Facebook Twitter

საქმე №ას-1070-2025 18 დეკემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – დ.გ. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ლ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 მაისის განჩინებით დ.გ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც ნ.ლ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილდა; დადგინდა, რომ გაუქმდეს მხარეთა შორის არსებული საზიარო უფლება შემდეგ ქონებაზე: ქ. თბილისი, .........., ფართი 87.00 კვ.მ., ს/კ .......... - აუქციონზე რეალიზაციის გზით და საზიარო საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა განაწილდეს მხარეთა შორის მათი წილის შესაბამისად.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მხარეთა სახელზე თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულია უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ................, ფართი 87.00 კვ.მ., ს/კ ...........; თითოეულის წილი თანასაკუთრებაში შეადგენს ½ ნაწილს;

2.2. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №5004658924 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, უძრავი ქონების, მდებარე: თბილისი, ............., ფართი 87.00 კვ.მ., ს/კ .........., გაყოფა ისე, რომ არ შემცირდეს გამოყოფილი ნაწილების ფუნქციური (დანიშნულებრივი) ღირებულება, სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა დაცვით შეუძლებელია, ვინაიდან გამიჯვნის შემთხვევაში შეუძლებელია დამატებით მოეწყოს დამოუკიდებელი შესასვლელი, სამზარეულო და სველი წერტილი.

3. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 953-ე, 961.1, 963-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ საზიარო უფლების საგანს წარმოადგენს უძრავი ნივთი - მრავალსართულიან, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში მდებარე ბინა. მოსარჩელემ მოითხოვა რა საზიარო საგნის გაუქმება, მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ საზიარო საგნის ნატურით გაყოფა შეუძლებელია. აღნიშნულის დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №5004658924 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, უძრავი ქონების გაყოფა ისე, რომ არ შემცირდეს გამოყოფილი ნაწილების ფუნქციური (დანიშნულებრივი) ღირებულება, სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა დაცვით შეუძლებელია. მოპასუხემ არ გამორიცხა გაყოფის შესაძლებლობა. თუმცა ასევე აღნიშნა, რომ გაყოფა რეკონსტრუქციის გარეშე შეუძლებელია. აგრეთვე, განმარტა, რომ სადავო უძრავ ქონებაში მცხოვრები თ.გ–ვი ბინის აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში დარჩებოდა საცხოვრებლის გარეშე.

4. სააპელაციო პალატის დასკვნით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შეფასების გზით სწორად მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ქონების ორ თანაბარ ნაწილად გაყოფა შეუძლებელი იყო, ხოლო სადავო უძრავ ქონებაში თ.გ–ვის ცხოვრება არ წარმოადგენდა მესაკუთრის მიერ საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნის დამაბრკოლებელ გარემოებას.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

6. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

6.1. ბინა 4-ოთახიანია და იგი მცირედი რეკონსტრუქციის შემთხვევაში რეალურად იძლევა ერთმანეთისაგან იზოლირებულად მასში ორი პირის ცხოვრების და სარგებლობის შესაძლებლობას;

6.2. ბინაში ცხოვრობს მოპასუხის ნათესავი, შრომისუუნარო თ.გ–ვი, რომელიც იყო წინა თანამესაკუთრე და ბინის აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში იგი დარჩება საცხოვრისის გარეშე.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 01 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

9. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

10. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

11. განსახილველ შემთხვევაში სარჩელის საგანს წარმოადგენს საზიარო უფლების გაუქმება საზიარო საგნის რეალიზაციის გზით [სსკ-ის 961.1. მუხლი: თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება].

12. სამოქალაქო კოდექსი იცნობს საზიარო უფლების გაუქმების ორ შესაძლებლობას: საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით [სსკ-ის 963-ე მუხლი] და საზიარო უფლების გაუქმებას საზიარო საგნის რეალიზაციის გზით [სსკ-ის 964-ე მუხლი]. ეს უკანასკნელი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია [სსკ-ის 964.1 მუხლის პირველი წინადადება: თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით].

13. საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ: 1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. საკასაციო პალატის განმარტებით, როგორც პირველი, ასევე მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი, ამასთან, ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას. ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი) კი არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისი საგნობრივი (ფუნქციონალური) დანიშნულება, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს. ნატურით გასაყოფმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ის ასრულებს გაყოფამდე, ე.ი. არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა. საკასაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ დაუშვებელია საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით, თუ შეუძლებელია ყველა თანამესაკუთრის საკუთრების უფლების ღირებულების შენარჩუნება საკუთარი იდეალური წილის შესაბამისად. მხოლოდ ერთი თანამესაკუთრის იდეალური წილის იმგვარი გამოყოფა, რომლითაც დაცულია ამ უკანასკნელის საზიარო საგნის გაყოფამდე არსებული მდგომარეობა (ღირებულება), საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის კონტექსტში ლეგიტიმურს არ ხდის, თუ დაცული და შენარჩუნებული არ არის სხვა თანამესაკუთრეთა იდეალური წილის მდგომარეობა (ღირებულება). ამასთან, საზიარო უფლების გაუქმება, როდესაც ეს ხდება ნატურით გაყოფის გზით, ნიშნავს თანასაკუთრების რეჟიმიდან ინდივიდუალური საკუთრების რეჟიმზე გადასვლას, ანუ დაუშვებელია საზიარო საგანი ისე გაიყოს, რომ ნივთის გარკვეულ ნაწილზე ვრცელდებოდეს ინდივიდუალური საკუთრება, ხოლო სხვა ნაწილზე საერთო საკუთრება (იხ. სუსგ საქმე №ას-1148-1094-2014, 19 მარტი, 2015 წელი).

14. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, საზიარო უფლების გაუქმება ნივთის აუქციონზე რეალიზაციის გზით არ წარმოადგენს მესაკუთრის უპირობო უფლებას. აღნიშნულ უფლებას მესაკუთრე იძენს მხოლოდ მას შემდეგ, რაც სარწმუნოდ დაადასტურებს ნივთის ნატურით გაყოფის შეუძლებლობას. საზიარო უფლების გაუქმება წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნას, რომლის დისპოზიციური უფლებამოსილება – შეარჩიოს საზიარო უფლების გაუქმების კონკრეტული საშუალება, შეზღუდულია მატერიალური კანონმდებლობით (იხ. სუსგ საქმე №ას-1148-1094-2014, 19 მარტი, 2015 წელი).

15. დადგენილია, რომ მხარეთა სახელზე თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულია უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ..........., ფართი 87.00 კვ.მ., ს/კ .........; თითოეულის წილი თანასაკუთრებაში შეადგენს ½ ნაწილს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1 ქვეპუნქტი).

16. კასატორის პრეტენზიის თანახმად, ბინა 4-ოთახიანია და იგი მცირედი რეკონსტრუქციის შემთხვევაში რეალურად იძლევა ერთმანეთისაგან იზოლირებულად მასში ორი პირის ცხოვრების და სარგებლობის შესაძლებლობას.

17. საკასაციო სასამართლო, კასატორის პრეტენზიის პასუხად, უპირველესად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო უძრავი ქონება მრავალბინიან სახლში მდებარე იზოლირებული ბინაა, რომლის ნატურით გაყოფა მისი კომუნალური ხასიათიდან გამომდინარე, როგორც წესი, არ ხდება (იხ. მსგავს საკითხზე: სუსგ საქმე №ას-49-2020, 20 თებერვალი, 2020 წელი; საქმე №ას-96-2019, 8 მაისი, 2019 წელი; საქმე №ას-1441-2018, 8 მაისი, 2020 წელი; საქმე №ას-1065-2021, 1 დეკემბერი, 2021 წელი; საქმე №ას-514-2025, 07 ნოემბერი, 2025 წელი). ამასთან, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №5004658924 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, უძრავი ქონების, მდებარე: თბილისი, ........., ფართი 87.00 კვ.მ., ს/კ .........., გაყოფა ისე, რომ არ შემცირდეს გამოყოფილი ნაწილების ფუნქციური (დანიშნულებრივი) ღირებულება, სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა დაცვით შეუძლებელია, ვინაიდან გამიჯვნის შემთხვევაში შეუძლებელია დამატებით მოეწყოს დამოუკიდებელი შესასვლელი, სამზარეულო და სველი წერტილი.

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო საქმის წარმოება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე ხორციელდება [სსსკ-ის 4.1. მუხლი: სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები]. აღნიშნული პრინციპის რეალიზება მოდავე მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის სწორი განაწილების პირობებშია შესაძლებელი.

19. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლი].

20. ამდენად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურსამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

21. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა საზიარო საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობა. გამომდინარე აქედან, მართებულად გაუქმდა საზიარო უფლება ქონების რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხის მხარეთა შორის წილების შესაბამისად განაწილებით (სსკ-ის 964-ე მუხლი).

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

23. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. დ.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს დ.გ–ს დაუბრუნდეს მ. ღ–ის მიერ (პ/ნ: .........) 2025 წლის 15 აგვისტოს №28819692126 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

ა. ძაბუნიძე