საქმე №ას-127-2024 12 დეკემბერი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.კ.უ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1 სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „ს.კ.უ–ის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების სახით 33 687 ლარის გადახდის დაკისრება.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა“ და სს „ს.კ.უ–ს“ შორის, 2021 წლის 31 დეკემბერს, გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება, რომლითაც დაიზღვა საჯარო რეესტრის კუთვნილი MITSUBISH-ის მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით .......
2.2. 2022 წლის 25 აგვისტოს დადგა სადაზღვევო შემთხვევა. მძღოლი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გადაადგილდებოდა მეორეხარისხოვან გზაზე, სადაც მოულოდნელად გადაურბინა ძაღლმა, მან დაჯახების თავიდან არიდების მიზნით, მოახდინა მანევრირება და შეეჯახა იქვე მდებარე ელექტროგადამცემ ბოძს, რის შედეგადაც მანქანა დაზიანდა.
2.3. სადაზღვევო კომპანიის 2022 წლის 7 ოქტომბრის წერილით, საჯარო რეესტრს უარი ეთქვა ზარალის ანაზღაურებაზე. მასში მითითებულია, რომ ავტომანქანის დაზიანება არ არის მომხდარი დაზღვევის წარმომადგენლის მიერ განცხადებულ ადგილზე და მითითებულ გარემოებებში, მაგრამ თუ დავუშვებთ, რომ ავტომანქანის დაზიანება მომხდარია მძღოლის მიერ განცხადებულ ადგილას და მის მიერ განმარტებულ გარემოებებში, შემთხვევა გამოწვეული იქნებოდა სწორედ საგზაო მოძრაობის წესების უხეში დარღვევით.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3.2. შესაგებლის თანახმად, წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდებოდა, რომ მძღოლი მივლინებული იქნა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისათვის, არც ის დასტურდებოდა, რომ მძღოლს მოძრაობისას გადაურბინა ძაღლმა, საჯარიმო ქვითარში მითითებულია რომ ბ.გ–ძემ ვერ დაიმორჩილა საჭე და შეეჯახა ელ. გადამცემ ბოძს. ანალოგიურია მითითებული ასევე ბ.გ–ძესთან გასაუბრების ოქმშიც. მოპასუხის მტკიცებით, იმ შემთხვევაში თუ ადგილი ექნებოდა რეალურად ცხოველის გადარბენას და მისთვის თავის არიდების მცდელობას, მაშინ მძღოლი ვალდებული იყო ამდაგვარი განმარტება მიეცა საპატრულო პოლიციისათვის, რაც არ მომხდარა.
3.3. მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ ზიანის გაანგარიშების ფორმას და წესს და მიუთითა, რომ შპს „კ.მ–ის“ ინვოისში არ არის მითითებული თუ როგორ არის დათვლილი ავტონაწილების ფასები. ამასთან, მოპასუხე მიიჩნევდა, რომ ავტომანქანის ზიანის ოდენობა - 33 687 ლარი, საბაზრო ფასებთან შეუსაბამო და არაგონივრულია, რადგან ზიანის საერთო ოდენობა ჯამში არანაირად არ უნდა იყოს 6000 ლარზე მეტი, მისი აღდგენითი სამუშაოების გათვალისწინებით. გარდა ამისა, მოპასუხე უთითებდა, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდებოდა, აღნიშნული ნაწილების დაზიანება და ასეთი დაზიანება სამართალდარღვევის პირდაპირი და უშუალო შედეგი იყო თუ არა.
3.4. მოპასუხის მითითების ზიანის დადგომისა და მიზეზშედეგობრიობის დადგენის შემთხვევაშიც, სადაზღვევო შემთხვევა არ დაექვემდებარებოდა ანაზღაურებას, ვინაიდან შემთხვევა გამოწვეული იყო მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარჩელი მოპასუხე სს „ს.კ.უ–ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდა.
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. შედეგად, სს „ს.კ.უ–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 33 687 ლარის ოდენობით.
5.2. სააპელაციო პალატამ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: სადაზღვევო კომპანიამ მომხდარი ავტოშემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის მოტივად მიუთითა, პირველი: რომ შემთხვევა მოხდა მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობის გამო და მეორე: რომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები გამორიცხავდა გაცხადებულ შემთხვევასა და ფოტოებზე ნაჩვენებ დაზიანებებს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობას, ვინაიდან დასკვნის თანახმად, ავტომობილზე არსებული დაზიანების ფართობის, ზომების, სიძლიერის, ტიპის, ხარისხის, ელექტრო სისტემის ბოძის ზომების, მისი დაზიანების, ფიზიკური მდგომარეობისა და შემთხვევის ადგილზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ყველა ის დაზიანება, რომელიც მოცემული იყო შემთხვევის განცხადების ადგილზე გადაღებულ ფოტოებზე და დოკუმენტებში, არ იყო მიყენებული მოცემული შემთხვევის დროს, ასევე, არ იყო შემთხვევის განცხადების ადგილზე შეჯახებისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ჩამონაყარი, ადგილზე არ ისახებოდა ავტომობილის საღებავების კვალი და არ ჰქონდა მნიშვნელოვანი დაზიანებები. შესაბამისად, მზღვეველმა მიიჩნია, რომ ავტომანქანის დაზიანება არ მომხდარა ფოტოებზე ნაჩვენებ და დოკუმენტებში მითითებულ ავტომანქანის დგომის ადგილას.
5.3. მზღვეველის არგუმენტაციის საპირწონედ, სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო საქმის მასალებში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას, და აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა 2022 წლის 25 აგვისტოს, ექსპერტიზის ჩატარების მიზნით მხარემ მიმართა 2022 წლის 28 სექტემბერს, ექსპერტიზა კი, ჩატარდა წარდგენილი ფოტომასალის, მოქალაქესთან გასაუბრების ოქმის, ალკოტესტის შედეგისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე დაყრდნობით. პალატამ მიუთითა, რომ ექსპერტიზას შემთხვევის ადგილი არ დაუთვალიერებია და არ ყოფილა იმწუთიერი ანუ შემთხვევის დროს ჩატარებული. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნა ჩატარდა შემთხვევიდან 34 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ, ცხადია, დასკვნაში ვერ აისახებოდა ის ვითარება, რაც ავტოსაგზაო შემთხვევის დღეს მოხდა, მით უფრო ფოტომასალაში ასახულ მინდორში შეუძლებელია გამოჩენილიყო ავტომანქანის დაზიანების შედეგად მიმოფანტული ნაწილები მათი ზომის გათვალისწინებით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ექსპერტიზის დასკვნა იყო დაუსაბუთებელი და ვერ ასახავდა რეალურ ვითარებას. ამასთან, პალატა აღნიშნავდა, რომ მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო აგრეთვე მისი მოსაზრების შესაბამისი მტკიცებულებებით გაქარწყლება, თითქოს ავტოსაგზაო შემთხვევა სხვა ადგილას მოხდა, რაც არ უნდა გამხდარიყო ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
5.4. რაც შეეხება სადაზღვევო კომპანიის მეორე არგუმენტს მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ დასკვნებს მოპასუხის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძვლების არსებობასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ წინამდებარე საქმეში სახეზე იყო მძღოლის მარტივი და არა უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული სადაზღვევო შემთხვევა. პალატამ ყურადღება მიაპყრო მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების პირობებს, რომელთა თანახმად, ხელშეკრულების პირველი მუხლით გაიწერა სადაზღვევო რისკები, სადაც „ა“ პუნქტად მითითებულია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (არ აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით ხდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა), მიუხედავად იმისა დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა, თუ იმყოფებოდა გაჩერებულ მდგომარეობაში. ამ დათქმასთან მიმართებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ 2022 წლის 25 აგვისტოს, საქართველოს შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს ასურეთის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის პოლიციის უფროსი ლეიტენანტის მიერ შედგა ბ.გ–ძის გასაუბრების ოქმი, სადაც მიეთითა, რომ დასაქმებულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, უძრავი ქონების ამგეგმავის თანამდებობაზე, ამავე დღეს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ......., რა დროსაც გადაადგილდებოდა სამსახურის კუთვნილი ავტომანქანით. სოფელ კოდაში გამავალ მეორეხარისხოვან საავტომობილო გზაზე ვერ უზრუნველყო საჭის სწორად მართვა და შეეჯახა ელექტროენერგიის გადამცემ ბოძს, რის შედეგადაც დაზიანდა ავტომანქანის წინა ნაწილი.
5.5. ამ მიმართებით პალატამ დასძინა, რომ ბრალეულობის საკითხის შეფასებისას სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ ფაქტებს: დაზღვეულ ავტომობილს მართავდა უფლებამოსილი მძღოლი; ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას; ავტოსაგზაო შემთხვევისას მძღოლი იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში; მძღოლი მოძრაობდა დასაშვები სიჩქარით საკუთარ ზოლში; მეორეხარისხოვან საავტომობილო გზაზე ვერ უზრუნველყო საჭის სწორად მართვა და შეეჯახა ელექტროენერგიის გადამცემ ბოძს; ავტოსაგზაო შემთხვევისას მძღოლს არ აღენიშნებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. სასამართლოს აზრით, საქმის მასალებით იკვეთებოდა ფაქტების ერთობლიობა, რომელსაც ვერ გადაწონიდა ექსპერტის მიერ გამოთქმული მოსაზრება, თითქოს საქმის მასალების გათვალისწინებით, იქმნებოდა დამზღვევის მოქმედების მარტივ და არა უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასების საშუალება. ამდენად, მოსარჩელის ფხიზელ მდგომარეობაში და დასაშვები სიჩქარით მოძრაობისა, და მანევრირების წესების დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე არ მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით, რაც სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად ვერ იქნებოდა განხილული.
5.6. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებისა და შესაბამისად მოპასუხის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძვლების არარსებობის პირობებში სააპელაციო პალატამ იმსჯელა ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობაზე, რა დროსაც სრულად გაიზიარა მოსარჩელის მიერ მითითებული ზიანის ოდენობის მართებულობა, ვინაიდან შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით, აღნიშნული კალკულაციის საპირწონედ მოპასუხეს არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება.
5.7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა სს „ს.კ.უ–მა“, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო პალატამ საქმე განიხილა სამოქალაქო კოდექსის ნორმათა უხეში დარღვევებით, რაც საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი უნდა გახდეს.
6.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მთელი დასაბუთება აგებულია საქმის მასალებში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის კრიტიკაზე, რასაც კასატორი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის უგულებელყოფად აფასებს. კასატორი ამტკიცებს, რომ შეუძლებელია ექსპერტი ყველა სადაზღვევო შემთხვევის ადგილზე გამოცხადდეს მყისიერად, რათა შეისწავლოს შემთხვევა. დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ექსპერტი დასკვნას ადგენს ფოტოსურათების თუ სხვა სახის დოკუმენტაციის შეჯერების შედეგად. კასატორი ამტკიცებს, რომ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე აბსოლუტურ უმრავლესობაში, იდენტური ტექნიკით შედგენილი დასკვნა არის წარდგენილი, რის გამოც მის გაზიარებაზე უარი ეწინააღმდეგება საღ აზრს. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნა უნდა შეაფასოს მხოლოდ შინაარსობრივი თვალსაზრისით და შემდეგ იმსჯელოს მის დასაბუთებულობაზე.
6.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 4 მარტის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, სს „ს.კ.უ–ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
11. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:
- მოდავე მხარეებს შორის ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის თანახმად, დამზღვევის ვალდებულებას წარმოადგინა სადაზღვევო პრემიის შეტანა, ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში. ხოლო მზღვეველი მოვალე იყო აენაზღაურებინა დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. დადგენილია, რომ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დადგა ზიანი, კერძოდ, მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის დროსაც დაზიანდა სს „ს.კ.უ–ში“ დაზღვეული ავტომანქანა, რომელსაც მართავდა პოლისით უფლებამოსილი მძღოლი. დამზღვევის მიერ სადაზღვევო პრემიის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში გადახდის ფაქტი, მზღვეველის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი;
- მხარეთა შორის სადავო არაა ასევე ის გარემოება, რომ სადაზღვევო ხელშეკრულება ითვალისწინებდა იმ გამონაკლისებს (გარემოებებს), რომელთა არსებობის შემთხვევაში სადაზღვევო ანაზღაურება არ იქნებოდა ანაზღაურებული. ამასთან, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის) თანახმად, მზღვეველს უფლებამოსილებას ანიჭებდა უარი ეთქვა სადაზღვევო ანაზღაურებაზე. ამ კუთხით, სასამართლო კვლავ მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.
12. სარჩელის მიზანს მოსარჩელისთვის სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს, რის გამოც დავის მომწესრიგებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 799-ე (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა, აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა, გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება) და 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) მუხლები წარმოადგენს.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა ვალდებულების განმსაზღვრელი იმ დებულებებისაგან შედგება, რომლებიც ხელშემკვრელთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ასახავს (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი) და, კანონის თანახმად, სწორედ ამ ჩარჩოშია მოქცეული მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესებისა). ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომელთა შორისაცაა დაზღვევის ხელშეკრულება. მეტი სიცხადისათვის შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის სპეციალური ნორმები აზუსტებს ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების ზოგად პრინციპს. ამგვარ ნორმათა რიგს განეკუთვნება სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლი (იხ. სუსგ №ას-92-88-2016, 11 მარტი, 2016 წელი).
14. მითითებული ნორმის თანახმად, მზღვეველმა სადაზღვევო შემთხვევის დროს დამზღვევის მიმართ საკუთარი ვალდებულებების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებებით (იხ. სუსგ №ას-1319-1257-2014, 30 ოქტომბერი 2015 წელი).
15. დაზღვევის ხელშეკრულება ფორმირდება მხარეთა კონსენსუსის შედეგად და მის ფარგლებში წარმოშობილი უფლება-მოვალეობების სისტემა ბოჭავს ამ ურთიერთობის მონაწილეებს. სადაზღვევო ინტერესის ცნება განიხილება ეკონომიკური და სამართლებრივი მნიშვნელობით. ეკონომიკური არსი განპირობებულია ქონების ღირებულებითი ეკვივალენტურობით. რაც შეეხება სადაზღვევო ინტერესის სამართლებრივ შინაარსს, მას დაცვითი ფუნქცია აქვს და გულისხმობს პირის იურიდიულ კავშირს სადაზღვევო ობიექტის მიმართ. ამ კუთხით, სადაზღვევო ინტერესი განისაზღვრება, როგორც დამზღვევის გონივრული ზრუნვა და სურვილი, დაიცვას საკუთარი სიკეთე სხვადასხვა გაუთვალისწინებელი მოვლენისაგან.
16. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია, კერძოდ:
17. სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი დაკმაყოფილებადია იმ შემთხვევაში, თუ აშკარაა შეთანხმებით გათვალისწინებული სადაზღვევო რისკი, ანუ მოვლენა, რომელიც შეიცავს მისი წარმოშობის შესაძლებლობისა და შემთხვევითობის ნიშნებს და რომლის გამოც ხდება დაზღვევა, ასევე თუ სახეზეა დამდგარი სადაზღვევო შემთხვევით (მოვლენა, რომლის დადგომისას სადაზღვევო ხელშეკრულება ითვალისწინებს სადაზღვევო ანაზღაურების გადახდას) პირისთვის ზიანის მიყენება.
18. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპზე და მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში, დამზღვევმა უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის causa proxima-ს არსებობა. მეორე მხრივ, მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი წარმოადგენს ხელშეკრულების გამონაკლისს, რის გამოც, მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა (იხ. სუსგ Nას-1181-2020, 28 იანვარი, 2021 წელი).
19. საკასაციო საჩივრის ავტორის ძირითადი პრეტენზია მიემართება იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის დარღვევით უკუაგდო საქმეზე წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის სამართლებრივი ძალა. კერძოდ, კასატორი ამტკიცებს, რომ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა იდენტურია იმ დასკვნებისა, რომლებიც სასამართლოს წარედგინება მსგავსი კატეგორიის დავებზე, რადგან პრაქტიკულად შეუძლებელია ექსპერტი ყველა ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილას გამოცხადდეს და ადგილზე დათვალიერება ჩაატაროს. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო პალატა, მხოლოდ ამ არგუმენტზე იმსჯელებს, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის თანახმად მას, უფლება არ აქვს გასცდეს საკასაციო საჩივრის ფარგლებს.
20. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი ვერ დაძლია, რის გამოც მართებულად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ №ას-584-543-2017, 06.06.2017წ; №ას-484-2019, 30.10.2020წ.).
21. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნა მტკიცებულების ერთ-ერთი სახეა, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ამასთან, ექსპერტი პროცესის მონაწილე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას მეცნიერების, ტექნიკის, მედიცინის, ხელოვნების ან ხელობის დარგში. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. ექსპერტის დასკვნა უნდა შეიცავდეს მონაცემებს, რომელიც ახასიათებს ექსპერტიზის ჩატარების პირობებს, კონკრეტულ დროს, ადგილს, ექსპერტიზის საფუძველს და პირებს, რომლებიც უშუალოდ იღებენ მონაწილეობას კვლევაში. ექსპერტის დასკვნა უნდა შეესაბამებოდეს კანონის ნორმებს, შეიცავდეს გამოკვლევის ობიექტურობას, მყარ არგუმენტაციას დასმულ კითხვებზე, მეცნიერულად დასაბუთებულ პასუხებს. საბოლოოდ, როგორც სხვა მტკიცებულებების, ასევე, ექსპერტის დასკვნის იურიდიული ძალას აფასებს სასამართლო. ექსპერტის დასკვნის შეფასება ხდება ზოგადად მტკიცებულებების შეფასებისათვის დადგენილი ყოველმხრივი სრული და ობიექტური განხილვის კრიტერიუმებით, რის შედეგადაც, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ (იხ. დამატებით: ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 97-122. რედ: ზ.ძლიერიშვილი, ნ.კვანტალიანი).
22. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს მოპასუხის მიერ წარმოდგენილ 2022 წლის 7 ოქტომბერს გაცემულ საექსპერტო დასკვნას, სადაც ჩანს, რომ მხარემ დასკვნის გაცემის მიზნით, ექსპერტს მიმართა 2022 წლის 28 სექტემბერს. მოპასუხის მიერ გაცემული უარი დაფუძნებულია სწორედ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ გარემოებებზე. ექსპერტის მითითებით, ავტომობილზე არსებული დაზიანებების ფართობის, ზომების, სიძლიერის, ტიპის, ხარისხის, ელექტროსისტემის ბოძის ზომების, მისი დაზიანების, ფიზიკური მდგომარეობისა და შემთხვევის ადგილზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ყველა ის დაზიანება, რომელიც მოცემულია თანდართულ ფოტოებზე და დოკუმენტებში, დიდი ალბათობით, არ არის მიყენებული ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შემთხვევის დროს. დასკვნის თანახმად, გამოკვლევა ჩატარდა წარდგენილი ფოტომასალის, მოქალაქესთან გასაუბრების ოქმის, ალკოტესტის შედეგისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე დაყრდნობით. წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შესწავლის შედეგად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს იმ შეფასებას, რომ ექსპერტიზის დასკვნა არადამაჯერებელია ვინაიდან დადგენილია, რომ სადავო ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა 2022 წლის 25 აგვისტოს, ექსპერტიზის ჩატარების მიზნით კი, მხარემ მიმართა 2022 წლის 28 სექტემბერს - სულ მცირე 34 კალენდარული დღის შემდეგ და არა შემთხვევის დადგომისთანავე, რაც დასაბამშივე გარკვეულ ეჭვს აჩენს არა მხოლოდ ექსპერტიზის მოგვიანებით ჩატარებასთან, არამედ სადაზღვევო კომპანიის მიერ ექსპერტიზის ჩასატარებლად მოგვიანებით მიმართვასთან დაკავშირებითაც, ვინაიდან სადაზღვევო კომპანიას დამდგარ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაცია ეცნობა დაუყოვნებლივ. გარდა ამისა, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს ის დასკვნაც, რომ ექსპერტიზა ჩატარდა მხოლოდ დისტანციურად წარდგენილი ფოტომასალის, მოქალაქესთან გასაუბრების ოქმის, ალკოტესტის შედეგისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე დაყრდნობით. ცალსახაა, რომ ექსპერტიზას შემთხვევის ადგილი არ დაუთვალიერებია და არ ყოფილა იმწუთიერი ანუ შემთხვევის დროს ჩატარებული, რის გამოც იგი სასამართლომ არაგანკუთვნად მტკიცებულებად სრულიად მართებულად ცნო.
23. გარდა ზემოაღნიშუნლი მსჯელობისა, საკასაციო პალატა დასძენს, რომ როგორც უკვე არაერთგზის აღინიშნა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნის გაზიარება სასამართლოსთვის სავალდებულო არ არის, მას სხვა მტკიცებულებებთან შედარებით per se უპირატესი ძალა არ გააჩნია, მას სასამართლო სტანდარტულად 105-ე მუხლით დადგენილი წესების მიხედვით აფასებს. მართალია, ზოგადად, სასამართლოში საქმის განხილვისას ექსპერტიზის დასკვნის მნიშვნელობა დიდია, განსაკუთრებით კი ისეთი გარემოებების დასადასტურებლად, რომელთა შესახებაც მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია. თუმცა, იმისთვის, რათა ექსპერტის დასკვნა იყოს სარწმუნო, აუცილებელია ექსპერტიზის ჩატარებისას გამოყენებული მეთოდები გაკეთებული დასკვნების მიმართ რელევანტური იყოს და გაკეთებული შეფასება იმპერატიულ ხასიათს ატარებდეს. განსახილველ შემთხვევაში, სადავოდაა გამხდარი კონკრეტული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სადავო დაზიანებების მიყენების ფაქტი, ანუ დამდგარ შედეგსა და გამომწვევ ქმედებას შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი. სადავო ექსპერტიზის დასკვნის მომზადების თაობაზე ექსპერტს ავტოსაგზაო შემთხვევიდან 34 კალენდარული დღის შემდეგ - 2022 წლის 28 სექტემბერს მიმართეს ხოლო დასკვნა შედგენილია 2022 წლის 7 ოქტომბერს, სადავო შემთხვევის დადგომიდან 42 კალენდარული დღის შემდეგ, რაც მიზეზშედეგობრივი კავშირის დასადგენად ძალიან დიდი დროა. ამასთან, არადამაჯერებელია დამდგარ შედეგსა და გამომწვეს ქმედებას შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენის მიზნით დისტანციური ექსპერტიზის ჩატარება, ვინაიდან გარდა დაზიანებებისა ამ დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მანქანის საბურავების დატოვებულ კვალს მიწაზე/ასფალტზე, მანქანის პოზიციონირებას შემთხვევის ადგილზე და ა.შ. შესაბამისად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ მოპასუხის (კასატორის) მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას, აღნიშნული არაიმპერატიული, საორიენტაციო და თეორიული დასკვნა, ვერ ასაბუთებდა.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი. კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიები, რომლებიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
25. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს.კ.უ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს „ს.კ.უ–ს“ (ს/კ: .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 23/02/2024წ. №5951226 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1684,35 ლარის, 70% - 1179 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი