საქმე №ას-810-2025 18 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქოსაქმეთაპალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე-ო“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - დარიცხული პირგასამტეხლოს დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილებით:
1.1.შპს ,,ე-ს’’ (შემდეგში - მოსარჩელე) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
1.2.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში - მერია ან მოპaსუხე ან კასატორი) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
1.3.თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2024 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
1.4. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
1.5.მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 63,602.11 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.30.11.2022წ. მხარეთა შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N137 ხელშეკრულება დაიდო. შესყიდვის ობიექტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ..........დე მისასვლელი გზის 2.5კმ. მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების მრავალწლიანი შესყიდვა წარმოადგენდა (შემდეგში - ხელშეკრულება);
2.2.ხელშეკრულების 13.2 მუხლით განისაზღვრა პირგასამტეხლო, რომელსაც ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში გადაიხდის მიმწოდებელი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით;
2.3.28.04.2023წ. მერიის ზედამხედველობის სამსახურის 25.04.2023წ. N06-1242311546 წერილის საფუძველზე (რომლის თანახმად, დეკემბრისა და იანვრის თვეში, თოვლის სახით მოსული უხვი ნალექის და ყინვის გამო, მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ობიექტზე, სამუშაოების შესრულება შეუძლებელი იყო, რის გამოც, წარმოდგენილი იყო მეტეოროლოგიური ცნობა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოდან), მხარეთა შეთანხმებით ცვლილება შევიდა ხელშეკრულებაში და სამუშაოს განახორციელების ვადა 2023 წლის 29 ივნისით განისაზღვრა;
2.4.მოსარჩელემ ვალდებულება ვადის გადაცილებით შეასრულა;
2.5.სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დაგვიანებამ (30.06.2023 - 06.09.2023წწ. ჩათვლით) 69 დღე შეადგინა;
2.6.მოსარჩელეს, შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1% - ჯამში, 130 555.93 ლარი დარიცხა;
2.7.მოსარჩელეს დარიცხული პირგასამტეხლო მოპასუხემ ნარდობის საზღაურიდან გაუქვითა.
3. მოსარჩელე დარიცხული პირგასამტეხლოს გაუქმებას და მოპასუხისათვის თანხის დაკისრებას მოითხოვს. სარჩელი შესრულების ვადის არაბრალეულ გადაცილებას, აგრეთვე, პირგასამტეხლოს დარიცხვის წესისა და განაკვეთის არასწორად განსაზღვრას დააფუძნა. მოსარჩელის მითითებით, პირგასამტეხლო გამოანგარიშებული უნდა იქნეს შეუსრულებელი ვალდებულებიდან და არა მთლიანი თანხიდან როგორც ეს ხელშეკრულებით იქნა განსაზღვრული, ხოლო მისი ოდენობა 0.02%-ზე მეტი არ უნდა იყოს.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ვალდებულების დარღვევა მოსარჩელეს ბრალად შეერაცხა. მოსარჩელისთვის დარიცხული პირგასამტეხლო შემცირდა 0,04%-მდე და დაანგარიშდა არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან, არამედ, შეუსრულებელი ვალდებულებიდან. გადაწყვეტილება, ორივე მხარემ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.
5. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს მხარეთა მიერ შეთანხმებული განაკვეთით - 0,1%, თუმცა, უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, როგორც ეს ხელშეკრულებითაა შეთანხმებული, არამედ შეუსრულებელი ვალდებულებიდან.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით მხოლოდ მოპასუხე მერიამ გაასაჩივრა. კასატორი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვს.
7. კასატორი დავობს პირგასამტეხლოს დაანგარიშების წესზე - მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო სწორად დაანგარიშდა არა მხოლოდ შეუსრულებელ ვალდებულებიდან, არამედ, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, როგორც ეს გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებით, რის გამოც, კასატორისათვის თანხის დაკისრების საფუძველი არ არსებობს.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
10. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
11. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
12. საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს პირგასამტეხლოს დაანგარიშების წესის კანონიერება წარმოადგენს.
13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
14. პირგასამტეხლოს ერთ-ერთ ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა წარმოადგენს.
15. პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის.
16. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის, ამავდროულად, უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას.
17. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
18. სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხ. პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის სრულ გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება.
19. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება მოსარჩელემ, ბრალეულად, შეთანხმებული ვადის დარღვევით შეასრულა. შესაბამისად, ამ უკანასკნელს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება წარმოეშვა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია. გადაწყვეტილება მხოლოდ მოპასუხე მერიამ გაასაჩივრა და პირგასამტეხლოს დაანაგარიშების წესი სადავოდ გახადა.
20. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ მიუხედავად სახელშეკრულებო ვალდებულების მხოლოდ ნაწილობრივ დარღვევისა, პირგასამტეხლო გაანგარიშდა ხელშეკრულების ჯამური ღირებულებიდან და არა უშუალოდ ვადის დარღვევით გაწეული მომსახურების საფასურიდან.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში განმარტებულია, რომ პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ - მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ., სუსგ №ას-369-2025, 04 აპრილი 2025წ.).
22. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან აკუმულირებული პირგასამტეხლოს მოცულობა, როდესაც დარღვეულია ვალდებულების მხოლოდ ნაწილი, სანქციას, იმთავითვე სძენს არაგონივრულად მკაცრი პასუხისმგებლობის შინაარსს. ასეთ დროს კი, სასამართლოს ვალია, აღადგინოს დარღვეული წონასწორობა პირგასამტეხლოს სამართლიან საწყისებთან შესაბამისობის გზით.
23. ზემომითითებულიდან გამომდინარე, გასაზიარებელი სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობის თაობაზე - სასამართლომ კრედიტორისა და მოვალის მტკიცების ფარგლების, ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოს ღირებულების და ამით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, პირგასამტეხლო განსაზღვრა გონივრული და სამართლიანი ოდენობით.
24. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
26. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე