საქმე №ას-1577-2024 01 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – შპს „ს.ა.პ.“, ს.ჩ., ს.ჩ. (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ი.გ.კ–ი“ (მოსარჩელე)
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ი.გ.კ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები შეგებებულ საკასაციო საჩივარში – შპს „ს.ა.პ.“, ს.ჩ., ს.ჩ. (მოპასუხეები)
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - შპს „ე–ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „ი.გ.კ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მოსარჩელე კომპანია“ ან „შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი“) სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დადგინდა, რომ შპს „ს.ა.პ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე კომპანია“) და ს.ჩ–ის (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს მოსარჩელე კომპანიის კუთვნილი სასაქონლო მატერიალური ფასეულობა/მოძრავი ნივთები 1 456 165 ცალი ნაყინის ჭიქა და 826.874 ცალი ნაყინის ჭიქის პლასტმასის სახურავი, სულ 167.495 ლარის ღირებულების და აღნიშნული ნივთები ჩაბარდეს მოსარჩელე კომპანიას. თუ გადაწყვეტილების აღსრულებისას აღნიშნული ქონება მოპასუხე კომპანიასა და პირველ მოპასუხესთან არ აღმოჩნდება, მათ დაეკისროთ ამ ქონების ღირებულების ანაზღაურება 167 495 ლარის ოდენობით; მოსარჩელეს უარი ეთქვა დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოპასუხე კომპანიის, პირველი მოპასუხისა და ს.ჩ–ის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) (შემდგომში ერთობლივად - „მოპასუხეები“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დადგინდა, რომ ცვლილება იქნეს შეტანილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის ბოლო წინადადებაში და ნაცვლად არსებულისა, იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: თუ გადაწყვეტილების აღსრულებისას აღნიშნული ქონება სრულად ან ნაწილობრივ არ აღმოჩნდება, ანდა აღნიშნული ნივთები გამოუსადეგარი აღმოჩნდება, მოპასუხეებს დაეკისროთ მოსარჩელე კომპანიის სასარგებლოდ 167495 ლარი; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
3. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოსარჩელე კომპანია 2007 წლიდან რეგისტრირებულია მეწარმე იურიდიულ პირად, იგი ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას (ტ.1 ს.ფ. 24). მოსარჩელე კომპანიამ 2009 წლის 27 ივლისს დადებული 27/0709 ხელშეკრულების ფარგლებში, ქ. კიევში შეისყიდა 1456165 ცალი ნაყინის ჩამოსასხმელი მუყაოს ჭიქა და 826874 ცალი ნაყინის ჭიქის პლასტმასის სახურავი, საერთო ღირებულებით 167495 ლარი, შემოიტანა საქართველოში, განაბაჟა და 2015 წლის 25 ივნისს დაასაწყობა ქვეიჯარით (რაც მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია) ხელშეკრულებით აღებულ შპს „ე–ის“ საწყობში, მდებარე ქალაქი ბათუმი, ......... მოსარჩელემ მისი კუთვნილი ნივთების, საერთო ღირებულებით 167495 ლარი, საბუღალტრო დოკუმენტაციის შედგენით მოახდინა ზემოაღნიშნული მოძრავი ქონების აღრიცხვა (ტ.1, ს.ფ. 32-35, 36-58, 59-60);
3.2. საქმეში მესამე პირად ჩართული შპს „ე–ი“ (ფართის იჯარით გამცემი პირი) (შემდგომში - „მესამე პირი“) მეწარმე სუბიექტად რეგისტრირებულია 2011 წლის 02 მარტიდან და სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა ქალაქ ბათუმში, .......... მდებარე ფართში, სადაც მას გააჩნდა ხილის გადამამუშავებელი ქარხანა (ტ.1, ს.ფ. 28-29);
3.3. 2015 წლის 30 ივლისიდან ამავე მისამართზე, ქ. ბათუმში, ........... მდებარე ფართში, სამეწარმეო სუბიექტად დარეგისტრირდა მოპასუხე კომპანია, რომელიც შემდგომში გახდა ქ. ბათუმში, ........ მდებარე მთლიანი უძრავი ქონების (ს/კ 05.26.29.064), 1732 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების მესაკუთრე. მოპასუხე კომპანიის დამფუძნებელ პარტნიორთა 2017 წლის 17 ოქტომბრის N6 კრების საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ჩანაწერებში განხორციელდა ცვლილებები და ქ. ბათუმში, ............ მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი N05.26.29.064), რომელიც შედგება 1732 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული 532,49 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობებისაგან, მესაკუთრედ საჯარო რეესტრში აღირიცხნენ მოპასუხე კომპანია და პირველი მოპასუხე. ამავე რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. ბათუმში, .......... მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების, რომელთა საკადასტრო კოდებია N..........; N..........; N............; N.........., მესაკუთრეა პირველი მოპასუხე (ტ.1, ს.ფ. 26-27, ტ.2 ს.ფ. 62-65);
3.4. 2017 წლის 8 დეკემბერს მოპასუხე კომპანიის დირექტორ მეორე მოპასუხესთან ერთად პირველი მოპასუხე მივიდა ქ. ბათუმში, .......... და მოითხოვა მესამე პირისგან უძრავი ქონების გამოთავისუფლება. პირველი მოპასუხის და მოპასუხე კომპანიის დირექტორის მეორე მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე, პოლიციის თანამშრომლებმა მესამე პირის მფლობელობისგან და მისი თანამშრომლებისაგან გამოათავისუფლეს ფართი და იგი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა პირველ მოპასუხეს და მოპასუხე კომპანიას. ქონების გამოთავისუფლების შემდეგ, მესაკუთრეებმა დაკეტეს მითითებული შენობები და მოსარჩელე კომპანიასაც და მესამე პირსაც აღუკვეთეს ქ. ბათუმში, .......... მდებარე უძრავ ქონებასთან, მასში განთავსებულ საამქროსთან და მატერიალურ ფასეულობებთან ყოველგვარი წვდომა (ტ.1 ს.ფ. 81);
3.5. მოპასუხეების მიერ ქ. ბათუმში, .......... მდებარე უძრავი ქონების დაუფლების შემდეგ, მოსარჩელე კომპანიამ და მესამე პირმა არაერთი წერილითა და განცხადებით მიმართეს მოპასუხეებს, შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტს, სამართალდამცავ ორგანოებს და სახელმწიფო სტრუქტურის ხელმძღვანელ პირებს, რომლითაც მოითხოვდნენ მატერიალური ფასეულობების დაბრუნებას და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას (ტ.1 ს.ფ. 62-73, 88-92);
3.6. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 23 ივლისის N20714 ბრძანებით მოსარჩელე კომპანიაში დანიშნული კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტმა შეადგინა საგადასახადო შემოწმების აქტი N1815 (ტ.1, ს.ფ. 152-169), რომლის საფუძველზე 2020 წლის 3 აგვისტოს გამოიცა ბრძანება N22345 ბიუჯეტში გადასახდელად დამატებითი 82662 ლარის, მათ შორის: ძირითადი - 55108 ლარისა და ჯარიმის - 27554 ლარის გადახდის შესახებ. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა N081-165-ით მოსარჩელეს დაერიცხა დღგ, ჯარიმები და საურავები, კერძოდ: ძირითადი გადასახადი - 55108 ლარი, დღგ - 25550 ლარი, მოგების გადასახადი - 29558 ლარი, ჯარიმა - 27554 ლარი და საურავი - 18799.34 ლარი, საერთო თანხა - 101461.34 ლარი (ტ.1, ს.ფ. 145-152);
3.7. საგადასახადო შემოწმების პერიოდში მოსარჩელე კომპანიამ მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს და აცნობა, რომ მესამე პირისგან ნაქირავებ ფართში განთავსებულია მოსარჩელე კომპანიის მატერიალური ფასეულობა, შპს-ს ბალანსზე რიცხული 1456165 ნაყინის ჭიქა, 826874 ჭიქის პლასტმასის სახურავი, რომელიც მითვისებულია მოპასუხეების მიერ. საწყობში მუდმივად ჩაკეტვის გამო გადის საქონლის ვარგისიანობის ვადა და ითხოვა მათი შემოწმება (ტ.1 ს.ფ. 63-74);
3.8. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქ. ბათუმში, .......... მდებარე დამხმარე სათავსოს სარკმლიდან დაათვალიერეს და დაასურათეს საიჯარო ფართში განთავსებული მოსარჩელე კომპანიის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასულობა/სადავო მოძრავი ნივთები. ნივთებზე წვდომისა და მათი დეტალური აღრიცხვის შეუძლებლობის გამო რევიზიის მასალებში აღნიშნული სასაქონლო მატერიალური ფასეულობანი მოსარჩელე კომპანიას რეალიზებულად ჩაუთვალეს და ამის გამო, საწარმოს მიმართ განახორციელეს საჯარიმო სანქციები (ტ.1 ს.ფ. 152-169);
3.9. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია ადმინისტრაციული საქმე, სადაც მოსარჩელე კომპანია ითხოვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 23 ივლისის N20714 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების N1815 აქტის და თანმდევი შედეგების ბათილად ცნობას (ტ.1 ს.ფ.103);
3.10. აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2023 წლის 18 აგვისტოს წერილის მიხედვით (ტ.2 ს.ფ. 28), მხარეებს შორის არსებული სხვა დავის ფარგლებში, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 1.08.2023 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, ყადაღა უნდა დადებოდა მოპასუხეების მფლობელობაში არსებულ მოსარჩელე კომპანიის კუთვნილ სასაქონლო მატერიალურ ფასეულობას, 1456165 ცალ ნაყინის ჭიქას და 826874 ცალ ნაყინის ჭიქის პლასტმასის სახურავს. 2023 წლის 17 აგვისტოს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტის თანახმად, ყადაღა დაედო 437835 ცალ ნაყინის ჭიქას და 230350 ცალ ნაყინის ჭიქის პლასტმასის სახურავს (ტ.2 ს.ფ. 33);
3.11. საქმეში წარმოდგენილი აღსრულების ეროვნული ბიუროს 15.08.2023 წლის NF23000813 ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმით დადგენილია, რომ სადავო ნივთები განთავსებულია ქ. ბათუმი, .......... მდებარე შენობაში (ტ.2 ს.ფ. 34-40);
3.12. მოსარჩელე კომპანიის კუთვნილი სასაქონლო მატერიალური ფასეულობა, სადავო მოძრავი ნივთები, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროისთვის, კვლავ განთავსებულია მოპასუხე კომპანიისა და პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ფართში, მდებარე ქ. ბათუმი, ...........
4. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 170-ე-172-ე მუხლებით და 2018 წლის 8 დეკემბრის ფაქტის დადასტურების შესახებ აქტით, 2018 წლის 14 მაისის შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის მიმართ მიწერილი წერილებით (რომელიც 2018 წლის 7 მაისის ბრძანების გამოცემამ გამოიწვია) (ს.ფ. 62, 64, 63, 65, 66, 67), ასევე საქართველოს პრემიერ მინისტრის, გენ.პროკურორის მიმართ მიწერილი განცხადებებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ სასაქონლო მატერიალური ფასეულობა/მოძრავი ნივთები, ჯამში 167495 ლარის ღირებულების - 1456165 ცალი ნაყინის ჭიქა და 826874 ცალი ნაყინის ჭიქის პლასტმასის სახურავი, წარმოადგენს მოსარჩელე კომპანიის საკუთრებას და ირიცხება მის ბალანსზე. მოსარჩელემ მიუთითა, რომ აღნიშნული მოძრავი ქონება განთავსებულია მოპასუხეთა საკუთრებაში არსებულ ქონებაში და მიუხედავად მოთხოვნისა, უსაფუძვლოდ არ უბრუნებენ მოსარჩელეს.
5. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეების განმარტება, რომ მათ არავითარი შეხება არ გააჩნიათ მოსარჩელესთან; მათ ქვეიჯარის ხელშეკრულება არ გაუფორმებიათ და არც რაიმე კავშირი გააჩნდათ საწარმოში არსებულ ნივთებთან, ქონების შეძენისა და გამოთავისუფლების შემდეგ, მათ ჩაკეტეს საწარმო და წავიდნენ უკრაინაში, ისე, რომ არც კი იცოდნენ საწარმოში ამ ნივთების განლაგების შესახებ, ვინაიდან უდავოდ იყო დადგენილი, რომ მოპასუხე მხარე იმ უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა, რომელიც საიჯარო წესით მფლობელობაში გადაცემული ჰქონდა მოსარჩელეს და, სადაც მოსარჩელის კუთვნილი და საწარმოს ბალანსზე რიცხული 1456165 ცალი ნაყინის ჭიქა და 826874 ნაყინის ჭიქის პლასტმასის სახურავი ინახებოდა. 2017 წლის 08 დეკემბერს კი მოსარჩელისგან ფართის გათავისუფლების, მოპასუხეთა მხრიდან ქონების (მათ შორის მოსარჩელის კუთვნილი ქონებისაც) დაუფლების გამო, აღნიშნულ ქონებაში განთავსებულ საკუთარ ქონებასთან წვდომა მოსარჩელისთვის შეუძლებელი გახდა.
6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2017 წლის 8 დეკემბერს შედგა ფაქტის კონსტატაციის დამადასტურებელი დოკუმენტი - აქტი ფაქტის დაფიქსირების შესახებ. 2018 წლის 14 მაისს და 28 ივნისს მოსარჩელემ სპეციალური მიმართვები გაუგზავნა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს, რომლებშიც მიუთითა არსებული მდგომარეობის თაობაზე და განმარტა, რომ მოსარჩელე კომპანიის 141945 ლარის თვითღირებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობა ინახება ერთ-ერთ საცავში, რომელიც მდებარეობს ქ. ბათუმში, ......... აღნიშნული სათავსო მოსარჩელეს აღებული ჰქონდა მესამე პირისგან ქვეიჯარის ხელშეკრულებით 2015 წლიდან. მაგრამ 2017 წლის 08 დეკემბრიდან მოსარჩელეს კუთვნილ მატერიალურ ფასეულობასთან წვდომა არ გააჩნია იმის გამო, რომ 2017 წლის 08 დეკემბერს, უკრაინის მოქალაქემ პირველმა მოპასუხემ (მოპასუხე კომპანიის ერთ-ერთმა დირექტორმა) დაიკავა შენობა, სადაც დასაწყობებულია 141945 ლარის ღირებულების მუყაოს ჭიქები. პირველმა მოპასუხემ შენობას დაუყენა დაცვა, არ უშვებს მის კუთვნილ მატერიალურ ფასეულობასთან, რითაც ხელი ეშლება სამეწარმეო საქმიანობაში და ადგება ზიანი.
7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო მოძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება წარმოდგენილი ხელშეკრულებით, საბაჟო და საბუღალტრო დოკუმენტაციით არის დადასტურებული და ამ მტკიცებულებათა გასაქარწყლებლად მოპასუხეთა მიერ საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტი. ასევე, დადასტურებულია, რომ საცავი (სათავსო), სადაც სადავო მოძრავი ნივთებია განლაგებული, მოპასუხე კომპანიისა და პირველი მოპასუხის თანასაკუთრებას წარმოადგენს. მოპასუხეებს სადავო მოძრავი ნივთების ფლობის მართლზომიერების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ. შესაბამისად, უკანონო მფლობელობიდან სადავო ნივთების გამოთხოვის შესახებ მოთხოვნა საფუძვლიანი იყო.
8. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეების საკუთრების უფლების რეალიზაციისას არ იქნა დაცული სსკ-ის 115-ე მუხლი, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე კომპანიის მოთხოვნას წარმოადგენს სასამართლოს მიერ იმ შინაარსით გადაწყვეტილების მიღება, რაც დარღვეული უფლების სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს მოსარჩელეს. კერძოდ, 2017 წლიდან მოსარჩელეს მოპასუხეთა ბრალით არ მიეცა ამ ნივთების საწარმოო დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობა, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო მოძრავი ნივთების შეძენისა და დასაწყობების შემდეგ ხანგრძლივი პერიოდი იყო გასული, სადავო ქონება საკვების (ნაყინის) შესაფუთ მასალას წარმოადგენდა და გადაწყვეტილების აღსრულების მომენტისთვის შესაძლოა სადავო მოძრავი ნივთები არ აღმოჩენილიყო მოპასუხის კუთვნილ ფართში ან ისეთ მდგომარეობაში აღმოჩენილიყო, რომ შეუძლებელი ყოფილიყო მისი გამოყენება საკვები პროდუქტის შესაფუთად (ვარგისიანობის ვადის გასვლის, დაბინძურებისა თუ სხვა მიზეზის გამო), მოსარჩელის მოთხოვნის ნაწილობრივ, მხოლოდ ვინდიკაციის ნაწილში დაკმაყოფილება, ვერ იქნებოდა სარჩელით მისაღწევი შედეგის გარანტი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ ამ მიზნით წარმოდგენილია სასარჩელო მოთხოვნა, იმ შემთხვევის გათვალისწინებით, თუ გადაწყვეტილების აღსრულებისას აღნიშნული ქონება სრულად ან ნაწილობრივ არ აღმოჩნდება მოპასუხესთან, ანდა აღნიშნული ნივთები გამოუსადეგარი აღმოჩნდება, შესაბამისად, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდათ 167495 ლარი.
10. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 992-ე მუხლით და სსსკ-ის 253-ე მუხლით, რომლის თანახმად, ქონების ნატურით მიკუთვნების დროს სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს ამ ქონების ღირებულებაზე, რომელიც უნდა გადახდეს მოპასუხეს, თუ გადაწყვეტილების აღსრულებისას აღნიშნული ქონება მას არ აღმოაჩნდება. სააპელაციო პალატის მითითებით, სამართლიანი სამართალწარმოების განხორციელებისა და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების აღმატებული ინტერესიდან გამომდინარე, მოსარჩელის საბოლოო მიზნის მისაღწევად აუცილებელი იყო სასარჩელო მოთხოვნის იმგვარად დაკმაყოფილება, რომ სარჩელის საბოლოო მიზნის მიღწევის გარეშე არ დასრულებულიყო აღსრულების პროცესი. გადაწყვეტილებით გამოთხოვილი ნივთების არარსებობის ან/და უვარგისი ნივთების აღმოჩენის შემთხვევაში სარჩელით მოთხოვნილი უფლება აღდგენის გარეშე არ დარჩენილიყო, შესაბამისად, გამოთხოვილი ნივთების მოპასუხის კუთვნილ ფართში არარსებობის (ან გაუვარგისებული ნივთების არსებობის) შემთხვევაში მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა ამ ნივთების ღირებულება, რომლის ოდენობა დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი საბაჟო დეკლარაციებით.
11. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოძრავი ნივთების გამოთხოვის დროს ვალდებული პირის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია იმ ფაქტის დადგენა, თუ ვის მართლზომიერ მფლობელობაში ან/და საკუთრებაში იმყოფება ფართი, სადაც სადავო მოძრავი ნივთებია დასაწყობებული. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ფართი მესაკუთრის მიერ დაკეტილია და მისივე მართლზომიერ მფლობელობაშია (არ არის იჯარით გაცემული მესამე პირზე), შესაბამისად, ვინდიკაციაზე ვალდებულ პირებს ფართის მესაკუთრეები (მოპასუხეები) წარმოადგენდნენ. სადავო მოძრავ ქონებაზე კი მოსარჩელის საკუთრების უფლება დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით და სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, აღნიშნული ფაქტი მხარეთა შორის სადავო არ იყო. ამდენად, პალატამ დადგენილად მიიჩნია მოპასუხის საკუთრებაში და მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ფართში დასაწყობებული სადავო მოძრავი ქონების მოსარჩელისადმი კუთვნილებისა და მოპასუხის მიერ ამ ქონების არამართლზომიერად ფლობის ფაქტი. პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო მოძრავ ნივთებზე ასევე დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებითა და საბაჟო დეკლარაციებით. აღნიშნული ფაქტი დადასტურებული იყო სააპელაციო პალატის მიერაც. მოპასუხე მხარის მიერ კი მითითებული გარემოების გამაქარწყლებელი, ასევე, მათ მიერ სადავო მოძრავი ნივთების მართლზომიერად ფლობის დამადასტურებელი დასაშვები და დასაბუთებული სააპელაციო პრეტენზიები საქმეში არ იყო წარმოდგენილი.
12. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას, სადავო მოძრავი ნივთების ქონების აღსარიცხად შემოსავლების სამსახურის არდაშვების შედეგად, მოსარჩელისთვის დღგ ჯარიმების და საურავების, საერთო თანხით, 101461.34 ლარის დარიცხვის გამო (2020 წლის 3 აგვისტოს ბრძანება N22345), ასევე ჯარიმის 16749.51 ლარის - სულ 118 210. 85 ლარის ზიანის მიყენებისა და ამ თანხის მოპასუხეთათვის დაკისრების თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დამატებით განმარტა, რომ დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. ამასთან, სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ სადავო იყო ჯარიმებისა და საურავების დარიცხვის შესახებ აქტის კანონიერება და სახეზე არ იყო უშუალო ზიანის ფაქტი, შესაბამისად, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი ფაქტობრივი საფუძვლები. მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსათვის წარედგინა ისეთი სახის უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის საფუძვლიანობას. გამომდინარე აქედან, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოპასუხეებისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.
13. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, ხოლო მოსარჩელემ - შეგებებული საკასაციო საჩივარი. მოპასუხეებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
14. მოპასუხეებმა მიუთითეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
14.1. მოპასუხე კომპანია და პირველი მოპასუხე შენობა-ნაგებობის მესაკუთრეებს წარმოადგენდნენ 2017 წლის 17 ოქტომბრიდან. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შენობა-ნაგებობა თავისუფალ მდგომარეობაში მოპასუხე მხარეს ჩაბარდა მესამე პირისგან და არა - მოსარჩელისაგან, რის გამოც მოპასუხეებისათვის 2017 წლის 17 ოქტომბრამდე უცნობი იყო მოსარჩელის ბუნებაში არსებობაც კი. აღნიშნული გარემოება უტყუარად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ხსენებულ თარიღამდე მოპასუხეებს რაიმე სახის შეხება არ გააჩნდათ მოსარჩელესთან. სასამართლომ არ გამოიყენა სსსკ-ის 84-ე-85-ე მუხლები და როგორც მოსარჩელე, ასევე მოპასუხეები სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნია სათანადო მხარეებად;
14.2. ერთ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა მოითხოვეს მათ საკუთრებაში არსებული ქონების მესამე პირისგან გამოთავისუფლება და თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება, ხოლო შემდგომ სასამართლო იქვე იმავე პუნქტში სრულიად უსაფუძვლოდ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დადგენილად მიიჩნევს, რომ თითქოსდა მოსარჩელეს აღუკვეთეს როგორც უძრავ ქონებასთან, ასევე მასში განთავსებულ საამქროსთან და სადავო მატერიალურ ფასეულობებთან წვდომა, მაშინ როცა ამ დროისათვის ყველა უძრავი ქონება წარმოადგენდა მოპასუხეების საკუთრებას. სასამართლომ ხელოვნურად არასათანადო მოსარჩელე აქცია მოსარჩელე მხარედ. სასამართლოს მიერ შეგნებულად თუ შეცდომით აღრეული იქნა მოსარჩელის და მესამე პირის უფლებები;
14.3. მოპასუხეებს მოსარჩელისაგან სადავო მატერიალური ფასეულობების გადაცემის შესახებ არცერთი სახის კორესპონდენცია არ მიუღიათ, რის გამოც როგორც შესაგებელში, ასევე საქმის სასამართლო განხილვის დროს მოითხოვეს, რომ მოსარჩელეს მტკიცებულების სახით წარმოედგინა საფოსტო გზავნილის მოპასუხეებზე ჩაბარების დასტური, მაგრამ მოსარჩელემ აღნიშნული მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. მოსარჩელემ ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ მოპასუხეების სახელზე შედგენილი წერილის წარმოდგენა შეძლო, მაგრამ ვერ წარმოადგინა რაიმე სახის მტკიცებულება, რომ ეს წერილები გაუგზავნა მოპასუხეებს უკრაინის დედაქალაქ კიევში, ან/და მათ წარმომადგენელს რაიმე ფორმით საამისოდ დადგენილი საფოსტო გზავნილით ან/და რაიმე სხვა დასტურით. მაღალია ალბათობა იმისა, რომ პროვოცირების მიზნით წარმოადგინა ახლად შედგენილი ფორმალური წერილი ძველი თარიღით. მიუხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თითქოსდა მოხსენიებული კორესპოდენცია მოსარჩელის მიერ მოპასუხეზე ჩაბარებული იყო, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება;
14.4. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხეები არ უბრუნებდნენ მოსარჩელეს სადავო მოძრავ ნივთებს, უპირველეს ყოვლისა, მას შესაბამისი სასარჩელო მოთხოვნით უნდა მიემართა სასამართლოსათვის სადავო ქონების გადაცემის შესახებ, რაც მოსარჩელეს არ განუხორციელებია. ნაცვლად აღნიშნულისა, მან აწარმოა ცრუ, გამოგონილი, ძველი თარიღებით დათარიღებული (ანუ გაყალბებული) ახალშექმნილი სხვადასხვა მიმოწერები, შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის სამსახურთან, სამართალდამცავ და სახელმწიფო ორგანოებთან მიმოწერის სახით, რომლებსაც მოპასუხეებთან რაიმე შეხება არ აქვს;
14.5. აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2023 წლის 18 აგვისტოს წერილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის არსებული სხვა დავის ფარგლებში, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 01.08.2023 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, ყადაღა უნდა დადებოდა მოპასუხეების მფლობელობაში არსებულ მოსარჩელის კუთვნილ სასაქონლო მატერიალურ ფასეულობებს - 1456165 ცალ ნაყინის ჭიქას და 826874 ცალ ნაყინის ჭიქის პლასტმასის სახურავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ იქვე მიუთითა, რომ სააღსრულებო ბიუროს 2023 წლის 17 აგვისტოს ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტის თანახმად, ყადაღა დაედო მოპასუხეების შენობა-ნაგებობაში არსებულ მხოლოდ 435 835 ცალ ნაყინის ჭიქას და 230450 ცალ ნაყინის ჭიქის პლასტმასის სახურავს და არა - სადავოდ გამხდარ 1 456 165 ნაყინის ჭიქასა და 826 874 ცალ ნაყინის ჭიქის პლასტმასის სახურავს. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღწერის შედეგად საცავში აღმოჩნდა მხოლოდ 435 835 ცალი ნაყინის ჭიქა და 230 450 ცალი ნაყინის ჭიქის პლასტმასის სახურავი, რომლითაც უდავოდ დგინდებოდა, რომ აღსრულების შედეგად, მოპასუხე კომპანიას თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა ......... მდებარე საწყობის შენობა, სადაც ამ დროისათვის საწყობში ინახებოდა მხოლოდ 435 835 ცალი ნაყინის ჭიქა და 230 450 ცალი ნაყინის ჭიქის პლასტმასის სახურავი და არა - 2009 წელს შედგენილ ზედნადებში მითითებული ჭიქებისა და სახურავების რაოდენობა. სააპელაციო სასამართლომ 1456165 ცალი ნაყინის ჭიქის და 826 874 ცალი ნაყინის ჭიქის სახურავის რაოდენობის დაბრუნების ან/და მისი ღირებულების მოპასუხე კომპანიაზე გადასახდელად დაკისრებით მოსარჩელე დაასაჩუქრა და უსაფუძვლოდ გაამდიდრა. კომპეტენტური ორგანოს შემოწმების აქტის თანახმად, ......... ქ. №110-ში მდებარე შენობის მოპასუხეზე გადაცემის დროისათვის, თუ შენობაში ინახებოდა მხოლოდ 435 835 ცალი ნაყინის ჭიქა და 230 450 ცალი ნაყინის ჭიქის პლასტმასის სახურავი, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო, ასევე სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო ემსჯელა აღნიშნული რაოდენობის ჭიქისა და სახურავის ღირებულების თაობაზე და არა - 2009 წლის შეძენის შესახებ გაცემულ ზედნადებში მითითებული რაოდენობის შესახებ. სასამართლოს უნდა ემსჯელა, არსებობდა თუ არა იმის ალბათობა, რომ 2009 წლიდან 2015 წლამდე რეალიზებული ხომ არ იყო [აღნიშნული საქონელი], რადგან თავად მოსარჩელე ადასტურებს, რომ ის აწარმოებდა პროდუქციას. ამასთან ერთად, ყურადსაღებია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აღსრულების შედეგად მოპასუხე კომპანიას თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა .......... ქ. №110-ში მდებარე შენობა-ნაგებობა და არა - მასთან ერთად ვინმე მესამე პირის ჭიქები და ჭიქის სახურავები, მოსარჩელის მიმართ არსებული ვალდებულების გარეშე. ასევე, აღსრულების შედეგად თავისუფალ მდგომარეობაში ქონების ჩაბარება ნიშნავს, რომ ჩაბარების დღიდან მიღებული ქონების ოდენობაზე აღარ არსებობს სხვა დაინტერესებული პირის მოთხოვნის უფლება. თუმცა, მოსარჩელეს შეეძლო მოეთხოვა სადავო ნივთების გადაცემა ფაქტიურად არსებული, აღსრულების დროისათვის შემოწმებით გამოვლენილი ოდენობით და არა - 2009 წლის შეძენის ზედნადებში არსებული ოდენობით;
14.6. საქმეში წარმოდგენილი კომპეტენტური მაკონტროლებელი ორგანოს შემოსავლების სამსახურის მიერ სადავო ობიექტის შემოწმების აქტის მიხედვითაც, გამოვლენილია, რომ აღსრულების დროისათვის მესამე პირიდან მოპასუხე კომპანიაზე ბათუმში, .......... ქუჩა №110-ში მდებარე შენობაში ინახებოდა მხოლოდ 435 835 ჭიქა და 230 450 ცალი პლასტმასის ჭიქის სახურავი, ანუ 1 456 165-435 835= 1 020 330 ჭიქით ნაკლები და 826 874- 230 450 = 596 424 ჭიქის სახურავით ნაკლები;
14.7. ფაქტიურად არარსებული ნივთების ან/და მისი ღირებულების გადახდის მოპასუხეზე დაკისრება საფუძველსმოკლებულია და სცილდება სამართლის ნორმებს, შესაბამისად, დარღვეული იქნა სსსკ-ის 102.3 მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დასტურდებოდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
15. მოსარჩელემ მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
15.1. სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №10777 ბრძანებით დაინიშნა სათავსოში დასაწყობებული მატერიალური ფასეულობების (მუყაოს ჭიქების) ინვენტარიზაცია. მოპასუხეებს მიეცათ წინადადება 2018 წლის 27 ივლისამდე გაეხსნათ მათ მიერ უკანონოდ დაკავებული შენობა- საცავები (საკადასტრო კოდით ........; .........; ..........; .........) და შემოსავლების სამსახურს ჩაეტარებინა სასაქონლო ინვენტარიზაცია. აკრედიტებული ლაბორატორია კი აიღებდა საცავში არსებული ჰაერისა და დასაწყობებული მატერიალური ფასეულობების სინჯებს ამ ნივთების ვარგისიანობასთან დაკავშირებით (იხ.ს.ფ.66);
15.2. მოპასუხეებმა მოსარჩელეს არ გადასცეს საქონელი და შემოსავლების სამსახურს და სხვა შესაბამისი კომპეტენტური სამსახურის წარმომადგენლებს არ მისცეს საშუალება მომხდარიყო ამ საქონლის ინვენტარიზაცია. რომ არა მოპასუხეთა მსგავსი ქმედებები, ბუნებრივია, ჩატარდებოდა სასაქონლო ინვენტარიზაცია და, შესაბამისად, მოსარჩელეს აღარ დაერიცხებოდა 101 461,34 ლარისა და ასევე ჯარიმის - 16 749,51 ლარის, სულ 118 210,85 ლარის გადახდა.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის განჩინებით - მოპასუხეების საკასაციო საჩივარი, ხოლო 2025 წლის 26 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის შეგებებული საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 04 აპრილის განჩინებით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი და მოსარჩელის შეგებებული საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391.5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
18. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას შეგებებული საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
19. საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში [სსსკ-ის 404.1 მუხლის პირველი წინადადება]. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407-ე მუხლი]. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
20. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე კომპანიას პირველი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში აღძრული აქვს ვინდიკაციური სარჩელი და დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი ნივთების გამოთხოვა [სსკ-ის 170.1 მუხლი: მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას; 172.1 მუხლი: მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება].
21. სავინდიკაციო სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ.: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 245) (იხ. სუსგ საქმე №ას-457-2021, 5 ოქტომბერი, 2021 წელი).
22. ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ნივთის ფლობის უფლება. ამასთან, ამ წინაპირობებს სასამართლო ზემომითითებული თანმიმდევრობით ამოწმებს და სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით გადაწყვეტს დავას. მოთხოვნის უფლების მფლობელია ნივთის მესაკუთრე, რომელსაც ეკისრება სადავო ნივთებზე საკუთრების უფლებისა და მოპასუხის მიერ ამ ნივთების ფლობის ფაქტის მტკიცების ტვირთი, ხოლო მოთხოვნის უფლების მოვალე ნივთის მფლობელია, რომელმაც, თავის მხრივ, მართლზომიერი მფლობელობა უნდა ადასტუროს (იხ. სუსგ საქმე №ას-1347-2024, 13 დეკემბერი, 2024 წელი).
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო საქმის წარმოება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე ხორციელდება [სსსკ-ის 4.1. მუხლი: სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები]. აღნიშნული პრინციპის რეალიზება მოდავე მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის სწორი განაწილების პირობებშია შესაძლებელი.
24. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლი].
25. ამდენად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.
26. სსსკ-ის 105-ე მუხლი კი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების წესს. აღნიშნული მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოწმის ჩვენების, მხარის ახსნა-განმარტების სანდოობის შეფასებისას სხვა გარემოებებთან ერთად გაითვალისწინება მისი უნარი, სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
27. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. მტკიცებულებები უნდა შეფასდეს ყველა იმ ობიექტური და სუბიექტური ფაქტორით, რაც მათ იურიდიულ ბუნებას ახლავს. თითოეული მტკიცებულების სათანადოდ გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებზე საუბარი. სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული და შეფასებული თითოეული დეტალი, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ. ამდენად, შინაგანი რწმენით მტკიცებულებათა შეფასების მეთოდი მოიცავს თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობის განსაზღვრას დამოუკიდებლად (იხ. სუსგ საქმე №ას-556-2022, 14 ნოემბერი, 2022 წელი). გამომდინარე აქედან, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ (იხ. სუსგ საქმე №ას-589-896-09, 22 იანვარი, 2010 წელი).
28. მოპასუხეთა საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლო შეამოწმებს სადავო მოძრავი ნივთების - 1 456 165 ცალი ნაყინის ჭიქისა და 826 874 ცალი ნაყინის ჭიქის პლასტმასის სახურავის მოპასუხეთა მფლობელობაში არსებობის ფაქტის დადგენის კანონიერებას.
29. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მის უფლებამოსილებაში არ შედის ფაქტების დადგენა, არამედ იგი ამოწმებს მხოლოდ იმას, თუ რამდენად სწორად განახორციელა ეს პროცესი სააპელაციო სასამართლომ (იხ. სუსგ საქმე №ას-303-288-2016, 6 აპრილი, 2017 წელი).
30. საკასაციო საჩივარში მოპასუხე მხარე აპელირებს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2023 წლის 18 აგვისტოს წერილზე, რომლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის არსებული სხვა დავის ფარგლებში, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 01.08.2023 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, ყადაღა უნდა დადებოდა მოპასუხეების მფლობელობაში არსებულ მოსარჩელის კუთვნილ სასაქონლო მატერიალურ ფასეულობებს - 1456165 ცალ ნაყინის ჭიქას და 826874 ცალ ნაყინის ჭიქის პლასტმასის სახურავს. სააღსრულებო ბიუროს 2023 წლის 17 აგვისტოს ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტის თანახმად კი, ყადაღა დაედო მოპასუხეების შენობა-ნაგებობაში არსებულ მხოლოდ 435 835 ცალ ნაყინის ჭიქას და 230450 ცალ ნაყინის ჭიქის პლასტმასის სახურავს და არა - სადავოდ გამხდარ 1 456 165 ცალ ნაყინის ჭიქასა და 826 874 ცალ ნაყინის ჭიქის პლასტმასის სახურავს. კასატორები აღნიშნავენ, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღწერის შედეგად საცავში აღმოჩნდა მხოლოდ 435 835 ცალი ნაყინის ჭიქა და 230 450 ცალი ნაყინის ჭიქის პლასტმასის სახურავი, რომლითაც უდავოდ დგინდებოდა, რომ აღსრულების შედეგად, მოპასუხე კომპანიას თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა .......... ქ. 110-ში მდებარე საწყობის შენობა, სადაც ამ დროისათვის საწყობში ინახებოდა მხოლოდ 435 835 ცალი ნაყინის ჭიქა და 230 450 ცალი ნაყინის ჭიქის პლასტმასის სახურავი და არა - 2009 წელს შედგენილ ზედნადებში მითითებული ჭიქებისა და სახურავების რაოდენობა. სააპელაციო სასამართლომ 1456165 ცალი ნაყინის ჭიქის და 826 874 ცალი ნაყინის ჭიქის სახურავის რაოდენობის დაბრუნების ან/და მისი ღირებულების მოპასუხე კომპანიაზე გადასახდელად დაკისრებით მოსარჩელე დაასაჩუქრა და უსაფუძვლოდ გაამდიდრა. კომპეტენტური ორგანოს შემოწმების აქტის თანახმად, .......... ქ. №110-ში მდებარე შენობის მოპასუხეზე გადაცემის დროისათვის, თუ შენობაში ინახებოდა მხოლოდ 435 835 ცალი ნაყინის ჭიქა და 230 450 ცალი ნაყინის ჭიქის პლასტმასის სახურავი, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო, ასევე სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო ემსჯელა აღნიშნული რაოდენობის ჭიქისა და სახურავის ღირებულების თაობაზე და არა - 2009 წლის შეძენის შესახებ გაცემულ ზედნადებში მითითებული რაოდენობის შესახებ. სასამართლოს უნდა ემსჯელა, არსებობდა თუ არა იმის ალბათობა, რომ 2009 წლიდან 2015 წლამდე რეალიზებული ხომ არ იყო [აღნიშნული საქონელი], რადგან თავად მოსარჩელე ადასტურებს, რომ ის აწარმოებდა პროდუქციას. კასატორები მიიჩნევენ, რომ ფაქტიურად არარსებული ნივთების ან/და მისი ღირებულების გადახდის მოპასუხეზე დაკისრება საფუძველსმოკლებულია და სცილდება სამართლის ნორმებს.
31. ამდენად, მოპასუხეების საკასაციო პრეტენზიის გათვალისწინებით, დადგენილია, რომ მოსარჩელე სადავო მოძრავი ქონების მესაკუთრეა, ხოლო მოპასუხე მხარეს აღნიშნული ქონების ფლობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე სადავოა მხოლოდ მოპასუხეთა მფლობელობაში მოძრავი ნივთების - ნაყინის ჭიქისა და ნაყინის ჭიქის პლასტმასის სახურავის კონკრეტული რაოდენობით (1456165 ცალი ნაყინის ჭიქისა და 826874 ცალი ნაყინის ჭიქის პლასტმასის სახურავის) არსებობის ფაქტი.
32. პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საკასაციო საჩივარზე წარდგენილ საკასაციო შესაგებელში მოსარჩელე კომპანიის განმარტებაზე, რომ სარჩელით მოთხოვნილი ნივთების რაოდენობაზე მოპასუხე მხარეს პრეტენზია არ ჰქონია თავის დაზუსტებულ შესაგებელში. საკასაციო პალატამ შეისწავლა მოპასუხეების მიერ წარდგენილი დაზუსტებული შესაგებელი, რომელშიც მოპასუხეები უთითებდნენ შემდეგს: მართალია, მოსარჩელეს 2009 წელს შეძენილი აქვს სადავო ნივთები, მაგრამ არ დგინდება, რამდენი აქვს გადახდილი და რა რაოდენობის ინახებოდა საცავში და ისიც, თუ ინახებოდა რამდენი ერთეული (იხ. ტ. 1, ს.ფ. 356). ამდენად, მოპასუხეთა მფლობელობაში მოძრავი ნივთების კონკრეტული რაოდენობით არსებობის გარემოება მხარეთა შორის სადავო იყო და შედიოდა მოსარჩელის მტკიცების საგანში.
33. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) (იხ. სუსგ საქმე №ას-1919-2018, 22 მარტი, 2019 წელი).
34. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს ევალებოდა სათანადო და სარწმუნო მტკიცებულების წარმოდგენა, რომ მის მიერ 2009 წელს შეძენილი სასაქონლო მატერიალური ფასეულობა - მოძრავი ნივთები: 1 456 165 ცალი ნაყინის ჭიქა და 826 874 ცალი ნაყინის ჭიქის პლასტმასის სახურავი, რომლებიც წარმოადგენს საკვების (ნაყინის) შესაფუთ მასალას და რომლებიც მოსარჩელეს სჭირდებოდა საწარმოო დანიშნულებით გამოსაყენებლად, ამავე რაოდენობით 2021 წელს აღძრული სარჩელის განხილვისას კვლავ განთავსებული იყო მოპასუხე მხარის მფლობელობაში. ამ თვალსაზრისით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ხელშეკრულება, საბაჟო და საბუღალტრო დოკუმენტაცია, წერილები და სხვ.) არასაკმარისია მოპასუხეთა მფლობელობაში ზემოთ მითითებული რაოდენობით სადავო მოძრავი ნივთების არსებობის გარემოების დასადასტურებლად.
35. საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ მოცემული დავის ფარგლებში ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დადგინდა, რომ დავის საბოლოო გადაწყვეტამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა უნდა დადებოდა მოპასუხეთა მფლობელობაში არსებულ მოსარჩელე კომპანიის კუთვნილ სასაქონლო მატერიალურ ფასეულობას, კერძოდ, 1 456 165 ცალ ნაყინის ჭიქას და 826 874 ცალ ნაყინის ჭიქის პლასტმასის სახურავს (იხ. ტ. 2. ს.ფ. 20-24). 2023 წლის 1 აგვისტოს გაიცა ასევე სააღსრულებო ფურცელი (იხ. ტ. 2. ს.ფ. 25). 2023 წლის 29 აგვისტოს მოსარჩელის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და აღნიშნა შემდეგი: აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურომ 2023 წლის 17 აგვისტოს შეადგინა ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი, რომლითაც დასტურდება ის გარემოება, რომ მოპასუხე კომპანიის დირექტორს, პირველ და მეორე მოპასუხეებს გაუფლანგავთ და მიუთვისებიათ მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო მატერიალური ფასეულობა; ფიზიკურად აღმოჩნდა მხოლოდ 437 835 ცალი ნაყინის ჭიქა და 230350 ცალი ნაყინის პლასტმასის სახურავი; უნდა ყოფილიყო 1 456 165 ცალი ნაყინის მუყაოს ჭიქა და 826 874 ცალი ნაყინის ჭიქის პლასტმასის სახურავი. ამდენად, დგინდება ის გარემოება, რომ გაფლანგული და მითვისებულია 1 018 330 ნაყინის ჭიქა და 596 524 ცალი ნაყინის პლასტმასის სახურავი (იხ. ტ. 2. ს.ფ. 26-27). განცხადებას თან ერთვის აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2023 წლის 18 აგვისტოს წერილი და 2023 წლის 17 აგვისტოს ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი, რომლის თანახმად, ყადაღა დაედო 437835 ცალ ნაყინის ჭიქას და 230350 ცალ ნაყინის ჭიქის პლასტმასის სახურავს (იხ. ტ.2 ს.ფ. 28, 33).
36. ამდენად, საქმის მასალებით არ დასტურდება 1 018 330 (1 456 165 – 437 835) ცალი ნაყინის ჭიქისა და 596 524 (826 874 – 230 350) ცალი ნაყინის ჭიქის პლასტმასის სახურავის მოპასუხე მხარის მფლობელობაში არსებობის გარემოება.
37. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო მტკიცებულებების არასათანადო შეფასების შედეგად მივიდა საქმის არასწორ გადაწყვეტამდე, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია [სსსკ-ის 393.3 მუხლი: საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი].
38. საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები [სსსკ-ის 411-ე მუხლის პირველი წინადადება]. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ამგვარი საფუძვლები და არ არის საჭირო მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
39. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარე საკასაციო საჩივარში ვერ უთითებს უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების, 437835 ცალი ნაყინის ჭიქისა და 230350 ცალი ნაყინის ჭიქის პლასტმასის სახურავის გამოთხოვის დამაბრკოლებელ რაიმე გარემოებაზე. სააპელაციო სასამართლომ სადავო მოძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება წარმოდგენილი ხელშეკრულებით, საბაჟო და საბუღალტრო დოკუმენტაციით დადასტურებულად მიიჩნია, ასევე, დადგენილია, რომ საცავი (სათავსო), სადაც სადავო მოძრავი ნივთებია განლაგებული, მოპასუხე კომპანიისა და პირველი მოპასუხის თანასაკუთრებას წარმოადგენს, ხოლო მოპასუხეებს სადავო მოძრავი ნივთების ფლობის მართლზომიერების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. რადგან განხორციელებულია სსკ-ის 172.1 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს. ამდენად, საკასაციო სასამართლო აკმაყოფილებს მოსარჩელე კომპანიის სარჩელს უკანონო მფლობელობიდან 437835 ცალი ნაყინის ჭიქისა და 230350 ცალი ნაყინის ჭიქის პლასტმასის სახურავის გამოთხოვის შესახებ.
40. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოძრავი ნივთების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე [თუ გადაწყვეტილების აღსრულებისას აღნიშნული ქონება სრულად ან ნაწილობრივ არ აღმოჩნდება ანდა აღნიშნული ნივთები გამოუსადეგარი აღმოჩნდება, მსგავს შემთხვევაში მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ 167 495 ლარის გადახდა], საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ამ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად სსსკ-ის 253-ე მუხლს უთითებს, რომლის თანახმად, ქონების ნატურით მიკუთვნების დროს სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს ამ ქონების ღირებულებაზე, რომელიც უნდა გადახდეს მოპასუხეს, თუ გადაწყვეტილების აღსრულებისას აღნიშნული ქონება მას არ აღმოაჩნდება.
41. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, მხარე, რომელიც ითხოვს ქონების მიკუთვნებას, უფლებამოსილია, მოითხოვოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობის საშიშროებისას (ქონების განადგურება და სხვა) ამ ქონების ღირებულების განსაზღვრა. აღნიშნულით უზრუნველყოფილია გადაწყვეტილების რეალურად აღსრულება და მოსარჩელეს ამ ნორმის გამოყენების შემთხვევაში ქონების ღირებულების ანაზღაურების შესახებ სარჩელის ხელახლა აღძვრის საჭიროება არ წარმოეშობა (იხ. სუსგ საქმე №ას-491-460-2010, 5 ივლისი, 2010 წელი). გარკვეული ნივთის მხარისათვის მიკუთვნების შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია, თავის გადაწყვეტილებაში დააფიქსიროს ამ ნივთის ღირებულება. კანონის აღნიშნული დანაწესი მიზნად ისახავს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ხელის შეწყობასა და მის გამარტივებას, ვინაიდან შესაძლოა, გადაწყვეტილების აღსრულებისას სადავო ნივთი მოპასუხესთან არ აღმოჩნდეს, რა დროსაც აღსრულება უნდა მოხდეს მიკუთვნებული ნივთის ღირებულების მოსარჩელისათვის ანაზღაურების გზით (იხ. სუსგ საქმე №ას-325-580-08, 20 ოქტომბერი, 2008 წ). დასახელებული ნორმა ემსახურება სამართლიანი სასამართლო პრინციპის განმტკიცებას და ორიენტირებულია მხარეთა შორის არსებული დავის გადაწყვეტის საბოლოო ხასიათზე. მართლმსაჯულების ამოცანას წარმოადგენს არა მხოლოდ დარღვეული სადავოდ ქცეული უფლების დაცვა, არამედ ამ დაცვისათვის ქმედითი, ეფექტური წინაპირობების შექმნა, რათა მხარისათვის შესაძლებელი იყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დადგენილი მართლწესრიგის დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალწარმოება უმოქმედოა (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-168-168-2018, 11 მაისი, 2018 წელი). ადამიანის უფლებათა ევროსასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ გადაწყვეტილების აღსრულება მხარისათვის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. მაგ: Apostol v. Georgia; §37; Hornsby v.Greece, §40; IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; Burdov v. Russia, §34) (იხ. სუსგ საქმე №ას-205-2019, 24 ოქტომბერი, 2019 წელი).
42. ამდენად, სსსკ-ის 253-ე მუხლით დადგენილი წესი წარმოადგენს გადაწყვეტილების რეალურად აღსრულების ერთ-ერთ გარანტიას. იგი ათავისუფლებს მოსარჩელეს კვლავ აღძრას სარჩელი ქონების (ნივთის) ღირებულების ანაზღაურების შესახებ ისეთ შემთხვევებში, როდესაც გადაწყვეტილებით მიკუთვნებული ქონება გადაწყვეტილების აღსრულებისას არ აღმოაჩნდება მოვალეს (მოპასუხეს) (იხ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი. თ.ლილუაშვილი, ვ.ხრუსტალი, თბ., 2007, 445). ამ თვალსაზრისით, სსსკ-ის 253-ე მუხლი საპროცესო ეკონომიის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას წარმოადგენს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ნორმის ინტერპრეტაცია საკანონმდებლო რეგულირების ძირითად მიზანს არ უნდა გასცდეს. კანონის ინტერპრეტაცია უნდა ემსახურებოდეს ამ კანონის მიზანს. კანონის ცალკეული დებულებები გააზრებული უნდა იქნას სხვადასხვა დებულებათა ურთიერთდამოკიდებულებაში. კანონის ინტერპრეტაცია მთლიანობაში წარმოადგენს არგუმენტების შერჩევისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, რომელიც ხშირად სხვადასხვა, ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფ მიზნებზე არის ორიენტირებული. სამართლებრივი გადაწყვეტილებები დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციებზე, რადგან განსხვავებულ, თუნდაც ტიპიურ სიტუაციებში, მიზნები და მათთან დაკავშირებული ინტერესები სხვადასხვა მოცულობითა და კონსტელაციაში გარკვეულ როლს თამაშობენ. სამართლიანობის მიღწევის გარდა, სამართლის ამოცანაა, უზრუნველყოს სამართლებრივი უსაფრთხოება და ინტერესთა ოპტიმალური და მიზანშეწონილი დაკმაყოფილება. ყოველივე ეს მიზანი გათვალისწინებულ უნდა იქნას კანონის ინტერპრეტაციისა და განვრცობის პროცესში. სამართლის ფუნქცია, რომ პრობლემები სამართლიანად გადაწყვიტოს, არა მხოლოდ ინტერპრეტაციის გზით ხორციელდება, არამედ, ამავე დროს, წარმოადგენს კანონის გავრცობის საჭიროების შემოწმებას. გარდა ამისა, კანონის ინტერპრეტაცია უნდა იცავდეს „სამართლის ერთიანობის“ პრინციპს, ე.ი. ინტერპრეტაციის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება არ უნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში სამართლის სხვა ნორმებთან. სამართლის ნორმა ისე უნდა იქნეს ინტერპრეტირებული, რომ იგი ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ლოგიკურად თავსებადი იყოს უფრო მაღალი ან იგივე რანგის ნორმათა კონტექსტში“ (რ. ციპელიუსი, იურიდიული მეთოდების მოძღვრება, 10-ე გადამუშავებული გამოცემა, GIZ 2009, 53) (იხ. სუსგ საქმე №ას-1159-2018, 26 მარტი, 2019 წელი).
43. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ, როგორც ზემოთ აღინიშნა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ფარგლებში დავის საბოლოო გადაწყვეტამდე ყადაღა დადებულია 437835 ცალ ნაყინის ჭიქასა და 230350 ცალ ნაყინის ჭიქის პლასტმასის სახურავზე. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე კომპანიის ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებული მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებულია სათანადო უზრუნველყოფის ღონისძიება, საკასაციო პალატა მოძრავი ნივთების - 437835 ცალი ნაყინის ჭიქისა და 230350 ცალი ნაყინის ჭიქის პლასტმასის სახურავის მიკუთვნების ნაცვლად მისი ღირებულების დაკისრების შესახებ მოთხოვნას უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-400-380-2011, 11 იანვარი, 2012 წელი). ხოლო, იმ მოძრავი ქონების (1 018 330 ცალი ნაყინის ჭიქისა და 596 524 ცალი ნაყინის ჭიქის პლასტმასის სახურავის) ღირებულების მოპასუხე მხარისთვის დაკისრების მოთხოვნა, რაც არ არის მოპასუხე მხარის მფლობელობაში, არ ექცევა სსსკ-ის 253-ე მუხლის მოწესრიგების სფეროში, რადგან დავის საგანზე აღსრულების მიქცევა გადაწყვეტილების გამოტანის დროს კი არ აღმოჩნდა შეუძლებელი, არამედ ქონება - სადავო ნივთები საერთოდ არ არსებობდა მოპასუხე მხარის მფლობელობაში დავის განხილვის პერიოდშიც (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-1159-2018, 26 მარტი, 2019 წელი). მოსარჩელე სსსკ-ის 253-ე მუხლზე დაყრდნობით ითხოვს ასევე მოპასუხეთათვის გამოთხოვილი მოძრავი ნივთების ღირებულების ანაზღაურების დაკისრებას იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ნივთები გამოუსადეგარი აღმოჩნდება, თუმცა, სსსკ-ის 253-ე მუხლით მსგავსი რეგულაცია გათვალისწინებული არ არის. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოძრავი ნივთების გაუვარგისების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ასევე იმ ნაკლული მოძრავი ნივთების ღირებულების ანაზღაურებაზე, რომლებიც მოსარჩელის მტკიცებით განთავსებული იყო მოპასუხეთა მფლობელობაში, მოპასუხე მხარის მატერიალური პასუხისმგებლობის საფუძვლიანობის შემოწმება შესაძლებელია ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარდგენილი სარჩელის პირობებში და არა - წინამდებარე საქმეში აღძრული ვინდიკაციური სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში.
44. საკასაციო პალატა იმსჯელებს ასევე მოსარჩელის შეგებებულ საკასაციო საჩივარში ასახულ პრეტენზიებზე და აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, ჯამში 118210,85 ლარის ოდენობით, ზიანის ანაზღაურების თაობაზე 992-ე [პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი] და 408.1 [იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება] მუხლებიდან გამომდინარეობს.
45. სსკ-ის 992-ე მუხლი არასახელშეკრულებო ზიანის ცენტრალური ნორმაა, რომელიც განამტკიცებს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და დაზარალებულს (კრედიტორს) ვალდებული პირის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული მუხლის გამოყენების წინაპირობებია: ზიანი; ქმედების მართლწინააღმდეგობა; მიზეზობრივი კავშირი და ბრალი (ე.წ. „გენერალური დელიქტი“). სამოქალაქო სამართალში ზიანში მოიაზრება ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. ზიანი წარმოადგენს სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს. თუ არაა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. ზიანი სწორედ რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგია. იგი წარმოადგენს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად, [ქონებრივი] ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა-ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (Totalreparation-ის პრინციპი)“ (იხ. სუსგ საქმე №ას-459-438-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი).
46. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. კერძოდ, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს (იხ. სუსგ საქმე №ას-553-2019, 19 მარტი, 2021 წელი; საქმე №ას-459-438-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი).
47. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ასევე მტკიცების ტვირთზე. საკასაციო პალატის განმარტებით, როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს (იხ. სუსგ საქმე №ას-934-2020, 25 მარტი, 2021 წელი). მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1090-2019, 30 ოქტომბერი, 2019 წელი).
48. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 23 ივლისის N20714 ბრძანებით მოსარჩელე კომპანიაში დანიშნული კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტმა შეადგინა საგადასახადო შემოწმების აქტი N1815, რომლის საფუძველზე 2020 წლის 3 აგვისტოს გამოიცა ბრძანება N22345 ბიუჯეტში გადასახდელად დამატებითი 82662 ლარის, მათ შორის: ძირითადი - 55108 ლარისა და ჯარიმის - 27554 ლარის გადახდის შესახებ. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა N081-165-ით მოსარჩელეს დაერიცხა დღგ, ჯარიმები და საურავები, კერძოდ: ძირითადი გადასახადი - 55108 ლარი, დღგ - 25550 ლარი, მოგების გადასახადი - 29558 ლარი, ჯარიმა - 27554 ლარი და საურავი - 18799.34 ლარი, საერთო თანხა - 101461.34 ლარი (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 3.6 ქვეპუნქტი). დადგენილია ასევე, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია ადმინისტრაციული საქმე, სადაც მოსარჩელე კომპანია ითხოვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 23 ივლისის N20714 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების N1815 აქტის და თანმდევი შედეგების ბათილად ცნობას (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 3.9 ქვეპუნქტი). ამდენად, სახეზე არ არის უშუალო ზიანის მიყენების ფაქტი. ამასთან, სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. გამომდინარე აქედან, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ არ არსებობს მოპასუხეებისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.
49. გამომდინარე აქედან, ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება სწორია, რაც შეგებებული საკასაციო საჩივრის უარყოფის საფუძველს ქმნის [სსსკ-ის 410-ე მუხლი: საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას].
50. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო მოსარჩელის შეგებებულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე; უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით, მოსარჩელე კომპანიის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; მოპასუხე კომპანიისა და პირველი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნეს მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო მატერიალური ფასეულობა - მოძრავი ნივთები: 437835 ცალი ნაყინის ჭიქა და 230350 ცალი ნაყინის ჭიქის პლასტმასის სახურავი და აღნიშნული ნივთები ჩაბარდეს მოსარჩელეს; ხოლო, დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას.
51. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა; ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
52. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე.
53. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოში დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე სასამართლო ხარჯები უნდა განაწილდეს შემდეგი სახით: მოპასუხეებს (გარდა მეორე მოპასუხისა, რადგან ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს იმ საცავის მესაკუთრეს, სადაც სადავო მოძრავი ნივთებია განლაგებული) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ საკასაციო სასამართლოს მიერ გადავადებული სახელმწიფო ბაჟიდან 8000 ლარიდან 200 ლარის გადახდა, იმ დასაბუთებით, რომ მათი საკასაციო საჩივარი მოძრავი ნივთების ვინდიკაციის ნაწილში არ დაკმაყოფილდა (სსსკ-ის 41.1 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4000 ლარით, რომლის 5% 200 ლარია), ხოლო დანარჩენი ანუ 7800 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს მოსარჩელეს, როგორც მოპასუხეთა მიერ მოგებული ნაწილის (მოძრავი ნივთების ღირებულების) პროპორციული სახელმწიფო ბაჟის ოდენობა (სსსკ-ის 39.3 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს იურიდიული პირისათვის 8 000 ლარს). ამასთან, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ასევე საკასაციო სასამართლოს მიერ შეგებებულ საკასაციო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 5910,50 ლარის გადახდა, ვინაიდან მისი შეგებებული საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
54. ზემოაღნიშნული პრინციპით განაწილდება სასამართლო ხარჯები ასევე სააპელაციო და პირველი ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვისთვის. კერძოდ: სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხე კომპანიასა და პირველ მოპასუხეს უნდა დაეკისროთ სააპელაციო სასამართლოს მიერ გადავადებული სახელმწიფო ბაჟიდან 160 ლარის გადახდა (4000 ლარის 4%), ხოლო მოსარჩელეს - სააპელაციო სასამართლოს მიერ გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 7000 ლარისა და მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟიდან 6840 ლარის გადახდა; პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოებისთვის მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟიდან 4880 ლარის გადახდა, ხოლო მოპასუხე კომპანიასა და პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 120 ლარის გადახდა.
55. სსსკ-ის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
56. განსახილველ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა მხოლოდ უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ქონების გამოთხოვის ნაწილში და მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხეებისთვის მოძრავი ნივთების ღირებულების და ასევე, ზიანის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, გამომდინარე აქედან, უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ს.ჩ–ს (პ/ნ .........) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის, მდებარე - ქ. ბათუმში, .........., ბინა №17 (ს/კ ........), გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; ს.ჩ–ს (პ/ნ ..........) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - ქ. ბათუმში, .......... (ს/კ ........), გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; ს.ჩ–ს (დაბ. 20/06/1969 წ, P/N ...........) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის, მდებარე - ქ. ბათუმში, ..........(ს/კ ...........), გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, ხოლო ძალაში უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 01 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხეების შპს „ს.ა.პ–ის“ (ს/ნ ..........) ს.ჩ–ის (პ/ნ ........) და ს.ჩ–ის (დაბ. 20/06/1969წ, P/N 253 ..........) მფლობელობაში არსებულ შპს „ი.გ.კ–ი“ (ს/ნ .........) კუთვნილ სასაქონლო მატერიალურ ფასეულობას, კერძოდ, 1 456 165 ცალ ნაყინის ჭიქას და 826. 874 ცალ ნაყინის ჭიქის პლასტმასის სახურავს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე და 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს „ს.ა.პ“-ის, ს.ჩ–ისა და ს.ჩ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შპს „ი.გ.კ“-ს შეგებებული საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
4. შპს „ი.გ.კ“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. შპს „ს.ა.პ“-ისა და ს.ჩ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს შპს „ი.გ.კ“-ს კუთვნილი სასაქონლო მატერიალური ფასეულობა - მოძრავი ნივთები: 437835 ცალი ნაყინის ჭიქა და 230350 ცალი ნაყინის ჭიქის პლასტმასის სახურავი და აღნიშნული ნივთები ჩაბარდეს შპს „ი.გ.კ“-ს;
6. შპს „ი.გ.კ“-ს უარი ეთქვას დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე;
7. შპს „ს.ა.პ“-ს და ს.ჩ–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150) დაეკისროთ საკასაციო სასამართლოს მიერ გადავადებული სახელმწიფო ბაჟიდან 200 ლარის გადახდა;
8. შპს „ი.გ.კ“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150) დაეკისროს საკასაციო სასამართლოს მიერ შეგებებულ საკასაციო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 5910,50 ლარისა და კასატორთა საკასაციო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟიდან 7800 ლარის გადახდა;
9. შპს „ს.ა.პ–“-ს და ს.ჩ–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150) დაეკისროთ სააპელაციო სასამართლოს მიერ გადავადებული სახელმწიფო ბაჟიდან 160 ლარის გადახდა;
10. შპს „ი.გ.კ“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150) დაეკისროს სააპელაციო სასამართლოს მიერ გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 7000 ლარისა და მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟიდან 6840 ლარის გადახდა;
11. შპს „ი.გ.კ“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150) დაეკისროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟიდან 4880 ლარის გადახდა;
12. შპს „ს.ა.პ“-ს და ს.ჩ–ს შპს „ი.გ.კ“-ს სასარგებლოდ დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 120 ლარის გადახდა;
13. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ს.ჩ–ს (პ/ნ ........) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის, მდებარე - ქ. ბათუმში, .......... ქუჩა №3, ბინა №17 (ს/კ ..........), გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; ს.ჩ–ს (პ/ნ .......) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - ქ. ბათუმში, ........... (ს/კ ...........), გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; ს.ჩ–ს (დაბ. 20/06/1969 წ, P/N 253 730 5477) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის, მდებარე - ქ. ბათუმში, ......... (ს/კ ........), გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;
14. ძალაში დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 01 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხეების შპს „ს.ა.პ–ის“ (ს/ნ ........) ს.ჩ–ის (პ/ნ ......) და ს.ჩ–ის (დაბ.20/06/1969 წ, P/N 253 730 5477) მფლობელობაში არსებულ შპს „ი.გ.კ–ი“ (ს/ნ ..........) კუთვნილ სასაქონლო მატერიალურ ფასეულობას, კერძოდ, 1 456 165 ცალ ნაყინის ჭიქას და 826. 874 ცალ ნაყინის ჭიქის პლასტმასის სახურავს;
15. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა. ძაბუნიძე