663-624-2011). ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს სამოქალაქო კოდექსის მხოლოდ 816-ე მუხლში გათვალისწინებული რეგულირება ქმნის. თუმცა, 816-ე მუხლის განმარტებისას მნიშვნელოვანია სამოქალაქო კოდექსის 806-ე მუხლის პირველი ნაწილის მხედველობაში მიღება, რომლის თანახმად, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დაზღვევა იწყება დაზღვევის ხელშეკრულების დადების დღის ოცდაოთხ საათზე. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმის მასალებში წარმოდგენილ 2017 წლის 6 ივნისს, სს „თ.ბ–სა“ და მსესხებელ ი.შ–ძეს შორის გაფორმებულ №0112.3860401.001 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებას, რომლის არცერთი პირობა არ ითვალისწინებს მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის შესაძლებლობებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სესხის გადახდის გრაფიკი, რომლის ცხრილშიც მართალია შაბლონურად არის მითითებული სიცოცხლის დაზღვევის გრაფა, თუმცა მასში არ არის დათვლილი და განსაზღვრული ყოველთვიური გადახდის გრაფიკი (იხ. ტომი 1., ს.ფ. 46), რაც ნიშნავს, რომ სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება, როგორც რეალური გარიგება, არც ხელშეკრულების დადებით და არც პრემიის გადახდის შედეგად არ წარმოშობილა და შესაბამისად, ვერც თავდების პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოება იქნებოდა.

22. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან. კასატორს აგრეთვე არ წარმოუდგენია დასაბუთებული პოზიცია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით.

24. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. კასატორი, „ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე და 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ბ.კ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი