Facebook Twitter

საქმე Nა-3499-შ-90-2025 12 დეკემბერი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - ი.ჩ–ნი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს შუამდგომლობის ავტორი – პარიზის სასამართლოს 2024 წლის 20 სექტემბრის N R.G. 24/A/01469 N PORTALIS: 352J-6-B71-BN5 გადაწყვეტილება

დავის საგანი – მეურვეობის დაწესება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2025 წლის 15 ივლისს შუამდგომლობით მომართა ი.ჩ–ნის წარმომადგენელმა და მიუთითა, რომ პარიზის სასამართლოს 2024 წლის 20 სექტემბრის N R.G. 24/A/01469 N PORTALIS: 352J-6-B71-BN5 გადაწყვეტილებით, ლ.ფ–ს (ქვრივი ჩ–ისა) დაბადებული 19.01.1932 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაენიშნა მეურვე, ოჯახის წევრი, მისი შვილიშვილი - ი.ჩ–ნი (მეუღლის გვარი ნ–ნი), რომელიც უფლებამოსილია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სფეროებში განახორციელოს ბებიის მხარდაჭერა და წარმოადგინოს დაცული პირი მის პირად და ქონებრივ საქმეებში.

2. ი.ჩ–ნი და ლ.ფ–ი არიან საქართველოს მოქალაქეები.

3. შუამდგომლობის ავტორის თანახმად, პარიზის სასამართლოს მიერ ლ.ფ–ს დაენიშნა მხარდამჭერი, განესაზღვრა მხარდამჭერის ფარგლები და მხარდამჭერის უფლება-მოვალეობები. მხარდაჭერის მიზნით მეურვეობა განსაზღვრულია 10 წლის ვადით. პარიზის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების შედეგად შვილიშვილი შეძლებს ხანდაზმული ბებიის კუთვნილი პენსიის მიღებას და ხანდაზმული პირის საჭიროებების შესაბამისად განკარგვას. სახელმწიფო პენსია რამდენიმე თვეა არ მიუღია ლ.ფ–ს, ვინაიდან სასამართლო აქტის ცნობა-აღსრულების გარეშე უფლებამოსილი პირი არ არსებობს, ვინც სოციალურ სააგენტოსა და საბანკო დაწესებულებაში შეძლებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოქმედებების განხორციელებას.

4. პარიზის სასამართლოს 2024 წლის 20 სექტემბრის N R.G. 24/A/01469 N PORTALIS: 352J-6-B71-BN5 გადაწყვეტილების თანახმად, მას საფუძვლად დაედო სამედიცინო მონაცემები, რომ ლ.ფ–ი განიცდის გონებრივი შესაძლებლობების გაუარესებას, რაც გამოწვეულია მისი გონებრივი და სხეულებრივი შესაძლებლობების შეცვლით, რაც ხელს უშლის მას დამოუკიდებლად უზრუნველყოს საკუთარი ინტერესები. დაცვის ქვეშ მყოფი პირი საჭიროებს უწყვეტად გვერდში მყოფს, სამოქალაქო ცხოვრების აქტებში, მისი ქონებრივი ინტერესების განხორციელებასთან დაკავშირებით, რის გამოც სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მეურვის ღონისძიების გამოყენება. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, გადაწყვეტილების მიღების თაობაზე ეცნობათ გ.ჩ–სა და ა. ჩ–ს, რომელთაც თანხმობა განაცხადეს ლ.ფ–ისთვის მეურვედ ი.ჩ–ნის დანიშვნის შესახებ. საქმის მასალებში წარმოდგენილია დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ პარიზის სასამართლოს 2024 წლის 20 სექტემბრის N R.G. 24/A/01469 N PORTALIS: 352J-6-B71-BN5 გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივლისის განჩინებით წარმოდგენილი შუამდგომლობა, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულია წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

6. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. ი.ჩ–ნის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

8. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული პარიზის სასამართლოს 2024 წლის 20 სექტემბრის N R.G. 24/A/01469 N PORTALIS: 352J-6-B71-BN5 გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ შეაფასა მხარდაჭერილი პირის ინტერესები და მიიჩნია, რომ გონებრივი და სხეულებრივი შესაძლებლობების შეცვლისა და მისივე ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილი იყო მეურვეობის ღონისძიების გამოცხადება. ამავე გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ რადგანაც აშკარად ჩანს, რომ დაცული პირის პიროვნული უნარების გაუარესება მეცნიერებისგან მიღებული მონაცემების თანახმად, გაუმჯობესებას არ განიცდის, მეურვეობის ხანგრძლივობა განისაზღვრა 10 წლით.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, პარიზის სასამართლოს 2024 წლის 20 სექტემბრის N R.G. 24/A/01469 N PORTALIS: 352J-6-B71-BN5 გადაწყვეტილება ლ.ფ–ის (პ/ნ .......) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების/პირის პიროვნული უნარების გაუარესების გამო კანონიერ მეურვედ, 10 წლის ვადით, შვილიშვილის - ი.ჩ–ნის დანიშვნის შესახებ, ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.

12. რაც შეეხება შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნას ამავე გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, სასამართლო განმარტავს, რომ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. რადგანაც მეურვედ დანიშვნის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობით მიიღწევა ის იურიდიული შედეგი, რომლის დადგომაც მხარეს სურს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილებების აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნის მიმართ მხარეს არ გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რაც ამ ნაწილში შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.ჩ–ნის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს პარიზის სასამართლოს 2024 წლის 20 სექტემბრის N R.G. 24/A/01469 N PORTALIS: 352J-6-B71-BN5 გადაწყვეტილება ი.ჩ–ნის 10 წლის ვადით ბებიის ლ.ფ–ის მეურვედ დანიშვნის შესახებ.

3. შუამდგომლობა პარიზის სასამართლოს 2024 წლის 20 სექტემბრის N R.G. 24/A/01469 N PORTALIS: 352J-6-B71-BN5 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი