საქმე №ას-753-2025 10 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – შპს „დ.დ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.ქ–ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 09 დეკემბრისა და ამავე სასამართლოს 2025 წლის 31 მარტის განჩინებები
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით მ.ქ–იას (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „აპელანტი“) სარჩელი შპს „დ.დ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „მოპასუხე კომპანია“ ან „საჩივრის ავტორი“) მიმართ მშენებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში (ქალაქი თბილისი, ........... (ს/კ: .........)) მდებარე 48.72 ფართობის მქონე ბინის (ს/კ ..........) მომავალ მესაკუთრედ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა, ხოლო 2024 წლის 6 დეკემბერს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, ნოტარიუს ი.ხ–ნის მიერ 2024 წლის 26 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, კერძო აღმასრულებელ, ბ.დ–ის მიერ დაწყებული A24340976-006/003 სააღსრულებო საქმის წარმოების შეჩერება მოითხოვა მიმდინარე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადაც კრედიტორია - ზ.ხ–ი, მოვალე - მოპასუხე კომპანია. განმცხადებლის განმარტებით:
2.1. მხარეებს შორის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების დადების შემდეგ (პირველი ხელშეკრულება დაიდო 2018 წელს, ხოლო ცვლილებები 2020 წელს განხორციელდა), 2021 წლის 30 აგვისტოს, გამყიდველი კომპანიის მიერ ნასყიდობის საგანი იპოთეკით იქნა დატვირთული, მის მიერ აღებული სესხის უზრუნველსაყოფად, ისე რომ ამის შესახებ მყიდველისთვის არ უცნობებია. 2023 წლის ივლისის თვეში მყიდველისთვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხეს იპოთეკარის მიმართ დავალიანება ერიცხებოდა და მისი გადაუხდელობის შემთხვევაში ის უძრავი ქონების იძულებით რეალიზაციას განახორციელებდა. სწორედ აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, იპოთეკარის მიერ ბინის იძულებითი რეალიზაციის მუქარის შემდეგ, აპელანტი იძულებული გახდა, სასამართლოსათვის მიემართა. ამავდროულად, აპელანტმა, სესხის აღების მიზნით, სს „თ.ბ–ს“ მიმართა. საკრედიტო დაწესებულებამ სესხის გაცემაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მოპასუხემ ბინა იპოთეკისაგან არ გაათავისუფლა;
2.2. მოსარჩელის მომავალ მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის ერთ-ერთი მიზეზი არის ასევე ის გარემოება, რომ იპოთეკარი მას არანაირ ინფორმაციას არ აწვდიდა სესხის ოდენობისა და მასზე დარიცხული პროცენტების შესახებ. ფაქტია, რომ მას გააჩნია იურიდიული ინტერესი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის მიმართ. აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით, აპელანტი იძულებული გახდა სასამართლოსათვის მიემართა, რათა აეცილებინა გამოუსწორებელი შედეგი, რომელიც მას იპოთეკარის მიერ ბინის რეალიზაციის შემთხვევაში მიადგებოდა. აპელანტის მხრიდან მომავალ მესაკუთრედ რეგისტრაციის ინტერესი ასევე გამოიხატება იმაში, რომ მას იპოთეკარის მიერ წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის გასაჩივრების უფლება მიეცეს, რის შესაძლებლობასაც ის ამჟამად მოკლებულია;
2.3. 2024 წლის 02 დეკემბერს აპელანტს კერძო აღმასრულებელ ბ.დ–ის 22.11.2024 წლის A4340976-006/003 წერილი ჩაბარდა, რომელიც ატყობინებს, რომ მის წარმოებაშია ნოტარიუს ი.ხ–ნის მიერ 26.09.2024 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარე სააღსრულებო საქმე, სადაც კრედიტორია ზ.ხ–ი, ხოლო მოვალე - მოპასუხე კომპანია, რომლის ძალითაც, მოპასუხეს დაეკისრა თანხის გადახდა კრედიტორის სასარგებლოდ. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა მოხდეს სწორედ იმ უძრავი ქონების, ს/კ ........., იძულებითი რეალიზაცია, რომელზეც აპელანტი მოთხოვნას აცხადებს. აღმასრულებლის წერილის მოსარჩელისთვის ჩაბარების საფუძველი კი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების საფუძველზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ყადაღა, წინააღმდეგ შემთხვევაში ფაქტია, რომ ნივთის რეალიზაცია აპელანტისათვის შეტყობინების გარეშე მოხდებოდა, შესაბამისად, ის თავისი უფლებების დაცვას ვერანაირად ვერ მოახერხებდა. თუ მოხდება სადავო უძრავი ქონების რეალიზაცია, აპელანტისათვის დავა, რომელიც ამჟამად თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს, აზრს დაკარგავს, რადგან გადაწყვეტილება დარჩება აღუსრულებელი. სწორედ აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით მიაჩნია აპელანტს, რომ უნდა მოხდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, სარჩელით სადავო უძრავ ქონებაზე დაწყებული აღსრულების შეჩერება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 09 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდა და დადგინდა, რომ შეჩერდეს ნოტარიუს ი.ხ–ნის მიერ 2024 წლის 26 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, კერძო აღმასრულებელ, ბ.დ–ის მიერ დაწყებული სააღსრულებო საქმის A24340976-006/003 წარმოება, სადაც კრედიტორია - ზ.ხ–ი, მოვალე - მოპასუხე კომპანია, იპოთეკის საგანი - უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, .........., საკადასტრო კოდი ........... სააპელაციო სასამართლოს განჩინების თანახმად:
3.1. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უძრავ ქონებაზე მომავალ მესაკუთრედ რეგისტრაცია. სარჩელის უზრუნველყოფის წინაპირობას წარმოადგენს ის გარემოება, რომ სარჩელის შესაძლო დაკმაყოფილებისა და მოსარჩელის უძრავი ქონების მომავალ მესაკუთრედ რეგისტრაციის შემთხვევაში, მას სსკ-ის 291.1 მუხლიდან გამომდინარე ექნება უფლება იპოთეკარს წაუყენოს ის შესაგებლები, რომლის უფლებაც მხოლოდ პირად მოვალეს აქვს. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება კი სარჩელის შესაძლო დაკმაყოფილების შემთხვევაში სწორედ გადაწყვეტილების აღსრულების დაცვას ემსახურება;
3.2. პალატამ შეამოწმა ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ტომი 2, ს.ფ. 33-34) და დარწმუნდა, რომ ქონება, რომლის მიმართაც განმცხადებელი (აპელანტი) უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას ითხოვს, ნამდვილად მოპასუხის სახელზეა საკუთრების უფლებით რეგისტრირებული და სწორედ აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება (ტომი 2, ს.ფ. 32). შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სასარჩელო მოთხოვნის მიმართ რელევანტური და ადეკვატური იყო. ამასთან, პალატამ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე მსჯელობისას სასამართლო (სარჩელის) სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობას არ ამოწმებს. აღნიშნული საკითხი საქმეზე არსებითი მსჯელობის შედეგად უნდა გადაწყდეს;
3.3. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 191-ე, 193-ე და 198-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე უნდა დაკმაყოფილებულიყო.
4. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხე კომპანიამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ საფუძვლებზე დაყრდნობით:
4.1. სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას უნდა დაადგინოს: 1. დავის ფარგლებში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის თუ არა გადაწყვეტილების აღსრულებას; 2. საქმის არსის გათვალისწინებით სიღრმისეული/არსებითი განხილვის გარეშე უნდა შეფასდეს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში არცერთი ზემოაღნიშნული წინაპირობა არ არის სახეზე;
4.2. აპელანტის ყოვლად დაუსაბუთებელი სარჩელი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა. საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეჯერების შედეგად, საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე სასამართლო ასევე უარს განაცხადებს;
4.3. გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მოსარჩელემ დაარღვია ბინის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების გრაფიკი, მხარეებს შორის გაფორმდა დამატებითი შეთანხმება, რომლის პირობებიც მოსარჩელემ დაარღვია. მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ შეწყდა გადახდები. მხარის მიერ მითითებული გარემოებები არ დასტურდება რაიმე სახის მტკიცებულებით. ამასთან, სარჩელის განხილვისას მოსარჩელემ არ განაცხადა, რომ იგი მზად იყო ერთიანი გადახდით დაწეოდა გრაფიკს, რაც მისცემდა მას საშუალებას გაეგრძელებინა გადახდები. შესაბამისად, მომავალ მესაკუთრედ ცნობის სამართლებრივი საფუძველი განსახილველ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის გამო სახეზე არ არის.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის განჩინებით მოპასუხე კომპანიის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინებაზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოიგზავნა შემდეგი დასაბუთებით:
5.1. საჩივარი ძირითადად საქმის არსებით მხარეს მიემართება და სარჩელის უსაფუძვლობაზე აპელირებს. სააპელაციო პალატა, საქმის წარმოების ამ ეტაპზე, კერძოდ, უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში, მოკლებულია შესაძლებლობას, სააპელაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები შეაფასოს და ამ გზით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძვლიანობაზე იმსჯელოს. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მარტოოდენ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობაზე მსჯელობს, რა დროსაც აფასებს, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიმართ მოსარჩელის ინტერესი უფრო დაცვის ღირსია თუ მოპასუხისათვის გამოყენებული უზრუნველყოფით შესაძლო ზიანის მიყენების რისკი;
5.2. ნიშანდობლივია, რომ ამ მიმართებით საჩივარი არგუმენტებს არ შეიცავს, მით უფრო, მხედველობაშია მისაღები, რომ სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინება მოპასუხემ გაასაჩივრა ანუ აღსრულების მოვალემ, რომელსაც გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მიმართ დასაბუთებული იურიდიული ინტერესი არ წარმოუდგენია. შესაბამისად, როდესაც არსებობს სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობის ვარაუდი, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მიზანშეწონილია, ხოლო, რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებასა და მის საფუძვლად მითითებული გარემოებების დადასტურებას, აღნიშნული საკითხები საქმეზე არსებითად მსჯელობის საგანია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
6. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარდგენილი საჩივრის საფუძვლიანობის ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით [სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილი]. კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით [სსსკ-ის 420-ე მუხლი]. საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას [სსსკ-ის 410-ე მუხლი].
8. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 09 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მართლზომიერება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე კერძო აღმასრულებლის მიერ დაწყებული სააღსრულებო საქმის წარმოება.
9. მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე [სსსკ-ის 191.1 მუხლი].
10. სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფა წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების მნიშვნელოვან ინსტიტუტს და ემსახურება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას. იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად სამოქალაქო პროცესი საკმაოდ ხანგრძლივ პროცედურებთან არის დაკავშირებული, არსებობს რისკი, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დავის საგანი განადგურდეს, გასხვისდეს, უფლებრივად დაიტვირთოს ან სხვაგვარად შეეშალოს ხელი საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სწორედ ამ საფრთხეების პრევენციას ემსახურება. სამოქალაქო საქმეზე მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელება მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს წარმოადგენს, ამავე დროს, მართლმსაჯულების ეფექტურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე, შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული მექანიზმები, რომლებიც ემსახურება სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფას, ემსახურება უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ მიზანს - მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-52).
11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. ყველა საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლომ, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გაამახვილოს სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საშიშროებაზე. მოსარჩელემ უნდა მიუთითოს ის კონკრეტული გარემოებები, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-1302-2019, 26 დეკემბერი, 2019 წელი). სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (იხ. სუსგ საქმე №ას-587-2019, 20 თებერვალი, 2020 წელი). სარჩელის უზრუნველყოფის ფაქტობრივი და სამართლებრივი წანამძღვრების არსი გადაწყვეტილების აღუსრულებლობის ან მისი აღსრულების გაძნელების დასაბუთებაა (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-114-107-2015, 6 თებერვალი, 2015 წელი).
12. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება საჭიროებს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებით დასაბუთებას, რომელიც დაარწმუნებს სასამართლოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროებაში. მაგრამ ამ უფლების რეალიზაციამდე შესრულებული უნდა იყოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. წარმოდგენილი სარჩელის შინაარსი მაღალი ალბათობით უნდა იძლეოდეს იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნას გააჩნია პერსპექტივა და მასში მითითებული ფაქტობრივი წინაპირობების განხორციელების [შესრულების] შემთხვევაში, სწორედ ის სამართლებრივი შედეგი დადგება, რისი ინტერესიც გააჩნია მოსარჩელეს, ანუ მოთხოვნა იურიდიულად უნდა ამართლებდეს სარჩელს (იხ. დამატებით ჰ.ბოელინგი, ლ. ჭანტურია; სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2004, 37) (იხ. სუსგ საქმე №ას-315-2023, 31 მარტი, 2023 წელი). სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი, ასევე, უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს (იხ. სუსგ საქმე Nას-459-438-2015, 17 ივნისი, 2015 წელი). სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლო არ იკვლევს სარჩელის საფუძვლიანობას და მის დასაბუთებულობას, არამედ ხელმძღვანელობს სამართლებრივი დასკვნით, რომ შესაძლოა სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს (იხ. სუსგ საქმე №ას-16-354-09, 5 თებერვალი, 2009 წ.).
13. ამასთან, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, რითაც ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის რეალიზაცია და მისი სარჩელის უზრუნველყოფა, არ უნდა მოხდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის უპირობო და ცალსახა შელახვა, არამედ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისთვის. იმისათვის, რომ მოხდეს მხარეთა ინტერესების დაბალანსება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს არაადეკვატური, არათანაზომიერი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება (იხ. სუსგ საქმე №ას-218-2020, 28 იანვარი, 2021 წელი).
14. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს სარჩელი აღძრული აქვს მოპასუხე კომპანიის მიმართ მშენებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მდებარე 48.72 ფართობის მქონე ბინის (ს/კ ..........) მომავალ მესაკუთრედ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელემ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, ხოლო 2024 წლის 6 დეკემბერს სააპელაციო სასამართლოს მიმართა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 09 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდა და დადგინდა, რომ შეჩერდეს ნოტარიუს ი.ხ–ნის მიერ 2024 წლის 26 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, კერძო აღმასრულებელ, ბ.დ–ის მიერ დაწყებული სააღსრულებო საქმის A24340976-006/003 წარმოება, სადაც კრედიტორია - ზ.ხ–ი, მოვალე - მოპასუხე კომპანია, იპოთეკის საგანი - უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ........., საკადასტრო კოდი ............
15. მოსარჩელის მითითებით, მხარეებს შორის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების დადების შემდეგ გამყიდველი კომპანიის მიერ ნასყიდობის საგანი იპოთეკით იქნა დატვირთული, მის მიერ აღებული სესხის უზრუნველსაყოფად, ისე რომ ამის შესახებ მყიდველისთვის არ უცნობებია. 2023 წლის ივლისის თვეში მყიდველისთვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხეს იპოთეკარის მიმართ დავალიანება ერიცხებოდა და მისი გადაუხდელობის შემთხვევაში ის უძრავი ქონების იძულებით რეალიზაციას განახორციელებდა. სწორედ აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, იპოთეკარის მიერ ბინის იძულებითი რეალიზაციის მუქარის შემდეგ, აპელანტი იძულებული გახდა, სასამართლოსათვის მიემართა. ამავდროულად, აპელანტმა, სესხის აღების მიზნით, სს „თ.ბ–ს“ მიმართა. საკრედიტო დაწესებულებამ სესხის გაცემაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მოპასუხემ ბინა იპოთეკისაგან არ გაათავისუფლა. ამასთან, იპოთეკარი მას არანაირ ინფორმაციას არ აწვდიდა სესხის ოდენობისა და მასზე დარიცხული პროცენტების შესახებ. აპელანტის მხრიდან მომავალ მესაკუთრედ რეგისტრაციის ინტერესი გამოიხატება იმაში, რომ მას იპოთეკარის მიერ წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის გასაჩივრების უფლება მიეცეს, რის შესაძლებლობასაც ის ამჟამად მოკლებულია.
16. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის წინაპირობას წარმოადგენს ის გარემოება, რომ სარჩელის შესაძლო დაკმაყოფილებისა და მოსარჩელის უძრავი ქონების მომავალ მესაკუთრედ რეგისტრაციის შემთხვევაში, მას ექნება უფლება იპოთეკარს წაუყენოს ის შესაგებლები, რომლის უფლებაც მხოლოდ პირად მოვალეს აქვს. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება კი სარჩელის შესაძლო დაკმაყოფილების შემთხვევაში სწორედ გადაწყვეტილების აღსრულების დაცვას ემსახურება [სსკ-ის 291.1 მუხლი: თუ უძრავი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე, მას მაინც შეუძლია იპოთეკარს წაუყენოს ის შესაგებელი, რომლის უფლებაც მხოლოდ პირად მოვალეს აქვს, მათ შორის, შესაგებლები ფულად ვალდებულებათა გაქვითვისა და მოთხოვნის გასაჩივრების გამო].
17. სსსკ-ის 198.2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ქონების რეალიზაციის შეჩერება, თუმცა უზრუნველყოფის ღონისძიების ამ სახის გამოყენებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) დავა, რომლის გამოც უზრუნველყოფის ზომად ქონების რეალიზაციის შეჩერება გამოიყენება, აღძრული უნდა იყოს ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების თაობაზე და ბ) სახეზე არ უნდა იყოს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა [იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან დაუშვებელია აუქციონის (სააღსრულებო წარმოების) შეწყვეტა, შეჩერება, გადადება, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, ამ კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს დასაბუთებულ წერილობით მოთხოვნას ან განსაკუთრებული ვითარების გამო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე]. გარდა ამისა, სსსკ-ის 198.2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს უზრუნველყოფის ღონისძიების სახით სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერებას ისეთ საქმეებზე, რომლებიც აღძრულია „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ან, რომლებზეც შეტანილია განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ასევე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტსა [სასამართლო უფლებამოსილია შეაჩეროს აღსრულება იმ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელის წარდგენისას, რომელზედაც მიქცეულია გადახდა, – სადავო ქონებაზე აღსრულების ნაწილში და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე] და „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 40.5 მუხლზე [ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსრულება ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამასთანავე, სააღსრულებო ფურცლის ან/და იმ სანოტარო დოკუმენტის გასაჩივრება, რომლის აღსასრულებლადაც გაიცა სააღსრულებო ფურცელი, არ აჩერებს აღსრულებას].
18. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ სახეზე არ არის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა. კერძოდ, საქმეში განთავსებულია კერძო აღმასრულებლის ბ.დ–ის 2024 წლის 22 ნოემბრის წერილი, რომლიდანაც ირკვევა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მოვალე მოპასუხე კომპანიის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბილისი, ........., საკადასტრო კოდი: .......... უახლოეს მომავალში იგეგმება აუქციონის დანიშვნა (იხ. ტ. 3, ს.ფ. 32).
19. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმების ერთობლივი ანალიზის შედეგად ასკვნის, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, სააღსრულებო წარმოების სასამართლოს მიერ შეჩერების საფუძველი. კერძოდ, მოცემულ დავაზე სარჩელი წარდგენილია სწორედ იმ ქონების მომავალ მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით, რომელზეც სხვა სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მიქცეულია გადახდა - სხვა კრედიტორის (ზ.ხ–ი) მოთხოვნით დაწყებულია იძულებითი აღსრულება, ხოლო წინამდებარე სარჩელზე ჯერ არ არის მიღებული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება. ამასთან, მოცემულ საქმეზე წარდგენილი სარჩელი წინ უსწრებდა სხვა კრედიტორის მოთხოვნით სააღსრულებო წარმოების დაწყებას (სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2023 წლის 08 ნოემბერს, ხოლო ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი სხვა კრედიტორის სასარგებლოდ გაცემულია 2024 წლის 26 სექტემბერს). „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელის აღძვრა ხდება მაშინ, როდესაც მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება. მოცემულ შემთხვევაშიც მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, თუმცა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების სარჩელს იგი ვეღარ აღძრავს, რადგან უკვე აღძრული აქვს სარჩელი მოპასუხის მიმართ მომავალ მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით, რომელიც თავისი არსით იმავე მიზანს ემსახურება. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოცემული დავა დასრულდება მოსარჩელის სასარგებლოდ და ეს უკანასკნელი ცნობილი იქნება სადავო უძრავი ქონების მომავალ მესაკუთრედ, ხოლო აღნიშნულ ქონებაზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება გაგრძელდება და მოხდება ქონების რეალიზაცია, სასამართლოს გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება. ამით საფუძველი გამოეცლება და აზრი დაეკარგება დავასაც.
20. კერძოსამართლებრივი დავების განხილვისას და სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საკანონმდებლო ნორმების ინტერპრეტირებისას სამართალშემფარდებელმა უნდა გაითვალისწინოს ის შედეგი, რომელიც გადაწყვეტილებამ შეიძლება იქონიოს კონსტიტუციური უფლებების რეალიზებაზე და არ უნდა დაუშვას სამართალწარმოების ერთი მხარისთვის სარგებლის მინიჭება სხვა პირთა კონსტიტუციური უფლების გაუმართლებელი შეზღუდვის ხარჯზე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-82). იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33).
21. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე იმ გარემოებას, რომ საჩივარი სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 09 დეკემბრის განჩინებაზე წარდგენილი აქვს აღსრულების მოვალეს - მოპასუხე კომპანიას, რომელსაც გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მიმართ დასაბუთებული იურიდიული ინტერესი არ წარმოუდგენია. იგი ძირითადად აპელირებს სარჩელის უსაფუძვლობაზე და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ ბინის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების გადახდის გრაფიკის დარღვევის გამო არ არსებობს მისი მომავალ მესაკუთრედ ცნობის სამართლებრივი საფუძველი, რაც უკვე არსებითი მსჯელობის საგანია და ვერ გახდება გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხის საჩივარი უსაფუძვლოა, სააპელაციო სასამართლოს განჩინებები კი -დასაბუთებული და არ არსებობს მათი გაუქმების წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „დ.დ–ი“-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 09 დეკემბრისა და ამავე სასამართლოს 2025 წლის 31 მარტის განჩინებები დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა. ძაბუნიძე